არჩევნები,მთავარი,სიახლეები

რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

21.09.2021 • 1341
რას უპირებენ ბათუმის მერობის კანდიდატები ჩაუბარებელ შენობებს

თუ იცით, რამდენი ახალაშენებული შენობაა (რამდენი კვადრატული მეტრი)  ჩაუბარებელი ბათუმში და რას უპირებთ მშენებლობებს, რომლებიც მერიას დღემდე არ აქვს ჩაბარებული? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ბათუმის მერობის სამ კანდიდატს.

  • ირაკლი მიქელაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“

ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ საკმაოდ ბევრი შენობაა ბათუმში. შეიძლება ითქვას აბსოლუტური უმრავლესობა, სამწუხაროდ, ჩაბარებული არ არის. ჩვენი მუნიციპალურ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია და მათ შორის არის ერთ-ერთი ეს, რომელიც საჭიროებს აუცილებელ მოგვარებას. ამისთვის საჭიროა, რომ მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ერთიანი კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემები. ჩვენი გუნდი მზად არის, რომ ამ პრობლემაზე აქტიურად იმუშაოს.

  • გიორგი კირთაძე, ბათუმის მერობის კანდიდატი ოპოზიციური ერთობიდან: 

ციფრები ზუსტად არ ვიცი, ალბათ არაა გასაკვირი. იმ შენობაში როცა ვმუშაობდი [გულისხმობს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდს], მაშინ ყოველთვიურ, ყოველკვირეულ სტატისტიკას ამასთან მიმართებაში ვეცნობოდი. ახლა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არის ძალიან ბევრი.

ჩაუბარებელს თავისი ახსნა აქვს, რატომ არის ჩაუბარებელი. სიცოცხლისათვის საშიში თუ არის, მისი ჩაბარება არის წარმოუდგენელი. უფრო მეტიც, მე ვაპირებ, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი გვქონდეს უკანონო მშენებლობაზე. ზოგადად, ნებართვის გაცემის შემდგომ მშენებლობებზეც. იმიტომ, რომ არ მივიღოთ ის სავალალო შედეგები, რაც გვაქვს. მაშინ, როცა ბათუმში უცებ აღმოაჩენ, რომ აშენდა 8-სართულიანი სახლი, რომელსაც არ აქვს მშენებლობის ნებართვა, მიმაჩნია, რომ ეს არის კატასტროფა. არ შეიძლება მერმა მხოლოდ 8 სართულის აშენების შემდეგ გაიგოს, რომ თურმე უნებართვო მშენებლობა ჰქონია ქალაქში. ცალსახად, აქამდე არ უნდა მივიდეთ.

ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ალბათ ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიღებული. ბევრი მოსაზრება არსებობს ამასთან დაკავშირებით. ვაპირებ, საკრებულოზე ვიმსჯელოთ, მათ შორის იცით, რომ აპრობირებული მეთოდია ლეგალიზების ნაწილი. დამატებით მოსაკრებლის სანაცვლოდ ნებართვების გაცემა და ა.შ. ამ საკითხებზე ვაპირებთ, რომ საკრებულოზე ვიმსჯელოთ. გააჩნია შენობის მდგომარეობას.

  • არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“:

არის რიგი გამოწვევები ამ მიმართულებით და ზედამხედველობის სამსახურს უფრო დეტალური ინფორმაცია ექნება, ვინაიდან ყოველდღიურად ციფრები არის ცვლადი, ნაწილი ექსპლუატაციაში შედის შენობების, ნაწილზე ახალი სანებართვო ისინი, რაც იყო ძველი გაცემული, ახალ სამშენებლო პროცესში შედიან.

კანონიერ შენობებს რაც შეეხება, როდესაც ის აკმაყოფილებს ყველა იმ პარამეტრს და ნორმატივს, რასაც ითვალისწინებს სამშენებლო კოდექსი, ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით იქნება კანონით დადგენილი პროცედურები. ამის შემდგომ შესაბამისი სამსახური, ამ შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია და არქიტექტურის სამსახური მიიღებენ გადაწყვეტილებებს. თუ არის შესაბამისი პროექტი და ვიღებთ ექსპლუატაციაში, დანარჩენ შემთხვევაში გაწერილია მკაფიოდ როგორც სამშენებლო კოდექსში, ასევე რეგლამენტში, ასევე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში რა უნდა მოიმოქმედოს ნებისმიერმა საჯარო უწყებამ, არის თუ არა ჩასაბარებელი ეს პროექტი.

იცით, რომ არაერთგზის, ძალიან ბევრჯერ რეაგირება გაკეთებულა მუნიციპალური ინსპექციის მიერ უკანონოდ აშენებულების შემთხვევაში. ძალიან ბევრი სასამართლო პროცესიც არის, ძალიან ბევრი გადაწყვეტილებაც არის მიღებული და აღსრულების პროცესია დაწყებული და ა.შ. რაც კანონითაა დადგენილი. ბუნებრივია, ცოცხალი ორგანიზმია მუნიციპალიტეტი, შესაბამის ღონისძიებებს განვახორციელებთ. 2*2=4 – ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა.

___

შენიშვნა: კანდიდატებთან ინტერვიუ ჩაწერილია 8, 9 სექტემბერს. 15 სექტემბერს აღმოჩნდა, რომ ბათუმში უკანონოდ 7 კორპუსი შენდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: