ბოიკოტის რეჟიმში გადასვლას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები – ნაკაიძე

პარლამენტის დამოუკიდებელი პედუტატი ტარიელ ნაკაიძე ოპოზიციის წევრების მხრიდან პარლამენტის დატოვებაზე თავის მოსაზრებას ავრცელებს. დეპუტატის თქმით, თუ ოპოზიცია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეს ბოიკოტის რეჟიმში, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რათა შეფასდეს რისკები და ყველა შესაძლო სცენარი.

„ჩვენ ვიმყოფებით ბრძოლაში ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შეუძლებლად მესახება, ამ ბრძოლაში წარმატებას მივაღწიოთ კოორდინირებული მუშაობისა და გააზრებული ნაბიჯების ერთობლივად გადადგმის გარეშე.

მამუკა ხაზარაძის მიერ დემონსტრაციაზე მანდატის დატოვების შესახებ განცხადება და თუნდაც შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ზოგიერთი წევრის პარლამენტის წევრობის დატოვებასთან დაკავშირებით განცხადება, პირველ რიგში, არის მათი პირადი გადაწყვეტილება, მაგრამ ამგვარი გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღება საერთო ოპოზიციურ ბრძოლას არათუ არ წაადგება, არამედ, დააზიანებს კიდეც.

თუ ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ გადავიდეთ ბოიკოტის რეჟიმში, ან რაიმე შედეგს გვაძლევს პარლამენტის დატოვება, ამას წინ უნდა უძღოდეს საერთო ოპოზიციური განხილვები, რისკების შეფასება და ყველა შესაძლო სცენარის გააზრება. ამ ბრძოლაში არ აქვს მნიშვნელობა, ვინ წარმოადგენს დიდ პოლიტიკურ ძალას და ვინ – პატარას. თუ ვსაუბრობთ შედეგებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე, მაშინ ყველას აზრი თანაბრად უნდა იმსახურებდეს ყურადღებას“, – ამბობს ტარიელ ნაკაიძე.

მისი თქმით, დაგეგმილია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს არა 5%-იანი, არამედ დაბალი ბარიერით. ამის პირობა „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების შემდეგ კვლავ დადო. თუმცა ოპოზიციონერების მიერ პარლამენტის დატოვებას ხელისუფლება იმისთვის გამოიყენებს, რომ ბარიერი არ დაწიოს და ეს ოპოზიციას გადააბრალოს.

„აქ საკითხი არ ეხება იმას, თუ რამდენად ვენდობით ივანიშვილის მარიონეტების პირობას, ისევე როგორც მრავალ მოქალაქეს, მეც მაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ „ოცნება“ აქაც შეეცდება საკითხის ჩაგდებას და მისთვის საკეთილდღეოდ შეტრიალებას, მაგრამ ამჟამად მანდატების დატოვება და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო 113 დეპუტატის ფიზიკურად არარსებობა პარლამენტში, „ქართულ ოცნებას“ აძლევს საფუძველს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა მთლიანად ოპოზიციას გადააბრალოს.

5%-იანი ბარიერის დაწევის ჩავარდნა ნიშნავს იმას, რომ არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია, სამომავლოდ, კიდევ უფრო გაღრმავდება, რადგან პარლამენტში შესვლას, ორი პარტიის გარდა, ძალიან რთულად ან საერთოდ ვერ მოახერხებს ვერცერთი პოლიტიკური ძალა.

მნიშვნელოვანია, შემდგომ სესიებზე, დაველოდოთ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, კენჭს უყრიან თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს და შემდგომ მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება საპარლამენტო ცხოვრების გაგრძელება/არ გაგრძელებასთან დაკავშირებით“.

____

ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა – მამუკა ხაზარაძემ, ლევან ვარშალომიძემ, ნონა მამულაშვილმა, ანა წითლიძემ, ზურა გირჩი ჯაფარიძემ განაცხადეს, რომ ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს.  ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ კი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს.

რა კავშირშია ხორცის ჭამა კიბოს განვითარების რისკთან?

კიბო მსოფლიოში სიკვდილის მეორე წამყვანი მიზეზია. მის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას პირველ რიგში თამბაქოს, აზბესტისა და ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენა სახელდება, შემდეგ მოდის ქრონიკული ინფექციების წვლილი, თუმცა უკვე წლებია სულ უფრო და უფრო იზრდება კიბოს გამომწვევ მიზეზებში ცხოვრების წესთან დაკავშირებული ფაქტორების, კერძოდ დიეტის, ფიზიკური აქტივობისა და ალკოჰოლის მოხმარების როლის აღიარება.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო ერთ-ერთ ანგარიშში წერს იმის შესახებ, რომ ხორცის მოხმარებისა და კიბოს რისკზე ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევები ადასტურებს კავშირის არსებობას მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს რისკის ზრდასთან.

ჯანმოს მიხედვით, დამუშავებული ხორცი კლასიფიცირდება, როგორც პირველი ჯგუფის კანცეროგენი (კიბოს გამომწვევი), რაც მიუთითებს დამუშავებული ხორცის გამოყენების კიბოსთან კავშირზე. წითელი ხორცი კლასიფიცირებულია როგორც ჯგუფი 2A კანცეროგენი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სავარაუდოდ იწვევს კიბოს.

კიბოს კონტროლის პოლიტიკაზე მომუშავე წამყვანი ავსტრალიური ორგანიზაცია Cancer Council-ი წერს, რომ წითელ და დამუშავებულ ხორცში არის გარკვეული ქიმიკატები – როგორც დამატებული, ასევე ბუნებრივი წარმოშობის – რაც იწვევს ამ საკვების კანცეროგენობას.

„მაგალითად, როდესაც წითელ ხორცში შემავალი ქიმიკატი ჰემი იშლება ნაწლავში, წარმოიქმნება N-nitroso ქიმიკატები და აღმოჩენილია, რომ ისინი აზიანებენ ნაწლავის ფენის უჯრედებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნაწლავის კიბო.

იგივე ქიმიკატები წარმოიქმნება დამუშავებული ხორცის მონელების დროსაც.

გარდა ამისა, კონსერვანტები, რომლებიც გამოიყენება დამუშავებული ხორცის კონსერვირებისთვის, წარმოქმნიან ამ N-nitroso ქიმიკატებს და შეიძლება გამოიწვიონ ნაწლავის კიბო“ – აღნიშნულია კვლევაში. 

ჯანმო წერს, 10 კვლევის მონაცემების ანალიზმა დაადგინა, რომ დამუშავებული ხორცის 50 გრამის ოდენობით ყოველდღიური მიღება ზრდის მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს რისკს დაახლოებით 18%-ით. ხოლო წითელი ხორცის 100-გრამიანი ულუფის ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში ვარაუდობენ, რომ კოლორექტალური კიბოს რისკი შეიძლება გაიზარდოს 17%-ით.

ჯანმოს წყაროებში გამოყენებულია დამოუკიდებელი აკადემიური კვლევითი ორგანიზაციის – „დაავადებათა გლობალური ტვირთის პროექტის“ შეფასება, რომლის მიხედვითაც მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოთი გარდაცვალების დაახლოებით 34 000 შემთხვევა დაკავშირებულია დამუშავებული ხორცით მდიდარ დიეტებთან.

ამ რიცხვებს ემატება დაახლოებით 1 მილიონი გარდაცვალება ყოველწლიურად თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიმსივნის გამო, 600 000 გარდაცვალება – ალკოჰოლის მოხმარების მიზეზით და 200 000-ზე მეტი შემთხვევა – ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიმსივნეების გამო.

ამერიკის კიბოს ასოციაცია ასევე ირწმუნება, რომ ჯანსაღ კვებას და ფიზიკურ აქტივობას დიდი მნიშვნელობა აქვს კიბოს რისკის შემცირებაში, კერძოდ, მათივე რეკომენდაციით ჯანსაღი კვების რეჟიმი ზღუდავს ან გამორიცხავს წითელი (ძროხის, ღორის და ცხვრის) ხორცს და ისეთ დამუშავებულ ხორცს, როგორიცაა: ბეკონი, ძეხვი და სოსისი.

 

3-დან 7 ნოემბრამდე ჩაქვის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 3 ნოემბრის 00:00 საათიდან 5 ნოემბრის 00:00 საათამდე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბში, ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 5 ნოემბრის 00:00 საათიდან 7 ნოემბრის 00:00 საათამდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დეპარტამენტის ცნობით, მოძრაობის აკრძალვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე; ხოლო ბათუმი-ქობულეთის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე.

„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით,“ – აცხადების გზების დეპარტამენტი.

ბიზნესისთვის ბუნებრივი გაზი 20 თეთრით ძვირდება – „სოკარი“

2021 წლის პირველი დეკემბრიდან საქართველოში „სოკარ ჯორჯია გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის გაზი 20 თეთრით ძვირდება.

აქამდე 1 კუბ.მეტრ ბუნებრივი აირის მოხმარების ფასი 95 თეთრი იყო, პირველი დეკემბრიდან კი 1 ლარი და 15 თეთრი იქნება დღგ-ს ჩათვლით.

„სოკარი“ აცხადებს, რომ გაზის ფასი უცვლელი დარჩება პურის მწარმოებელი კომპანიებისათვის.

„არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ბუნებრივი გაზის ფასი შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ შენარჩუნებული იყო ბოლო ორ-ნახევარი წლის განმავლობაში.

ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილებითაა განპირობებული,“ – აცხადებს კომპანია.

აჭარაში კოვიდის 149 ახალი შემთხვევაა

2 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში 149 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 526 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 193 ინფიცირებული.

2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 47 პაციენტი გარდაიცვალა.

პირდაპირ პლაჟთან ან ცოტა მოშორებით – ქობულეთის მერია მიწებს ყიდის

გასულ კვირას ქობულეთის მერიამ საკრებულოს თანხმობით გასაყიდი ქონების ნუსხას კიდევ ორი ნაკვეთი შეჰმატა. შედეგად მერიის საპრივატიზებო ობიექტების ისედაც შთამბეჭდავი ნუსხა კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა. ამ ნუსხაში არის ნაკვეთები ზღვასთან ახლოს, პირდაპირ პლაჟთან, მრავალწლოვანი ნარგავებით – ნაძვებით, ფიჭვებითა და საუკეთესო ხედებით.

საკრებულოში გადაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, ქობულეთის მერიას საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში აქვს შეტანილი 6051 კვ.მეტრი გამწვანებული მიწის ნაკვეთი ქობულეთის პლაჟთან. როგორც მერიაში განმარტეს, ეს არის პანსიონატ „ქარიშხალასა“  და აღმაშენებლის N700-ს შორის მდებარე ტერიტორია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ ნაკვეთს შპს „დრიმლენდ ოაზისის“ საკუთრებაში არსებული ნაკვეთი ესაზღვრება.

ქობულეთის მერია გასაყიდად გაიტანს ასევე ორ ტერიტორიას, ჯამში 16 968 კვ.მეტრ გამწვანებულ მიწის ნაკვეთს პირდაპირ პლაჟთან, აღმაშენებლის გამზირზე N522-დან – N576-მდე. ამ ნაკვეთებს ერთი მხრიდან შპს “ალიანსი ქობულეთის” საკუთრება ესაზღვრება.

გასაყიდი ტერიტორიების ნუსხაშია 2332 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი რუსთაველის #172-ში, ამ ნაკვეთის მომიჯნავედ შპს “Georgian Industrial Asset Management Group”- ის მიწა და შენობა მდებარეობს.

მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი

ქობულეთის მერიამ საკრებულოს თანხმობით საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაში შეიტანა თავისუფლების #13-ში მდებარე ორსართულიანი შენობა, სადაც სოციალური მომსახურების სააგენტოა განთავსებული. გაიყიდება ასევე მასთან დაკავშირებული 1177.00 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი.

კითხვაზე, სად განთავსდება სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრაციული შენობა, „გარეთ არ დავტოვებთ“ – გვიპასუხეს ქობულეთის მერიაში.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის პირველ სართულზე 239.7კვ.მეტრი ფართობი სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის უზურფრუქტის წესით არის გადაცემული. შენობის 136.65 კვ.მეტრი ასევე უზურფრუქტის წესით ფიზიკურ პირს, მამუკა თხილაიშვილს აქვს დაკავებული, 41 .5. კვ.მეტრ ფართობში კი სსიპ „იურიდიული დახმარების ცენტრი“ მუშაობს.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, აუდიტის შეფასებით 1,177 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება  58 850 ლარია, ხოლო მასზე განთავსებული 1 024 კვ.მეტრი ფართობის შენობის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება – 460 800 ლარი.

მონიშნულია გასაყიდი მიწის ნაკვეთი

საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია 2222 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე.

გასაყიდი მიწის ნაკვეთი ბაგრატიონის ქუჩაზე

გასაყიდად გაიტანენ თავისუფლების ქუჩა N28-ის მიმდებარედ 2651 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთსაც.

საპრივატიზაციოდ გაიტანენ ასევე ქობულეთის ყოფილი სანეპიდსადგურის შენობას [330კვ.მ]  და მასთან დაკავშირებულ მიწის ნაკვეთს [779კვ.მ].

დადასტურდა კოვიდის 5553 ახალი შემთხვევა | 2 ნოემბერი

2 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 5 553 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 48 901 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 47 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

1-ლი ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11.36%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.06%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 553 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 794 შემთხვევა, აჭარაში – 149, იმერეთში – 1 189, ქვემო ქართლში – 317, შიდა ქართლში – 512, გურიაში – 132, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 448, კახეთში – 657, მცხეთა-მთიანეთში – 149, სამცხე-ჯავახეთში – 123, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 83.

დღეს ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართება

დღეს, 2 ნოემბერს, 17 საათზე, აჭარის მთავრობის სახლთან ოპოზიციის აქცია გაიმართება სლოგანით – „არა გაყალბებულ არჩევნებს“, „თავისუფლება მიშას“.

ბათუმში აქციით ოპოზიცია იწყებს აქციების სერიას საქართველოს ქალაქებში. ბოლო აქცია თბილისში გაიმართება.

აქციების პარალელურად, ოპოზიცია აპირებს ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივროს ყველა საარჩევნო დარღვევა.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ს კანდიდატმა.

„ბათუმის დინამომ“ 4:0 დაამარცხა „საბურთალო“

ბათუმში საფეხბურთო მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „საბურთალოს“ შორის „ბათუმის დინამოს“ სასარგებლოდ დასრულდა ანგარიშით 4:0.

ამ მატჩის შემდეგ „ბათუმის დინამომ“ 67 ქულა დააგროვა და ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ლიდერია.

მეორე ადგილზე 63 ქულით „თბილისი დინამო“ იმყოფება.

რაც შეეხება „საბურთალოს“, ის ეროვნული ლიგის გათამაშებაში მეოთხე პოზიციაზეა.

დღეს 32-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა, 2021 წლის გათამაშება კი 4 ტურის შემდეგ დასრულდება.

„ბათუმის დინამოს“ მომდევნო მატჩი გასვლითი იქნება და ის 6 ნოემბერს გაიმართება – ამ მატჩში „ბათუმის დინამო“ თბილისი „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდება.

„ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის“ – ინტერვიუ პოლიტოლოგთან

„სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატოში გაწევრიანებისთვის,“ – გვიპასუხა პოლიტოლოგმა კორნელი კაკაჩიამ, რომელსაც არჩევნების მეორე ტურის ჩავლის შემდეგ ვესაუბრეთ და ვკითხეთ: რეალურად რა შანსი აქვს საქართველოს დემოკრატია გააძლიეროს და საერთაშორისო თანამეგობრობის ინტერესი შეინარჩუნოს ამ ვითარებაში, როცა არჩევანის თავისუფლების უზრუნველყოფა ჭირს? „ბათუმელებმა“ ინტერვიუ „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელთან, კორნელი კაკაჩიასთან ჩაწერა.

  • ბატონო კორნელი, თქვენი აზრით, რა შანსი აქვს საქართველოს დღეს, რადგან, როგორც ჩანს, არჩევნების უფლების დაცვასაც ვერ ვახერხებთ? 

ეს არჩევნები იყო ხელიდან გაშვებული შანსი, რომელიც ჰქონდა ქვეყანას, რომ დაბრუნებოდა დემოკრატიული განვითარების რელსებს. ხელისუფლებამ დაინახა, რომ დიდ ქალაქებში აღარ აქვს პრაქტიკულად დასაყრდენი და რომ არ გამოეყენებია ისევ აქტიურად ადმინისტრაციული რესურსი, დაშინება და ის მეთოდები, რაც ეუთოს ანგარიშებშიც მოხვდა, ამით საფუძველს ჩავუყრიდით მრავალპარტიული სისტემის შექმნას და ცენტრის და რეგიონების ურთიერთობებსაც დაეტყობოდა უკეთესობა.

ეს შანსი გაშვებულია ხელიდან. შესაბამისად, გაიზრდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე ოპოზიციის, საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. არავინ იცის, რამდენად გაუძლებს ხელისუფლება ამ ძლიერ ზეწოლას. შესაძლოა, ის საერთოდ ჩამოიშალოს, როგორც შევარდნაძის ხელისუფლება და ეს არ გვინდოდა ჩვენ ყველას ერთად, რომ მერე საერთოდ გაქრეს ეს პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ველიდან. ახლა რეალურად ხელისუფლების მიმართ რადიკალიზაცია იზრდება, რაც შეუძლებელს ხდის სტაბილურობის მიღწევას ქვეყანაში.

  • რამდენად გაიზარდა რისკი, რომ რეალურად დასავლეთის ინტერესი დავკარგოთ? 

თუ გადავხედავთ საელჩოების თუ მაღალჩინოსნების განცხადებებს, იგრძნობა ეს გულაცრუება, როგორც ევროკავშირის, ისე აშშ-ს მხრიდან. დღეს ხდება საქართველოს საკითხით ე.წ. გადაღლა, როგორც ეს, მაგალითად, უკრაინის შემთხვევაში მოხდა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ საქართველოსკენ გამოხედვა მის მეგობარ ქვეყნებსაც კი აღარ მოუნდეთ. ეს გაუგებარი პოლარიზება, გაუტანლობა და სიძულვილი ყელში ამოუვიდა ყველას. ყველამ იცის, რომ ეს ენერგია, რომელიც იხარჯება ამ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებაში, უნდა იყოს მიმართული იმ საკითხების მიმართ, რაც რეალურად აწუხებს მოსახლეობას. ამ ე.წ. გადაღლილობამ შესაძლოა გამოიწვიოს ისიც, რომ საქართველოს საკითხმა კიდევ უფრო მეტად დაკარგოს აქტუალურობა და ქვეყანა თანდათანობით იზოლაციაში მოექცეს.

რეალურად საქართველოს ხელისუფლების განცხადებებიც ამ იზოლაციას უწყობს ხელს, როცა შენ შენს სტრატეგიულ პარტნიორებს ეუბნები, რომ მათი აზრი არ გაინტერესებს, ჩემს საქმეში ნუ ერევი, რამდენს ბედავო.

ამ დროს უნდა გადავხედოთ ასევე, ვინ არიან ჩვენ გარშემო: რუსეთი, თურქეთი, ირანი. არც ერთი მათგანი არ გამოდგება ნიმუშად დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით. თურქეთიც არალიბერალური სახელმწიფოა.

აქედან გამომდინარე, საქართველოს არ აქვს იზოლაციის ფუფუნება. პირიქით, ეს პირდაპირ აწყობს რუსეთს, რომ საქართველო მოექცეს იზოლაციაში და მას აღარ დარჩეს საერთაშორისო პარტნიორი.

  • ხედავთ საფრთხეს, რომ შესაძლოა საქართველო რუსეთისთვის მისაღებ ფორმატში ჩაერთოს, ან, მაგალითად, განაცხადოს, რომ მისთვის ე.წ. ნეიტრალიტეტია მისაღები, რაც ასევე რუსეთის ინტერესია? 

ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები 3+3 ფორმატზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა კი განაცხადა, არასწორად გაიგეთ განცხადებებიო, მაგრამ კითხვები გაჩნდა. ფაქტია, რომ ეს ფორმატი არაფრით შეესაბამება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ჯერჯერობით მარგინალური, პრორუსული პარტიების გარდა ნეიტრალიტეტზე ვერავინ საუბრობს ღიად, რადგან ჩანს მკაფიოდ, რომ ამ იდეის მომხრეები საქართველოში არ არიან. იციან, რომ ეს იქნება პოლიტიკური დასამარება და ამიტომაც არ საუბრობენ. ცნობილია, რომ  მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტი მხარს უჭერს ევროინტეგრაციას.

  • თუმცა ეს ხელს არ უშლის ხელისუფლებას, არ შეასრულოს სასამართლოს რეფორმა და მერე უარი უთხრას ევროპას ფინანსურ მხარდაჭერაზე. 

ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირმა აამოქმედა პირობითობის პრინციპი, რაზეც საქართველომ უარი თქვა. ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია – გამოჩნდა, რომ ეს იყო ტყუილი, რადგან რეალურად გვჭირდებოდა ეს ფული და ახლა სხვა გზით უნდა მოვიპოვოთ იგი. ასე იქცევიან ავტორიტარული ქვეყნები, ასე იქცევა აზერბაიჯანი, ბელორუსია.

ეს არის გზა არსაით.

უკუსვლის გარდა ხელისუფლების განცხადებებში უკვე მკაფიოდ იგრძნობა ავტორიტარული ტონი. ხელისუფლების პირველი პირები, მათ შორის, განსაკუთრებით პრემიერი, უნდა იყვნენ გაერთიანებაზე ორიენტირებული და ამ დროს პირიქით, პრემიერი არის რადიკალიზაციის წყარო. ეს სერიოზულ პრობლემას უქმნის მდგრადი დემოკრატიის განვითარებას.

ხელისუფლება ხედავს, რომ მისი პოპულარობა დაეცა, მაგრამ ეშხშია შესული, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად, თანაც, მოქმედებას ე.წ. ვენდეტის წესი, როცა ახალი ხელისუფლება ცდილობს წინა ჩაძიროს და გააქროს. „ოცნებაშიც“ მიიჩნევენ, რომ იძულებული არიან იბრძოლონ ბოლომდე, ვენდეტის წესი მათზეც რომ არ გავრცელდეს.

  • ამ ვითარებაში რა შეიძლება აკეთონ კრიტიკულად განწყობილმა მოქალაქეებმა? 

ახლა მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების ვალია, დაასრულონ რადიკალიზაცია. ვფიქრობ, არასწორად ვიყენებთ ტერმინს „პოლარიზაცია“, რადგან პოლარიზება ნიშნავს იდეოლოგიურ შეუთავსებლობას. ჩვენთან კი, გამოკითხვებით ჩანს, რომ უმრავლეს საკითხში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებიც ერთნაირად ხედავენ პრობლემების მოგვარებას. ეს დაძაბულობა უფრო არის რადიკალიზაცია კონკრეტული ლიდერების გარშემო. ჩვენ ეს პიროვნული დაპირისიპირება უნდა გადავიყვანოთ ინსტიტუციონალურ ჩარჩოში, ბიპოლარული სისტემა რომ ავიცილოთ თავიდან. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ პატარ-პატარა პარტიები, მულტიპარტიული სისტემა და ვცადოთ, ისევ ერთპარტიული სისტემა არ მივიღოთ სამომავლოდ.

ამ ჯაჭვის გაწყვეტაა საზოგადოების მოვალეობა.

ბოლო დღეებშიც გაჟღერდა ეს, რომ ერთიან ფრონტში უნდა ჩაერთონ არა მხოლოდ პოლიტიკოსები, არამედ ბიზნესი, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და ასე შემდეგ. მხოლოდ პოლიტიკოსებს არ აქვთ ცვლილებების რესურსი, რაც გამოჩნდა. მოქალაქეებმა ხელი უნდა შევუწყოთ მეტოქეობას კონკრეტული საკითხების გარშემო, მსჯელობას იმ საკითხებზე, რაც ჩვენ გვაინტერესებს, გვაწუხებს. ეს არჩვენები ხომ ადგილობრივი თვითმმართველობის იყო და ამ დროს მუნიციპალურ საკითხებზე საერთოდ არ იყო საუბარი.

  • რა რესურსს ხედავთ ამისთვის და რა გზით?  

გამოუვალი სიტუცაცია ჩანს ახლა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ეს მაინც დროებითია.

რაღაც გამოსავალი ყოველთვის არსებობს, უბრალოდ, ამას სჭირდება გარკვეული დრო. ჩვენ მივდივართ კონსოლიდირებული დემოკრატიისკენ და ქვეყანა დაუბრუნდება განვითარების კალაპოტს. ეს გარდაუვალია.

სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ აი, არაფერი გვეშველება და ამ ქვეყანას შანსი არ აქვს, ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს… ეს აძლიერებს ასევე იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გზავნილს, რომლებიც ამბობდნენ და ახლაც მიიჩნევენ, რომ საქართველო არ არის მზად, მაგალითად, ნატო-ში გაწევრიანებისთვის… ბალტიისპირეთშიც იყო ასეთი დაპირისპირებები, მაგრამ საერთო ინტერესი წინ წამოწიეს.  კონსესუსის მიღწევა ჩვენც უნდა ვისწავლოთ.

  • ოპოზიცია აანონსებს ისევ ქუჩის აქციებს. თქვენი აზრით, ახლა სხვა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ქუჩაში გამოხატულ პროტესტს, როცა მიხეილ სააკაშვილი ციხეში შიმშილობს? 

ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოაგვარებს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის საკითხს ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების ყველაზე დიდი თავის ტკივილი. ხელისუფლებისთვის არის პრობლემა შიმშილობა, ისიც, რომ ციხიდან გაუშვას… თუ ასე გაგრძელდა, ეს გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობის ჩარევას და კიდევ უფრო ხისტი პოზიციების მიღებას. მძიმე მდგომარეობაშია ხელისუფლება, რადგან არჩევნებმა აჩვენა, რომ რეალურად ყველა დიდ ქალაქში ოპოზიციური მუხტია, მორალურად ოპოზიციამ გაიმარჯვა და არ არის გამორიცხული რიგგარეშე არჩევნები მივიღოთ.

ქუჩის დემონსტრაციებით არა მგონია მოხერხდეს საპროტესტო მუხტის შენარჩუნება, მით უფრო, კოვიდპანდემიის პირობებში, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ხელისუფლება უკმაყოფილებით შექმნილ ნაღმზე ზის, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება.

მიხეილ სააკაშვილი ელოდა საერთაშორისო თანამეგობრობის უფრო მეტ მხარდაჭერას, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ იყო. დასავლეთი არ არის დაინტერესებული რადიკალიზაციით და რევოლუციით. სააკაშვილს რეალურად სურდა „ვარდების რევოლუციის“ ახალი ვერსია შეექმნა, მაგრამ საზოგადოება არ იყო ამისთვის მზად. ეს იყო გაუთვლელი ნაბიჯი, რადგან ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ინტერესი აქვთ მხარი დაუჭირონ საქართველოს სიძლიერეს და არა რომელიმე ლიდერს. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს, მაგრამ ოპოზიციასაც აქვს პრობლემები.

მაგალითად? 

მაგალითად, იგივე რადიკალიზაცია, ქუჩაში გასვლა პარლამენტში მუშაობის ნაცვლად, გეგმის არქონა…. მაგალითად, როცა ოპოზიციამ კოალიციური მერიის შემადგენლობა წარმოადგინა, „ნეტგაზეთთან “ ვთქვი, რომ ეს იყო სწორი, მაგრამ დაგვიანებული ნაბიჯი. არასერიოზულია, როცა არჩევნებამდე სამი დღით ადრე აანონსებ კოალიციურ მოდელს, ეს არ ქმნის კარგ შთაბეჭდილებას. ოპოზიციამ უნდა მოახერხოს დასავლეთს თავისი პოლიტიკური მზაობა, მოწიფულობა დაანახოს.

ოპოზიციამ უნდა აჩვენოს დასავლეთს, რომ ის უკეთესი ვარიანტია.

ბაბლერი – სოციალური ქსელი, რომელიც ქართველმა ბიჭებმა პანდემიისას შექმნეს

ავტორი: ევა ართმელაძე 

Bubbler App, იგივე „ბაბლერი“ ქართული სოციალური ქსელია საერთო ინტერესების მქონე ადამიანებისთვის, რომლის შექმნის იდეაც ავტორებს პანდემიის დროს დაებადათ. 

„ბაბლერი“ სამმა ქართველმა ბიჭმა შექმნა: ლუკამ, ნიკამ და დაჩიმ. 

ლუკა ხათრიძე ბიზნესისა და ტექნოლოგიების სტუდენტია და მარკეტინგის სფეროში, პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობს. ბავშვობაში ხელოვნება და მუსიკა აინტერესებდა, რის გამოც თეატრალურზე ჩაბარებას ფიქრობდა, თუმცა 18 წლისამ ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყო და მიხვდა, რომ რაღაც უნდა შეეცვალა. 

ნიკა სირაძე  ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, მისთვის  Bubbler-ი პირველი სტარტაპია. სკოლაში სწავლის პარალელურად ნიკა ახლა Cyber Secure Central-ში, ვებ-დეველოპერის პოზიციაზე მუშაობს. 

ლუკასა და ნიკას გუნდს მალე შეუერთდა დაჩი ტაბატაძეც. დაჩი არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნეს კომუნიკაციების ფაკულტეტზე სწავლობს და არიზონას მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში სტაჟირებას გადის. 

„ყველა პროგრამას გააჩნია თავისი ღირებულება, რომელსაც ერგება მთლიანი პლატფორმა. ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას ლოკაციების  საშუალებით გააზიარონ მათი აქტივობები და ინტერესის მიხედვით იპოვონ მეგობრები. ეს არის Bubbler App-ის მთავარი,  განმასხვავებელი ღირებულება სხვა პროგრამებისგან“ – გვიყვება ლუკა. 

„ბაბლერის“ შექმნა დაახლოებით ერთი წლის წინ დაიწყეს.

„ბაბლერის“ ჯგუფი

მაშინ ლუკა და ნიკა Feedc-ში მუშაობდნენ ერთად, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ პატარა პროექტებზე მუშაობა გადაწყვიტეს, ამ პერიოდს დაემთხვა პანდემია. როგორც გვიყვებიან, პანდემიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მათი იდეების განხორციელებაზე მუშაობისთვის.

„გვინდოდა გაგვეზარდა გუნდი, ჩვენი ინტერესების ხალხი გვეპოვა. აღმოჩნდა, რომ ძალიან რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც  შენს ღირებულებებს, ინტერესებს იზიარებს. ამან მოგვცა ბიძგი რეალურად, რომ დაგვეწყო Bubbler-ზე მუშაობა. აღმოვაჩინეთ, რომ მხოლოდ ჩვენ კი არ გვიჭირს, ბევრს უჭირს რეალურად იპოვოს მისი ინტერესების მქონე ადამიანი და კომუნიკაცია დაამყაროს“ – გვითხრა ლუკამ. 

ბიჭებმა მონაწილეობა მიიღეს  არიზონას უნივერსიტეტის კონკურსში – Venture devils, რაც სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. მათ უკვე გაიარეს კონკურსის რამდენიმე ეტაპი  და საბოლოო შედეგების მოლოდინში არიან. არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტში “ბაბლერის” გუნდს თვენახევრის განმავლობაში სფეროს წამყვანი სპეციალისტები ეყოლებათ მენტორებად. 

ქართული სოციალური ქსელის შემქმნელების თქმით, ამ ხნის განმავლობაში, მათთვის  ძალიან მნიშვნელოვანი იყო „მედიალაბის“ მხარდაჭერა, სწორედ „მედიალაბის“ ორგანიზებული ჰაკათონის ფარგლებში შექმნეს Bubbler-ის ავტორებმა აპლიკაციის სატესტო ვერსია. 

„ჯერ-ჯერობით სატესტო ვერსიაა, ვგეგმავთ აბსოლუტურად განსხვავებულ, თანამედროვე ადამიანზე მორგებული პლატფორმის შექმნას. დღევანდელი პლატფორმა იმისთვის ჩავუშვით, რომ დაგვედასტურებინა მისი არსებობა, რომ ნამდვილად არსებობს“ –  ამბობს ლუკა. 

ბიჭები გვიყვებიან, რომ მათ მიაღწიეს მიზანს და ახლა გაცილებით ძლიერი და საინტერესო პლატფორმის შექმნას გეგმავენ. 

აპლიკაციის შექმნის საწყის ეტაპზე Bubbler-ის იდეის ავტორები ბევრ პრობლემასაც შეხვდნენ. როცა მათ წამოწყებაზე ჰყვებოდნენ, ბევრისთვის გაუგებარი იყო მათი იდეა. 

ჩვენთან საუბრისას ბიჭებმა აღნიშნეს, რომ ბევრმა წინაღობამ ბიძგი მისცათ, რომ არ გაჩერებულიყვნენ. ერთი წლის განმავლობაში მოახერხეს ყველა ხარვეზის გამოსწორება. იხსენებენ, რომ ყველა, ვინც მანამდე მათი იდეის მომავალს ვერ ხედავდა, ახლა დახმარებას სთავაზობთ.  

ასევე, ბიჭებს აქვთ კომპანია – Bubbler tech studio, რომელიც ამერიკულ მცირე და საშუალო ბიზნესებს უქმნის ვებ-საიტებს, ვებ-აპლიკაციებს და აპლიკაციებს Android-ისა და Play Store-სთვის.  

„აქამდე ჩვენს თავს ჩვენ თვითონ ვაფინანსებდით, Bubbler tech studio-ს დახმარებით” – გვეუბნება დაჩი. Bubbler tech studio ამერიკულ მცირე და საშუალო ბიზნესებს უქმნის ვებ-საიტებს, ვებ-აპლიკაციებს და აპლიკაციებს Android-ისა და Play Store-სთვის.

ბიჭების თქმით  ჯერ არ ჰქონიათ მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა, მათ იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ შეძლებენ ფინანსების მოძიებას აქამდე არსებული იდეების დასახვეწად და ახალი იდეების  ხორცშესასხმელად.

ვეგანების გზამკვლევი ბათუმში

წარმოუდგენლად (ალბათ, ეს სიტყვა ყველაზე მეტად ამ შემთხვევას უხდება) დიდ სამყაროში დღემდე არსებული ცნობებით სიცოცხლე მხოლოდ ჩვენს პლანეტაზე, დედამიწაზე გვხვდება. ეს სიცოცხლის, როგორც ასეთისადმი ბევრ კითხვას აჩენს. 

რა არის სიცოცხლე? რაზე ან ვისზე ვამბობთ, რომ ის არის ცოცხალი? 

ამ კითხვებზე მეცნიერები, რელიგიური ჯგუფები თუ ცალკეული ადამიანები სხვადასხვა პასუხს გაგცემენ და უმეტესი მათგანი, ალბათ, მართალიც იქნება. 

ამ სტატიაში ნამდვილად ვერ შევძლებთ მათი მსჯელობების შეგროვებას და ანალიზს, თუმცა შევეცდებით ერთი ძალიან რადიკალური და რევოლუციური ხედვა – ვეგანიზმი მიმოვიხილოთ. 

დღეს ვეგანიზმი ყველაზე მეტს ამბობს სიცოცხლეზე და ხდის ამ დისკუსიას პოპულარულს როგორც სამზარეულოში, ისე საჯარო და აკადემიური სივრცეებში. ვეგანები უარს ამბობენ ცხოველური პროდუქტით ( ხორცი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტი, თაფლი) კვებაზე, ასევე ტყავის, ბეწვის გამოყენებაზე და ისეთი კომპანიების მხარდაჭერაზე, რომლებიც ცხოველებზე ცდიან თავიანთ პროდუქციას ან მათგან რამეს ამზადებენ.

დიახ, ვეგანები ამბობენ, რომ სამყაროს შეცვლა სამზარეულოდან იწყება. რატომ მოხდა ის, რომ ადამიანებმა საკვების მიღება, ასე ვთქვათ, დააკორექტირეს და შეუსაბამეს მათ ეთიკურ და მორალურ და, ასევე, პოლიტიკურ მიმართებებს?

პასუხისთვის თავდაპირველად უნდა განვმარტოთ, რომ ძირითადად ადამიანები ვეგანები ხდებიან 3 მიზეზის გამო:

  1. ჯანმრთელობის შესაბამისი კვების სტილი: მიიჩნევენ რა, რომ ვეგანური კვება უკეთესია მათი ჯანმრთელობისთვის.
  2. ცხოველების დაცვა: ცხოველების ტანჯვისა და დახოცვისგან, ექსპერიმენტებში ჩართვისგან ხსნა
  3. დედამიწაზე ზრუნვა: ხორცის წარმოება ორჯერ უფრო მეტ დაბინძურებას იწვევს, ვიდრე მცენარეული საკვების წარმოება.
წყარო: გარდიანი. შენიშვნა – მანიოკი მცენარეა, რომელსაც ვეგანურ კვებაში იყენებენ

თუმცა ამ სამ მიზეზს შეიძლება მივუმატოთ მეოთხეც – ვეგანი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე. ადამიანები, რომლებიც ვეგანობას იდეოლოგიურ ჭრილში უყურებენ, ფიქრობენ, რომ ეს არის მოძრაობა ექსპლუატაციის, ჩაგვრის, ერთის მიერ მეორეს თავის სასიკეთოდ გამოყენების წინააღმდეგი, “სრული გათავისუფლების” იდეა, რომელიც მოიცავს ადამიანს და სხვა ყველა დანარჩენ ცხოველს ერთად.

  • რა/სად უნდა ჭამოს ვეგანმა ბათუმში?

როგორც გავარკვიეთ, ბათუმში პირველი ვეგანური, სოიოს ნაყინი დაახლოებით 20 წლის წინ გამოჩნდა. ამ მსუბუქმა, იაფმა და გემრიელმა ნაყინმა მალე მოინადირა ბათუმელების გულები და მოდით, ბათუმის ვეგანურ მხარეზე საუბარიც ამ პროდუქტზე საუბრით დავიწყოთ.

ტოფუ და სოიოს ნაყინი

ქუთაისის ქუჩის ბოლოს, სკვერში გაჩერებული ავტომანქანიდან ნაყინთან ერთად შეგიძლიათ ტოფუს, იგივე სოიოს ყველის შეძენა და დაგემოვნებაც. ტოფუს სოიოს ყველს ეძახიან დამზადების მსგავსი ტექნოლოგიის გამო: სოიოსგან ჯერ რძეს იღებენ, ამ რძისგან კი, ასე ვთქვათ, ყველი ამოჰყავთ.

ქუთაისის ქუჩას ევროპის მოედნისკენ თუ გაუყვებით, გზად ბევრ რესტორანს შეხვდებით ანატოლიურ/ახლო-აღმოსავლურ სტილში. ვეგანებისთვის ამ ქუჩას უგემრიელესი ჩორბები და ჰუმუსი მოაქვს, ხშირად ჩაიც (უფასოდ).

ჩემი აზრით, ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან: 1. ვისაც წითელი ჩორბა ანუ “ეზოგელინი” უყვარს და 2. ვისაც თეთრი ჩორბა ანუ “მერჯიმექ ჩორბა” უყვარს. (რა თქმა უნდა, სახელდება სრულიად ქუთაისის ქუჩის გამოცდილებას ეყრდნობა და პრეტენზია არ აქვს უნივერსალურობასთან დაკავშირებით).

ამ ორივე წვნიანის მთავარი ინგრედიენტი არის ოსპი და მისი მრავალფეროვნება.

ჩორბა

ბათუმში ასევე უკვე არის ლიბანური და ებრაული კაფეები. მათ შორის “Haba Eat”, სადაც ვეგანებისთვის ტოპ-მნიშვნელობის ფალაფელის დაგემოვნება აჭარული ხაჭაპურის ფორმით შეგიძლიათ. ფალაფელი მუხუდოსგან დამზადებული ერთგვარი კატლეტებია.

ფალაფელი ჰაბა-ითის მენიუდან
  • პირველი სრულად ვეგანური კაფე ბათუმში

ამ ზაფხულს ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე, პირველი ვეგანური კაფე – „Go Vegan Cafe“ გაიხსნა. მარია და ვიქტორია ბელარუსიდან ჩამოვიდნენ ბათუმში. პროფესიით მზარეულები არიან და გადაწყვიტეს, ვეგანური კაფე გაეხსნათ:

„სამ წელზე მეტი გავიდა, რაც ვეგანი ვარ. მყავს ვეგეტარიანელი მეგობარი. ის ხშირად საუბრობდა ვეგანიზმზე და დავინტერესდი, როგორი იყო ხორცის გარეშე ცხოვრება. თავიდან ეს განა ინტერესის გულისთვის იყო, უბრალოდ ვცადე, შემდეგ უფრო მეტს ვკითხულობდი, სხვადასხვა ლიტერატურას  ვეცნობოდი, ვეძებდი ინფორმაციას ინტერნეტში და გავიგე, რომ საერთოდაც, არასწორია, რომ ხორცს ვჭამთ და თავდაპირველად ვეგეტარიანელი გავხდი, რაღაც დროის შემდეგ კი ბოლომდე ვთქვი უარი ცხოველური წარმოშობის  პროდუქტებზე და ვეგანი გავხდი,“ – ამბობს ვიქტორია კოსტიუკევიჩი.

„Go Vegan Cafe“-ში შეგიძლიათ მრავალფეროვანი ვეგანური საკვებით დანაყრება – როგორც სალათებით, ვეგანური შაურმებით და ბურგერებით, ისე დესერტითა და ვეგანური რძის ბაზაზე დამზადებული ყავით.

მინსკშიც როცა ვცხოვრობდით, ასეთი სიტუაცია იყო: მიდიხარ ჩვეულებრივ რესტორანში, უყურებ მენიუს და მარტო სალათის შეკვეთა შეგიძლია ან შემწვარ ბოსტნეულს გთავაზობენ. კარგი იქნებოდა, ჩვეულებრივ რესტორნებსაც ეფიქრათ, რომ მათთან შეიძლება მიდიოდნენ სტუმრები, ვინც ვეგანურად იკვებება და თავიანთი მენიუ უფრო მრავალფეროვანი გახადონ.

21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არ გვჭირდება ცხოველების მოკვლა გამოკვებისთვის, ახლა იმდენი რამის მოფიქრებაა შესაძლებელი. ქვის ხანაში, შესაძლოა, ეს აუცილებლობა იყო გადარჩენისთვის, მაგრამ ახლა ბუნება თავად გვაძლევს ყველა პროდუქტს და არაა საჭირო არავის მოვკლა,“ – ამბობს ვიქტორია.

ვიქტორია კოსტიუკევიჩი
  • უშაქრო, მაგრამ მაინც ტკბილი ვეგანური ბურთულები | რეცეპტი

პირველი ნოემბერი ვეგანების საერთაშორისო დღეა. ამის აღსანიშნავად გთავაზობთ ვეგანური, უმი და უმარტივესი დესერტის რეცეპტს:

ინგრედიენტების სია ასეთია:

[checklist]

  • 100 გრამი თხილი
  • 50 გრამი ნიგოზი ან მიწის თხილი
  • 10-12 ცალი ფინიკის ჩირი (თუ უფრო ტკბილი გემოები გიყვართ, შესაძლებელია ფინიკის რაოდენობის გაზრდაც)
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2 კოვზი ქოქოსის ფანტელი
  • ვანილი/დარიჩინი გემოვნებით

[/checklist]

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ბლენდერში, დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, გადმოიღეთ თასში და ხელისგულებით დაამრგვალეთ, შუაში შეიძლება ნუში ან სხვა თხილეულის ჩაყოლებაც.

გემრიელად მიირთვით!

ნინოწმინდის პანსიონატიდან ბავშვების გამოყვანა კანონიერია – სააპელაციოს გადაწყვეტილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თეა ძიმისტარაშვილის გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლის თანახმადაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დაევალა ნინოწმინდის პანსიონში მოთავსებული შშმ ბავშვების დაუყოვნებელი, ყოველგვარი ხელშეშლის გარეშე გამოყვანა და სხვა სახელმწიფო მზრუნველობის დაწესებულებაში განთავსება (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლში) ან ოჯახებში დაბრუნება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისის  განჩინებით დააკმაყოფილა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ – PHR-ის მოთხოვნა და სახელმწიფოს ბავშვების გამოყვანა დაავალა საქართველოს საპატრიარქოს ქ. ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონიდან, თუმცა პანსიონმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 14 ივნისს გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის მოთავსება ბავშვთა სახლში (ინსტიტუციაში) უკიდურესი საშუალებაა, რაც მთავრობამ იმ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს, თუ ბავშვზე ზრუნვის ყველა შესაძლებლობა ნაცადი და ამოწურულია. ამიტომ ბავშვები ასეთ დაწესებულებაში მხოლოდ მინიმალური დროით შეიძლება დარჩნენ.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით აკრძალულია ბავშვებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურო ძალადობა, ჩაგვრა, იძულება წამება და ძალადობის სხვა ნებისმიერი ფორმის გამოყენება. ხოლო სახელმწიფო ვალდებულია, ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან ბავშვების დასაცავად, შექმნას ძალადობის შეტყობინების, გასაჩივრების, რეფერირების და გამოძიების ეფექტური მექანიზმები. ძალადობის შედეგად დაზარალებული ბავშვების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და უფლებების აღდგენისთვის საჭიროა აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნინოწმინდის პანსიონის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ივნისის დროებითი განჩინება.


ამავე თემაზე:

გამოძიება გაუპატიურებაზე, მუხლებზე ხოხვა – კიდევ რა ვიცით ნინოწმინდის პანსიონზე

 საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელების წინააღმდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო – ვაჟა ანანიძის საქმე

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საზღვაო აკადემიასთან დაკავშირებით აჭარის პროკურატურას მიმართა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საზღვაო აკადემია არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, აკადემია ვალდებულია დაუყოვნებლივ აღედგინოს სამსახურში ყოფილი ლექტორი ვაჟა ანანიძე და მას მისცეს განაცდური ხელფასიც.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა შს სამინისტროს რეაგირებისთვის.

პროკურატურის ინფორმაციით, დღეს, 2021 წლის პირველ ნოემბერს, ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელი პირების მიერ ვაჟა ანანიძის მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ფაქტზე.

შს სამინისტროს განმარტებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ძალაში შესული განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას. ეს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზღვაო აკადემიას სამსახურიდან დათხოვნილი ვაჟა ანანიძე თავისივე თანამდებობაზე უნდა აღედგინა და განაცდური ხელფასიც აენაზღაურებინა. აკადემიამ ოფიციალურად უარი განაცხადა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე. 29 ოქტომბერს კი აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიმართა პროკურატურას სამართლებრივი რეაგირებისთვის.

„აღსრულების ეროვნული ბიურო გამოთქვამს მზადყოფნას, თქვენს მიერ წარმოდგენილი აღსრულების ქვემდებარე აქტების სისრულეში მოყვანის მიზნით, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა სახის იძულებითი ღონისძიება“, – წერია სააღსრულებლოს განცხადებაში, რომელიც აჭარის პროკურატურას გადაეგზავნა.

_______________________

ვაჟა ანანიძე საზღვაო აკადემიიდან 2020 წლის 22 ივლისს გაათავისუფლეს. მისი გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად აკადემიამ ეთიკური საბჭოს გადაწყვეტილება დაასახელა, თავად ვაჟა ანანიძე კი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ მან გასულ წელს საზღვაო აკადემიის რექტორი და კიდევ რამდენიმე პროფესორი პლაგიატში ამხილა. ის ასევე საუბრობს აკადემიაში არსებულ სხვა პრობლემებზეც.

თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ერთ წელზე მეტია, რაც ვაჟა ანანიძე საპროტესტო აქციებს მართავს საზღვაო აკადემიის ჭიშკართან.  ის აპროტესტებს აკადემიის ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას მისი აკადემიიდან გაშვების თაობაზე.

ვაჟა ანანიძე ამ ხნის მანძილზე მიმართავდა განათლების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, ასევე საზოგადოებას სთხოვდა, დაინტერესებულიყვნენ აკადემიაში არსებული ნეპოტიზმით, პლაგიატით და სავარაუდო კორუფციითაც.

2021 წლის 7 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ საზღვაო აკადემიის ყოფილი პროფესორის, ვაჟა ანანიძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით აკადემია ვალდებულია აღადგინოს ვაჟა ანანიძე სამსახურში და  კომპენსაციის სახით გადაუხადოს 25 ათასი ლარი.

____________

ფოტოზე: ვაჟა ანანიძის აქცია საზღვაო აკადემიის წინ. 

რას ჰყვება ქალი, რომელსაც სილამაზის სალონი ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსში ჰქონდა

„სამი კვირის წინ ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, დახმარება დამჭირდებოდა, გამეცინებოდა, მაგრამ დღეს ისეთი სასოწარკვეთილი და უიმედო ვარ, ყველაფერს ვითხოვ ყველასგან. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვართ, მეც და ჩემი თანამშრომლებიც,“ – ეს სიტყვები 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთ გადარჩენილს, ინგა კეჭაყმაძეს ეკუთვნის.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული სადარბაზოს გვერდით სადარბაზოში, პირველ სართულზე, ინგას სილამაზის სალონი ჰქონდა. 8 ოქტომბერს, სადარბაზოს ნგრევის დროს, ის სალონში იმყოფებოდა და გადარჩა.

ბათუმის მერია ჩამონგრეულ კორპუსში მცხოვრებლებს ბინებს გადასცემს, მათ შორის იქნება ინგაც. თუმცა ეს პროცესი ხანგრძლივია. ინგამ არ იცის, ახლა როგორ დააღწიოს თავი სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდა.

„ჯერჯერობით არანაირი დახმარება არ მიმიღია. საკუთარი სახსრებით, საკუთარი თავით ვდგები ფეხზე. მეგობრებიც მეხმარებიან. 26 მაისის ქუჩაზე მდებარე სალონი იყო ჩემი საკუთრება, რომელიც ბანკიდან გამოტანილი სესხით მქონდა გაკეთებული. ბანკში ვიხდი 900 დოლარს. მაქვს დაზღვეული, სესხიც და შენობაც, მაგრამ არც ბანკი გამიჩერეს, არც ფორს მაჟორი გამოაცხადეს ჩემს შემთხვევაში, არც გამიყინეს. არ ვიცი რა უნდა ვქნა, თუ არავინ დამეხმარა.

ახლახან მანქანა გავყიდე, რადგან ჯერჯერობით ვერავინ ვერაფერს ვერ მეხმარება და იმ  თანხით ვიქირავე ახალი ობიექტი. 1000 დოლარი მაქვს გადასახდელი ქირა. ვინც მყავდა დასაქმებული, ისევ ისინი უნდა დავასაქმო. ვცდილობ, ჩემი თანამშრომლები არ დარჩნენ უმუშევრები და, რა თქმა უნდა, თვითონაც უნდა გავიტანო თავი. ქირის გარდა, ეს 900 დოლარიც უნდა გადავიხადო ბანკში. უბრალოდ კითხვას ვსვამ, დღევანდელ საქართველოში მე ამას რანაირად შევძლებ?“ – კითხულობს ინგა კეჭაყმაძე.

ინგას თქმით, მას ჰქონდა კომუნიკაცია ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან, ლელა სურმანიძესთან.

„რამდენჯერმე დავურეკე და ვკითხე. კი, კიო, შევეცდებით [დაგეხმაროთო]. ძალიან ბევრია 1000 დოლარი, მაგრამ კლიენტები იმ უბნიდან მყავდა ძირითადად, რომელშიც მქონდა სალონი გახსნილი. სხვა უბანში გადასვლა არ მაწყობდა, ამიტომ ვეცადე ფართობი ამავე უბანში მეშოვა.

უკვე სამი კვირაა გასული, გავყიდე მანქანა, თუ რაიმე სახსრები მქონდა ოჯახში გადანახული, ყველაფერი ჩავდე, ახლა ვარ განწირული, ვერ მიმყავს ბოლომდე [ახალი ფართობის რემონტი] და არ ვიცი რა იქნება. თუ ვერ მივიყვანე დასასრულამდე ის შენობა, ვრჩები ქუჩაში. ჩემთან ერთად ის ხალხიც, ვისაც მე ვამუშავებდი. ოთხი ადამიანი მყავს დასაქმებული. დიდი კოლექტივი არ ვართ, მაგრამ ოთხი ადამიანი რომ დღევანდელ საქართველოში პურის ფულის გარეშე დარჩება – ყველას ბანკი გვაქვს. ამხელა ტრაგედია გადავიტანეთ, ცოცხლები ძლივს გამოვასწარით, ფაქტობრივად ერთ-ერთი გადარჩენილი ვარ, რომელიც ნანგრევებიდან გამოვიდა. არც მორალური დახმარება, არც ფინანსურად, არაფერი არ ჩანს. ვერაფერს გეტყვით ხვალ და ზეგ რა იქნება,“ – ამბობს ინგა კეჭაყმაძე.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს  ლელა სურმანიძეს.

„რაც იყო დაპირება მოსახლეობის მიმართ, როცა აშენდება შენობა, მათ გადაეცემათ ფართობები, რემონტის თანხა და ა.შ. ეს ვრცელდება, რა თქმა უნდა, ინგა კეჭაყმაძეზეც. მე მას პირადად ვიცნობ, ამასწინათ დამირეკა კიდევაც და ვუთხარი, რომ შემოიტანე განცხადება-მეთქი.

ინგა ამ ბინაში ფლობს კომერციულ ფართობს. ჩვენი სტიქიის კომისია არ განიხილავს კომერციულ ფართობებს [გათვალისწინებული]. იქ საუბარია ბინების [მესაკუთრეებზე] და მათ ქირით გაყვანაზე.

სავარაუდოდ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც ცალკე ამ საკითხებზე [იმსჯელებს]. ფონდშიც არის თანხები, ნახევარი მილიონი, რომელიც თბილისის მერიამ გადმორიცხა, არის სხვა თანხებიც 800 ათასზე მეტია. მე მას [ინგა კეჭაყმაძეს] ვუთხარი, რომ დახმარების გარეშე არ დავტოვებთ.

უბრალოდ, მომავალ კვირაში რასაც ვაპირებთ [ქირით გასვლის მსურველთა ხელშეკრულებების], კომისიაში განხილვას, ამ კომისიის ფორმატში ვერ განვიხილავთ. მაგრამ ან ახალი კომისია შეიქმნება ან შეიძლება მთავრობას მივმართოთ, რომ დაეხმაროს. კიდევ ერთი კომერციული ფართობია იქ, ის ფართობი ხან ქირავდებოდა, ხან არა და რაღაცა დოკუმენტები აქვს წარმოსადგენი იმასაც. როცა ინგამ განცხადება შემოიტანა, ვუთხარი, რომ უახლოეს პერსპექტივაში (ერთ კვირაში და ათ დღეში)  ვერ ვიზამთ-მეთქი, მაგრამ მისი საკითხი ყველა ვარიანტში განიხილება ცალკე,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

„ბათუმელების“ კითხვაზე გაუწევს თუ არა მერია ან მთავრობა სალონის მეპატრონეს ბანკთან შუამავლობას, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი პასუხობს, რომ დაეხმარებიან.

„თუ წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომ ბანკში აქვს სესხი, ჩვენ რაც შეგვიძლია გავუკეთოთ, გავუგზავნოთ შუამდგომლობა ბანკს, რომ ამ სესხის რესტრუქტურიზაციაზე. ამაშიც შეგვიძლია დავეხმაროთ. კომპენსაციის საკითხი როცა განიხილება, შევეცდებით, რომ დავეხმაროთ,“ – ამბობს ლელა სურმანიძე.

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩის №13-ის არსებული კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. კორპუსი საცხოვრებლად უვარგისია და ბათუმის მერია მას მალე დაანგრევს.

პოლონეთი ევროკავშირმა დღეში მილიონი ევროთი დააჯარიმა სასამართლო სისტემის დავის გამო

პოლონეთის ყოველდღიურად მილიონი ევროთი დაჯარიმების გადაწყვეტილება ევროკავშირის სასამართლომ მიიღო.

პოლონეთმა არ შეასრულა დამოუკიდებელ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებული ევროკავშირის მოთხოვნა.

ევროსასამართლომ მოუწოდა პოლონეთს შეეჩერებინა დისციპლინარული პალატის მუშაობა, რომელიც 2018 წელს შეიქმნა პოლონეთში სასამართლო რეფორმის ფარგლებში და ინიცირებულია მმართველი პარტიის მიერ.

პალატის მოვალეობაა განიხილოს საჩივრები უზენაესი და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატებისა და ნოტარიუსების გადაცდომების შესახებ.

სადისციპლინო პალატის წევრები ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით დაინიშნნენ და პოლონეთის ოპოზიციის მტკიცებით, საბჭოს შემადგენლობას მთლიანად მმართველი პარტია აკონტროლებს. პალატის კრიტიკოსების თქმით, მმართველ პარტიას პალატის საშუალებით შეუძლია ქვეყნის ყველა მოსამართლის კონტროლი და მათგან არასასურველი კადრების გათავისუფლებაც.

2020 წლის აპრილში ევროსასამართლომ პოლონეთს დაავალა შეეჩერებინა სადისციპლინო პალატის მუშაობა საბოლოო განაჩენის გამოტანამდე.

სადისციპლინო პალატამ საქმიანობა მხოლოდ ერთი წლით შეაჩერა, თუმცა ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს. პოლონეთის მთავრობა ევროკავშირს სადისციპლინო პალატის შესახებ კანონის შეცვლას დაჰპირდა რეფორმის ფარგლებში, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არაფერი გაუკეთებია.

დისციპლინური კომისიის მუშაობის შეჩერებაზე უარის თქმისთვის სექტემბერში ევროკომისიამ ევროსასამართლოს მიმართა პოლონეთის ყოველდღიურად მილიონი ევროთი დასაჯარიმებლად.

ეს უკვე მესამე ყოველდღიური ჯარიმაა, რაც პოლონეთს ევროკავშირისგან დაეკისრა. პირველი ორი ჯარიმა 100 და 500 ათას ევროს შეადგენს, ამ შემთხვევაშიც პოლონეთის ხელისუფლებამ არ შეასრულა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბელოვეჟსკის ნაკრძალში ტყეების გახშირებულ ჩეხვას და ჩეხეთის საზღვარზე შახტების დახურვას შეეხებოდა.

როგორც BBC-ი წერს, პოლონეთი კიდევ ერთი დიდი ფინანსური დანაკარგის საშიშროების წინაშე დგას: ევროკომისიამ ფაქტობრივად გაყინა საზოგადოებრივი ფონდიდან პოლონეთისთვის გადარიცხული ათობით მილიარდი ევრო, რაც პანდემიის შედეგებთან საბრძოლველად იყო გამოყოფილი.

______________________________________________

წყარო: BBC

აჭარაში კოვიდზე სრულად აცრილია მოსახლეობის 37.8 პროცენტი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, 1-ელი ნოემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსზე სრულად, ორი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 38.8 პროცენტი, ხოლო ერთი დოზით – 41.2 პროცენტი.

რეგიონში სულ ჩატარდა 216 398 ვაქცინა, ბუსტერდოზით აცრილია 75 ადამიანი.

კოვიდის 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი რეგიონში 3.1 პროცენტია, ერთი კვირის განმავლობაში – 3.3, ხოლო გასული დღის – 4.4%.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მონაცემებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეის მონაცემებით საქართველოში სრულად ვაქცინირებულია 940 546 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.9%, ხოლო  1 დოზით ვაქცინირებულია 1 036 464 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 36.5 %.

ბოლო კვირებია საქართველოში ვაქცინაციის ტემპი მნიშვნელოვნად დაეცა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 1402 აცრა ჩატარდა კოვიდზე.

______________

ფოტოზე: პედაგოგების ვაქცინაცია. ფოტო: იუნისეფი

 

„დინამო ბათუმი“ დღეს „საბურთალოს“ შეხვდება | ეროვნული ლიგა

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში, ეროვნული ლიგის ფარგლებში ერთმანეთს „დინამო ბათუმი“ და „საბურთალო“ შეხვდებიან.

შეხვედრა ბათუმში 20 საათზე დაიწყება. დღეს მატჩს მაყურებელიც დაესწრება. ბილეთები ამ დრომდე იყიდება. შეივსება მხოლოდ სტადიონის საერთო ტევადობის 33%.

კოვიდპანდემიის გამო მატჩზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მატჩის ბილეთი, ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა, ან 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან 24 საათის განმავლობაში გაკეთებული ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი.

აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

ამ დროისათვის „დინამო ბათუმი“ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილის სათავეშია 64 ქულით. მეორე ადგილზეა „დინამო თბილისი“, რომელსაც 63 ქულა აქვს, მესამეზე ადგილზე კი გორის „დილაა“ – 56 ქულით. „საბურთალო“ მეოთხე ადგილზეა 50 ქულით.

______________

ფოტო: FC Dinamo Batumi/FB

 

გერმანიამ საქართველოს კოვიდის სამკურნალო მედიკამენტები გადმოსცა

გერმანიის მთავრობამ საქართველოს კოვიდის სამკურნალო მედიკამენტები აჩუქა.

Casirvimab-ისა და Imdevimab-ის 3024 დოზა მედიკამენტი გამოიყენება კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

„მაღალი ხარისხის ეს მედიკამენტები განკუთვნილია კოვიდით დაავადებული მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.

დიდი იმედი მაქვს, რომ ამ წამლების მეშვეობით შესაძლებელი იქნება ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. მაგრამ კოვიდთან ბრძოლაში უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში უფრო მეტმა ადამიანმა გაიკეთოს ვირუსის საწინააღმდეგო აცრა,“- თქვა წამლების გადაცემისას გერმანიის ელჩმა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 2 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

 

დაშინება, შეურაცხყოფა, ცნობები ხმების მოსყიდვაზე და სხვა დარღვევები გაგრძელდა – აშშ საელჩო

აშშ-ს საელჩო საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით შეფასებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის ფაქტები.  ასევე, რესურსების მკვეთრი დისბალანსი, რომელმაც საასპარეზო პირობები შეცვალა.

„ხანგრძლივი და განხეთქილების გამომწვევი კამპანიის შემდეგ ქართველმა ხალხმა 30 ოქტომბერს ხმა მისცა მუნიციპალური არჩევნების მეორე ტურში. ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ამომრჩევლებისა და საქმისადმი ერთგული საარჩევნო მუშაკების, საქართველოს პროფესიონალი ადგილობრივი საარჩევნო სადამკვირვებლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ, რომელთაც კოვიდპანდემიისა და დაძაბული საარჩევნო გარემოს მიუხედავად [ამ პროცესში] მონაწილეობა მიიღეს.

ჩვენ ვიზიარებთ ოდირის შეფასებას, რომ არჩევნები მთლიანობაში იყო მშვიდი და კარგად ორგანიზებული, თუმცა ბრალდებები ამომრჩეველთა დაშინებისა და ზეწოლის შესახებ შენარჩუნდა და განგრძობადმა პოლარიზაციამ, რომელსაც თან ახლდა უარყოფითი რიტორიკის გამწვავება, პროცესზე უარყოფითად იმოქმედა.

რესურსების მკვეთრმა დისბალანსმა და ხელისუფლებაში ყოფნით განპირობებულმა შეუსაბამო უპირატესობამ საასპარეზო პირობები შეცვალა. ოდირმა ასევე გამოთქვა წუხილი იმ განგრძობად პრაქტიკასთან დაკავშირებით, როდესაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოქმედებდნენ, როგორც პარტიის მხარდამჭერები და დროდადრო ხელს უშლიდნენ პროცესს, ასევე ცალკეული ადამიანების ჯგუფები ზოგიერთი საარჩევნო უბნების გარეთ, სავარაუდოდ, ზეგავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე.

მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე.

როგორც ამ არჩევნებმა გვიჩვენა დემოკრატია მუდმივი ძალისხმევის პროცესია, რომელიც მოითხოვს ერთგულებას უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების მიმართ და სიფხიზლეს მოქალაქეების დემოკრატიული უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ზოგიერთმა რეფორმამ, რომელიც ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ინკლუზიური და მრავალპარტიული პროცესის შედეგად წლის დასაწყისში მიიღეს, როგორიც არის ავტომატური გადათვლის პროცესი და ელექტრონული ხმის მიცემა, მნიშვნელოვნად გაზარდა ხმის მიცემის პროცესის გამჭვირვალობა.

სამწუხაროდ, ეს პოზიტიური ნაბიჯები შეასუსტა წინა საარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ფართოდ გავრცელებულმა დარღვევებმა, რამაც უარყოფითად იმოქმედა მოქალაქეების მიერ ხმის თავისუფლად მიცემის შესაძლებლობაზე. იმის ნაცვლად, რომ გარემო გაუმჯობესებულიყო იმ პრობლემების გადაჭრით, რომელიც საარჩევნო დამკვირვებლებმა არჩევნების პირველი ტურის დროს გამოავლინეს: დაშინება, შეურაცხმყოფელი რიტორიკა, ადმინისტრაციული რესურსის არასათანადო გამოყენება, ხმების აშკარად მოსყიდვის შესახებ ცნობები და სხვა დარღვევები გაგრძელდა, პოლიტიზებული მედია კი კიდევ უფრო ამწვავებდა პოლარიზებულ გარემოს.

ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია.

ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის.

ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით.

თითოეული არჩევნები, ხარვეზიანიც კი, გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლისა და რეაგირების შესაძლებლობაა განმეორებად დარღვევებზე, რომელმაც დააზიანა ეს არჩევნები და თანდათანობით შეარყია ხალხის ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ.

უპირველეს ყოვლისა, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს ყველა იმ დანარჩენი რეფორმის მიღებისა და განხორციელებისკენ, რომელიც რეკომენდებულია ეუთო/ოდირის, ვენეციის კომისიისა და სხვა საერთაშორისო ექსპერტების მიერ. აღნიშნული რეკომენდაციები პარლამენტის მოთხოვნის შედეგადაა წარმოდგენილი და წინა არჩევნებთან შედარებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მომავალი არჩევნების გაუმჯობესებისკენ.

ამერიკელი ხალხი მხარს უჭერდა და უჭერს ქართველი ხალხის ძალისხმევას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიონალი პლურალისტური მედიისა და ხალხის მიმართ გულისხმიერი მთავრობის ჩამოყალიბების ხანგრძლივ და გამოწვევებით აღსავსე პროცესში. ამ ბოლო არჩევნებმა და საქართველოს განხეთქილების გამომწვევმა ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა ცხადყო, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა სასწრაფოდ შესასრულებელი. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სთავაზობს მეგობრობასა და მხარდაჭერას როგორც გულწრფელი პარტნიორი, რადგანაც გვჯერა საქართველოსი, როგორც სტაბილური და წარმატებული დემოკრატიისა, რომელიც

პატივს სცემს კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს. ჩვენ კვლავ ერთგული ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიზნების მიღწევაში“, – ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში.

იპოთეკური სესხების აქცია ტერაბანკისგან

ტერაბანკი მომხმარებლებისთვის იპოთეკური სესხების ახალ აქციასა და განსაკუთრებული პირობების შეთავაზებას იწყებს. პირველი ნოემბრიდან იმ პირებისთვის, რომლებიც საბანკო პროდუქტით აქციის ფარგლებში ისარგებლებენ, საპროცენტო განაკვეთი ლარში 11%-დან, ეფექტური კი 12.7%-დან იწყება. ამას გარდა, მათზე 3-თვიანი სრული საშეღავათო პერიოდიც გავრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში მომხმარებლები არც ძირითად თანხას გადაიხდიან და არც – პროცენტს.

იპოთეკური სესხების აქციაში ჩართვა შეუძლიათ ადამიანებს, რომლებსაც უძრავი ქონების შეძენა, რემონტი ან მშენებლობა სურთ და თანხაც ამ მიზნით ესაჭიროებათ. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, ახალი ინიციატივა იპოთეკური სესხის შეღავათიანი პირობებით აღების ოპტიმალური და ხელსაყრელი შესაძლებლობაა. „ამგვარ აქციას მომხმარებლებს  სხვადასხვა პერიოდულობით, სისტემატურად ვთავაზობთ. ვფიქრობთ, ამჯერადაც მას დიდი დაინტერესება მოჰყვება“, – აცხადებენ ტერაბანკში.

იპოთეკური სესხები მხოლოდ ლარში გაიცემა. აქცია მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

აჭარაში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 99 ახალი შემთხვევა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 99 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი.

პირველი ნოემბრის მდგომარეობით, კლინიკებში მკურნალობს 534 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით პირველ ნოემბერს კორონავირუსით ინფიცირების 2141 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 44 პაციენტი.

2 ნოემბერს ბათუმში 26 ქუჩას წყლის მიწოდება შეუწყდება

ხვალ, 2 ნოემბერს, ბათუმის რამდენიმე ქუჩას დილის 9 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის შეწყვეტა გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

წყალმომარაგება შეწყდება შემდეგ ქუჩებზე:

ბაგრატიონის შესახვევი, სულაბერიძის ქუჩა, გურამიშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის შესახვევი, ჩოლოყაშვილის მეორე შესახვევი, თავდადებულის შესახვევი, თავდადებულის ქუჩა, ლუკა ასათიანის ქუჩა, გიორგი სააკაძის ქუჩა, გონიოს ქუჩა, გონიოს შესახვევი, მამია ვარშანიძის შესახვევი, პუშკინის ქუჩა, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა #129, ბესიკის  ქუჩა, ბესიკის შესახვევი, შევჩენკოს ქუჩა, სულაბერიძის შესახვევი, ფალავანდიშვილის ქუჩა, სოხუმის ქუჩა, ანდრონიკაშვილის ქუჩა, ქედის ქუჩა, ქობულეთის ქუჩა, მარუხის ქუჩა, ქობულეთის ჩიხი, ლომონოსოვის ქუჩა.

 

საქართველოში 10 ათასს გადააჭარბა კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობამ

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათას ადამიანს გადააჭარბა. პირველი ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე 10 089 ადამიანი გარდაიცვალა.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა თავისუფლად შესაძლებელია, ამ დრომდე სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 32.9 პროცენტი, ხოლო ერთი დოზით აცრილია – 36.5 პროცენტი ანუ 1 978 857 ადამიანი.

პირველი ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში ამ დრომდე კორონავიურუსით ინფიცირების სულ 721 388 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა – 665 599.

NY Times-ის 19 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველო კოვიდის გავრცელების ტენდენციით კვლავ პირველ ადგილზეა.

44 გარდაცვლილი და კორონავირუსის 2141 ახალი შემთხვევა – პირველი ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში ამ ეტაპზე არ განიხილება კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება. სამინისტროს განცხადება ეხმიანება გავრცელებულ, დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კოვიდპანდემიის გამო იგეგმება ტრანსპორტის შეზღუდვა.

„დამატებითი შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ განიხილება.

თუ ვინმე ავრცელებს, რომ დამატებითი შეზღუდვების დაწესება იგეგმება, ეს არის ტყუილი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

როგორც ჩანს, ამას გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად აკეთებენ,“ – აცხადებს ჯანდაცვის სამინისტრო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოქტომბრის დასაწყისიდან შემთხვევების მატებას ლოკალიზებული ხასიათი ჰქონდა და უპირატესად შეეხო იმ რეგიონებს, სადაც აცრილი მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მცირეა, მათ შორის კახეთსა და იმერეთს.

ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობას დადგენილი რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

 

 

2 ნოემბერს ბათუმში ოპოზიცია აქციას აანონსებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია სამშაბათიდან იწყებს მასშტაბურ აქციებს.

მისი თქმით, პირველი აქცია 2 ნოემბერს, სამშაბათს, გაიმართება ბათუმში, შემდეგ ქუთაისში, სხვა ქალაქებში და ბოლოს – თბილისში.

„გვჭირდება მცირე დრო, რომ მასშტაბური აქცია, რომელსაც მთელი მსოფლიო დაინახავს, დავგეგმოთ. აქცია, რომელიც გაიმართება კვირა დღეს, განსხვავებული იქნება ყველა აქციისგან ბევრი თვალსაზრისით“, – თქვა ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.

მელიას თქმით, აქციები პერმანენტულად გაიმართება სხვადასხვა ქალაქში.

„რუსთაველის გამზირიდან წელს დამარცხებულები არ გავალთ, ჩვენ გავალთ გამარჯვებულები,“ – ამბობს მელია. მან აქციიდან ციხეში მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილსაც მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მისი ციხიდან დასახსნელად.

ნიკა მელიას თქმით, აქციების პარალელურად, ისინი ოლქებსა და შემდეგ სასამართლოებში გაასაჩივრებენ ყველა საარჩევნო დარღვევას, რათა გაიარონ სრული სამართლებრივი პროცედურები. როგორც მელია ამბობს, ამის მიზანია დასავლელი პარტნიორებისთვის იმის ჩვენება, რომ ოპოზიციის თვითმიზანი აქციები არ არის.

ოპოზიცია არ აღიარებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგს, რადგან მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ის გააყალბა. არჩევნების შედეგების მიხედვით, 64 ქალაქიდან და მუნიციპალიტეტიდან, მერის არჩევნებში 63 ოლქი მოიგო მმართველმა პარტიამ და მხოლოდ წალენჯიხაში მოიგო ენმ-ს კანდიდატმა.

_____________

ოპოზიციის აქცია თბილისში, პარლამენტის წინ. 31 ოქტომბერი, 2021 წელი. ფოტო: „ნეტგაზეთი“

TV 25-ის ჟურნალისტი: მუქარის და ძალადობის მუხლებით გამოძიება დაიწყო

„გუშინ მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება დღეს დაიწყეს, მხოლოდ ჩვენი მიმართვის შემდეგ,“ – ამბობს TV 25-ის ჟურნალისტი თეო ფუტკარაძე, რომელსაც გუშინ, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურის გაშუქების დროს თავს დაესხნენ.

ჟურნალისტი გამომძიებლებმა დღეს გამოკითხეს და უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურად არ ადასტურებს გამოძიების დაწყებას TV 25- ის ჟურნალისტზე თავდასხმის შესახებ.

შემთხვევა გუშინ, 31 ოქტომბერს, წერეთლის ქუჩაზე, 73-ე საარჩევნო უბნის წინ მოხდა – ჟურნალისტმა მიკროავტობუსში კოორდინატორების მობილიზაცია შენიშნა და მათ ღია სივრცეში კითხვები დაუსვა.

„მითხრეს, რომ იყვნენ „ქართული ოცნებიდან“, სიტყვიერი შეურაცხყოფა მომაყენეს და ხელი მკრეს, ერთხელ ისე მიბიძგეს, ოპერატორმა შემაკავა, თორემ დავეცემოდი… თავდასხმის მიზეზი იყო კითხვები. გაღიზიანდნენ, რატომ დავსვი კითხვები ამომრჩევლების მობილიზებაზე,“ – ამბობს თეო ფუტკარაძე.

ჟურნალისტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო მუქარის და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლებით.

„ჩემი სურვილი იყო, გამოძიება დაწყებულიყო პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლითაც, მაგრამ ეს ასე არ მოხდა,“ – დასძინა თეო ფუტკარაძემ „ბათუმელებთან“.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამოძიება სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე დაიწყო, მათ შორის, ჟურნალისტებზე ძალადობის გამო.

 

 

„ოცნება ამ ეტაპზე უკვე მზადაა გაემიჯნოს დასავლეთს“ – ინტერვიუ არმაზ ახვლედიანთან

როგორ უნდა მოიქცეს მეორე ტურის შედეგების შემდეგ ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოება? – პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ახლა უფრო მეტი კონსოლიდაციის დროა.

პოლიტიკოსის აზრით, დღეს ყველაზე მეტად არსებობს იმის რისკი, რომ დასავლეთს დავშორდეთ და დასავლეთსაც აღარ ჰქონდეს ჩვენგან დემოკრატიის გაძლიერების მოლოდინი.

არმაზ ახვლედიანი ეჭვობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობა ახალ ეტაპზე გადადის. იგი არ გამორიცხავს, რომ „ლეგიტიმაციის ზღვარზე“ მყოფმა მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ძალაუფლების შენარჩუნება უკვე რეპრესიული მეთოდებით სცადოს.

რა აჩვენა არჩევნების მეორე ტურმა? – „ბათუმელებმა“ არმაზ ახვლედიანს რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო არმაზ, თქვენთვის რა აჩვენა არჩევნების მეორე ტურმა? 

წარმოუდგენელი ზეწოლის და სრულიად უსამართლოდ ჩატარებული არჩევნების შედეგად, თუ შეიძლება ამას არჩევნები უწოდო საერთოდ, „ქართული ოცნება“ არის ლეგიტიმაციის ზღვარზე. ეს აჩვენა, პირველ რიგში, მეორე ტურმა.

ეს მოცემულობა აჩვენებს იმასაც, რომ „ქართული ოცნება“ თავისი სრულიად უცნაური, ანომალიური მმართველობის ახალ ეტაპზე გადადის. რამდენადაც ვიცნობ, კარგად ამ პარტიის ლიდერებს, ამ „ვაი გამარჯვებით“, „ქართული ოცნება“ დაიწყებს პირდაპირ ზეწოლას და რეპრესიებს, მათ შორის, კრიტიკულ მედიაზე, ოპოზიციაზე.

ეს ამ დრომდეც არ გვაკლდა, მაგრამ ახლა უკვე მოინდომებენ მათ გაჩერებას ნებისმიერი გზით. მიზანი იქნება მთავარი პოლიტიკური ოპონენტების პარალიზება, რაც შეიძლება გამოიხატოს ცალკეული ოპოზიციური პარტიული ჯგუფების დაშლით, დაჭერით, მოსყიდვით…

  • აქამდე „ივანიშვილიზმად“ ახასიათებდით ბოლო წლების მმართველობას საქართველოში. რა იცვლება ახლა? 

შინაარსი იგივეა, მაგრამ განსხვავებულია უკვე ამ ეტაპზე ბრძოლის ფორმები ამოცანებიდან გამომდინარე: ახლა „ქართული ოცნება“, როგორც არასდროს, ისე აცნობიერებს, რომ უფრო და უფრო მეტად უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება.

ახლა უკვე „ოცნების“ ამოცანაა, იქამდე იყოს ხელისუფლებაში, ვიდრე არსებობს ამის თეორიული და პრაქტიკული შესაძლებლობა. „ოცნებაში“ აცნობიერებენ, რომ ამის ბერკეტები სულ უფრო მეტად ეცლებათ ხელიდან, მაგრამ რჩება ღია ტერორზე გადასვლის შესაძლებლობა.

ყველაზე მეტად სავალალო მაინც ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ამ ეტაპზე უკვე მზადაა ფაქტობრივად გაემიჯნოს დასავლეთს.

  • ხედავთ რისკს, რომ  საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების იმედი დასავლეთმაც დაკარგოს და მათი მხარდაჭერაც დავკარგოთ

საუბედუროდ, კი. როგორც არასდროს, ისე დიდია ახლა ეს რისკი.

დასავლეთში თანდათან მატულობს განწყობა, რომ, აი, როგორც ჩანს საქართველოდან არაფერი გამოვა. მესმის, მძიმეა, მაგრამ მიწევს ამის თქმა – „ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბებულია აზრი, რომ ერთ მშვენიერ დღესო, როგორც ამბობენ, მაგრამ მშვენიერს არა, ერთ უბედურ დღეს გვამცნონ შემდეგი – „საქართველოს არ სჭირდება დასავლური ვექტორი და გვჭირდება ე.წ. ნეიტრალიტეტი“. ნეიტრალიტეტი კი, ცხადია, გულისხმობს საბოლოოდ რუსული ვექტორის გამარჯვებას საქართველოში.

ეს სცენარი ყველაზე რეალისტურია ახლა.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უეჭველად ასე მოხდება. ვისაც კი შეგვიძლია კონსოლიდირება საქართველოში, უნდა გავერთიანდეთ, გავაორმაგოთ და გავაასმაგოთ ძალისხმევა იმისთვის, რომ მიუხედავად დღევანდელი უიმედობისა საზოგადოების ნაწილში, მაინც განვაგრძოთ ყველა შესაძლო კანონიერი გზით „ოცნების“ მმართველობის დემონტაჟი.

  • ოპოზიცია აანონსებს ბრძოლის ახალ სტრატეგიას. თქვენ რა რესურსს ხედავთ? 

ყველაზე ნაკლებად ვხედავ რევოლუციურ რესურსს. მიუხედავად ამ არანორმალური გაყალბების მასშტაბებისა და ზეწოლისა, მაინც ცხადია, რომ ამომრჩევლის ფაქტობრივად ნახევარმა მხარი დაუჭირა ოპოზიციას. „ქართული ოცნება“ უნდა აცნობიერებდეს, რომ ის არის ლეგიტიმაციის ზღვარზე. ყველა შემთხვევაში, ის მილევად რეჟიმშია.

  • რა სახის სირთულეს ქმნის ეს პრაქტიკულად, მაგალითად, ბათუმის ახალ მერს რაში შეუშლის ხელს „ლეგიტიმაციის ზღვარი“?  

ბათუმში, თბილისში და ასე შემდეგ, სრულად პოლიტიკურ სივრცეში „ქართულ ოცნებას“ ექნება იმის პრობლემა, რომ ვერ გაუმკლავდება კრიზისებს. აქამდეც ვერ გაუმკლავდა ვერც ერთ კრიზისს და ახლა ამის ხარისხი მოიმატებს.

ამას დაემატება ისიც, რომ დასავლეთი განსხვავებული სკეპტიკურობით უყურებს უკვე საქართველოში დემოკრატიის მომავალს, სულაც არ გამოვრიცხავ უმკაცრეს პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ სანქციებს ივანიშვილიზმის ფრთებქვეშ მოკალათებული ადამიანებისთვის.

  • რა შეიძლება გააკეთოს ამ დროს ოპოზიციამ, თქვენი აზრით? 

სხვადასხვა მხრიდან ობიექტური კრიტიკის მიუხედავად, ოპოზიციამ დაამტკიცა, რომ მას აქვს ძირითადად სწორი ხედვა, დებს უზარმაზარ ძალისხმევას საქართველოსთვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად და თუ ვინმე ამას ვერ ხედავს, ეს მაგონებს ფრაზას – „დოს მარილი აკლიაო“.

ვფიქრობ, საზოგადოებას მართებს ყური დაუგდოს ამ ლიდერებს, ენდოს ამ ხალხს და ასეთი კრიტიკული საზოგადოება უნდა გახდეს ხვალ იმაზე მეტი, ვიდრე დღეს არის. მერწმუნეთ, ეს შესაძლებელია. ის რამდენიმე პროცენტი, რაც ცესკომ მეორე ტურზე დაწერა, გვეუბნება, რომ ეს მახინჯი რეალობა ცოტაც და შეიცვლება.

  • რას გულისხმობთ? ფაქტობრივად ყველა ქალაქში, წალენჯიხის გარდა, „ქართული ოცნების“კანდიდატები გახდნენ მერები. „ოცნება“ მორიგ არჩევნებს 2024 წლისთვის ელოდება. 

1996 წლის აგვისტო იყო, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ხელში ავტომატმომარჯვებული დაცვის თანამშრომლებით მოსულ ასლან აბაშიძეს 200-კაციანი აუდიტორიის წინაშე შევძახე – „ძალა აღმართს ხნავს“. დღეს ივანიშვილის ძალა და ფული ხნავს აღმართს, მაგრამ მას ავიწყდება, რომ ეს არის დროებითი, რადგან ის ემსახურება მხოლოდ საკუთარ ბიზნესინტერესებს,  რუსულ ინტერესებს…

თუმცა მე მაინც იმედიანად ვარ განწყობილი და ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ერთობა, ჩვენი ელექტორატი იმაზე მეტად შესაძლოა დაწინაურდეს ცოტა ხანში, ვიდრე მე და თქვენ ეს წარმოგვიდგენია.

  • თქვენი დაკვირვებით, რა მოხდა მეორე ტურზე, ვისი ხმები მიემატა „ოცნებას“ და ვისი ხმა დააკლდა ოპოზიციას? 

უპირველესად ოპოზიციამ უნდა გაანალიზოს შეცდომები, რამაც შესაძლოა ობიექტურადაც დააკლო ხმები. ასეთი შეცდომებიც იყო. ოპოზიციას ასევე მართებს ოპოზიციური მუხტის შენარჩუნება და ისევ კოალიციური მთავრობის იდეის გაძლიერება, მეტი პოლიტიკური ძალის შემოკრება.

რაც მთავარია, ოპოზიციამ უნდა იმუშაოს ელექტორატის იმ ნაწილთან, რომელიც ვერ გამოვიყვანეთ დღემდე არჩევნებზე, რომელიც დუმს და ფაქტობრივად, სასიკვდილო განაჩენს უწერს საქართველოს.

წარმოუდგენელია, თუნდაც ბოლო ერთი თვე უსმენდე ღარიბაშვილის გამოსვლებს და ამბობდე, ნეიტრალური ვარო. ჩემთვის ნებისმიერი არგუმენტი მიუღებელია ე.წ. ნეიტრალობაზე. ჩემთვის ეს არის სამოქალაქო კუთხით ჩადენილი დანაშაული.

  • ამ ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გარდა, ვისი ხმები მიემატა, თქვენი აზრით, „ქართულ ოცნებას“? 

ასე ჩანს, რომ ეს იყო გახარიას ელექტორატი.

ზუსტად იმ დღეს, როდესაც გიორგი გახარიამ თქვა, ოპოზიციაში მივდივარო, მე ვთქვი, რომ ეს იყო ნაბიჯი უკან – ორი ნაბიჯი წინ. გახარია გადადიოდა ოპოზიციურ ფლანგზე, მაგრამ საჭირო დროს ის იქნებოდა „ოცნების“ ყულაბაში ჩადებული ხმები. მე ასე ვხედავ.

ჩემი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ რიგებშიც აქტუალურია რიგგარეშე არჩევნების იდეა. როგორც ჩანს, ლიდერების ნაწილი თვლის, რომ ამ ტალღაზე უფრო მეტი შანსია გაიმარჯვონ და ძალაუფლება 2024 წლამდე კი არა, უფრო მეტი ვადით გაიხანგრძლივონ.

თუკი ასეთ არჩევნებს ჩაგვიტარებენ, როგორც ახლა იყო, მაშინ რა გვრჩება ნახევარ საქართველოს? ვფიქრობ, რომ ამ პროცესმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ტალღა საქართველოში, რასაც ვერ გაუძლებს ივანიშვილიზმი, ეს ყველაზე არასასურველი სცენარია. მირჩევნია, არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება.

თუმცა, როდესაც არჩევანის უფლებას ართმევ ადამიანებს, რაღაც დროის შემდეგ რევოლუციური სცენარი მაინც დგება დღის წესრიგში, გინდა ეს თუ არა. მე ეს ყველაზე ნაკლებად მინდა ჩემი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ სცენარს ვეღარ გამორიცხავ.

ჩვენ ივანიშვილიზმს და მის დაჯგუფებას არ უნდა დავუპირისპიროთ შიშველი ემოციები. გვმართებს, რომ აქტიური ძალისხმევით,  კეთილგონივრული ნაბიჯებით და დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით, ასევე ელექტორატის იმ ნაწილთან, რომელიც ნეიტრალურ პოზიციაშია, აქტიური მუშაობით, გავზარდოთ მხარდამჭერების რაოდენობა.

ნუ გვექნება ილუზია, რომ ჩვენს ნაცვლად ამას ვინმე სხვა გააკეთებს, ნუ გვექნება ილუზია, რომ დასავლეთიდან შეგვიცვლის ვინმე ამ ხელისუფლებას.

ბათუმში 16 წლის გოგოს ქუჩაში მანქანა დაეჯახა, იგი რეანიმაციაშია

დღეს, 31 ოქტომბერს, ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტომანქანა 16 წლის გოგოს დაეჯახა. მოზარდი ამ დროისთვის ბათუმში, იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში იმყოფება.

ჰოსპიტალში დაშავებულ მოზარდს იკვლევენ. აქ გვითხრეს, რომ დაშავებული ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია და ვერ დგინდება მისი ვინაობა. კლინიკა სამართალდამცველებთან ერთად ცდილობს ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდის იდენტიფიცირებას.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, მოზარდი ინტრაკრანიალური ტრავმით გადაიყვანეს კლინიკაში.

ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება.

 

„ზეწოლა, მოსყიდვა, დაშინება“ – რას წერენ ბათუმში კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმებში

ქალაქის მერის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის 105 საარჩევნო უბანზე შედგენილ შემაჯამებელ ოქმებში განსხვავებული აზრი 24 ოქმშია დაფიქსირებული. განსხვავებული აზრის ავტორები ძირითადად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან კომისიაში.

ოქმებში ყველა ჩანაწერის შინაარსი ერთია – განსხვავებული აზრის მქონე კომისიის წევრები არ ცნობენ არჩევნების იმ შედეგებს, რაც საბოლოოდ დაფიქსირდა ოქმში და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ.

მაგალითად:

  • „არასამართლიანი წინასაარჩევნო გარემო“;
  • „ენმ-ს ხმები ბათილდებოდა სისტემატურად და მიკერძოებულად“;
  • „მოსყიდვა არჩევნების დღეს და ამომრჩევლის ნების მანიპულაცია“;
  • „პროცედურული დარღვევები“;
  • „უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიმჩნეოდა საეჭვო პირები“;
  • „ზეწოლა დამკვირვებლებზე“;
  • „მოსყიდვის, დაშინების და ზეწოლის პირობებში შეუძლებელია ოქმის მონაცემები ასახავდეს ამომრჩევლის ნებას“;
  • „ვინაიდან ქართული ოცნების კოორდინატორები და აქტივისტები ზეწოლას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, არ ვეთანხმები შემაჯამებელ ოქმს“ და სხვა.
ბათუმის N13 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმიდან
ბათუმის N49 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმიდან

ზოგიერთ შემაჯამებელ ოქმში კი კომისიის წევრი წერს, რომ არ ეთანხმება შედეგებს, თუმცა, არც მიზეზს ასახელებს:

ბათუმის N33 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმიდან

N16 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი მარიამ გათენაძე შემაჯამებელი ოქმის განსხვავებული აზრისთვის განკუთვნილ გრაფაში წერს, რომ „ხმების გადათვლისას აღმოჩნდა 1 ცარიელი კონვერტი და 1 ზედმეტი ბიულეტენი, რაც იწვევს საფუძვლიან ეჭვს, რომ უბანზე დატრიალდა კარუსელი“.  ამიტომ, ის თვლის, რომ ამ უბანზე შედეგები ბათილად უნდა გამოცხადდეს.

ბათუმის N16 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმიდან

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა ბათუმის 105-ივე უბნის შემაჯამებელი ოქმი, რაც ცესკოს ოფიციალურ გვერდზეა ატვირთული.

N16 საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, უბანზე ხმა მისცა 890-მა ამომრჩეველმა. აქედან გიორგი კირთაძემ – 409, ხოლო არჩილ ჩიქოვანმა 456 ხმა მიიღო, გაბათილდა 26 ბიულეტენი. შესაბამისად ბიულეტენების რაოდენობა ჯამში არის 891, ანუ, ამ უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე [890] ერთით მეტი.

რამდენიმე უბანზე ხმის დათვლის შემდეგ ბიულეტენების რაოდენობა უბანზე მისული ამომრჩევლების რაოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა.

ჩვენს მიერ ოქმების გადამოწმებით, მაგალითად, 4-4 ბიულეტენით ნაკლები აღმოჩნდა 39-ე და 99-ე უბნებზე, 2 ბიულეტენი დააკლდათ 88-ე უბანზე, ხოლო თითო ბიულეტენით ნაკლები აღმოჩნდა მე-4, 31, 36, 47, 48 და 69-ე უბნებზე.

მიუხედავად იმისა, რომ 30 ოქტომბრის არჩევნებზე ახალი დიზაინის ხმის მიცემის კაბინები იყო განთავსებული, 54-ე უბნის კომისიის წევრი, ირინე კოტრიკაძე, შემაჯამებელ ოქმში მიუთითებს, რომ „იღებდნენ სურათებს ხელმოწერილ ბიულეტენებზე, რაც იწვევს ეჭვს, რომ ხდებოდა ზეწოლა ამომრჩევლებზე“:

ბათუმის N54 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმიდან

საქართველოში ხმის მიცემა ფარულია და შესაბამისი კანონით კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ბათუმის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 38 236 ხმა [51.018%] მიიღო, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი კირთაძემ 1 526 ხმით ნაკლები, ანუ 36 710 [48.982%] ხმა მიიღო.

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საარჩევნო უბნებზე 2071 ბიულეტენი იქნა ბათილად ცნობილი, დაწერილია 21 საჩივარი.

ბათუმში 2071 ბიულეტენია ბათილად ცნობილი – ოპოზიცია საჩივარს ამზადებს

ბათუმში ოპოზიცია აცხადებს, რომ საჩივარს ამზადებენ ბათუმში არჩევნების მეორე ტურის შედეგებთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ბათუმელებს“ მირდატ ქამადაძემ უთხრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრმა, თუმცა ის ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რას შეეხება საჩივარი.

ოპოზიცია აცხადებს, რომ „ოცნების“ დავალებით, საარჩევნო უბნებზე ბათილად მიიჩნიეს ის ბიულეტენები, სადაც ამომრჩევლის ნება მკაფიოდ იყო გამოხატული გიორგი კირთაძის სასარგებლოდ.

ბათუმის #79 საარჩევნო ოლქის მონაცემებით, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე ბათუმის საარჩევნო უბნებზე 2071 ბიულეტენი იქნა ბათილად ცნობილი, დაწერილია 21 საჩივარი.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ოცნების“ კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1526 ხმის სხვაობით მოუგო არჩევნები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის კანდიდატს, გიორგი კირთაძეს.

„თეთრზე შავიაო, გვიმტკიცებენ, ისეთი ბიულეტენები ჩათვალეს ბათილად და ისეთი ბიულეტენები ჩაუთვალეს ოცნებას. ორმაგი სტანდარტი გვაქვს სახეზე. 8 საათზე უბნები რომ იკეტება არჩევნების დღეს და რა პროცედურითაც მიმდინარეობს უბნების დათვლა, ასე უნდა მოხდეს მთლიანად ბათუმის გადათვლა. თუ ამას მივაღწევთ, ამ შემთხვევაში დარწმუნებული ვართ, შედეგი შეიცვლება.

ვამზადებთ საჩივარს და დეტალები მალე გახდება ცნობილი“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მისივე თქმით, 30 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურზე იყო შემთხვევები, როცა დათვლისას სხვა უბნის ბიულეტენი ამოვიდა საარჩევნო უბანზე, რაც, მისი თქმით, კარუსელზე მიუთითებს. მირდატ ქამადაძე ამბობს, რომ ასეთი შემთხვევა იყო ბათუმის #86 საარჩევნო უბანზე, სადაც #37 საარჩევნო უბნის ბიულეტენი ამოვიდა დათვლისას.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს, 31 ოქტომბერს, თბილისში აქცია დააანონსა. „ბრძოლა გუშინ არათუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო“ – აცხადებს ნიკა მელია.

____________

ფოტოზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ბათუმში, საარჩევნო უბანი

ამავე თემაზე: 

„II ტური არის გაშვებული შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – ISFED

 

 

ცოტა რამ უნიკალურ ტორფნარზე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ კოლხეთის დაბლობშია

ჭაობის წარმოთქმისას რა გახსენდებათ? ალბათ წყლის გუბე და უსიამოვნო სუნი. თუმცა უცნაური, სასიამოვნოდ დაჭაობებული ადგილებიც არსებობს – ჭაობი, სადაც მცენარეები არ იხრწნებიან და პირიქით: შიგ მუდამ ცოცხალი, სწრაფად მზარდი თეთრი ხავსი, სფაგნუმი ხარობს.

თეთრი ხავსის სფაგნუმი

ამ ხავსს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყლის შეწოვა შეუძლია. თეთრი ხავსი უზარმაზარ ტორფნარს ფარავს ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე. ტბა თეთრი, წელიწადის სხვადასხვა დროს კი მომწვანო, მოწითალო, მოყვითალო ხავსითაა დაფარული, ამ „საბანზე“ ჩვეულებრივად დააბიჯებთ, როგორც გაუკვალავ თოვლში. მსოფლიოში ასეთი ადგილი არსადაა. თეთრი ხავსით დაფარულ მსგავს ტორფნარს დედამიწის სხვა წერტილში ვერსად ნახავთ. ქობულეთის სფაგნუმიანი ტორფნარი სწორედ ამ ნიშნით შეიყვანა იუნესკომ მსოფლიოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში.

თეთრი ხავსის ამონაყარი
სფაგნუმიანი ტორფნარი ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

კოლხეთის დაბლობის ამ ადგილებს რამსარის კონვენციაც იცავს, როგორც საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიან წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგის ტერიტორიას. ტორფნარში ჩრდილოეთის ისლი და წყლის სამყურა ხარობს. ეს სახეობები გამყინვარებისდროინდელია, რელიქტები, რომლებიც გამყინვარებას სასწაულებრივად გადაურჩნენ. ისინი დიდი და მცირე კავკასიონის რეფუგიუმმა ანუ კოლხეთის თავშესაფარმა შეიფარა.

კოლხური დუმფარა

ტორფნარიც გამყინვარებისდროინდელი რელიქტია. გაზაფხულზე თეთრ-ვარდისფრად მოყვავილე კოლხური დუმფარა, კოლხური მუხა და ტორფნარის ოქროწკეპლაც გამყინვარებას გადაურჩნენ. ეს ენდემური სახეობებია. თუ გაგიმართლათ, დაცულ ტერიტორიაზე შეიძლება ძელქორმაც გადაგიფრინოთ. ეს ფრინველი დაცული ტერიტორიების სიმბოლოა და აქვე ბუდობს. ჭარბტენიან არხებში შეიძლება ალკუნსაც მოჰკრათ თვალი.

ალკუნი

ზამთრობით, გადაფრენის პერიოდში, აქ ბექობის არწივები, გედები, ვარხვები და რუხი ყანჩებიც ჩნდებიან. ტორფნარში ისვენებენ.

ტორფნარის ოქროწკეპლა
დროზენა

დაცულ ტერიტორიაზე 220 სახეობის ფრინველია აღწერილი. რა უნიკალურმა ბუნებრივმა გარემომ შეუწყო ხელი მსოფლიოში ერთადერთი თეთრი ხავსის, სფაგნუმის წარმოქმნას კოლხეთის დაბლობზე, რა მნიშვნელობა აქვს ამას მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობისთვის და როგორ შევიდა იუნესკოს სიაში ტორფნარი – ამ და სხვა თემებზე ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე გვესაუბრა.

ხავსიანი ტორფნარი
  • კოლხეთის კლიმატმა რა ჰქმნა?

კოლხეთის კლიმატმა ხელი შეუწყო კოლხეთის დაბლობზე განსაკუთრებული, მსოფლიოს უნიკალური ჰიდროლოგიური რეჟიმის მქონე სფაგნუმიანი ტორფნარების ჩამოყალიბებას. ტორფნარი მხოლოდ ატმოსფერული ნალექით, წვიმის წყლით, ცვრითა და ნამით საზრდოობს, არ აქვს კავშირი გრუნტის წყალთან. კავკასიონი მაღლდებოდა, ზღვა მიდიოდა და მოდიოდა, რყევებმა წარმოქმნა დიუნა ტერასები, რამაც ირგვლივ ჭარბტენიანი გარემო შექმნა და ასე ჩამოყალიბდა სფაგნუმიანი ტორფნარები. მანამდე, 20 მილიონი წლის წინ, აქ ტყე იყო.

  • უნიკალური თეთრი ხავსი

ჩვენი ტორფნარები მსოფლიოში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპით ხასიათდებიან. 32 სმ-ით იზრდებიან წელიწადში, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია და ნიშნავს, რომ ყოველდღიური ზრდა ახასიათებთ.

ქობულეთის ტორფნარის აღმოჩენამდე ცნობილი იყო, რომ ყველაზე სწრაფად ზრდადი სფაგნუმიანი ტორფნარი არგენტინაში, ცეცხლოვან მიწაზე იზრდებოდა – 17, 18 სმ წელიწადში. თეთრი ხავსის ტორფნარი წყლით არასდროს იფარება. ეს ცოცხალი ეკოსისტემაა. დღეისათვის მსოფლიოში თეთრი ხავსის ორი ტორფნარია, ორივე კოლხეთის დაბლობში: ისპანსა და ირნათში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კოლხეთი მსოფლიო უნიკალური ტორფნარების ადგილის დედაა. მსოფლიოში ასეთი ტორფნარი არსადაა.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონვენციებით კოლხეთის ტორფნარების დაცვა

ეს ტერიტორია გადამფრენი ფრინველებისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ ისვენებენ, ძალებს აღიდგენენ და თბილი ქვეყნებისკენ აგრძელებენ გზას, სხვაგვარად დანიშნულების ადგილამდე შეუსვენებლად ფრენას ისინი ვერ შეძლებდნენ. ტორფნარს ეკოსისტემური სერვისის ფუნქცია აქვს: ფრინველებისთვის წყლით და საკვებით მომმარაგებელი საშუალებაა, უნიკალური ჰაბიტატით.

ტორფნარებს ლოკალურ და გლობალურ დონეზე კლიმატის რეგულირების უნარიც აქვთ. ხელუხლებელ ტორფნარში მეთანის, სითბური გაზების აკუმულაცია ხდება. ტორფნარებში ნახშირბადის ულევი მარაგიცაა. ტორფნარის რღვევისას მეთანი განიბნევა და გამოიყოფა აზოტის ჟანგი, ნახშირორჟანგი, სითბური გაზები, რაც ძალიან მავნებელია. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია ტორფნარების რღვევის თავიდან აცილება. ასე შეუძლია ტორფნარს კლიმატზე ზემოქმედება.

ქობულეთის დაცული ტერიტორია

როგორც უკვე ვახსენეთ, პატარა ხავსს, სფაგნუმს, აქვს უნარი შეიწოვოს საკუთარ წონაზე ოცდაათჯერ მეტი წყალი. წვიმისას, მაგალითად, 320 ჰექტარზე გადაჭიმული ისპანი 2-ის ხავსიანი ტორფნარის გუმბათი, წყლით როცა იჟღინთება, 27 სანტიმეტრით მაღლდება.

  • როგორ მიიღო კოლხეთის ტორფნარებმა მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი

ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მეცნიერმა იზოლდა მაჭუტაძემ სტატია მოამზადა ქობულეთის ტორფნარებზე, სადაც წარმოდგენილი იყო კლიმატური დიაგრამაც. სტატია წაიკითხეს დიდ სამეცნიერო კონფერენციაზე უცხოეთში, რომელზეც ტორფნარების დიდი სპეციალისტი, მეცნიერი ჰანს იუსტენიც ესწრებოდა. იუსტენი და მისი თანამოაზრეები დიდხანს ვარაუდობდნენ, რომ სადღაც, მსოფლიოში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტორფნარი, როგორის წარმოქმნასაც ზუსტად ისეთი კლიმატური პირობები სჭირდებოდა, როგორიც იზოლდა მაჭუტაძეს ჰქონდა ნაჩვენები სტატიაში.

როგორც სტატიის ავტორი გვიხსნის, კლიმატური დიაგრამა აჩვენებდა, რომ ტორფნარების ადგილზე უხვი ნალექი წლის განმავლობაში თანაბრად ნაწილდებოდა: „მეცნიერები ამ დიაგრამით დაინტერესების შემდეგ რეალურადაც ჩამოვიდნენ საქართველოში, ჩაატარეს კვლევები, რამაც აჩვენა, რომ სწორედ ეს იყო იმ ტიპის ტორფნარი, რასაც მეცნიერები მთელ დედამიწაზე ეძებდნენ.

შემდეგ იყო ტორფნარების შემსწავლელი საერთაშორისო ჯგუფის კონფერენცია 2000 წელს, სადაც საჯაროდ განვაცხადეთ ამ უნიკალური აღმოჩენის შესახებ. შემდეგაც ჩამოდიოდნენ მეცნიერები 2007-2009 წლებში მთელი მსოფლიოდან და ყველამ ნახა, რასთანაც გვქონდა საქმე. კოლხეთის ტორფნარებს განსაკუთრებული ადგილი ერგო“, – ამბობს იზოლდა მაჭუტაძე.

ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე

2010 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა დიდი მონოგრაფია ევროპის ტორფნარების შესახებ, სადაც მნიშვნელოვანი თავი ეძღვნება კოლხეთის უნიკალურ ტორფნარებს. იწერება უამრავი საბაკალავრო, სადოქტორო თემა ამ ადგილების შესახებ. კვლევები ახლაც მიმდინარეობს. როგორც იზოლდა მაჭუტაძე აღნიშნავს, კოლხეთის ტორფნარები სამეცნიერო კვლევების უშრეტ წყაროს წარმოადგენს.

სამომავლოდ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე ტორფნარში სპეციალური ბილიკების მოწყობა იგეგმება, რითაც დამთვალიერებელს მიეცემა შესაძლებლობა, უნიკალური ჰაბიტატების განადგურების გარეშე გაიაროს ნაკრძალში და თეთრი ხავსის ველები ნახოს.

უნდა ვთქვათ, რომ კოლხეთის ტორფნარის ხავსი სრულად მაისიდან თეთრდება, მთელი ზაფხულის განმავლობაში: როცა ნალექი ნაკლებია და გამომშრალი ღრუბელივითაა. წვიმიან შემოდგომასა და ზამთარში კი მომწვანო, მოვარდისფროდ იფერება – ამ დროს ხავსის ბოჭკოები სრულადაა გაჟღენთილი წყლით.

სამომავლოდ იგეგმება ასევე ტორფნარის ირგვლივ დეგრადირებული ნაწილის აღდგენა, სადაც ადრე ტორფის მოპოვება წარმოებდა. აქ ჰაბიტატები უნდა აღდგეს და დაუბრუნდეს ბუნებრივ გარემოს, რასაც მხარს უჭერს რამსარის კონვენცია, აგროკულტურისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაცია (FAO) და კლიმატის ცვლილების ჩარჩოკონვენცია.

ტურისტები ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე
  • როგორ წავიდეთ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე

სანამ გადაწყვეტთ ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე წასვლას სფაგნუმით დაფარული უნიკალური ტორფნარის სანახავად, სასურველია დაუკავშირდეთ ქობულეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს, საიდანაც გიდს გაგაყოლებენ. აქვეა ასევე შესაძლებელი ხის თხილამურების დაქირავება. ხის სპეციალური თხილამურები დაჭაობებულ ადგილებსა და ტორფნარში გადაადგილებას გაგიადვილებთ.

დაცულ ტერიტორიაზე სპეციალური კოშკურაცაა, საიდანაც მთელი ტორფნარი ჩანს ხელისგულივით. ფრინველების გადაფრანის პერიოდში აქედან შეიძლება გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვება. შემოდგომაზე თუ ეწვევით ნაკრძალს ტორფნარის უნიკალური ხავსი მომწვანო-ვარდისფერი დაგხვდებათ, თეთრი ხავსის ნახვა კი ზაფხულშია შესაძლებელი – როცა ნალექები ნაკლებია და სფაგნუმიც გამომშრალია.

გაზაფხულზე ენდემური სახეობის კოლხური დუმფარას ყვავილობას ნახავთ.

სულ მალე აქ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი კოტეჯები, ავტოპარკინგი და ვიზიტორთა ცენტრი, აქვე იქნება შემეცნებითი სივრცეც, სადაც ისპანის ბიომრავალფეროვნება იქნება წარმოდგენილი – ვიზიტორები სფაგნუმზე ხელით შეხებასაც შეძლებენ.

„II ტური არის გაშვებული შესაძლებლობა დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – ISFED

„არჩევნების დღეს გამოვლენილი პირთა საეჭვო შეკრებების, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის, მობილიზებისა და აღრიცხვის ფაქტები ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, რასაც ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა“ – აცხადებს ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ – ISFED, რომლის 1457 წარმომადგენელი აკვირდებოდა 30 ოქტომბერს გამართულ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.

არჩევნების დღის შემაჯამებელი პრესრელიზი ორგანიზაციამ დღეს, 31 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„სამართლიანი არჩევნები მიიჩნევს, რომ არჩევნების მეორე ტური არის გაშვებული შესაძლებლობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე“ – აცხადებს ორგანიზაცია შემაჯამებელ შეფასებაში. 

„კენჭისყრის პროცესის დროს განსაკუთრებით საგულისხმო იყო მარკირების მქონე პირთა მიერ ხმის მიცემის, კენჭისყრაში განმეორებით მონაწილეობისა და მარკირების შემოწმების/გაკეთების პროცედურების დარღვევების ფაქტები.

ასევე, დაფიქსირდა ამომრჩეველთა სიებთან და გადასატან საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული არაერთი დარღვევა. სამწუხაროდ, დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისა და ჟურნალისტების მიმართ შეურაცხყოფისა და მათზე ზეწოლის შემთხვევებს.

რაც შეეხება ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესს, ორგანიზაციას ამ მხრივ მნიშვნელოვანი ხარვეზები არ გამოუვლენია. თუმცა, დაფიქსირდა ბიულეტენების  არასწორად ან/და სავარაუდოდ მიზანმიმართულად გაბათილების შემთხვევები.

არჩევნების დღეს გამოვლენილი ტენდენციების ერთობლიობამ დააზიანა საარჩევნო პროცესების მიმართ ნდობა“ – ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში „სამართლიანმა არჩევნებმა“ 161 საჩივარი დაწერა და 22 შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში.

_______________

ფოტოზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ბათუმში, საარჩევნო უბანი

კოვიდით გარდაიცვალა 42 პაციენტი, დადასტურდა 3382 ახალი შემთხვევა | 31 ოქტომბერი

31 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 3 382 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 36 193 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 382 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 287 შემთხვევა, აჭარაში – 141, იმერეთში – 664, ქვემო ქართლში -292, შიდა ქართლში – 219, გურიაში – 65, სამეგრელო – ზემო სვანეთში -197, კახეთში – 352, მცხეთა-მთიანეთში – 76, სამცხე-ჯავახეთში -69, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კოვიდით ინფიცირების 48 658 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, 6 468 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

ჩიქოვანი 51.018% – კირთაძე 48.982% | ბათუმის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდა.

ბათუმში ყველა საარჩევნო უბანია დათვლილი.

წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბათუმში ამომრჩეველთა ხმები 48.982 პროცენტი მიიღო – 36 710 ხმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 51.018 პროცენტი, 38 236 ხმა.

არჩილ ჩიქოვანმა 1526 ხმის სხვაობით მოუგო არჩევნები გიორგი კირთაძეს. 

არჩევნების პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში ორივე კანდიდატის მხარდამჭერებმა იმატა. მეორე ტურში არჩილ ჩიქოვანის მხარდამჭერების რიცხვი 7660 ამომრჩევლით გაიზარდა, გიორგი კირთაძის კი – 5267 ამომრჩევლით.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, არჩილ ჩიქოვანმა 30 776 ხმა მიიღო, გიორგი კირთაძემ კი – 31 443 ხმა.

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში ხმა მისცა 76 944 -მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52 პროცენტმა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში სულ 147 964 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

Exit mobile version