მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

მე თვითონ დავათვალიერებ…

20.09.2021
მე თვითონ დავათვალიერებ…

ავტორი: ეკა ქევანიშვილი, ჟურნალისტი, პოეტი

თავიდან, რამდენიმე  ჭკვიანური (ჩემი აზრით), ფრაზით მინდოდა დაწყება ლიტერატურის სიყვარულის და წიგნების მნიშვნელობის შესახებ.  თუ ეს სიტყვები თქვენამდე მოაღწევს და მერე ავტორის სახელს და გვარს დახედავთ, იქ, ალბათ, ეწერება, რომ მე  ჟურნალისტი და პოეტი ვარ და ამიტომაც ვფიქრობდი, რამე ისეთი მეთქვა, რაც მოგეწონებოდათ, მოხდენილი, მოქნეული, ჭკვიანური. ხომ გესმით.

და მერე უცებ მივხვდი, რომ როცა თქვენ გელაპარაკებით და გიყვებით წიგნებზე, სინამდვილეში პატარა ეკას ველაპარაკები, რომელიც თქვენსავით დიდი ქალაქიდან შორს ცხოვრობდა. იმ ქალაქის ბიბლიოთეკაში კი არ იყო ბევრი ახალი წიგნი.

„ეს დაგაინტერესებს“ – გვირჩევდა ხოლმე ბიბლიოთეკარი და დამტვერილი თაროდან ათას ხელში გავლილ წიგნს ჩამოიღებდა, ყველას წაკითხული რომ უნდა ჰქონოდა და შინ წასაკითხად გვატანდა. განა ცუდი იყო, მაგრამ რაღაც გვაკლდა, რაღაც ახალზე წვდომა, სადღაც მფეთქავი პულსის მიყურადება. თუ ლიტერატურა გიყვარს, შეუძლებელია ისე გაძლო, რომ არ იცოდე, ცოცხალი მწერლები რას წერენ. დღეს რა იქმნება, დღეს ვის რა აწუხებს.

ამ დროს, რა თქმა უნდა შეცდომით, მაგრამ მაინც მეგონა, რომ ჩემი სახლის ბიბლიოთეკა თავიდან ბოლომდე მქონდა შესწავლილ-გადაკითხული და რაღაც ახალი მჭირდებოდა. ქალაქის საყველასო ბიბლიოთეკასაც მაგ იმედით ვაკითხავდი – ის წიგნები არ იყო ცუდი, პირიქით, მაშინ იქნებ გადარჩენაშიც გვეხმარებოდა მთებს შორის მოქცეულ პატარა ქალაქში მცხოვრებ ბავშვებს, ოცნებას გვასწავლიდა, მოგზაურობის და თავგადასავლებში გახვევის სურვილს გვიჩენდა. მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ სადღაც იწერებოდა ახალი სიტყვები. და მე ეს სიტყვები მაინტერესებდა.

და ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს, ბიბლოთეკაში მორიგ მისვლაზე, ვითხოვე, მე თვითონ დავათვალიერებ წიგნებს-მეთქი. არ ვიცი, რა ძალამ წაიღო ჩემი ხელი სწორედ იმ კონკრეტული თაროს იმ კონკრეტული წიგნისკენ, მაგრამ ასე კი მოხდა –  წიგნი გადმოვიღე და ყდაზე ეწერა სათაური „ხეიბარი თოჯინა“ – ავტორს დავხედე, წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე – ასე ვიპოვე პირველი თანამედროვე პოეტი, რომელიც გარდა იმისა, რომ ძალიან, ძალიან მაგარი მომეჩვენა, ცოცხალიც აღმოჩნდა. მაშინ შეიცვალა ჩემი წარმოდგენაც პოეზიაზე. მე წერა დავიწყე. გავიდა წლები და ბესიკ ხარანაული პირადად გავიცანი. ახლაც, საუკეთესო შეხვედრებსა და მწერლებთან გატარებულ დროს თუ გავიხსენებ, ბესიკთან გატარებული საათები, მათ შორის, ბერლინში, პოეზიის საღამოზე, შეუდარებელ მოგონებად მრჩება.

ეს ამბავი იმიტომ მოვყევი, რომ მაშინ, მისი წიგნის აღმოჩენისას, მე რაღაც ახალს შევეხე – ვეზიარე – ეს უკეთესი სიტყვაა. მას მერე ჩვევად მექცა ვიკითხო დღეს ვინ რას წერს, ფეხდაფეხ ვდიო თანამედროვე მწერლებს და მათ სამყაროებში შევიჭყიტო. ხომ თითქმის ყველაფერი დაიწერა, მაგრამ დაკვირვებული ვარ, ყველა კარგ მწერალს  აქვს თითო ისეთი გამოკრთომა, რომელიც სულ გემახსოვრება.

ამიტომ მინდა თქვენც უთხრათ ერთხელ ბიბლიოთეკარს ან მას, ვინც წიგნებს გირჩევთ, მე თვითონ, მე ავარჩევ და იპოვოთ თქვენი ავტორი და თქვენი წიგნი, რომელიც დღეს, აქ და ახლა დაიწერა – ასე თქვენ ცოტათი დროსაც გაუსწრებთ და ყოველთვის გეცოდინებათ არა მხოლოდ ის, რაზე ფიქრობდნენ გენიოსი მწერლები წლების და საუკუნეების წინ, არამედ ისიც, როგორია სამყარაო იმ ლიტერატურაში, იმ წიგნებში, რომლებიც დღეს იწერება.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: