ტოიოტა ლენდ კრუიზერ 300 – ახალი ისტორიის დასაწყისი

რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, 29-30 ივნისს, ტოიოტა კავკასიამ (TCA) ჟურნალისტებს ახალი  Land Cruiser 300 წარუდგინა და ავტომობილის პერსონალურად გამოცდის საშუალებაც მისცა.

როგორც ტოიოტაში აცხადებენ, ახალ მოდელში განხორცილებულ ცვლილებებისას ძირითადი აქცენტი კომფორტსა და უსაფრთხოებაზე გაკეთდა და შესაბამისად LC 300 ისეთივე კომფორტულია საფარიან გზაზე, როგორც უგზობიის ყველაზე რთულ პირობებში გადაადგილებისას.

Toyota Land Cruiser საავტომობილო ლეგენდის სტატუსს ღირსეულად ატარებს. უკვე 70 წელია ლენდ კრუიზერი  მისი მფლობელებისთვის საიმედო პარტნიორია და ამ დროის მანძილზე 10 მილიონზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის  170 ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით.

Land Cruiser 300 არის პირველი ახალი Land Cruiser SW (უნივერსალი) 2007 წლის, LC 200– ის გამოსვლის შემდეგ და იკავებს ახალი ფლაგმანის ადგილს  SUV კატეგორიაში.  ამ მოდელში განხორციელებული ცვლილებები უპრეცედენტოა.

Toyota ამაყობს იმით, რომ  Land Cruiser არის ავტომობილი, რომელიც „ნებისმიერ ადგილას წავა და შინ უსაფრთხოდ და მშვიდად დაგაბრუნებს“.

ახალ ლენდ კრუიზერ 300-ში, კიდევ უფრო გაძლიერებულია მისთვის დამახასიათებელი ტოიოტას ხარისხი, გამძლეობა და სანდოობა (QDR) და გაუმჯობესებულია მართვადობა უგზოობის პირობებსა და გზატკეცილზე, რათა ნებისმიერი მარშრუტის არჩევისას  მძღოლებმა შეძლონ მგზავრობა მარტივად და კომფორტულად.

ნინო გაგუა – „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ გაყიდვების ხელმძღვანელი:

„მოხარულები ვართ, რომ პანდემიის რთული გამოწვევების მიუხედავად, „ტოიოტამ“ შეძლო შემოეთავაზებინა ისეთი სიახლე, როგორიც Toyota Land Cruiser 300-ია. ამ მოდელის გამოსვლას დიდი ინტერესით ელოდნენ როგორც მსოფლიოში,  ისე საქართველოში. „ლენდ კრუიზერის“ ეს ვერსია ბევრად დახვეწილია ვიდრე მისი წინამორბედი –  თუკი LC 200 უფრო მასიური იყო ფორმითა და ზომით, რაც მის აგრესიულობას უსვამდა ხაზს, ახალ მოდელს უფრო დახვეწილი ფორმები და სტილი აქვს.

დიდი აქცენტი გაკეთდა ყველა იმ დეტალზე, რომლებიც ავტომობილის  გარეგნულ იერსასახეს ქმნის და ამასთან, მგზავრთა უსაფრთოებაზეა პასუხისმგებელი. ახალ მოდელში ბევრად დახვეწილია როგორც მთლიანად სალონი, ისე სიჩქარის გადამრთველი და ღილაკებიც კი. მოდერნიზდა ავტომობილის გარეგნული შტრიხებიც, რაც საერთო ჯამში აღარ ქმნის აგრესიული ყველგანმავლის იმიჯს.

თუკი ადრე ვამბობდით, რომ Land Cruiser ს უგზოობაში არ ჰყავდა ბადალი, ახლა ვამტკიცებთ რომ ის ამ ყველაფერთან ერთად კომფორტის მხრივაც უკონკურენტოა“.

LC 300-ში Toyota-მ პირველად გამოიყენა TNGA (Toyota New Global Architecture) პლატფორმის ახალი სახე, რომელიც სპეციალურად ჩარჩოიანი ავტომობილისთვისაა შექმნილი. GA-F პლატფორმა ინარჩუნებს უგზოობაში  გამავლობის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც ემატება ახალი უპირატესობები: კორპუსის გაზრდილი სიმტკიცე და დინამიური ბალანსი. ამ ყველაფერთან ერთად, დაიწია ავტომობილის სიმძიმის ცენტრმა, გაუმჯობესდა უსაფრთხოების სისტემები და შეიცვალა ავტომობილის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი.

Toyota Land Cruiser 300

ავტომობილის ჩარჩო განახლდა წონის დაზოგვისა და სიმტკიცის გასაუმჯობესებლად. საერთო ჯამში ახალი Land Cruiser 200 კგ-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი წინამორბედი. ავტომობილი აღჭურვილია მსოფლიოში პირველი ელექტრონულ-კინეტიკური დინამიური დაკიდების სისტემის (E-KDSS), რაც თვლების ვერტიკალური სვლის ოპტიმალური დიაპაზონის მიღწევის საშუალებას იძლევა, ხოლო საბურავებს კიდევ უფრო კარგი მოჭიდება აქვს გზის უხეშ საფარზე.

ახალი LC300 არის ასევე პირველი Toyota, რომელიც აღჭურვილია 3D Multi-Terrain Monitor-ით, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს რეალურ დროში ადევნოს თვალი გზის ზედაპირს და წინა თვლების პოზიციას. Multi-Terrain Select სისტემა ავტომატურად აფასებს გზის ზედაპირის ხარისხს და რთავს მართვის ყველაზე შესაბამის რეჟიმს.

მოძრაობის დინამიკისა და მართვადობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს ახალი V6 ორ ტურბინიანი – 3.5 ლიტრი მოცულობის მქონე ბენზინის და 3.3 ლიტრი მოცულობის მქონე დიზელის ძრავები. ორივე ძრავა ხელმისაწვდომია ახალი 10 – საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ხელს უწყობს საწვავის მოხმარების და CO2– ის ემისიის შემცირებას დაახლოებით 10% –ით, წინა თაობის მოდელთან შედარებით.

ინჟინერიის მიღწევებს ეხამება ახალი დიზაინი, რომელიც შეესაბამება მოდელის მემკვიდრეობასა და სტატუსს და ამავდროულად გამოხატავს ახალ კონცეფციას – “ფუნქციონალური სილამაზე”. Land Cruiser- ის ძლიერი, სუფთა ხაზები ახდენს ყველგანმავალის სიძლიერის და დახვეწილობის დემონსტრირებას.

თეა მანჯავიძე – „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ და „ტოიოტა ცენტრი ბათუმის“ მარკეტინგის მენეჯერი:

„თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Land Cruiser 300 ნებისმიერი სეგმენტის მოთხოვნებს აკმაყოფილებს – არის კომფორტული, ელეგანტური და ამავდროულად ძლიერი.

საქართველოში Land Cruiser-ზე მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია და ვფიქრობთ, არც ეს მოდელი იქნება გამონაკლისი. მომხმარებელს საშუალება ექნება, გაიაროს ტესტ დრაივი და თავად გამოსცადოს ამ ავტომობილის უსაზღვრო შესაძლებლობები.

აქვე გეტყვით, რომ კვლავ ძალაშია თრეიდ-ინ სერვისი – ანუ მომხმარებელს საშუალება აქვს ჩააბაროს „ტოიოტას“ მარკის ნებისმიერი ავტომობილი და სხვაობის დაფარვით შეიძინოს ახალი მოდელი, მათ შორის LC 300. უახლესი მოდელის შეძენა შესაძლებელია როგორც სრული ღირებულების დაფარვით, ისე ლიზინგით ან საბანკო განვადებით“.


ახალი ლენდ კრუიზერის სალონი აღჭურვილია მაღალი დონის სენსორული მოწყობილობებით, რომლის საშუალებითაც მძღოლსა და მგზავრს შეუძლიათ კომფორტულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი, მიუხედავად იმისა, რამდენად უხეშია გზა.

უსაფრთხოების მხრივ მიღწეულია მნიშვნელოვანი წარმატებები, დაწყებული ავტომობილის კონსტრუქციის სიმტკიციდან და რთული მოძრაობის პირობებისთვის ადაპტირებული უსაფრთხოების სისტემებიდან, დასრულებული დამატებითი და განახლებული აქტიური უსაფრთხოების და მძღოლის დამხმარე სისტემებით, რომლებიც ეფუძნება მეორე თაობის Toyota Safety Sense– ს.

გაიზარდა წინასწარი შეჯახების თავიდან არიდების სისტემის შესაძლებლობა, დაეხმაროს მძღოლს ავარიის თავიდან აცილებაში. ახალი LC300 აღჭურვილია პარკირებისას დამუხრუჭების ახალი სისტემით, რომელიც აღიქვამს დაბრკოლებებს მანქანის წინა და უკანა მხარეს, როდესაც იგი ნელი სვლით მოძრაობს ავტოსადგომზე და უახლოვდება სხვა ავტომობილებსა თუ ფეხით მოსიარულეებს.

ტოიოტაში თვლიან, რომ ლენდ კრუიზერ 300 ღირსეულად აგრძელებს საამაყო მემკვიდრეობას და ეს ავტომობილი ახალი ისტორიის დასწყისია.

ახალი ლენდ კრუიზერ 300-ის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან:

ტოიოტა ცენტრი თბილისი, ტოიოტა ცენტრი თეგეტა და ტოიოტა ცენტრი ბათუმი.

თუ გსურთ საკუთარ თავზე გამოსცადოთ LC 300-ის ყველა უპირატესობა, ჩაეწერეთ ტესტ დრაივზე ონლაინ.

რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ ჟურნალისტების ცემით – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე,“ – გვითხრა პოლიტოლოგმა ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის – EECMD – ის აღმასრულებელმა დირექტორმა.  მას „ბათუმელები“ ესაუბრა თემაზე – რა მოიგო და წააგო ხელისუფლებამ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის შედეგად.

ლევან ცუცქირიძის აზრით, ხელისუფლებამ მოძალადეებისთვის მწვანე შუქის ანთებით ვერაფერი მოიგო, თუმცა ახლა სასწორზეა – ქვეყნის მომავალი ბრბოს ხელში აღმოჩნდება, თუ ლიბერალური დემოკრატიის შექმნას შევძლებთ.

  • ბატონო ლევან, თქვენი დაკვირვებით, რა მიზანი ჰქონდა ჟურნალისტებზე თავდასხმას?

გუშინდელ აქციაზე სამიზნე აშკარად იყვნენ ჟურნალისტები, რადგან ისინი არიან კრიტიკულები, საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც არ მოსწონთ ხელისუფლებას და არ აქვთ პასუხები. ჟურნალისტები არიან კრიტიკულები ანტიდემოკრატიული ჯგუფების მიმართაც და სვამენ უხერხულ კითხვებს. შესაბამისად, ჟურნალისტები მოხვდნენ ამ აგრესიის ფოკუსში.

ჩვენ ვნახეთ, რომ აგრესიული ჯგუფები თავს ესხმოდნენ პროდემოკრატიული ორგანიზაციების ოფისებს, უბრალოდ განსხვავებულ ადამიანებს ქუჩაში, ვისაც კი დაინახავდნენ. ეს იყო ველური ძალადობის ორგანიზებული გამოვლენა ქუჩებში. ისინი მტრად მიიჩნევდნენ ნებისმიერს, ვინც არ იყო მათნაირი, ვინც არ იდგა მათთან ერთად.

ჩვენ გუშინ ფუნდამენტალისტური ორგანიზაციის ძალადობის მომსწრე გავხდით. არაფრით არ განსხვავდებოდა გუშინდელი ძალადობა რადიკალი ისლამისტი ტერორისტების ძალადობისგან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვინც არ იზიარებს მათ ფუნდამენტალისტურ მოსაზრებებს, არის მათი და მათი რწმენის მოღალატე. ეს იყო საპატრიარქოს საბურველში გახვეული.

ვნახეთ, როგორ უვარდებოდა ადამიანებს მოძალადე კაცი მოპედით, როგორ ძალადობდნენ ფიზიკურად… არაფერი გუშინდელი ძალადობის შემსრულებლებს თუ ორგანიზატორებს არ განასხვავებდა „ალქაიდასგან“ და „თალიბანისგან“.

  • აშკარაა თქვენთვის, რომ ხელისუფლება იყო ამ ძალადობის ორგანიზატორი? 

ხელისუფლების უმოქმედობა ნიშნავდა მოქმედებას ძალადობის წასახალისებლად.

კარგად ვიცით, რომ როდესაც ხელისუფლებას სურს, ის ძალიან ორგანიზებულად იყენებს საპოლიციო ძალებს იმისათვის, რომ გააკონტროლოს ხალხი, დაშალოს მიტინგები.

ჩვენ ვნახეთ, იანვარშიც კი, როგორ ასხამდნენ წყლის ჭავლს მომიტინგეებს ქუჩაში. ის, რომ ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა, ნიშნავდა იმას, რომ ის იყო მნიშვნელოვანი წამხალისებელი ამ ძალადობის.

რა თქმა უნდა, ასევე საპატრიარქო იყო ორგანიზატორი ამ ბრბოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, შეთანხმებულად მუშაობდა ხელისუფლების, საპატრიარქოს და უსაფრთხოების სამსახურებთან. ეს იყო ძალიან ორგანიზებული და მიზანმიმართული ძალადობა სამოქალაქო სექტორზე, განსხვავებულ ადამიანებსა და ჟურნალისტებზე. მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატო ჟურნალისტების მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა.

  • რა მოიგო და რა წააგო ჟურნალისტების ცემით ხელისუფლებამ? 

მართლა მინდა გამოვიკვლიო, ამდენი ჟურნალისტი ერთად, ომის დროს, ერთ დღეში, ბოლო საუკუნის განმავლობაში თუ დაზარალებულა სადმე.

ამას შესაძლოა რამდენიმენაირად შევხედოთ.

ერთი მხრივ, უნდა ვიცოდეთ, რომ ირაციონალური ზიზღი საკმარისი ფაქტორი და მოტივი იყო, როგორც ჩანს, მათ შორის სახელისუფლებო წრეებში. როგორც ჩანს ეს საკმარისი აღმოჩნდა ხელისუფლებისთვის, რომ ხელსაყრელ მომენტში ჟურნალისტებისთვის შეესია მოძალადე ჯგუფები.

არ მგონია, რომ პრაქტიკული, ელექტორალური, პოლიტიკური და მით უფრო დიპლომატიური თვალსაზრისით ამით ხელისუფლებამ რაიმე მოიგო. ამით ხელისუფლებამ ბევრი დაკარგა, მან აჩვენა, რომ აშკარად დადგა ანტიდემოკრატიული, ფანატიკოსი ჯგუფების გვერდით და მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს.

ვფიქრობ, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით და შემდეგ სხვა თანამდებობის პირები, ღიად თუ ფარულად, თანამშრომლობდნენ ამ ჯგუფებთან და დარბევის პროცესს კოორდინირებას უწევდნენ. ამიტომ აქ მოგებული არ არის. ერთადერთი ხელისუფლებამ საშუალება მისცა მოძალადე, ანტიდემოკრატიულ ჯგუფებს ეთქვათ, რომ მათ გვერდით ხელისუფლებაა.

ფართო მასშტაბით კი ხელისუფლებამ წააგო. მან აჩვენა, რომ ის არ არის მზად ცივილური პოლიტიკური პროცესის შესანარჩუნებლად და ამ შავბნელი მოძალადეების წინაშე უფრო გრძნობს თავს ანგარიშვალდებულად, მათი თანამზრახველია და „ასავალ-დასავალს“ კითხულობს.

  • ხომ არ ჰქონდა ხელისუფლებას მიზანი, რომ ამით გააჩენდა შიშს? 

არა მგონია, რომ ვინმეს შეეშინდა, სამოქალაქო სექტორს ან ჟურნალისტებს.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვაკრიტიკებთ მედიას კომპეტენციის ნაკლებობის თუ არაპროფესიონალიზმის გამო, ჩვენ გუშინ ვნახეთ მკაფიოდ, რომ ძალიან თამამი და გაბედული ჟურნალისტების თაობა გვყავს, როგორც ვეტერანი ჟურნალისტები, ასევე ახალი თაობა. პირიქით, ჩვენ ახლა ვნახავთ კონსოლიდაციას პროდემოკრატიული სამოქალაქო ძალების, სადაც მმართველი პარტიის წევრებიც იქნებიან, რადგან ვიღაც მიხვდება, რომ აქ უკვე სასწორზე დევს ქვეყნის მომავალი: ან გვექნება ბრბოს დემოკრატია, ან თანამედროვე, ცივილური, ლიბერალური დემოკრატია.

  • რატომ აწყობდა მოძალადეების მხარეს დადგომა ხელისუფლებას? 

ისეთი საკითხები, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, სექსუალური უმცირესობების უფლებები, არის ნიშნული, რომელიც ყველაფერს აჩვენებს. ვიღაც შესაძლოა ეფექტურად თამაშობდეს დემოკრატიულობის იმიჯს, მაგრამ როდესაც ამ საკითხებზე მიდგება საქმე, კონტროლს კარგავს. ამ დროს ეს ადამიანები ავლენენ იმას, თუ სინამდვილეში რა ფასეულობებზე დგანან, რეალურად რას იზიარებენ და რას ლაპარაკობენ საერთაშორისო შეხვედრებზე, მაგალითად, ბრიუსელში, სადაც ძალიან დიდი სკანდალია „ქართული ოცნების“ გამო დღეს.

ვფიქრობ, რომ „ოცნებაში“ ვიღაცებმა იმოქმედეს ამ ნიშნით, რეალურად ასე ხედავენ, რომ ეს მოძალადე ჯგუფები არიან მათი თანამოაზრეები და არა ვიღაც არასამთავრობოები და უცხოელები.

ვიღაცას „ოცნებაში“ შესაძლოა ჰგონია ისიც, რომ ეს მოძალადეები ძალიან დიდი ჯგუფია საზოგადოების, სინამდვილეში გუშინ ვნახეთ, რომ იდეების ბრძოლაში დამარცხდნენ ეს ძალები.

გუშინ გამოჩნდა, რომ მათ სხვა და მეტი შესაძლებლობა აღარ დარჩათ, გარდა იმისა, რომ პირდაპირი და უხეში ძალადობა გამოევლინათ საზოგადოების მიმართ. ეს აჩვენებს იმას, რომ მათ არ აქვთ არგუმენტები, იდეები, ისინი დამარცხდნენ იდეების ჭიდილში და ახლა არის ბოლო გამოსავალი, რომ აი, მუშტი-კრივში ვინ გაიმარჯვებს.

არა მგონია, რომ ამის მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი იყოს. უახლოეს მომავალში ეს ძალიან კარგად გამოჩნდება.

  • ელოდებით სამოქალაქო ძალების გაერთიანებას, მაგრამ რამდენად რთულდება ბრძოლა დემოკრატიისთვის, როცა პოლიციელების თვალწინ ჩაგრავენ ადამიანებს და სახელმწიფო მოძალადის მხარეს დგას? 

მე მგონია, რომ პოლიციის რიგებშიც დიდი უკმაყოფილება არის იმის გამო, რაც მოხდა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ურტყამს ჩვენი სამართალდამცველების იმიჯს და ღირსებას. არ ვგულისხმობ კონკრეტულ პოლიციელებს, რომლებიც შესაძლოა კონსოლიდაციაში არიან მოძალადე ჯგუფებთან, მაგრამ იქაც არიან ჩვენნაირი მოქალაქეები, შესაძლოა ვიღაცის ოჯახის წევრებიც იყვნენ იქ, ვისაც სცემეს. გუშინ პოლიციელებსაც მიაყენეს შეურაცხყოფა, რადგან ისინი ჩააყენეს უმწეო მდგომარეობაში გავეშებული ბრბოს წინაშე.

ვფიქრობ, გადამწყვეტი ბრძოლის ეტაპზე ვართ ჩვენი ქვეყნისთვის. ამას მოჰყვება სოლიდური საშინაო რეაქცია, საგარეო რეაქცია, რომელიც შესაძლოა ბევრს არ ადარდებდეს, მაგრამ ამას ექნება საგრძნობი შედეგები იგივე პრესტიჟის თვალსაზრისით.

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ რეალურად აჩვენა საკუთარი სახე. ილუზიები აღარავის აქვს, თუ ვინმეს ეს ჰქონდა, რაზე დგას, რაზეა წამსვლელი ეს ძალა.

  • ხელისუფლებას დღეს აქვს აქტიური მცდელობა გუშინდელი ამბები „ნაცმოძრაობას“ დაუკავშიროს. თქვენი აზრით, მუშაობს ეს მიდგომა? 

მე მაინტერესებს, სანამ ეს მოიფიქრეს, მანამდე რა ვერსიები თქვეს, რომ ეს ჭკვიანურად ჩათვალეს… როგორც ჩანს, ვიღაცას ჰგონია, რომ ხალხი არის სულელი, მაგრამ ხალხი არ არის სულელი. ეს საზოგადოება ბევრად უფრო წინაა, ვიდრე თუნდაც მთლიანად აღებული ქართული პოლიტიკური ელიტა.

დღეს ბევრი ჩვენგანი არის გულდაწყვეტილი, იმედგაცრუებული, ბევრისგან მესმის: საერთოდ ღირს ამ ქვეყანაში შრომა? ეს გასაგები ემოციაა, მაგრამ გუშინ ამ მოძალადეებმა და ანტიდემოკრატიულმა ძალებმა იდეების ბრძოლა პირწმინდად წააგეს, დარჩათ მხოლოდ მუშტების ქნევა, რაც დიდხანს ვერ გაგრძელდება. შესაძლოა, გუშინ ეს გაუვიდათ, მაგრამ ეს ქვეყანა არ არის მხოლოდ მთავრობის ცალკეული წევრების, ხოლო მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის ეს არ არის მისაღები. ეს მალე ძალიან უფრო საგრძნობი გახდება.

სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ დემოკრატია ბუტაფორიაა – ინტერვიუ მასწავლებელთან

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი სოფო გოგოხია „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სიძულვილის თემაზე საუბრობს. ის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებსაც ეხმაურება.

  • ქალბატონო სოფო, მინდა გკითხოთ როგორც პედაგოგს, როგორც ლიტერატურის მასწავლებელს, თქვენი აზრით, რა განაპირობებს იმ დოზით სიძულვილს საზოგადოებაში, რაც 5 ივლისს ვნახეთ რუსთაველზე, რა არის ამ სიძულვილის მიზეზი?

სიძულვილი, რაც ვნახეთ რუსთაველზე, ახალი არ არის. თითქმის ყოველდღე ვაწყდებით მას ცხოვრებაში, გუშინ უბრალოდ მასშტაბურად გამოჩნდა.

სიძულვილს და ზოგადად, იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც ჩვენ გვაქვს ქვეყანაში, ბევრი მიზეზი აქვს. პირველ რიგში, ეკონომიკური მდგომარეობა, ამდენი უმუშევრობა, გაჭირვება… პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს ებმის განათლების პრობლემები.

ასე ჯაჭვურად ებმის ერთმანეთს ეს ყველაფერი და უარესი და უარესი შედეგი გვაქვს. რასაც ვსწავლობთ, თითქოს განზე რჩება, რადგან პრაქტიკულად არ ვახორციელებთ.

  • თქვენ ასწავლით რუსთაველის, ილიას, ვაჟას ღირებულებებს და იმის თქმა გინდათ, რომ ეს ყველაფერი რჩება „ხმა მღაღადებლისად“?

ასე გამოდის ნამდვილად, რადგან იმას, რასაც ვასწავლით, არ ვაჩვენებთ პრაქტიკულად. სადღაც რჩება ეს სწავლება – ნიშნისთვის, გამოცდისთვის, შემდეგ დიპლომისთვის და ასე გრძელდება უსასრულოდ. ლიტერატურა სამუზეუმო ექსპონატად იქცა.

გუშინ შემომედავნენ ონლაინსივრცეში. კომენტარებში ვთქვი, რომ ადვილია, როცა ალმადოვარის ფილმებს ვუყურებთ, ვსწავლობთ, ჩვეულებრივად მივიღოთ განსხვავებული, იქნება ეს ტრანსგენდერი თუ სხვა, თუმცა პასუხი იყო, რომ „ალმადოვარი ხელოვნებაა, ცხოვრება კი სხვა რამეა“.

არადა, ზუსტად ისაა ცხოვრება, რასაც კინოში ვუყურებთ, ვუსმენთ, ვკითხულობთ, ვხატავთ და ვძერწავთ. როცა სინამდვილესა და ხელოვნებას შორის ვზრდით უფსკრულს და უარს ვამბობთ მთავარ ღირებულებებზე, ეს დიდ პრობლემად გვხვდება წინ.

  • რატომ ჰგონიათ, რომ ხელოვნება სხვა რამეზე საუბრობს? თქვენი აზრით, ვინ არის ის მეორე მხარე, ვინც ამაში არწმუნებს ადამიანებს?

მგონია, რომ ეს დიდი ხნის განმავლობაში არასწორად აღქმული ღირებულებების შედეგია და ამას მოკლე დროში ვერ აღმოვფხვრით.

საზოგადოების დიდი ნაწილი ისევ ცეცხლზე ნავთს ასხამს, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ნამდვილი ღირებულებებისთვის იბრძვის, მცირეა. შედეგიც ნაკლებად ჩანს. ყველამ ერთად უნდა აკეთოს საერთო, საქვეყნო საქმე და ეს „ყველა ერთად“ არა და არ გვეღირსა.

  • ვინ არის ის ჯგუფი, ვისაც არ უყვარს ფერები, სილაღე, თავისუფლება – რელიგიური ჯგუფია? თქვენ ვის მოიაზრებთ ამაში?

მათ ძნელია უწოდო მორწმუნე, რადგან თუ რაიმე რეალური კავშირი აქვთ რელიგიასთან, თუ ოდნავ მაინც გასცნობიან ქრისტიანულ ღირებულებებს, ოდნავ მაინც თუ მიახლოებიან ქრისტიანობას, აუცილებლად მიხვდებოდნენ, რომ ყველაზე მშვიდობიანი, შემწყნარებლური და ჰუმანური რელიგიაა ქრისტიანობა. ჩვენ კი რას ვხედავთ?!

ვფიქრობ ეს ის ნაწილია, რომელმაც ვერ გაიგო, დასკვნა ვერ გამოიტანა, ვერც რელიგიიდან ვერც ლიტერატურიდან. ისევ მივდივართ წაკითხულის გააზრების პრობლემასთან, შინაარსი ვერ გამოგვაქვს ტექსტებიდან, ვერც იმ უამრავი კონვენციის მუხლებიდან, რომლებიც მარტივ ჭეშმარიტებას ამბობენ, რომ ყველა ადამიანი თანასწორი უნდა იყოს, რომ უნდა მივიღოთ ერთმანეთი.

  • საიდან აქვს ადამიანების ამ ჯგუფს ძალაუფლება?  

აქ ძალიან კარგად ჩანს „ჩრდილოეთის ხელი“. იმპერიალისტურმა რუსეთმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში კარგად გამოიყენა რელიგია, შემდეგ ფსევდოკომუნიზმის ნიღაბს ამოეფარა, ახლა ისევ ამღვრევს წყალს და ყოველთვის პოულობს ისეთ სატყუარას, რომლითაც მშვენივრად ახერხებს გამარჯვებას. მიჭირს, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასე გამოდის.

ჰიბრიდული ომი იქნება, ტროლი, ბოტი, რა ვიცი… ყველანაირად ცდილობს წყლის ამღვრევას და ცუდი ის არის, რომ იმის მაგივრად, რაც მეტი დრო გადის, უკეთ დავინახოთ ეს გამანადგურებელი ძალა, პირიქით, უკუსვლა გვაქვს. უკან ვბრუნდებით, ცივ ჩრდილოეთში.

  • აგრესია ხშირად მოდის სასულიერო პირების მხრიდან. როგორ ფიქრობთ, რატომ? ქრისტიანობას არ იცნობენ, თუ აქაც რუსული ხელია?

ახალს ვერაფერს ვიტყვი აქაც, რადგან იქიდან მოყოლებული, რაც ქართული ეკლესია რუსეთის იმპერიას დაექვემდებარა, რუსულ გავლენებს თავი ვერ დააღწია. მართლმადიდებლობას მესამე საუკუნეა ხელზე იხვევს რუსეთი და ძალიან ადვილად გვატყუებს. არც გაწყვეტილა არასდროს ეს რუსული ხაზი.

გვახსოვს ადამიანები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოში გვეუბნებოდნენ, რომ გვეკუთვნის რუსული მართლმადიდებლური ბომბები, რაც ძალიან სამწუხაროა.

  • ხელისუფლების როლს თუ ხედავთ აგრესიის წახალისებაში და ზოგადად, როგორც მოქალაქე, თუ გრძნობთ თავს დაცულად?

სამოქალაქო ღირებულებებზე ვერ ილაპარაკებს სახელმწიფო, სადაც ერთი ადამიანის ნებაზე დაატარებენ ხეებს და ოლიგარქის ჭკუაზე მოქმედებს ნებისმიერი ინსტიტუტი, დაწყებული განათლებით, დამთავრებული ღმერთმა იცის რით.

დემოკრატიის პრინციპები და დემოკრატია რომ არ არსებობს და ეს ყველაფერი წყლის ნაყვა რომაა, გუშინაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ და როგორ ვიქნებით დაცული?!

იქ, სადაც გახელაძის პრობლემა, ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები, ენგურში ჩამხრჩვალი ადამიანები უფრო ნაკლებმნიშვნელოვანია, სადაც უამრავ ბავშვს საჭმელი და წამალი არ აქვს, სადაც ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და კიდევ იზრდება სიღარიბე, იმაზე წუხან, ვინ სად ჩაივლის და ამის გამო თავპირი შეუძლიათ დაამტვრიონ ჟურნალისტებს, ქალებს, პატარა გოგოებს, რაზე უნდა ილაპარაკო.

სადაც ჟურნალისტებს უტევენ, იქ უკვე დემოკრატია ბუტაფორიული, სასაცილო სიტყვაა.

  • როგორ ხდება, რომ დესტრუქციული ნაწილი ახერხებს ამ დოზით საზოგადოებაში აგრესიის შემოტანას. თქვენი აზრით, პოლიტიკური ნებაა ეს?

რა თქმა უნდა, ხელისუფლება უწყობს ხელს ამ პროცესებს და ბოლო წლებია სულ ამას ვუყურებთ. არაფრით ეწინააღმდეგება, არაფრით ებრძვის ამ იდეოლოგიას, არაფერი გაუკეთებია, ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს იმისთვის, რომ სახელი დაარქვას მტერს.

ძალიან ხშირად პოლიტიკოსებს დეფინიციაც უჭირთ იმისი, განსაზღვრონ ვინ არის მტერი და ვინ ოკუპანტი. რაზე უნდა ველაპარაკოთ, როცა მტერს მტრის სახელიც არ ჰქვია. უარესი შედეგები გვაქვს ამ მიმართულებით, ვიდრე წლების წინ.

სახელმძღვანელოებშიც კი შელამაზებულია ოკუპაციის საკითხები. არ არის მკვეთრი და ხაზგასმული, დაფარულად, პროპაგანდისტულად გვხვდება ხშირად. თუმცა გარკვეული ჯგუფი უკვე მუშაობს იმაზე, რომ ოკუპაციური პოლიტიკის და სხვა საკითხები უკეთ წარმოჩინდეს.

ამ საკითხში თაობის ნაწილიც მოწამლულია წინა თაობის მავნე გავლენებით და აქაც სამუშაოა. 27 მანეთად მოსკოვში გაფრენის ნოსტალგია ისევ ბევრს აქვს.

ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ვიყავი გუშინ, თითქმის ყოველ წელს დავდივარ და წელს პირველად შევამჩნიე ასე მკაფიოდ, რომ ბავშვები გამოცდაზე მოდიან რაღაც შავი მანქანებით, ბოლომდე უწევენ ხმას და რთავენ რუსულ სიმღერებს ამაზრზენ კრიმინალურ თემებზე. არ ვარ მუსიკის და ლიტერატურის მტერი, მაგრამ ეს არის რუსული „რბილი ძალა“, ძალიან ჭკვიანურად გვიტევენ და ჩვენ სწორედ აქ უნდა ვიყოთ მაგრად.

  • ფიქრობთ, რომ სკოლებში უფრო მეტი დრო უნდა დაეთმოს ადამიანის უფლებების, ღირებულებების სწავლებას?

რაც არ უნდა ვუმატოთ საათები, ვერაფერს ვერ შევცვლით, თუ მე სკოლაში ერთს ვასწავლი ბავშვს და გარეთ ის სხვა რამეს ხედავს.

ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში არის ოლიგარქიის მცირე ფორმები, ვიღაცის ხელშია ბიზნესი, ვიღაც იჩაგრება, ვიღაცას მეტი ეთქმის, ვიღაცას – არა.

ბავშვები ხედავენ, რომ კრიმინალური ავტორიტეტები ისევ გამოვიდნენ სამზეოზე და ძალიან ბედნიერად გრძნობენ თავს. კრიმინალური ავტორიტეტებისადმი დიდი სიმპათიებით სამეგრელო გამოირჩევა და თუ ამას დაინახავს ბავშვი, მე კლასში როგორ ვასწავლი ვაჟას, რუსთაველს. ეს არის ხშირად ზღვაში წვეთი.

თუ ყველაფერი ერთმანეთს არ ემატება: სახლში, გარეთ, სკოლაში – თუ ეს ყველაფერი ერთად არ იმუშავებს, მხოლოდ საათების გაზრდა და სახელმძღვანელოების გამოცვლა ვერაფერს შეცვლის. ეს განწყობები აირეკლება ახალ თაობაშიც. ამ პროცესებს კი ხელისუფლება ხელს უწყობს, ჩვენც ვეხმარებით გარკვეულწილად იმით, რომ ხან თავს ვიკავებთ, ხან ველოდებით, რომ რაღაც შეიცვლება და ვართ ასე უმოქმედოდ.

მთავარი მაინც ისა, რომ არ დავხუჭოთ თვალი, რომ თეთრზე თეთრი ითქვას, შავზე – შავი. ჩვენი საქმე კარგად უნდა ვაკეთოთ ყველამ, გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, რა გაიარეს, როგორ მიაღწიეს წარმატებას, ჩვენ სად ვუშვებთ შეცდომებს, რადგან სულ ერთ წრეზე ტრიალს და სულ საკუთარ შეცდომებზე ვერ სწავლას ბოლო უნდა მოეღოს.

ერთადერთი გამოსავალი აქაც განათლებაა. უფრო სისტემური და ძირეული ცვლილება გვჭირდება.

  • ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, რატომ არის სიყვარული სიძულვილზე მნიშვნელოვანი?

უნდა მივხვდეთ იმას, რომ ზოგადად, ადამიანების ერთად ყოფნაა მნიშვნელოვანი, რა ნიშნითაც არ უნდა ვიყოთ განსხვავებული. ერთად ყოფნა კი სიძულვილით გამორიცხულია. ეს უნდა ვასწავლოთ ბავშვსაც.

დღეს ახალგაზრდებში უფრო ნაკლებია სიძულვილი, მაგრამ თუ ასეთ გარემოში გაიზრდებიან, შემდგომ თაობაშიც იგივე გვექნება.

საერთოდ, ეკონომიკური პრობლემის მოგვარებით უნდა დაიწყო ამის გამოსწორება, მაგრამ კაციშვილი არ ჩანს ამ პრობლემის მომგვარებელი.

„ახლოს თუ მოხვალ, გცემთ“ – ინტერვიუ ჟურნალისტთან, რომელიც აქციას აშუქებდა

5 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მოწყობილი აქცია ჟურნალისტებზე ნადირობის დღეს იქცა.

მარიამ ნიკურაძე OCMEDIA-ს რედაქტორია. ინტერნეტგამოცემა სამხრეთ და ჩრდილო კავკასიის ქვეყნებში მუშაობს. მარიამი იმ რამდენიმე ჟურნალისტს შორისაა, ვინც გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, რუსთაველზე მოვლენების ეპიცენტრში მუშაობდა, თუმცა მოძალადეებს გადაურჩა. “ბათუმელებმა” მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

  • მარიამ, თქვენთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რა შეიცვალა გუშინდელი დღის შემდეგ?

12 წელია მეტი ჟურნალისტი ვარ და გუშინ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ვიგრძენი, რომ როგორც ჟურნალისტი, არ ვიყავი დაცული. კი, ამ წლების განმავლობაში ქვაც მომხვედრია, რეზინის ტყვიაც, კვერცხიც – აქციაზე ბევრჯერ დავშავებულვარ, პოლიციელსაც ჩაურტყამს ფეხი… თუმცა ეს არ იყო მიზანმიმართული ქმედებები ჟურნალისტის მიმართ. უბრალოდ მომხვდა დარბევის დროს.

ბევრი ასეთი შემთხვევა მქონია ამ წლების განმავლობაში, მაგრამ არცერთხელ არ მქონდა იმის განცდა, რომ ახლა რადგან ჟურნალისტი ვარ, ვიღაცა მოვა და მცემს. პირიქით ყოველთვის ვცდილობდი, რომ პრესის ნიშანი მქონოდა ან რაღაც ისეთი განმასხვავებელი, რომ ხალხს და პოლიციელებს სცოდნოდა – ჟურნალისტი ვარ. შესაბამისად, არ შემხებიან. გუშინ იყო სულ სხვანაირად – იგრძნობოდა, რომ ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა ჟურნალისტების მიმართ და გუშინ იყო საშიში, რომ ყოფილიყავი ჟურნალისტი. ეს შეიცვალა ზუსტად ჩემთვის პირადად.

  • ბევრი აქცია გაგიშუქებიათ – ძალადობრივი ჯგუფების მიერ გამოჩენილი სისასტიკის გარდა, რით იყო განსხვავებული გუშინდელი დღე სხვა აქციებიდან?

ახალი თითქოს არაფერი იყო. 2013 წლის 17 მაისიც მაქვს გაშუქებული. საწინააღმდეგო ჯგუფების მუხტი აქციის დროს მაშინაც იგივე იყო. მზად იყვნენ ვიღაცები მოეკლათ. გუშინაც ასეთი განცდა მქონდა, დილით განსაკუთრებით. დილას ვფიქრობდით, რომ უფრო პრაიდის დღე იყო და უფრო და უფრო ცუდის მოლოდინი გვქონდა. საღამოს კი ვფიქრობდი, რომ ეს დღე დარჩებოდა ჟურნალისტებზე ნადირობის დღედ. პრაიდმაც გააკეთა განცხადება, თქვა აღარ ვატარებთო. ისე გამოვიდა, რომ გუშინდელი აქცია შეგვრჩა, როგორც ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული აქცია.

თუ გახსოვთ, ცოტა ხნის წინ იყო უცნობის აქცია ევროპის მოედანზე. მაშინაც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი მონაწილეები, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის დონეზე. ხელი არავის დაურტყამს. მეც გამომლანძღეს რაღაც საშინელი სიტყვებით – სოროსის აგენტი, სატანა და ჯოჯოხეთის მაშხალა მეძახეს იქაც.

მაშინაც ვფიქრობდი, რომ ყველა, იქ ვინც იყო, ჟურნალისტების მიმართ განსაკუთრებით აგრესიულები იყვნენ. გუშინ ეს აგრესია უკვე ძალადობაში გადაიზარდა. ასეთი მართლა არ მახსოვს. ჩემს პრაქტიკაში მართლა არ ყოფილა, რომ ამდენი ხალხი ჟურნალისტებს სცემდა მიზანმიმართულად.

  • განსხვავებით სხვა ჟურნალისტებისგან თქვენ არ დაშავებულხართ, მიუხედავად იმისა, რომ მოვლენების ეპიცენტრში იყავით. როგორ იმუშავეთ? როგორ მოახერხეთ ფოტოების გადაღება?

ცოტა მეცინება ახლა რომ ვიხსენებ. ვიცოდი, რომ მძიმე დღე გველოდა, ამიტომ ვფიქრობდი, მაქსიმალურად წარმომეჩინა ჩემი თავი, როგორც ჟურნალისტს. გუშინ გამთენიისას დავჯექი და PRESS ნიშანი დავაკერე ჩემს ზურგჩანთას. მინდოდა ყველა მხრიდან იდენტიფიცირებადი გავმხდარიყავი, როგორც ჟურნალისტი. ასევე ჩაფხუტი კეპი მაქვს, ვფიქრობდი, იმას დავიხურავდი და ასე უფრო დაცული ვიქნებოდი.

გათენდა. რუსთაველზე დილას ადრე გავედი. ჩემი კოლეგები შემომხვდნენ. მათ შორის ნეტგაზეთის ჟურნალისტი და მან მითხრა, „ეს პრესა რომ მაწერია, მგონია, რომ უსაფრთხოდ არ ვარო“. სიტუაციას რომ შევხედე, გავიფიქრე – ეს რა სისულელე ვქენი, ჩანთას PRESS ნიშანი რომ დავაკერე-მეთქი.

დილასვე რედაქციაში პატარა შეხვედრა ჩავატარე და ვუთხარი ჩემს თანამშრომლებს – დღეს პრესის ბარათებს მაისურების ქვეშ ვინახავთ, თუ რაღაც პოლიციას ვაჩვენოთ, რომ ჟურნალისტები ვართ. სხვა შემთხვევაში კი შეეცადეთ, არ წარმოაჩინოთ თავი, როგორც ჟურნალისტებმა-მეთქი.

ასევე, ყველასთვის ნათქვამი მქონდა და მეც ასე წამოვედი სახლიდან, ჩავიცვი მაქსიმალურად კონსერვატიულად. მაგასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს. 2013 წლის 17 მაისს შევესწარი, მოძალადეებმა თავისიანებს სცემეს იმიტომ, რომ ფერადი ტანსაცმელი ეცვათ.

გუშინ, დღის ბოლოს ყველაზე დიდი ჩხუბი იყო ქაშვეთის ეკლესიის გვერდით, ბაღში. იქ ინტერპრესნიუსის ფოტოგრაფს სცემეს და მთავარის ოპერატორს. ჩემი მეგობარი შემომხვდა რადიო „თავისუფლებიდან“. „თავისუფლების“ მაისური ეცვა და ძალიან შევწუხდი, ვთხოვე გადაიცვი რამე, რადგან განსაკუთრებით ერჩოდნენ რადიო „თავისუფლების“, ტვ პირველის და „მთავარის“ ჯგუფებს. ლოგოს და მიკროფონის ღრუბელს რომ ხედავდნენ, ეგრევე მოდიოდნენ – ქალი იყავი, კაცი იყავი არ აინტერესებდათ. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის ნიშანი არ მქონდა, მეჭირა ფოტოაპარატი. აქციის რამდენიმე მონაწილემ მითხრა – შენ მაგ კამერით ახლოს თუ მოხვალ, გცემთ, მოშორდი აქაურობასო.

  • კავკასიის რეგიონის ქვეყნებში მუშაობთ. 5 ივლისამდე საქართველო რეგიონში იყო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ჟურნალისტებისთვის. დღეს როგორ დეფინიციას გააკეთებდით? არის ისევ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა?

მაინც ასე ვფიქრობ. ჩვენ ვმუშაობთ ჩრდილო კავკასიაში და სამხრეთ კავკასიაშიც. მიუხედავად იმისა გუშინ რაც მოხდა, საქართველო მაინც შედარებით უსაფრთხო ქვეყანაა. აქ უფრო მაინც დგას ფიზიკური უსაფრთხოების საკითხი და გუშინ ეგ უფრო გამძაფრდა. მანამდე არ იყო ასე. თუმცა 20 ივნისის და რაღაცეების გათვალისწინებით იყო ეგ საფრთხე.

ჩვენი ორგანიზაციის ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე საუბრისას, როდესაც საქართველო დადგება ხოლმე განხილვის თემა, სულ ვამბობთ – უსაფრთხოებისთვის გვჭირდება ჩაფხუტი, ჟილეტები… სომხეთშიც ასევე, რადგან იქ არ არის ისეთი მძიმე მდგომარეობა, როგორიც მაგალითად ჩრდილო კავკასიაში. ჩრდილო კავკასიის ერთ-ერთი ქვეყნიდან ჟურნალისტის ევაკუაცია დაგვჭირდა სხვა ქვეყანაში.

აზერბაიჯანში საერთოდ მუქარებს იღებენ ჟურნალისტები. ამიტომ, ცხადია, საქართველოს მდგომარეობას არ შევადარებ, მაგრამ გუშინდელი პრეცედენტი არის ძალიან, ძალიან საშიში. თუ არ დასჯიან ამ მოძალადე ადამიანებს, მით უფრო საშიში გახდება იმ ფონზე, რომ მოძალადეთა უმეტესობა აღბეჭდილია, კადრები გვაქვს, ჩანს მათი სახეები. ერთი დღე გავიდა ჟურნალისტებზე ძალადობიდან და ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, თითქმის არავინ დაკავებული. რა უნდოდა იმ ადამიანების იდენტიფიცირებას? თუ არ დაისჯებიან ეს ადამიანები, ეს იქნება ძალიან საშიში პრეცედენტი და, რა თქმა უნდა, მომავალ აქციებზე წახალისება. აღარ მოერიდებიან ჟურნალისტების ცემას. შედეგად უფრო და უფრო საშიში გახდება ველზე ჟურნალისტების მუშაობა.

  • არც თუ ისე შორეულ წარსულში, ჟურნალისტების მიმართ საქართველოში ცალკეული აგრესიული დამოკიდებულებაც კი არ შეინიშნებოდა. დღეს ეს ტენდენცია აშკარად იცვლება თუ ხელოვნურად ცვლიან. თქვენი აზრით, რა როლი აქვს ამაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას?

პირდაპირ ვერ განვაცხადებ, არიქა მთავრობის ბრალია-მეთქი, მაგრამ გუშინ რაც დავინახე, პოლიცია იყო აბსოლუტურად უმოქმედო. 1-ელ ივლისს, ხუთშაბათს ხომ იყო ფილმის ჩვენება. ხუთშაბათს პოლიციამ იმუშავა არაჩვეულებრივად. საკმაოდ რთული და საშიში სიტუაცია იყო, იქაც ძალიან შემეშინდა. ვიფიქრე, გვეტაკებიან ჟურნალისტებს-მეთქი. მაგრამ წამებში ხდებოდა პოლიციის მხრიდან რეაგირება. უამრავი პოლიციელი იყო და აბსოლუტურად აღკვეთეს ყველანაირი ძალადობა ძალიან ეფექტურად.

მართალია, მაინც იყო რაღაცების სროლა, მაგრამ მაგას ვერაფერს ვერ უზამ. მაგის ფონზე, გუშინდელი დღე და გუშინდელი პოლიციის მუშაობა იყო აბსოლუტურად საპირისპირო. დავდიოდი და ვაკვირდებოდი – ძალადობრივი ჯგუფების ყველაზე დიდი ნაწილი იყო პარლამენტის წინ მობილიზებული. ასევე ვაკვირდებოდი პოლიციას, სად იყო და როგორ. ჯერ ერთი ძალიან ცოტა იყო პოლიცია, ხალხის რაოდენობაც არ იყო დიდი. უამრავი აქცია გაგვიშუქებია. ყოფილა შემთხვევები გამოუყვანიათ სპეცნაზი და ისე შეუჩერებიათ. გუშინ რომც არ გამოეყვანათ სპეცრაზმი, არ იყო ამ ხალხის რაოდენობა იმხელა, რომ მას პოლიცია არ ჰყოფნოდა. არ იყო არანაირი ორგანიზება, რომ ვთქვათ განეცალკევებინა ერთმანეთისგან მოძალადეები. პოლიციელები კუთხეში მიყუჩებულები ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ. დაპირისპირება რომ მოხდებოდა, ნელ-ნელა მოვიდოდნენ და ბოლოს, სულ ბოლო მომენტებში, უკვე დაშავებულები რომ იყვნენ ჟურნალისტები, მაშინ გაჰყავდათ. ევაკუაციას ახდენდნენ ჟურნალისტების უსაფრთხო ადგილას. თითქოს მითითება ჰქონდათ ისეთი, რომ რეაგირება არ ყოფილიყო. როცა ხუთშაბათს კარგად იმუშავე და ორშაბათს უმოქმედოდ იყავი, არ ხდება ხოლმე ეგრე. რაღაც ეჭვები ჩნდება ცხადია.

  • გუშინდელი ცემა ვისი შურისძიება იყო ჟურნალისტების წინააღმდეგ – ეკლესიის, ხელისუფლების, თუ უფრო კონკრეტული პირების, მაგალითად პრემიერ ღარიბაშვილის, ან იქნება ივანიშვილის… რას ფიქრობთ თქვენ?

პრემიერის გუშინდელი განცხადება, წახალისება იყო ნამდვილად. „პრაიდი არ ჩატარდება“ ეს უკვე ნიშნავს, რომ რაღაცა ვალიდაცია მიეცა ამ ჯგუფებს. სახელმწიფოს მხრიდან იყო წახალისება. 5 ივლისის დილიდან ხდებოდა ეს ამბები და როდის გაკეთდა დასაგმობი განცხადებები? სახელმწიფოს წარმომადგენლებმა განცხადებები გააკეთეს დღეს, 6 ივლისს.

  • ვხედავთ, რომ არის ჟურნალისტების დემონიზების მცდელობა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახერხებენ ამის მიღწევას?

თუ წახალისდა ეს ძალადობა, თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, კი, უფრო და უფრო გაძლიერდება ჟურნალისტების მიმართ აგრესია. ზოგს არ მოსწონს ოპოზიციური არხი, ზოგისთვის მიუღებელია ლიბერალური მედია. რეაგირება მოძალადეების მიმართ ჯერჯერობით არ ჩანს. კი, ასე ვფიქრობ. თუ არ დაისაჯნენ დამნაშავეები, უფრო და უფრო საშიში გახდება. სულ ვამბობ, რომ გამოძიების დაწყებაში ბადალი არ გვყავს. საქმის დაწყება არ ეშლება შსს-ს, მაგრამ რამდენი საქმეა შემოდებული თაროზე ვინ მოთვლის. არასდროს არ სრულდება ხოლმე ეს გამოძიებები. იმედია ,ამჯერად მაინც ვიღაცას დაიჭერენ. გირაოს და ხელწერილის გარეშე არ გამოუშვებენ. მართლა რასაც იმსახურებენ კანონმდებლობით, ისე დაისჯებიან.

  • ცოტა საკუთარ თავსაც რომ ჩავეკითხოთ – ბალანსის დაცვის მოტივით მოძალადეების მუდმივმა ტირაჟირებამ ქართულ მედიაში ხომ არ შეუწყო ხელი ამ ყველაფერს?

მე არ მიმაჩნია სწორად, რომ ბალანსის დაცვის მოტივით ნახევარი დრო დაუთმო მოძალადეს და ნახევარი დრო მაგალითად, ადამიანის უფლებების დამცველებს. ეს ასე არ არის. მგონია, რომ ჟურნალისტებს ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს და ბალანსი ეს ასე 50/50-ზე არ უნდა გვესმოდეს.

ვთქვათ, როდესაც გაუპატიურების მსხვერპლზე წერ, მოძალადეს აზრს ხომ არ ეკითხები? არ ართმევ კომენტარს. ყველაფერს ასე ბალანსს ვერ დაარქმევ.

ძალიან მძიმეა იმის ნახვა, რომ გუშინდელი ამბების მერე დღესაც მიდიან და ტრიბუნას უთმობენ იმ მღვდელს და იმ მოძალადეებს, რომლებიც გუშინ ასე გამეტებით ურტყამდნენ ჟურნალისტებს. არ არის ეს სწორი.

მე მგონია, რომ მედიამ უნდა შეცვალოს წარმოდგენები ჟურნალისტურ სტანდარტებზე.

  • ცდუნების წინაშე დგანან მედიები თუ კონკრეტული ჟურნალისტები რეიტინგების გამო. თქვენი აზრით, შეძლებს თანამედროვე ქართული მედია ძალადობრივი ჯგუფების ტირაჟირებაზე უარის თქმას?

იქნება და გუშინდელმა დღემ რაღაცა პოზიტიური ცვლილება მოიტანოს. ეს არის აბსოლუტურად მედიაზე დამოკიდებული. მე მგონია მედიას უნდა ჰქონდეს თვითრეგულირების მექანიზმები. იმედია გუშინდელ ამბებს გაითვალისწინებენ მედია ორგანიზაციები და თავიანთ სარედაქციო პოლიტიკას გადახედავენ. ეს არის იმედი.

„რიონის მცველების“ მოკავშირეებად ვეღარ დავრჩებით – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ „რიონის ხეობის მცველების“ მიერ ძალადობრივი აქციის მხარდაჭერას მიუღებლად მიიჩნევს და გაუმჭვირვალე ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში აღარ რჩებიან „რიონის ხეობის მცველების“ მოკავშირეებად.

ამავე დროს, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ.

„ამ დრომდე რიონის ხეობაში მიმდინარე წინააღმდეგობა ახერხებდა სხვადასხვა, მათ შორის, განსხვავებული პოლიტიკური და იდეოლოგიური ხედვებისა და პოზიციების მქონე ჯგუფების გაერთიანებას.

მოძრაობას პირველივე დღეებიდან აძლიერებდა თანასწორობისა და არაძალადობრიობის პრინციპებზე დაფუძნებული შინაარსი. ვთვლით, რომ ამ ღირებულებების ერთგულების გარეშე მოძრაობა კარგავს მის სოციალურად სამართლიან, ფართო საზოგადოებრივი წუხილების დატევის და გამოხატვის პოტენციალს.

…ამ რეალობაში „რიონის ხეობის მცველების“ მხრიდან ძალადობრივი, ანტიდემოკრატიული და არაჰუმანური ძალების მხარეს დადგომამ და ლიდერების მხრიდან საკუთარი მოძრაობის ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებისა და ღირებულებების წინააღმდეგ წასვლამ, მათთან ჩვენი ალიანსის შენარჩუნება შეუძლებელი გახადა.

რიონის ხეობის მცველების გუშინდელი გადაწყვეტილება, შეერთებოდნენ დეკლარირებულად ძალადობრივ აქციას, აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორგანიზაციისთვის, რომელიც ბოლო დრომდე თავს ამ მოძრაობის ერთგულ მხარდამჭერად მიიჩნევდა და ყველა რესურსი გამოიყენა მისი პოლიტიკური და სამართლებრივი მხარდაჭერისთვის.

ჩვენთვის რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობა ბოლო წლებში ჩვენი მოქალაქეების დემოკრატიული თვითორგანიზების უნიკალური მცდელობა იყო, რომელიც დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის უთანასწორო და არაადამიანური ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების ლოგიკას და წესრიგს სწორ სახელდებას აძლევდა.

თუმცა, მოძრაობის ლიდერების ბოლო დღეების გადაწყვეტილებები, სამწუხაროდ, არ გვიტოვებს შესაძლებლობას, უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლაში კვლავ რიონის ხეობის გადარჩენის მოძრაობის მოკავშირეებად დავრჩეთ.

კონკრეტული სოციალური ჯგუფების, ამ შემთხვევაში ქვიარ ადამიანების გარიყვაზე, ჩაგვრაზე, არაღიარებაზე მიმართული მობილიზაცია შეუძლებელია გახდეს ჩვენი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. ჩვენთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მძიმეა და ის უმძიმეს იმედგაცრუებასთან და ემოციურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

ჩვენ სრულად გვესმის, რომ ჰომოფობიის დაძლევას გრძელვადიანი, სისტემური და ტრანსფორმაციაზე მიმართული შრომა და დიალოგი სჭირდება საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. თუმცა, სამწუხაროდ, რიონის ხეობის მცველებმა ღიად ძალადობრივ აქციასთან საკუთარი თავის დაკავშირებით, ამ დიალოგზე უარი თქვეს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი განაგრძობს სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას უსამართლო, გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული ენერგოპოლიტიკის წინააღმდეგ, ისევე როგორც ნამახვანჰესის კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, რომელიც სწორედ ამგვარი პოლიტიკის ნათელი გამოვლინებაა.

მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში გადამწყვეტია არა არჩევანის გაკეთება სოციალური თანასწორობის პრინციპსა და ბუნებრივი გარემოს დაცვას შორის, არამედ ამ ღირებულებებისთვის ერთიანი ბრძოლის წარმოება. ჩვენთვის დემოკრატიის, თანასწორობის, სამართლიანობის და სოლიდარობის იდეები და პრინციპები მუდმივ თანაკვეთაში არსებობს, მათ ყველა სოციალური ჯგუფის მიმართ ვიყენებთ და თანაბარ პოლიტიკურ ღირებულებას ვანიჭებთ“ – ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებაში.

მოძრაობის „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერებმა, მათ შორის, ვარლამ გოლეთიანმა და მაკა სულაძემ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს და გუშინ, 5 ივლისს თბილისში, ჰომოფობიურ კონტრაქციაში მონაწილეობის მისაღებლად ჩამოვიდნენ.

5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

გუშინ, 5 ივლისს, გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ „მწვანე ალტერნატივამ“ განაცხადა, რომ  წყვეტს კომუნიკაციას მოძრაობასთან „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/552330/

 

 

სად შეწყდება დენის მიწოდება ხვალ ბათუმსა და აჭარის სოფლებში

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით ხვალ, 7 ივლისს, გეგმიური სამუშაოების გამო ელექტროენერგია შეეზღუდებათ ბათუმის, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ხულოს აბონენტების ნაწილს. კერძოდ:

  • 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ: კახაბრის, მეჯინისწყლის, ანგისისა და ურეხის დასახლებების ნაწილს.
  •  11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში: ქობულეთს, კვირიკეს, ჭახათსა და მიმდებარე სოფლებს.
  •  11:40-დან 20:00 საათამდე: სოფელ ნიგაზეულს შუახევში.
  •  10:00-დან 20:00 საათამდე მონაკვეთში კი – ხულოს სოფლებს: ვერნებს, რაქვთას, აგარას, ირემაძეებს, ფაჩხასა და მიმდებარე სოფლებს.

ცხოვრება პანიკურ შეტევებთან ერთად

ავტორი: მარი თავბერიძე

„გვიანი ღამე იყო, დაახლოებით პირველი საათი. ძალიან შემეშინდა და დედას დავუძახე. ვერ დავმშვიდდი და სასწრაფო გამოვიძახე“ – ასე იხსენებს 19 წლის ანა პირველ პანიკურ შეტევას მის ცხოვრებაში.

თებერვლის იმ ღამეს ანამ ჯერ არ იცოდა, რა ერქვა იმ მდგომარეობას, რომელმაც მასში ემოციური დაძაბულობა, განგაში, კანკალი და გულის არეში ჩხვლეტის შეგრძნება გამოიწვია. „მეგონა, ვკვდებოდი, მოვძებნე დამამშვიდებლები, მაგრამ მაინც არ მიშველა“, – გვიყვება ანა.

ახლა მან უკვე იცის, რა დაემართა იმ ღამეს. მდგომარეობას, რომელსაც ანა აღწერს, სპეციალისტები პანიკურ შეტევას უწოდებენ.

„პანიკური შეტევა არის ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა, ეს ნევროზული რეგისტრის ფსიქიკური აშლილობაა. ასეთ დროს ადამიანი განიცდის მოულოდნელი, ძლიერი განგაშის და შიშის შეგრძნებას“, – განმარტავს ფსიქოთერაპევტი ნონა ნაკაშიძე.

ნონა ნაკაშიძე

როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ პანიკური შეტევა აქვს?

„ძირითადად ეწყებათ ძალიან არასასიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებები, რომლებსაც ახლავს:

ძლიერი შიში, გულის აჩქარება, ოფლიანობა, სიცივე, წონასწორობის დაკარგვის შეგრძნება, ან სიცხე, თავის ტკივილი, გაბრუება. შეგრძნებები მრავალფეროვანია“, – ამბობს ნონა ნაკაშიძე.

19 წლის ანას პანიკური შეტევის ეპიზოდი რამდენჯერმე ჰქონდა. იგი ამბობს, რომ თავიდან ამან მისი ცხოვრება შეცვალა, თუმცა ანამ ფსიქოლოგს მიმართა და თანდათან ისწავლა, როგორ უნდა ემართა ეს მდგომარეობა:

„თავიდან ვიწექი მთელი დღე ლოგინში, ველოდებოდი გული როდის ამიჩქარდებოდა, მინდოდა მეთქვა ჩემებისთვის, რომ  სასწრაფოსთვის დაერეკათ, მარტო ვეღარ ვრჩებოდი.

ჩემს შემთხვევაში პანიკური შეტევა მოულოდნელად არ ხდება ხოლმე. თუ ყურადღებას ზედმეტად მივაქცევ, შეიძლება უბრალო შემცივნების დროს ვიფიქრო, რომ გულზე მჩხვლეტს. ასეთი ფიქრები პანიკურ შეტევებს უფრო მიხშირებს, ამიტომ  ვცდილობ ყურადღება ნაკლებად მივაქციო“.

ანა მიიჩნევს, რომ მის შემთხვევაში პანიკური შეტევა სავარაუდოდ გადაღლილობამ და სტრესმა გამოიწვია, თუმცა პანიკური შეტევის მიზეზების ზუსტი ჩამონათვალი არ არსებობს.

„პანიკური შეტევის გამომწვევი მიზეზი მრავალფეროვანია. კონკრეტული, ეტიოლოგიური მიზეზების დასახელება ანუ რამე ერთზე დაბრალება, რთულია. ეს ყველა შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია, ამიტომ სპეციალისტმა უნდა შეაფასოს მდგომარეობა“, – ამბობს ფსიქოთერაპევტი ნონა ნაკაშიძე.

პანიკური შეტევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაემართოს ადამიანს. ფსიქოთერაპევტი ამბობს, რომ შესაძლოა ადამიანს ცხოვრებაში პანიკური შეტევის მხოლოდ ერთი ეპიზოდი ჰქონდეს, მაგრამ შეიძლება ეს ეპიზოდები განმეორდეს.

ნონა ნაკაშიძე ამბობს, რომ სპეციალისტის დახმარებით პანიკური შეტევების დამარცხება შესაძლებელია.

„ის მითი, რომ პანიკური შეტევების დროს განწირული ხარ მთელი ცხოვრება, არასწორია.

ასევე არის მითები, რომ „თავი ხელში უნდა აიყვანო“ და ეს თუ ვერ შეძელი, საქმე ცუდად არის. ეს არასწორი შეხედულებებია. ამ ყველაფერზე მუშაობს ფსიქოთერაპევტი და ადამიანები ახერხებენ პანიკურ შეტევებთან გამკლავებას.

ძირითადი რეკომენდაციაა აუცილებელი ვიზიტი სპეციალისტთან, არა ნევროპათოლოგთან, არამედ ფსიქოთერაპევტთან და ზოგადად, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან. მთავარი, წამყვანი სპეციალისტი პანიკური შეტევის დროს არის ფსიქოთერაპევტი“ – ამბობს ნონა ნაკაშიძე.

კითხვაზე, როგორ შეიძლება  დავეხმაროთ ადამიანს რომელსაც პანიკური შეტევა აქვს, ფსიქოთერაპევტი ასე პასუხობს:

„პირველ რიგში მის გვერდით მყოფი ადამიანი არ უნდა ჩავარდეს პანიკაში. აუცილებელია სპეციალისტმა შეაფასოს მდგომარეობა, შემდეგ კი, როცა უკვე ცნობილია, დიაგნოსტირებულია, რომ ადამიანს აქვს პანიკური შეტევა, დაეხმაროს სპეციალისტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში.

აი, ასეთ დროს ადამიანს აქვს განცდა, რომ ის არ არის მარტო. მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანების გვერდით ყოფნა, რა თქმა უნდა, ძალიან ეხმარება ადამიანებს გადალახონ მენტალური პრობლემები“.

თავის გამოცდილებას გვიზიარებს 19 წლის ანაც. იგი რამდენიმე რჩევას აძლევს მათ, ვინც ახლა გადის ამ პერიოდს.

„ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ. შეიქმენით გარემო, სადაც თავს მშვიდად იგრძნობთ, დაიწყეთ რაღაცაზე ზრუნვა, მოუარეთ ყვავილებს, შინაური ცხოველები თუ გყავთ – მათ.

ჩემს შემთხვევაში ოჯახის წევრების დამოკიდებულება შეიცვალა, ცდილობენ კიდევ უფრო ხშირად შემოვიდნენ კონტაქტში, ჩემი აზრი გაითვალისწინონ და გვერდში დამიდგნენ.

ამ პერიოდის შემდეგ  დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემი არსებობა ამ სამყაროსთვის. გავაცნობიერე, რომ ყოველ დილით  ჩემი გაღვიძებით რაღაც ახალი უნდა შემექმნა, მეზრუნა გარემოზე, გარშემომყოფებზე და საკუთარ თავზე,“ – ამბობს ანა.

_________________

მთავარი ფოტო: pexels

ეროვნული ბანკი აპირებს, საკოლექციო ხუთლარიანი მონეტები 95 ლარად გაყიდოს

დღეიდან ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტების გაყიდვას იწყებს. ხუთლარიანი მონეტა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოსცეს მხოლოდ 1500 ცალი და თითო მონეტა 95 ლარად გაიყიდება.

დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში საკოლექციო მონეტები ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ წარმოადგინა.

საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზი ღია კონკურსით შეირჩა. მონეტის მთავარი კომპოზიცია ურთიერთგადაჯაჭვული ასოებია – „სდრ“. ეს წარმოადგენს 1921 წელს ქვეყნის სრული დასახელების – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა – ინიციალების ერთობლიობას. მონეტის მეორე მხარეს კი საქართველოს პირველი კონსტიტუციის სხვადასხვა მუხლიდან ამოღებული მნიშვნელოვანი სიტყვები დაგხვდებათ: „თანასწორი“, „თავისუფალი“, „კანონი, “მოქალაქე“ და სხვა.

რატომ არ გაიაფდა თქვენი სესხი, როცა ლარი გამყარდა? – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხი

„გავითვალისწინეთ ის, თუ პროგნოზში რას ვხედავთ,“ – ასე ხსნის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იმას, რომ ლარის გამყარების მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთი არ მცირდება. რეფინანსირებაზე ბოლოს 23 ივნისს იმსჯელა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა და განაკვეთი ისევ 9.5 პროცენტი დარჩა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განმარტებით, რეფინანსირების განაკვეთი იმიტომ არ შეამცირეს, რომ გლობალურად მსოფლიოში და საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი შესაძლოა ისევ გაიზარდოს.

„როდესაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ არსებულ სიტუაციას, მაგრამ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის, თუ პროგნოზში რას ვხედავთ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვხედავთ ისევე, როგორც გლობალურად ინფლაცია უფრო და უფრო დიდი პრობლემა ხდება, რადგანაც ყველგან შეიმჩნევა მიზნობრივზე მაღალი ინფლაცია – გავითვალისწინეთ ეს და გავითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, რომლებიც ახლა გვაქვს. მოგეხსენებათ, ახლა მაღალი ინფლაციაა, რაც განპირობებულია ნავთობზე, ზეთზე, შაქარზე, ხორბალზე ფასების გაზრდით მსოფლიო ბაზრებზე. ვფიქრობთ, რომ ეს იქნება დროებითი, ამ დროებითი ფაქტორების გავლის შემდეგ ინფლაცია უკვე დაუბრუნდება მიზნობრივ მაჩვენებლებს. დღესდღეობით რაც ჩანს, ალბათ უფრო გრძელვადიან პერიოდში მოგვიწევს საპროცენტო განაკვეთის შემცირება, თუმცა ყველა ამ ფაქტორს გავაანალიზებთ,“ – გვიპასუხა კობა გვენეტაძემ.

რას ელის ეროვნული ბანკი, როდის შეიძლება გადაიხედოს რეფინანსირების განაკვეთი? – „ვფიქრობთ, რომ ერთჯერადი ფაქტორების გასვლის შემდეგ, შემდეგი წლის მარტიდან უნდა დაიწყოს ინფლაციამ შემცირება. გადაწყვეტილებაც ამ ფონზე იქნება მიღებული,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.

ისევ გაუფასურდება ლარი? – ესეც ვკითხეთ კობა გვენეტაძეს.

„ლარის კურსის პროგნოზზე ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ გიპასუხებთ. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მცურავი გაცვლითი კურსია. ლარის კურსის პროგნოზი არ კეთდება. რაც შეეხება მოლოდინებს ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით, არის გაუმჯობესებული, რაც ეხმარება კურსს,“ – გვითხრა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

„ვგმობ მსგავს ქმედებებს“ – იაპონიის ელჩის განცხადება ძალადობრივ აქციაზე

იაპონიის ელჩი საქართველოში, იმამურა აკირა, ეხმიანება 5 ივლისს თბილისში საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ჰომოფობიურ, ძალადობრივ კონტრაქციას.

„5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი.

ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც იაპონიის საელჩო ავრცელებს.

5 ივლისს თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ.

ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია. აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

დენის გადასახადი კვირის ბოლომდე მოგივათ და ჩვეულებრივ გადაიხდით – ენერგო-პრო ჯორჯია

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს ივნისის თვეში მოხმარებული დენის გადასახადი ამ დრომდე არ მისვლიათ. როგორც ენერგოკომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მიმდინარე კვირის ბოლომდე შეტყობინებას ყველა აბონენტი მიიღებს და გადახდას ჩვეულებრივ შეძლებენ, ისევე, როგორც ამ დრომდე იხდიდნენ.

„ივნისის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის ჩვენებები ყველა მრიცხველიდან აღებულია, მუშავდება ბაზა, სადაც ეს მონაცემები ერთიანად უნდა აისახოს და პროცესი ცოტათი გაგრძელდა. ამიტომ, დაგვიანდა აბონენტებისთვის შეტყობინებების გაგზავნა. ამ კვირის ბოლომდე ყველა აბონენტი მიიღებს შეტყობინებას „ენერგო-პრო ჯორჯიასგან“ და ივნისის თვის გადასახადს გადაიხდიან ისე, როგორც აქამდე იხდიდნენ. რაც შეეხება უკვე ივლისის გადასახადს, ამ თვის მონაცემებს [ქვითარს/შეტყობინებას] აგვისტოში აბონენტები ახალი კომპანიისგან – „ეპ ჯორჯია მიწოდებისგან“ მიიღებენ. თუ რაიმე შეიცვლება გადახდის კუთხით, აბონენტებს ამის შესახებ აგვისტოში ეცოდინებათ“, – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

2021 წლის 1-ლი ივლისიდან „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად დენის მომწოდებელი ახალი სააქციო საზოგადოება „ეპ ჯორჯია მიწოდებაა“, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა.

შეიცვლება თუ არა დენის საფასურის გადახდის მექანიზმი  უკვე „ენერგო-პროს“ ყოფილი აბონენტებისთვის? რა ფორმით უნდა გაფორმდეს ახალ კომპანიასთან ხელშეკრულებები? – ამ და სხვა კითხვებზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ პასუხები შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე:

რატომ ძვირდება დენი ქვეყანაში, ანუ როგორ იქცა საქართველო ბიტკოინების სამოთხედ 

რა თქვა საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ კითხვაზე: დაირღვა თუ არა კონსტიტუცია?

„მე არ ვარ პოლიტიკოსი,“ – კითხვაზე თავის არიდება ამ პასუხით სცადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ. მას გუშინ, 5 ივლისს, თბილისი პრაიდზე პოლიციელების თვალწინ მოქალაქეების ჩაგვრაზე, ჟურნალისტების ცემასა და კონკრეტული ოფისების დარბევაზე ვკითხეთ ჟურნალისტებმა. დღეს, 6 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოში ეროვნულმა ბანკმა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად საკოლექციო მონეტა წარმოადგინა.

მერაბ ტურავას შევახსენეთ, რომ ის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა, მაღალი თანამდებობის პირი და მისი შეფასება მნიშვნელოვანია, როცა ქვეყანაში ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები ირღვევა და არსებობს კითხვები იმაზე, რომ ამ ძალადობის უკან ხელისუფლება დგას.

„საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე თავის პოზიციას გამოხატავს გადაწყვეტილებით. ჩემთან სარჩელი რომ მოიტანონ, მე წინასწარ აზრი უნდა მქონდეს გამოთქმული რაღაც საკითხზე? ცოტა კონსტიტუციაში და კანონში ჩაიხედეთ… ქვეყანაში იმიტომ არსებობს კონსტიტუცია, რომ ის უნდა იყოს დაცული, ხოლო როდის არის დარღვეული და როდის დაცული, ამას გადაწყვეტილებით უნდა გაეცეს პასუხი,“ – გვიპასუხა მერაბ ტურავამ.

ამ შემთხვევაში სადავოა არა კონკრეტული სამართლებრივი აქტის კონსტიტუციურობა, არამედ ხელისუფლების მიდგომა და რეაქცია, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები ირღვევა – ვუთხარით მერაბ ტურავას. „ბათუმელებმა“ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მის უკან ბანერზეც მიუთითა – „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“ და შეახსენა, რომ პირველი კონსტიტუციითაც იყო გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება.

ის, რაც ნახეთ გუშინ, რა გამოჩნდა თქვენთვის – დაირღვა ადამიანების კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები? – ვკითხეთ მერაბ ტურავას.

„კონკრეტულ შემთხვევაში ირღვევა თუ არა კონსტიტუციური უფლება, ეს არა პოლიტიკური განმარტებების სახით უნდა ჩამოაყალიბოს საკონსტიტუციოს მოსამართლემ, არამედ ჩვენ ჩვენს პოზიციას გამოვხატავთ და ვაცხადებთ სარჩელის საფუძველზე,“ – აღნიშნა მერაბ ტურავამ.

კოვიდით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში – გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსზე ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია.

„ორჯერ ვაქცინირებულ პირებში ინფიცირების მაჩვენებელი ძალიან დაბალია. ასევე დაბალია ინფიცირების მაჩვენებელი ერთჯერ ვაქცინირებულ პირებში.

კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 0,3 პროცენტია ორჯერ ვაქცინირებულ პირებში და 0, 8 – ერთხელ ვაქცინირებულ პირებში, რაც არის კიდევ ერთი დასტური იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და რამდენად რეალურად დადებითი შედეგი აქვს ინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

კორონავირუსით გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა ვაქცინირებული პირების ჩვენთან არ ყოფილა და ძალიან ცოტა შემთხვევა არის უცხო ქვეყნებში დაფიქსირებული“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ დღეს, 6 ივლისს.

მისივე თქმით, ამ დროისთვის დაჯავშნის სისტემაში ხელმისაწვდომია კორონავირუსის 100 000 ვაქცინა მოსახლეობისთვის. საქართველოში ამ დროისათვის ვაქცინაცია „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ მიმდინარეობს.

 

 

4 დღით გაზის მიწოდება შეუწყდება ბათუმს, ხელვაჩაურს და ქობულეთის ნაწილს

8 ივლისიდან ბათუმის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის ნაწილის მოსახლეობას ოთხი დღის განმავლობაში ბუნებრივი აირის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორი ვახტანგ ბერიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, ბუნებრივი აირის შეზღუდვის მიზეზი ახალი მაგისტრალის დაერთებაა.

„ავტობანის მშენებლობიდან გამომდინარე, ახალი ცენტრალური მაგისტრალი აშენდა, ამიტომ უნდა მოხდეს მისი დაერთება. ტექნიკურ სამუშაოებს სჭირდება ორი დღე, გარკვეული დრო კი, ალბათ კიდევ ორი დღე,  აღდგენას დასჭირდება.

ბუნებრივი აირი მთლიანად შეეზღუდება ბათუმს, ხელვაჩაურს და ასევე ქობულეთის ნაწილს. ამასთან დაკავშირებით დამატებით გავაკეთებთ განცხადებებს“, – ამბობს ვახტანგ ბერიშვილი.

