მთავარი,სიახლეები

მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

29.08.2019 • 1911
მიკროავტობუსით მგზავრთა გადაყვანის ნებართვებზე ბათუმის მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ბათუმში მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად ქალაქის მერიამ კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეთა განცხადებების მიღება, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, იწარმოებს ბათუმის მერიის კანცელარიაში 2019 წლის 5 სექტემბრიდან 6 სექტემბრის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, მისამართზე: ქ. ბათუმი, ლ.ასათიანის ქ. N25;

საკონკურსო კრიტერიუმების მიხედვით, M2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (მიკროავტობუსის) მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასება მოხდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, გოგოლის ქ. N1 (ავტოსადგურ „მეტროს“ ტერიტორიაზე) 2019 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით, დილის 10:00 სთ-დან საღამოს 17:00 სთ-მდე. „აღნიშნულ პერიოდში კონკურსში მონაწილე ნებართვის მაძიებელ პირებს დამატებით, ზუსტად ეცნობებათ მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შეფასების დროის განრიგი სამარშრუტო ხაზების მიხედვით,“ – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

_ _ _ _ _

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს.

2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში ექვსმა კომპანიამ გაიმარჯვა. კონკურსი კი 564-მა მიკროავტობუსმა გაიარა.

საკონკურსო პირობებში გარკვეული ცვლილებებიც შედის. თუ აქამდე სავალდებულო იყო, რომ მიკროავტობუსს ჰქონოდა მინიმუმ 3 ფანჯარა, რომლებიც იღებოდა, ახალი პირობით მიკროავტობუსს ასეთი მინიმუმ 4 ფანჯარა უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად, სავალდებულო იქნება მიკროავტობუსს აუცილებლად ჰქონდეს ლუქი. „რაც შეეხება კონდენცირების სისტემას, თუ იქნება – სასურველია, მაგრამ არა – სავალდებულო“ – გვითხრეს მერიაში.

ნებართვის მფლობელი ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით [მერიაში აცხადებენ, რომ ამ სისტემის მეშვეობით გაკონტროლდება მიკროავტობუსების მოძრაობა ქალაქში].

რაც შეეხება მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟებას, რისი მცდელობაც გასულ წელსაც იყო, მერია ვერც ამ კონკურსზე ახერხებს ეს  სავალდებულო გახადოს. მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი].

მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით კი, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში ყველა ხაზზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების ჯამური რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/224790/

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: