განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

წიგნს შეუძლია შენი გადარჩენა | ბექა მინდიაშვილი

12.08.2021 • 3306
წიგნს შეუძლია შენი გადარჩენა | ბექა მინდიაშვილი

ავტორი: ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

___

ნინო ცინცაძის გამოწვევას ვპასუხობ. კი, ვადასტურებ, ნამდვილად ეგრეა, – წიგნი ჩემთვის ძვირფასია. ასევე, ერთი სიამოვნებაა ბლოგების გაცნობა წიგნებისა და კითხვის შესახებ, და, რაც მთავარია, მაღალმთიანი აჭარისთვის ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობა. ეს ყოველთვის მაინტერესებდა.

ჩემი სათქმელი უკვე ბევრმა თქვა. ამიტომ სხვა რამესაც დავწერ.

აი, ხშირად დასცინებენ ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე მეზობელს – შინ წიგნები მხოლოდ დეკორაციულ ამბავში აქვსო.  და იყოს დეკორაცია, მერე რა, – მაგალითად, ჩემთვის წიგნების, განსაკუთრებით, ბევრი წიგნის გარემოცვაში ყოფნა სიმშვიდის, როგორც ამბობენ ხოლმე, – კომფორტის ზონაში ყოფნას ნიშნავს.

იქ, სადაც წიგნებია,  კარგად ვგრძნობ თავს.

ეს ბავშვობიდან გადმომყვა, რადგან დედას, ბაღის ასაკიდანვე, მგონი, ყოველკვირეულად წიგნის მაღაზიაში დავყავდი სტუმრად, ერთ წიგნის მაღაზიაში, რადგან იქ დედაჩემის ახლო მეგობრები მუშაობდნენ, რომლებსაც მანდ ხშირი სიარულის გამო დაუმეგობრდა.

მარჯანიშვილის მეტროდან ამოხვიდოდი თუ არა, მარჯვენა მხარეს, ეგრევე წიგნების მაღაზია იწყებოდა: „ხელოვნება,“ – ასე ერქვა; ჩაგრძელებული, დიდი, შემინული, ვიტრინისებური ხის დახლებით, სადაც წიგნები იყო გამოფენილი.

ის, რაც იქ ყველაზე მეტად მიყვარდა, დახლებში შეძრომა იყო: დედაჩემის მეგობრები ამას არ მიშლიდნენ, პირიქით, თვითონაც ხალისობდნენ. გავწვებოდი წიგნებში და  ვიტრინებიდან დანახული გარემო სხვანაირად მოჩანდა. ვითომ წიგნი ვიყავი, – წიგნივით ვაკვირდებოდი მყიდველსა და მკითხველს.

მერე უკვე, რომ იტყვიან, ბიბლიოთეკაში გავიზარდე, რადგან დედამ მალევე საჯაროში დაიწყო მუშაობა და სკოლის შემდეგ, სულ იქ ჩავდიოდი – წიგნის დაკომპლექტების დიდ განყოფილებაში, ანუ იმ ადგილას, სადაც ბიბლიოთეკაში შემოსული წიგნები მიმართულებების მიხედვით ნაწილდებოდა.

წლების განმავლობაში საათობით ვიჯექი „დაკომპლექტებაში“, თითქმის ყველა ახალ წიგნს ვნახულობდი და რამე თუ დამაინტერესებდა, იქვე ვკითხულობდი. ახდენილი ოცნების სამყარო ჩემთვის ეს იყო.

ბიბლიოთეკაში იოლად მივხვდი, რომ წიგნი, თავისთავად, წაუკითხავადაც უმნიშვნელოვანესი ნივთია, რაკი ამხელა და ასეთი სილამაზის სასახლეები ეთმობა მის შეგროვებასა და შენახვას. აქვე გავიცანი არაერთი ბიბლიოფილი, რომლებსაც, კითხვაზე მეტად, თავად წიგნი აინტერესებდათ, სწორედ როგორც ნივთი, – აგროვებდნენ, მაგალითად, ერთი წიგნის სხვადასხვა გამოცემას, – წიგნის კოლექციონერობის ვნებით შეპყრობილები.

თუმცა უკვე სულ სხვაგან აღმოვაჩინე, რომ წიგნს შეუძლია შენი სიცოცხლის დაცვაც, შენი ფიზიკური გადარჩენაც. 90-იან წლებში  ჯარში გამიწვიეს. მაშინ, იქ, იმ აურზაურში ყოფნა ათას ხიფათსა და ფათერაკთან იყო დაკავშირებული,  სმასთან, მუდმივ ჩხუბებთან.

ერთხელ სხვა ნაწილში გადავედით საჩხუბრად თუ აქეთ დაგვადგნენ, – ზუსტად ვერ ვიხსენებ. შუა ჩხუბისას, უცებ, მკვრივი, ყრუ დარტყმა ვიგრძენი გულს ქვემოთ, ფერდში;  კოლექტიურ მუშტი-კრივში ჩართულს, ვიღაც დანას მირტყამდა, მაგრამ უბეში, ზუსტად იმ ადგილას, პატარა წიგნი მედო. ოსიპ მანდელშტამის სქელყდიანმა, რუხმა პატარა ტომმა, რომელიც ამ დანამ დაჭრა,  მე გადამარჩინა. ამიტომ, მაგალითად, უბით წიგნის ტარებას ასეთი, სასიცოცხლოდ გამოსადეგი დატვირთვაც შეიძლება ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ მეტროში, ან სადმე, დროს გაგაყვანინებს ხოლმე.

კიდევ ათასნაირად შეიძლება გამოგადგეს და გამოიყენო წიგნი, როგორც ნივთი თავისთავად. მაგალითად, ცეცხლი დაანთო. მაგრამ ახლა ეს არ გვინდა.

შეიძლება წიგნი გრძნობადი სიამოვნების წყაროც გახდეს, გარდა გარეგნული იერსახისა, მისმა სურნელებამაც შეიძლება მიგიზიდოს. ფურცლის ხარისხისა და ყდის მიხედვით, წიგნების სურნელება განსხვავებულია. რასაკვირველია, – სიძველისა და ადგილმდებარეობის მიხედვითაც; მშრალ ადგილას სხვა სუნს გამოიმუშავებს, ტენიან ადგილას – სხვას. რაც უფრო ძველია წიგნი, მით უფრო მძაფრია მისი ფურცლიდან დადენილი სუნი. გგონია, მასში, ამ სურნელებაშია წიგნის მთელი დრო და სივრცე მოქცეული და წაუკითხავადაც გიყვება ძველ ამბავს. ეს მგონი ყველას განგვიცდია.

და მაქვს კიდევაც ამ ნიშნით გამორჩეული წიგნები, მაგრამ, მათ შორის ერთი განსაკუთრებულია.

11 წლისას მაჩუქეს ბრიუსელში 1968 წელს დაბეჭდილი ბიბლია, რუსული, სინოდალური თარგმანი – თხელ, დრეკად, რეზინისებურ ჭაობისფერ ყდაში ჩასმული –  გამჭვირვალე, სიფრიფანა ფურცელებიანი პირველი ფორმატის პატარა გამოცემა, ყველგან რომ შეგიძლია თან იქონიო, ისეთი; მაგრამ გარეგნული მიმზიდველობისა და სიუცხოვის გარდა, ამ გამოცემის ფურცლებს უძვირფასესი, სხვებისგან განსხვავებული სუნი ჰქონდა, –  ფიჭვის მერქნისა თუ ძირს დაცვენილი წიწვებისა. აი, აქამდეც არ გასვლია.

ამ სუნის დამსახურებით იყო, თუ სხვა რამის, არ ვიცი,  მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ ბრიუსელის ბიბლიას ჩავკირკიტებდი; მის სურნელს დიდ, და იმ დროს აკრძალულ, საიდუმლო სამყაროსთან შეხების განცდაც მოჰქონდა, და ამის შემდეგ, – შინაარსიც, რომელსაც მაინცდამაინც ვერ აღვიქვამდი, ვერ ვიგებდი.

ამიტომ, კარგად მესმის, როცა ამ წიგნს, მოწიწებით კოცნიან და კურთხევისა თუ დალოცვის ნიშნად, თავზეც იდებენ ხოლმე; მესმის, მის გადაშლამდე რომ ლოცულობენ და პირჯვარს ისახავენ – მართლაც საკრალური წიგნია.

ერთხანს მეც ვკოცნიდი, შუბლსაც ვადებდი, გადაშლამდე პირჯვარსაც ვისახავდი, მაგრამ, სიმართლე ითქვას, ამის გაკეთება მაშინ უფრო შეიძლება ღირდეს, როცა საერთოდ არ კითხულობ, ან ვერ იგებ იმას, რასაც კითხულობ… რაც უფრო მეტს კითხულობ, სავარაუდოდ, – უფრო მეტადაც გესმის და უფრო ნაკლებად გიჩნდება წიგნის თავზე დადების სურვილი, რადგან, როგორც ნათქვამია, – მთავარი გაგებაა.

ოღონდ, რანაირად უნდა გაიგო ის, რაც ათასობით წლის წინ და სხვადასხვა ავტორების მიერაა დაწერილი, საერთოდ როგორ უნდა გაიგო რაიმე, რაც სხვამ დაწერა, ან საერთოდ რაიმე როგორ უნდა გაიგო, თუ აშკარად ხვდები, რომ შენი გონება ამისთვის უკმარია.

ამ კითხვაზე პასუხი ისევ და ისევ წიგნშია. მაგალითად, როგორც ცნობილია, ანა კარენინამ მხოლოდ იმის შემდეგ გაიგო წაკითხული, რაც გაიცნო ვრონსკი, ჩაჯდა შინისკენ, თავისი ოჯახისკენ მიმავალ მატარებელში, გადაშალა წიგნი და დაიწყო კითხვა – ანუ, ის აღმოჩნდე რაღაც დაძაბულობის ველში, იმაში, რასაც გამოცდილებას ვუწოდებთ.

პრინციპში, წიგნი მხოლოდ კითხვისა და შემეცნებისთვისაა განკუთვნილი, ეს არის ის, რაც წიგნს ყველაზე უკეთ გამოსდის, რისი სწავლებაც მას კარგად შეუძლია, ოღონდ მხოლოდ თვალითა და გონებით თუ არ კითხულობ.

და ისიც შეიძლება, რომ წიგნს ნაბეჭდი წიგნის ფორმა საერთოდ არ ჰქონდეს, – მაგალითად მაშინ,  თუ აღმოაჩენ, რომ შენც წიგნი ხარ და შენშიცაა რაღაც ისეთი, რასაც უნდა უპასუხო, –  წაიკითხო და გაიგო, თუკი აღმოაჩენ, რომ სამყაროც წიგნია და ყველანი, რაღაც აზრით, წიგნის პერსონაჟები ვართ.

ფრესკებზე იესო ქრისტე ხშირად გადაშლილი, ანუ წასაკითხი წიგნითაა გამოსახული, ხოლო მუსლიმთა ღმერთი საერთოდაც თვითონ ქმნის წიგნს, ყურანს – რომელიც ასე ითარგმნება – „საკითხავი“.

ასე რომ წიგნი, ჩემთვის, საბოლოო ჯამში, ტრანსცენდენტური მოვლენაა: ის გარეთაა და შენამდე არსებობს, მაგრამ  მას შეუძლია ღმერთი, საკუთარი თავი და სამყარო წიგნივით გადაგიშალოს და წაგაკითხოს – აქაც და  მარადისობის პერსპექტივაშიც. იქნებ, ამის გამო იმეორებს ხოლმე ლიოსა თავის ინტერვიუებში, რომ კითხვა არის ის, რაც 5 წლის ასაკში ისწავლა და შემდეგ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: