ბათუმი,სიახლეები

PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

21.07.2021
PCR ტესტი ან იზოლაცია – საქართველოს აცრილი მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების წესი

საქართველოს მოქალაქე, რომელიც კორონავირუსზე აცრილია და ქვეყანაში სახმელეთო გზით PCR-ის გარეშე შემოვა, 8-დღიან თვითიზოლაციაში გადავა.

კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე თვითიზოლაციიდან იმ შემთხვევაში თავისუფლდება, თუ ის სახმელეთო გზით ქვეყანაში შემოსვლისას, კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად PCR ტესტის ნეგატიურ პასუხსაც წარადგენს.

ივნისის დასაწყისში სახელმწიფო უწყებებმა „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ არც თვითიზოლაციაში გადასვლის ვალდებულება ექნებოდათ და არც PCR ტესტის ჩატარების.

გუშინ, 20 ივლისს კი, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სავალდბულოა PCR ტესტი ან თვითიზოლაცია: „სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოსვლისას უცხო ქვეყნის მოქალაქემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ნებისმიერი კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი და ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სახმელეთო გზით კოვიდვაქცინით შემოდის, მაგრამ PCR ტესტის პასუხი არ აქვს, ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ ექვემდებარება 8-დღიან თვითიზოლაციას.

საქართველოს მოქალაქეს საქართველოში ნებისმიერ შემთხვევაში ვუშვებდით და ვუშვებთ, უბრალოდ, როგორც აცრილ, ასევე აუცრელ საქართველოს მოქალაქეს PCR ტესტის პასუხის წარდგენა სახმელეთო საზღვარზე, მხოლოდ სავალდებულო თვითიზოლაციისგან ათავისუფლებს.

ანუ:

  • კოვიდზე აცრილ საქართველოს მოქალაქეს სახმელეთო საზღვარზე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა სჭირდება მხოლოდ იმისთვის, რომ ის ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ თვითიზოლაციაში აღარ გადავიდეს.
  • ხოლო, თუ საქართველოს მოქალაქე აცრილი არ არის, მაგრამ საქართველოში PCR-ით შემოვა, მას ამ შემთხვევაში ტესტი ეხმარება იმაში, რომ აირჩიოს – თვითიზოლაციაში გადავიდეს ან არ გადავიდეს იზოლაციაში და ქვეყანაში შემოსვლიდან მესამე დღეს კვლავ ჩაიტაროს პისიარი“.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე გადადის უცხო ქვეყანაში და იმავე დღეს ბრუნდება საქართველოში? – სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის განმარტებით, ქვეყანაში შემოსვლისას მას აუცილებლად სჭირდება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა საზღვარზე იმისთვის, რომ თვითიზოლაციისგან გათავისუფლდეს.

„რეგულაციების მიხედვით, საქართველოს მოქალაქემ, რომელიც საქართველოში კოვიდვაქცინით შემოდის, უნდა წარმოადგინოს PCR-ის პასუხიც, რომელიც იმ ქვეყანაში ექნება ჩატარებული, საიდანაც შემოდის. აქ, ვინაიდან ფიქსირდება საზღვრის კვეთა, მნიშვნელობა არ აქვს, ერთი დღით იმყოფებოდი უცხო ქვეყანაში თუ მეტი ხნით. თუ არ ექნება ტესტის პასუხი, ექვემდებარება თვითიზოლაციას“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეპარტამენტის განმარტებით, მაგალითად, თუ კოვიდზე აცრილი საქართველოს მოქალაქე საქართველოში ჩაიტარებს ტესტს და ამ ტესტის ჩატარებიდან 72 საათის შუალედში დატოვებს ქვეყანას და კვლავ დაბრუნდება, ის ამ ტესტის პასუხით თვითიზოლაციისგან გათავისუფლდება.

რაც შეეხება საჰაერო გზით საქართველოში შემოსვლას, კოვიდზე აცრილ როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე PCR-ის პასუხის წარდგენის ვალდებულება არ აქვთ და მხოლოდ კოვიდვაქცინით ქვეყანაში თავისუფლად შემოსვლა შეუძლიათ.

რატომ არის სავალდებულო სახმელეთო გზით შემოსვლისას PCR-ის წარდგენა აუცილებელი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის და რატომ არ არის იგივე საჭირო საჰაერო გზით შემოსვლისას? ამასთან, კოვიდით აცრილი საქართველოს მოქალაქე, თუ სახმელეთო გზით შემოვა ტესტის გარეშე, რატომ უნდა გადავიდეს თვითიზოლაციაში, განსხვავებით იმავე პირობებში საჰაერო გზით შემოსული მოქალაქეებისგან?

საქართველოს მთავრობის ცხელ ხაზზე „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ზოგადად, „ავიაკომპანიებს აქვთ მითითება, სასურველია ბორტზე მგზავრები მხოლოდ PCR-ის პასუხით დაუშვან. თუმცა, აცრილი მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ავიაკომპანია წყვეტს, მოსთხოვოს თუ არა მგზავრს ტესტის პასუხიც“.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: