მთავარი,სიახლეები

„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

11.08.2021 • 1857
„გაიზრდება რიცხვები, გვექნება მძიმე შემოდგომა“ – ექიმი ვახტანგ კალოიანი

„ეს რიცხვები არის მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე,“ – ექიმი და პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ კალოიანი კორონავირუსის ანტირეკორდულ მაჩვენებლებში პირდაპირ ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს. ის პასუხისმგებლობას აკისრებს პრემიერ ღარიბაშვილს, რომელიც მის მიერ დაწესებული აკრძალვების მიუხედავად, მასობრივ თავშეყრას ესწრება და შემდეგ კითხულობს: „დანაშაულია ქეიფი?“

„ბათუმელები“ 3 აგვისტოს წერდა შემთხვევაზე, როცა ქორწილში გამოძახებული პატრულიც კი არ აჯარიმებდა სარიტუალო დარბაზის მესაკუთრეს პანდემიის დროს მორიგი ქორწილის გამართვისთვის.

დღეს, 11 აგვისტოს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 5353 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აჭარაში – 905. 100 000 მოსახლეზე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით ქვეყანა ევროპაში პირველ ადგილზეა.

ექიმი ვახტანგ კალოიანი მიიჩნევს, რომ ამ ვითარებიდან თავის დასაღწევად აუცილებელია არსებული რეგულაციების მკაცრად შესრულება, „და არა ის ბაკქანალია, რაც ხელისუფლებამ შექმნა“. ექიმი ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ დროული ვაქცინაციაა ერთადერთი გამოსავალი.

„ჩვენ გვექნება მძიმე შემოდგომა და ზამთარიც, თუ ეს ღონისძიებები არ გავატარეთ და იმუნური ფენა არ შევქმენით… აუცილებლად გაიზრდება ეს რიცხვები. თუ შევძლებთ შეზღუდვების მკაცრ აღსრულებას, დაახლოებით ორ კვირაში რაღაც დონის შემცირება გვექნება, სტრატეგიული გამოსავალი კი არის ვაქცინაცია, რომელიც შედეგს მოგვცემს დაახლოებით სექტემბრის ბოლოს, ოქტომბერში. ახლა მთელი დატვირთვა არის კლინიკებზე, სადაც იბრძვიან თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად”.

ექიმის აზრით, ხელისუფლების მორიგი შეცდომა კოვიდის მართვის პროცესში იყო აქცენტის გაკეთება პატარა კლინიკებზე, სადაც კოვიდპაციენტებს მკურნალობენ. ,,სამწუხაროდ, მეტწილად ჩვენ საზოგადოების თვითორგანიზებაზე ვართ ახლა დამოკიდებული. ეს იქნება თვითიზოლაციის წესების დაცვა თუ აქტიური ვაქცინაცია. ჩვენ გვაქვს საიმედო ტენდენცია, როცა დღეში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი იცრება, თუმცა რაც უფრო მეტი აიცრება, მით უკეთესი იქნება,“ – ამბობს ვახტანგ კალოიანი.

„დღეს გაიხსნა მხოლოდ ინგოროყვას კლინიკა კოვიდპაციენტებისთვის… გარდა ამისა, ხელისუფლება შეზღუდვების გამკაცრებაზე უნდა ფიქრობდეს მაშინ, როცა ჰოსპიტალური საწოლების 50 პროცენტზე მეტი დაიტვირთება. დღეს რეალურად 100-პროცენტიანი დატვირთვა გვაქვს და ხელისუფლებისგან რეგულაციების აღსრულებაზე საუბარი უკვე ძალიან დაგვიანებულია.

გამოწვევაა საველე ჰოსპიტლებიც, თუმცა სწორი მართვის  და დაგეგმვის პირობებში, საქართველოს სამედიცინო სისტემა ამას შეძლებს,“ – მიიჩნევს ვახტანგ კალოიანი.

ექიმი ხედავს როგორც მოქმედი, ასევე ექსპრემიერის პერსონალურ პასუხისმგებლობასაც.

„ღარიბაშვილის მიერ მაისში მიღებული გადაწყვეტილება, როცა გააუქმა თითქმის ყველა რეგულაცია, იყო პოპულისტური, რადგანაც საქმე ეხება ძალიან დაბალი იმუნიტეტის მქონე ქვეყანას, აცრილობის ძალიან დაბალ მაჩვენებელს. ამ გადაწყვეტილებით მივიღეთ ის ტრაგიკული შედეგი, რა მდგომარეობაშიც ვართ დღეს ჩვენ… მან არათანმიმდევრულად მოხსნა შეზღუდვები და გააჩინა უპასუხისმგებლო დამოკიდებულება  იგივე დარჩენილი რეგულაციების შესრულების კუთხით. ნახეთ კანდიდატების წარდგენაზეც რამდენი ადამიანი იყრის თავს ერთად.

წინა პრემიერის – გიორგი გახარიას პასუხისმგებლობა კი არის ის, რომ მან რეალურად ვერ შეძლო ვაქცინების მობილიზება, ჩვენ დავკარგეთ ერთი წელი. ჩვენ აღმოვჩნდით იმ ქვეყნების რიგში, რომლებსაც ცუდი წვდომა ჰქონდათ ვაქცინაციაზე და ამ დროს გვქონდა უმკაცრესი, არათანმიმდევრული შეზღუდვები, ისეთი, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც კი რომ ვერ გაუძლებდნენ. გახარიას შეზღუდვებმა რეალურად გამოწოვა ქვეყნის ეკონომიკა. გარდა ამისა, ჩვენ იმ დროს ვერ მოვახერხეთ მომზადება და საბოლოოდ ძალიან დიდი ფასი გადავიხადეთ,“ – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: