ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

10.01.2022 • 2236
რატომ ადგენენ ყინულის არენის და საცურაო აუზის პროექტის სავარაუდო ფასს ხელახლა

ბათუმში ყინულის არენის დასრულების და ახალი საცურაო აუზის მოწყობის პროექტისთვის საჭირო სავარაუდო ღირებულების დასადგენად აჭარის პროექტების მართვის კომპანია ბაზარს ხელახლა იკვლევს.

კომპანიამ, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, სავარაუდო ღირებულება 2021 წლის აგვისტოშიც დაადგინა, თუმცა კონკურსი, დოკუმენტაციის შესყიდვაზე, აღარ გამოუცხადებია.

როგორც აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში გვითხრეს, პროცედურები დროში გაიწელა და აგვისტოში დადგენილი ფასებით იანვარში კონკურსს ვერ გამოაცხადებდნენ. შესაბამისად, სავარაუდო ფასის დასადგენად ბაზრას ხელახლა იკვლევენ.

დაინტერესებულმა პირებმა კომპანიას თავიანთი შეთავაზებები წერილობით ამჯერად 2022 წლის 17 იანვრამდე უნდა წარუდგინონ.

ამის შემდეგ გამოცხადდება კონკურსი პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შეძენაზე, შემდეგ კი, ამ პროექტის საფუძველზე, ლადო ასათიანის 27-ში დაწყებული მშენებლობა უნდა დასრულდეს და აშენდეს ახალი საცურაო აუზი.

„აჭარის პროექტების მართვის კომპანია“ არის სახელმწიფო შპს, რომლის 100% წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩა №27-ში ყინულის არენის მშენებლობა 2018 წელს აჭარის მთავრობამ იმიტომ გადაწყვიტა, რომ საჭადრაკო ოლიმპიადა ჩაეტარებინა. მშენებლობა დაიწყო, ოლიმპიადაც ჩატარდა, თუმცა ყინულის არენის მშენებლობა აღარ დასრულებულა.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ბათუმში ჩატარება ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში გადაწყდა, 2018 წლისთვის ვერ ესწრებოდა 61,9-მილიონიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობის დასრულება [ლეონიძის ქუჩაზე], რაც ამ დონის ოლიმპიადის ჩატარებისთვის იყო გათვლილი და აუცილებელი.

გამოსავალი აჭარის მთავრობამ იმ დროს იმაში ნახა, რომ ტენდერის გარეშე აეშენებინა ახალი სპორტკომპლექსი, რომლის ერთ დარბაზს ოლიმპიადისთვის გამოიყენებდნენ, შემდეგ კი, ყინულის არენად გადააკეთებდნენ.

უფრო ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

რა ელის ყინულის არენად დაწყებულ მშენებლობას ბათუმში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: