ბათუმის თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „კარგო პარსელი“ მშრალი ტვირთების ღია სასაწყობო მეურნეობას ამუშავებს, სადაც სხვადასხვა სახის მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება და საბაჟო ოპერაციებში მოქცევა მიმდინარეობს.
კომპანია ამჯერად ამავე ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობასაც გეგმავს.
ახალი საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროს სკოპინგის ანგარიშით მიმართა.
ანგარიშის მიხედვით, „საქმიანობის განხორციელებისთვის შერჩეული ტერიტორია წარმოადგენს შპს „კარგო პარსელის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიას, სადაც უკვე მიმდინარეობს ანალოგიური პროფილის სამუშაოები (მშრალი ტვირთების მიღება-დასაწყობება-გატანა), ხოლო ტერიტორიის სხვა ალტერნატივის შერჩევის შემთხვევაში კომპანიას მოუწევდა საჭირო ტერიტორიის, კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც შესაბამისად, გარემოს კომპონენტებზე ზემოქმედებას გამოიწვევდა და დაკავშირებული იქნებოდა კომპანიის მაღალ ფინანსურ დანახარჯებთან“.
„მიუხედავად ზემოხსენებულისა, მოცემული გარემოება კომპანიას არ ათავისუფლებს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ განსაზღვრული ვალდებულებისაგან – გზშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით“, – აღნიშნულია სამინისტროს დასკვნაში.
სამინისტროს გადაწყვეტილებით კომპანია ვალდებულია ღია სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე წიაღისეული საწვავის, ნავთობპროდუქტების და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა-ექსპლუატაციაზე გზშ-ის ანგარიში მოამზადოს.
დოკუმენტების მიხედვით:
„სასაწყობე მეურნეობაში ერთდროულად მოსალოდნელია დასაწყობდეს 1000 კუბ/მ ან მეტი მოცულობის მშრალი ტვირთები, მათ შორის, ნავთობის კოქსი, ამონიუმის ნიტრატი, ქვანახშირი, გრანულირებული გოგირდი.
- ნავთობის კოქსის ტვირთი სასაწყობე ტერიტორიაზე შევა ნაყარი სახით, რომლის მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 500 000 ტონაა. სკოპინგის ანგარიშის შესაბამისად, ნავთობის კოქსი წარმოადგენს ნავთობის გადამუშავებიდან მიღებულ პროდუქტს (ნახშირბადით მდიდარი მყარი მასალა, რომელიც საწვავად გამოიყენება).
- სასაწყობე ტერიტორიაზე ნაყარი სახით შევა ასევე ქვანახშირი (მაქსიმალური ტვირთბრუნვა – წელიწადში 600 000 ტ), რომელიც (საერთაშორისო ბაზარზე) წარმოადგენს მყარ, საწვავ სასარგებლო წიაღისეულს.
- ამონიუმის ნიტრატის ტვირთის სასაწყობე ტერიტორიაზე შეტანა-დასაწყობება გათვალისწინებულია „ბიგ-ბეგების” სახით (მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 600 000 ტ). აღნიშნული, ქიმიური პროდუქტია, რომელიც სასუქად გამოიყენება.
- გრანულირებული გოგირდის ტვირთი სასაწყობე ტერიტორიაზე შემოტანა განხორციელდება შეფუთული „ბიგ-ბეგებით” ან ნაყარი ფორმით (მაქსიმალური ტვირთბრუნვა წელიწადში 700 000 ტ). აღნიშნული ქიმიური პროდუქტი გამოიყენება სასუქად და სხვადასხვა ინდუსტრიული დანიშნულებით.
- მადნეული ნაყარი ტვირთებიდან და კონცენტრატებიდან გათვალისწინებულია: მანგანუმის მადნის (500 000 ტ/წ), სილიკო მანგანუმის კონცენტრატის (400 000 ტ/წ), ბარიტის (150 000 ტ/წ), კვარცის (150 000 ტ/წ), სპილენძის კონცენტრატისა (150 000 ტ/წ) და ცემენტის (250 000 ტ/წ) ტვირთბრუნვა, საიდანაც მანგანუმის მადნის, სილიკო მანგანუმის კონცენტრატის, ბარიტის და კვარცის შემოტანა გათვალისწინებულია ნაყარი სახით, ხოლო სპილენძის კონცენტრატისა და ცემენტის შემოტანა ,,ბიგ-ბეგების” სახით.
- სასაწყობე ტერიტორიაზე შეფუთული ტვირთები („ბიგ- ბეგებით“), მათ შორის ქიმიური სახის პროდუქტების (ამონიუმის ნიტრატის და გრანულირებული გოგირდის), ასევე სპილენძის კონცენტრატის და ცემენტის მიღება გათვალისწინებულია სარკინიგზო ტრანსპორტით.
- აღწერილი პროდუქტების (ტვირთების) სასაქონლო ტვირთბრუნვის ოპერაციების ხანგრძლივობად (შენახვა/დასაწყობება) განსაზღვრულია 30-დან 90 დღემდე პერიოდი.
- ტვირთები შევა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული, ისე უცხოეთიდან იმპორტირებული სახით, საერთაშორისო სასაქონლო კოდებით და დაცული იქნება მათი ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტები. სასაწყობო მეურნეობა იმუშავებს უწყვეტი 24-საათიანი რეჟიმით“.
სამინისტროს დასკვნაში აღნიშნულია, რომ „ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე ამ პროექტთან დაკავშირებით წერილობითი შენიშვნები ან/და მოსაზრებები სამინისტროში არ დაფიქსირებულა“.
პარალელურად კი, „სკოპინგის პროცედურის შედეგად განსაზღვრული და დადგენილი იქნა დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის მომზადებისათვის საჭირო კვლევების, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალი, ასევე გზშ-ის პროცესში დეტალურად შესასწავლი ზემოქმედებების საკითხები“.
შენიშვნები, რაც კომპანიამ გზშ-ის ანგარიშში უნდა გაითვალისწინოს, ნახეთ აქ:
შენიშვნები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს გზშ-ის ანგარიშში:
- რეგიონის კლიმატური პირობების გათვალისწინებით გზშ-ის ანგარიშში განხილული იქნეს საპროექტო, მათ შორის ნაყარი ტვირთისთვის დახურული ტიპის საწყობის მოწყობის შესაძლებლობის საკითხი;
- არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ნაყარი ტვირთების ოპერირების შეზღუდვის ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;
- „ბიგ-ბეგების“ შესაძლო დაზიანების და პროდუქტის გარემოში მოხვედრის პრევენციის მიზნით განსაზღვრული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია;
- სკოპინგის ანგარიშში ნაყარი ტვირთების დასაწყობების პირობების შესახებ ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას;
- სანიაღვრე წყლების დაბინძურების რისკების მინიმუმამდე შემცირების მიზნით ტერიტორიის სისტემატური დასუფთავების და დასუფთავებისთვის შერჩეული ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია;
- სკოპინგის ანგარიშის თანახმად, „სასაწყობე მეურნეობაში ტვირთები შემოვა, როგორც ადგილობრივ ბაზარზე წარმოებული, ისე უცხოეთიდან იმპორტირებული სახით, უზრუნველყოფილი იქნება საერთაშორისო სასაქონლო კოდებით და დაცული იქნება მათი ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტები“. შესაბამისად, გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილი იქნეს ზემოხსენებული სასაქონლო კოდების, ტვირთების ტრანსპორტირების და შეფუთვის სტანდარტების შესახებ ინფორმაცია;
- დაზუსტებას საჭიროებს სასაწყობე მეურნეობაში დამატებით ნავთობპროდუქტის, ქიმიური პროდუქტის და საწვავი წიაღისეულის სახეობის მშრალი ტვირთების დროებითი დასაწყობების ადგილის შესახებ ინფორმაცია;
- დაზუსტებას საჭიროებს ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობისა და მისი განხორციელების ადგილის ყველა გონივრული ალტერნატივის შესახებ, შესაბამისი დასაბუთებით;
- ვინაიდან, სასაწყობე ტერიტორიაზე დამატებით განთავსდება ნავთობპროდუქტის, ქიმიური საწვავი წიაღისეულის, ასევე მადნების და კონცენტრატების მშრალი ტვირთები (მათ შორის ნაყარი სახით), გზშ-ის ეტაპზე საჭიროა ჩატარდეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე მოსალოდნელი ზემოქმედებების ზუსტი პარამეტრების გაანგარიშება, როგორც სასაწყობე ტერიტორიაზე, ასევე უახლოეს მოსახლეობასთან მიმართებაში (განსაკუთრებით წარმოქმნილ მტვერზე);
- სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, უახლოეს ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსი საწარმოო ტერიტორიის საზღვრებიდან (ღობიდან)
დაშორებულია 70 მეტრით (ი. ნონეშვილის ქუჩის), თუმცა ელექტრონული გადამოწმების შედეგად, ტერიტორიასთან უახლოესი შენობა-ნაგებობა
წარმოდგენილია ი. ნონეშვილის N1-ის მიმდებარედ, რომელიც დაშორებულია 40 მეტრით, შესაბამისად, გზშ-ის ეტაპზე საჭიროა აღნიშნული შენობა ნაგებობის ფუნქციის განსაზღვრა. - ასევე დაზუსტებას საჭიროებს სარკინიგზო ჩიხიდან (ტერიტორიის გეომეტრიული ცენტრი) უახლოესი დასახლებული პუნქტი დაშორების მანძილი. ასევე დასაზუსტებელია ტექნიკის სამუშაო ზონასა და უახლოეს დასახლებულ ზონას შორის მანძილი;
- სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, ,,სანიაღვრე წყლების დაბინძურება შესაძლებელია გამოიწვიოს ტერიტორიაზე მშრალი ნაყარი ტვირთების
დასაწყობების და გადატვირთვა-გადმოტვირთვის პროცესში ან/და ბიგ-ბეგების დაზიანებისას გაბნეულმა ნაწილაკებმა, რომელიც ჩამოირეცხება ატმოსფერული ნალექის დროს, თუმცა ამ შემთხვევაში დასაწყობებული ნივთიერებების (ქიმიური, ნავთობპროდუქტი, კონცენტრატები და მადნეული წიაღისეული) რამდენიმე ასეულჯერ განზავდება მორეცხვის დროს გამოყენებულ ან წვიმის წყლებში, რაც თავის მხრივ გამორიცხავს ჩამდინარე წყლების ზენორმატიულ დაბინძურებას ამ ნივთიერებებით’’ – ზემოაღნიშნული ჩანაწერი გაუგებარია, ვინაიდან პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე წყლების ლოკალურ და ბათუმის ნავთობტერმინალის გამწმენდში მიწოდება. ამასთან, დაზუსტებას საჭიროებს
ინფორმაცია ნივთიერებების განზავების შესახებ; - გზშ-ის ეტაპზე წარმოდგენილ უნდა იქნას, შპს ,,კარგო პარსელს’’ და შპს ,,ბათუმის ნავთობტერმინალს” შორის დადებული ხელშეკრულების (რომლის მიხედვით სასაწყობო მეურნეობის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვარზე არსებული სანიაღვრე და გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემა და მარტივი ტიპის ლოკალური სალექარი-ნავთობდამჭერი შპს „კარგო პარსელს“ დარჩა სარგებლობაში) პირობების შესახებ ინფორმაცია;
- გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს, ინფორმაცია სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული საკითხების შესაბამისად, ერთიანი ცხრილის სახით. გზშ-ის ანგარიშში მოცემული უნდა იყოს სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული თითოეული საკითხის შესახებ ინფორმაცია შესაბამისი თანმიმდევრობით;
წყარო: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სკოპინგის დასკვნა N57
სამინისტრო ავალებს კომპანიას, რომ გზშ-ის ანგარიში შეადგინოს მოქმედი კანონმდებლობის, განსაკუთრებით სკოპინგის დასკვნით განსაზღვრული მითითებების სრული დაცვით.
—
33 500 კვ/მ ტერიტორია, „კარგო პარსელმა“ „ბათუმის ნავთობტერმინალისგან“ 2019 წლის სექტემბერში იყიდა [„ყოფილი საწარმოო უბნის – ნავთისა და ბენზინის გადატვირთვის სადგურის (ნავთის უბნის) ტერიტორია“].
კომპანია „კარგო პარსელი“, თავდაპირველად აცხადებდა, რომ ის კარბამიდის შემოტანას გეგმავდა აზერბაიჯანიდან და აღნიშნულ ტერიტორიაზე დასაწყობებას [ბათუმში დასაწყობების ვადა კი არ გადააჭარბებდა ერთ თვეს].
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიას გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] მომზადება მაშინაც მოსთხოვა.
„ვინაიდან სასაწყობო მეურნეობაში დაგეგმილია მაქსიმუმ 1000 მ³ კარბამიდის განთავსება, გაცნობებთ, რომ გათვალისწინებული საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას“, – აღნიშნული იყო სამინისტროსგან კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში.
ამ თემაზე:
ბათუმში, თევზის ბაზართან კარბამიდის საწყობის მშენებელ კომპანიას გზშ მოსთხოვეს
შპს „კარგო პარსელი“ კი 2019 წლის ივნისში დაარეგისტრირა იოსებ პატარაიამ. რეესტრის ამონაწერით კომპანიის 66.7% წილს იოსებ პატარაია ფლობს, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა, წილის 33.3%-ის მფლობელი კი მამუკა დალაქიშვილია.
მთავარი ფოტო: ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის დასაწყობება შტაბელებად / ფოტო სკრინინგის ანგარიშიდან