ქორწილების და სხვა მასშტაბური ღონისძიებების მოწყობა კანონით აკრძალულია, თუმცა პოლიცია ამ დარღვევაზე არ რეაგირებს. სარიტუალო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით ადამიანი უპრობლემოდ ესწრება ქორწილს, პარალელურად კი, კოვიდის გავრცელების მაჩვენებელი კატასტროფულად იზრდება – დღეს, მაგალითად, 100 000 მოსახლეზე კორონავირუსის გავრცელების დინამიკით საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.
სარიტუალო დარბაზების მესაკუთრეები მედიასთან არც მალავენ, რომ ქორწილები შეუზღუდავად იმართება.
დააჯარიმა თუ არა პოლიციამ, მაგალითად, სარიტუალო დარბაზის მესაკუთრე, სადაც გუშინ, 2 აგვისტოს ქორწილს პოლიციელებიც შეესწრნენ? – კითხვით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრს მივმართეთ. მოქალაქემ ერთ-ერთ სარიტუალო დარბაზთან გადაღებული ვიდეო გამოგვიგზავნა და გვითხრა, რომ ქორწილში ატეხილი ხმაურის გამო პოლიცია გამოიძახეს. ვიდეოში ჩანს ხალხმრავლობა და 10-ზე მეტი პოლიციელი სარიტუალო დარბაზთან, ისინი მოქალაქეებს ესაუბრებიან.
კანონით, პოლიცია ვალდებულია 2 ათასი ლარით დააჯარიმოს ადამიანი, რომელიც ქორწილს გამართავს. რაც შეეხება სარიტუალო დარბაზს, რომელიც ქორწილის უზრუნველყოფისთვის კანონით 10 ათასი ლარით უნდა დაჯარიმდეს, ქორწილის ორგანიზატორებმა გამოსავალი იპოვეს – კერძო პირსა და სარიტუალო დარბაზს შორის ფორმდება ქირავნობის ხელშეკრულება. შესაბამისად, მთელი პასუხისმგებლობა ქორწილის ორგანიზატორზე გადადის, რომელიც მხოლოდ 2 ათასი ლარით ჯარიმდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრიდან არ მოგვაწოდეს ინფორმაცია, პირდაპირ ქორწილში აღმოჩენილმა პატრულმა თუ დააჯარიმა ვინმე აკრძალული „სოციალური ღონისძიებისთვის“.
3 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4827 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 34 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.