მთავარი,სიახლეები

ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

12.08.2021 • 3738
ტრანსპორტის შეზღუდვა კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს – ლევან ანთაძე

„ეს უფრო ჰგავს იმის წარმოჩენას, თითქოს ხელისუფლება რაღაცას აკეთებს.

იმდენად რთული ეპიდვითარებაა შექმნილი, ავტობუსების გაჩერება არაა შესაბამისი ღონისძიება… ხელისუფლებამ ახლა საზოგადოებას, პირველ რიგში, სიმართლე უნდა უთხრას,“ – ამბობს ექიმი და უმაღლესი საბჭოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ანთაძე. მას ვკითხეთ დღეს, 12 აგვისტოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად 14 აგვისტოდან ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტი აღარ იმოძრავებს.

ლევან ანთაძის აზრით, მუნიციპალური ტრანსპორტის აკრძალვა კიდევ უფრო დაამძიმებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. ის პრობლემას ხედავს ხელისუფლებაში, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებებს რეაგირების გეგმის შესაბამისად კი არა, პირადი ნება-სურვილის მიხედვით იღებს.

„რა თქმა უნდა, ეს დაამძიმებს მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობას და კიდევ უფრო გაურთულებს ცხოვრებას ადამიანებს… ტრანსპორტის აკრძალვამ შეიძლება რაღაც შედეგი მოგვცეს, თუმცა ძალიან რთული ეპიდვითარებაა და ეს არაა გამოსავალი.

რეალურად შედეგის მომტანი იქნებოდა სრული ლოქდაუნი, თუმცა დაარტყამდა ეკონომიკას და ესეც არ იქნებოდა სწორი. ხელისუფლების ამ არათანმიმდევრული გადაწყვეტილებების გამო, რეალურ გამოსავლად რჩება პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია.

ხელისუფლება მსგავს გადაწყვეტილებებს უნდა იღებდეს რეაგირების გეგმის შესაბამისად. მაგალითად: 1000 შემთხვევაში მოქმედებს ეს რეგულაციები, 5 000 შემთხვევაზე – სხვა რეგულაციები.

ხელისუფლება რეალურად მიჰყვება არა ციფრებს და სტატისტიკას, არამედ ნება-სურვილს და პოლიტიკურ მდგენელს, ანუ რა ჯობს პოლიტიკურად,“ – აღნიშნა ლევან ანთაძემ „ბათუმელებთან“.

ლევან ანთაძე პრემიერთან ერთად პასუხისმგებლობას აკისრებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრსაც.

„პრემიერი ამბობს, რომ ვიქეიფე და რა მოხდა მერეო, ჯანდაცვის მინისტრმა კი თქვა, რომ ვაქცინაცია თურმე არ არის მთავარი იარაღი, არადა ვაქცინაციაა ზუსტად მთავარი, ყველა დანარჩენი ღონისძიება არის დროებით შემაფერხებელი ღონისძიება,“ – ამბობს ლევან ანთაძე.

მას პოზიტიური მოლოდინი გაუჩინა ვაქცინაციის ბოლო დღეების მაჩვენებლებმა, თუმცა ლევან ანთაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ძირითადად მიზნობრივი ჯგუფების გამო გამოდის დღიურად ვაქცინაციის 24 ათასი შემთხვევა.

„ჩვენ დავკარგეთ ვაქცინაციის დროულად გაკეთების შესაძლებლობა… ახლა მიზნობრივი ჯგუფებზე გასვლით გავდივართ დაახლოებით 24 ათასზე, რაც კარგია, თუმცა ვერც ეს ვერ მოგვცემს მყისიერ ეფექტს, 3-4 კვირაში იქნება ეფექტი, თუ ამ ტემპით გაგრძელდა ვაქცინაცია.

დღეს, პირველ რიგში, საჭიროა საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, სიმართლის თქმა, თუ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე ვართ ახლა და არა პოლიტიკურად შეფუთული მესიჯების გაჟღერება,“ – გვითხრა ლევან ანთაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: