განათლება,მთავარი,სიახლეები

პანკისელი ამინა უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა, ის უფლებადამცველობას აპირებს

12.08.2021 • 10261
პანკისელი ამინა უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა, ის უფლებადამცველობას აპირებს

18 წლის ამინა ხანგოშვილმა წელს თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე ჩააბარა მაღალი ქულებით და 100%-იანი გრანტით.

ამინა პანკისის ხეობის სოფელ დუისიდანაა. მას რეპეტიტორებთან არ უვლია, მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დადიოდა კვირაში ორჯერ. შინ, დამოუკიდებლად მოემზადა სხვა საგნებში და როგორც ამბობს, დამატებითი მეცადინეობებისთვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს. ინგლისურ ენაში ამინამ მაქსიმალური 80 ქულიდან 79 ქულა აიღო, ისტორიაში მაქსიმალური 60 ქულიდან – 58, ხოლო ქართულ ენაში 70-დან 67 ქულა.

„მხოლოდ ქართულის მასწავლებელთან დავდიოდი კვირაში ორჯერ. ისტორიასა და უცხო ენაში ჩემით მოვემზადე. ისტორიაში ერთი სტუდენტი გოგო მეხმარებოდა ხანდახან რჩევებით.

ძირითადად სახლში ვიყავი გამოკეტილი ეს ერთი წელი, რომ კარგად მემეცადინა. ძალიან კარგი მასწავლებლები გვყავს დუისის სკოლაში და ეს დამეხმარა. 100 %-იანი გრანტი მაქვს“ – ამბობს ამინა.

ამინას უნდა სამართალი შეისწავლოს და ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით იმუშაოს. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის გახმაურებული საქმის გამო მიიღო:

„მართალია, როცა სხვადასხვა ხეობაში უსამართლობა ხდებოდა, ვიყავი პატარა, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ ჩაცხრილეს თემირლანი, კარგად მახსოვს ადამიანები, რომლებიც იდგნენ სამართლიანობის მხარეს. მახსოვს მათი თვალები, ადამიანების თვალები, რომლებიც უბრალოდ ეძებდნენ სამართალს და ვერ იპოვეს.

ამ ადამიანების გამო, თემირლანის მამის გამო, დავით სარალიძის მამის გამო ავირჩიე სამართალი ჩემს მომავალ პროფესიად. მე მჯერა, რომ ეს ადამიანები ერთ დღეს სამართალს იპოვიან. მე მჯერა, რომ ეს დღე დადგება.

მსურს ადამიანის უფლებები დავიცვა. ყველა ადამიანი იმსახურებს იმას, რომ მისი უფლებები დაცული იყოს. მინდა ყველგან, სადაც წავალ ჩემი ხეობის წარმომადგენელი ვიყო და სამართლიანობა დავიცვა. ეს ჩემი ყველაზე დიდი მიზანია“.

ამინას ვთხოვეთ, ჩვენთვის ეამბო თავისი და დუისელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

  • „დუისში გოგოებს უფრო სურთ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა“ 

„ჩემი კლასელი გოგოების უმრავლესობა აბიტურიენტი იყო და აბარებდა. ბიჭებს დუისიდან ნაკლებად სურთ ხოლმე უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელება. აქ გოგოებს უფრო სურთ ხოლმე ეს.

ბიჭები უფრო სპორტით ინტერესდებიან. გოგოები დუისიდან, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში არ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, პროფესიის დაუფლებას მაინც გეგმავენ, აპირებენ კულინარია ისწავლონ მაგალითად, პროფესიულად და ა.შ.

პანკისში ნაადრევი ქორწინების პრობლემაზე მეკითხებიან ხოლმე ხშირად. მართალია საქართველოში სოფლად უფრო ხშირად ქორწინდებიან ნაადრევად, ვიდრე ქალაქში,  მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ პანკისში ეს პრობლემა უფრო მწვავედ დგას ვიდრე საქართველოს სხვა ხეობებსა და სოფლებში.

  • „ჩემს ეკოკლუბს ნიკო კეცხოველის პრემიაც აქვს მიღებული“

ყოველთვის მინდოდა ხეობაში გვქონოდა თავისუფალი სივრცე, სადაც ბევრ რამეზე ვისაუბრებდით და კარგ საქმეებს გავაკეთებდით.

გავხსენით ეკოჰაბი ბუნებისმოყვარე ახალგაზრდებისთვის და ბევრ რამეში მივიღეთ მონაწილეობა. ტყეში გავაშენეთ წაბლი, ხშირად ვასუფთავებთ ნარჩენებისგან ჩვენს ტყეს, შევაკეთეთ სოფლის სასმელი წყლის ავზი. ალაზანზე არაერთი კვლევა ჩავატარეთ სპეციალისტების დახმარებით, ჩავატარეთ კვლევები ასევე პანკისში მიწის ეროზიაზეც. სადაც იყო ეროზიის საშიშროება, იქ დავრგეთ სხვადასხვა, ეროზიის საწინააღმდეგო მცენარე.

რაც თავი მახსოვს, სოციალურ აქტივობებში ვარ ჩართული, ჩემს ეკოკლუბს ნიკო კეცხოველის პრემიაც აქვს მიღებული. ეკოკლუბის ლიდერი ვიყავი.

სეიმის ერთ-ერთ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობდით, ჩვენს ეკოკლუბს ჰყავდა ხელმძღვანელი აზა ხანგოშვილი, რომელიც ეკოლოგიის საკითხებში ერკვევა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელია. გვეხმარებოდა ყველაფერში, მათ შორის რომელი მცენარე აგვერჩია ეროზიისგან სხვადასხვა ადგილის დასაცავად და ა.შ.

ჩვენს ეკოკლუბს აინტერესებდა ასევე უკონტროლო თევზჭერა რა გავლენას ახდენდა მდინარე ალაზნის მობინადრე თევზებზე, გადაშენების პირას მყოფ სახეობებზე. დაკვირვებებით საკუთარი თვალით ვნახეთ, რომ ე.წ. თევზაობის სეზონის დაწყებამდე უამრავი თევზი იყო ალაზანში, სეზონის დასასრულს კი მათი რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ჩვენთვის აღმოჩენა იყო ის ამბავი, რომ ჩვენს მდინარეში გადაშენების პირას მყოფი კალმახიც აღმოვაჩინეთ და გავუშვით.

  • „ბიბლიოთეკაში დეფიციტი იყო ვეფხისტყაოსანიც კი“

მატერიალური თუ სხვა რესურსი არ არის პანკისში, ისე, როგორც ქალაქში. არც განვითარების ისეთი შესაძლებლობაა აქ, როგორც ქალაქში. არც სპორტია დიდად განვითარებული, ერთადერთი ძიუდოში ვარჯიშობენ ბიჭები. ვისაც სხვა სპორტი აინტერესებს ვერ ვითარდებიან: მკლავჭიდი, ფეხბურთი და ა.შ. არც სხვა სახეობებია.

გვაქვს ძალიან მწირი სოფლის სკოლის ბიბლიოთეკა. სოფლის ბიბლიოთეკა დუისში არ არის.  იმის გამო, რომ ბევრი წიგნი არ იყო სკოლის ბიბლიოთეკაში, თვალები დამეთხარა ელექტრონული ვერსიების კითხვით.

შეუძლებელია საათობით რომანებს კითხულობდე ეკრანზე განუწყვეტლივ.

დეფიციტი იყო „ვეფხისტყაოსანიც“ კი. ერთი-ორი ბავშვი რომ გაიტანდა სკოლის ბიბლიოთეკიდან „ვეფხისტყაოსანს“, მორჩა, სხვა ვეღარავინ წაიკითხავდა, აღარ იყო გამოსატანად.

„ღვთაებრივი კომედია“, „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“, „ჯაყოს ხიზნებიც“ კი ვერ ვიპოვე სკოლის ბიბლიოთეკაში. მართალია, ადრე სკოლის ბიბლიოთეკა ივსებოდა ხოლმე, მაგრამ ახალგაზრდების დაინტერესება დიდია და  სკოლის ბიბლიოთეკა ვერ პასუხობს ამ მოთხოვნას.

მქონდა ინტერნეტის პრობლემაც, ძალიან ცუდი ხარისხის ინტერნეტია პანკისში. ონლაინსწავლებისთვისაც ძალიან მოუხერხებელია.

მხოლოდ სკოლაშია ჩვენთან ბიბლიოთეკა და კიდევ რაღაც ცენტრსაც აქვს სოფელში მცირე ბიბლიოთეკა – სულ ესაა, რაც ძალიან ცოტაა. დიდი ბიბლიოთეკა, ახალი წიგნებით, რომელიც სულ ღიაა, მიხვალ და წიგნებს გამოიტან ასეთი არ არის პანკისში. სკოლის ბიბლიოთეკა კი ზაფხულში იკეტება და არაა ხელმისაწვდომი.

ახალი წიგნებიც ძალიან ცოტაა სკოლის ბიბლიოთეკაში, მგონი რაღაც პროექტზე  მუშაობენ და უნდათ შევსება. ახლა კი ძირითადად საბჭოთა ეპოქის წიგნებია ჩვენს ბიბლიოთეკაში.

  • „სწავლის პარალელურად მუშაობას ვაპირებ“ 

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალი ეკონომიკურად დამოუკიდებელი უნდა იყოს.

ბევრი ბიზნესპროექტი მაქვს იდეად, ბევრ სხვადასხვაგვარ პროექტზე მიმუშავია. ვაპირებ სწავლის პირველი თვეებიდანვე ვიმუშაო ჩემი პროფესიით, თუნდაც სტაჟიორად. არ მინდა მე ვსწავლობდე და ქირას მშობლები მიხდიდნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: