შენობა დანგრევის პირასაა და შესაძლოა დააზიანოს გვერდით კორპუსები – სამხარაული 

ბათუმში, 26 მაისის №13-ში მდებარე ჩამონგრეული სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟის სამუშაოებზე ქალაქის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს. შესაბამისი განაცხადით სამმართველომ შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა.

დოკუმენტების მიხედვით, სახლის დარჩენილი ნაწილის დემონტაჟისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან  572 308 ლარი დაიხარჯება. დემონტაჟს დაახლოებით 5 თვე დასჭირდება.

„2021 წლის 08 ოქტომბერს ქ. ბათუმში, 26 მაისის №13-ის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. საცხოვრებელი სახლის პირველი სადარბაზოს მზიდი კონსტრუქციების ნაწილის მასშტაბური ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი შენობის დარჩენილი ნაწილი… ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ექსპერტიზა. დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ძლიერი დაზიანების გამო არსებული შენობა მთლიანად დასანგრევია.

დემონტაჟის სამუშაოები უნდა მოხდეს უმოკლეს ვადაში, რადგან დარჩენილი ნაწილი წარმოადგენს საზოგადოებისათვის დიდ საფრთხეს, რადგან შეიძლება დაიწყოს თავისთავადი ნგრევის პროცესები. შენობა დანგრევის პირასაა და დანგრევის შემთხვევაში შესაძლებელია დააზიანოს გვერდით არსებული კორპუსები. ირგვლივ ტერიტორია შემოღობილია და აკრძალულია განსაზღვრულ პერიმეტრზე გადაადგილება“, – აღნიშნულია მერიის სამმართველოს განაცხადში.

დემონტაჟისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე მერიის სამმართველომ კერძო კომპანიას ცალკე 20 ათასი ლარი გადაუხადა.

ამავე თემაზე:

რა ევალება მეპატრონეს, თუ ბინაში საყრდენ კედელს ცვლის – ინტერვიუ არქიტექტორთან

12 პერსონალური ასისტენტი 12 შშმ პირისთვის – რას მოიცავს საპილოტე პროგრამა

მომავალი წლიდან ბათუმში სრულად ამოქმედდება პილოტური პროგრამა – პერსონალური ასისტენტების სერვისი შშმ პირებისთვის. პროგრამა პილოტურია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი 12 თვეზეა გათვლილი. ამ ხნის განმავლობაში სერვისით დაახლოებით 12 ბენეფიციარი ისარგებლებს.

საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ: პერსონალური ასისტენტის სერვისი − სერვისი, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უწევს სათანადო დახმარებას დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და საკუთარი ცხოვრების კონტროლის გაზრდის მიზნით, აგრეთვე განათლების მიღებისას, სამუშაო ადგილზე, საჯარო სერვისებით სარგებლობისას ან ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას;

წელს 12-მა ადამიანმა გიარა პერსონალური ასისტენტის დაახლოებით ერთთვიანი კურსი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 14 400 ლარი დაიხარჯა. „წელს ჩვენ  გადავამზადეთ პერსონალური ასისტენტები, რადგან გადამზადების გარეშე ისინი კვალიფიციურ სერვისს ვერ მიაწოდებენ შშმ პირებს” – ამბობს მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე მარინა რუხაძე. ასისტენტები ტენდერში ივლისში გამარჯვებულმა ასოციაცია “ანიკამ” გადაამზადა.

მერიის ჯანდაცვის სამსახურში განმარტავენ, რომ სერვისი გათვლილია იმ ეტლით მოსარგებლე შშმ პირებისთვის, რომლებიც ეწევიან აქტიურ ცხოვრებას, „მაგალითად, იქნებიან ესენი სტუდენტები, სპორტდარბაზში თუ სადმე სხვაგან წასვლის მსურველი შშმ ადამიანები. ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს აქვს გადაადგილების პრობლემა ბათუმში და ზოგადად, აჭარაში, არ არის ცნობილი, თუმცა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო ცხრა თვეში, აჭარის მასშტაბით, დაფინანსებულია 218 ვაუჩერი ეტლის შესაძენად.

„რახან საპილოტეა, დავთანხმდით, რომ იყოს 12 ადამიანი, თან უნდა იყოს სრულწლოვანი და აქტიური ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს, მუშაობდეს, სწავლობდეს ან სპორტით იყოს დაკავებული, ყოველდღიურ რეჟიმში უნდა უწევდეს გამოსვლა სახლიდან… ჩვენ გვინდა, რომ განაცხადი და საბუთები შეიტანოს ყველამ, ვინც აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს და ვინც არ აკმაყოფილებს, რომ გვქონდეს დაახლოებითი სტატისტიკა, თუ რამდენ ადამიანს სჭირდება რეალურად ეს” – ამბობს თომა კაკაბაძე ორგანიზაციიდან „ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის“.

საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება 2024 წლის 1-ელ იანვრამდე უზრუნველყოს პერსონალური ასისტენტის სერვისის მართვის სტანდარტებისა და წესების, მათ შორის, პერსონალური ასისტენტის შერჩევის კრიტერიუმების, დამტკიცება.

მარინა რუხაძის თქმით, ახალ პროგრამაში შშმ პირთა ასისტენტის უფლება-მოვალეობების შემუშავებისას მერიის ჯანდაცვის სამასახურმა შშმ პირთა კონვენციით იხელმძღვანელა.

„მათ მოვალეობაში შედის, რომ ამ ადამიანებს დაეხმარონ აქტივობის შესრულებაში. ვთქვათ, იქნება ეს ჩაცმა თუ თავის მოვლა. საქმიანობა იმდენად არა, უფრო დახმარება გადაადგილებაში, ტრანსპორტირებაში, დასვენება, კომუნიკაცია, დღის დაგეგმვა იქნება ეს თუ რამე სხვა ასეთი აქტივობა, ამ ყველაფერში დახმარება” – ამბობს მარინა რუხაძე – “ეს სანამ დამტკიცდება სახელმწიფო სტანდარტი და თუ კიდევ რაიმე დაჭირდება დამატებით, შესაბამისად გაფართოვდება მათი უფლება-მოვალეობები. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ, რომ თითოეულ შშმ პირსა და პერსონალურ ასისტენტს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება, რომელშიც იქნება გაწერილი ორმხრივი ვალდებულებები, რადგან ან ნაკლები სერვისი არ მიაწოდონ შშმ პირებს, ან იმათგან იყოს მეტის მოთხოვნა”.

ეს არის პილოტური, დავიწყებთ, შევხედავთ, რაც გამოვლინდება ხარვეზი, სურვილები, შესაბამისად გავითვალისწინებთ, ამიტომ ვიწყებთ 2022 წლიდან მხოლოდ 12 პირზე. – მარინა რუხაძე

ბენეფიციარები მხოლოდ სურვილის მიხედვით ვერ შეირჩევიან, მერიის ჯანდაცვის სამსახურს ამ ნაწილში “დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი” დაეხმარება. ეს ცენტრები საქართველოს მუნიციპალიტეტებში USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. “ისინი აარჩევენ, რადგან ჩართულნი არიან ამ შშმ პირთა უფლებებთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხებში, იქნება ეს ადვოკატირება თუ სხვა რამ” – თქვა რუხაძემ.

გადამზადებულ 12 ასისტენტს 8-საათიანი სამუშაო დღე ექნება. მათი დღის განრიგი ინდივიდუალური მიდგომის საფუძველზე გაითვლება. მომავალი წლის ბიუჯეტიდან ამ პროგრამისთვის 43 200 ლარია გათვალისწინებული, რაც ძირითდად ასისტენტების ხელფასებზე დაიხარჯება.

მთავარ ფოტოზე: ეტლით მოსარგებლე ჯემალ ჭელიძე, რომელმაც ეტლი პროტესტის ნიშნად დაუტოვა თორნიკე რიჟვაძეს, რადგან მას აჭარის მთავრობაში არავინ მოუსმინა. იგი მთავრობისგან პერსონალური ასისტენტის დანიშვნას ითხოვდა, რადგან მისი ორი შვილი პატიმრობაშია და მოვლის პრობლემა აქვს.

 

ამავე თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

ავღანეთში 23 მილიონ ადამიანს შიმშილი ემუქრება, მათ შორის, 3 მილიონზე მეტი ბავშვია

ავტორი: ანა შენგელია 

ავღანეთი ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის წინაშეა.

გაეროს ცნობით, ავღანეთს ნოემბერში მასშტაბური შიმშილი ემუქრება და ამის თავიდან ასაცილებლად გადაუდებელი ზომების მიღებაა საჭირო. 

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეფასებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარს, თითქმის 23 მილიონ ადამიანს, საკვების მწვავე დეფიციტი აქვს. 

როგორც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი კუ დონჟუ აცხადებს, საჭიროა სწრაფი მობილიზაცია დახმარების გასაწევად:

„ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი. ჩვენ არ უნდა ვისხდეთ ხელდაკრეფილები და არ უნდა ვაკვირდებოდეთ, როგორ ხდება ეს ტრაგედია ჩვენ თვალწინ. ეს დაუშვებელია.“

გაეროს მონაცემებით, ავღანეთში აპრილის შემდეგ 37 პროცენტით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ებრძვიან შიმშილს. 

რისკის ჯგუფში 5 წლამდე ასაკის 3,2 მილიონი ბავშვია. 

გაეროს ცნობით, თუ ავღანეთში ადრე ძირითადად სოფლად მცხოვრებთათვის იყო პრობლემატური საკვების მოპოვება, დღეს სავალალო მდგომარეობაშია ქალაქის მოსახლეობაც.

მასობრივი უმუშევრობა, სავარაუდოდ, გააღატაკებს საშუალო ფენას და კიდევ უფრო გაზრდის შიმშილობის მაჩვენებელს.

გაეროს ჰუმანიტარული გეგმა ავღანეთში მხოლოდ ერთი მესამედით ფინანსდება, „ეს წვეთია ზღვაში“ –  აცხადებს გაერო და მოუწოდებს დონორებს, სასწრაფოდ გამოყონ დაპირებული თანხები. 

______________

ფოტო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

,,აჭარაბეთ არენა“ შეხვედრების ოთახებით სარგებლობას გთავაზობთ

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი – ,,აჭარაბეთ არენა“ დაინტერესებულ პირებს შეხვედრების ოთახებით სარგებლობას სთავაზობს.

სტადიონზე განთავსებულია უახლესი აპარატურით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი, ასევე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ოთახები და ბიზნეს-ბოქსები. აღნიშნული სივრცეები განკუთვნილია ტრენინგების ჩასატარებლად, საქმიანი შეხვედრების გასამართად და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისათვის.

მრავალფეროვანი სერვისის შეთავაზების მიზნით, სივრცეების დაჯავშნა შესაძლებელია როგორც საათობრივად და დღიურად, ასევე, ერთი თვით ან წლიურად.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შპს ,,აჭარის პროექტების მართვის კომპანიას“: https://www.facebook.com/ajaraprojectsmanagementcompany მის.: ბათუმი, ჟიული შარტავას გამზირი N 13 (შესასვლელი გუდიაშვილის ქუჩის მხრიდან).

გააკეთეთ განმარტება, რატომ არ შემოუშვით უკრაინელი ჟურნალისტები – მიმართვა მთავრობას

კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, განმარტოს, რატომ არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტები.

„კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განმარტებები საქართველოს საზღვარზე ჟურნალისტების არ შემოშვების თაობაზე და პატივი სცეს მედიის წარმომადგენელთა უფლებებს შეასრულონ თავიანთი პროფესიული მოვალეობა“ – აცხადებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“.

დღეს, 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. გორდონი კიევიდან თბილისში დილით გამოფრინდა, მაგრამ ქვეყანაში შემოსვლის ნებართვა ვერ მიიღო.

„ახლახან ოფიციალურად განმიცხადეს, რომ საქართველოში შემოსვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ დაუსახელებიათ. ცალსახად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაუკეთოს ჩემს შეხვედრას მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. რაც მოხდა, საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია”, — წერს გორდონი.

დიმიტრი გორდონის გარდა საქართველოში არ შემოუშვეს არც მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი.

შს სამინისტროს ჯერ არ განუმარტავს, რა მიზეზით არ შემოუშვეს საქართველოში უკრაინელი ჟურნალისტი.

 

5 სახლის ისტორია ბათუმში

ბათუმში სეირნობისას ალბათ არაერთ ძველ შენობასთან შეჩერებულხართ და გიფიქრიათ – როდის აშენდა ეს სახლი? ვის ეკუთვნოდა? რა ამბებს ინახავს ძველი კედლები?

ამ სტატიაში ჩვენ მოგიყვებით ბათუმის 5 ძველი სახლის შესახებ, რომელთაც ქალაქის ისტორია უკავშირდება.

  • ატლანტები თეთრ შენობაზე – ნიკოლოზ საბაშვილის სახლი

ბათუმში, კონსტანტინე გამსახურდიასა და მემედ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაზე  თეთრი სახლი დგას, ფასადზე გამოსახული ატლანტებით. ახლა ამ შენობაში აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია მუშაობს, საუკუნის წინ კი მთელი სახლი ერთი ოჯახის საკუთრება იყო.

შენობა, რომელიც დღესაც განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მოჩუქურთმებული ფასადის და დახვეწილი არქიტექტურის გამო, ოდესღაც ბათუმელი კომერსანტის, ნიკოლოზ საბაშვილის ოჯახის საკუთრება იყო.

XIX საუკუნის ბოლოს, როცა ნიკოლოზ საბაშვილმა [საბაევმა] ააშენა ეს სახლი, ახლანდელ მემედ აბაშიძის ქუჩას მარიას პროსპექტი ერქვა.

საბაშვილს ჩაის, ციტრუსის პლანტაციები ჰქონდა ჩაქვში და მაღაზიები – ბათუმში. იგი კათოლიკე იყო, ახალციხიდან ბათუმში მე-19 საუკუნის ბოლოს გადმოსახლდა და ქალაქის საზოგადოებრივ – პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა.

ნიკოლოზ საბაშვილს დიდი წვლილი შეუტანია ბათუმის კათოლიკური ეკლესიის მშენებლობაში, ხელს აწერდა ილიას გარდაცვალების გამო გამოგზავნილ ბათუმელთა სამძიმრის ტელეგრამას.

საბაშვილის სახლის ფასადის ატლანტებსა და ჩუქურთმებზე ქართველი სკულპტორი,  სერაფიმე პოლოლიკაშვილი მუშაობდა. პოლოლიკაშვილი პარიზის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა ერთხანს და ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ფასადის გაფორმებაშიც მიუღია მონაწილეობა უცხოელ ოსტატებთან ერთად.

ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ ნიკოლოზ საბაშვილს ქონება ჩამოართვეს, მათ შორის ეს სახლიც.

მისი შვილიშვილი, ბეატრისა საბაშვილი მოგონებებში იხსენებს, რომ ბაბუა ნიკოლოზს, რომელიც მანამდე სულ ძვირფასი საჩუქრებით ჩადიოდა შვილიშვილებთან თბილისში, გაღარიბების შემდეგ პატარა ბეატრისასთვის კატის კნუტი ჩაუყვანია მოწნული კალათით.

ამ ამბების შემდეგ საუკუნე გავიდა, თუმცა დღესაც, ატლანტებიანი სახლის დანახვაზე არაერთი ბათუმელი ამბობს, რომ ეს საბაევის სახლია.

  • ბერძენი ექიმის სახლი

ბათუმში, რუსთაველის ქუჩის №33-ში ულამაზესი ორსართულიანი სახლი დგას, მრგვალი პარმაღით და აივნით.

ეს სახლი ცნობილ ბათუმელ ექიმს, ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისს ეკუთვნოდა, რომელიც წარმოშობით ბერძენი იყო. ტრიანდაფილიდისმა პარიზში სწავლისას გაიცნო მომავალი მეუღლე, ასევე ექიმი ვერა კოტლიარევსკაია,  რომელიც ბათუმელი იყო და საცხოვრებლად წყვილმა ბათუმი აარჩია.

ტრიანდაფილიდისს და მის მეუღლეს ბათუმში მალარიასთან ბრძოლა ჰქონდათ განზრახული. ექიმი სამეცნიერო ნაშრომებსაც აქვეყნებდა სხვადასხვა გამოცემაში.

1890-იან წლებში ბათუმში ქოლერა გავრცელებულა. ექიმი ტრიანდაფილიდისი და მისი მეუღლე, ვერა კოტლიარევსკაია ქალაქის განაპირას სპეციალურად დაავადებულებისთვის მოწყობილ ბარაკებში უსასყიდლოდ მკურნალობდნენ პაციენტებს და უამრავი ადამიანი გადაარჩინეს სიკვდილს.

ქალაქის ცნობილი ექიმი 1902 წელს ბათუმის სათათბიროს ხმოსნადაც აირჩიეს.

ექიმ ტრიანდაფილიდისის სიცოცხლე ტრაგიკულად დასრულდა. ავაზაკებმა ის სახლიდან მოტყუებით გაიყვანეს, გაიტაცეს და ოჯახს მისი დახსნის სანაცვლოდ 30 000 მანეთი მოსთხოვეს. მას შემდეგ, რაც თანხა ვერ მიიღეს, ქალაქის ყველაზე ცნობილი ექიმი მოკლეს, მისი ცხედარი კი ქუჩაში დააგდეს.

საქმე ძალიან გახმაურდა. მაშინდელი პრესა ხშირად წერდა ამ ამბავზე. ექიმის მკვლელები დააკავეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს.

ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი ნიკოლოზის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. მის სახლს კი საბჭოთა წლებში ნაციონალიზაცია შეეხო.

  • როგორ იქცა აშშ-ს საკონსულო საბჭოთა ბათუმის ყველაზე საშიშ შენობად

მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმში, რომელიც უმნიშვნელოვანესი ქალაქი იყო სამხრეთ კავკასიაში, ათობით ქვეყნის საკონსულო იყო გახსნილი. მათ შორის იყო ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოც.

საკონსულო რუსთაველის #7-ში მდებარეობდა. დღეს ამ შენობაზე მემორიალურ დაფასაც ნახავთ.

სხვადასხვა ცნობით, აშშ-ის საკონსულო ბათუმში უკვე მუშაობდა 1913 წელს.

საბჭოთა ოკუპაცია ბათუმის ყველა მნიშვნელოვან შენობას შეეხო, მათ შორის აშშ-ის საკონსულოსაც. შენობაში, სადაც ოდესღაც ამერიკის კონსული იჯდა, უშიშროების სამსახური, „ჩეკა“ მუშაობდა.

დიდი ტერორის დროს ბათუმში ამ შენობას შიშით უქცევდნენ გვერდს. აქ წყდებოდა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც საბჭოთა სისტემას „საზოგადოებისთვის მავნედ“ ეჩვენებოდა.

  • შვედეთის საკონსულო ძველ ბათუმში

როცა შვედმა ძმებმა, რობერტ და ლუდვიგ ნობელებმა ნობელების სააქციო საზოგადოება დააფუძნეს, ბათუმში მრავალმა შვედმა მოიყარა თავი.

შვედეთის მთავრობის დადგენილებით და ნობელების ოჯახის ინიციატივით 1888 წელს შვედეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ მიიღო გადაწყვეტილება ბათუმში დაეფუძნებინათ შვედეთის საკონსულო სამსახური.

ვიცე-საკონსულო 1888 წლის 27 სექტემბერს დაარსდა, მაშინდელი დონდუკოვ კორსაკოვის პირველ ნომერში, ახლანდელ დუმბაძის ქუჩაზე.

შვედეთის კონსულები ბათუმში სხვადასხვა დროს ნობელის სააქციო საზოგადოების წევრებიც იყვნენ.

შენობა, სადაც შვედეთის საკონსულო იყო განთავსებული დღემდე დგას და სასტუმროდაა გადაკეთებული.

ამ ადგილს ერთი კრიმინალური ისტორიაც უკავშირდება ბათუმის წარსულიდან.

1906 წლის 3 ოქტომბერს  ორმა კაცმა ბათუმში საკონსულოსთან ახლოს ვიცე-კონსული გუსტავ აუგუსტ ჰააგერი მოკლა. შვედეთის საგარეო პოლიტიკურმა უწყებამ რუსეთის ხელისუფლებასა და დიპლომატიურ კორპუსს მოსთხოვა მკვლელობის სწრაფი გამოძიება და დამნაშავეების მკაცრად დასჯა, თუმცა მკვლელები მიიმალნენ და პოლიციამ დამნაშავეებს ვერ მიაკვლია.

არსებობდა ეჭვი, რომ მკვლელები შესაძლოა ყოფილიყვნენ ნობელის საზოგადოების თანამშრომლები ბათუმში, რომლებიც სამსახურიდან ჰააგერის მითითებით დაითხოვეს.

შვედეთის საკონსულომ საქმიანობა ბათუმში 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ.

  • ბათუმის თოჯინების თეატრი

ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ჩავლისას შეუძლებელია თქვენი ყურადღება არ მიიქციოს კოხტა შენობამ, ულამაზესი, ჩუქურთმიანი აივნით.

ახლა ყველამ იცის, რომ ამ შენობაში ბათუმის თოჯინების თეატრია, თუმცა წლების წინ ეს შენობა ბათუმელი ინჟინრის საკუთრება იყო.

აგურისფერი ქვით მოპირკეთებული შენობა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარშია აშენებული.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, კონკრეტულად კი 1924 წლიდან, შენობა გადაეცა აჭარის მასწავლებელთა სახლს, ხოლო შემდეგ აქ „ტიკინების სახლი“ გაიხსნა.

უკვე ათწლეულებია ამ შენობაში თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული თეატრია და ყოველი სპექტაკლის წინ მემედ აბაშიძის ქუჩა ბავშვების სიცილის ხმით ივსება.

„ოცნება“ თბილისში დღეს აქციას მართავს

დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ აქციას მართავს.

„ოცნების“ აქცია დაანონსდა მას შემდეგ, რაც თბილისში 14 ოქტომბერს გაიმართა ხალხმრავალი აქცია მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.

მმართველი პარტია აცხადებს, რომ ეს არის არა კონტრაქცია, არამედ აქცია „მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

„27 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის მიზანი არის შემდეგი: მოგეხსენებათ, რომ ჩვენი სურვილი და ამოცანაა, მაქსიმალური მობილიზაცია გამოვაცხადოთ და ჩვენი ყველა ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. ახლა არ არის მოდუნების დრო. ვიცი, რომ ყველას, მათ შორის ჩვენს ამომრჩეველს სჯერა, რომ ამ არჩევნებს, მეორე ტურებს ყველგან მოვიგებთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძლიერი მოგება და ყველა მუნიციპალიტეტში ძლიერი, დიდი განსხვავებით მოვიგოთ არჩევნები. სწორედ ამ მიზნით უნდა ჩავატაროთ დიდი, მშვიდობიანი აქცია.

ეს არ არის საპროტესტო აქცია. გავიგე, რომ ოპოზიციონერების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს არის კონტრაქცია. ეს არის ჩვეულებრივი მშვიდობიანი აქცია. ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2 დღის წინ.

აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, 17:00 საათზე დაიწყება.

_____________

ფოტოზე: მარჯანიშვილის გადაკეტილი მოედანი თბილისში. ფოტო: ნეტგაზეთი

ძლიერი წვიმის გამო სიცილიაზე 2 ადამიანი დაიღუპა

იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე, ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 1 დაიკარგა.

კატანიაში ძლიერი წვიმის დროს ადამიანები, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, საშიშ სიტუაციაში აღმოჩნდნენ.

მოვარდნილმა წყალმა წაიღო ავტომანქანა, რომელშიც ხანდაზმული წყვილი იმყოფებოდა. 67 წლის კაცის ცხედარი რამდენიმე კილომეტრის დაშორებით იპოვეს, ქალს კი ამ დრომდე ეძებენ.

მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, არ გავიდნენ ქუჩებში, რადგან სიტუაცია კრიტიკულია.

თიბისი დამწყებ ფერმერებს ახალ პროდუქტს სთავაზობს

ქვეყანაში მეხილეობისა და მეხორცული მიმართულებით მეფრინველეობის განვითარების მიზნით თიბისი ახალ პროექტს იწყებს და ამ სფეროში დამწყებ ფერმერებს ფინანსურ რესურსს სთავაზობს. პროდუქტით სარგებლობა შეუძლია ყველა იმ პირს, ვინც საკუთრებაში ან სახელმწიფოსგან გრძელვადიანი იჯარით გადაცემულ მიწის ნაკვეთს ფლობს და სურს მეხილეობის ან მეფრინველეობის დარგში საქმიანობა წამოიწყოს.

აგრო-სტარტაპის მთავარი პირობაა, დამწყებმა ფერმერმა თიბისის მიერ შერჩეულ აგროკომპანიასთან გაიაროს კონსულტაცია, რომელიც მას საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებს. მეხილეობის მიმართულებით თიბისის პარტნიორობას კომპანია ,,აგრო-კომი“ გაუწევს, რომელიც საქართველოს ბაზარზე მრავალი წელია წარმატებულად საქმიანობს. ხოლო მეფრინველეობის დარგში თიბისი კომპანია ,,ნუტრიმაქსთან“ ითანამშრომლებს, რომელიც ლიდერია ადგილობრივ ბაზარზე ფრინველისა და ცხოველის საკვების წარმოებაში.

სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგში თიბისი სტარტაპებს 2016 წლიდან აფინანსებს და ამ მიმართულებით 80 მილიონ ლარზე მეტი აქვს გაცემული. თუმცა, აქამდე დაფინანსებას მხოლოდ ის პირები იღებდნენ,  ვისაც გარკვეული გამოცდილება ჰქონდათ, ახალი პროექტი კი კარგი შესაძლებლობა დამწყებთათვის, ვისაც შესაბამისი ცოდნა არ აქვთ,  წამოიწყონ აგრობიზნესი.

„ჩვენ გამოვიკვლიეთ და გამოვყავით დარგები, სადაც გვაქვს დაბალი თვითუზრუნველყოფა და დამოკიდებული ვართ იმპორტზე. ასეთია მეხილეობა და მეხორცული მეფრინველეობა. გადავწყვიტეთ ამ მიმართულებების განვითარების მიზნით დავეხმაროთ დამწყებ ფერმერებს. ერთის მხრივ, მათ ფინანსურ რესურსს გამოვუყოფთ, მეორე მხრივ, კი დავაკავშირებთ დარგის გამოცდილ პროფესიონალებთან, რომლებიც მთელი საქმიანობის განმავლობაში მათ კურატორობას გაუწევენ. ფერმერს დაეხმარებიან ტექნოლოგიური პროცესის სწორად აღქმაში, დაუმუშავებენ ხარჯთაღრიცხვას და მიაწვდიან წარმოების საშუალებებს. განუსაზღვრავენ მოვლის პროცესში აგროტექნოლოგიური ღონისძიებები რა ვადებში უნდა განახორციელონ და ა.შ. მენტორები თავიდან ბოლომდე დაუგეგმავენ საწარმოო პროცესს და ინფორმაციულად დაეხმარებიან ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ვეტერინარული ღონისძიებების სწორად დაგეგმვაში“, – ამბობს შოთა გონგლაძე, თიბისის ბიზნესის სეგმენტების მართვის ლიგის ექსპერტი აგრობიზნესის მიმართულებით.

პროექტი ითვალისწინებს ისეთი ხეხილის კულტურების თანამედროვე სტანდარტებით გაშენებას, რომელთა  მოყვანა საქართველოში წარმატებითაა შესაძლებელი, ესენია: ვაშლი, მსხალი, ქლიავი,  ბალი და გარგარი. მიზანი კი ისაა, რომ ადგილობრივ ფერმერებს   თანამედროვე სტანდარტების ხეხილის ბაღების გაშენებაში დაეხმაროს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მაღალი ხარისხის, ადგილობრივი პროდუქტებით მოამარაგონ და ახალი საექსპორტო ბაზრები აითვისონ.

ფინანსური რესურსი, რომელსაც თიბისი ფერმერებს სთავაზობს 20 ათასი ლარიდან 1,5 მილიონ ლარამდე მერყეობს. სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა კი 10 წელს შეადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მეხილეობის ნაწილი შესაძლებელია მთლიანად დაფინანსდეს სახელმწიფო პროგრამის ,,შეღავათიან აგროკრედიტის“ ფარგლებში, რომელიც  ძირითად საშუალებებს სრულად აფინანსებს, რაც მოიცავს ბაღების გაშენების და მოვლის ხარჯებს კომერციულ მსხმოიარობამდე (ნაკვეთის შემოღობვა, ნერგების დარგვა, სარწყავი სისტემები და მოვლა), შესაბამისად მსესხებელს თანამონაწილეობა არ მოეთხოვება.

მეფრინველეობის შემთხვევაში კი, თიბისი საპროგნოზო შემოსავლებს ეყრდნობა და ფერმერთან ერთად ინდივიდუალურად განიხილავს პროექტებს. ბენეფიციარმა უნდა წარმოადგინოს კალკულაცია, რაში დახარჯავს  ფინანსურ რესურსს და მას საპროგნოზო შემოსავლებზეც უნდა ჰქონდეს წარმოდგენა. ძირითადი საშუალებების დაფინანსება აქაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში მოხდება, სახელმწიფო ფერმერს ოთხი წლის განმავლობაში დაუფინანსებს სესხის თანხაზე დარიცხულ პროცენტს წლიური 11%-ის ოდენობით.

თიბისის ახალი ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებას. პროექტში ჩართვა ფერმერებს ცხოვრებას გაუმარტივებს, მათ ექნებათ მეტი მხარდაჭერა და მოტივაცია, რომ ის აგრობიზნესი წამოიწყონ, რომელიც ყველაზე მეტად აინტერესებთ.

ბათუმში კოვიდზე 34 ბავშვი მკურნალობს, მათგან 4 ჟანგბადდამოკიდებულია

ბათუმის იაშვილის კლინიკაში კორონავირუსზე 34 ბავშვი მკურნალობს. როგორც კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, მათგან ოთხი ბავშვი ჟანგბადდამოკიდებულია. „30 ბავშვის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა“.

27 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ქვეყნის მასშტაბით კი მდგომარეობა გაცილებით მძიმეა. ბოლო 24 საათში 4 337 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 42 პაციენტი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი 8.12 პროცენტია.

დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კოვიდით მთლიანობაში 103 927 ბავშვი და მოზარდი დაინფიცირდა [0-დან 18 წლამდე]. მათ შორის 9 გარდაიცვალა.

აჭარაში კოვიდის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა

27 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 115 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 3 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

რეგიონში 496 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 205 ადამიანი.

27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 4337 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

ხელვაჩაურში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 8-9 წელი მიუსაჯეს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, 2021 წლის 25 იანვარს ხელვაჩაურში ტაქსისტის დაყაჩაღებაში ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2021 წლის 25 იანვარს ქურდობისთვის ნასამართლევი პირები დანის დემონსტრირებით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს და  ავტომობილი გასტაცეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2021 წლის 26 და 28 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არერთგზის და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით)  წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეეფარდათ“-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამავე წყაროს ცნობით, ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დადასტურდა კოვიდის 4337 ახალი შემთხვევა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

27 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 337 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 53 434 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია  1 412 შემთხვევა, აჭარაში – 115, იმერეთში – 873, ქვემო ქართლში – 356, შიდა ქართლში – 362, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 279, კახეთში – 614, მცხეთა-მთიანეთში – 108, სამცხე-ჯავახეთში – 89, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 37.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 50 681 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 6 228 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

26 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.80%.

 

გაიაქტიურეთ “სილქფესტის” საშემოდგომო შეთავაზებები შეუზღუდავად

“სილქფესტის” საშემოდგომო შეთავაზებები  27 ოქტომბერს მრავალფეროვანი პირობებით დაბრუნდა.

სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს კომბინაციით *202# ერთი ან რამდენიმე პაკეტი გაიაქტიუროს მთელი თვით:

[checklist]

  • 7 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 7 ლარად
  • 700 ლოკალური წუთი – 9 ლარად
  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად
  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად

[/checklist]

 ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა. 

აქციაში ჩართვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეეძლებათ.

სასაუბრო წუთები ვრცელდება საქართველოს ყველა მობილურ და ფიქსირებულ ქსელზე, გარდა გლობალსელის და ასანეტის, ასევე სპეციალური დანიშნულების ნომრების მიმართულებებზე. თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს ინტერნეტზე ერიცხება 1MB -ზე  15 თეთრი; 

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

კომპანია ბათუმში კიდევ 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს

ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, შპს „შინჩიბა“ ოთხი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთზე განაშენიანების გეგმის მომზადების მიზნით ბათუმის მერიას უკვე მიმართა და თანხმობაც მიიღო.

რენდერი

შპს „შინჩიბა“ „მეტრო ჰოლდინგთან“ დაკავშირებული კომპანიაა – 80 პროცენტს ოზგურ ქურთი, 10 პროცენტს „მეტრო ატლას ჯორჯია“, ხოლო დარჩენილი 10 პროცენტს ბინ ლიანგ ჰუანგი ფლობენ.

ოზგურ ქურთი არის ასევე შპს „ვესთ თაუერის“ აქციების მფლობელი. ეს კომპანიაც „მეტრო ჰოლდინგთან“ არის დაკავშირებული და ბათუმში, ფიროსმანის #12ა-ში, ბათუმის იუსტიციის სახლთან, 240 მეტრი სიმაღლის ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

242 მეტრი სიმაღლე და 72 სართული – ახალი, ყველაზე მაღალი თაუერი ბათუმში

„მეტრო ჰოლდინგის“ ერთ-ერთი დირექტორის, რაულ კახაძის ინფორმაციით, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა იგეგმება.

„იქნება თანამდროვე სტანდარტების ბიზნესცენტრები, სავაჭრო ცენტრი და ასე შემდეგ, განხორციელდება 220 მილიონი დოლარის ღირებულების ქართული და უცხოური ინვესტიცია“, – ირწმუნება რაულ კახაძე. მისივე ინფორმაციით, უცხოური ინვესტიცია დუბაიდან იქნება – „ინვესტორებს დუბაიში ბიზნესცენტრები აქვთ“.

ორი ნაკვეთი ყოფილი მაქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, თითქმის ერთი ჰექტარი [9 904 კვ.მ] ბათუმში, ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, ბათუმის მერიამ ერთ ლოტად, პირობიანი აუქციონის წესით, 18 მაისს გაყიდა.

ნაკვეთების საწყისი ფასი 9 მილიონ 095 428 ლარი იყო, კომპანიამ ის კონკურენციის პირობებში 15 მილიონ 94 428 ლარად იყიდა. ხელშეკრულების თანახმად,  კომპანიას ამ დროისთვის ქონების ღირებულების მხოლოდ 60% უნდა ჰქონდეს გადახდილი.

ბათუმის მერიას ამ აუქციონთან დაკავშირებით კიდევ ერთი განსაკუთრებული პირობა ჰქონდა დაწესებული, გასხვისებული ნაკვეთების მომიჯნავედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მერია ქუჩის მოწყობას გეგმავს, რომელიც არსენა ოძელაშვილის ქუჩას უნდა შეუერთდეს.

მერია წერდა, რომ ქუჩის მოწყობის საშუალებას არ აძლევდა ოძელაშვილის #4-ში მდებარე 171 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა, ამიტომაც აუქციონის პირობით მყიდველი დაავალდებულა გამოესყიდა ეს ნაკვეთი თავისი შენობის ჩათვლით, გაეთავისუფლებინა ის და მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა საკუთრებაში.

საჯარო რეესტრის ამჟამინდელი მონაცემებით, ეს ნაკვეთი უკვე ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

რენდერი

9 კორპუსის უკანონო მშენებლობა ბათუმში – რა წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში

„ეს არის დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. მოსამართლეს ჰქონდა სრული საფუძველი შუამდგომლობა არ დაეკმაყოფილებინა და შეეჩერებინა მშენებლობა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოზე, რომელმაც გოგოლის ქუჩაზე 9 კორპუსის უკანონო მშენებლობის შეჩერებაზე უარი თქვა.

ბათუმში, გოგოლის 11-ში, უკანონო მშენებლობას, სადაც 7 კორპუსს კიდევ 2 დაემატა, ხელისუფლება არ აჩერებს. ოფიციალურად ბათუმის მერია და ხელისუფლების სხვა პირები აცხადებენ, რომ მშენებლობის შეჩერების შესახებ დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრეს. თუმცა „ბათუმელებმა“ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზით დაადგინა, რომ მერიის მუნიციპალური ინსპექცია იმ კომპანიას არ აჯარიმებს, რომლის საკუთრებაშიც ყაზარმული ტიპის მრავალსართულიან კორპუსებს უკანონოდ აშენებენ.

რა გაარკვია მოსამართლემ და რატომ არ მიიჩნია საჭიროდ სასამართლომ უკანონო, უნებართვო მშენებლობის შეჩერება? – „ბათუმელებმა“ ის განჩინება გამოითხოვა, სადაც მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერების საქმეზე მსჯელობს.

ბათუმის მერიამ გოგოლის ქუჩაზე კორპუსების უკანონოდ მშენებლობის შესახებ ჯერ კიდევ პირველ ივნისს შეიტყო, როცა მხოლოდ ერთი კორპუსის ორი სართული იყო აშენებული. მას აქეთ მერიამ 6-ჯერ [ჯამში 31 ათასი ლარით] დააჯარიმა კომპანია „მეტრო ტერმინალი“. ჯარიმების გარდა, მუნიციპალურმა ინსპექციამ ასევე მოითხოვა მშენებლობის შეჩერება და აშენებულის დემონტაჟი. სასამართლოს სარჩელში კი, „მეტრო ტერმინალი“ წერს, რომ ის არაფერ შუაშია – მიწის ნაკვეთი, სადაც კორპუსები შენდება, მას არ ეკუთვნის და ამ მშენებლობასთან შეხება არ აქვს.

„მეტრო ტერმინალის“ ეს განცხადება დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვითაც. შესაბამისად, მუნიციპალური ინსპექცია მართლაც სხვა კომპანიას აჯარიმებდა მესაკუთრის ნაცვლად.

სასამართლოში „მეტრო ტერმინალმა“ გაასაჩივრა მუნიციპალური ინსპექციის ის დადგენილებაც, რომელიც ამ საჯარო უწყების მიერ შეცდომის აღიარების შემდეგ გამოიცა, ანუ მერიამ თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და არასწორად წერდა ჯარიმებს, თუმცა ამ დადგენილების შემდეგაც ისევ „მეტრო ტერმინალს“ გაუგზავნა დადგენილება მორიგ ჯარიმაზე.

კომპანია „მეტრო ტერმინალმა“ მოითხოვა, რომ მერიის მიერ გამოცემული დადგენილებები სასამართლოს უკანონოდ მიეჩნია. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი, კომპანიამ სასამართლოს დადგენილებების შეჩერებაც სთხოვა, მერიას რომ აღარ ჰქონოდა უფლება მოეთხოვა ჯარიმების გადახდა და არ შეეჩერებინა მშენებლობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 16 აგვისტოს განჩინებით კომპანია „მეტრო ტერმინალის“ მოთხოვნა დააკმაყოფილა.

საია-ს შეფასებით, სასამართლოს კონკრეტულ მისამართზე – გოგოლის 11-ში უკანონო მშენებლობის შეჩერება მაინც შეეძლო.

„სარჩელის მიღება სასამართლოში აჩერებს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედებას“, – ეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29 -ე მუხლის პირველი ნაწილია, რომლითაც მოსამართლემ განჩინების მიღების დროს იხელმძღვანელა. საია-ს შეფასებით კი, მოსამართლეს ამ ვითარებაში ამავე მუხლის მეორე ნაწილით უნდა ეხელმძღვანელა, რომლის მიხედვითაც:

„ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედება არ შეჩერდება, თუ აღსრულების გადადება გამოიწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს, ან მნიშვნელოვან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“ , – წერია ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტში.

იურისტი მირზა მამულაძე კანონის ამ მუხლზე აკეთებს აქცენტს და კონკრეტულ ჩანაწერზე: „საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს ან უსაფრთხოებას“. მისი აზრით, როცა ფაქტია, რომ უნებართვოა მშენებლობა, გარდა იმისა, რომ უკანონობა ზოგადად ქმნის საშიშ პრეცედენტს, მშენებლობა უსაფრთხოების რეგულაციების მიღმა რჩება და უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

„სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ ჯარიმის ნაწილში და გამოიყენა შაბლონი, რასაც იყენებს, მაგრამ საერთოდ არ უმსჯელია მშენებლობის შეჩერების ნაწილში. აქ იყო საჭირო სიღრმისეული სამართლებრივი შეფასება… გამოდის, რომ მოსამართლემ ამ მასშტაბის უნებართვო მშენებლობა არ შეიმჩნია და მწვანე შუქი აუნთო,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

იურისტი დასძენს, რომ მოსამართლეს ასევე დროებითი განჩინებით შეეძლო მშენებლობის შეჩერება.

მუნიციპალური ინსპექციის ტექნიკური თუ მიზანმიმართული ხარვეზების პარალელურად, იურისტი ყურადღებას ამახვილებს მოსამართლის ხარვეზზე, რომელიც შესაძლოა ხარვეზი სულაც არ იყოს:

მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის სამოტივაციო ნაწილი ამ ჩანაწერით სრულდება:

„გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო განმარტავს, რომ აქტის შეჩერება ნიშნავს მისი მოქმედებისა და ყველა სამართლებრივი შედეგების გადადებას სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც მხარეს მშენებლობის შეჩერების ნაწილში, მიუხედავად გასაჩივრებული აქტის სასამართლოს მიერ მოქმედების შეჩერებისა, არ აძლევს უფლებას, გააგრძელოს სადავოდ გახდილი სამშენებლო სამუშაოები“, – ვკითხულობთ განჩინებაში.

„მნიშვნელოვანია, რომ ეს წერია სამოტივაციოში და არა სარეზოლუციო ნაწილში. სარეზოლუციო ნაწილში რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაში მინიმუმ მუნიციპალურ ინსპექციას შეეძლებოდა მიემართა განმარტებისთვის სასამართლოსთვის, რადგან ამ ნაწილში მოსამართლე პრაქტიკულად ამბობს, ეს განჩინება არ ნიშნავს უკანონოდ მშენებლობა გააგრძელოო და თუ სასამართლო დაადასტურებდა, რომ ამას ვგულისხმობდიო, უკვე აღსრულებას მოსთხოვდა ინსპექცია მშენებლობის შეჩერებას, მაგრამ ეს  სარეზოლუციო ნაწილში არ არის, აღსრულებით ფურცელში კი, სარეზოლუციო ნაწილი აისახება…

ამდენი ხარვეზი ერთად ბადებს ეჭვს: ხომ არ სურს ვინმეს მიზანმიმართულად პროცესის გაჭიანურება ისე, რომ შემდეგ უკვე სამართლებრივი რეაგირება შეუძლებელი იყოს?“ – კითხულობს საია-ს იურისტი.

იურისტი მირზა მამულაძე მიიჩნევს, რომ გაურკვეველია, როგორ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში კომპანია, ვის მიწაზეც კორპუსები უკანონოდ შენდება და რატომ არ აჯარიმებენ მას ამ დრომდე.

რა არის სამართლებრივი გამოსავალი ახლა? – იურისტის აზრით, გამოსავალი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპით ამ დავის დროული დასრულებაა, რომ საბოლოოდ ეს შედეგზე აისახოს, ანუ უკანონოდ აშენებული კორპუსები არ გვქონდეს შუა ქალაქში.

„თუმცა არც ისაა გამორიცხული, სასამართლომ საბოლოოდ ზუსტად ის გამოარკვიოს, რომ მუნიციპალური ინსპექცია არასწორად აჯარიმებს კომპანიას და მოპასუხე კომპანიას ვერაფერს დაავალებს, შემდეგ კი, ხელახალი წრე დაიწყოს,“ – დასძენს მირზა მამულაძე.

რაც შეეხება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძის განჩინებას, ის მუნიციპალურმა ინსპექციამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

როგორ დავიცვათ თავი საშიში პაპილომა ვირუსებისგან

პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი არსებობს, აქედან 40-მდე ტიპს ონკოგენური ბუნება აქვს და საშვილოსნოს კიბოს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია. მთელ მსოფლიოში საშვილოსნოს კიბოთა შორის საშვილოსნოს ყელის კიბო მეორე ადგილზეა.

ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV) რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი სახეობა, მაგრამ მათი უმრავლესობა არ იწვევს პრობლემებს. HPV-ის მცირე ნაწილი შეიძლება შენარჩუნდეს და გადაიზარდოს საშვილოსნოს ყელის კიბოში. მეან-გინეკოლოგი ნათია მელუა ამბობს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს თითქმის ყველა შემთხვევა ამ ინფექციით არის განპირობებული.

  • ქალბატონო ნათია, რა არის პაპილომა ვირუსი და რამდენად საშიშია იგი?

პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა. 100-ზე მეტი სახეობაა გამოვლენილი ამ ვირუსის, მათ შორის 40 ტიპი არის ტროპული (მგრძნობიარე) ლორწოვანი გარსის მიმართ, ანუ შესაძლოა გამოიწვიონ ონკოლოგიური პროცესები. განასხვავებენ მაღალი და დაბალი რისკის ტიპებს. მათგან ყველაზე აგრესიულია პაპილომა ვირუსის მე-16 და მე-18 ტიპები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 70%-ში.

  • როგორ ვრცელდება?

სქესობრივი ცხოვრების დაწყებისთანავე ქალი შესაძლოა დაინფიცირდეს პაპილომა ვირუსით, რასაც რამდენიმე თვეში შესაძლოა მოჰყვეს საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანება, ე.წ. დისპლაზიის ჩამოყალიბება.

მაგრამ თუ ქალის ორგანიზმის იმუნური სისტემა მყარია, ასევე ადვილად ხდება ვირუსის განდევნა ორგანიზმიდან. უმრავლეს შემთხვევაში პროცესი  უკუვითარდება, ანუ პაპილომა ვირუსი ყოველგვარი ჩარევის გარეშე ტოვებს ქალის სხეულს, მაგრამ თუ მაღალი რისკის პაპილომა ვირუსზეა საუბარი, რომელიც ორგანიზმში ხანგრძლივად ხვდება, განსაკუთრებით გარკვეული რისკფაქტორების არსებობის შემთხვევაში, დროთა განმავლობაში ხდება დისპლაზიის პროგრესი და საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბება.

დისპლაზია ეწოდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების წინარე მდგომარეობას, იგი შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი და მძიმე.

ჯანმო: HPV გადამდებია სქესობრივი გზით, მაგრამ გადაცემისთვის არ არის საჭირო შეღწევადი სექსი (ანუ მხოლოდ ჰეტეროსექსი). კანიდან კანთან გენიტალური კონტაქტი პაპილომავირუსის გადაცემის საკმაოდ ხშირი მეთოდია.

ზოგადად, პაპილომა ვირუსის რისკფაქტორებია: სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში, ბევრი სექსუალური პარტნიორი, ოთხზე მეტი მშობიარობა და პირველი მშობიარობა ადრეულ ასაკში, დაუცველი სექსი, თამბაქოს მოხმარება, ხანგრძლივი (5 წელზე მეტ ხანს) ჰორმონალური კონტრაცეპტივების გამოყენება, იმუნოკომპრომისული მდგომარეობა გამოწვეული აივ ინფექციით, იმუნოსუპრესიული მედიკამენტების მიღება, სქესობრვი გზით გადამდები ინფექციის არსებობა, კერძოდ: ტრიქომონი, ჰერპეს II ტიპის ვირუსი, ქლამიდიით ინფიცირება.

  • როგორ შეიძლება ამოვიცნოთ პაპილომა ვირუსი?

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიას კლინიკური გამოვლინება არ აქვს, ანუ კიბოს წინარე  მდგომარეობა მიმდინარეობს უსიმპტომოდ. როდესაც რომელიმე კლინიკური ნიშანი, მაგალითად, სისხლდენა არის გამოხატული, ეს უკვე ონკოლოგიური პროცესის ჩამოყალიბების მაუწყებელია. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი პროფილაქტიკის მიზნით მოხდეს ჯანმრთელი მოსახლეობის სკრინინგი, რომლის მეშვეობით ადრეული ცვლილებების გამოვლენა არის შესაძლებელი, შესაბამისად, დროული მკურნალობა და კიბოს თავიდან არიდება.

საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა უმეტესობა ნელა პროგრესირებადია – დაზიანებული უჯრედების კიბოდ გარდასაქმნელად უმეტესად 10-15 წელია საჭირო.

  • რას მოიცავს პაპილომა ვირუსზე სკრინინგის პროგრამა?

სკრინინგის პროგრამა უფასოა 25-დან 60 წლამდე ქალებისთვის, ეს პრაქტიკულად ჯანმრთელი ქალებისთვის კეთდება, რადგან კიბოს წინარე პროცესებს 10-15 წელი უსიმპტომო მიმდინარეობა ახასიათებს. დისპლაზია შეიძლება შეგვხვდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ მძიმე დისპლაზია ყველაზე უფრო ხშირია 30-40 წლის ქალებში.

საშვილოსნოს ყელის დაზიანების გამოვლენა შესაძლებელია რამდენიმე მეთოდით, პირველი ეს არის პაპ-ტესტი – ეს არის ციტოლოგიური კვლევა, რომლის დროსაც საშვილოსნოს ყელიდან აღებული ნაცხის/უჯრედების შესწავლა ხდება მიკროსკოპის ქვეშ. პაპ-ტესტი გადაიგზავნება ეროვნულ სკრინინგცენტრში, იქიდან კი მოგვდის პასუხი. თუ ნორმა არის, ვუსაზღვრავთ სამწლიან სკრინინგულ ინტერვალს, ანუ სამ წელში ერთხელ თავიდან გაიკეთებს პაპ-ტესტს.

თუ არის მცირე ხარისხის დაზიანება, ამ შემთხვევაში უფინანსდებათ კოლპოსკოპიური (საშვილოსნოს ყელის დათვალიერება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოთი, რომელიც გადიდებულად აჩვენებს გამოსახულებას) და ბიოფსიური კვლევებიც.

  • რამდენად საშიშია პაპილომავირუსით გამოწვეული ქსოვილოვანი წარმონაქმნები – კონდილომები?

ზოგიერთი ტიპის პაპილომა ვირუსის დროს შესაძლოა გაჩნდეს მახვილწვერიანი კონდილომები, ეს უმეტესად მე-7 და მე-11 ტიპის პაპილომა ვირუსით არის გამოწვეული.

კონდილომები შესაძლოა გაჩნდეს სხეულის სხვადასხვა ადგილზე. განვიხილოთ ანოგენიტალიური არე, როცა კონდილომები ჩნდება გარეთა სასქესო ორგანოებზე, საშოსა და საშვილოსნოს ყელზე, თუმცა ეს არ არის ის პაპილომა ვირუსი, რომელიც ქმნის კიბოს რისკს. ამ შემთხვევაში დაინფიცირების უპირატესი გზა არის დაუცველი სქესობრივი კონტაქტი. დაინფიცირება შეიძლება მოხდეს კანიდან კანთან კონტაქტითაც.

ანოგენიტალური კონდილომები ადამიანის პაპილომავირუსის დაბალი რისკის ტიპებს მიეკუთვნება, თუმცა აუცილებელია დიფერენცირება მოხდეს კანის სიმსივნეებთან.

კონდილომების მკურნალობა უსაფრთხოა და ტარდება ადგილობრივი მეთოდით – კრიოდესტრუქციით, რაც ნიშნავს კეთილთვისებიანი წარმონაქმნების (პაპილომების, კონდილომების, ვირუსული მეჭეჭების) მოცილებას თხევადი აზოტით. კეთილთვისებიანი წარმონაქმნები მიეკუთვნება ვირუსულ დერმატოზებს და მისი გამომწვევი არის ადამიანის პაპილომავირუსული ინფექცია, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სხვადახვა სახით, სხვადასხვა ადგილზე – ხელები, მტევნის დორზალური ზედაპირი, კისრის არე, იღლიის ფოსოები, ტერფები, სახე და ა.შ.

ამ ვირუსით დაინფიცირება დამოკიდებულია ადამიანის იმუნურ სტატუსზე და კანის მდგომარეობაზე, რამდენად დარღვეულია მისი მთლიანობა.

  • როგორია პრევენცია?

სამწუხაროდ, მედიკამენტი, რომელიც უშუალოდ პაპილომა ვირუსს გაანადგურებს, არ არსებობს. ამიტომ რისკფაქტორებისთვის თავის არიდებისა და სკრინინგის გარდა, ერთ-ერთი საუკეთესო პრევენციული ზომაა ვაქცინა. 10-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში ტარდება პაპილომა ვირუსის აცრა, რომელიც სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების სიაშიც არის. აცრის კურსი ორდოზიანია, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი ექვსი თვეა. აცრა უფასოა და პოლიკლინიკებში ტარდება.

„გვითხრა, რომ ყველაფერს გადაიღებს“ – ბათუმის ოლქმა ჟურნალისტზე თავდასხმა დაუშვა

„ეს არ უნდა მეკითხა მე“ – გვიპასუხა ბათუმის 79-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემ, რომელმაც ჟურნალისტის საჩივრის დაკმაყოფილებაზე 25 ოქტომბერს უარი თქვა და სხდომის დასრულების შემდეგ ვკითხეთ: გაიხსენეთ თქვენი, ან კომისიის რომელიმე წევრის ერთი კითხვა მაინც, რომლითაც ეცდებოდით გაგებას: თავს დაესხნენ თუ არა ჟურნალისტს რეალურად საუბნო კომისიის წევრები?

ბათუმის საოლქო კომისიას საჩივრით „ბათუმელების“ ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ 2 ოქტომბრის შემდეგ მიმართა, თუმცა კომისიამ მის განხილვაზე უარი თქვა, რადგან ჟურნალისტი არაა უფლებამოსილი საარჩევნო დავა წამოიწყოს. საოლქო კომისია საჩივარზე სამსჯელოდ მას შემდეგ შეიკრიბა, როცა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ საოლქო კომისიის იურისტს ჰკითხა: „მაგრამ დისციპლინური საქმისწარმოებისთვის რა არის საჭირო? არ შეუძლია ნებისმიერ პირს დარღვევაზე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ეს განიხილოთ?”

ჟურნალისტმა საჩივარში ჩაწერა, რომ ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე მას შემდეგ შეუშალეს ხელი პროფესიულ საქმიანობაში, როცა ფეისბუქლაივით უბანზე ერთ-ერთი პრობლემა გაასაჯაროვა.

„კომისიის მდივანმა აგრესიულად მომთხოვა პასუხი ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მომმართავდა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ ოჯახივით მიგიღეთ, საჭმელზე გეპატიჟებოდით და შენ ეს რა გამომიქვეყნე გოგო“, „ქუჩის ჟურნალისტი ხარ“, „რას გავხარ“, „დავრეკეთ შესაბამის ადგილას და იყო ჩვენთან ზარები, გვითხრეს, ვიცით უკვე რა ბინძური სულის ჟურნალისტი არის ჩვენთან“, „სკოლაში გაზრდი დებილს და დაინახავ მერე ტელეფონით ხელში დგას და ჟურნალისტი გამხდარა“, „დაწერე განცხადება და გაეთრიე აქედან“, „ქალი რომ ასეთი ინტრიგანი იქნები, დადგები და იღებ ყველაფერს,“ – საჩივარში პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის სხვა ფაქტებთან ერთად ეს ციტატები გაიხსენა ჟურნალისტმა.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისია

საოლქო კომისიის წევრებმა, მათ შორის კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძემაც ბევრი კითხვა დასვეს, თუმცა ერთი კითხვითაც არ უცდია კომისიას იმის გარკვევა, რაც იყო დავის საგანი, ანუ ხელი შეუშალეს თუ არა რეალურად ჟურნალისტს. პირიქით, საოლქო კომისიამ დავის საგანს სხდომის დასაწყისშივე გადაუხვია და იმის გარკვევით დაკავდა: ხომ არ დაარღვია ჟურნალისტმა წესები?

„მიზეზი რა იყო ამ კონფლიქტის? ტყუილად არ მოხდებოდა,“ – იკითხა მაგალითად, საოლქო კომისიის წევრმა, რამაზ კაკალაძემ და საუბნო კომისიის წევრებს გადახედა, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საოლქო კომისიის გუშინდელ სხდომას.

„ჟურნალისტს თუ აქვს უფლებები, ჩვენ არ გვაქვს უფლებები?“ – ეს რადენჯერმე იკითხეს კომისიის წევრებმა პოლიტიკოსების პათოსით.

„როგორ შევუშალეთ ხელი, როცა თავიდან მოვიდა, ტელეფონი ჰქონდა დასამუხტი და შევაერთებიე…“ – თქვა 34-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე გივი მამულაძემ.

„გადაუღო ფოტო ისეთ პოზიციაში, რომელი პოზიციაც ჩვეულებრივ სიტუაციაში მიუღებელია… საჯდომი გადაიღო და ასე შემდეგ,“ – ჟურნალისტის საქმიანობისგან შეწუხებულმა საუბნო კომისიის თავმჯდომარემ „ბრალდებების“ ჩამოთვლა დაიწყო.

საუბნო კომისიის წევრების თქმით, ჟურნალისტმა უხერხული ფოტო გადაიღო და გაასაჯაროვა.

ბათუმის 34-ე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის დროს გადაღებული ფოტო. საუბნო კომისიის წევრების თქმით, ეს „უხერხული“ ფოტო

ამ ფოტოზე ხმების დათვლის მიტოვებული პროცესია გადაღებული. საოლქო კომისიამ არ სცადა გამოერკვევა, ამ ფოტოს გასაჯაროვების შემდეგ მიაყენეს თუ არა შეურაცხყოფა ჟურნალისტს უბანზე. საოლქო კომისიამ თავისი კითხვებით და შეფასებებით კვერი დაუკრა საუბნო კომისიას, რომ ჟურნალისტს პრობლემის ამსახველი ფოტო არ უნდა გადაეღო.

უფრო ზუსტად კი კომისიამ „მიაგნო“ პრობლემას – ფანჯარაში მომზირალი ქალის დაფიქსირებაა პრობლემა და ჟურნალისტმა ეს ჩაიდინა.

„მე გახსოვართ?“ – ჟურნალისტს მოულოდნელად საოლქო კომისიის წევრმა მზია მჟავანაძემაც გაახსენა თავი, რომელიც 2 ოქტომბერს უბანზე გადაღებულ ლაივში მოხვდა.

„მიგითითეთ, რომ თქვენი ადგილი დაგეკავებიათ… შვილმა ჩამიგდო, რა კომენტარებსაც მიწერდნენ, შეურაცხყოფას მაყენებდნენ,“ – ბრაზი ჟურნალისტის მიმართ საოლქო კომისიის არც ამ წევრმა დამალა.

„თქვენ ამბობთ, რომ ჟურნალისტებმა არ გადაიღონ არაფერი და კითხვები არ დასვან? ჟურნალისტი ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას,“ – საოლქო კომისიის წევრებს მიმართა იურისტმა ნათია კაპანაძემ, რომელიც ჟურნალისტის ინტერესებს იცავს. იურისტმა საოლქო კომისიას რამდენჯერმე მოუწოდა დავის საგანზე ემსჯელათ და არა იმაზე, დაარღვია თუ არა წესები ჟურნალისტმა, რადგან ჟურნალისტმა თუკი კენჭისყრის შენობაში რამე დაარღვია, კომისიის თავმჯდომარეს იქვე უნდა მიეთითებინა ამისკენ. თუ კანონიერ მოთხოვნას ჟურნალისტი, ან დამკვირვებელი არ ემორჩილება, კომისიას მისი გაძევებაც შეუძლია.

საუბნო კომისიის წევრების თქმით, ჟურნალისტი სამაგიდო სიებს იღებდა, რის უფლებაც არ ჰქონდა და ასევე არ იკავებდა მისთვის განსაზღვრულ ადგილს. მათ ამის მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.

„გაოგნებული გისმენთ. თუ ასეთი ამბავი იყო, გაგეძევებინათ,“ – მიმართა კომისიის წევრებს ირმა ხოროიშვილმა, ის საოლქო კომისიის წევრია „ნაციონალური მოძრაობიდან.“ მან საოლქო კომისიას ასევე შესთავაზა ერთად ენახათ უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გადაღებული ვიდეო კადრები.

„მე ვნახე და გაოგნებული დავრჩი, ისე მიმართავდით ჟურნალისტს, სირცხვილია… თქვენ მეორე ტურის წინ ახალისებთ კომისიებს,“ – უთხრა სხდომის მონაწილეებს ირმა ხოროიშვილმა.

საოლქო კომისიამ ოპოზიციონერ წევრს საერთოდ არ უპასუხა და არც ვიდეოჩანაწერის ნახვის სურვილი გამოუხატავს. კომისიის წევრებმა საუბნო კომისიის წევრების „ბრალდების“ მოსმენა განაგრძეს.

„პირდაპირ მოვიდა, თქვა, რომ გამოგზავნილი ვარო და ყველაფერს გადავიღებო, დააკომპლექსა კომისია, დააბულინგა… არ გავთიშავ მე ლაივს და თქვენს ყველა მოქმედებას გადავიღებო,“ – საოლქო კომისიის სხდომაზეც აშკარად კარგად იგრძნო თავი 34-ე საუბნო კომისიის მდივანმა, სოფიო საფარიძემ.

„ჩემი ლაივები ჯამში 9 წუთს არ აჭარბებდა,“ – უთხრა საოლქო კომისიის წევრებს ჟურნალისტმა თამარ ნერგაძემ. საარჩევნო კანონმდებლობით ჟურნალისტებს საარჩევნო უბანზე უწყვეტად შეუძლიათ ფოტო და ვიდეო გადაღება, თუმცა გადაადგილების უფლებით მხოლოდ 10 წუთი.

„დადიოდა მთელს ტერიტორიაზე  და კომისიის წევრებს უღებდა ფოტოებს. ვთხოვე, არ გადაეღო და არ დაედო, მაგრამ შემდეგ მეც გადამიღო,“ – საოლქო კომისიას შესჩივლა საუბნო კომისიის კიდევ ერთმა წევრმა.

„რატომ ჩათვალეთ, რომ გქონდათ უფლება ჟურნალისტისთვის გეთქვათ, რა გადაეღო, ან რა გაესაჯაროვებინა? თქვენ ხართ მისი რედაქტორი? მსგავს საკითხებს რედაქტორი წყვეტს…“ – საუბნო კომისიის წევრს მიმართა ჟურნალისტის ინტერესების დამცველმა, ნათია კაპანაძემ.

კომისიის წევრი იურისტს აღარ შეპასუხებია. იურისტის მიმართვა თითქოს ვერ გაიგონეს საოლქო კომისიის წევრებმაც, რომლებსაც ნათია კაპანაძემ მოუწოდა საქმიანი ყოფილიყვნენ და დავის საგანზე ემსჯელათ. ნათია კაპანაძემ საოლქო კომისიას 5 ივლისს ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი მასობრივი თავდასხმაც შეახსენა და ის, რომ მსგავსი მიდგომით კიდევ უფრო ახალისებენ აგრესიას ჟურნალისტებზე და საბოლოოდ ეს არჩევნების შედეგზე აისახება.

„დამერწმუნეთ, ეს კავშირში არაა არჩევნების შედეგებთან“, – განხილვა დასრულებულად გამოაცხადა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ბათუმის 79-ე საოლქო კომისიამ ჟურნალისტის საჩივარი არ დააკმაყოფილა, კომისიის წევრებს შენიშვნაც კი არ მისცა.

34-ე უბანზე ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებს იგივე შემადგენლობა ჩაატარებს.

„თუ რაღაც პირადული შელაპარაკება იყო, ამ განხილვაში არ შევსულვართ, ამ კუთხით არც ჟურნალისტი ჩამორჩებოდა საუბნო საარჩევნო კომისიას… ეს მათი პირადი საუბარი იყო,“ – „პირად შელაპარაკებად“ შეაფასა „ბათუმელებთან“ განმარტების დროს ციალა შავაძემ ის, რაც ჟურნალისტმა თავდასხმად მიიჩნია და კომისიას მიმართა.

რეაგირების ნაცვლად ჟურნალისტზე თავდასხმას ხომ არ ახალისებს საოლქო კომისია? – ესეც ვკითხეთ ციალა შავაძეს.

„საჩივარში მითითებული იყო, რომ საუბნო კომისიამ ხელი შეუშალა ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, მაგრამ ხელშეშლა არ დადასტურდა. ჩვენ მოვუსმინეთ მხარეებს… კომენტარების განხილვაში ჩვენ არ შევსულვართ, რადგან ამის ვალდებულება არ გვქონდა ვინმეს მივუთითოთ, რა უნდა დაწეროს კომენტარებში,“ – დასძინა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ამ თემაზე:

ჟურნალისტის საჩივრის განხილვაზე 79-ე ოლქმა უარი თქვა – რა დაადგინა მოსამართლემ

სად და ვის შეუძლია სეზონურ გრიპზე უფასოდ ვაქცინაცია აჭარაში

ავტორი: ანა შენგელია

კორონავირუსის ინფექციის პარალელურად ქვეყანაში სეზონური გრიპიც ვრცელდება, რომლისაგან თავის დაცვა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით არის შესაძლებელი.

არის თუ არა გრიპის ვაქცინა აჭარაში? – „ბათუმელები“ ესაუბრა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელს – რუსუდან შავიშვილს.

მისი თქმით, ამ ეტაპისთვის აჭარის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 5 200 ვაქცინაა. სეზონურ გრიპზე ვაქცინაცია რისკჯგუფში მყოფ მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ. 

რუსუდან შავიშვილის თქმით, აჭარაში სეზონის განმავლობაში 200 000-მდე სეზონური გრიპის ვაქცინას შემოიტანენ რისკჯგუფებისთვის. 

რიკსჯგუფებში არიან, შესაბამისად, გრიპზე უფასოდ აცრა შეუძლიათ: ორსულებს, დიალიზზე მყოფ პაციენტებს, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ პირებს, დიაბეტით დაავადებულ პირებს, ხანდაზმულებს – 60 წელს გადაცილებულებს, ბავშვთა და მოხუცთა სახლების ბენეფიციარებსა და პერსონალს, C ჰეპატიტისა და აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებს. 

„სამიზნე ჯგუფების სივრცე ვაქცინის მარაგის შევსებასთან ერთად გაფართოვდება“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ რუსუდან შავიშვილმა. 

მისი თქმით, გრიპზე უფასო ვაქცინაცია შესაძლებელია აჭარის მუნიციპალიტეტის იმ პოლიკლინიკებში, სადაც მოქმედებს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა და მუშაობს ოჯახის ექიმი. 

რაც შეეხება ფასიან ვაქცინას, „ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმში არსებულ რამდენიმე პოლიკლინიკას.

მათგან „ევექსის“ კლინიკაში დაგვიდასტურეს, რომ გრიპის საწინააღმდეგო ფასიანი ვაქცინის მათ კლინიკებში გაკეთება დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე არის შესაძლებელი და ვაქცინის ღირებულება 80 ლარია. 

ვაქცინის შემდეგ სეზონურ გრიპზე იმუნიტეტის ჩამოყალიბებას 2-3 კვირა სჭირდება. ვაქცინაციისთვის საუკეთესო დრო ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის დასაწყისია. 

სპეციალისტების თქმით, ამ სეზონზე სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსალოდნელია ე.წ. ტვინდემია, კოვიდთან ერთად გრიპის ვირუსის გავრცელებაც. 

„ბულვარის ამბავი იქაური პრობლემაა“ – რა ვერ გააგებინა ახვლედიანმა ბოლქვაძეს „ამბასადორზე“

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს კითხვები დაუსვა ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობაზე.

არმაზ ახვლედიანის თქმით, ის უკვე რამდენიმე თვეა, რაც კომიტეტის თავმჯდომარეს სთხოვს აღნიშნული საკითხი განხილვაზე დააყენოს, რაზეც ამ დრომდე პასუხი ვერ მიიღო.

„გავიდა რამდენიმე თვე და მე არც კი მინდა ვთქვა, რამდენი გავიდა. მგონი საპარლამენტო სეზონიც დასრულდება, პერსპექტივა არ ჩანს ამ საკითხის და მე ვერ ვხვდები რატომ? რა გახდა ასეთი?

ბათუმში ახლახან ვიყავი ჩასული და ვნახე, რომ 7 ან 14 სართული კი არა, 18 სართულია უკვე აშენებული ბათუმის შუაგულში, ბულვარის ცენტრში. გთხოვთ მიპასუხოთ ამ კითხვაზე,“- მიმართა არმაზ ახვლედიანმა კომიტეტის თავმჯდომარეს ელისო ბოლქვაძეს.

ელისო ბოლქვაძის თქმით, „ამბასადორის“ საკითხი ერთ-ერთია „უამრავ საკითხებს“ შორის, ახვლედიანი კი ამბობს, რომ „ამბასადორი“ ერთ-ერთი საკითხი ვერ იქნება მისთვის.

„ბათუმის ცენტრში არის აღვირახსნილი უკანონობა და რას მეუბნებით, რომ ეს ერთ-ერთი საკითხია? ჩემთვის ეს არ არის ერთ-ერთი.

ჩემთვის ეს არის პრინციპული საკითხი და ვერაფრით ავუვლი ამას გვერდს. გელოდებით უკვე თვეები და გთხოვთ მიპასუხოთ რა ხდება“- ისევ მიმართა მან ბოლქვაძეს.

„როგორ უნდა ჩავერიოთ ჩვენ? მითხარით, რა გზებია რეალურად“ – კითხვითვე უპასუხა მას ელისო ბოლქვაძემ.

არმაზ ახვლედიანის თქმით, მიუხედავად სასამართლო პროცესისა, პარლამენტს ხელს არ უშლის ამ საკითხზე მოისმინოს ინფორმაცია შესაბამისი უწყებებისგან.  „მათგან, ვის კისერზეცაა ეს დანაშაული“.

„კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ბათუმის ბულვარი განადგურდა და ჩვენ დაველოდოთ სასამართლოს, რომელიც კაცმა არ იცის რას გააკეთებს? ვერ ვხვდები რა უნდა ვაკეთო სხვა, როდესაც ვიცი, რომ ხანძარია, ჩვენ კი თვეებია გარს ვუვლით“- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

„ხანძარი არ არის, აშენება მიდის“ – უპასუხა მას ელისო ბოლქვაძემ.

არმაზ ახვლედიანმა კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ჩართვის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი:

„მოვიდეს თეა წულუკიანი, მოიყვანოს მისი უწყების წარმომადგენლები, ვინც პასუხისმგებელია და გვითხრან რას აპირებენ“.

ელისო ბოლქვაძემ ამაზე აღნიშნა, რომ „წულუკიანი თბილისშია და ის არის ავტონომიური რესპუბლიკა“. მან ასევე თქვა, რომ ბათუმის ბულვარის ეს ამბავი „იქაური პრობლემა“.

„თუ თქვენ ვერ იაზრებთ ამ პრობლემის სიმწვავეს, მაშინ რაზე უნდა ვილაპარაკოთ. მე აღარ მივიღებ კომიტეტის მუშაობაში მონაწილეობას.

„ამბასადორში“ ფარდებს რომ ჩამოკიდებენ, მანამდე თუ სასამართლო არ დასრულდება… რას მეუბნებით, მითხარი, ეს არის დანაშაულის ისეთი შემთხვევა, რომელზეც მარტო წულუკიანი კი არა, გენერალური პროკურორი უნდა მუშაობდეს, ვინც ნებართვა გასცა, იმათ უნდა მოეკითხოთ პასუხი, წარმოუდგენელი  დანაშაულია ჩადენილი,“ – განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

______________

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ ბულვარში სასტუმრო კომპლექსს აშენებს. მშენებლობის პროცესში კომპანიამ სანებართვო პირობები არაერთხელ დაარღვია, მათ შორის, ბოლო დარღვევა რამდენიმე  კვირის წინ დადასტურდა. კომპანიამ დამატებით, უკანონო მე-17 სართული ააშენა.

კომპანია „ამბასადორი ბათუმი“ რუსეთის ორ მოქალაქეს, მილიონერ ბიზნესმენს ელგუჯა ქებურიას [მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს] და ვართან ვართანოვს ეკუთვნის.

 

კოვიდით ინფიცირდა 103 927 არასრულწლოვანი – გამყრელიძე 

ავტორი: ანა შენგელია 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 15% მოზარდია – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დღეს, 26 ოქტომბერს,  გამართულ ბრიფინგზე.  

მისი თქმით, კოვიდ 19-ით  ინფიცირებულია 103 927 არასრულწლოვანი, მათგან 6979-ს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა, ხოლო 9 მოზარდი კოვიდით გარდაიცვალა. 

ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კოვიდით გარდაცვლილ არასრულწლოვნებს, სამი ჩვილის გამოკლებით, თანმხლები გენეტიკური დაავადება ჰქონდათ.

ბრიფინგისას ამირან გამყრელიძემ ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციაც განიხილა. მისი თქმით, პანდემიის მაჩვენებელი უარესდება. 

მან ასევე განაცხადა, რომ გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთში გავრცელებული დელტა პლუს შტამი საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 პაციენტი გარდაიცვალა. 

 

არც ერთმა მერიამ არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი – შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი

„2022 წლის ბიუჯეტის პროექტი არც ერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ შშმ პირთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის“ კონსულტანტი დეა ერემაშვილი.

ბიუჯეტის პროექტის შესწავლა ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, ბიუჯეტის შემუშავებისას უფრო მეტად იყოს გათვალისწინებული შშმ პირთა ინტერესები.

„წესით, ჩვენ მარტიდან უკვე უნდა ვყოფილიყავით ჩართული ახალი ბიუჯეტის პროექტის სამუშაო პროცესში. როგორც საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, წერილობითაც მივმართეთ, თუმცა როგორც მუნიციპალიტეტებში გვითხრეს, ამ დრომდე არ აქვთ მზად ბიუჯეტის პროექტი. მხოლოდ ქობულეთმა და ხელვაჩაურმა მოგვაწოდეს ახლახანს, დაგვიანებით. დროულად არც ამ მუნიციპალიტეტებმა მოგვაწოდეს. იგივე მდგომარეობა იყო გასულ წელსაც, როცა არცერთმა მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა ბიუჯეტის პროექტი.

ბათუმმა გამომიგზავნა 2021 წლის ბიუჯეტის შესრულება, მაგრამ 2022 წლის არ მაქვს მზადო. რეალურად, ეს სერიოზული პრობლემაა, რადგან სრულფასოვნად ვერ ახერხებ ოპერირებას და მუშაობას, რადგან არ გაქვს ინფორმაცია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

მისი თქმით, შენიშვნებისა და რეკომენდაციებისთვის საბოლოო ვადა 25 ნოემბერია, ამიტომ ბიუჯეტის პროექტის დაგვიანებით მიწოდება პრობლემებს ქმნის.

„შარშან 25 ნოემბერს მოგვაწოდა ბათუმმა ბიუჯეტი. წესიერად ვერც მოვასწარით შესწავლა და რეკომენდაციების გაკეთება.

შემდეგ ხარვეზებზე რომ მივუთითეთ – უი, ეს არ ვიცოდითო. მთელი დღე და ღამე მოგვიწია მუშაობა, რომ რამდენიმე რეკომენდაცია მაინც მოგვესწრო, რადგან მითხრეს, რომ სჭირდებოდათ მეორე დღესვე. ეს არასერიოზულია“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

რა იყო ის ხარვეზები, რაზეც რეკომენდაციები მიეცით მერიას გასულ წელს? – ვკითხეთ დეა ერემაშვილს. მისი თქმით, ერთ-ერთი რეკომენდაცია შეეხებოდა შშმ პირების საკურორტო რეაბილიტაციის პროგრამას, რომელიც ისევ დასამუშავებელია.

მისივე თქმით, მცირეა პროგრამის ბიუჯეტიც და შშმ პირების მშობლებს ნაკლები ინფორმაცია აქვთ პროგრამის შესახებ.

„ერთ-ერთ შენიშვნა იყო ვაუჩერებთან დაკავშირებით. მაგალითად, შშმ პირები, რომლებიც დღის ცენტრში დადიან, სარგებლობენ კვების ვაუჩერით, მაგრამ ბათუმის მერიას რამდენიმე სრულწლოვანი შშმ პირისთვის არ ჰქონდა კვების ვაუჩერი გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში. თუ ეს ადამიანები დღის ცენტრში დადიან და იქ სარგებლობენ კვების ვაუჩერით, პანდემიის დროსაც უნდა მიეღოთ ვაუჩერი“, – ამბობს დეა ერემაშვილი.

როგორც ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, 2022 წლის ბიუჯეტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს და საკრებულოს 15 ნოემბრამდე წარედგინება „კანონის შესაბამისად“, რასაც არ ეთანხმება ერემაშვილი და ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტში საზოგადოებრივი ორგანიზაციები ბევრად უფრო ადრე უნდა იყვნენ ჩართულნი.

რუსეთის 7 მოქალაქე ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით დააპატიმრეს

თურქული მედიის ცნობით, ორშაბათს, 25 ოქტომბერს, თურქეთში რუსეთის 7 მოქალაქე დააპატიმრეს ანტალიაში ტყის ხანძრის გაჩენის ბრალდებით.

მედიის ცნობით, რუსმა ტურისტებმა ტყეში კოცონი დაანთეს, რამაც ტყის ხანძარი გამოიწვია.

ანტალიის რეგიონში ტყეში ცეცხლი 23 ოქტომბერს გაჩნდა, თუმცა ხანძარი მოკლე ხანში ჩააქრეს.

2021 წლის ზაფხულში ანტალიაში 8 ადამიანი დაიღუპა ტყის ხანძრის შედეგად.

იაპონიის პრინცესა მაკო შეყვარებულზე დაქორწინდა და სამეფო ტიტული დაკარგა

იაპონიის პრინცესა მაკო დაქორწინდა სტუდენტობის შეყვარებულზე, კეი კამუროზე და შედეგად სამეფო ტიტული დაკარგა.

იაპონიის კანონმდებლობით, იმპერატორის ოჯახის წევრი ქალები კარგავენ სტატუსს არატიტულოვან პირთან ქორწინებისას.

ამ ქორწინების წინააღმდეგ იაპონიაში აქციაც გაიმართა.

„ჩემთვის კეი შეუცვლელია, ქორწინება აუცილებელი არჩევანი იყო“ – განაცხადა პრინცესა მაკომ. მედიაში ვრცელდება მისი ქმრის, კეი კამუროს ციტატაც:

„მე მიყვარს მაკო. ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს და მინდა მასთან გავატარო, ვინც მიყვარს“.

არსებული ინფორმაციით, წყვილი აშშ-ში აპირებს ცხოვრებას, სადაც კეი კამურო იურისტად მუშაობს.

________________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/Nicolas Datiche

ბათუმში მთელი კვირა უნალექო ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

26 ოქტომბრის 21 საათიდან 27 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

 

თიბისიმ EFSE-სგან 10 მლნ აშშ დოლარის ფინანური რესურსი მოიზიდა

თიბისიმ და ევროპის ფონდმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის (EFSE) 10 მლნ აშშ დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ფინანსური რესურსი საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის (MSME) სამუშაო კაპიტალისა და ინვესტიციების დაფინანსებას მოხმარდება.

„მოხარული ვართ, რომ EFSE-სთან ჩვენი  წარმატებული და უწყვეტი პარტნიორობა გრძელდება. ეს ტრანზაქცია კიდევ ერთხელ მოწმობს ორივე ინსტიტუტის მზაობას, მხარი დავუჭიროთ მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას საქართველოში. მოზიდული ფინანსური რესურსი შესაძლებლობას გვაძლევს დავაფინანსოთ ბიზნესების წარმომადგენლები საჭირო, გრძელვადიანი ლარის რესურსით. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში კიდევ არაერთი საინტრესო ინიციატივის განხორციელებას შევძლებთ ერთად“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

„ვამაყობთ თიბისისთან  ჩვენი მრავალწლიანი პარტნიორობით. თიბისის წარმატებული შედეგები, განსაკუთრებით მიმდინარე პანდემიის დროს, მართლაც შთამბეჭდავია. მოხარული ვარ, რომ EFSE-ს მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებას მოხმარდება“, – კლაუს მიულერი, EFSE-ს საბჭოს თავმჯდომარე.

2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებისა და ინვესტიციის განხორციელების გზით.

რა შემთხვევაში შემცირდება კოვიდით სიკვდილიანობა – გამყრელიძის პასუხი

„ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან… მათ შორის, შემცირდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი,“ – აღნიშნა დღეს, 26 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ამირან გამყრელიძემ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს ჟურნალისტებმა კორონავირუსის გამო სიკვდილიანობის გაზრდილ მაჩვენებელზე ჰკითხეს.

ამირან გამყრელიძე პირდაპირ უკავშირებს ვაქცინაციას სიკვდილიანობის მაჩვენებელს. მან ამის საილუსტრაციოდ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაასახელა, სადაც ასევე ბოლო პერიოდში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, მაგრამ სიკვდილიანობა არ არის მაღალი.

„მოგეხსნებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მდგომარეობა გართულდა – იქაც, ორი, სამი, ოთხი ათასი შემთხვევაა ყოველდღე, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია, რადგან ვაქცინაციის მაჩვენებელი არის მაღალი, მოსახლეობის 50 – 60 პროცენტი აცრილია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, კორონავირუსით ქვეყანაში 43 ადამიანი გარდაიცვალა, გუშინ – 46.

აჭარის რეგიონში კორონავირუსით დღეს 8 ადამიანი გარდაიცვალა.

აჭარაში კოვიდის 179 ახალი შემთხვევაა, 8 პაციენტი გარდაიცვალა

26 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 8 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

რეგიონში 479 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 30 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 203 ადამიანი.

18 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 4762 ახალი შემთხვევაა, 43 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით გასულ დღე-ღამეში.

ყალბი კოვიდპასპორტი 70 ევროდ – 1 პირი დააკავეს, 8 კი ამხილეს

ქალაქ თბილისსა და იმერეთის რეგიონში ყალბი კოვიდპასპორტებისა და კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი დოკუმენტების 2 ფაქტი გამოავლინეს, რის გამოც პასუხისგებაში მიეცა ცხრა პირი, მათ შორის, ერთი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ყალბი ე.წ. კოვიდპასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა როგორც ხსენებული ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები, ასევე, სხვა მოქალაქეებზე გასაღების მიზნით დამზადებული ყალბი კოვიდპასპორტები და მათ დასამზადებლად გამოყენებული კომპიუტერული ტექნიკა“ – წერს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

იმერეთის რეგიონში კი ამხილეს რვა პირი, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

დადასტურდა კოვიდის 4762 ახალი შემთხვევა | 26 ოქტომბერი

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4762 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 48 090 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 43 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 762 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 523 შემთხვევა, აჭარაში – 179, იმერეთში – 933, ქვემო ქართლში – 273, შიდა ქართლში – 378, გურიაში – 116, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 378, კახეთში – 658, მცხეთა-მთიანეთში – 166, სამცხე-ჯავახეთში – 103, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 55.

25 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.90%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.05% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.97%.

მოგონებები გამქრალ სივრცეებზე | ბარი ვინილი

შესავლის მაგივრად

დილით გაღვიძება ყოველთვის მიჭირდა. განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა ზამთარი იდგა და მაშინ თენდებოდა, როცა უკვე პირველ გაკვეთილზე ვისხედით. მაშინ ერთადერთი რაც ამ დროს ჩემში აღტაცებას იწვევდა, იყო სკოლის ფანჯრიდან დანახული ზღვის ჰორიზონტზე გაწოლილი თოვლიანი კავკასიონი, რომელსაც ამომავალი მზე ალისფერს აძლევდა.

მერვე კლასში ვიქნებოდი ალბათ, როცა სანაპიროზე, ჩემი სკოლის უბანში პირველი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო, რამაც ეს ზამთრის ხედი ძალიან მალე დაფარა. მაშინ ვერ მივხვდი ზუსტად რა მეწყინა, რა გამომეცალა სამუდამოდ ხელიდან. ახლა უფრო და უფრო ცხადია, რომ საზოგადოდ ბევრი რამ გამოგვეცალა, რაღაც ისეთი რამეები, რაც ყოფით პრობლემებს ცოტა ხნით მაინც გვავიწყებდა: ცა, ხედები, მზე, საჯარო სივრცეები, შეკრების ადგილები, სიწყნარე, ჰორიზონტი, კიდევ ალბათ, ბევრი ჯერ კიდევ უცნობი რამ, რაც მოგვიანებით აუცილებლად შეგვახსენებს თავს.

ვინილი (ანუ ვაინილი, როგორც ამას უცხოელები ეძახდნენ)

ბოლო რამდენიმე წელია ვინილს ვემშვიდობებით. მორჩა, ზაფხული რომ გავა, სამუდამოდ დაიკეტებაო და იმდენჯერ გავიდა ასეთი შიშიანი ზაფხული, რომ ახლა ნამდვილად აღარ ვიცი რა ვიფიქრო. ვნახე კარ-ფანჯარა გამოცილილი, ვინილებაყრილი “ვინილი”, ბოლოს გარედან ფანერიც ააკრეს და ასე დასრულდა რამდენიმე დღის წინ ვინილის არსებობა.

2010 წელს, როცა გაიხსნა, ვინილი იმაზე ბევრად პატარა იყო, ვიდრე ბოლოს. 5-6 მაგიდა იდგა, მათ შორის ერთი შავი ტელეფონისთვის (რომელიც არსად რეკავდა) და კიდევ მარცხენა კედელზე ჩამოკიდებული იყო პატარა კარდონზე მიკრული ჩარლზ ბუკოვსკის ლექსი “სტილი”, რომელმაც, ალბათ, იქონია გავლენა ჩემს სამომავლო გემოვნებაზე პოეზიაში. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი ვინილში და ახლა ყველას ერთი კითხვა გვაქვს, აწი სად უნდა წავიდეთ, სად უნდა ვნახოთ ისეთმა ნაცნობებმა ერთმანეთი, რომლებიც მხოლოდ ვინილის შიგნით და ირგვლივ ვიკრიბებოდით? სწორედ ამ კითხვამ გააჩინა ამ ტექსტის დაწერის სურვილიც.

2014 წელი

ვინილის გაქრობამ ყველას გაგვიჩინა იმის შიში, რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავთ. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები გადაჭარბებული შეიძლება იყოს, მაგრამ ასე თუ ისე, გამოხატავს ქალაქში ურბანიზაციის ამ ტალღით გამოწვეულ დაშორებებს. რაღაცებმა ზღვასთან დაგვაშორა, რაღაცებმა მიწასთან, რაღაცებმაც ერთმანეთთან. ქალაქი კი იცვლება. ქარავანი, ასე ვთქვათ, მიდის.

„ბათუმელების“ მკითხველს ვთხოვეთ, გამოეგზავნათ ფოტოები, რომელიც ვინილში ჰქონდათ სხვადასხვა დროს გადაღებული, ამით ვეცადეთ შეგვეგროვებინა მეხსიერება, რომელიც რჩება ხოლმე დაკიდებული გამქრალი სივრცეების თავზე და იქ გავლისას ჟღარუნით გვახსენებს წარსულს:

“ვინილში პირველად 2011 წელს ჩემმა მეგობარმა მიმიყვანა. იმის მერე ეს ადგილი ჩემთვის ბათუმის განუყრელი ნაწილი გახდა, თუ ბათუმში ჩავდიოდი და “ვინილში” ვერ ვახერხებდი მისვლას, აღარ იყო ჩემი ბათუმში ჩასვლა სრულყოფილი. მეგობრები დამყავდა, მარტო გარეთ ჩამოჯდომაც მიყვარდა. ბევრი მოგონება არ მაკავშირებს ამ ადგილთან, მაგრამ რაც იყო სულ სიხარულით ვიხსენებ. ძალიან დამწყდა გული, რომ ბათუმს აღარ აქვს ეს სივრცე, რომელიც ნამდვილად ძვირფასი იყო ბათუმლებისთვის. ბევრად უფრო მეტი ვიდრე ჩვეულებრივი კაფე”, – გვწერს ლეილა მაჭავარიანი.
მოგვაწოდა ლეილა მაჭავარიანმა

“ჩემი 4 წლიანი ბათუმში ცხოვრების განუყრელი ნაწილი იყო ვინილი. ჯერ კვამლიანი, მერე გარეთ მოწევით. ბევრი რამ დამამახსოვრდა, თუმცა ჭადრაკის პარტიები დაუვიწყარია. განსაკუთრებით ნუკრისთან, ვისაც ვერასდროს ვუგებდი, მაგრამ არ ვაღიარებდი” – იხსენებს გიორგი ნადირაშვილი.

მოგვაწოდა გიორგი ნადირაშვილმა
მოგვაწოდა მაშო სამადაშვილმა

“2018 წელი, მე და ანი იმნაძე ვართ ვინილში, მოდის უსაყვარლესი კაცი და გვჩუქნის წიგნს. ბევრი საყვარელი მოგონება გვაკავშირებს ამ ადგილთან”, – წერს სალო დეკანაძე.

მოგვაწოდა სალო დეკანაძემ
მოგვაწოდა სალომე მიქელაძემ
სოციალური ქსელით მოწოდებული ფოტოები

“გუკამ (შეყვარებული) პირველად რომ ჩამომაკითხა ბათუმში 2017 წელს, ეგრევე აქ წავიყვანე” – ნინო ბოლქვაძე.

მოგვაწოდა ნინო ბოლქვაძემ

“ეს ანა და ილია არიან. მათ ერთმანეთი ვინილში გაიცნეს. ახლა ერთად არიან, ოჯახი შექმნეს”, – გვწერს ფოტოს ავტორი მარიამ ათაბაგი.

ფოტო მოგვაწოდა მარიამ ათაბაგმა
ბოლო ზაფხული ვინილში, მოგვაწოდა ნინო მახაძემ

“ეს ფოტო ვინილის ბოლო დღეს გადავიღეთ, იმედია, ხეს მაინც არ მოჭრიან” – ამბობს ჯემალ კახიძე.

აზა და ჯემალი

___

 

დუმბაძის ქუჩაზე რვასართულიანი სახლის აშენებას არჩილ ხაბაძის მეგობრის კომპანია გეგმავს

 

რატომ არ არის მზად მოშიმშილე სააკაშვილის მისაღებად მე-18 დაწესებულება – ექიმის შეფასება

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა საპატიმროში დამძიმებულია, სააკაშვილის ადვოკატები მოითხოვენ დაუყოვნებლივ გადაწყდეს ჰოსპიტალიზების საკითხი, რადგან ციხის სამედიცინო დაწესებულება ვერ აკმაყოფილებს მულტიპროფილური კლინიკის კრიტერიუმებს, რის საჭიროებაზეც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კონსილიუმმა გასცა რეკომენდაცია.

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მიღებისთვის N18 დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი შეამოწმეს და დაადგინეს, რომ დაწესებულებას გააჩნია პატიმართა (მათ შორის მოშიმშილეების) სამედიცინო საჭიროებების მიწოდებისთვის საჭირო რესურსები. თუმცა უშუალოდ სააკაშვილის სამედიცინო საჭიროებებთან დაკავშირებით ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც N18 დაწესებულებაში შეუძლებელია.

მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმი-რეანიმატოლოგი და მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი ამ გარემოებას განსაკუთრებით საგანგაშოდ მიიჩნევს.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება, მაგნიტო-რეზონანსული კვლევის აპარატურა სამედიცინო დაწესებულებისთვის, სადაც შესაძლოა კრიტიკული პაციენტის, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის მართვა გახდეს საჭირო?

ეს აღჭურვილობა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული პაციენტის მართვისთვის, ოღონდ მე ყურადღებას გავამახვილებდი იქ რეანიმატოლოგის არარსებობაზე, რაზეც მიუთითებს სახალხო დამცველი. დაწესებულებაში არ არის კრიტიკული მედიცინის ექიმი, არ არის ინტენსიური მედიცინის ექიმი, რაც, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევაა, ეს უფრო პრობლემურად მიმაჩნია.

გარდა იმისა, რაც დასკვნაში წერია, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუნდაც ლაბორატორიულ უზრუნველყოფასთან მიმართებაში, როცა ერთი საათი სჭირდება ამ კვლევებს… კი, მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, დოპლერ სკანირება – ეს მნიშვნელოვანია, ვერ ვიტყვი, რომ პირველი რიგის არის, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე ბევრად უფრო დიდი პრობლემაა რეანიმატოლოგის არარსებობა და ადეკვატური ლაბორატორიული უზრუნველყოფის არარსებობა იმ დაწესებულებაში.

შეიძლება საჭირო გახდეს ეს აღჭურვილობა, ასეთ დროს ყველა აღჭურვილობაზე ასეა, მაგის გარანტია არ არსებობს, რომ არ გახდება საჭირო, აქ რისკებზეა ლაპარაკი. მთავარი პრობლემა მაქ არის ის, რომ რეანიმატოლოგი არ ჰყავთ და ეყოლებათ თუ არა არ იციან.

  • სახალხო დამცველთან საუბრისას ადმინისტრაციამ თქვა, რომ დაწესებულებაში რეანიმატოლოგს მოიყვანენ…

როცა მოიყვანენ და იქნება, მერე ვილაპარაკოთ. ძალიან სახიფათოა, როცა ციხის საავადმყოფოში ამ პროფესიის ექიმი არ არის ამდენი ხნის განმავლობაში, მოიყვანონ და ვნახოთ, 24/7-ზე თუ იქნება შესაბამისი პროფესიული კადრი ადგილზე, ეს ცვლის ვითარებას.

  •  თალასემიის დიაგნოზის მქონე პაციენტის მდგომარეობა, რომელიც შიმშილობს 25-ე დღეა, რამდენად შესაძლოა ამჟამად ისე დამძიმდეს, რომ კრიტიკული გახდეს და დადგეს მულტიპროფილური სამედიცინო ჩარევის საჭიროება?

სრულიად ლოგიკურია თითქმის ერთთვიანი შიმშილობის ფონზე პაციენტის მდგომარეობა დამძიმდეს და კრიტიკულიც გახდეს. ამაში ნამდვილად არსებობს სამედიცინო ლოგიკა.

  • როცა სამედიცინო დაწესებულებაში შედის პაციენტი, რომლის მართვა ვერ ხერხდება ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების არ ქონის გამო, რა არის ექიმის პასუხისმგებლობა, როგორ უნდა მოიქცეს ის?

ყველა გზა უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ აღმოუჩინოს აუცილებელი დახმარება, იქნება ეს დახმარება ადგილზე, სხვაგან გადაყვანით თუ გამოძახებით.

  • რეალურად რა მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს კრიტიკული პაციენტის მართვისას?

კრიტიკულ მდგომარეობაში დროის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ ადგილზე იყოს სრული აღჭურვილობა, აუცილებელია, რომ პირველადი დახმარება და დიაგნოსტიკის საშუალებები გვქონდეს და მერე, თუ იქნება გადაყვანა საჭირო, შესაბამისად გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კვლევებზე.

12 წლის ბავშვს ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის სცემეს და გაშიშვლება აიძულეს – PHR

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR აცხადებს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურას დარღვევა დაუდგინა.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 12 წლის ბავშვის უფლებებს იცავს, რომელსაც, ორგანიზაციის ინფორმაციით, ხილის უნებართვოდ მოკრეფისთვის ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ  პლასტმასის მილით ფიზიკური დაზიანება მიაყენა ფეხზე.

„მეორე პირმა ბავშვი ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, დაარტყა ფეხი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ძალის გამოყენებით წელზემოთ გააშიშვლა, აიძულა შარვლის გახდა და ამ მდგომარეობაში ბავშვი ქუჩაში გაუშვა. მოზარდს სხეულზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღენიშნებოდა.

ბავშვის მშობელმა იმავე დღეს მიმართა პოლიციას და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბავშვს გაეწია სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც“ – წერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ითხოვდა ბავშვის დაზარალებულად ცნობას დამამცირებელი მოპყრობის მუხლით, თუმცა პროკურატურამ არ გაიზიარა ბავშვის ადვოკატის პოზიცია და ბავშვი დაზარალებულად ცნო მხოლოდ ერთი პირის მხრიდან ფიზიკური ძალადობის (სსკ მუხლი 126) ნაწილში, ხოლო მეორე პირის მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი სამართლებრივი შეფასების მიღმა დატოვა.

„PHR-ის წარმომადგენელმა სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართა პროკურორს. პროკურორის უარი გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთანაც, თუმცა უშედეგოდ. პროკურატურამ უარი განაცხადა ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებების დამამცირებელ მოპყრობად შეფასებაზე. ხოლო მილის დარტყმით მიყენებული დაზიანების ნაწილში საერთოდ არ იმსჯელა ბავშვის დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა ერთი პირის მხრიდან ბავშვის მიმართ დამამცირებელი მოპყრობისა და მეორე პირის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის მუხლით დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

2021 წლის 15 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ (მოსამართლე ლევან დარბაიძე) პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა პირდაპირ არ ითვალისწინებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობაზე უარის სასამართლოში გასაჩივრებას, სასამართლოს განმარტების თანახმად, პირის დაზარალებულად ცნობა მოიაზრებს სწორი კვალიფიკაციით დაზარალებულად ცნობას.

შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპისა და საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე, ასევე, ნორმის მიზნიდან გამომდინარე, რომ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ პროკურატურის გადაწყვეტილება სასამართლო კონტროლს ექვემდებარება, სასამართლომ განიხილა წარდგენილი საჩივარი და გაიზიარა ადვოკატის არგუმენტაცია, რომ სავარაუდო დამნაშავის მხრიდან ბავშვის მიმართ განხორციელებული ქმედებები, მათი ხასიათის, ინტენსივობის, ბავშვის ასაკისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, მთლიანობაში ცდებოდა ფიზიკური ძალადობის შემადგენლობას და წარმოადგენდა დამამცირებელ მოპყრობას. ხოლო მეორე პირის მხრიდან მილის დარტყმის ფაქტი შეაფასა ბავშვის მიმართ ფიზიკურ ძალადობად.

სასამართლომ, აგრეთვე იმსჯელა გამოძიების ხარისხსა და პროკურატურის მხრიდან გამოძიების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფაზე. მოსამართლემ მიუთითა, რომ მოწმე ბავშვის ადვოკატის გარეშე გამოკითხვა, არღვევს ბავშვის უფლებას და ბავშვის დაზარალებულად ცნობის პროცესში პროკურატურას უპირატესობა უნდა მიენიჭებინა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

გამომდინარე აქედან, სასამართლომ გააუქმა პროკურატურის უარი სწორი კვალიფიკაციით ბავშვის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გორის რაიონულ პროკურატურას დაავალა ბავშვის დაზარალებულად ცნობა დამამცირებელი მოპყრობისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე. სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება არ საჩივრდება“ – იუწყება „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“.

ორგანიზაციის ცნობით, ზემოაღნიშნულის მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურატურა დღემდე არ ასრულებს.

მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი – ღარიბაშვილი სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

„მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მიმართეთ ექიმებს“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 ოქტომბერს, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას შეეხებოდა.

ღარიბაშვილს დღეს ასევე ჰკითხეს, მის პასუხისმგებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაიღუპება.

„მე მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, რომ ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ…

ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, თუ რა პირობებია ციხის საავადმყოფოში. იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი 25 დღეა შიმშილობს პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

„ზეწოლა ხდება ექიმებზე“ – ყოფილი ომბუდსმენი სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე

„ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე,“ – ასე აფასებს სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე მაღალჩინოსნების უარს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მისივე ინფორმაციით, დღემდე ასეულობით პატიმარია გადაყვანილი სამოქალაქო სამკურნალო სექტორში, როცა ციხის საავადმყოფოში მათი სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია.

კონსილიუმმა, რომელმაც უკვე 25 -ე დღეს მოშიმშილე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, კონკრეტული დასკვნა დადო, თუ რა სამედიცინო აღჭურვილობა სჭირდება სააკაშვილს. სახალხო დამცველის შეფასებით, ციხის საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

ამ საკითხზე საუბრის დროს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა ასეულობით პატიმარი გადაჰყავთ კერძო კლინიკაში.

„ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა უჩა ნანუაშვილს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორს და ყოფილ სახალხო დამცველს.

  • ბატონო უჩა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა კონსილიუმის დასკვნით, რა სამედიცინო აღჭურვილობაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს, ციხის საავადმყოფოში არ არის, ხოლო იუსტიციის მინისტრი და პრემიერი აცხადებენ, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ? 

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ მსგავს ვითარებაში სამედიცინო თემებზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია. მსგავს სიტუაციაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა საუბრობდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს. ექიმები უნდა ამბობდნენ, რა სჭირდება პატიმარს და სად.

მაღალი თანამდებობის პირების ეს განცხადებები ხელს უწყობს იმას, რომ რეალური დახმარება არ გაუწიონ პატიმარს. ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე, ისევე, როგორც გამოძიებაზე, როცა წინასწარ აკეთებენ განცხადებებს.

  • რამდენად ხშირია პრაქტიკა, როცა პატიმარი სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ? 

ასეულობით შემთხვევა იყო ასეთი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახალხო დამცველად მუშაობის დროს, ეს იყო რეკომენდაცია, რომელიც სრულდებოდა. ამით ერთგვარად ამაყობდა პენიტენციური სისტემა, რომ ბრალდებული ან მსჯავრდებული გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში: ყველა ვთანხმდებით, რომ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოს არ აქვს ის რესურსი, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებს.

მანამდე, წინა წლებში, ცნობილი იყო, როცა უკიდურესად მძიმე სიტუაციაში გადაჰყავდათ პაციენტები სამოქალაქო სექტორის კლინიკებში და  ერთგვარი ტერმინიც გაჩნდა „სიკვდილის ექსპორტი“, როცა გარდაცვალება დგებოდა საავადმყოფოში და არა ციხეში. შემდეგ, წლების განმავლობაში, ეს პრაქტიკა შეიცვალა და საუბარი იმაზეც კი იყო, რომ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა გასულიყო პენიტენციური სისტემიდან.

შემიძლია გავიხსენოთ გახმაურებული საქმეები, როცა ასევე ჯანმრთელობის მცირე პრობლემების დროსაც კი, გაჰყავდათ პატიმარი კლინიკაში, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი. ის რამდენჯერმე გაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, რომ არ გაჩენილიყო კითხვის ნიშნები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • ადვოკატებმა გვითხრეს, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როცა შესაძლოა ციხის საავადმყოფოს აქვს შესაბამისი სამედიცინო სერვისი, მაგრამ პატიმრები საკუთარი ხარჯით ირჩევენ სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობას, დღემდე არსებული პრაქტიკით, ამ მოთხოვნებს ციხის ადმინისტრაცია აკმაყოფილებს. 

დიახ, ასეულობით ასეთი შემთხვევა იყო. მე არ მახსენდება ვინმეს მოემართოს, რომ აი, მისწერა პატიმარმა დაწესებულების ადმინისტრაციას და საკუთარი ხარჯით მოითხოვა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამკურნალოდ წასვლა და უარი უთხრეს… სააკაშვილის შემთხვევაში ჩანს, რომ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება. სხვა მხრივ, პრემიერის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, სად უმკურნალებენ სააკაშვილს და როგორ. მსგავსი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების ინტერესი.

უჩა ნანუაშვილი
  • ცნობილია, რომ ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზეც იგივეა: „დავასრულოთ ნაცმოძრაობა“. ახლა რამდენად რეალურია ფიზიკურად პოლიტიკური ოპონენტის განადგურების რისკი? 

არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. თუმცა ის, რომ ხელისუფლება იყენებს ამ სიტუაციას საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალებას, ფაქტია… რეალურად მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა აკეთებდეს განცხადებას კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.

  • „გამორიცხულია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“ – როცა ამას ამბობს პრემიერი, არსებობს ალბათობა, რომ პენიტენციური სამსახურის ექიმებმა პროფესიული ვალდებულებების დაცვა შეძლონ? 

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ზუსტად სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებაა. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ განცხადება… ახლა არსებობს რისკი, რომ რეალურად სააკაშვილმა ვერ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დანარჩენი მშვიდ გარემოში შეფასების საგანია. იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ გამიჭირდება ახლა სხვა შეფასება.

თიბისის მხარდაჭერით, „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის – „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის – „ჯითისი რენთის“ ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანია „ანაგია“.

სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის – Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, რომელმაც ამიერკავკასიის რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა და ბეტონის მონიტორინგის სისტემა წარადგინა.

2020 წლიდან, „ჯითისი ჯგუფი“ საქართველოში Doka-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ჯგუფი, Doka-სთან ერთად, საქართველოში სამშენებლო მასალების ისეთი ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform და სხვა.

პრეზენტაციაზე „ჯითისი ჯგუფმა“ დამსწრე საზოგადოებას საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით კომპანიის სერვისებიც გააცნო. ჯგუფის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციას, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებას. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასა და მონიტორინგს უზრუნველყოფენ

„ჯითისი ჯგუფი“ ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის“ ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“, „ნამაი ვაკე“, „ბლექ სი თაუერსი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ და სხვა.

2016 წლიდან თიბისი „ჯითისი ჯგუფის“ ფინანსური პარტნიორი და ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის განვითარებას მხარდამჭერია.

სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორში, თიბისი ბაზრის ლიდერია.

Exit mobile version