„სოკარის“ ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ ეტაპზე ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაზის გათიშვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. „რაც ვიცით ისაა, რომ ხვალ გაზი ითიშება ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. სხვა ინფორმაცია არ გვაქვს“, – უთხრეს კომპანიაში „ბათუმელებს“.

დააკავეთ მოძალადეები – ჟურნალისტების აქცია საქართველოს ქალაქებში

დღეს, 6 ივლისს, საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ქუთაისში, თელავსა და გორში ჟურნალისტებმა საპროტესტო აქციები გამართეს და  ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს. ხელისუფლებას კი მოუწოდეს, შეწყვიტოს კრიმინალების წახალისება და მხარდაჭერა.

ჟურნალისტები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები და დააკავონ ყველა მოძალადე.

ჟურნალისტების საპროტესტო აქცია ბათუმში

გუშინ, 5 ივლისს, თბილისში, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად ჰომოფობიური ჯგუფები რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. ძალადობრივმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე 53 ჟურნალისტს სცემეს. რამდენიმე მათგანი ახლაც საავადმყოფოშია.  აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისას, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.

 

ჟურნალისტებზე ძალადობისთვის 3 პირი დააკავეს – შსს

შს სამინისტრო საპატრიარქოს მიერ მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფის სამი წევრის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს თანახმად, დაკავებულები წარსულში ნასამართლევები არიან.

სამინისტროს განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

შინაგან საქმეთა სამინისტროს, დღეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, 3 პირი: წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული მ.დ., 1983 წელს დაბადებული ზ.ჭ., და ასევე, წარსულში ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა ტელეკომპანია რუსთავის 2-ის, მთავარი არხის, გამოცემა – ტაბულას და საინფორმაციო სააგენტო „ნიუპოსტის“ წარმომადგენლებს, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტერიტორიაზე ძალადობით და ძალადობის მუქარით ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება.

გამოძიება 154-ე მუხლის მეორე ნაწილით და 126-ე მუხლის 1 ნაწილით გრძელდება.

ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ დროის მონაცემებით უკვე გამოიკითხა სხვადასხვა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი, მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა, ასევე დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა დაკავების მიზნით გრძელდება აქტიური საგამოძიებო ღონისძიებები.

ქობულეთის შემოვლით გზაზე 8 ივლისს მოძრაობა იკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 24-ე და 28-ე კმ-ებ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბებში, ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2021 წლის 8 ივლისის 00:00 საათიდან 9 ივლისის 00:00 სთ-მდე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დროის აღნიშნულ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაირთვება საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფი (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის გავლით.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით“, – იუწყება დეპარტამენტი.

საქართველოში კოვიდის 1407 ახალი შემთხვევა დადასტურდა

6 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1407 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 606 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 10 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 5 383 პირი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2961 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 658 მძიმე პაციენტია.

5 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.49 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 3.01 ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.68%.

80 აბიტურიენტი კოვიდინფიცირების გამო ქართულის გამოცდაზე ვერ გამოცხადდა

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირების გამო ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 80 აბიტურიენტი არ გამოცხადდა. მათთვის დამატებითი სესია დაინიშნება.

დღეს, 6 ივლისს კი, აბიტურიენტები უცხო ენის გამოცდას აბარებენ, რომელიც სამ დღეს გაგრძელდება. საგამოცდო პროცესის პარალელურად დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომების გასწორების პროცესიც დაიწყება.

გამოცდების შედეგები აგვისტოს პირველ ნახევარში გამოქვეყნდება.

2021 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 38 400-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

___

ფოტო: აჭარის განათლების სამინისტრო

აჭარაში კოვიდის 54 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 6 ივლისი

6 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 54 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 153 ადამიანი მკურნალობს, მათგან 6 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

რეგიონის კოვიდსასტუმროებში 195 ადამიანია. თვითიზოლაციაში 604 ინფიცირებულია.

„საპატრიარქო ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა“ – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი

გაძლიერდა, თუ პირიქით, დასუსტდა ეკლესიის მიმართ ნდობა, რომელიც დღეს პირდაპირ მოძალადის როლში მოგვევლინა? – თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამჯერად უკვე არა მარტო ქრისტიანობის კრიზისი აქვს, არამედ ეს არის სოციალური მხარდაჭერის კრიზისი და „ეკლესია ვაბანკზე მიდის“.

„ბათუმელებმა“ მირიან გამრეკელაშვილს დღეს მიმდინარე პროცესზე რამდენიმე კითხვა დაუსვა:

  • ბატონო მირიან, რა გამოჩნდა დღეს – რა როლი აქვს საპატრიარქოს ადამიანების ჩაგვრის პროცესში? 

მართალია, ანტიპრაიდული მოძრაობა დიდწილად,  ტექნიკური თვალსაზრისით, არ იყო წარმოებული მხოლოდ უშუალოდ ეკლესიის მიერ და ის ახლაც თავიდან ირიდებს სრულ პასუხისმგებლობას, მაგრამ ჩანს, რომ ეს რადიკალური და მოძალადე ჯგუფები არიან ეკლესიასთან ძალიან დაახლოვებულნი და მოქმედებენ შეთანხმებით. უმთავრესი აქ ისაა, რომ ეკლესიას ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე ევალება აქტიურად შეეწინააღმდეგოს ძალადობას. არათუ ძალადობისკენ მოწოდება არის არაქრისტიანული, არამედ ძალადობისთვის ხელის არშეშლაც არის ქრისტეს უარყოფა.

  • მოვისმინეთ ცალკეული სასულიერო პირის პირდაპირი მოწოდებაც ძალადობისკენ. მაგალითად, დღეს დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა აქციის მონაწილეებს უთხრა: „არა ძალადობას კი არა, ვალდებულები ხართ, იძალადოთ ღმერთისთვის, იძალადოთ სიწმინდისთვისო“. 

მღვდელი როცა ამას ამბობს, ეს არის სრული აცდენა  ქრისტიანობისგან. მთელი ქრისტეს მოღვაწეობა, სახარების მთელი ტექსტი მიდის კულმინაციისკენ და კულმინაცია არის ჯვარცმამდე, როცა იესო ესაუბრება თავის მოწაფეებს: ცნებასა ახალსა მოგცემთ თქვენ, რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, ადამიანებს (მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას, იოან.13,33-34)…. ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა ადამიანის სიყვარული. ამის მიღმა ყველაფერზე შეიძლება მსჯელობა და კამათი. ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება არის პირიქით, ქრისტესგან გამიჯვნა. საქართველოს ეკლესიის შიგნით საერთოდ არ ესმით, არც კი სურთ, რომ ქრისტიანობა გაიგონ და საკუთარ ამოცანად თვლიან ქართველობის, ეთნო-ფოლკლორული მონაცემების, უცნაური შეხედულებების დაცვას.

  • რისი ჩვენება სურს ამით საპატრიარქოს? 

საპატრიარქო არის მოძალადე და ასპარეზზე გამოჰყავს ძალადობრივი ჯგუფები, ის ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელსაც უბრალოდ ჯერჯერობით არ მიუმართავს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისათვის. თქვენ რომ ნახოთ თალიბანისა და სხვათა ისტორია შეიარაღებულ კონფლიქტამდე, ისინი ყოველთვის ასე იწყებდნენ: გარკვეული რელიგიური საზრისებისა და ადამიანების ჯგუფების მობილიზებით, შემდეგ ეტაპზე გადადიოდნენ შეიარაღებაზე და ა.შ. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფომ არათუ არ სცადა მოქალაქეების დაცვა, ბატონმა პრემიერმა და სხვებმა აშკარად წაახალისეს ძალადობა და განსაკუთრებით პრემიერის განცხადება იყო ხაზის გადასმა სახელმწიფოებრიობისადმი.

  • რით განსხვავდება დღევანდელობა იმისგან, რაც 2013 წლის 17 მაისს ვნახეთ? 

მგონია, რომ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მაშინ გაკეთდა კორდონი და სახელმწიფომ სცადა მაინც ადამიანების  დაცვა. იყო ცემა, დარბევა, მაგრამ ჩანდა, რომ პოლიციელები მეტ-ნაკლებად მამაცურად იცავდნენ აქციის მონაწილეებს. სახელმწიფომ ამჯერად საერთოდ თავის ნებაზე მიუშვა მოძალადე ჯგუფები, ყველას სცემდნენ, ერთი ტურისტი საერთოდ დაჭრეს მხოლოდ იმიტომ, რომ საყურე ეკეთა, სცემეს 15 წლის მოზარდს, რომელსაც გრძელი თმები ჰქონდა, რადგან ეგონათ, რომ ჰომოსექსუალია, ოფისები ჩალეწეს, დაარბიეს, ჟურნალისტებს სცემეს… 2013 წელს ეკლესიას უფრო ჰქონდა პოზიცია, რომ არც მწვადი დაეწვა და არც შამფური. დღეს კი პირდაპირ მოუწოდებენ და ამართლებენ ძალადობას.

  • რა მიზანი აქვს ეკლესიას, როცა ძალადობას ხელს უწყობს? 

მგონია, რომ ამ აგრესიული ჯგუფების გენერირება ხდება მიზანმიმართულად, ძალადობის რუსული მოდელი დამკვიდრების მიზნით. ეს მოდელი საქართველოში არის გადმოტანილი, დაფინანსნებული და ხელშეწყობილი. ეკლესია ახლა ფსონს დებს ამ მოძალადე ჯგუფებზე. 2013 წელს პატრიარქი იყო იმ კონდიციაში, რომ სიტუაციას მეტ-ნაკლებად თვალს ადევნებდა, დღეს კი საქართველოს ეკლესიას ფაქტობრივად მართავს ლევან ვასაძის კლასელი, მისი მეგობარი და კარის მოძღვარი – მეუფე შიო, ასევე ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც კიკეთში, ლევან ვასაძის სამფლობელოში არსებულ ტაძარში მოღვაწეობს, მის კმაყოფაზეა, ხელის ბიჭს არ ვაკადრებ, მაგრამ მისი კარის მოძღვარია. შესაბამისად, ბევრად უფრო რთული სიტუაციაა.

ეს ყველაფერი აფეთქდა მას შემდეგ, როცა საპატრიარქომ გუშინწინ მოუწოდა ადამიანებს გამოსვლისკენ. თავისი ძალებით ძალადობრივი ჯგუფები ამდენი ადამიანის შეკრებასაც ვერ მოახერხებდნენ. რაც მენიშნა  ყველაზე ცუდ ტენდენციად, არის ის, რომ აქციაზე ჩანდნენ ახალგაზრდებიც. მე მიჩნდება კითხვა: ეს ახალგაზრდები სადღაც ხომ სწავლობენ? დავიჯერო, ესენი საერთოდ მოსყიდული ხალხია, რომელიც არაგულწრფელი დამოკიდებულების გამო დგანან იქ? ჩვენ უნდა დავსვათ კითხვა: რა ხდება ჩვენს უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო სისტემაში. სად სწავლობდნენ ეს ახალგაზრდები, ან სად სწავლობენ ახლა?

ჩემმა კოლეგამ ზელიმხან უძილაურმა, რომელიც გახლავთ რელიგიის ფენომენოლოგიის მკვლევარი, როცა აღწერდა საქართველოში ეკლესიის სამოქმედო სტრატეგიას, მნიშვნელოვანი სიტყვა გამოიყენა საამისოდ. მთელი სტრატეგია ერთი სიტყვით რომ გამოვხატოთ, ეს არის აბსორბციაო, ანუ შთანთქმა. საქართველოს ეკლესიის უმთავრესი მიდრეკილება არის კულტურული და ტერიტორიული სივრცის გადაყლაპვა და შთანთქმა. ამის შემდეგ ის თავად გადაწყვეტს ამ სივრცის შიგნით ვის აქვს არსებობის უფლება და ვის – არა.

  • რატომ არის ეკლესიის ეს მიზანი საზიარო ხელისუფლებისთვის? 

რამდენიმე რადიკალური დაჯგუფების ცენტრი არსებობს. ეს არის „ალტ-ინფო“, რომელიც ფინანსდება ლევან ვასაძისგან და არის რუსული მოდელი, ასევეა საპატრიარქოსთან არსებული ჩოხოსნები, რომელიც არის ამ ყველაფრის კოსტიუმირებული ნაწილი, კიდევ რამდენიმე მოძღვარი თავისი სამრევლოთი, რომლებიც დღესაც სიამაყით იღებდნენ ფოტოებს და მერე ფეისბუქში ავრცელებდნენ.

ეს რადიკალური ჯგუფები არ არის ხალხმრავალი, არამგონია, ძალადობას ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობოდეს, მაგრამ ლგბტქ თემის მიმართ მკვეთრად უარყოფითი პოზიცია აქვს ბევრს. საზოგადოების უმრავლესობა ასე პირდაპირ ძალადობის მომხრე არ არის, მაგრამ როცა არჩევანზეა საქმე, მოძალადეს ირჩევენ, რადგან თვითღირებულების შკალაზე ისინი უფრო ახლოს დგანან. სხვათა შორის, ერთ-ერთ ინტერვიუში ჩანდა, რომ ტრანსგენდერ ქალს არ აქვს მუშაობის პრობლემა წლებია კლინიკაში, მაგრამ აგრესიას ხვდება მაშინ, თუკი ვინმე ამ ეკლესიიდან აღებული ნარატივით ხვდება.

თეოლოგების შიგნითაც როცა არსებობს დისკუსია, ნებისმიერ თემაზე შესაძლოა შეთანხმება, მაგრამ როგორც კი საკითხი ეხება სექსუალურ უმცირესობებს, იმ წუთში იწყება დაპირისპირება, უმრავლესობა მომხრეა, რომ ეს გამოცხადდეს ცოდვად, მანკიერებად და ასე შემდეგ. რატომ ხდება ასე – ეს არის საკითხი, რომელსაც სჭირდება გამოკვლევა, გააზრება, მაგრამ ფაქტია, რომ სურთ დისტანცირება.

მე პირადად ჰომოსექსუალი პირველად გავიცანი სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, ჩვენ ერთად ვსწავლობდით, მაშინ მე საკმაოდ ჰომოფობიურ პოზიციებზე ვიყავი და კიდევ მრავალი წელი გამყვა ეს განწყობა. შემდეგ დავფიქრდი ამ ყველაფერზე, ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე, ამ ადამიანებსაც მოვუსმინე, ვესაუბრე ვნახე სამეცნიერო ახსნები, ვეცადება გამერკვია და ამეხსნა ბიბლიის კონტექსტები როგორაა განმარტებული და მივედი დასკვნამდე და დავძლიე ჰომოფობია, შინაგანად, გულწრფელად, არავის ვეპრანჭები. ქრისტე ამბობს, რომ გვიყვარდეს ნებისმიერი ადამიანი და ამის იქეთ ვის რა ცოდვის გამო რა ელის, ყველა თავად გაარკვევს, როდესაც უფლის წინაშე წარსდგება.

წლებია ხდება ამ აგრესიის პოლიტიკური ნიშნით შემკობა. აშკარაა, რომ რუსეთს სურს სამეზობლოს დარწმუნება – „ევროპა გარყვნილების ბუდეა“. გატაცებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილიც ამას იხსენებდა, ეს მითხრეს, რად გინდათ ევროპა, ჰომოსექსუალიზმის და გარყვნილების ბუდეო. რუსეთისთვის ეს მთავარი პოლიტიკური მექანიზმია სამეზობლოს დაშინებისა.

  • დღევანდელი აქციით ეკლესია მოახერხებს მეტი ადამიანების მიმხრობას? 

მე უფრო პირიქით მგონია, ეს ყველაფერი აისახება რეიტინგებზე.

საპატრიარქო ახლა მიდის ვაბანკზე. მან იცის კარგად, რომ მორალურ ნაწილში რეიტინგი აღარ აქვს, ვინც შემორჩა, არის ეს მოძალადეობრივი ჯგუფები და არ სურს მათი მხარდაჭერაც დაკარგოს. ანდრია ჯაღმაიძე და შიოც გულწრფელად ასეთი, მოძალადეები არიან. პატრიარქი, მაგალითად, თვითონ მოძალადე არ არის, იცის, რა არის საჭირო და პრაგმატული გათვლა აქვს, ახალი თაობა კი, პირდაპირ ასეთი ყეყეჩი მოძალადეა, არ არიან გაცდენილი დადგენილ ფარგლებს, არაფერი განსხვავებული ნანახი და განცდილი არა აქვთ, რაც მათ დააფიქრებდათ.

თუ დააკვირდებით, ახალ თაობაში ნაკლებად იღებენ ასე უპირობოდ ეკლესიის პოზიციებს. შესაძლოა, ბავშვებს კი ანათლინებენ, მაგრამ მასობრივი ეს ნდობა აღარ არის. ოდესღაც ეს დიდ კრიზისს გამოიწვევს. ამ კრიზისს დროებით იჭერს საპატრიარქო და იჭერს ხელისუფლებასთან გადახლართვით, ისინი ერთმანეთს კვებავენ. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, ამ არჩევნებზე ისევ შეერწყმებიან აქტიურად ერთმანეთს. ამ არჩევნებზეც ხელისუფლებისთვის მთავარი საკვები ეს იქნება, სხვა რესურსი აღარ დარჩა არც ხელისუფლებას.

  • თქვენი აზრით, ახლა კრიზისი აქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ეკლესიას და ეს აღარაა მხოლოდ ქრისტიანობის კრიზისი?

კი, ასეა. ქრისტიანობის კრიზისი დიდი ხანია არსებობს საქართველოში, ეკლესიას ახლა სოციალური მხარდაჭერის კრიზისი აქვს. საქართველოში ეკლესიას მხარს არასდროს უჭერდნენ ქრისტიანობის გამო. ეკლესიას მხარს უჭერდნენ, როგორც ისტორიულ გადმონაშთს, მაგრამ ეს საზრისი აღარ არის იმდენად ფასეული და უპირობო მხარდაჭერები ბევრი აღარ ჰყავს, თაობები იცვლებიან და უცვლელად ეს შტამპები არ გადადის, ისინი ეჭიდებიან ამას. მე პირადად რადგან ქრისტიანი ვარ და ამ ეკლესიის წევრი, ბოდიშს ვუხდი ყველა ადამიანს იმის გამო, რაც დღეს მოხდა.

  • რამ შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი? 

საჭიროა უფრო ფართო მედიადისკუსია ზოგადად ქრისტიანობის შესახებ. ჩვენ გვაქვს  მოცემულობა, როცა მედიაში ისევ იწვევენ ამ შავბნელ პოლიტიკოსებს, ან საპატრიარქოს ხალხს, რომლებიც საათობით სხედან და ამ სიძულვილს ქადაგებენ. ზოგიერთი მედია ავრცელებს ინფორმაციას იმაზე, რომ, მაგალითად, კონკრეტული სასულიერო პირი ნარკომომხმარებელია ან ჰომოსექსუალი, მაგრამ ადამიანები შეგუებულნი არიან იმას, რომ ყველას რაღაც ცოდვა გვაქვს, ამ ყველაფერს არ მოჰყვება შინაარსობრივი გამოღვიძება.

ეკლესია მთლიანად არის ორიენტირებული გავლენაზე. საქართველოში ეკლესია არასდროს არ ყოფილა ღვთის სიტყვის ქადაგებასა და განვრცობაზე ორიენტირებული, რომ  ადამიანამდე მიეტანა უფლის სიტყვა, რაც არის მისი მთავარი მისია. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ ეროვნულ-განმათავსებულებელი მოძრაობა, რომელსაც მიეწერება საქართველოში კომუნიზმის დამარცხება, ეფუძნებოდა არა ლიბერალურ საწყისებს, არამედ ულტრა-ნაციონალისტურ და ეთნოცენტრულ საზრისებს. ახლაც ხშირად ეს გვესმის, რომ „ეს საქართველოა,“ „ქართველები ვართ“.

გამოღვიძება უნდა დაიწყოს არა ეკლესიაში, არამედ საზოგადოებაში. ასე მოხდა ევროპაშიც, გარეთ დაიწყო ეს პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში არსებობს ამის რესურსი და ეს არის ახალი თაობა.

ხელისუფლებამ აუნთო მწვანე შუქი ჟურნალისტებზე ძალადობას – საიას თავმჯდომარე

დღეს, 5 ივლისს, სანამ დაგეგმილი „თბილისი პრაიდის“ მონაწილეები რუსთაველის ქუჩაზე ჩაივლიდნენ, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაიკავეს გამზირი და მაშინვე შეტევა დაიწყეს ჟურნალისტებზე, სცემეს ისინი და დაუმსხვრიეს კამერები. ნაცემი და დაშავებულია 38 ჟურნალისტი ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან. იყო თუ არა წინასწარ დაგეგმილი მედიაზე თავდასხმა და ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა ხელისუფლებას იმ შედეგებზე, რაც თბილისში, რუსთაველის ქუჩაზე დადგა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნიკა სიმონიშვილს ესაუბრა.

  • ნიკა, ის, რაც დღეს მოხდა, იყო მხოლოდ ჰომოფობიური აქცია, თუ ეს იყო მიზანმიმართული შეტევა მედიაზე?

ეს აქცია დაანონსებული იყო, როგორც ჰომოფობიური და თითქოს მიმართული იყო ერთი კონკრეტული ჯგუფის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ადამიანები იქ მისული იყვნენ იმისთვის, რომ ეძალადათ ჟურნალისტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მიემართებოდა არა, უბრალოდ, თბილისი პრაიდის ჩატარება-არჩატარებას, არამედ ეს იყო პირდაპირი თავდასხმა როგორც მედიაზე, ასევე სამოქალაქო სექტორზე. რაც ყველაზე მთავარია, ეს არის თავდასხმა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზეც.

  • აქციაზე, სადაც სცემეს ჟურნალისტებს, დაუმსხვრიეს კამერები, საერთოდ არ იყვნენ პრაიდის მონაწილეები – ნიშნავს ეს იმას, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა წინასწარ იყო ჩაფიქრებული?

ჩვენ დილით პრემიერისგან ძალიან სამწუხარო განცხადება მოვისმინეთ, რომელიც პირდაპირ ჰომოფობიური განცხადება იყო. ამ ადამიანებმა დაინახეს, რომ ეს იყო მწვანე შუქი  ხელისუფლებისგან, რომ რაც არ უნდა გაეკეთებინათ, ყველაფერი ეპატიებოდათ.

მწვანე შუქი დავინახეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდანაც, რომელმაც არაფერი გააკეთა რუსთაველის გამზირზე, რომ სიტუაცია მართული ყოფილიყო და ჟურნალისტებს თავს არ დასხმობდნენ. ძალიან სამწუხარო ფაქტი ვნახეთ, ვგულისხმობ პრაიდის შენობაში შეჭრას, სადაც დააზიანეს ნივთები და აქაც სახელმწიფოს არავითარი პრევენციული რეაგირება არ ჰქონია. რა თქმა უნდა, ესეც იყო მწვანე შუქი.

შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლების განცხადებები იყო წინასწარ შეთანხმებული და მიემართებოდა არა მარტო პრაიდს, არამედ პოლიტიკურ ოპონენტებსაც – ჩვენ ვნახეთ, რომ რუსთაველზე აქცია კარვების დარბევით დაიწყეს დილით, რომლებიც საერთოდ არაფერ შუაში არ არიან პრაიდთან.

  • კადრებში ისმოდა ხმები: „ეგ რომელი ტელევიზიაა? მაგის დ…დაც“… და ასე შემდეგ. ძირითადად იმ მედიასაშუალებების ჟურნალისტებს სცემდნენ, რომელთაც მმართველი პარტია „ოპოზიციურად“ მოიაზრებს, ან კრიტიკულები არიან ხელისუფლების მიმართ. ესეც ხელისუფლების მხრიდან იყო წახალისებული?

კრიტიკული მედიის მიმართ ასეთი განცხადებები გვესმის ხელისუფლების მხრიდან დიდი ხანია, მათ შორის დღევანდელი ფაქტიც არის იმ სიძულვილის ენის და წამქეზებლური განცხადებების გამოძახილი, რასაც ხელისუფლება აცხადებს კრიტიკული მედიის მიმართ და მათ შორის პრემიერ-მინისტრიც.

  • დღეს არაერთი მოსაზრება მოვისმინეთ სოციალურ ქსელებში იმის თაობაზე, რომ სინამდვილეში დღევანდელი აგრესია იყო დემოკრატიაზე შეტევა, ასეა?

რა თქმა უნდა. ეს ორ რამეზე მიგვანიშნებს: ერთი ის, რომ ამ ქვეყანაში ჩვენი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს იყოს დემოკრატია და დემოკრატიული პროცესები წარიმართოს და მეორე მხრივ, მაშინ, როდესაც საზოგადოების ნაწილი ცდილობს, რომ ამ ქვეყანაში გაძლიერდეს დემოკრატიულობის ელემენტები, ხელისუფლება, აი, ამ ჯგუფებთან ერთად ებრძვის დემოკრატიულობის ამ ელემენტებს და ცდილობს, რომ ქვეყანაში არ გაიხაროს დემოკრატიამ.

  • პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადება, ფაქტობრივად, პირდაპირი მოწოდება იყო, რომ არ ჩატარებულიყო  პრაიდი. ზოგიერთი პოლიტიკოსის შეფასებით, დღევანდელი ქცევით „დადასტურდა, რომ ხელისუფლება პირდაპირ კავშირშია პრორუსულ ძალებთან“. თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს?

ხელისუფლება რასაც ბოლო პერიოდში აკეთებს, არ არის იმ დემოკრატიული პრინციპების შესაბამისი, რასაც ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს და ჩვენ სწორედ ევროკავშირის წევრობისკენ მივდივართ. ამდენად, ის ყველაფერი, რაც ხელისუფლებამ გააკეთა ბოლო პერიოდში, იგივე თუნდაც სასამართლოსთან მიმართებით, იგივე თუნდაც რაც დღეს ვიხილეთ, ეს არაფერ კავშირში არ არის ევროკავშირთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან.

  • ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ვერ დაიცვა გამოხატვის თავისუფლება, არ გამოიყვანა პროპორციული ძალა მოძალადეების შესაჩერებლად. რაზე მეტყველებს ეს, ინსტიტუციების მოშლაზე თუ დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიზანმიმართულ შეზღუდვაზე?

ჩვენ ვხედავდით, რომ ხელისუფლება მისთვის არასასურველ აქციებზე კოლოსალური პოლიციელების მობილიზებას ახდენდა ხოლმე და მათ შორის კარგად აღჭურვილი პოლიციელების, ასევე სპეციალური ტექნიკისაც. რაც ვერ ვნახეთ დღეს. არაადეკვატური ძალა იყო გამოყვანილი რუსთაველზე, ძალიან მცირე რაოდენობის პოლიცია, რომელიც უბრალოდ ვერ შეაკავებდა მოძალადეებს.

როდესაც ვამბობთ, რომ პოლიციას არაფერი გაუკეთებია, პოლიციამ ვერაფერი ვერ გააკეთა იმიტომ, რომ არ იყო პროპორციული ძალა მობილიზებული. უბრალოდ, ვერ დაუპირისპირდებოდა პოლიცია იმ აგრესიულ ძალებს. ამიტომ შსს-მ ვერ დაგეგმა სწორად და არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს აგრესია შეჩერებულიყო.

  • ვერ დაგეგმა, თუ არ იყო ხელისუფლების ნება?

ფაქტია, რომ არ იყო დაგეგმილი და შსს-ს არაფერი გაუკეთებია. სავარაუდოდ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური ნების არარსებობას უკავშირდება. სწორედ იმ არგუმენტის გათვალისწინებით, რაც ჩვენ, სამწუხაროდ, დილით პრემიერისგან მოვისმინეთ.

  • პრემიერის დილის განცხადებამ განსაზღვრა პროცესის ასე დასრულება?

პრემიერის განცხადებამ ეს ყველაფერი (ძალადობა) წაახალისა და მწვანე შუქი აუნთო ამ ადამიანებს, რომ ყველაფერი ასე წარმართულიყო.

ჩვენ რომ ვყოფილიყავით დემოკრატიული ქვეყანა, ამ ყველაფერს თავიდანვე აღვკვეთდით და ეს აქამდე არ მივიდოდა. თუმცა აქ უკვე პრევენციას ვეღარ ვაკეთებთ, რადგან ყველაფერი დაშავდა, რისი დაშავებაც შეიძლებოდა. ერთადერთი, რაც ახლა ხელისუფლებას შეუძლია არის ის, რომ თავის თავზე აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რაც დღევანდელ დღეს უკავშირდება და რა თქმა უნდა, სამართლებრივი პასუხისმგებლობაც მთლიანად სახელმწიფოზეა, გამოიძიოს ის საქმეები, რაც სისხლის სამართლის დანაშაულებს უკავშირდება და დასაჯოს შესაბამისი პირები.

_________________

ამავე თემაზე:

ღარიბაშვილის განცხადება სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივია – გიორგი გოგია

ასანთის ღერების არქიტექტორი ბათუმიდან

ავტორი: მარიკა ბოლქვაძე  

18 წლის ბათუმელი ალექსანდრე აბუსელიძე არის ბიჭი, რომელიც ახალ სიცოცხლეს სძენს ასანთის ღერებს. იგი უზარმაზარ და რთულ კონსტრუქციებს აგებს ასანთის ღერებით.

ასანთის ღერებით შენება ალექსანდრეს ჰობია და მას საკმაოდ დიდ დროს უთმობს. ამ საქმის კეთება მისთვის დასვენებასთან და განტვირთვასთან ასოცირდება.

„ორი წლის წინ, ზაფხულში, დროის გაყვანის მიზნით დავიწყე მშენებლობა ასანთის ღერებით.

ნახაზი არ მჭირდება. ვარ თვითნასწავლი და შემიძლია ავაწყო ყველა სახის ნაგებობა.

ალექსანდრე აბუსელიძის ნამუშევარი

დროის ფაქტორის გათვალისწინებით, მეხუთე ნაგებობას ვაწყობ და ეს არის „ბიგ ბენი“. მანამდე ავაწყვე: საზაფხულო სახლი ასანთის 15 000 ღერისგან; ამერიკული „ემფაიერ სთეით ბილდინგი“ – 15 000 ღერი ასანთისგან; ელექტრონული წისქვილი – 10 000 ღერი ასანთისგან; ყველაზე მასშტაბური კი არის სკოლა „ნიკეს“ შენობა, რომლის ასაწყობად 40 000 ღერი ასანთი დამჭირდა“ – ამბობს ალექსანდრე.

კითხვაზე, როგორ გაუჩნდა  ასანთის ღერებით შენების სურვილი, ალექსანდრე გვპასუხობს, რომ ეს ტექნიკა ინტერნეტში ნახა:

„yootube-ში ვნახე პატარ- პატარა მაკეტები და დავუსვი თავს კითხვა –  მე შევძლებ უფრო მასშტაბური მაკეტების აწყობას? რატომაც არა? და დავიწყე“.

ასანთის ღერების გარდა ალექსანდრეს „მშენებლობისთვის“ სილიკონის ცხელი წებო და სახაზავი სჭირდება:

„სახაზავი იმიტომ, რომ ასანთის ღერები შესაბამისი ზომებით უნდა გაიჭრას, რათა სიმეტრიულად სწორი გამოვიდეს შენობა. როგორც ვთქვი, ნახაზი არ მჭირდება – პირდაპირ ფოტოდან კოპირებით ვაწყობ ანუ თვალზომით“, – გვიყვება ალექსანდრე.

ასანთის ღერებით შენებას დიდი მოთმინება და შესაბამისი გარემო სჭირდება. „როგორია შენი სამუშაო ოთახი და როგორ ახერხებ კონცენტრირებას ნამუშევარზე?“ – ვკითხეთ ალექსანდრეს.

„ჩემი სამუშაო ოთახი არის ჩემი სამეცადინო კაბინეტიც. მაკეტების აწყობას ვუთმობ დღეში 1 საათს, დროის ფაქტორის გამო.

დიახ, მაკეტების აწყობას სჭირდება კარგი ნერვები, ამიტომ ზოგს უკვირს და ამბობს – ვააა, რა ნერვები და გამძლეობა ჰქონიაო. ზოგადად ჩემთვის აწყობის პროცესი ერთგვარი მედიტაციაა, განტვირთვა,“ – ამბობს ალექსანდრე.

ალექსანდრე აბუსელიძე
ალექსანდრე აბუსელიძის ნამუშევარი

ახლა  აბიტურიენტია, მას სამართლის შესწავლა სურს. ალექსანდრემ სკოლა „ნიკე“ დაამთავრა და ამავე სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე იყო.

ალექსანდრე ამბობს, რომ მისთვის არც ისე ადვილია შეუთავსოს აქტიური აბიტურიენტობის პერიოდი ჰობის, სწორედ ამიტომ ცოტა ხნით მუშაობის დროზე შეამცირა, თუმცა დროებით.

ალექსანდრე აპირებს გააგრძელოს შენება ასანთის ღერებით და სჯერა, რომ ერთ დღეს აუცილებლად შეძლებს ასანთის ღერებისგან აშენებული მაკეტების ნაცვლად რეალურად ნახოს მისთვის საოცნებო შენობები მთელს მსოფლიოში.

სათემო ორგანიზაციები მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დააკავონ მოძალადეები

სათემო ორგანიზაციები ეხმიანებიან დღეს, 5 ივლისის დილიდან განვითარებულ მოვლენებს და სახელმწიფოს ძალადობის დაუყოვნებლივ აღკვეთისკენ და მოძალადეების დაკავებისკენ მოუწოდებენ:

“დღეს დილიდან, პრემიერ-მინისტრის განცხადების ფონზე, რომელმაც თავის გამოსვლაში გაჟღერებული საშიში აქცენტებით ჰომოფობიური ძალადობა წაახალისა, გუშინდელი დღიდან მობილიზებულმა სიძულვილის ჯგუფებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები თბილისის ქუჩებში სხვადასხვა ადგილზე. ისინი დაუპირისპირდნენ მედიის წარმომადგენლებს, დაუზიანეს ტექნიკა და ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. განსაკუთრებით შემზარავია ფორმულას ჟურნალისტების ცემა და აბუჩად აგდება.

ყურადსაღებია ისიც, რომ ძალადობრივი მოქმედებები არ ლოკალიზდება ერთ კონკრეტულ უბანსა თუ ქუჩაზე, ის მთელ ქალაქს მოედო და სხვადასხვა ქუჩაზე არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმაში გამოიხატა.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ძალადობის მიზანმიმართული წახალისების მოწმე. ამით ხელისუფლებამ რადიკალურ ექსტრემისტ ჯგუფებს მისცა ლეგიტიმაცია ემოქმედათ კონსტიტუციისა და კანონის მიღმა.

საქართველოს ხელისუფლებამ დღეს უარი თქვა ემოქმედა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში. მან არ აღკვეთა თბილისი პრაიდის ღირსების მარშის წინააღმდეგ მობილიზებული სიძულვილის ჯგუფების უკანონო, არაკონსტიტუციური და ძალადობრივი ქმედებები.

მოვუწოდებთ საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ინციდენტები და დააკავოს მასში მონაწილე პირები;
  •  აწარმოოს თანმიმდევრული საგამოძიებო მოქმედებები;
  •  პრევენციული ღონისძიებები გაატაროს და აღკვეთოს ინციდენტები დროულად და ეფექტიანად;

საქართველოს მთავრობას და პარლამენტს:

  •  ღიად დაგმონ ძალადობა და თავდასხმები და ხელი შეუწყონ სიტუაციის სტაბილიზაციას.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)

თანასწორობის მოძრაობა

იდენტობა იუს

თემიდა

მოძალადე ჯგუფები 40-მდე ჟურნალისტს თავს დაესხნენ – შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია

5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საპატრიარქოს ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე დაარბიეს „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 38 წარმომადგენელი.

მათ შორის არიან „რადიო თავისუფლების“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თორნიკე მანდარია, რომელსაც ჩამტვრეული აქვს კბილები. ასევე ნაცემია „რადიო თავისუფლების“ ოპერატორი დათო ქორიძეც, რომელსაც დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

დათო-ქორიძე-თორნიკე-მანდარია

“ტვ პირველის” პროდიუსერის ინფორმაციით, დაშავებული არიან მათი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები. მისივე თქმით, დაზიანებულია სამაუწყებლო აპარატურა, რის გამოც ადგილიდან სიგნალები გაეთიშათ.

ალექსანდრე ლაშქარავა და ლევან ბრეგვაძე

“ფორმულას” ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს. ასევე, მოუწოდეს, დაეტოვებინა ტერიტორია. ფორმულას ოპერატორს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ასევე, სცემეს „ფორმულას“ სხვა გადამღებ ჯგუფს – გიორგი გაბუნიას და ლექსო ხომასურიძეს. ნაცემია ჟურნალისტი რატი წვერავა, რომელმაც პოლიციაში ჩვენება უკვე მისცა. „ფორმულასთან“ საუბრისას მან თქვა, რომ მოძალადეების თავდასხმისას პრაქტიკულად არ გამოჩენილა პოლიციელი, რომელიც მას დაიცავდა.

„დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე დავდიოდი და მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა, ვიგუდებოდი, ვერ ვლაპარაკობდი და ვთხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი. დახმარება კი არა, ყველა მირტყამდა გამეტებით. არ აინტერესებდათ, ადამიანი იყავი, ვინ იყავი… უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. ერთი ნაბიჯი არის იქამდე, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან. ”

ფოტოზე: რატი წვერავა

ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები თავს დაესხნენ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადამღებ ჯგუფსაც. ტელევიზიის ინფორმაციით, დაშავებულია ჟურნალისტი თიკო სუსარეიშვილი, რომელიც კონტრაქციას აშუქებდა. ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავში ჩაარტყეს. თიკო სუსარეიშვილი იხსენებს, რომ ტერიტორიიდან საპატრულო პოლიციის მანქანით გამოიყვანეს. აგრესიულად განწყობილმა პირებმა კი სამართალდამცველების ავტომობილიც დააზიანეს.

თიკო სუსარეიშვილი

დაშავდა „ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი

„პალიტრანიუსის“ ჟურნალისტი ნინი თვარაძე წერს, მათ ოპერატორს აქციაზე ჩაუმსხვრიეს სახის ძვლები და მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

„ჩვენი ჟურნალისტები (გოგოები) წიხლებით არიან ნაცემები. ფოტოგრაფი დასახიჩრებული, აპარატურა განადგურებული. სხვა ტელევიზიებშიც ანალოგიური და ზოგან კიდევ უარესი სიტუაციაა”, – წერს ჟურნალისტი საკუთარ ფეისბუქგვერდზე.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ორი კამერა დაუმტვრიეს „რუსთავის 2-ის“ ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მათ შორის არიან: მარიამ ქუმსიშვილი – ჟურნალისტი, მარიკა გოცირიძე – ჟურნალისტი, გიორგი პერტია – ჟურნალისტი, სალომე ბოკუჩავა – ჟურნალისტი, შოთა სიკინჭალაშვილი – ოპერატორი, ზურა მანაგაძე – ოპერატორი, ბექა ათაბეგაშვილი – ოპერატორი.

„მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დაზიანებები აქვთ მიღებული: დეა მამისეიშვილს, ირაკლი ბახტაძეს, ნინო გაზდელიანს, დათუნა ახალაძეს, ანრი ჯოხარიძეს, ქეთა ციცქიშვილს და თორნიკე ბარნაბიშვილს.

ფიზიკურად გაუსწორდნენ „ტაბულას“ ჟურნალისტ მაკო ჯაბუას. ადგილზე მუშაობის საშუალება არ მიეცათ „ნეტგაზეთისა“ და On.ge-ს ჟურნალისტებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმციით, თავს ასევე დაესხნენ მაუწყებლის ოპერატორს, ილია თვალიაშვილს.

შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. უწყების განცხადებით, შესწავლილი იქნება ინციდენტების ამსახველი ყველა მასალა.

მოსამართლემ “სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმე” დაასრულა და თქვა – “ფაქტები ხელისგულზეა” 

„ფაქტები ხელისგულზეა“, – აღნიშნა დღეს, 5 ივლისს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, როცა „სააკაშვილის ზღვიდან შემოპარვის საქმის“ განხილვა დაასრულა. თუმცა განაჩენის გამოცხადება გადადო. წინა სხდომაზე მოსამართლემ თქვა, საბოლოო გადაწყვეტილებასაც დიდი ალბათობით გეტყვითო.

„ჩამოყალიბებული ვარ, მაგრამ რამდენიმე საკითხზე მჭირდება სამართლებრივი მსჯელობა,“ – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მას შემდეგ, როცა მან ადვოკატის დასკვნითი სიტყვა მოისმინა.

ადვოკატმა კი დასკვნითი სიტყვა ასე დაიწყო:

„არ ვიცი, რა შეუკვეთა ხელისუფლებამ: უკანონო პატიმრობა მხოლოდ, თუ გამამტყუნებელი განაჩენი…“, – გამოსვლის დასაწყისშივე თქვა ეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

შემდეგ კი, მოსამართლემაც დააზუსტა, რა დარჩა გასარკვევი და რატომ გადაიფიქრა დღეისთვის განაჩენის მიღება:

„საზღვრის გადმოკვეთამდე არის თუ არა ვალდებულება რადიოკავშირით შეატყობინო ეს სახელმწიფოს, ეს არის გასარკვევი,“ – აღნიშნა მოსამართლემ.

დღეს, 5 ივლისს, სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა – სასამართლოსთან ენმ-ს აქტივისტები შეიკრიბნენ და სამართლიანი განაჩენი მოითხოვეს.

ბრალდებულები ღია ზღვაში, იახტაზე, გასული წლის 28 ნოემბერს დააკავეს. საუბარია უკრაინის მოქალაქეებზე – ვოლოდიმერ დიაჩენკოსა და იური ხიმინჩიზე, ასევე საქართველოს მოქალაქეზე – მიხეილ ბატურინზე. მათ გამოძიება საზღვრის ჯგუფურად, უკანონო კვეთას ედავება. მიხეილ ბატურინი უკრაინაში ცხოვრობს და მიხეილ სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. სააკაშვილთან მეგობრობს დანარჩენი ორი ბრალდებულიც. ისინი იახტით მიემგზავრებოდნენ უკრაინიდან თურქეთში, თუმცა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, გონიოს ნაპირიდან 12 კმ-ში დააკავეს.

„გამოძიებას ჰქონდა ეჭვი, რომ უკანონო მიგრანტი შემოიყვანეს საქართველოში, ეს აღკვეთის შეფარდების პროცესზეც დაადასტურა პროკურორმა, თუმცა განკარგულებაში ეს არ ჩაუწერიათ,“ – ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია. ზღვაში გაჩერებულ იახტაზე სამართალდამცველებს უნახავთ სველი ჰიდროციკლი და საცურაო ჟილეტი, რამაც ეჭვები მიგრანტის – სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის უკანონო შემოყვანაზე გააძლიერა.

ამ საქმეზე უკრაინამ ოფიციალურად საქართველოს ბრალდებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდა

დღევანდელ პროცესზე ადვოკატმა სააკაშვილის შესაძლო შემოპარვის შეთქმულებაზე გააკეთა აქცენტი, რისაც ადვოკატის მტკიცებით, „ოცნებას“ შეეშინდა და გემბანზე მყოფი ადამიანების დაუყონებლივ დაკავება განიზრახა. ადვოკატმა მოსამართლეს ისიც უთხრა, უპატივცემულობაში ნუ ჩამომართვათ, მაგრამ ჩემი აზრით სასამართლოც აიძულეს ეს ადამიანები უკანონოდ დაეპატიმრებიათო და გისოსებისკენ გაიხედა.

„ეს იყოს გასული წლის ნოემბერი, როცა იმართებოდა აქციები და ოპოზიცია პარლამენტს უცხადებდა ბოიკოტს…. ამ დროს გაჩნდა მოსაზრება, რომ სააკაშვილი შესაძლოა შემოპარულიყო საქართველოში  და უცებ ზღვაში, უკრაინიდან თურქეთში მიმავალ გემზე პოულობენ სააკაშვილის დაცვის ყოფილ წევრს…“- აღნიშნა ბექა ბასილაიამ.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობაზე. მისი მტკიცებით, ბრალდებულებს არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ დაურღვევიათ, რადგან ბრალდებულების იახტა პორტში არ შემოსულა და ეს არც სამხედრო მცურავი საშუალება იყო.

“საზღვრის გახსნას და საზღვრის დარღვევას კანონი წყალში არ ცნობს…ნავსადგურში შემოსვლას დასჭირდებოდა შეტყობინება და არა ტერიტორიულ წყლებში შემოსვლა,” – ხაზგასმით თქვა ადვოკატმა და დასძინა, პორტშიც რომ შემოსულიყო იახტა, არ იყო საჭირო ნებართვა, თუ ეკიპაჟი ნაპირზე არ გადმოვიდოდა.

აქცია სასამართლო პროცესის პარალელურად

„მათ რადიოკავშირით სარგებლობის წესებიც კი არ დაურღვევიათ,“ – აღნიშნა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ და ბრალდების იმ ნაწილს შეეხო, რომლის მიხედვითაც იახტაზე სასაზღვრო პოლიციის რადიოშეტყობინებებს საერთოდ არ უპასუხეს.

ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ კანონმდებლობით არაა დარეგულირებული ზღვით ტრანსპორტირებისას, მშვიდობიანი გავლის დროს რადიო კავშირით სარგებლობის წესი.

ბექა ბასილაიამ მოსამართლეს გაახსენა მოწმეებიც – მაგალითად, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი, რომელმაც ერთ-ერთ სხდომაზე თქვა, რომ მშვიდობიანი გავლის დროს მცურავი საშუალების მხრიდან შეტყობინების გაგზავნა საჭირო არ არის.

„სხვებმა თქვეს, რომ წესი დაირღვა, მაგრამ ჯვარედინი დაკითხვის დროს ვერ დაასახელეს კონკრეტული ნორმატიული აქტი, სადაც ეს წესი გაწერილია,“ – დაამატა ადვოკატმა.

ამ თემაზე:

აპირებდა სააკაშვილი ზღვით შემოპარვას? – ბათუმში მესამე პრეზიდენტის მეგობრებს ასამართლებენ

პოლიციამ აბსოლუტური უმოქმედობით გასაქანი მისცა ხილულ კრიმინალს – პენცენტრი

საქართველოს პენცენტრი განცხადებას ავრცელებს და გმობს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ძალადობას:

„თანადგომას ვუცხადებთ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც პროფესიული საქმიანობისას მოძალადეების ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლნი აღმოჩდნენ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისი პრაიდის მონაწილეებს, რომელთაც ძალადობრივად შეეზღუდათ გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის საშუალება.

მიგვაჩნია, რომ რუსთაველის გამზირის ზიზღის პოლიგონად ქცევა საქართველოს საპატრიარქოს უშუალო ბრალია, თუმცა ბრალის სიმძიმეს ვერ გაექცევა ხელისუფლება, რომლის მეთაურმა დღევანდელი უპასუხისმგებლო განცხადებით კიდევ უფრო წააქეზა სიძულვილის ჯგუფები, ხოლო პოლიციამ კი აბსოლუტური უმოქმედობით გასაქანი მისცა ხილულ კრიმინალს, რომელსაც თვალს მთელი ქვეყანა ადევნებდა” – წერია განცხადებაში.

დღეს, 5 ივლისს თბილისში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფები ქალაქის სხვადასხვა უბანში თავს ესხმიან მედიის წარმომადგენლებს. ასევე, დაარბიეს “სირცხვილიასა” და „თბილისი პრაიდის” ოფისები. დაშავებულია, სულ მცირე, მედიის 20-ზე მეტი წარმომადგენელი.

შსს ამ დრომდე არ ამბობს, დააკავეს თუ არა ვინმე მედიაზე ძალადობისთვის.

აჭარაში კოვიდის 96 ახალი შემთხვევაა – ბოლო ორი დღის მონაცემები

ბოლო ორი დღის, 4-5 ივლისის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 96 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით აჭარის კოვიდკლინიკებში 138 პაციენტი იმყოფება, მათგან 7 პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, აჭარაში, კოვიდსასტუმროებში, 195 ადამიანი იმყოფება.

„ღირსების მარში დღეს არ შედგება“ – თბილისი პრაიდი

„თბილისი პრაიდის“ განცხადებით, დღეს, 5 ივლისს, დაანონსებული „ღირსების მარში“ არ შედგება.

„თბილისი პრაიდის“ სახელით გვსურს განვაცხადოთ, რომ ღირსების მარში #სოლიდარობისთვის დღეს არ შედგება.

ხელისუფლებამ არათუ არ უზრუნველყო ქვიართემისა და ჩვენი მხარდამჭერების უსაფრთხოება, არამედ აქტიური მოქმედებებით შეგვიშალა ხელი გვესარგებლა შეკრების უფლებით. ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიდეთ ხელისუფლების, საპატრიარქოსა და პრორუსული ძალების მიერ მხარდაჭერილი მოძალადეებით სავსე ქუჩაში და რისკის ქვეშ დავაყენოთ ადამიანების სიცოცხლე!

ჩვენს მხარდამჭერებს გვსურს მკაფიოდ ვუთხრათ, რომ ბრძოლა ღირსებისთვის გაგრძელდება, ეს შეუქცევადი პროცესია, რომელიც მიუხედავად სიძულვილის ჯგუფების, საპატრიარქოსა და ხელისუფლების გააფთრებული წინააღმდეგობისა, არ შეწყდება! ჩვენ აუცილებლად გამოვალთ ღირსებისთვის!“ – წერს „თბილისი პრაიდი“.

ორგანიზაცია დღეს მიმდინარე მოვლენებს გამოცხადებულ ომს უწოდებს სამოქალაქო საზოგადოების, დემოკრატიული ღირებულებებისა და ქვეყნის ევროპული კურსის წინააღმდეგ.

„ქვეყნის ხელისუფლების დღევანდელმა მოქმედებებმა, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა, რომ პოლიტიკურ ხელისუფლებას არ სურს აღასრულოს მისი პირდაპირი მოვალეობა.

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილის სამარცხვინო, ძალადობრივი, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური განცხადება, რომელშიც მან პასუხისმგებლობა და აგრესიის ვექტორები აქტივისტებზე გადაიტანა, არის ჩვენი პოლიტიკური ხელისუფლების, საქართველოს საპატრიარქოსა და პრორუსული ჯგუფების კოორდინირებული ძალადობრივი, შემგუებლური, წამახალისებელი და რუსული პოლიტიკის გაგრძელება. აღმასრულებელი ხელისუფლების უმოქმედობამ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ყველა შესაძლებლობა უზრუნველეყო პრაიდკვირეულის მონაწილეთა უსაფრთხოება, არ მიიღო არავითარი ქმედითი ზომა ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.

„თბილისი პრაიდის“ წევრებს, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს არაერთი შეხვედრა ჰქონდა შსს-ს წარმომადგენლებთან, ისინი იცნობდნენ ჩვენს სამოქმედო სტრატეგიას, მათთვის შეთავაზებული იყო კონკრეტული გეგმები, რომელთა მიხედვითაც, უნდა მომხდარიყო მარშის უსაფრთხოების დაცვა, თუმცა, ნაცვლად ქმედითი ზომებისა, ჩვენ დილიდან ვუყურებთ ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას.

სწორედ ასეთ უმოქმედობასა და სიძულვილის ჯგუფების პოლიტიკური ძალაუფლების იარაღად გამოყენებას მოჰყვა ის, რომ დარბეულია „თბილისი პრაიდისა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისები, პოლიციის თვალწინ ძალადობენ ჟურნალისტებზე, ეს უფრო მეტია ვიდრე პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა, ეს არის გამოცხადებული ნადირობა მედიაზე, აქტივისტებზე, ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც თანასწორობის იდეის სწამს.

დღევანდელი მოვლენების გათვალისწინებით, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ შსს ადეკვატურად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რადგან ვხედავთ, რომ ისინი არ რეაგირებენ მათ თვალწინ მომხდარ ძალადობის ფაქტებზე, სიძულვილის უზარმაზარი ტალღა კი, რომელსაც ახლა ვუყურებთ, სწორედ ხელისუფლებისა და საპატრიაქროს მიერაა შთაგონებული და მხარდაჭერილი“ – წერს ორგანიზაცია.

_____________

ფოტოზე: საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე სცემეს „ფორმულას“ ჟურნალისტს, რატი წვერავას. ფოტო: ინტერპრესნიუსი

 

ღარიბაშვილის განცხადება სამარცხვინო და არასახელმწიფოებრივია – გიორგი გოგია

დღეს, 5 ივლისს, პრაიდთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადება გააკეთა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიაჩნია და არა ძალადობრივ ჯგუფებს, არამედ პრაიდის მონაწილეებს მოუწოდა „მოსალოდნელი რისკები“ გაითვალისწინონ. რამდენად ადეკვატურია პრემიერ ღარიბაშვილის განცხადება და ახალისებს თუ არა ეს ჰომოფობიურ ჯგუფებს ქვეყანაში? – ამ საკითხზე „ბათუმელები“ადამიანის უფლებებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის – Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებულ დირექტორს, გიორგი გოგიას ესაუბრა.

  • ბატონო გიორგი, დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება დაცულია. თუმცა დასძინა, „უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ გვაქვს ტრადიციები და წესები“. არის თუ რა ეს ძალადობის წახალისება პრემიერის მხრიდან?

ეს არის სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, ეს არ არის კონსტიტუციაზე, კანონმდებლობაზე დაფუძნებული განცხადება, ეს არის ძალადობის წაქეზება, რადგან ხელისუფლებას გააჩნია არა მარტო იმის ვალდებულება, რომ დაიცვას ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, არამედ პოზიტიური ვალდებულებაც, ხელი შეუწყოს გამოხატვის და შეკრების თავისუფლებას. სამწუხაროდ, მისი მოწოდება უგულებელყოფდა ამ ვალდებულებებსაც. ეს იყო პოპულისტური განცხადება.

  • ღარიბაშვილი ამბობს: „მივმართავთ მათ (პრაიდის მონაწილეებს), რომ გაითვალისწინონ რისკები“. ხომ არ არის ეს ერთგვარი ზეწოლა პრაიდის ორგანიზატორებზე, რომ უარი თქვან საკუთარ უფლებებზე?

ფაქტობრივად, ეს თქვა. როცა ასეთი დაძაბული სიტუაციაა, პრემიერი უნდა გამოსულიყო და ეთქვა, რომ ყველა მოქალაქე კანონის წინაშე თანასწორია. მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა, რასისა და ასე შემდეგ. ყველას აქვს მშვიდობიანი გამოხატვის უფლება. ის, რაც დღეს პარლამენტის წინ ხდება, ეს არ არის მშვიდობიანი გამოხატულება. როდესაც დასდევენ ჟურნალისტებს, აგინებენ, ართმევენ ტექნიკას, ხელს უშლიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებას, ეს არ არის მშვიდობიანი აქცია. ამ დროს ტოლობის ნიშანი დასვა მოძალადეებსა და მშვიდობიანი პრაიდის მონაწილეებს შორის, რომლებიც ცდილობენ არ იყვნენ დაჩაგრული და ელემენტარული უფლებები ჰქონდეთ, ასეთ დროს პრემიერის განცხადება არის ბრიყვული და პოპულისტური. სხვანაირი შეფასება შეუძლებელია.

ეს არ არის სახელმწიფოებრივი განცხადება და შეფასება. პრემიერს არ უნდა დაავიწყდეს, რომ ის არის ყველაზე მაღალი რანგის მოხელე და მას აქვს ვალდებულება დაიცვას ყველა მისი მოქალაქე. არც ერთი სიტყვა, არც ერთი ნაბიჯი, არც ერთი წინადადება არ უნდა გადადგას, რაც შეიძლება აღქმული იყოს, როგორც ძალადობის წახალისება.

  • პრემიერი ამბობს: „უმრავლესობისთვის აღნიშნული პრაიდის ჩატარება მიუღებელია“- რამდენად სამართლიანია მისი მხრიდან მსგავსი განცხადება?

მან დააფიქსირა პოზიცია, რომ მისთვის მიუღებელია პრაიდი, როგორც უმრავლესობის წარმომადგენელისთვის. ეს არის ყოვლად წარმოუდგენელი. ეს არის კანონი, კონსტიტუციის, საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელჰყოფა და მისი როგორც ხელისუფლების ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება.

ასეთ დროს ტრადიციებზე საუბარი საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. ეს იყო დისკრიმინაციული განცხადება უმცირესობების წინააღმდეგ, ეს რიტორიკა კარგად არის ნაცნობი რუსეთისგან და სხვა არადემოკრატიული ქვეყნებისგან, ამიტომ ტრადიციების მოშველიება სხვა არაფერია თუ არა ძალადობის წახალისება, რაც ყოვლად მიუღებელია.

  • როგორ ფიქრობთ, ჰომოფობიური ჯგუფები გრძნობენ ხელისუფლების მხარდაჭერას? სხვა შემთხვევაში თუ იქნებოდნენ ასეთი რადიკალურები?

ფაქტია, რომ ხელისუფლების განცხადება არ განმუხტავს ძალადობას. ის არ მოუწოდებს ამისკენ და ყველა ადამიანის უფლებების დაცვისკენ. იქ არ არის საკმარისი პოლიცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, როცა რეალური ძალადობა ხდება ადამიანებზე. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლება დადგეს მოწოდების სიმაღლეზე. მაშინ, როცა ვიცით, რომ ხდება დანაშაული, ხელისუფლებას აქვს ვალდებულება აღკვეთოს ეს ძალადობა.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ პოლიციის რაოდენობა არის ცოტა და ეს ჩანს კადრებშიც. მაშინ, როცა დაანონსებული იყო ჰომოფობების მხრიდან ფართომასშტაბიანი აქცია, რატომ არ მიიღო შსს-მ შესაბამისი ზომები? რატომ გაჰყავთ ჟურნალისტები პროცესებიდან და არა მოძალადეები? 

ფაქტია, რომ პოლიციის კონტინგენტი რაც გამოყვანილია, თავს ვერ ართმევს მოვალეობებს. ის არ იცავს ჟურნალისტებს, ვერ აღკვეთს ძალადობას, ვერ განმუხტავს სიტუაციას. ჟურნალისტების განრიდება ეს არ არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რომელიც რუსთაველზეა. ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტის მაჩვენებელი.

პრემიერის განცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ არ ესმის საკუთარი პასუხისმგებლობის ტვირთი. მისი განცხადება არ იყო ძალადობის განმუხტვისკენ მოწოდება, მისი განცხადება იყო ფაქტობრივად ტოლობის ნიშანი მოძალადეებსა და ხელისუფლებას შორის. საბოლოოდ ეს შეიძლება ცუდად დასრულდეს ხელისუფლებისთვის, საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის, რადგან თავზე გვენგრევა სახელმწიფო. ის მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ წესრიგის დაცვა ქვეყანაში და ყველა ადამიანის თანასწორობის უზრუნველყოფა ქვეყანაში, რაც სამწუხაროდ დღეს არ ხდება.

  • ღარიბაშვილმა დღეს თქვა, რომ „პრაიდის უკან დგანან რევანშისტული ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი უკეთებენ ორგანიზებას და მათი მიზანია სამოქალაქო არეულობა და ქაოსის შემოტანა, რასაც არ დავუშვებთ“. ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით რის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება?

რა სახითაც არ უნდა იყოს სააკაშვილი ამ პროცესებში ჩართული, ის არაფერ შუაში არ არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლების და ღირსების მარშთან. ეს არის პოლიტიკური განცხადება პოლიტიკური დივიდენდებისთვის. ცალსახაა, რომ ეს არის მოთრეული არგუმენტი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია და საერთო რეალობასთან არ აქვს. ეს არის გასამიჯნი ერთმანეთისგან, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს თავისი კონსტიტუციური უფლება. ყველა ადამიანი არის თანასწორი შეიკრიბოს და გამოხატოს თავისი აზრი, რაც დღეს ვერ ხორციელდება.

  • პრემიერს მიაჩნია, რომ ამ ქვეყანაში სექსუალური უმცირესობების უფლებები დაცულია. ასევე ხაზს უსვამს, რომ ამ ტიპის მარშით, ახდენენ დისკრიმინაციას საკუთარი თავის. რა შეფასება შეიძლება მივცეთ ამას?

სამარცხვინოა, სხვა შეფასებას ვერ ვპოულობ. ძალიან არასწორი, ძალიან არასახელმწიფოებრივი განცხადებაა, რომელიც არ უწყობს ხელს თანასწორობას ქვეყანაში.

აღკვეთეთ საჯარო სივრცეში ძალადობა – ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს.

ომბუდსმენი უკიდურესად შემაშფოთებლად მიიჩნევს დღეს, 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე და მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან მიმდინარე ძალადობრივ მოვლენებს.

„მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, თუ როგორ ესხმიან თავს ძალადობრივი ჯგუფები „ღირსების მარშის“ მხარდამჭერებს და ჟურნალისტებს. შექმნილი გარემო რეალურ საფრთხეს უქმნის მედიის წარმომადგენლების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას და იწვევს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შეფერხებას.

პასუხისმგებლობის მშვიდობიან დემონსტრანტებზე გადატანით, ისედაც დაძაბული ფონი გაამძაფრა, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებამ, რომელმაც ღირსების მარში სამოქალაქო დაპირისპირების გამომწვევ მიზეზად შეაფასა და აღნიშნა, რომ პრაიდის უკან „რევანშისტული და რადიკალური“ პოლიტიკური ძალები დგანან“ – წერია განცხადებაში.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ შეახსენებს მაღალი თანამდებობის პირებს, რომ მშვიდობიანი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, მათ შორის, კონტრდემონსტრანტების ძალადობრივ ქმედებებზე სამართლებრივი რეაგირების გზით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, სავარაუდო სამართალდამრღვევი პირები საჯარო სივრცეებს დროულად განარიდონ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აღკვეთოს საჯარო სივრცეში მიმდინარე ძალადობა, რაც საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ ფიზიკური თავდასხმების და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე.

საპატრიარქოს მიერ დღეს ორგანიზებულ აქციაზე ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, დააზიანეს მედიასაშუალებების ტექნიკა, დააარბიეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები დღეს „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შეიჭრნენ და ოფისი დაარბიეს. „თბილისი პრაიდის“ წევრების ინფორმაციით, მოძალადეთა შეჭრის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

მიმდინარე უკონტროლო ძალადობის ფონზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“.

მუსლიმი აქტივისტები პოლიციას: უზრუნველყავით ლგბტქ+ ჯგუფის გამოხატვის თავისუფლება

დღეს, 5 ივლისს, თბილისში „ღირსების მარშია“ დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან შეკრებილნი, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, აზიანებენ მედიასაშუალებების ტექნიკას და არბევენ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს.

ჰომოფობიური ჯგუფები შეიჭრნენ „სირცხვილიას“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისში.

მუსლიმი აქტივისტები თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანებიან. მათ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

მუსლიმი აქტივისტები ეხმიანებიან “თბილისი პრაიდის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ემიჯნებიან სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მიერ გაკეთებულ განცხადებას. ჩვენ, ახალგაზრდა მუსლიმი აქტივისტები, ვემიჯნებით სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმათველოს განცხადებას და ვთვლით, რომ მათი აღნიშნული დამოკიდებულება არ გამოხატავს საქართველოს მუსლიმი თემის საერთო პოზიციას და იგი არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური არგუმენტი დისკრიმინაციის და დევნის ლეგიტიმაციისათვის.

მუსლიმი აქტივისტები ვთვლით, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი გარანტი თანაბრად უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვა და შექმნას თანასწორი და სამართლიანი გარემო.

მუსლიმი აქტივისტები:

  • მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს უზრუნველყონ ლგბტქ+ ჯგუფის გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება, რადგან მათი შესაძლო გულგრილობა, პირველ რიგში გააღრმავებს მოსახლეობაში პოლიციისა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ უნდობლობას, ამასთანავე, გამოიწვევს დაპირისპირების წახალისებას.
  • მოსახლეობას მოვუწოდებთ გამოიჩინონ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ პატივისცემა და შეინარჩუნონ მშვიდობა, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, თავი შეიკავონ ისეთ ქმედებისაგან, რომელმაც შესაძლოა დაძაბოს სიტუაცია და გამოიწვიოს დაპირისპირება
  • მოვუწოდებთ რელიგიურ ორგანიზაციებს არ იყვნენ ძალადობისა და დევნის წამახალისებელნი, პირიქით, მათ შეასრულონ მშვიდობის შენებაში პოზიტიური როლი.

განცხადებას ხელს აწერენ: ლუიზა მუთოშვილი, სამირა ბაირამოვა, ელნურ ალისოი, ქამრან მამედლი, მაია რიჟვაძე, ლია დეკანაძე, ლელა დეკანაძე, ნესტან ანანიძე, ზაზა მიქელაძე, ზაურ ხალილოვი, რუსლან ომაროვი, იმრან სულეიმანოვი, რაბილ ისმაილი, სემა სადიკი, აითაჯ ხალილლი, შენაი სადიკი, რაჰიბ სეიდლი, ელდარ ჯავახიძე, ავთანდილ შავაძე, ჰურიე აბაშიძე, რამზან გორგიშვილი, ოქტაი ქაზუმოვი, აიჰან გასანოვი, თოზუ გულმამედლი არის ასკერლი.

___

ჰომოფობების ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით ჟურნალისტების მიმართ გამოირჩევიან. ბოლო ინფორმაციით, მათი  თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, 10 ჟურნალისტი და ოპერატორი გახდა, თუმცა ეს რაოდენობა, შეიძლება შეიცვალოს. დაზიანებულია მათი ტექნიკაც. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, როგორ ეჯახება პირი ჟურნალისტებს მოპედით.

სანამ მედიაზე იძალადებდნენ , ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს “ქართული ოცნების” მოწინააღმდეგეთა კარვები პარლამენტის წინ.

საპატრიარქო: ჩვენი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული

საქართველოს საპატრიარქო „ღირსების მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს განცხადებით მიმართავს და აცხადებს, რომ „დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული”:

„გვინდა, შევახსენოთ ე.წ „მარშის“ გასაპროტესტებლად შეკრებილ ადამიანებს, რომ ჩვენი დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვეწინააღმდეგებით ცოდვას, რომელიც ცალსახად მიუღებელია ქრისტიანული სწავლებისათვის და ვაპროტესტებთ უზნეობის პროპაგანდას, ვლოცულობთ არა მარტო ჩვენს წიაღში მყოფი სულიერი შვილებისთვის, არამედ, უპირველესად, იმ ადამიანებისთვისაც, ვინც საპირისპირო აქციას გეგმავს.

ქრისტიანობა მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისკენ მოგვიწოდებს. გთხოვთ ყველას, თავი შეიკავოთ ნებისმიერი აგრესიული და შეურაცხმყოფელი ქმედებისაგან, მათ შორის, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირებისაგან, რათა ამ ყველაფერმა არ გამოიწვიოს რაიმე ესკალაცია და არ დაზარალდნენ ჩვენივე თანამემამულეები, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებებისა და მრწამსისას, პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.

სამწუხაროდ, საინფორმაციო საშუალებებით ვცრელდება კადრები, რომ დღევანდელი შეკრების დროს მოხდა გარკვეული ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო, მიუღებელი და ყოვლად დაუშვებელია. ამიტომ ვითარების მაქსიმალურად მშვიდობიანად წარმართვისათვის კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, პატივი ვცეთ ერთმანეთს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და გავემიჯნოთ ყოველგვარ აგრესიულ ქმედებას.

უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ადამიანის დაზარალებაც კი საფრთხეს უქნის არა მარტო მას, არამედ აზიანებს მთელ საზოგადოებას და ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სწავლებას“ – წერს საპატრიარქო.

საპატრიარქოს მიერ დღეს ორგანიზებულ აქციაზე ძალადობრივმა, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალისტებს, დააზიანეს მედიასაშუალებების ტექნიკა, დააარბიეს პარლამენტის წინ გაშლილი კარვები.

ძალადობრივი ჯგუფის წევრები დღეს „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შეიჭრნენ და ოფისი დაარბიეს. „თბილისი პრაიდის“ წევრების ინფორმაციით, მოძალადეთა შეჭრის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

მანამდე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულმა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისიც.

ამავე თემაზე:

უგულავა პატრიარქს: „თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ“

დღეს, 5 ივლისს, თბილისში „ღირსების მარშია“ დაგეგმილი, თუმცა ამ დრომდე რუსთაველის გამზირზე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქციაზე ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის წევრები არიან, რომლებიც სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ ჟურნალისტებს, აზიანებენ მედიასაშუალებების ტექნიკას და არბევენ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებს.

ამ დრომდე [13:16] რამდენიმე პოლიტიკოსი ეხმიანება რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს.

„რატოა ასეთი უმოქმედო და უნიათო პოლიცია? დაუშვებელია ასეთი თარეში და რბევა! დაუყოვნებლივ აღსაკვეთია ძალადობა“ – წერს ფეისბუქზე ალეკო ელისაშვილი, „მოქალაქეების“ ლიდერი.

სერგი კაპანაძე, „ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი წერს, რომ თუ სახელმწიფო ძალადობას არ ალაგმავს, სახელმწიფო აღარ გვექნება.

„ხვალ ეს ტროგლოდიტები შეკრებას დაუშლიან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებს, ზეგ ქალებს, მაზეგ პროფკავშირებს, ერთ კვირაში უცხოელებს, მერე სტუდენტებს, მერე რელიგიურ უმცირესობებზე გაილაშქრებენ ქრისტეს სახელით, ამის მერე კიდევ სხვაზე იძალადებენ. ან სახელმწიფო ამ ძალადობას ალაგმავს (ყველამ ვიცით, რომ არ ალაგმავს), ან სახელმწიფო აღარ გვექნება. ასე მარტივად დგას საკითხი,“ – წერს სერგი კაპანაძე.

გიგი უგულავა, „ევროპული საქართველოს“ კიდევ ერი ყოფილი ლიდერი კი მიიჩნევს, რომ ღარიბაშვილმა „ხელები დაიბანა“:

„ღარიბაშვილმა პილატეს მსგავსად ხელები დაიბანა.

პატრიარქმა და მისმა სინედრიონმა რუსთაველი გოლგოთას დაამსგავსეს. დიახ, ყოველი ჩაგრული დღეს იესოა და მთავარი მჩაგვრელი იესოს სახელით მქადაგებელი პატრიარქი, კაიაფა და მისი სინედრიონია. საკუთარი ცოდვის მონანიების ნაცვლად მისი გადაფარვა გადაწყვიტეს. მთელი საპატრიარქო ერთმანეთს უბეში უძვრებით, მხოლოდ იმაზე ჭორაობთ, ვინ ვისთან წევს და ასე უსინდისოდ აგიჟებთ ამ ხალხს. პირდაპირ რუსეთის მეხუთე კოლონა ხართ.

გრცხვენოდეთ, თქვენო უწმინდესობავ. თქვენ იქ იესო არ დაგხვდებათ. თქვენ იქ მხოლოდ სტალინს იხილავთ. ამ ცოდვას თქვენ ღმერთი და შთამომავლობა არასდროს გაპატიებთ.

ზოგჯერ მთხვევის ნაცვლად სახარებასაც თუ წაიკითხავთ მიხვდებით: “რომელმან აღიღოს მახვილი, მახვილითვე წარწყმდეს” “არა არს დაფარულ რომელი არა განცხადდეს” – წერს გიგი უგულავა ფეისბუქზე.

ჰომოფობიური, ძალადობრივი ჯგუფის წევრები დღეს „თბილისი პრაიდის“ ოფისში აივნიდან შეიჭრნენ და ოფისი დაარბიეს. „თბილისი პრაიდოს“ წევრების ინფორმაციით, მოძალადეთა შეჭრის დროს ოფისში არავინ იმყოფებოდა.

მანამდე საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულმა ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისიც.

მიმდინარე უკონტროლო ძალადობის ფონზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღევანდელი მსვლელობა და შეკრება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი და ლოცვისკენ მიმართული“.

შსს მოუწოდებს „თბილისი პრაიდს“, უარი თქვან მარშის გამართვაზე

შს სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ მონაწილეებს მოუწოდებს, უარი თქვან საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე.

„დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის გარდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ლოკაციაზე გარკვეული ჯგუფების მიერ რამდენიმე მასშტაბური შეკრება-მანიფესტაცია არის დაანონსებული, მათ შორის, იგეგმება „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების ჩატარება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განვმარტავთ, რომ „თბილისი პრაიდის“ დასკვნითი ღონისძიების ჩატარება, ღონისძიებაში ჩართული პირების უსაფრთხოებისთვის რისკების შემცველია. რისკების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან, არაერთხელ განემარტათ ღონისძიების ორგანიზატორებს.

კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვუწოდებთ “თბილისი პრაიდის” მონაწილეებს, რუსთაველის გამზირზე, მოწინააღმდეგე ჯგუფების მიერ დაგეგმილი აქციების მასშტაბურობიდან გამომდინარე, უარი თქვან ღია, საჯარო სივრცეში მარშის გამართვაზე“ – წერს შსს.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსთაველის გამზირზე „ცალკეული პირების“ მხრიდან მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, რაზეც დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ ყველა პირს, დაიცვან წესრიგი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ნებისმიერ თემაზე პროტესტი გამოხატონ კანონის ფარგლებში. ასევე მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობრივი მოწოდებები და არ გასცდნენ შეკრებისა და გამოხატვის კანონით დასაშვებ ფარგლებს.

სამართალდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება მკაცრი და მყისიერი რეაგირება,“ – წერს შს სამინისტრო.

დაიცავით ჟურნალისტები საქმიანობაში უკანონო ხელშეშლისგან – მიმართვა შს სამინისტროს

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, „ღირსების მარშის“ გაშუქებისას უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლებისა და მონაწილე პირთა უსაფრთხოება.

დღეს, 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გაიმართოს.

ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ღირსების მარშის გამართვს, თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და რუსთაველის გამზირიდან, მათივე აქციიდან, გააძევეს. ბოლო ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად სულ მცირე 10 ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა, ნაწილს კი აქციის მონაწილეებმა ტექნიკა დაულეწეს. ძალადობრივი ჯგუფების აგრესიის გამო პოლიციამ რამდენიმე ჟურნალისტი ავტომანქანებით გაიყვანა.

კოალიციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2021 წლის პრაიდის დემონსტრაციები ლგბტ თემის პოლიტიკური ადვოკატირების მშვიდობიანი იარაღი და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობაა, რომლის დროსაც თემი აჟღერებს საკუთარ საჭიროებებს, ხაზს უსვამს მიღწევებს, თემის წევრებს და მათ მხარდამჭერებს ეძლევათ შესაძლებლობა ქუჩაში გამოვიდნენ თანასწორობის მისაღწევად.

ღონისძიებების გამართვას კვლავაც უქმნიან საფრთხეს ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებიც საჯაროდ მოუწოდებენ საზოგადოებას ძალადობისკენ და აანონსებენ კონტრაქციას “ღირსების მარშის” მონაწილეთა წინააღმდეგ. გვაქვს მოლოდინი, რომ ჰომოფობიური ჯგუფების აგრესია აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლებსაც შეუქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისათვის” წევრი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობაა. დისკრიმინაციის და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა.

მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს “ღირსების მარშის” მონაწილეთა უსაფრთხოება
  • დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან
  • ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე.

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ მედიას, გამოიჩინოს სიფრთხილე ძალადობრივი ჯგუფების გაშუქებისას და არ შეუწყოს ხელი დისკრიმინაციის წახალისებას”.

Exit mobile version