Batumelebi | „ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა „ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა – Batumelebi
RU | GE  

„ვერ ვიძინებთ, გვეშინია“ – რას ყვებიან ჯოჭოში, სადაც მეწყერმა 5 ადამიანი იმსხვერპლა

„პირველად ჩვენს ოჯახში გეოლოგები 2008 წელს მოვიდნენ და დასკვნაც დაწერეს, რომ აქ ცხოვრება საშიშია. ჩვენ ისევ აქ ვცხოვრობთ…“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. ის ხელვაჩაურში, სოფელ ქვედა ჯოჭოში ცხოვრობს. ეს ის სოფელია, სადაც ორი დღის წინ მეწყერმა სახლი წაიღო. გუშინ მაშველებმა ოთხი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. 14 წლის ბიჭის ცხედარი მხოლოდ დღეს იპოვეს. მიწის უზარმაზარმა მასამ ლევან თედორაძის სახლი რამდენიმე წუთში გაანადგურა.

წუხელ, გვიან ღამით, ამ სოფლიდან და მიმდებარე დასახლებებიდან „ბათუმელებმა“ რამდენიმე პირისგან მიიღო შეტყობინებები. ყველა მათგანი გვწერდა – „ვერ ვიძინებთ, გვეშინია“. ეს ადამიანები ყვებიან, რომ სხვადასხვა დროს აქვთ მიღებული გეოლოგების დასკვნა საშიშროების შესახებ, რომ მათთან არაფერი შეცვლილა და ამ ტრაგედიის შემდეგ განსაკუთრებით საკუთარ სახლში დაძინების ეშინიათ.

„ლევანის სახლი გზის ზემოთ იყო, ჩვენ გზის ქვემოთ ვცხოვრობთ… გზაც დაბზარულია და დაწეული, ისე მოაწყვეს ახალი გზა, რომ სანიაღვრე არხიც არ აქვს. აღარ გვძინავს. არც აქამდე გვეძინა განსაკუთრებით წვიმის დროს, მაგრამ ამ საშინელი ამბის შემდეგ საერთოდ დავკარგეთ მოსვენება,“ – გვიყვება ეთერ თედორაძე. მან გეოლოგების მიერ სხვადასხვა წლებში დაწერილი რამდენიმე დასკვნა მოგვაწოდა, სადაც ხაზგასმით წერია, რომ „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

ორი დღის წინ აქ ლევან თედორაძის სახლი იდგა, სადაც ის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა

ამ საფრთხის მიუხედავად, ხელვაჩაურის მერიას ეთერ თედორაძის ოჯახის უსაფრთხოებისთვის ამ დრომდე არაფერი გაუკეთებია. ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც ჩვენ ეთერ თედორაძემ გვაჩვენა, 2012 წელს არის მომზადებული.

გეოლოგის დასკვნა

„ერთხელ, ისიც სააკაშვილის დროს, ოთხი ტომარა ცემენტი მოგვცეს, სულ ეს იყო,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ეთერ თედორაძის ძმამ, ირაკლი თედორაძემ.

„…ჩემი ძმა სამ არასრულწლოვან შვილს ზრდის მარტო… დედაჩემიც აქაა, ისიც ნერვიულობს, მაგრამ რა ვქნათ?“ – კითხულობს ეთერ თედორაძე. მას ჩვენ ტელეფონით ვესაუბრეთ.

2012 წელს გაცემული გეოლოგიური დასკვნის მიხედვით, აუცილებელია კონკრეტული სამუშაოების ჩატარება სახლის და ეზოს საყრდენი კედლის გასამაგრებლად.

„…ბელეტაჟის ტიპის კაპიტალური საცხოვრებელი სახლის არათანაბარი ჯდომისა და მიწისქვეშა ბიძგების შედეგად მიღებული ჰქონდა დეფორმაცია, საძირკველზე და საყრდენ კედელზე ფიქსირდება სხვადასხვა მიმართულების ბზარები. დაზიანებულია შენობის გვერდზე ეზოს გასწვრივ არსებული საყრდენი კედელი, რომლის ნაწილი გადანგრეულია…. უხვი ატმოსფერული ნალექის მოსვლამ განაპირობა შენობის შემდგომი დეფორმაცია, საყრდენ კედლებზე და საძირკველზე არსებული ბზარები საგრძნობლად გაზრდილია და გაჩენილია ახალი ნაპრალები.

…ზემოთ აღნიშნული სამუშაოები უნდა განხორციელდეს ინჟინერ-კონსტრუქტორის რეკომენდაციების გათვალისწინებით ახლო მომავალში. წინააღმდეგ შემთხვევაში შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს…“ – წერს გეოლოგი ტარიელ ტუსკია.

ახლო მომავალში არა, მაგრამ 2015 წელს ეთერ თედორაძეს ხელვაჩაურის მაშინდელი გამგებლისგან, ნადიმ ვარშანიძისგან პასუხი მიუღია.

გამგებელი, ნადიმ ვარშანიძის პასუხი ოჯახის წერილზე

„ამ ეტაპისთვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობას ბიუჯეტში არ აქვს თანხები გათვალისწინებული მსგავსი ღონისძიებების დასაფინანსებლად. მსგავსი ღონისძიების დაფინანსების შემთხვევაში, თქვენი მოთხოვნა განხილული იქნება,“ – აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს ნადიმ ვარშანიძე აწერს.

მას შემდეგ ნადიმ ვარშანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა. ახლა იგი უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატია „ქართული ოცნებიდან“, თუმცა წლების გასვლის მიუხედავად ამ კონკრეტული მოქალაქეების სიცოცხლის დასაცავად არაფერი გაკეთდა.

2020 წლის ივნისში, როცა ნადიმ ვარშანიძე  ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარე იყო და პანდემიის გამო ბიუჯეტის სეკვესტრს დაუჭირა მხარი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფერდსამაგრი სამუშაოების ჩატარება დაახლოებით 221 ათასი ლარით შემცირდა. მაშინ ოპოზიცია აპროტესტებდა ამ ცვლილებას და იმასაც, რომ სეკვესტრირებული ბიუჯეტის ფონზე ხელვაჩაურის მერიასა და საკრებულოში ახალი ავტომანქანები იყიდეს დაახლოებით 200 ათას ლარად.

ხელვაჩაურის მერიაში არც ახლა აქვთ პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა 2008 წლიდან დღემდე ეთერ თედორაძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფა, როცა არსებობს კონკრეტული გეოლოგის დასკვნა კონკრეტული ჩანაწერით: „შენობა საცხოვრებლად საფრთხეს წარმოადგენს“.

ხელვაჩაურის მერიის პრესცენტრში გვითხრეს, რომ გეოლოგები ხელახლა გადაამოწმებენ ოჯახებს, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონებში ცხოვრობენ და მათ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებს შესთავაზებენ.

„ჩვენ არ ვითხოვთ გასახლებას, ვითხოვთ გამაგრებას სახლის და მესრის, რომ ჩვენც ცოცხლად არ დავიმარხოთ, ან იქნებ ამას ელოდებიან, არ ვიცი…“ – დაასრულა საუბარი „ბათუმელებთან“ ეთერ თედორაძემ.

„ტელევიზორის ჩართვა მეშინია უკვე. აღარ გვძინავს, მარტო მე  კი არა, ყველას გვეშინია, ახლა ყველას სალაპარაკო ეს არის – ქვედა ჯოჭოში მომხდარი საშინელება. არ ვიცით, ჩვენ რა გველის,“ – გვიყვება ზედა ჯოჭოში მცხოვრები ნონა კოკობინაძე. მისი თქმით, მისი ოჯახი და სამეზობლოს სახლებიც შემოწმებული აქვთ გეოლოგებს.

„რამდენიმე ფერდსამაგრი გაკეთდა, მაგრამ საკმარისია? – არ ვიცით. გზები ისე გაფუჭდა, გავლა ჭირს, ამოდით და ნახეთ…“ – ამბობს ნონა კოკობინაძე.

ქვედა ჯოჭოს ტრაგედიის შემდეგ დამეწყრის საფრთხეზე საუბრობენ მახვილაურშიც. აქ მცხოვრებმა გიორგი დუმბაძემ გვითხრა, რომ გუშინ მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი უსაფრთხოების გამო საცხოვრებლად ნათესავთან ბათუმში გადავიდა.

„…სახლი სულ დაბზარულია, სარდაფში წყალი დგება პერიოდულად, აქაც ნებისმიერ დროს შეიძლება წაგვიღოს მეწყერმა და ცოცხლად დაგვმარხოს, არავინ გვაქცევს ყურადღებას,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე. მისი პრობლემის შესახებ „ბათუმელები“ 2019 წლის ოქტომბერშიც წერდა, როცა გიორგიმ ერთკაციანი საპროტესტო აქცია მოაწყო და მშენებარე ავტობანის გვირაბი საკუთარი ავტომანქანით გადაკეტა. გიორგის საცხოვრებელი სახლის შემოწმების შემდეგ გეოლოგებმა დასკვნაში ეს დაწერეს: „საჭიროა გრუნტის, ასევე, სახურავიდან ჩამომავალი წყლების უსაფრთხო მიმართულებით გადაყვანა“.

მაშინ, როცა გიორგი დუმბაძემ საპროტესტო აქცია მოაწყო, გზების დეპარტამენტმა „ბათუმელებთან“ განმარტა, რომ ბზარები სახლში არ უკავშირდებოდა ახალი ავტობანის მშენებლობას, თუმცა სახელმწიფოს არც მაშინ და არც ახლა ექსპერტიზა არ ჩაუტარებია ამის დასადგენად. არც გეოლოგების დასკვნა გაუთვალისწინებია ვინმეს.

გიორგი ახლა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოსაც მიმართოს.

„ადვოკატსაც ვესაუბრე, მითხრა, რომ თუ მოლაპარაკება არ გამოვა, შემდეგ მივმართოთ სასამართლოს… სახლში ახლა მარტო მე და დედაჩემი ვართ. ირგვლივ ახლოს მეზობელიც არ გვყავს. აქ 50-მდე ოჯახი გადაასახლეს ავტობანის გამო, ჩვენ დაგვტოვეს, აღარ არის საჭიროო, მაგრამ ყოველდღიურად ვხედავთ საფრთხეს. ჩემი სახლი გვირაბის თავზეა,“ – ამბობს გიორგი დუმბაძე „ბათუმელებთან“.

ბზარი გიორგი დუმბაძის სახლის კედელზე

გიორგი დუმბაძის სახლის სარდაფი

 

ამ თემაზე:

„ჩვენ მოგვისაჯეს საშიშ ზონაში ცხოვრება“ – ადამიანები ქვედა ჯოჭოდან

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი