ჭყონდიდის ეპარქიაში 10-მდე სასულიერო პირი განკვეთეს.
ამის შესახებ დღეს, 19 სექტემბერს, გახდა ცნობილი, როცა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ამბიონიდან წაიკითხა განჩინება სასულიერო პირების განკვეთის შესახებ.
„სრულიად განიკვეთოს სასულიერო და სამონაზვნო დასიდან და დაყვანილ იქნან ერისკაცობამდე შემდეგი პირები:
ნასყიდა ღუდუშაური, ყოფილი ბერ-დიაკონი პეტრე; მიხეილ მდივანი, ყოფილი მონაზონი ათინოგენი; ტარიელ გვილავა, ყოფილი მონაზონი დანიელი; თამაზ ხულუხია, ყოფილი მონაზონი ამბროსი; ბაჩუკი ხელაია, ყოფილი მონაზონი დავითი; ბათა, ავთანდილ გვილავა, ყოფილი მონაზონი ბასილი; მარკოზ წულაია, ყოფილი მონაზონი მარკოზი.
აეკრძალოთ მათ სამონაზვნო და სხვა საეკლესიო შესამოსლით შემოსვა, აგრეთვე სამონაზვნო ატრიბუტიკის ტარება და გამოყენება.
მათ და მათთან ერთად გაგა ავალიანსა და ჯაბა ცეცხლაძეს აეკრძალოთ ჭყონდიდის ეპარქიის მონასტრებში და სხვა საეკლესიო ნაგებობებში ცხოვრება და საქმიანობა. აგრეთვე საეკლესიო მიწების გამოყენება,“ – განაცხადა სტეფანე კალაიჯიშვილმა საკვირაო ქადაგებისას.
________________________
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება უკვე 2 წელია მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც ეპარქია მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა) დატოვა. მას მღვდელმთავრობა 2019 წლის 31 ოქტომბერს ჩამოართვეს სინოდის სხდომაზე. იმ დღეს სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ ჰომოფობიური ენით განაცხადა, რომ პატრიარქმა, მღვდელმთავრობიდან ეკლესიაში „მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”.
მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) და ჭყონდიდის ეპარქიის დაქვემდებარებაში მყოფი ათეულობით სასულიერო პირი საჯაროდ თუ პირად საუბრებში ჰომოფობიური ენის გამოყენებით ამბობენ, რომ საქართველოს პატრიარქი ჰომოსექსუალია.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ არსებულ ბრალდებებზე საუბრისას სასულიერო პირები ამბობენ, რომ არსებობენ მოწმეები, ვისაც პირადი ისტორიები აქვთ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. მათივე თქმით, ასევე არსებობს კადრები, რომლებიც პატრიარქის პირად ცხოვრებას ასახავს.
მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომელიც ამჟამად ჭყონდიდის ეპარქიის მღვდელთმთავარია, დღევანდელ განკვეთამდე სასულიერო პირებს სხვადასხვა საეკლესიო სასჯელი დაადო – ზოგს ღვთისმსახურება აუკრძალა, ზოგს – ზიარების მიღების უფლება, არქიმანდრიტ ათინოგენს წოდება ჩამოართვა და სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა, გადააყენა მარტვილის დედათა მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა, მოგვიანებით კი მისი სხვა მონასტერში გადაყვანის ბრძანება გამოსცა. მიტროპოლიტი სასულიერო პირებისთვის დასჯას „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის“ მოტივით ხსნის.
ბოლო დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში 14 სექტემბერს მოხდა, როცა სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ეპარქიასთან არსებულ სკოლის შენობაში არ უშვებდნენ.
ვრცლად ამ თემაზე:
მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილმა ბერ-მონაზვნებმა შესაძლოა მსოფლიო საპატრიარქოში იჩივლონ