მთავარი,სიახლეები

“ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს

09.01.2022
“ზოგჯერ მეზობელთან გადავდივარ გასათბობად” – მარტოხელა დედა შეშას ითხოვს

43 წლის ეთერ ფარტენაძე „ოცნების ქალაქში“ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელსაც თავს აფარებს, წელს ცეცხლი არ დაუნთია – „პატარა „პლეტა“ მაქვს და იმით ვთბები, ზოგჯერ ვრთავო“.

ქოხის ფარღალალა, ხის კედლები კი სიცივეს ნამდვილად ვერ აკავებს.

ეთერის თქმით, გასული ზამთარი ბათუმის მერიის მიერ მიცემული შეშით გადაიტანა. წელს კი მისთვის შეშა ვერ გამონახეს. ვერც იყიდა. ასე დავრჩი 10 წლის შვილთან ერთად სიცივეშიო – გვითხრა ქალმა.

ეთერის თქმით, როცა ძალიან შესცივდებათ, „მეზობელთან გადადიან გასათბობად“.

ეთერი შვილთან ერთად უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. ამბობს, რომ ქოხში, რომელიც 9 წლის წინ ააშენა, მხოლოდ ერთი საწოლი უდგას. სხვა არაფერი. როცა ეკითხები, თუ რატომ არ მუშაობს, ორ მიზეზს ასახელებს, შვილს მარტო ვერ ტოვებს და ვერც სამუშაო ნახა – „დალაგებას შევძლებ, მაგრამ სამუშაო ვერსად ვერ ვნახეო“.

ეთერის ნაცნობი ქალების თქმით, სიღარიბის, მათ შორის სათანადო ტანსაცმლისა თუ ფეხსაცმლის უქონლობის გამო, ეთერის შვილი ვერც სკოლაში ახერხებს სრულფასოვნად სიარულს. „ბავშვისთვის საკმარის ტანსაცმელს ვერ ვყიდულობ, ზოგჯერ ჩუქნიან და სულ ეს არისო“, – გვიდასტურებს ქალიც.

ეთერს ოფიციალურად აქვს მარტოხელა დედის სტატუსი – ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში მას ამ სტატუსის გამო 120 ლარს უხდიან. ასევე იღებს სოციალურ დახმარებას. გვიხსნის, რომ მისი შემოსავალი ყოველთვიურად ჯამში დაახლოებით 300 ლარია. „სულ ეს არის, რაც წამლებშიც უნდა ვიკმაროთ და საჭმელშიცო“, – აცხადებს ქალი.

ქალი ამბობს, რომ დამოუკიდებლად თავისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ვერასდროს შეძლებს. მას, ისე, როგორც „ოცნების ქალაში“ მცხოვრებ სხვა ადამიანებს, იმედი აქვთ, რომ „ბინას მიიღებენ“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ერთ რომელიმე კორპუსში. „იქნება ჩემს შვილს მაინც მისცენ ბინაო“ – ამბობს ქალი.

ეთერ ფარტენაძის ქოხი

„ოცნების ქალაქში“ მშენებარე კორპუსის დასრულება ამ წლის მაისში იგეგმება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: