მთავარი,სიახლეები

„ოცნება“ ქალების გარეშე აჭარაში

11.08.2021 • 2221
„ოცნება“ ქალების გარეშე აჭარაში

როცა საკითხი ქალებსა და კაცებს შორის ადგილების გადანაწილებას ეხება, „ოცნება“ თავისივე ინიცირებული კვოტირების სისტემის საზღვრებში რჩება. მმართველი პარტია თვითმმართველობის ორგანოების მაჟორიტარულ ოლქებში წარსადგენად 99-პროცენტით კაცებს ირჩევს.

ამ საკითხზე კრიტიკის მოსმენის შემდეგ „ოცნების“ ლიდერები გვირჩევენ დავიცადოთ და სიებში შევიხედოთ. სიებში ქალების ჩაწერის აუცილებლობა კი სწორედ კვოტირების სისტემით განსაზღვრული ვალდებულებაა. ეს აჩვენებს, რომ ქალების აქტიური მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიცირების ავტორისთვისაც კი ვალდებულების ნაწილია და არა ნება.

ასეა აჭარაშიც:

აჭარის 6 თვითმმართველ საკრებულოში წარდგენილი მაჟორიტარობის 50 კანდიდატიდან, რომლებიც საკრებულოებში მოსახვედრად თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნების“ სახელით იბრძოლებენ, მხოლოდ ერთია ქალი – ნინო ფაღავა ხელვაჩაურის საკრებულოში. მმართველმა პარტიამ კაცები წარადგინა ასევე აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებად.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები გასულ კვირას დაასახელა. ცოტა ადრე კი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მერობის „ოცნების“ კანდიდატებზე გააჟღერა ინფორმაცია.

64 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 3 ქალი წარადგინა, დანარჩენი ადგილები კაცებს შეხვდათ.

„ოცნებიდან“ მერობისთვის ქალები მხოლოდ რუსთავში, ნინოწმინდასა და დუშეთში იბრძოლებენ. ესენი არიან: ნინო ლაცაბიძე – რუსთავში, ანივარდ მოსოიანი – ნინოწმინდაში და მანანა ნარიმანიძე – დუშეთში.

ბათუმის ამჟამად მოქმედ საკრებულოში 25 წევრიდან მხოლოდ ოთხია ქალი – სამი „ოცნების“ კვოტით არის არჩეული, ერთი კი ოპოზიციაშია [ნაზი ფუტკარაძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე მას შემდეგ ჩაანაცვლა, რაც ის აჭარის უმაღლეს საბჭოში აირჩიეს].

ნატალია ზოიძეს ბათუმის საკრებულოში „ოცნების“ ფრაქცია ჩააბარეს, მოგვიანებით კი ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს [მას შემდეგ, რაც ყოფილი მოადგილე ლაშა სირაბიძე, უმაღლეს საბჭოში გადავიდა]. ნატალია ძიძიგური ფრაქციის „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, ხოლო ნერიმან ცინცაძე უმრავლესობის რიგით წევრად დარჩა.

ბათუმის საკრებულოს მუშაობას, განსაკუთრებით მუნიციპალური ქონების გასხვისებისა და რამდენიმე პროექტის განაშენიანების გეგმისთვის მხარდაჭერის გამო არასამთავრობო სექტორი დადებითად არ აფასებს. ეს შეფასება ყველას ეხება, თუმცა საკრებულოს წევრი ქალების მიმართ არ არსებობს ისეთი პრეტენზიები, როგორიც კაცების მიმართ. ვერც ისეთ მომენტებს იხსენებენ, როცა ქალების გამო პარტიას უხერხულობა შეექმნა ან „უნდა შექმნოდა“. იმავეს ვერ ვიტყვით საკრებულოს წევრ კაცებზე.

იმ ფონზე, როცა ბათუმის ამ მოწვევის საკრებულოს კაცმა წევრებმა არაეთიკური გამონათქვამებისა და უშედეგო ხმაურის გარდა, თავი მუშტი-კრივითაც დაგვამახსოვრეს, ქალები კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმში დარჩნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არავინ ელის, რომ რომელიმე მათგანი „ოცნებისგან“ საინტერესო შეთავაზებას მიიღებს, რასაც ვერ ვიტყვით კაცებზე.

კაცების შემთხვევაში სხვაგვარად ხდება, საკანონმდებლო თუ თვითმმართველობის ორგანოში უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ, კაცების უმეტესობა სახლში ზის და ელოდება, როდის დაასაქმებს მმართველი პარტია.

ბათუმის საკრებულოს წევრი ნერიმან ცინცაძე ექიმია და საკრებულოს წევრობის პარალელურად ის სამედიცინო სფეროში საქმიანობას აგრძელებს. მას დასაქმების პრობლემა არ ექნება.

რას სთავაზობს პარტია ნატალია ზოიძეს? – მან ამ საკითხზე ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ გვიპასუხა.

რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს წევრს, ნატალია ძიძიგურს, როგორც თავად გვითხრა, მან საკრებულოს უმრავლესობა დატოვა და ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.

ნატალია ძიძიგური

რამდენ ქალს ჩაწერს გიორგი გახარია თავის პარტიულ სიაში და რამდენს წარდგენის მაჟორიტარ კანდიდატად, ეს მალე გამოჩნდება, მანამდე კი ნატალია ძიძიგურმა შექმნილი ვითარება ასე შეგვიფასა:

„რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტია, რომ „ოცნებას“ მაჟორიტარ კანდიდატად აჭარაში მხოლოდ ერთი ქალი ჰყავს წარდგენილი. საინტერესოა, სხვა პარტიები რას გადაწყვეტენ. ვფიქრობ, რაც უფრო მეტი ქალი იქნება პოლიტიკაში, მით უფრო თანასწორი, ამომრჩეველზე ორიენტირებული ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდება. საკრებულო ყველაზე ახლოს მდგომი ორგანოა მოსახლეობასთან, ჩვენ მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ შედეგზე, დეტალებს ვაქცევთ ყურადღებას, მაქსიმალურად ვცდილობთ ვიყოთ კოლეგიალურები“, – ამბობს ნატალია ძიძიგური.

„მიუხედავად იმისა, რომ კვოტირების სისტემა ინსტიტუციურად აღიარებულია და თითქოსდა ამაზე პოლიტიკური კონსენსუსი არსებობს, ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ქალთა რეპრეზენტაციის გაძლიერებისთვის არაფერს აკეთებს“, – ასე აფასებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე შექმნილ ვითარებას.

თამთა მიქელაძე

მისი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ქალების რეპრეზენტაციასა და მონაწილეობის გაზრდაზე, ძირითადი პარტიები, მათ შორის „ქართული ოცნება“, ყველაზე ნაკლებ ძალისხმევას იღებს.

„ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ჩვენ გვყავს არაერთი გამორჩეული სათემო ქალი ლიდერი, აქტივისტი ქალები, რომლებსაც შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლის შეტანა ადგილობრივი პოლიტიკის წარმართვასა და სოციალური პოლიტიკის ტრანსფორმაციაში. ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ პარტიებში კვლავ მხოლოდ კაცები არიან წარმოდგენილები, მათ შორის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მხოლოდ სამი ქალია.

მთლიანად დომინირებენ კაცები, რაც, რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა და ის კვლავ პოლიტიკაში პატრიარქალური ლოგიკის დომინირებას აჩვენებს და ასევე იმას, რომ სინამდვილეში პარტიები მზად არ არიან ძალაუფლება გაანაწილონ, არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუციურ ველში შესვლის შესაძლებლობა მისცენ ქალებს.

როცა პარლამენტს ვაკვირდებით, აშკარაა, რომ ქალი პოლიტიკოსები გაცილებით აქტიურები და საზოგადოებრივ ინტერესებზე ორიენტირებულები არიან, ეს იქნება შარლ მიშელის პოლიტიკური პროცესი თუ სხვა.

ნებისმიერი პოლიტიკური კრიზისის დროს ქალებს გაცილებით საქმიანი, ადამიანებზე ორიენტირებული პოზიციები აქვთ და ეს ძალიან თვალში საცემია, ვნახეთ ქალების მოხვედრამ პარლამენტში როგორი თვისობრივად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგვცა“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: