მთავარი,სიახლეები

„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

20.09.2021 • 3507
„ყველა საბავშვო ბაღი კერძო უნდა გახდეს“ – „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში

მერიისთვის სხვადასხვა ფუნქციის ჩამოცილებასთან ერთად, „გირჩის“ მერობის კანდიდატი ბათუმში – გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ საბავშვო ბაღებიც კერძო უნდა იყოს და ეს მერიის საქმე არ არის. „უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას შევეშვათ,“ – გვითხრა მერობის კანდიდატმა.

გიორგი ფუტკარაძე საჯარო პოლიტიკით და კონკრეტულად „გირჩით“ პანდემიის დაწყების დროს დაინტერესდა, როცა მორიგი კოვიდრეგულაციების დროს მისი ფიტნესკლუბიც დახურეს. გიორგი ფუტკარაძე მიიჩნევს, რომ „გირჩის“ ხედვებმა განაპირობა მისი პოლიტიკურად გააქტიურება, მაგალითად, პანდემიის დროს ამ მიდგომამ: სახელმწიფოს საქმე არ არის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

„ბათუმელებმა“ გიორგი ფუტკარაძესთან, „გირჩის“ ბათუმის მერობის კანდიდატთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო გიორგი, ფეისბუქში დაპოსტეთ, რომ მერი არჩევნებამდე კარდაკარ არ უნდა დადიოდეს, წინასაარჩევნო პროგრამაც არ გაქვთ. როგორ გაიგონ ბათუმელებმა რა გსურთ? 

ჩემი აზრით, მთავარია, შენი იდეები და ხედვები გაუზიარო ადამიანებს, როგორ ხედავ მერიის ფუნქციას და როლს, როგორი უნდა იყოს თვითმმართველობის როლი. წინასაარჩევნო პროგრამაში იმის ჩაწერა, კონკრეტულად რამდენ გზას დააგებ, ტროტუარს და მერე ტროტუარზე რამდენ განათებას დადგამ, ეს არაა სწორი ამბავი. ეს ისედაც არის მერიის ფუნქცია, რომ მოუაროს საჯარო ინფრასტრუქტურას, ზოგადად საჯარო სივრცეებს. სხვა დანარჩენი უკვე ტექნიკური საკითხია.

  • გვითხარით, რაზე უნდა ზრუნავდეს მერი? სახელმწიფოს საქმე არაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაო ამბობდით გასულ წელს, როცა „გირჩის“ ლიდერებთან ერთად გააპროტესტეთ კოვიდრეგულაციები. 

მერის ფუნქცია და როლი მდგომარეობს იმაში, რომ მოუაროს ჩვენს საერთო საკუთრებას. ეს იქნება სკვერები, სარეკრეაციო სივრცეები, ტროტუარები და ასე შემდეგ. საჯარო სივრცეების მოვლა-პატრონობაა მერიის ფუნქცია და ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზებული: ცალკეული უბნის დონეზე უნდა ხდებოდეს ეფექტური მართვა და გადაწყვეტილების მიღება, რა არის მათთვის პრიორიტეტი – კანალიზაციის სისტემა, სანიაღვრე, გარეგანათება თუ სხვა პრობლემის მოგვარება.

რეალურად მოქალაქეებმა იმაზე მეტი ფუნქცია და როლი დავაკისრეთ მთავრობას, ვიდრე მას შინაარსით აქვს. ის, რაც მთავრობის საქმე არ არის, შესაძლოა კერძო სექტორმა, ბაზარმა უკეთ მართოს. ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხოთ კერძო მესაკუთრეებისგან მთავრობის დისტანცირება.

  • თქვენ მიგაჩნიათ, რომ მთავარია მესაკუთრეებს შორის თანხმობა და არ გვჭირდება რეგულაციები მშენებლობებზე, განაშენიანების გეგმები… უფრო ნათელი რომ იყოს თქვენი ხედვა – რა დაიცავს ქალაქს უფრო მეტი ქაოსისგან და უსისტემო მშენებლობებისგან? 

შეცდომა არის სწორედ ის, რომ ჩვენ მთავრობას გადავეცით ფუნქცია, რომლის შემდეგაც რაღაც არის შეზღუდული უმრავლესობისთვის და ამავდროულად არიან ადამიანები, მთავრობასთან დაახლოებული ბიზნესმენები, ვისთვისაც ეს შეზღუდვები პრაქტიკულად არ მოქმედებს. ეს ბიზნესმენები აკეთებენ იმას, რაც ჩვენ არ მოგვწონს. რეალურად ჩვენ ამ შეზღუდვებით და რეგულაციებით ადამიანებს ვუშლით იმას, რომ მშენებლობის სფეროში შემოვიდნენ მარტივად და დაიწყონ ბიზნესი… ვგულისხმობ ჯანსაღ კონკურენციას იმ ბიზნესთან, რომელიც დღეს არის მთავრობისგან პრივილეგირებული და ბაზარზე აქვს დომინირებული მდგომარეობა.

ამ მოცემულობაში მომხმარებლებს აღარ გვრჩება ძალაუფლება, რომ ბიზნესი ვმართოთ ჩვენი ინტერესების და საჭიროებების შესაბამისად.

  • რა გარანტია გაქვთ, რომ ბიზნესი ანუ ვისაც ფული აქვს, ვერ მოახერხებს მისი ინტერესების გატარებას ისევ მოსახლეობის ხარჯზე. მით უმეტეს, როცა შემზღუდავი აღარაფერი იქნება?  

ასე არ არის, რომ ფული მაქვს და დაგჩაგრავ, რადგან არსებობს რეპუტაციული რისკები, როცა კონკურენცია დიდია და მომხმარებელს აქვს არჩევანის შესაძლებლობა. ალტერნატივა ნიშნავს მრავალფეროვან შეთავაზებას. შესაბამისად, ყველა იძულებულია, რომ მისი კაპიტალდაბანდება მაქსიმალურად მოარგოს მომხმარებლის საჭიროებებს და არა პირად ინტერესებს.

  • რამდენიმე მოთამაშეა ახლაც სამშენებლო ბიზნესში. რატომ ვერ მუშაობს რეპუტაციის პრინციპი?

დღეს შეზღუდვებით, რეგულაციებით და გადასახადებით ახალ ბიზნესებს არ ვაძლევთ გაჩენის, არსებობის შესაძლებლობას. მათთვის რთულია ბაზარზე შემოსვლა, რადგან ეს ბიზნესი, რომელიც სარგებლობს მთავრობის პრივილეგიებით სხვადასხვა დროს სხვადასხვა ზოლში, სადაც იყო შეზღუდვები, მათთვის იქ გახდა ბიზნესის კეთება დასაშვები და მოიპოვეს მონოპოლიური მდგომარეობა. სხვა ბიზნესები უკვე ბაზარზე კონკურენციაში შესვლას ვეღარ ახერხებენ. შესაბამისად, ისინი ამ პოზიციით სარგებლობენ, როცა მომხმარებელს არჩევანი ნაკლები აქვს და სთავაზობენ იმას, რაც აქვს მას ამ ეტაპზე.

როდესაც ჩვენ გავაჩენთ ბევრ ალტერნატივას, ისეთი პროდუქტი უნდა შეიქმნას, რომელზეც ამომრჩეველი გააკეთებს არჩევანს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ბაზარი განდევნის.

  • რამდენად რეალურია ამ მოცემულობის შეცვლა, მაგალითად, ძველ ბულვარში, როცა უკანონოდ უკვე აშენდა 17 სართული, სხვა კერძო მესაკუთრეებს რას ეტყვით? 

პირველ რიგში, უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კერძო და საჯარო საკუთრება. როდესაც ვამბობ, რომ კერძო საკუთრების ნაწილში არ უნდა ჩავერიოთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ საჯარო საკუთრების ნაწილში არ უნდა ჰქონდეს კერძო მესაკუთრეს ჩარევის უფლება. პრობლემა ესაა: საიდან გაჩნდა იქ [ძველ ბულვარში] კერძო მესაკუთრე? ვინ გადაწყვიტა საერთო ქონების გასხვისება?

ჩემი მიდგომა ასეთია: თუ რამე არის კერძო და ის არის კანონიერი გზით მოპოვებული, ჩვენ არ უნდა გვქონდეს უფლება, რომ მათ რაიმე ფორმით ხელი შევუშალოთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება, კერძო მესაკუთრეს, სადაც არ უნდა იყოს მისი საკუთრება, შევუზღუდოთ რამე, რადგან ამით ჩვენ ვერევით კერძო საკუთრების უფლებაში. ეს არის ცუდი მესიჯი, თუნდაც ინვესტიციების მოზიდვის კუთხით… თუ მოქალაქეებს გვინდა, რომ იქ რამე არ აშენდეს, მაშინ უნდა გამოვისყიდოთ ეს ქონება და დავტოვოთ ისევ საჯარო საკუთრებაში.

„ამბასადორის“ შემთხვევაში გამოსარკვევია ყიდვა – გაყიდვის აქტი რამდენად კანონიერი იყო, ხომ არ ჰქონდა კორუფციას ადგილი? მიტინგებით და კერძო მესაკუთრეებისთვის ქვების სროლით არ უნდა ხდებოდეს ეს. ეს უნდა გაარკვიოს სასამართლომ, მაგრამ პრობლემა ისიცაა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო და ნდობა არ გაქვს მოქალაქეებს… მე ვამართლებ, რომ ეს პროტესტი არსებობს, მაგრამ ჩემი მიდგომაა, რომ ეს პროტესტი იყო სამართლიანი და ზუსტი მიმართულებით. უნდა დადგინდეს საერთო საკუთრება ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გასხვისდა თუ არა.

  • პლაჟის გრძელვადიანი იჯარით გასხვისებაზე რას ფიქრობთ? 

ამას იმ შემთხვევაში ვემხრობი, თუ იქედან მიღებული თანხა წავა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბეში, შეიქმნება ცალკე ანგარიში, სადაც მსგავსი საჯარო საკუთრების გასხვისებისგან მიღებული შემოსავლები თანაბრად გადაუნაწილდება მოქალაქეებს.

  • ამ მიდგომით მოგიწევთ საბიუჯეტო პროგრამების გაუქმებაც. რას აღარ დააფინანსებდით? 

მთავარი, რაზეც უნდა შევთანხმდეთ, არის ის, რომ მერიას უნდა ჩამოვაცილოთ ფუნქციები, რაშიც მოქალაქეები ტყუილად ვხარჯავთ ფულს. მაგალითად, მერიის საქმე საერთოდ არ არის კულტურა, ხელოვნება, სპორტი, განათლება ან ის, რომ კერძო მესაკუთრეებს განუსაზღვროს მისი კერძო საკუთრება რა ფორმის იქნება. მშენებლობა თუ ზიანს არ აყენებს მეზობელს ან არ ითვისებს საჯარო სივრცეს, დანარჩენი არის მხოლოდ სასამართლოს გასარკვევი.

შესაბამისად, ასეთი ირაციონალური ფუნქციების ჩამოცილებით მივიღებთ ძალიან დიდ ეკონომიას. ჩვენ ქალაქის ბიუჯეტის ნახევარზე მეტს ისეთ რაღაცებში ვახარჯვინებთ მოქალაქეებს, რა სერვისებიც თავისუფალ ბაზარს უფრო ეფექტურად შეუძლია შექმნას.

დანაზოგზე შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ხალხს დავუბრუნოთ იგივე გადასახადების სახით, ანუ ნაკლები წავართვათ, თუ საჯარო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობაში უნდა დავხარჯოთ? მე უფრო სწორი მგონია, რომ მოქალაქეებს დავუბრუნოთ და თავად განსაზღვრონ, რის გაკეთება აჯობებს, ვიდრე ის, რომ ბიუჯეტში დავტოვოთ ფული და კორუფციის რისკი გავაჩინოთ.

  • მერი თუ გახდით, რა სამსახურებს დატოვებთ მერიაში? 

მერიას უნდა ჰქონდეს მხოლოდ საჯარო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის ფუნქცია, ასევე ახლის მოწყობა, თუკი ეს საჭიროა, მაგალითად, აუთვისებელი ტერიტორიის ან ახალშემოერთებული ნაწილის. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რაც შეიძლება ნაკლები ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან და რაც შეიძლება მეტი კერძო ინიციატივა. ჩვენ სახელმწიფო ეტაპობრივად მაქსიმალურად გავიყვანოთ ჩვენი პირადი სივრციდან და დავუტოვოთ ის ფუნქცია, რომ გაუფრთხილდეს ჩვენს საკუთრებას, დაიცვას ჩვენი სიცოცხლის და გამოხატვის უფლება.

  • საბავშვო ბაღებს რას უპირებთ? იცით თუ არა, დამატებით რამდენი ბაღია საჭირო და საიდან მოიძიებთ ამისთვის ფულს? 

ამ შემთხვევაშიც მგონია, რომ ეს ნაწილი მერიის ფუნქცია საერთოდ არ არის და სწრაფად უნდა ვცადოთ ყველა ის საჯარო ინფრასტრუქტურა, რაც გვაქვს საბავშვო ბაღების ნაწილში, ეტაპობრივად გავაკერძოოთ და კერძო ბაღებს გავუჩინოთ ახალი კონკურენტები.

  • ანუ ყველა საბავშვო ბაღი ფასიანი იყოს? 

რომელი ბაღი გვაქვს უფასო? ვინ ფიქრობს, რომ ეს საჯარო ბაღები უფასოა და ამაში ჩვენ ფულს არ ვიხდით?

იმ ხალხს, ვინც კერძოში ატარებს ბავშვს, ვახდევინებთ სხვისი შვილებისთვისაც თანხას. ყველაზე სამართლიანი იქნება ის, რომ ეს ნაწილი, რაც არის საჯარო, კერძო სექტორი გახდეს და ვისაც არ აქვს საშუალება ატაროს ბავშვი, იმათ მივცეთ ვაუჩერი და მოვახდინოთ ეკონომია დანარჩენი ხარჯების. საჯარო ბაღები ეტაპობრივად უნდა გადავიტანოთ კერძო საკუთრებაში. ბევრი კერძო ბაღი ნიშნავს ბევრ ალტერნატივას, მაღალ ხარისხს და ადეკვატურ ფასს. უფასო ბუნებაში არაფერია. უნდა ავხსნათ, რომ სხვის ხარჯზე ცხოვრებას უნდა შევეშვათ.

  • საინტერესოა თქვენი პოზიცია მეჩეთის მშენებლობაზეც. 

აქაც იგივე პრობლემაა, რომ შევეშვათ საერთოდ რელიგიური ნიშნით დისკირმინაციას. როგორც ვიცი, ეს ადამიანები ამბობენ, რომ იყიდეს კერძო საკუთრება და თავისი ფულით აპირებენ მეჩეთის აშენებას. იგივე პრობლემა შეიძლება იყოს სადღაც ეკლესიის ან სინაგოგის ნაწილში. არანაირი უფლება არ აქვს მერიას მსგავს სიტუაციაში ვინმეს ხელი შეუშალოს. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, მაგალითად, მეზობლებს, ეს უნდა განიხილოს სასამართლომ. თუ ისინი არავითარ ზიანს არ აყენებენ არავის, მაშინ უნდა ააშენონ ის, რაც მიაჩნიათ, რომ სჭირდებათ.

  • თქვენი აზრით, ღირსების მარში უნდა გაიმართოს თუ არა ბათუმში? 

რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, როგორც ეს მას წარმოუდგენია. მთავარია, რომ სხვას არ მიაყენოს ზიანი. ვიღაცას ვიღაცის გამონათქვამიც შესაძლოა არ მოსწონდეს, მაგრამ ეს არის მრავალფეროვნება, რომ შევძლოთ სხვადასხვა შეგნების, კულტურული, რელიგიური თუ ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანებმა ჰარმონიული თანაცხოვრება ისე, რომ ჩვენს ჩარჩოებში ჩავეტიოთ, ჩვენს საკუთრებაში მოვიქცეთ ისე, როგორც წარმოგვიდგენია და საჯარო სივრცეები თანაბრად გამოვიყენოთ, რადგან ის ყველასია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: