დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 10 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 816 შემთხვევა.
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, მსოფლიოში COVID-19-ის ამ ახალი შტამის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. დინამიკა მზარდია საქართველოშიც.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ომიკრონი განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება და გარკვეულწილად, იმუნიტეტის გვერდის ავლა ახასიათებს. დარგის სპეციალისტების მიერ ახალ შტამზე დაკვირვება აქტიურად მიმდინარეობს და მის შესახებ ინფორმაცია მუდმივად განახლებადია.
ახალ შტამთან ბრძოლის მეთოდები დროული ვაქცინაცია, ბუსტერ-დოზის გაკეთება, ნიღაბის ტარება და სხვა პროფილაქტიკური ღონისძიებების მკაცრი დაცვაა.“ – აცხადებს ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი.
ომიკრონის პირველი შემთხვევა საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.
კორონავირუსის ახალი შტამის დასადგენად საჭიროა სპეციალური ლაბორატორიული კვლევა, რომელიც ყველა დადასტურებულ შემთხვევას არ უტარდება, შესაბამისად, სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად ომიკრონის შემთხვევები ქვეყანაში გაცილებით მეტია.
10 იანვრის დილის მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში ვირუსის 2 953 ახალი შემთხვევა დადასტურდა:
2 953 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 31 ადამიანი – კორონავირუსი საქართველოში