დადასტურდა კოვიდის 5359 ახალი შემთხვევა, 42 ადამიანი გარდაიცვალა

13 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5359 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 50 939 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

12 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.52%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.90% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.74%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 187 შემთხვევა, აჭარაში – 813, იმერეთში – 698, ქვემო ქართლში – 270, შიდა ქართლში – 307, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 335, კახეთში – 372, მცხეთა-მთიანეთში -148, სამცხე-ჯავახეთში – 102, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35.

13 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 741 353 აცრა. ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია 225 053 ადამიანი.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 813 ახალი შემთხვევა | 13 აგვისტო

13 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 813 ახალი შემთხვევა.

ბოლო მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში 880 პაციენტია, მათგან 19 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

აჭარაში თვითიზოლაციაშია 687 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 1 298.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს.

იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

ლევან ანთაძის აზრით, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ის პრობლემას ხედავს ხელისუფლებაში, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს რეაგირების გეგმის შესაბამისად კი არა, პირადი ნება-სურვილის მიხედვით იღებს.

„რა თქმა უნდა, ეს დაამძიმებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას და კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს… ტრანსპორტის აკრძალვამ შეიძლება რაღაც შედეგი მოგვცეს, თუმცა ძალიან რთული ეპიდვითარებაა და ეს არაა გამოსავალი.

რეალურად შედეგის მომტანი იქნებოდა სრული ლოქდაუნი, თუმცა დაარტყამდა ეკონომიკას და ესეც არ იქნებოდა სწორი. ხელისუფლების ამ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების გამო, რეალურ გამოსავლად რჩება პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია.

ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს რეაგირების გეგმის შესაბამისად. მაგალითად: 1000 შემთხვევაში მოქმედებს ეს რეგულაციები, 5 000 შემთხვევაზე – სხვა რეგულაციები.

ხელისუფლება რეალურად მიჰყვება არა ციფრებს და სტატისტიკას, არამედ ნება-სურვილს და პოლიტიკურ მდგენელს, ანუ რა ჯობს პოლიტიკურად,“ – აღნიშნა ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან“.

ლევან ანთაძე პრემიერთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსაც.

„პრემიერი ამბობს, რომ ვიქეიფე და რა მოხდა მერეო, ჯანდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ ვაქცინაცია თურმე არ არის მთავარი იარაღი, არადა ვაქცინაციაა ზუსტად მთავარი, ყველა დანარჩენი ღონისძიება არის დროებით შემაფერხებელი ღონისძიება,“ – ამბობს ლევან ანთაძე.

მას პოზიტიური მოლოდინი გაუჩინა ვაქცინაციის ბოლო დღეების მაჩვენებლებმა, თუმცა ლევან ანთაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ძირითადად მიზნობრივი ჯგუფების გამო გამოდის დღიურად ვაქცინაციის 24 ათასი შემთხვევა.

„ჩვენ დავკარგეთ ვაქცინაციის დროულად გაკეთების შესაძლებლობა… ახლა მიზნობრივი ჯგუფებზე გასვლით გავდივართ დაახლოებით 24 ათასზე, რაც კარგია, თუმცა ვერც ეს ვერ მოგვცემს მყისიერ ეფექტს, 3-4 კვირაში იქნება ეფექტი, თუ ამ ტემპით გაგრძელდა ვაქცინაცია.

დღეს, პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, სიმართლის თქმა, თუ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვართ ახლა და არა პოლიტიკურად შეფუთული მესიჯების გაჟღერება,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

წიგნს შეუძლია შენი გადარჩენა | ბექა მინდიაშვილი

ავტორი: ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

___

ნინო ცინცაძის გამოწვევას ვპასუხობ. კი, ვადასტურებ, ნამდვილად ეგრეა, – წიგნი ჩემთვის ძვირფასია. ასევე, ერთი სიამოვნებაა ბლოგების გაცნობა წიგნებისა და კითხვის შესახებ, და, რაც მთავარია, მაღალმთიანი აჭარისთვის ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობა. ეს ყოველთვის მაინტერესებდა.

ჩემი სათქმელი უკვე ბევრმა თქვა. ამიტომ სხვა რამესაც დავწერ.

აი, ხშირად დასცინებენ ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე მეზობელს – შინ წიგნები მხოლოდ დეკორაციულ ამბავში აქვსო.  და იყოს დეკორაცია, მერე რა, – მაგალითად, ჩემთვის წიგნების, განსაკუთრებით, ბევრი წიგნის გარემოცვაში ყოფნა სიმშვიდის, როგორც ამბობენ ხოლმე, – კომფორტის ზონაში ყოფნას ნიშნავს.

იქ, სადაც წიგნებია,  კარგად ვგრძნობ თავს.

ეს ბავშვობიდან გადმომყვა, რადგან დედას, ბაღის ასაკიდანვე, მგონი, ყოველკვირეულად წიგნის მაღაზიაში დავყავდი სტუმრად, ერთ წიგნის მაღაზიაში, რადგან იქ დედაჩემის ახლო მეგობრები მუშაობდნენ, რომლებსაც მანდ ხშირი სიარულის გამო დაუმეგობრდა.

მარჯანიშვილის მეტროდან ამოხვიდოდი თუ არა, მარჯვენა მხარეს, ეგრევე წიგნების მაღაზია იწყებოდა: „ხელოვნება,“ – ასე ერქვა; ჩაგრძელებული, დიდი, შემინული, ვიტრინისებური ხის დახლებით, სადაც წიგნები იყო გამოფენილი.

ის, რაც იქ ყველაზე მეტად მიყვარდა, დახლებში შეძრომა იყო: დედაჩემის მეგობრები ამას არ მიშლიდნენ, პირიქით, თვითონაც ხალისობდნენ. გავწვებოდი წიგნებში და  ვიტრინებიდან დანახული გარემო სხვანაირად მოჩანდა. ვითომ წიგნი ვიყავი, – წიგნივით ვაკვირდებოდი მყიდველსა და მკითხველს.

მერე უკვე, რომ იტყვიან, ბიბლიოთეკაში გავიზარდე, რადგან დედამ მალევე საჯაროში დაიწყო მუშაობა და სკოლის შემდეგ, სულ იქ ჩავდიოდი – წიგნის დაკომპლექტების დიდ განყოფილებაში, ანუ იმ ადგილას, სადაც ბიბლიოთეკაში შემოსული წიგნები მიმართულებების მიხედვით ნაწილდებოდა.

წლების განმავლობაში საათობით ვიჯექი „დაკომპლექტებაში“, თითქმის ყველა ახალ წიგნს ვნახულობდი და რამე თუ დამაინტერესებდა, იქვე ვკითხულობდი. ახდენილი ოცნების სამყარო ჩემთვის ეს იყო.

ბიბლიოთეკაში იოლად მივხვდი, რომ წიგნი, თავისთავად, წაუკითხავადაც უმნიშვნელოვანესი ნივთია, რაკი ამხელა და ასეთი სილამაზის სასახლეები ეთმობა მის შეგროვებასა და შენახვას. აქვე გავიცანი არაერთი ბიბლიოფილი, რომლებსაც, კითხვაზე მეტად, თავად წიგნი აინტერესებდათ, სწორედ როგორც ნივთი, – აგროვებდნენ, მაგალითად, ერთი წიგნის სხვადასხვა გამოცემას, – წიგნის კოლექციონერობის ვნებით შეპყრობილები.

თუმცა უკვე სულ სხვაგან აღმოვაჩინე, რომ წიგნს შეუძლია შენი სიცოცხლის დაცვაც, შენი ფიზიკური გადარჩენაც. 90-იან წლებში  ჯარში გამიწვიეს. მაშინ, იქ, იმ აურზაურში ყოფნა ათას ხიფათსა და ფათერაკთან იყო დაკავშირებული,  სმასთან, მუდმივ ჩხუბებთან.

ერთხელ სხვა ნაწილში გადავედით საჩხუბრად თუ აქეთ დაგვადგნენ, – ზუსტად ვერ ვიხსენებ. შუა ჩხუბისას, უცებ, მკვრივი, ყრუ დარტყმა ვიგრძენი გულს ქვემოთ, ფერდში;  კოლექტიურ მუშტი-კრივში ჩართულს, ვიღაც დანას მირტყამდა, მაგრამ უბეში, ზუსტად იმ ადგილას, პატარა წიგნი მედო. ოსიპ მანდელშტამის სქელყდიანმა, რუხმა პატარა ტომმა, რომელიც ამ დანამ დაჭრა,  მე გადამარჩინა. ამიტომ, მაგალითად, უბით წიგნის ტარებას ასეთი, სასიცოცხლოდ გამოსადეგი დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ მეტროში, ან სადმე, დროს გაგაყვანინებს ხოლმე.

კიდევ ათასნაირად შეიძლება გამოგადგეს და გამოიყენო წიგნი, როგორც ნივთი თავისთავად. მაგალითად, ცეცხლი დაანთო. მაგრამ ახლა ეს არ გვინდა.

შეიძლება წიგნი გრძნობადი სიამოვნების წყაროც გახდეს, გარდა გარეგნული იერსახისა, მისმა სურნელებამაც შეიძლება მიგიზიდოს. ფურცლის ხარისხისა და ყდის მიხედვით, წიგნების სურნელება განსხვავებულია. რასაკვირველია, – სიძველისა და ადგილმდებარეობის მიხედვითაც; მშრალ ადგილას სხვა სუნს გამოიმუშავებს, ტენიან ადგილას – სხვას. რაც უფრო ძველია წიგნი, მით უფრო მძაფრია მისი ფურცლიდან დადენილი სუნი. გგონია, მასში, ამ სურნელებაშია წიგნის მთელი დრო და სივრცე მოქცეული და წაუკითხავადაც გიყვება ძველ ამბავს. ეს მგონი ყველას განგვიცდია.

და მაქვს კიდევაც ამ ნიშნით გამორჩეული წიგნები, მაგრამ, მათ შორის ერთი განსაკუთრებულია.

11 წლისას მაჩუქეს ბრიუსელში 1968 წელს დაბეჭდილი ბიბლია, რუსული, სინოდალური თარგმანი – თხელ, დრეკად, რეზინისებურ ჭაობისფერ ყდაში ჩასმული –  გამჭვირვალე, სიფრიფანა ფურცელებიანი პირველი ფორმატის პატარა გამოცემა, ყველგან რომ შეგიძლია თან იქონიო, ისეთი; მაგრამ გარეგნული მიმზიდველობისა და სიუცხოვის გარდა, ამ გამოცემის ფურცლებს უძვირფასესი, სხვებისგან განსხვავებული სუნი ჰქონდა, –  ფიჭვის მერქნისა თუ ძირს დაცვენილი წიწვებისა. აი, აქამდეც არ გასვლია.

ამ სუნის დამსახურებით იყო, თუ სხვა რამის, არ ვიცი,  მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ბრიუსელის ბიბლიას ჩავკირკიტებდი; მის სურნელს დიდ, და იმ დროს აკრძალულ, საიდუმლო სამყაროსთან შეხების განცდაც მოჰქონდა, და ამის შემდეგ, – შინაარსიც, რომელსაც მაინცდამაინც ვერ აღვიქვამდი, ვერ ვიგებდი.

ამიტომ, კარგად მესმის, როცა ამ წიგნს, მოწიწებით კოცნიან და კურთხევისა თუ დალოცვის ნიშნად, თავზეც იდებენ ხოლმე; მესმის, მის გადაშლამდე რომ ლოცულობენ და პირჯვარს ისახავენ – მართლაც საკრალური წიგნია.

ერთხანს მეც ვკოცნიდი, შუბლსაც ვადებდი, გადაშლამდე პირჯვარსაც ვისახავდი, მაგრამ, სიმართლე ითქვას, ამის გაკეთება მაშინ უფრო შეიძლება ღირდეს, როცა საერთოდ არ კითხულობ, ან ვერ იგებ იმას, რასაც კითხულობ… რაც უფრო მეტს კითხულობ, სავარაუდოდ, – უფრო მეტადაც გესმის და უფრო ნაკლებად გიჩნდება წიგნის თავზე დადების სურვილი, რადგან, როგორც ნათქვამია, – მთავარი გაგებაა.

ოღონდ, რანაირად უნდა გაიგო ის, რაც ათასობით წლის წინ და სხვადასხვა ავტორების მიერაა დაწერილი, საერთოდ როგორ უნდა გაიგო რაიმე, რაც სხვამ დაწერა, ან საერთოდ რაიმე როგორ უნდა გაიგო, თუ აშკარად ხვდები, რომ შენი გონება ამისთვის უკმარია.

ამ კითხვაზე პასუხი ისევ და ისევ წიგნშია. მაგალითად, როგორც ცნობილია, ანა კარენინამ მხოლოდ იმის შემდეგ გაიგო წაკითხული, რაც გაიცნო ვრონსკი, ჩაჯდა შინისკენ, თავისი ოჯახისკენ მიმავალ მატარებელში, გადაშალა წიგნი და დაიწყო კითხვა – ანუ, ის აღმოჩნდე რაღაც დაძაბულობის ველში, იმაში, რასაც გამოცდილებას ვუწოდებთ.

პრინციპში, წიგნი მხოლოდ კითხვისა და შემეცნებისთვისაა განკუთვნილი, ეს არის ის, რაც წიგნს ყველაზე უკეთ გამოსდის, რისი სწავლებაც მას კარგად შეუძლია, ოღონდ მხოლოდ თვალითა და გონებით თუ არ კითხულობ.

და ისიც შეიძლება, რომ წიგნს ნაბეჭდი წიგნის ფორმა საერთოდ არ ჰქონდეს, – მაგალითად მაშინ,  თუ აღმოაჩენ, რომ შენც წიგნი ხარ და შენშიცაა რაღაც ისეთი, რასაც უნდა უპასუხო, –  წაიკითხო და გაიგო, თუკი აღმოაჩენ, რომ სამყაროც წიგნია და ყველანი, რაღაც აზრით, წიგნის პერსონაჟები ვართ.

ფრესკებზე იესო ქრისტე ხშირად გადაშლილი, ანუ წასაკითხი წიგნითაა გამოსახული, ხოლო მუსლიმთა ღმერთი საერთოდაც თვითონ ქმნის წიგნს, ყურანს – რომელიც ასე ითარგმნება – „საკითხავი“.

ასე რომ წიგნი, ჩემთვის, საბოლოო ჯამში, ტრანსცენდენტური მოვლენაა: ის გარეთაა და შენამდე არსებობს, მაგრამ  მას შეუძლია ღმერთი, საკუთარი თავი და სამყარო წიგნივით გადაგიშალოს და წაგაკითხოს – აქაც და  მარადისობის პერსპექტივაშიც. იქნებ, ამის გამო იმეორებს ხოლმე ლიოსა თავის ინტერვიუებში, რომ კითხვა არის ის, რაც 5 წლის ასაკში ისწავლა და შემდეგ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

პანკისელი ამინა უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა, ის უფლებადამცველობას აპირებს

18 წლის ამინა ხანგოშვილმა წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა მაღალი ქულებით და 100%-იანი გრანტით.

ამინა პანკისის ხეობის სოფელ დუისიდანაა. მას რეპეტიტორებთან არ უვლია, მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დადიოდა კვირაში ორჯერ. შინ, დამოუკიდებლად მოემზადა სხვა საგნებში და როგორც ამბობს, დამატებითი მეცადინეობებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ინგლისურ ენაში ამინამ მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა აიღო, ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულიდან – 58, ხოლო ქართულ ენაში 70-დან 67 ქულა.

„მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დავდიოდი კვირაში ორჯერ. ისტორიასა და უცხო ენაში ჩემით მოვემზადე. ისტორიაში ერთი სტუდენტი გოგო მეხმარებოდა ხანდახან რჩევებით.

ძირითადად სახლში ვიყავი გამოკეტილი ეს ერთი წელი, რომ კარგად მემეცადინა. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს დუისის სკოლაში და ეს დამეხმარა. 100 %-იანი გრანტი მაქვს“ – ამბობს ამინა.

ამინას უნდა სამართალი შეისწავლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმუშაოს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის გახმაურებული საქმის გამო მიიღო:

„მართალია, როცა სხვადასხვა ხეობაში უსამართლობა ხდებოდა, ვიყავი პატარა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ჩაცხრილეს თემირლანი, კარგად მახსოვს ადამიანები, რომლებიც იდგნენ სამართლიანობის მხარეს. მახსოვს მათი თვალები, ადამიანების თვალები, რომლებიც უბრალოდ ეძებდნენ სამართალს და ვერ იპოვეს.

ამ ადამიანების გამო, თემირლანის მამის გამო, დავით სარალიძის მამის გამო ავირჩიე სამართალი ჩემს მომავალ პროფესიად. მე მჯერა, რომ ეს ადამიანები ერთ დღეს სამართალს იპოვიან. მე მჯერა, რომ ეს დღე დადგება.

მსურს ადამიანის უფლებები დავიცვა. ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებები დაცული იყოს. მინდა ყველგან, სადაც წავალ ჩემი ხეობის წარმომადგენელი ვიყო და სამართლიანობა დავიცვა. ეს ჩემი ყველაზე დიდი მიზანია“.

ამინას ვთხოვეთ, ჩვენთვის ეამბო თავისი და დუისელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

  • „დუისში გოგოებს უფრო სურთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა“ 

„ჩემი კლასელი გოგოების უმრავლესობა აბიტურიენტი იყო და აბარებდა. ბიჭებს დუისიდან ნაკლებად სურთ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. აქ გოგოებს უფრო სურთ ხოლმე ეს.

ბიჭები უფრო სპორტით ინტერესდებიან. გოგოები დუისიდან, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, პროფესიის დაუფლებას მაინც გეგმავენ, აპირებენ კულინარია ისწავლონ მაგალითად, პროფესიულად და ა.შ.

პანკისში ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე მეკითხებიან ხოლმე ხშირად. მართალია საქართველოში სოფლად უფრო ხშირად ქორწინდებიან ნაადრევად, ვიდრე ქალაქში,  მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პანკისში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას ვიდრე საქართველოს სხვა ხეობებსა და სოფლებში.

  • „ჩემს ეკოკლუბს ნიკო კეცხოველის პრემიაც აქვს მიღებული“

ყოველთვის მინდოდა ხეობაში გვქონოდა თავისუფალი სივრცე, სადაც ბევრ რამეზე ვისაუბრებდით და კარგ საქმეებს გავაკეთებდით.

გავხსენით ეკოჰაბი ბუნებისმოყვარე ახალგაზრდებისთვის და ბევრ რამეში მივიღეთ მონაწილეობა. ტყეში გავაშენეთ წაბლი, ხშირად ვასუფთავებთ ნარჩენებისგან ჩვენს ტყეს, შევაკეთეთ სოფლის სასმელი წყლის ავზი. ალაზანზე არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპეციალისტების დახმარებით, ჩავატარეთ კვლევები ასევე პანკისში მიწის ეროზიაზეც. სადაც იყო ეროზიის საშიშროება, იქ დავრგეთ სხვადასხვა, ეროზიის საწინააღმდეგო მცენარე.

რაც თავი მახსოვს, სოციალურ აქტივობებში ვარ ჩართული, ჩემს ეკოკლუბს ნიკო კეცხოველის პრემიაც აქვს მიღებული. ეკოკლუბის ლიდერი ვიყავი.

სეიმის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით, ჩვენს ეკოკლუბს ჰყავდა ხელმძღვანელი აზა ხანგოშვილი, რომელიც ეკოლოგიის საკითხებში ერკვევა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელია. გვეხმარებოდა ყველაფერში, მათ შორის რომელი მცენარე აგვერჩია ეროზიისგან სხვადასხვა ადგილის დასაცავად და ა.შ.

ჩვენს ეკოკლუბს აინტერესებდა ასევე უკონტროლო თევზჭერა რა გავლენას ახდენდა მდინარე ალაზნის მობინადრე თევზებზე, გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე. დაკვირვებებით საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ე.წ. თევზაობის სეზონის დაწყებამდე უამრავი თევზი იყო ალაზანში, სეზონის დასასრულს კი მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ჩვენთვის აღმოჩენა იყო ის ამბავი, რომ ჩვენს მდინარეში გადაშენების პირას მყოფი კალმახიც აღმოვაჩინეთ და გავუშვით.

  • „ბიბლიოთეკაში დეფიციტი იყო ვეფხისტყაოსანიც კი“

მატერიალური თუ სხვა რესურსი არ არის პანკისში, ისე, როგორც ქალაქში. არც განვითარების ისეთი შესაძლებლობაა აქ, როგორც ქალაქში. არც სპორტია დიდად განვითარებული, ერთადერთი ძიუდოში ვარჯიშობენ ბიჭები. ვისაც სხვა სპორტი აინტერესებს ვერ ვითარდებიან: მკლავჭიდი, ფეხბურთი და ა.შ. არც სხვა სახეობებია.

გვაქვს ძალიან მწირი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა. სოფლის ბიბლიოთეკა დუისში არ არის.  იმის გამო, რომ ბევრი წიგნი არ იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, თვალები დამეთხარა ელექტრონული ვერსიების კითხვით.

შეუძლებელია საათობით რომანებს კითხულობდე ეკრანზე განუწყვეტლივ.

დეფიციტი იყო „ვეფხისტყაოსანიც“ კი. ერთი-ორი ბავშვი რომ გაიტანდა სკოლის ბიბლიოთეკიდან „ვეფხისტყაოსანს“, მორჩა, სხვა ვეღარავინ წაიკითხავდა, აღარ იყო გამოსატანად.

„ღვთაებრივი კომედია“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „ჯაყოს ხიზნებიც“ კი ვერ ვიპოვე სკოლის ბიბლიოთეკაში. მართალია, ადრე სკოლის ბიბლიოთეკა ივსებოდა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდების დაინტერესება დიდია და  სკოლის ბიბლიოთეკა ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას.

მქონდა ინტერნეტის პრობლემაც, ძალიან ცუდი ხარისხის ინტერნეტია პანკისში. ონლაინსწავლებისთვისაც ძალიან მოუხერხებელია.

მხოლოდ სკოლაშია ჩვენთან ბიბლიოთეკა და კიდევ რაღაც ცენტრსაც აქვს სოფელში მცირე ბიბლიოთეკა – სულ ესაა, რაც ძალიან ცოტაა. დიდი ბიბლიოთეკა, ახალი წიგნებით, რომელიც სულ ღიაა, მიხვალ და წიგნებს გამოიტან ასეთი არ არის პანკისში. სკოლის ბიბლიოთეკა კი ზაფხულში იკეტება და არაა ხელმისაწვდომი.

ახალი წიგნებიც ძალიან ცოტაა სკოლის ბიბლიოთეკაში, მგონი რაღაც პროექტზე  მუშაობენ და უნდათ შევსება. ახლა კი ძირითადად საბჭოთა ეპოქის წიგნებია ჩვენს ბიბლიოთეკაში.

  • „სწავლის პარალელურად მუშაობას ვაპირებ“ 

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

ბევრი ბიზნესპროექტი მაქვს იდეად, ბევრ სხვადასხვაგვარ პროექტზე მიმუშავია. ვაპირებ სწავლის პირველი თვეებიდანვე ვიმუშაო ჩემი პროფესიით, თუნდაც სტაჟიორად. არ მინდა მე ვსწავლობდე და ქირას მშობლები მიხდიდნენ.

„ვაქცინაციაა ერთადერთი გონივრული გამოსავალი“ – დეკანოზი ზაზა თევზაძე აიცრა

დეკანოზი ზაზა თევზაძე კორონავირუსზე „ფაიზერის“ ვაქცინით აიცრა. დეკანოზმა აცრის დამადასტურებელი ფოტო ფეისბუქზე გამოაქვეყნა.

„მე, მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ზაზა თევზაძე ავიცერი კოვიდ 19 საწინააღმდეგო ვაქცინით, კერძოდ “ფაიზერით” (ჩაიარა მცირე გვერდითი მოვლენებით).

მინდა გვჯეროდეს, რომ რელიგიურობა და მითუმეტეს ქრისტიანული მოძღვრება არ გამორიცხავს კეთილგონიერებას და აღიარებას იმისას, რომ ვაქცინაციაა ერთადერთი ძირითადი გონივრული გამოსავალი ამ გლობალური გაჭირვებიდან თავის დაღწევაში.

იმედს ვიტოვებ, ეს გახდება სტიმულის მიმცემი ადამიანების თუნდაც მცირე ნაწილის გადაწყვეტილებისთვის, დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია და აღასრულონ ღვთის ნება – ხელი შეუწყონ სიცოცხლის შენარჩუნებას ჩვენს პლანეტაზე!“ – წერს დეკანოზი.

დეკანოზი ზაზა თევზაძე ერთ-ერთია იმ ქართველი მართლმადიდებელი სასულიერო პირებიდან, რომლებიც აიცრნენ და ღიად აცხადებენ ამის შესახებ.

კორონავირუსზე მაისში საჯაროდ აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი; COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი, კოვიდზე აიცრა არქიმანდრიტი ილია თოლორაია, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში მსახურობს; „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა დეკანოზი გიორგი ჩაჩავა, ჯერ კიდევ მარტში აიცრა დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

შერჩეული გვაქვს ლოკაციები საველე ჰოსპიტლებისთვის – ტიკარაძე

„გვაქვს შერჩეული ლოკაციები, რომლებიც შეესაბამება საველე ჰოსპიტლების პირობებს და ამასთანავე ვიცით, რომელი ექიმები შეძლებენ დიდი რაოდენობით პაციენტების მართვას“ – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს, აჭარის მთავრობაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, სამინისტროს საველე ჰოსპიტლები კარვის ტიპის არ წარმოუდგენია და მიაჩნიათ, რომ საველე ჰოსპიტლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური კომფორტი და უსაფრთხოება.

მინისტრის თქმით, აჭარაში 200-მდე ექიმი და 300-მდე ექთანია მობილიზებული კოვიდსიტუაციასთან გასამკლავებლად.

როგორც ტიკარაძე ამბობს, ამჟამად საქართველოში კოვიდის 48 ათასამდე აქტიური შემთხვევა იმართება, 38 ათას ინფიცირებულს ოჯახის ექიმები ბინაზე ზედამხედველობენ.

მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ჯამში 8000 საწოლია კოვიდინფიცირებულებისთვის, მათგან 500-მდე საწოლი ამჯერად თავისუფალია, თუმცა, მისივე თქმით, ეს რიცხვი ყოველდღიურად იცვლება.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  დღეს ახალი შეზღუდვების შესახებ გაიგო საზოგადოებამ, რაც გვაიმედებს, რომ აღმავალი ინფექცია დაიძლევა და შევძლებთ მდგომარეობა გავხადოთ სტაბილური“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ამავე თემაზე:

4 ახალი შეზღუდვა, რომლებიც 14 აგვისტოდან შედის ძალაში

4 ახალი შეზღუდვა, რომლებიც 14 აგვისტოდან შედის ძალაში

14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე ქვეყანაში ახალი შეზღუდვები წესდება. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დღეს, 12 აგვისტოს, მიიღო.

სამი კვირით [14 აგვისტოდან-4 სექტემბრამდე] წესდება შემდეგი შეზღუდვები:

  • იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.
  • კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 00:00 საათისა 23:00 საათამდე იქნება დასაშვები.
  • იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობა.
  • სრულიად იზღუდება ფესტივალები, მასობრივი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები, გარდა იმ სპორტული შეჯიბრებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.

მთავრობამ საჯარო და კერძო სექტორს თანამშრომლების მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა.

„საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს” – განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

გარდა ამისა, ძალაში რჩება აქამდე არსებული ყველა შეზღუდვა, მათ შორის პირბადის ტარების ვალდებულება ყველა დახურულ და ხალხმრავალ სივრცეში – მათ შორის ბაზრობებზე, და, ასევე, ღია სივრცეში, სადაც იკრიბება 5-ზე მეტი ადამიანი.

კოვიდზე აცრების პროცესში სამხედრო ექიმები ჩაერთვებიან

ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ჯგუფები – ამის შესახებ დღეს, 12 აგვისტოს, განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

„ვაქცინაციის მაქსიმალურად გაფართოებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, აცრების პროცესში ჩაერთვებიან სამხედრო ექიმებისგან დაკომპლექტებული ბრიგადები; მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვის პირობებში, სახელმწიფო უზრუნველყოფს ძირითად ამცრელ დაწესებულებებთან მოსახლეობის რეგულარულ ტრანსპორტირებას;

ჯანდაცვის უწყება განაგრძობს მუშაობას დამატებითი საწოლების მობილიზების მიმართულებით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

რესტორნები და კაფე-ბარები მხოლოდ 23:00 საათამდე იმუშავებენ – ახალი შეზღუდვა

კვების ობიექტების, რესტორნებისა და კაფე-ბარების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო დღეს, 12 აგვისტოს, საკოორდინაციო საბჭომ.

„უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, კვების ობიექტების მუშაობა, ნაცვლად ღამის 00:00 საათისა, დასაშვები იქნება 23:00 საათამდე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა.

აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 3 კვირით, 2021 წლის 4 სექტემბრამდე.

მაქსიმალურად გადაიყვანეთ თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე – მთავრობა

„საჯარო უწყებებს ეძლევათ დავალება, მაქსიმალურად გადაიყვანონ თანამშრომლები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე და ანალოგიური რეკომენდაციით მივმართავთ კერძო სექტორს“ – განაცხადა დღეს, 12 აგვისტოს გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა. 

საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ბოლო კვირებია საქართველოში კორონავირუსის ახალი დღიური შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო სამი დღეა საქართველოში კოვიდის დღეში 5 ათასზე მეტი შემთხვევაა.

ამავე თემაზე: 

4 ახალი შეზღუდვა, რომლებიც 14 აგვისტოდან შედის ძალაში

14 აგვისტოდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე იზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ დღეს, 12 აგვისტოს გახდა ცნობილი.

შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტს.

ასევე სრულად იზღუდება ფესტივალები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები, გარდა იმ ღონისძიებებისა, რომლებიც იმართება საერთაშორისო ეგიდით.

ბოლო კვირებია საქართველოში კორონავირუსის ახალი დღიური შემთხვევებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. ბოლო სამი დღეა საქართველოში კოვიდის დღეში 5 ათასზე მეტი ახალი შემთხვევაა.

ამავე თემაზე: 

4 ახალი შეზღუდვა, რომლებიც 14 აგვისტოდან შედის ძალაში

რა შემთხვევაში არ დაექვემდებარება ვაქცინის 1 დოზით შემოსული უცხოელი კარანტინს

საქართველოში საჰაერო გზით ჩამოსული უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც ნებისმიერი ვაქცინის 1 დოზა აქვს გაკეთებული, ქვეყანაში შემოსვლისას არ ექვემდებარება კარანტინს იმ შემთხვევაში, თუ მას კოვიდინფექცია გადატანილი აქვს ბოლო 100 დღის პერიოდში.

ამასთან, COVID-ინფექციის გადატანა დადასტურებული უნდა იყოს PCR დადებითი ტესტით, ვაქცინა კი უნდა იყოს ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული.

ამ შემთხვევაში დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა აცრიდან გასული უნდა იყოს არანაკლებ 14 დღე.

ამ დრომდე სავალდებულო კარანტინისგან საჰაერო გზით ჩამოსული ის მოქალაქეები თავისუფლდებოდნენ, რომლებსაც ვაქცინის ორი დოზა [johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში კი ერთი დოზა] ჰქონდათ გაკეთებული.

სახმელეთო და საზღვაო გზით ქვეყანაში ვაქცინის 1 დოზით შემოსულმა უცხოელმა კი, სავალდებულო კარანტინი რომ არ გაიაროს, ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად, საზღვარზე საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხიც უნდა წარადგინოს.

ძალაში კვლავ რჩება ერთი გამონაკლისი – „ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი პირი [მოქალაქეობისა და ვაქცინაციის  ქონის მიუხედავად], ასევე პირები, რომლებსაც აქვთ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, ექვემდებარებიან საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენას საზღვარზე და შემდგომ − სავალდებულო 14-დღიან კარანტინს [უცხოელის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით]“.

შეიცვალა უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტების საქართველოში შემოსვლის პროცედურებიც:

ისინი „საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის [ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში − ერთი დოზა] დამადასტურებელ დოკუმენტს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც ბოლო 100 დღის პერიოდში გადატანილი აქვთ COVID-ინფექცია [დადასტურებული პჯრ დადებითი ტესტით], ჯანმოს მიერ გადაუდებელი ავტორიზაციამინიჭებული ნებისმიერი ვაქცინის ერთი დოზით [დაინფიცირებისა და აცრის თანმიმდევრობას არ აქვს მნიშვნელობა; აცრიდან გასულია 14 დღე] ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი უცხოელი სტუდენტები [მიუხედავად მოქალაქეობისა და ვაქცინაციის ჩატარებისა] კი, დამატებით წარადგენენ საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.“

გადაწყვეტილება – რომ ქვეყანაში შემოსვლისას პირებზე, რომლებსაც გადატანილი აქვთ COVID-19 და არიან ერთჯერადად ვაქცინირებულები, საზღვრის კვეთისას გავრცელდება იგივე რეგულაცია, რაც 2 დოზით აცრილ პირებზე – მთავრობამ 2021 წლის 9 აგვისტოს მიიღო.

ამავე თემაზე:

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობას სამომავლოდაც განიხილავს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რაკეშ ნაიკმა და სოციალური გუნდის ხელმძღვანელმა, ნინო დიასამიძემ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორთან, ირაკლი არჩაიასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. 

კომპანიამ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ  2016 წლიდან დაიწყო. ,,აჭარისწყალი ჯორჯიამ’’ გოდერძის ბოტანიკური ბაღის მშენებლობა და განითარება 100 000 დოლარით დააფინანსა.  გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის პროექტი დაიწყო მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამების ფარგლებში, რომელიც  მერსი ქორსი საქართველომ განახორციელა. 

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის მფლობელია. კომპანია ლიდერია ენერგო სექტორში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით.  შუახევი ჰესის პროექტის ფარგლებში 100-ზე მეტი სოციალური პროექტი განახორციელდა, რომელთა მიზანიც რეგიონის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაა. 

ხვალ საღამოდან მოსალოდნელია წვიმა, ზოგან სეტყვა – გაფრთხილება ამინდის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13 აგვისტოს დღის ბოლოდან 15 აგვისტოს დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და  ელვა-ჭექა, ზოგან – ძლიერი.

შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3-ბალიანი ღელვაა მოსალოდნელი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“ – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

ქობულეთში საფლავები გაქურდეს

ქობულეთში საფლავები გაქურდეს. წაღებულია საფლავის რკინის მოაჯირები.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტები ადრეც ყოფილა და მერია ორ ვარიანტს განიხილავს ამ საკითხის მოსაგვარებლად.

„ერთი ვარიანტი არის, რომ მუნიციპალიტეტმა შექმნას სტრუქტურული ერთეული, დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც თავიდან ბოლომდე აიღებს მართვაში ამ საკითხს და საორგანიზაციო საკითხებს მთლიანად მოაგვარებს. ეს იქნება იურიდიული პირი ა(ა)იპ-ი ან შპს და ამაზე ჩამოვყალიბდებით. თუმცა ეს მოითხოვს საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებს.

თქვენ იცით გასული წელი როგორი მძიმე წელი იყო და მიმდინარე წელიც პანდემიისგან გამომდინარე საკმაოდ გამოწვევებით არის სავსე, შესაბამისად ეს გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, თუმცა აქტიურად დგას ეს საკითხი დღის წესრიგში.

მეორე ვარიანტია ეს საკითხი სარგებლობით გადაეცეს კერძო პირებს, კანონმდებლობის სრული დაცვით, კონკურენტულ გარემოში.

თუ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, გამოცხადდება აუქციონი და მოხდება სარგებლობით გადაცემა ამ ტერიტორიის,“ – წერილობით გაავრცელა კომენტარი ქობულეთის მერიამ.

შს სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ინფორმაციას, დაწყებულია თუ არა გამოძიება, მოკლე ხანში მოგვაწვდიან.

ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს: „ფაიზერის ორივე დოზით აიცერით“

დამძიმებული ეპიდემიური ვითარების ფონზე ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ორსულებს ურჩევს „ფაიზერით“ აიცრან:

„ფაიზერი გამოიყენება როგორც ორსულობის, ასევე მეძუძურობის დროს. საერთოდ ვიტყოდი, რომ ვინც აპირებს ოჯახის დაგეგმვას, წინასწარ ჯობს, რომ აცრა ჰქონდეს მოთავებული, სანამ ორსულობა დადგება.

თუ უკვე ორსულია და ვერ მოხდა ამის გათვალისწინება, ორსული მიეკუთვნება ძალიან ძლიერ რისკფაქტორს.

რამდენიმე ათეული ორსული კრიტიკულ დეპარტამენტში წევს. ამიტომ ყველას ძალიან ვთხოვ, რომ ორსულმა აუცილებლად, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას,  სრულიად უსაფრთხოა ორსულისთვის, ფაიზერის ორივე დოზით უნდა ჩაიტაროს ვაქცინაცია, ამით დაცული იქნება დედაც და ნაყოფიც,“ – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/558914/

იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრის გაჩენის რისკი – საგანგებო

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს მასშტაბით, შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად ნუ დაანაგვიანებთ გარემოს.

დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

ბათუმში, თბილისში, ქუთაისსა და ბოლნისში 20 პირი დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით 20 პირი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 1969 წელს დაბადებული მ.ჭ., 1976 წელს დაბადებული ჯ.ხ., 1988 წელს დაბადებულ გ.გ., 1981 წელს დაბადებული ს.ს., 1996 წელს დაბადებული გ. კ., 1957 წელს დაბადებული ბ.ა., 1965 წელს დაბადებული ჯ.ი., 1993 წელს დაბადებული ლ.გ. 2001 წელს დაბადებული ვ.მ. 1956 წელს დაბადებული ი.ხ. 1961 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული ფ.გ., 1966 წელს დაბადებული ხ.ა., 1983 წელს დაბადებულ ე.ლ., 1980 წელს დაბადებული რ.კ., 1987 წელს დაბადებული ჯ.ა. და 1972 წელს დაბადებული ბ.მ., ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები: 1989 წელს დაბადებულ ე.გ., 1990 წელს დაბადებულ ი.კ. და 1990 წელს დაბადებული ჯ.მ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ.

სამართალდამცველებმა მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

პოლიციის მიერ ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 1 ლიტრი და 952 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი სითხე, 50 გრამი „ამფეტამინის“ შემცველი ფხვნილი, 15 გრამამდე „მდმა“-ს შემცველი ნივთიერება და 200 გრამამდე „კოკაინის“ შემცველი ნივთიერება“ – აცხადებს შსს.

ქვემო ქართლის პოლიციამ, ბრალდებული ჯ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. აჭარის პოლიციამ კი, ბრალდებული ბ.მ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 50 აბი.

შსს-ს ცნობით, იმერეთის პოლიციის მიერ ერთ-ერთი დაკავებულის – რ.კ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონოდ შეძენილი, „STALKER 2918-UK“-ის მოდელის პისტოლეტი.

ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თურქეთში წყალდიდობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

ჩრდილოეთ თურქეთში, შავიზღვისპირა რეგიონში, კასთამონუს პროვინციაში, 4 ადამიანი დაიღუპა წყალდიდობის შედეგად – ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურზე დაყრდნობით.

ასევე, ბართინის პროვინციაში გრძელდება წყალდიდობის შედეგად დაკარგული ადამიანის ძიება.

7-11 აგვისტომდე ძლიერმა წვიმამ თურქეთში, ბართინის, კასტამონუსა და სინოპის პროვინციებში ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია.

თურქული მედიის ცნობით, წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მოქმედებს კატასტროფების საკოორდინაციო ცენტრები.


___________

ფოტოზე: კასთამონუს რეგიონი, 11 აგვისტო. უპილოტო საფრენი აპარატის მიერ გადაღებული ფოტო. ევროპის პრესფოტო სააგენტო/EPA

ბათუმში 2 სარიტუალო დარბაზი დალუქეს

პოლიციამ ბათუმში 11 აგვისტოს ორი სარიტუალო დარბაზი – „ერა“ და „დავითი“ დალუქა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.

„სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა,“ – წერს შსს.

10 აგვისტოს აჭარაში 10 ფიზიკური და იურიდიული პირი დააჯარიმეს კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, მათგან 2-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა.

9 აგვისტოდან ისეთი ხალხმრავალი შეკრებები, როგორიცაა ქორწილი და ქელეხი, ასევე, მსგავსი ტიპის სხვა ხალხმრავალი ღონისძიებები, აიკრძალა.

სარიტუალო დარბაზი, რომელიც მსგავს ღონისძიებას ჩაატარებს, 10 000 ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი ობიექტს დალუქავენ.

ამავე თემაზე: 

ბათუმში ქორწილებს აკრძალვის მიუხედავად მაინც მართავენ | ფოტო

 

მარადიდში მოქალაქეს მიწას ჩამოართმევენ – ექსპროპრიაცია „კირნათი ჰესის“ გამო

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ბრძანებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში მცხოვრებ ილია დიდმანიძის კერძო საკუთრება ექსპროპრიაციას დაექვემდებარა. საუბარია 5 მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობი 3 236 კვადრატული მეტრი და 2 შენობა-ნაგებობაზე.

ექსპროპრიაციის უფლება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიეცა.

მინისტრის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ „სააგენტოს მიერ, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ფარგლებში მოქცეული მესაკუთრე ილია დიდმანიძის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვასთან დაკავშირებით… დასახელებული გარემოება კი, შეუძლებელს ხდის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის დასრულებას.“

დოკუმენტის მიხედვით, „კირნათი ჰესი მშენებლობის პროექტი ჩაითვალა აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად, ჰესის სრულად ამოქმედების შემდეგ კი, აღნიშნული ნაკვეთები წყლით დაიფარება.

მინისტრის ბრძანების მიხედვით, დღეის მდგომარეობით, როგორც სახელმწიფოსაგან, ისე კერძო მესაკუთრეებისაგან შესყიდულია დაახლოებით 233 მიწის ნაკვეთი და „კირნათი ჰესის“ ექსპლუატაციაში გასაშვებად აუცილებელია პროექტის არეალში მოქცეული, დარჩენილი მიწის ნაკვეთების გამოსყიდვა:

„მემორანდუმის თანახმად, საქართველოს მთავრობა ვალდებულია, აუცილებლობის შემთხვევაში, კომპანიას აღმოუჩინოს მხარდაჭერა ელექტროსადგურებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცესში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“.

ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში ასევე აღნიშნულია:

„2011 წლის 1-ელ ივლისს, საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარ ენერჯი 2007“-ს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის (შემდგომში – მემორანდუმი) თანახმად, კომპანიას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ტერიტორიაზე უნდა უზრუნველეყო ჰიდროელექტროსადგურების – „კირნათისა“ და „ხელვაჩაური 1“-ის მშენებლობა. ამასთან, „ხელვაჩაური 1 ჰესი“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს „კირნათი ჰესის“ პროექტის დასრულება.

პროექტი, მისი მასშტაბი და ინვესტიციის მოცულობა მნიშვნელოვანია რეგიონისა და ქვეყნისთვის. იგი პოზიტიურ სოციალურ-ეკონომიკურ გავლენას იქონიებს რეგიონზე და წარმოადგენს საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტს შემდეგი გარემოებების გამო:

„ჰესების“ საერთო სიმძლავრე მიაღწევს – 98.731 მეგავატს. საქართველოს მთავრობასთან დადებული მემორანდუმის შესაბამისად, კომერციული ოპერირების თარიღიდან ათ წლიან პერიოდში და წლიურად 8 თვის განმავლობაში [იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი] გამომუშავებული ელექტროენერგია განკუთვნილი იქნება საქართველოს შიდა მოხმარებისათვის

პროექტის განხორციელებაში ამჟამად დასაქმებულია 125 თანამშრომელი, აქედან 97 საქართველოს მოქალაქეა. ასევე პროექტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოხდება საქართველოს მოქალაქეების მუდმივად დასაქმება“.

_______________________________

მთავარი ფოტო: სოფელი მარადიდი / „ბათუმელების“ არქივიდან

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 12 აგვისტოს 21 საათიდან 13 აგვისტოს 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი
  • ღამით: 18 – 23 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 17 – 22 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +28 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 14-15 აგვისტოს, ბათუმში და  აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.

ბათუმში 300 კილომდე ხორცი და თევზი დალუქეს – დარღვევა 42 ობიექტში გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აჭარაში სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა ივლისის თვეში სახელმწიფო კონტროლი ჩაატარეს 95 ობიექტში, მათ შორისაა 16 საშაურმე, 26 საცხობი, 19 საკონდიტრო და 34 ხორცისა და თევზის სარეალიზაციო ობიექტი.

სააგენტოს ცნობით, შემოწმებისას სხვადასხვა სახის დარღვევა გამოვლინდა 42 ობიექტში, კერძოდ, 11 – ხორცისა და თევზის რეალიზაციისას (დაილუქა 217კგ-მდე ხორცი, 1.5 კგ. კუპატი, 53 კგ. თევზი), 8 საშაურმეში, 13 საცხობსა და 10 საკონდიტროში.

დაჯარიმებულებს შორის არის ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე „იალჩინმარკეტი“, სადაც დაილუქა 53 კგ თევზი; „ქართული სახლი” ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც დაილუქა 102 კგ ხორცი; შპს შპს “ანტრიკოტი” გრიბოედოვის ქუჩაზე, სადაც დაილუქა 50 კგ ახალი ხორცი; ხორცის რეალიზატორი ი.მ. ტბელ-აბუსერიძის ქუჩაზე, სადაც 150 კგ ვადაგასული ხორცი დაილუქა.

სხვადასხვა თანხით დაჯარიმდნენ ბიზნესოპერატორები.

დადასტურდა კოვიდის 5128 ახალი შემთხვევა, 49 ადამიანი გარდაიცვალა

12 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 5128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 49 189 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

11 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.43%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.63% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.52%.

5 128 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2 236 შემთხვევა, აჭარაში – 811, იმერეთში – 537, ქვემო ქართლში – 246შიდა ქართლში – 280, გურიაში – 106სამეგრელო – ზემო სვანეთში – 287, კახეთში – 398მცხეთა-მთიანეთში -101, სამცხე-ჯავახეთში – 102, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 24.

აჭარაში დადასტურდა კოვიდის 811 ახალი შემთხვევა | 12 აგვისტო

12 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა.

აჭარის კოვიდკლინიკებში 898 პაციენტია, მათგან 22 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი

რეგულაციების უგულებელყოფა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პროცესის მიმართ – ამ ყველაფერმა ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მიგვიყვანა ისეთ ვითარებამდე, როცა ჯანდაცვის სისტემა რესურსის ამოწურვასა და საველე ჰოსპიტალების საჭიროებაზე ალაპარაკდა. ექიმის თქმით, „პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ამის წინაშე არ დგება არც ერთი ქვეყანა“.

  • ბატონო ბიძინა, 900-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს უკვე მხოლოდ რეგიონში, საველე ჰოსპიტალი ახსენა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მინდა აგვიხსნათ, თქვენი აზრით, რა იქნება ხვალ, ზეგ?

რა იქნება ხვალ, ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, გვყავს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან ბევრი, რომლის მსგავსი საქართველოში პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან არ ყოფილა, ამდენი აქტიური შემთხვევა არ ყოფილა. ჰოსპიტალურ სექტორში დათვლილია რამდენია საწოლების რაოდენობა, ეს ყველაფერი ულიმიტო ხომ არ არის? – 8000 საწოლი გვაქვს, როგორც სახელმწიფო ამბობს. როგორც კი ჰოსპიტალში განსათავსებელი ადამიანების რაოდენობა 8000-იან ნიშნულს მიაღწევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დამატებითი რესურსების მოძიებაა საჭირო.

საწოლები ასევე ონკოლოგიურ პაციენტებს, ფსიქიატრიულს, ტუბერკულოზით დაავადებულებს სჭირდებათ, მათ ხომ ვერ წავართმევთ და კლინიკებიდან ვერ გამოვიყვანთ? ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი დამატებითი მობილიზებაა – თუ ახალ ადგილებს დაამატებ და, ასე ვთქვათ, გაშლი საველე პირობებში.

რაიმე სხვა რესურსი ქვეყანაში არ არის. გვაქვს ამდენი საწოლი, გვყავს ამდენი პაციენტი და ულიმიტო არ არის ეს ყველაფერი, ამოწურვადია. ამასთან ძალიან ახლოს ვართ მისული. 7000-ზე ცოტა მეტი ინფიცირებულია ახლა ჰოსპიტალში, სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს რა დარჩა.

  • იტალიის ვითარება ახსენეს დღეს არაერთხელ, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვალების სტატისტიკით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოქალაქეების ბრალი თუ სისტემისაც, რომელიც კოვიდრეგულაციებს, ფაქტობრივად, აღარ მართავს?

ბუნებრივია, დიახ.

დრამატული სიტუაციაა. ჩვენ შეიძლება ტელევიზიით გვესმოდა, რომ ქვეყნებს სჭირდებოდათ არჩევანის გაკეთება ვინ გადაეყვანათ, ჩვენი კრიტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ცერცვაძე სულ ამას ამბობდა, რომ შვედეთში რაღაც ასაკის ზემოთ არ გადაჰყავდათ პაციენტები, იმიტომ, რომ მათი გადარჩენის შანსი ნაკლები იყო. აი, ამის რისკის წინაშე დავდექით ახლა ჩვენ.

ყველაზე მაგრად ვმართავდით კოვიდს, ახლა კი რისკია, რომ არჩევანი დაგვჭირდეს – ვისაც გადარჩენის შანსი აქვს, ის მიიყვანონ კლინიკაში, ვისაც ვერ მოერევა ან მაინც უპერსპექტივოა – სახლში დატოვონ. ეს არის სამწუხარო რეალობა, ამის წინაშე პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის მერე უკვე არც ერთი ქვეყანა არ დგება.

რასაკვირველია, მოსახლეობის თვითშეგნებაზე ბევრი აქცენტია გასაკეთებელი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ რეგულაციები იყოს გეგმაზომიერი.

ჩემი სიცოცხლე თუ მე მეკუთვნის, მაშინ ღვედს არ გავიკეთებ, რატომ მაიძულებს პატრული, რომ ღვედი ვატარო, ვინმეს ვუშავებ ამით რამეს? – ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, ადამიანები თუ ვერ ხვდებიან, უნდა მიახვედრო, ქვეყანა ამისთვის გვჭირდება და სახელმწიფო სტრუქტურები.

  • ეპიდემიოლოგები განმარტავდნენ, რომ დელტა შტამის შემთხვევაში საქმე იქნებოდა რთულად. თუმცა ვითარება არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო პროგნოზი. ეს რამ განაპირობა?

ვერ გეტყვით რა მოხდა, როგორ, რანაირად. ამის ღრმა ანალიზი არ ვიცი, დრო სჭირდება ალბათ. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ არც ადამიანები, მოსახლეობის დიდი ნაწილი და არც სახელმწიფო. ორივე მხარის უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

მარტო აღმოვჩნდით ექიმები, ეპიდემიოლოგები, რომლებიც ვამბობდით, რომ ქვეყანაში, სადაც 3 პროცენტიც არ გყავს აცრილი, როგორ შეიძლება ყველა რეგულაცია მოხსნა, ვის ხუშტურზე დადიხართ? – 11 საათის შემდეგ გადაადგილება… სად დადის ეს ხალხი სტუმრად მაინტერესებს. ასეთი აღშფოთება  გვქონდა ჩვენ.

ეპიდემიოლოგების უდიდესი ნაწილი ამას იზიარებს – სანამ აცრილი არ არის მოსახლეობის 30 პროცენტი, რეგულაციას არ უნდა შეეხო.

დავდექით ამის წინაშე: აუცრელობა, დელტა ვარიანტი და რეგულაციების მოშლა. ეს ვირუსი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე.

  • ვარაუდობდით, რომ უფრო რთულ შტამთან გვქონდა საქმე, თუმცა პრევენციისთვის გაკეთდა ბევრად ნაკლები, ფაქტობრივად რეგულაციები არ გვქონია და რაც გვქონდა, არ მუშაობდა.  რატომ ვერ დაარწმუნეთ ხელისუფლება, რომ კოვიდი უფრო მკაცრად უნდა ემართა?

მე იმუნიზაციის საბჭოს წევრი ვარ. ხელისუფლების დაჯერების და აზრთა ჭიდილის საკითხი ეს  ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმეა. მე ასე მგონია, ჩვენ გარე პირებს რა გვესაქმებოდა. ჩვენ ვიძლევით ექსპერტულ შეფასებებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ინფორმაციას ვუზიარებთ საჯარო სივრცეში, ციფრული მედია იქნება თუ ტელევიზია და რადიო.  ოფიციალურ სტრუქტურებთან არ ვსხედვართ ექსპერტები.

იმუნიზაციის საბჭო იკრიბება მხოლოდ ვაქცინაციის თემებზე, რომ გადავწყვიტოთ ჯერადობა რამდენი იყოს, რომელი ვაქცინა რა ასაკიდან გამოვიყენოთ, ჩვენ ეს საკითხები გვაქვს. შეზღუდვები ჩვენი სფერო არ არის.

თუმცა ექსპერტებს გაფართოებულად  გახარია გვხვდებოდა – 3-4-ჯერ შეგვხდა.  როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ექიმების აზრს ისმენდა. ყველას სათითაოდ გვაძლევდა სიტყვას. ეს ახალი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა.

  • ქვეყანა ისევ იმავე ეპიდემიოლოგებს ეყრდნობა, შეიცვალა პრემიერი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს შორის ჩანს აცდენა. ამან რამდენად დააზარალა ქვეყანა?

დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თუმცა, რასაკვირველია, მეორე მხარესაც არსებობს დიდი არგუმენტი, მე პოლიტიკოსი ხომ არა ვარ.

  • ეკონომიკას გულისხმობთ?

ეკონომიკა და მორალური პასუხისმგებლობის შემსუბუქება ხელისუფლების. გეუბნება 3 მილიონი ვაქცინა მაქვს შემოტანილიო და არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დაძალება, გიცავს სიცოცხლეს, გიცავს საავადმყოფოში მოხვედრისგან, მიბრძანდი და აიცერი.

რეგიონების უდიდეს ნაწილში კანტიკუნტად დადის ხალხი აცრაზე. ბუნებრივია, მეტი იყო გასაკეთებელი – არ ყოფნის ერთი და ორი ადამიანის ჩართულობა. მთელი სახელმწიფო მანქანა უნდა მოიმართოს.

რა თქმა უნდა, იძულებაზე და ვალდებულებაზე ვერ გადავალთ. როგორც, ღვედის შემთხვევაში, თუ არ აიცრის, ჯარიმას ხომ ვერ გადავახდევინებთ ადამიანებს. მუშაობა კი ძალიან ბევრია საჭირო.

  • მახსოვს, გქონდათ მოლოდინი, რომ იმუშავებდა მინიმუმ ორი ფაქტორი, ერთი ეს იყო იმუნიტეტი იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი და მეორე – ვაქცინაცია. ვარაუდობდით, რომ 2000-ს არ გადავცდებოდით დღეში. ბატონო ბიძინა, პირდაპირ რომ გვითხრათ, რა გავაკეთეთ არასწორად? 

დაბალი იმუნიზაციის მაჩვენებელი, მოსახლეობისგან რეგულაციების საერთოდ უგულებელყოფა და ვალდებულებითი ნაწილის აღსრულებაში სრული მოდუნება. აი, ეს გავაკეთეთ.

მოსახლეობას ვეტყოდი, რომ ერთადერთი ჩვენი ხსნა და გადარჩენა, დღესვე რომ გამოაცხადოს სახელმწიფომ სრული ლოქდაუნი, როგორიც იყო 2020 წლის გაზაფხულზე… მაინც ყველამ უნდა იცოდეს, როცა დღეში 5000 ადამიანი გყავს ანალიზით დადასტურებული, ეს ნიშნავს, რომ 10-12 ათასია რეალური პაციენტი. თითოეული 7-8 ადამიანს აინფიცირებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ, ამას გამოავლენს ერთადერთი – თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი ავა 95-პროცენტზე შენობის შიგნით და შენობის გარეთაც. ამას თუ დაიცავს მოსახლეობა და სამედიცინო წესების დაცვით გამოიყენებს… ერთადერთ ხსნას ვხედავ ამაში.

რა თქმა უნდა, ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინას დღეს რომ გაიკეთებს ადამიანი, ხოლო 3 კვირის შემდეგ მეორე დოზას, მეორე დოზიდან 2 კვირაში აქვს იმუნიტეტი. დღეს აცრილი ადამიანი სექტემბერში იქნება დაცული, ამიტომ დღეს იმუნიზაცია დიდად ვერ გვადგება ეპიდემიის ტრაექტორიის შეცვლამდე.

ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

„ჩვენ ვთხოვთ მოქალაქეებს, სოციალური შეკრებებისაგან, ამ ჯგუფური თავყრილობებისაგან მაქსიმალურად დავიცვათ თავი გარკვეული პერიოდი, ეს არის ძალიან დიდი თხოვნა“ – განაცხადა დღეს, 11 აგვისტოს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.

მინისტრის თქმით, ამ დროისთვის არსებული, უკვე რეკორდული მაჩვენებლებიც კი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია სოციალურ შეკრებებზე უარის თქმა.

„ჩვენ ამ სიტუაციაში შესაძლოა ვიყოთ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს სტაბილური დონეც რომ შევინარჩუნოთ, ამისათვის არის აუცილებელი, რომ ყველამ დაიცვას წესი [რეგულაციები], ეს ვერ მოხდება მხოლოდ ერთი მხარის მიერ, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას, თითოეულმა მოქალაქემ და პრაქტიკულად ყველანაირი სოციალური შეკრებები უნდა იყოს აღკვეთილი ან მინიმუმამდე დაყვანილი.

ესაა დაბადების დღის გადახდა, ქორწილი თუ ასე შემდეგ“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მან დღეს განაცხადა, რომ ამ დროისათვის აჭარის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გაზრდილ შემთხვევებს მართავს, თუმცა „სამედიცინო რესურსიც ამოწურვადია“:

„5681 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 15 პროცენტი არის ჰოსპიტალში. სამედიცინო რესურსებიც არის ამოწურვადი, თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს არსებული ეპიდსიტუაცია და პასუხისმგებლობით მოეკიდოს წესების დაცვას,“ – განაცხადა მან.

დღეს, 11 აგვისტოს, აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა – 905 ახალი შემთხვევა 24 საათში. დღევე ცნობილი გახდა, რომ აჭარაში მოქმედ კოვიდკლინიკებს ორი კლინიკა – „მედალფა“ და ქედის სამედიცინო ცენტრი, ჯამში 45 ადგილი დაემატება.

ამავე თემაზე: 

კოვიდზე აცრა ბსუ-ში „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გარეშე

წიგნები ცხოვრებას აფერადებს | ნინო ჩანადირი

ავტორი: ნინო ჩანადირი, საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
___

ძალიან პატარა რომ ვიყავი, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ამბებს ბებო მიყვებოდა ხოლმე. ზღაპრებს, იგავ-არაკებს, ლექსებს მასწავლიდა… რაც უფრო გრძელი იყო ამბავი, მით უფრო მეტად მომწონდა და მსიამოვნებდა მოსმენა. ყოველ საღამოს ახალი ამბის მოყოლას ვთხოვდი და მასაც მოსაყოლი რომ აღარ ჰყოფნიდა, ახლებს იგონებდა. თუ ისე მოხდებოდა, რომ ერთსა და იმავე ამბავს მომიყვებოდა, ის რომ ჩერდებოდა, მე ვაგრძელებდი.

სკოლაში შესვლის და კითხვის სწავლიდან მალევე თავად დავიწყე წიგნების კითხვა. კითხვა დღემდე ჩემი საყვარელი საქმიანობაა. ვთვლი, რომ წიგნების კითხვა ადამიანს ისეთი რამეების განცდის შესაძლებლობას აძლევს, რაც შეიძლება ვერასოდეს განეცადა. ამიტომ, ამ გამოცდილების მიღების შესაძლებლობას ხშირად ვიყენებ.

ჩემი საყვარელი სუნი, ძველი წიგნების ფურცლების სუნია.

როდესაც მეკითხებიან, თუ ვინაა ჩემი საყვარელი ავტორი, ბევრს არ ვფიქრობ, ოთარ ჭილაძეს ვასახელებ.

პირველად მისი წიგნი რომ ავიღე ხელში, სკოლა ახალი დასრულებული მქონდა. ამ წიგნს „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ ერქვა. ამის შემდეგ ვეღარ გავჩერდი და მიყოლებით წავიკითხე ყველა მისი რომანი. გავმდიდრდი! ყოველი მისი წიგნის დასრულების შემდეგ იმაზე მდიდარი ვიყავი ვიდრე წიგნის დაწყებამდე. მე ამ ავტორთან სიახლოვემ სამყაროს შეგრძნება მასწავლა. გქონიათ განცდა, რომ წიგნიდან სურათები ცხოვრებაში ცოცხლდება,  თუ რაიმე ასოციაციურს წააწყდებით შემთხვევით? ჭილაძის წიგნებმა ჩემი ცხოვრება ასეთი სურათებით აავსო.

ძალიან მინდა, რაც შეიძლება ბევრ ბავშვს (და დიდსაც) ჰქონდეს შესაძლებლობა წიგნების საოცარ სამყაროში იმოგზაუროს. გაიცნოს პერსონაჟები, დააკვირდეს და ისწავლოს მათგან.

წიგნები ცხოვრებას აფერადებს. წიგნების კითხვა უამრავ უნარს ავითარებს და მინდა ეს შესაძლებლობა აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს არ მოაკლდეთ.

დიდი მადლობა „ბათუმელებს“ ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის და დარწმუნებული ვარ, მიზანი მალე იქნება მიღწეული!

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

ილია მეორე ვაქცინაციაზე: ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია

საქართველოს საპატრიარქო ილია მეორის განცხადებას ავრცელებს ვაქცინაციის შესახებ.

„კათოლიკოს-პატრიარქის აცრასთან დაკავშირებით პერიოდულად მიზანმიმართულად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, ამიტომაც მოკლედ შემდეგს ვიტყვი:

აიცრება თუ არა პატრიარქი, ეს განმსაზღვრელი არ შეიძლება იყოს სხვათათვის.

ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებაც მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება.

მიგვაჩნია, რომ მოსახლეობაში არსებული კითხვების შესაბამისად, საზოგადოებას სათანადო დარგის სპეციალისტებისაგან უნდა მიეწოდებოდეს ინფორმაცია, რათა ადამიანებს დაეხმარონ პიროვნული არჩევანის გაკეთებაში.

ვაქცინაცია უნდა იყოს ნებაყოფილობითი და აცრის თუ აუცრელობის შემთხვევაში არ უნდა ხდებოდეს დაძალება ან ერთმანეთის განკითხვა-შეურაცხყოფა; ამასთან გასათვალისწინებელია, რომ პანდემიის პირობებში რეგულაციების დაცვა ყველასთვის აუცილებელია.

ამის შესახებ დადგენილება წმინდა სინოდმა ჯერ კიდევ 2021 წლის 11 თებერვლის სხდომაზე მიიღო, სადაც, ასევე, ნათქვამია: ,,საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად, მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 11 აგვისტოთი თარიღდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსზე ჯერ კიდევ მაისში საჯაროდ აიცრა ბათუმისა და ლაზეთის მიტორპოლიტი დიმიტრი.

რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?

ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი I] მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით დასრულდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრა.

დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 71 930 108 ლარია, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 2021 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.

რატომ გახდა საჭირო დონორის სესხით დაფინანსებული პროექტისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ გზების დეპარტამენტისგან შეეცადა. აქ გვითხრეს, რომ ფინანსებთან თუ დავებთან დაკავშირებით ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 10 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ეს მონაკვეთი [ლოტი I] გადის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლები, გორმაღალა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: პირველი მაისი, გაუწყინარი.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 7 წლის წინ, 2014 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „ბათუმელებს“ დეპარტამენტში უთხრეს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „ალტკომთან“ შეწყდა, შემდეგ კი კომპანია „აკორდთან“.

ამ მონაკვეთში აშენდება 11,5 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა, მოეწყობა 27 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი, 12 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის 3 მდინარეების გადამკვეთი პარალელური ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი პარალელური ხიდი-ესტაკადა.

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზის საერთო სიგრძე 51,5 კილომეტრი იქნება. გზის მშენებლობა 4 ლოტად მიმდინარეობდა.

აქედან მხოლოდ II ლოტია დასრულებული [18.5 კმ – ლანჩხუთის შემოვლითი გზა], სადაც ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია „სინოჰიდრომ“.

რაც შეეხება III ლოტს [12 კმ.], ამ მონაკვეთზეც სამუშაოები შეწყვეტილია და ტენდერი ამ დროისთვის გამოცხადებული არ არის.

მესამე ლოტის სამუშაოებს კომპანია „ტოდინი“ ასრულებდა, რომელსაც ხულო-ზარზმის ახალი გზაც უნდა აეშენებინა. თუმცა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ამ ლოტზეც შეწყვიტა [ ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება].

მოგვიანებით, „ტოდინთან“, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გაფორმებული 110-მილიონიანი ხელშეკრულებაც შეწყდა. 

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზის ბოლო მონაკვეთის [ლოტი IV] სიგრძე 9,5 კილომეტრია და სამუშაოებს კომპანია „China Railway 23rd“ ასრულებს.

გზის მშენებლობის დონორი – ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). როდის დასრულდება მთლიანობაში ეს ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თანხა დაიხარჯება [როგორც აღნიშნული ბანკიდან აღებული სესხი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფული] ამ დროისთვის უცნობია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა [სულ 52 კმ] ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

აქედან ეს გზა მიუერთდება გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

ჩოლოქიდან [შეკვეთილიდან] კი, ახალი გზა ქობულეთის შემოვლით გზას მიუერთდება. ქობულეთის შემოვლითი გზა – მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ – ბათუმის შემოვლით გზას [რომელიც გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე უნდა აშენდეს].

ახალი საავტომობილო გზა მდინარე ჭოროხიდან შემდგომში სარფამდე [თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე] გაგრძელდება.

____

ამავე თემაზე:

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

წყალდიდობა თურქეთში ხანძრის შემდეგ – მაშველები მოხუც ქალს ეძებენ

ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია თურქეთის ჩრდილოეთ შავიზღვისპირა რეგიონებში. წყალდიდობამ ზიანი მიაყენა ბართინის, სინოპის, კასთამონუს და ყარაბუქის პროვინციებს.

თურქული მედიის ცნობით, დაიკარგა 85 წლის ქალი, რომლის სახლიც ადიდებულმა წყალმა  დაანგრია. მაშველები მას ჯერ კიდევ ეძებენ.

წყალდიდობამ დააზიანა სახლები, ბიზნესკომპანიები, წაიღო ავტომანქანები.

წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა ხიდი, რის გამოც დაშავდა 13 ადამიანი.

მეტეოროლოგების ცნობით, ძლიერი წვიმა ამ რეგიონში ხვალაც მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთში 200-ზე მეტ ხანძრის კერას ებრძოდნენ.

__________

ფოტო: სააგენტო „ანადოლუ“

„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

„ეს რიცხვები არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე,“ – ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ანტირეკორდულ მაჩვენებლებში პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ის პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც მის მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მასობრივ თავშეყრას ესწრება და შემდეგ კითხულობს: „დანაშაულია ქეიფი?“

„ბათუმელები“ 3 აგვისტოს წერდა შემთხვევაზე, როცა ქორწილში გამოძახებული პატრულიც კი არ აჯარიმებდა სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეს პანდემიის დროს მორიგი ქორწილის გამართვისთვის.

დღეს, 11 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 5353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 905. 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა.

ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად აუცილებელია არსებული რეგულაციების მკაცრად შესრულება, „და არა ის ბაკქანალია, რაც ხელისუფლებამ შექმნა“. ექიმი ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ დროული ვაქცინაციაა ერთადერთი გამოსავალი.

„ჩვენ გვექნება მძიმე შემოდგომა და ზამთარიც, თუ ეს ღონისძიებები არ გავატარეთ და იმუნური ფენა არ შევქმენით… აუცილებლად გაიზრდება ეს რიცხვები. თუ შევძლებთ შეზღუდვების მკაცრ აღსრულებას, დაახლოებით ორ კვირაში რაღაც დონის შემცირება გვექნება, სტრატეგიული გამოსავალი კი არის ვაქცინაცია, რომელიც შედეგს მოგვცემს დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში. ახლა მთელი დატვირთვა არის კლინიკებზე, სადაც იბრძვიან თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად”.

ექიმის აზრით, ხელისუფლების მორიგი შეცდომა კოვიდის მართვის პროცესში იყო აქცენტის გაკეთება პატარა კლინიკებზე, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ. ,,სამწუხაროდ, მეტწილად ჩვენ საზოგადოების თვითორგანიზებაზე ვართ ახლა დამოკიდებული. ეს იქნება თვითიზოლაციის წესების დაცვა თუ აქტიური ვაქცინაცია. ჩვენ გვაქვს საიმედო ტენდენცია, როცა დღეში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იცრება, თუმცა რაც უფრო მეტი აიცრება, მით უკეთესი იქნება,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

„დღეს გაიხსნა მხოლოდ ინგოროყვას კლინიკა კოვიდპაციენტებისთვის… გარდა ამისა, ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებაზე უნდა ფიქრობდეს მაშინ, როცა ჰოსპიტალური საწოლების 50 პროცენტზე მეტი დაიტვირთება. დღეს რეალურად 100-პროცენტიანი დატვირთვა გვაქვს და ხელისუფლებისგან რეგულაციების აღსრულებაზე საუბარი უკვე ძალიან დაგვიანებულია.

გამოწვევაა საველე ჰოსპიტლებიც, თუმცა სწორი მართვის  და დაგეგმვის პირობებში, საქართველოს სამედიცინო სისტემა ამას შეძლებს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი.

ექიმი ხედავს როგორც მოქმედი, ასევე ექსპრემიერის პერსონალურ პასუხისმგებლობასაც.

„ღარიბაშვილის მიერ მაისში მიღებული გადაწყვეტილება, როცა გააუქმა თითქმის ყველა რეგულაცია, იყო პოპულისტური, რადგანაც საქმე ეხება ძალიან დაბალი იმუნიტეტის მქონე ქვეყანას, აცრილობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს. ამ გადაწყვეტილებით მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს ჩვენ… მან არათანმიმდევრულად მოხსნა შეზღუდვები და გააჩინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება  იგივე დარჩენილი რეგულაციების შესრულების კუთხით. ნახეთ კანდიდატების წარდგენაზეც რამდენი ადამიანი იყრის თავს ერთად.

წინა პრემიერის – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა კი არის ის, რომ მან რეალურად ვერ შეძლო ვაქცინების მობილიზება, ჩვენ დავკარგეთ ერთი წელი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც ცუდი წვდომა ჰქონდათ ვაქცინაციაზე და ამ დროს გვქონდა უმკაცრესი, არათანმიმდევრული შეზღუდვები, ისეთი, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი რომ ვერ გაუძლებდნენ. გახარიას შეზღუდვებმა რეალურად გამოწოვა ქვეყნის ეკონომიკა. გარდა ამისა, ჩვენ იმ დროს ვერ მოვახერხეთ მომზადება და საბოლოოდ ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ,“ – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა „ბათუმელებთან“.

„ოცნება“ ქალების გარეშე აჭარაში

როცა საკითხი ქალებსა და კაცებს შორის ადგილების გადანაწილებას ეხება, „ოცნება“ თავისივე ინიცირებული კვოტირების სისტემის საზღვრებში რჩება. მმართველი პარტია თვითმმართველობის ორგანოების მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად 99-პროცენტით კაცებს ირჩევს.

ამ საკითხზე კრიტიკის მოსმენის შემდეგ „ოცნების“ ლიდერები გვირჩევენ დავიცადოთ და სიებში შევიხედოთ. სიებში ქალების ჩაწერის აუცილებლობა კი სწორედ კვოტირების სისტემით განსაზღვრული ვალდებულებაა. ეს აჩვენებს, რომ ქალების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიცირების ავტორისთვისაც კი ვალდებულების ნაწილია და არა ნება.

ასეა აჭარაშიც:

აჭარის 6 თვითმმართველ საკრებულოში წარდგენილი მაჟორიტარობის 50 კანდიდატიდან, რომლებიც საკრებულოებში მოსახვედრად თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ სახელით იბრძოლებენ, მხოლოდ ერთია ქალი – ნინო ფაღავა ხელვაჩაურის საკრებულოში. მმართველმა პარტიამ კაცები წარადგინა ასევე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები გასულ კვირას დაასახელა. ცოტა ადრე კი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის „ოცნების“ კანდიდატებზე გააჟღერა ინფორმაცია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 3 ქალი წარადგინა, დანარჩენი ადგილები კაცებს შეხვდათ.

„ოცნებიდან“ მერობისთვის ქალები მხოლოდ რუსთავში, ნინოწმინდასა და დუშეთში იბრძოლებენ. ესენი არიან: ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, ანივარდ მოსოიანი – ნინოწმინდაში და მანანა ნარიმანიძე – დუშეთში.

ბათუმის ამჟამად მოქმედ საკრებულოში 25 წევრიდან მხოლოდ ოთხია ქალი – სამი „ოცნების“ კვოტით არის არჩეული, ერთი კი ოპოზიციაშია [ნაზი ფუტკარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ის აჭარის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს].

ნატალია ზოიძეს ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია ჩააბარეს, მოგვიანებით კი ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს [მას შემდეგ, რაც ყოფილი მოადგილე ლაშა სირაბიძე, უმაღლეს საბჭოში გადავიდა]. ნატალია ძიძიგური ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ნერიმან ცინცაძე უმრავლესობის რიგით წევრად დარჩა.

ბათუმის საკრებულოს მუშაობას, განსაკუთრებით მუნიციპალური ქონების გასხვისებისა და რამდენიმე პროექტის განაშენიანების გეგმისთვის მხარდაჭერის გამო არასამთავრობო სექტორი დადებითად არ აფასებს. ეს შეფასება ყველას ეხება, თუმცა საკრებულოს წევრი ქალების მიმართ არ არსებობს ისეთი პრეტენზიები, როგორიც კაცების მიმართ. ვერც ისეთ მომენტებს იხსენებენ, როცა ქალების გამო პარტიას უხერხულობა შეექმნა ან „უნდა შექმნოდა“. იმავეს ვერ ვიტყვით საკრებულოს წევრ კაცებზე.

იმ ფონზე, როცა ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს კაცმა წევრებმა არაეთიკური გამონათქვამებისა და უშედეგო ხმაურის გარდა, თავი მუშტი-კრივითაც დაგვამახსოვრეს, ქალები კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დარჩნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავინ ელის, რომ რომელიმე მათგანი „ოცნებისგან“ საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, რასაც ვერ ვიტყვით კაცებზე.

კაცების შემთხვევაში სხვაგვარად ხდება, საკანონმდებლო თუ თვითმმართველობის ორგანოში უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კაცების უმეტესობა სახლში ზის და ელოდება, როდის დაასაქმებს მმართველი პარტია.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძე ექიმია და საკრებულოს წევრობის პარალელურად ის სამედიცინო სფეროში საქმიანობას აგრძელებს. მას დასაქმების პრობლემა არ ექნება.

რას სთავაზობს პარტია ნატალია ზოიძეს? – მან ამ საკითხზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გვიპასუხა.

რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს წევრს, ნატალია ძიძიგურს, როგორც თავად გვითხრა, მან საკრებულოს უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

ნატალია ძიძიგური

რამდენ ქალს ჩაწერს გიორგი გახარია თავის პარტიულ სიაში და რამდენს წარდგენის მაჟორიტარ კანდიდატად, ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი ნატალია ძიძიგურმა შექმნილი ვითარება ასე შეგვიფასა:

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ „ოცნებას“ მაჟორიტარ კანდიდატად აჭარაში მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს წარდგენილი. საინტერესოა, სხვა პარტიები რას გადაწყვეტენ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო თანასწორი, ამომრჩეველზე ორიენტირებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდება. საკრებულო ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოა მოსახლეობასთან, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ შედეგზე, დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ კოლეგიალურები“, – ამბობს ნატალია ძიძიგური.

„მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების სისტემა ინსტიტუციურად აღიარებულია და თითქოსდა ამაზე პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქალთა რეპრეზენტაციის გაძლიერებისთვის არაფერს აკეთებს“, – ასე აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე შექმნილ ვითარებას.

თამთა მიქელაძე

მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ქალების რეპრეზენტაციასა და მონაწილეობის გაზრდაზე, ძირითადი პარტიები, მათ შორის „ქართული ოცნება“, ყველაზე ნაკლებ ძალისხმევას იღებს.

„ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ჩვენ გვყავს არაერთი გამორჩეული სათემო ქალი ლიდერი, აქტივისტი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შეტანა ადგილობრივი პოლიტიკის წარმართვასა და სოციალური პოლიტიკის ტრანსფორმაციაში. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ პარტიებში კვლავ მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მხოლოდ სამი ქალია.

მთლიანად დომინირებენ კაცები, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა და ის კვლავ პოლიტიკაში პატრიარქალური ლოგიკის დომინირებას აჩვენებს და ასევე იმას, რომ სინამდვილეში პარტიები მზად არ არიან ძალაუფლება გაანაწილონ, არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუციურ ველში შესვლის შესაძლებლობა მისცენ ქალებს.

როცა პარლამენტს ვაკვირდებით, აშკარაა, რომ ქალი პოლიტიკოსები გაცილებით აქტიურები და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულები არიან, ეს იქნება შარლ მიშელის პოლიტიკური პროცესი თუ სხვა.

ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს ქალებს გაცილებით საქმიანი, ადამიანებზე ორიენტირებული პოზიციები აქვთ და ეს ძალიან თვალში საცემია, ვნახეთ ქალების მოხვედრამ პარლამენტში როგორი თვისობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგვცა“.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი: დავამატეთ 45 საწოლი, მათ შორის 11 რეანიმაციულია

აჭარაში მოქმედ კოვიდკლინიკებს ორი კლინიკა – „მედალფა“ და ქედის სამედიცინო ცენტრი, ჯამში 45 ადგილი დაემატება – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა დღეს, 11 აგვისტოს.

მისი თქმით, 45 დამატებითი ადგილიდან 11 რეანიმაციული საწოლია.

ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კოვიდის მართვაში დაგეგმილია კიდევ ერთი კლინიკის ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში საველე ჰოსპიტალის გახსნის საჭიროება არ დგას.

საველე ჰოსპიტალების შესაძლო საჭიროებაზე დღეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში ინფიცირებული პაციენტების 50 პროცენტს ონლაინრეჟიმში მართავენ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოუწოდებს მოქალაქეებს უარი თქვან სოციალურ შეკრებებზე.

კოვიდზე აცრა ბსუ-ში „ფაიზერითაც“ იქნება შესაძლებელი რეგისტრაციის გარეშე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, მალე კორონავირუსზე აცრის სივრცე ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტშიც გაიხსნება, სადაც კოვიდზე აცრა შესაძლებელი იქნება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე.

„ჩვენ კვირის ბოლოს ერთ დიდ სივრცეს ვამატებთ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ჯავშნის გარეშე იქნება შესაძლებელი როგორც „ფაიზერით“, ასევე სხვა ვაქცინებით ადმინისტრირება.

ბათუმის უნივერსიტეტში 10-15 ჯგუფით დავიწყებთ მუშაობას და საჭიროების შემთხვევაში გავზრდით. შესაძლებელი იქნება ყველა ვაქცინის მიღება „ასტრაზენეკას“ გარდა“ – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბათუმის სავაჭრო მოლებში კარგად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და ყოველდღიურად, ორივე მოლში, ჯამში 100 აცრა კეთდება.

 

Exit mobile version