Batumelebi | დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი – Batumelebi
RU | GE  

დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ – კულუმბეგოვი

რეგულაციების უგულებელყოფა, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი, მოსახლეობისა და ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პროცესის მიმართ – ამ ყველაფერმა ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის შეფასებით, მიგვიყვანა ისეთ ვითარებამდე, როცა ჯანდაცვის სისტემა რესურსის ამოწურვასა და საველე ჰოსპიტალების საჭიროებაზე ალაპარაკდა. ექიმის თქმით, „პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ ამის წინაშე არ დგება არც ერთი ქვეყანა“.

  • ბატონო ბიძინა, 900-ზე მეტი ინფიცირებული გვყავს უკვე მხოლოდ რეგიონში, საველე ჰოსპიტალი ახსენა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. მინდა აგვიხსნათ, თქვენი აზრით, რა იქნება ხვალ, ზეგ?

რა იქნება ხვალ, ამის პროგნოზს ვერ გავაკეთებ, გვყავს ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან ბევრი, რომლის მსგავსი საქართველოში პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან არ ყოფილა, ამდენი აქტიური შემთხვევა არ ყოფილა. ჰოსპიტალურ სექტორში დათვლილია რამდენია საწოლების რაოდენობა, ეს ყველაფერი ულიმიტო ხომ არ არის? – 8000 საწოლი გვაქვს, როგორც სახელმწიფო ამბობს. როგორც კი ჰოსპიტალში განსათავსებელი ადამიანების რაოდენობა 8000-იან ნიშნულს მიაღწევს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ დამატებითი რესურსების მოძიებაა საჭირო.

საწოლები ასევე ონკოლოგიურ პაციენტებს, ფსიქიატრიულს, ტუბერკულოზით დაავადებულებს სჭირდებათ, მათ ხომ ვერ წავართმევთ და კლინიკებიდან ვერ გამოვიყვანთ? ასეთ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი დამატებითი მობილიზებაა – თუ ახალ ადგილებს დაამატებ და, ასე ვთქვათ, გაშლი საველე პირობებში.

რაიმე სხვა რესურსი ქვეყანაში არ არის. გვაქვს ამდენი საწოლი, გვყავს ამდენი პაციენტი და ულიმიტო არ არის ეს ყველაფერი, ამოწურვადია. ამასთან ძალიან ახლოს ვართ მისული. 7000-ზე ცოტა მეტი ინფიცირებულია ახლა ჰოსპიტალში, სახელმწიფოს გამოცხადებული აქვს რა დარჩა.

  • იტალიის ვითარება ახსენეს დღეს არაერთხელ, ერთ სულ მოსახლეზე გარდაცვალების სტატისტიკით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ მოქალაქეების ბრალი თუ სისტემისაც, რომელიც კოვიდრეგულაციებს, ფაქტობრივად, აღარ მართავს?

ბუნებრივია, დიახ.

დრამატული სიტუაციაა. ჩვენ შეიძლება ტელევიზიით გვესმოდა, რომ ქვეყნებს სჭირდებოდათ არჩევანის გაკეთება ვინ გადაეყვანათ, ჩვენი კრიტიკული ჯგუფის ხელმძღვანელი ბატონი ცერცვაძე სულ ამას ამბობდა, რომ შვედეთში რაღაც ასაკის ზემოთ არ გადაჰყავდათ პაციენტები, იმიტომ, რომ მათი გადარჩენის შანსი ნაკლები იყო. აი, ამის რისკის წინაშე დავდექით ახლა ჩვენ.

ყველაზე მაგრად ვმართავდით კოვიდს, ახლა კი რისკია, რომ არჩევანი დაგვჭირდეს – ვისაც გადარჩენის შანსი აქვს, ის მიიყვანონ კლინიკაში, ვისაც ვერ მოერევა ან მაინც უპერსპექტივოა – სახლში დატოვონ. ეს არის სამწუხარო რეალობა, ამის წინაშე პანდემიის დაწყებიდან წელიწად-ნახევრის მერე უკვე არც ერთი ქვეყანა არ დგება.

რასაკვირველია, მოსახლეობის თვითშეგნებაზე ბევრი აქცენტია გასაკეთებელი და ეს არის ჩვენი მთავარი პრობლემა, მაგრამ სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ რეგულაციები იყოს გეგმაზომიერი.

ჩემი სიცოცხლე თუ მე მეკუთვნის, მაშინ ღვედს არ გავიკეთებ, რატომ მაიძულებს პატრული, რომ ღვედი ვატარო, ვინმეს ვუშავებ ამით რამეს? – ზუსტად იგივე დამოკიდებულებაა, ადამიანები თუ ვერ ხვდებიან, უნდა მიახვედრო, ქვეყანა ამისთვის გვჭირდება და სახელმწიფო სტრუქტურები.

  • ეპიდემიოლოგები განმარტავდნენ, რომ დელტა შტამის შემთხვევაში საქმე იქნებოდა რთულად. თუმცა ვითარება არის უფრო მძიმე, ვიდრე იყო პროგნოზი. ეს რამ განაპირობა?

ვერ გეტყვით რა მოხდა, როგორ, რანაირად. ამის ღრმა ანალიზი არ ვიცი, დრო სჭირდება ალბათ. ფაქტია, რომ პასუხისმგებლობით არ მოეკიდნენ არც ადამიანები, მოსახლეობის დიდი ნაწილი და არც სახელმწიფო. ორივე მხარის უპასუხისმგებლობამ მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.

მარტო აღმოვჩნდით ექიმები, ეპიდემიოლოგები, რომლებიც ვამბობდით, რომ ქვეყანაში, სადაც 3 პროცენტიც არ გყავს აცრილი, როგორ შეიძლება ყველა რეგულაცია მოხსნა, ვის ხუშტურზე დადიხართ? – 11 საათის შემდეგ გადაადგილება… სად დადის ეს ხალხი სტუმრად მაინტერესებს. ასეთი აღშფოთება  გვქონდა ჩვენ.

ეპიდემიოლოგების უდიდესი ნაწილი ამას იზიარებს – სანამ აცრილი არ არის მოსახლეობის 30 პროცენტი, რეგულაციას არ უნდა შეეხო.

დავდექით ამის წინაშე: აუცრელობა, დელტა ვარიანტი და რეგულაციების მოშლა. ეს ვირუსი ჩვენზე ჭკვიანი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობაზე და ხელისუფლებაზე.

  • ვარაუდობდით, რომ უფრო რთულ შტამთან გვქონდა საქმე, თუმცა პრევენციისთვის გაკეთდა ბევრად ნაკლები, ფაქტობრივად რეგულაციები არ გვქონია და რაც გვქონდა, არ მუშაობდა.  რატომ ვერ დაარწმუნეთ ხელისუფლება, რომ კოვიდი უფრო მკაცრად უნდა ემართა?

მე იმუნიზაციის საბჭოს წევრი ვარ. ხელისუფლების დაჯერების და აზრთა ჭიდილის საკითხი ეს  ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის საქმეა. მე ასე მგონია, ჩვენ გარე პირებს რა გვესაქმებოდა. ჩვენ ვიძლევით ექსპერტულ შეფასებებს, სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ინფორმაციას ვუზიარებთ საჯარო სივრცეში, ციფრული მედია იქნება თუ ტელევიზია და რადიო.  ოფიციალურ სტრუქტურებთან არ ვსხედვართ ექსპერტები.

იმუნიზაციის საბჭო იკრიბება მხოლოდ ვაქცინაციის თემებზე, რომ გადავწყვიტოთ ჯერადობა რამდენი იყოს, რომელი ვაქცინა რა ასაკიდან გამოვიყენოთ, ჩვენ ეს საკითხები გვაქვს. შეზღუდვები ჩვენი სფერო არ არის.

თუმცა ექსპერტებს გაფართოებულად  გახარია გვხვდებოდა – 3-4-ჯერ შეგვხდა.  როგორც პრემიერ-მინისტრი, საქართველოში და უცხოეთში მოღვაწე ექიმების აზრს ისმენდა. ყველას სათითაოდ გვაძლევდა სიტყვას. ეს ახალი ხელისუფლების პირობებში არ მომხდარა.

  • ქვეყანა ისევ იმავე ეპიდემიოლოგებს ეყრდნობა, შეიცვალა პრემიერი, ანუ გადაწყვეტილების მიმღები პირი. ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებსა და გადაწყვეტილებებს შორის ჩანს აცდენა. ამან რამდენად დააზარალა ქვეყანა?

დასკვნები თქვენთვის მომინდვია. თუმცა, რასაკვირველია, მეორე მხარესაც არსებობს დიდი არგუმენტი, მე პოლიტიკოსი ხომ არა ვარ.

  • ეკონომიკას გულისხმობთ?

ეკონომიკა და მორალური პასუხისმგებლობის შემსუბუქება ხელისუფლების. გეუბნება 3 მილიონი ვაქცინა მაქვს შემოტანილიო და არ უნდა სჭირდებოდეს ამდენი დაძალება, გიცავს სიცოცხლეს, გიცავს საავადმყოფოში მოხვედრისგან, მიბრძანდი და აიცერი.

რეგიონების უდიდეს ნაწილში კანტიკუნტად დადის ხალხი აცრაზე. ბუნებრივია, მეტი იყო გასაკეთებელი – არ ყოფნის ერთი და ორი ადამიანის ჩართულობა. მთელი სახელმწიფო მანქანა უნდა მოიმართოს.

რა თქმა უნდა, იძულებაზე და ვალდებულებაზე ვერ გადავალთ. როგორც, ღვედის შემთხვევაში, თუ არ აიცრის, ჯარიმას ხომ ვერ გადავახდევინებთ ადამიანებს. მუშაობა კი ძალიან ბევრია საჭირო.

  • მახსოვს, გქონდათ მოლოდინი, რომ იმუშავებდა მინიმუმ ორი ფაქტორი, ერთი ეს იყო იმუნიტეტი იმ პაციენტებში, რომლებმაც გადაიტანეს ვირუსი და მეორე – ვაქცინაცია. ვარაუდობდით, რომ 2000-ს არ გადავცდებოდით დღეში. ბატონო ბიძინა, პირდაპირ რომ გვითხრათ, რა გავაკეთეთ არასწორად? 

დაბალი იმუნიზაციის მაჩვენებელი, მოსახლეობისგან რეგულაციების საერთოდ უგულებელყოფა და ვალდებულებითი ნაწილის აღსრულებაში სრული მოდუნება. აი, ეს გავაკეთეთ.

მოსახლეობას ვეტყოდი, რომ ერთადერთი ჩვენი ხსნა და გადარჩენა, დღესვე რომ გამოაცხადოს სახელმწიფომ სრული ლოქდაუნი, როგორიც იყო 2020 წლის გაზაფხულზე… მაინც ყველამ უნდა იცოდეს, როცა დღეში 5000 ადამიანი გყავს ანალიზით დადასტურებული, ეს ნიშნავს, რომ 10-12 ათასია რეალური პაციენტი. თითოეული 7-8 ადამიანს აინფიცირებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ დღესვე რომ ლოქდაუნი გამოცხადდეს, სტაბილიზაციას მაინც ვერ დავინახავთ, ამას გამოავლენს ერთადერთი – თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი ავა 95-პროცენტზე შენობის შიგნით და შენობის გარეთაც. ამას თუ დაიცავს მოსახლეობა და სამედიცინო წესების დაცვით გამოიყენებს… ერთადერთ ხსნას ვხედავ ამაში.

რა თქმა უნდა, ვაქცინაცია, მაგრამ ვაქცინას დღეს რომ გაიკეთებს ადამიანი, ხოლო 3 კვირის შემდეგ მეორე დოზას, მეორე დოზიდან 2 კვირაში აქვს იმუნიტეტი. დღეს აცრილი ადამიანი სექტემბერში იქნება დაცული, ამიტომ დღეს იმუნიზაცია დიდად ვერ გვადგება ეპიდემიის ტრაექტორიის შეცვლამდე.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი