ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი გახდა | წინასწარი მონაცემები

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, არჩილ ჩიქოვანი ბათუმის მერი გახდა.

ცესკოს მონაცემებით, ხმები დათვლილია ბათუმის 105-ვე საარჩევნო უბანზე.

წინასწარი მონაცემების თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ბათუმში ამომრჩეველთა ხმები 48.982 პროცენტი მიიღო – 36 710 ხმა, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი – 51.018 პროცენტი, 38 236 ხმა.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, არჩილ ჩიქოვანმა 30 776 ხმა მიიღო, გიორგი კირთაძემ კი – 31 443 ხმა.

ბათუმში ხმა მისცა 76 944 -მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 52 პროცენტმა.

30 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა და მედიას აცნობა, რომ ამ არჩევნების შედეგების შეგუებას ისინი არ აპირებენ.

ამავე თემაზე: 

„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში

„ჩვენ სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული“ – რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ აჭარაში არჩევნების მეორე ტურში „ოცნების“ გამარჯვება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ მათ „ოპოზიციის სიძულვილის ენას“ სიყვარული დაუპირისპირეს. ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„პირველი ტურის წინ ჩვენი საარჩევნო კამპანიის ძირითადი შინაარსი იყო ორიენტირებული მაქსიმალურად საქმეზე, კონკრეტულ პროგრამებზე და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ საზოგადოებისთვის არ შეგვეხსენებინა ის ოპონენტი, რომელსაც თავისი მმართველობის დროს არაერთი დანაშაული და ცოდვა აქვს ხალხის წინაშე ჩადენილი.

თუმცა ოპონენტების მხრიდან ეს მიზანმიმართული დისკრედიტაცია ჩვენი კანდიდატების, გაუგონარი ჭორაობის მოგონება, აისახა საზოგადოების განწყობებზე და ჩვენ დაგვჭირდა მეორე ტური ბათუმსა და ხელვაჩაურში.

შემდეგ უკვე მაქსიმალური მობილიზაციით, მათ შორის იმით, რომ  ჩვენ ჩვენი ოპონენტების და პირველ რიგში ნაცნოძრაობა მაქვს მხედველობაში, სიძულვილის ენას დავუპირისპირეთ სიყვარული, დავუპირისპირეთ ლანძღვას პატივისცემა. ამ ყველაფერმა ჩვენს ამომრჩეველზე, მათ შორის რიგით ბათუმელებზე, გადაწყვეტილების მიღების დროს იქონია არსებითი და პრინციპული მნიშვნელობა“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამავე თემაზე: 

რას ამბობენ „ოცნება“ და კირთაძე სიძულვილის შემცველ ახალ პლაკატებზე – „გამყიდველია“

 

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე გახდა | წინასწარი

ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, ხელვაჩაურის მერი არჩევნების მეორე ტურის შედეგად ზაზა დიასამიძე გახდა, „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ ამომრჩეველთა ხმების 55.007 პროცენტი მიიღო – 13 382 ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ კი 44.993 პროცენტი – 10 946 ხმა.

ამ დროისთვის ხელვაჩაურში 47 უბნიდან  უბნიდან ყველა დათვლილია.

არჩევნების პირველ ტურში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართა, ზაზა დიასამიძემ 10 967 ხმა მიიღო, მიშა ბოლქვაძემ კი – 9 942 ხმა.

ცესკოს მონაცემებით, ხელვაჩაურში ხმა მისცა 24 768-მა მოქალაქემ – რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 55.75 პროცენტმა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელვაჩაურში სულ 44 423 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

ამავე თემაზე: 

„ხელვაჩაურში მცირე პრობლემებია დარჩენილი“ – „ოცნების“ მერობის კანდიდატი 

„ეს არ არის არჩევნები, ამას არ შევეგუებით“ – გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში

„ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ბრიფინგი გამართა და მედიას აცნობა, რომ ამ არჩევნების შედეგების შეგუებას ისინი არ აპირებენ.

ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის პოზიცია ბათუმის მერობის კანდიდატმა, გიორგი კირთაძემ გააცნო მედიას.

გიორგი კირთაძემ პოლიტიკურ განცხადებასთან ერთად დღეს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ დარღვევებზეც ისაუბრა:

„რა მივიღეთ კენჭისყრის დღეს: დაპირისპირება პრაქტიკულად ყველა საარჩევნო უბანზე, ეგრეთ წოდებული ძველი ბიჭების მობილიზება უბნებზე, რომლებსაც ყველაფერთან ერთად ბეიჯებიც ჩამოკიდეს. ფიზიკური დაპირისპირება, მათ შორის ქალებთან, ჟურნალისტებთან, ჩვენი საუბნო კომისიის წევრთან…

როგორც კი საარჩევნო უბნები დაიხურა, „ქართული ოცნება“ უფრო მასშტაბურ გაყალბებაზე გადავიდა. მე მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ბიულეტენი, რომელიც ბათილია. გადახაზულია ჩემი კონკურენტი, შემოხაზულია გიორგი კირთაძე და ის ჩაითვალა ბათილად. ასეთი უამრავი ბიულეტენი გააბათილა „ქართულმა ოცნებამ“.

აღმოჩნდა, რომ 37-ე საარჩევნო უბანზე, საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმზე ზემოდან დევს 83-ე საუბნო კომისიის ბიულეტენი. ამას დააკვირდა ჩვენი წარმომადგენელი და აღმოაჩინა. ამ ფორმით „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ამომრჩეველს წაართვა არჩევანის უფლება.

ეს ნამდვილად არ იყო არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას და ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას ყველა კონსტიტუციური მეთოდით“.

___

ენმ-ს განცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, ბრიფინგი გამართეს „ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისშიც, სადაც თქვეს, რომ მათ ხელთ არსებული ოქმების თანახმად, არჩევნებს ბათუმში იგებს მათი პარტიის წარმომადგენელი, არჩილ ჩიქოვანი.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილმა ასევე მიმართა ოპონენტებს და თქვა, რომ „მათ აუცილებლად მოუწევთ ამ შედეგების აღიარება“.

ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის [01:30 სთ] ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან 57 უბნის მონაცემებია ატვირთული. ამ მოცემულობით ხმები ასე ნაწილდება: არჩილ ჩიქოვანი – 50.827%, გიორგი კირთაძე – 49.173%.

ხელვაჩაურის მაჟორიტარული ოლქები „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხელვაჩაურის ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.

ორივე ოლქში ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, ორივე ოლქი „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს.

ხელვაჩაურის №5 საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა, ელიზბარ ზოიძემ ამომრჩევლის ხმათა 51.995 პროცენტი მიიღო, 1488 ხმა, მისმა კონკურენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა მამუკა ჯევაიშმა კი ამომრჩევლის ხმათა 48.045 პროცენტი – 1376 ხმა.

ხელვაჩაურის №6 საარჩევნო ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა შოთა ფუტკარაძემ ამომრჩეველთა ხმების 51.349 პროცენტი მიიღო – 1732 ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით დუმბაძემ კი ამომრჩეველთა ხმების 48.651 პროცენტი – 1641 ხმა.

ხელვაჩაურში არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა 58.31 პროცენტმა მისცა ხმა.

 

„ოცნების“ კანდიდატმა 19 ხმით მოუგო ოპოზიციის კანდიდატს ქედის მაჟორიტარულ ოლქში | წინასწარი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ქედაში ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ოთარ ხარაძემ 19 ხმით მოიგო არჩევნები. მისი კონკურენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ევგენი ცინცაძე იყო.

„ოცნების“ კანდიდატმა ოთარ ხარაძემ 619 ხმა მიიღო – ამომრჩეველთა ხმების 5-.779 პროცენტი, ხოლო ენმ-ის კანდიდატმა, ევგენი ცინცაძემ 600 ხმა – ამომრჩეველთა ხმების 49.221 პროცენტი.

ქედაში არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცა ამომრჩეველთა 64.98 პროცენტმა.

ხულოს მაჟორიტარული ოლქები გახარიას და „ოცნების“ კანდიდატებმა მოიგეს | წინასწარი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ხულოში ორ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა.

აქ ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია – საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხულოს №1მაჟორიტარული ოლქი „გახარია – საქართველოსთვის“ კანდიდატმა, ირაკლი ბოლქვაძემ მოიგო. მან ამომრჩეველთა ხმების 57.576 პროცენტი მიიღო, 342 ამომრჩევლის ხმა, მისმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ კი ამომრჩეველთა ხმების 42.424 პროცენტი მიიღო, 242 ხმა.

ხულოს №2 მაჟორიტარული ოლქი კი, წინასწარი მონაცემებით, მოიგო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ნადიმ დეკანაძემ. მან ამომრჩეველთა ხმების 53.504 პროცენტი მიიღო – 1191 ხმა. მისმა კონკურენტმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თენგიზ შანთაძემ კი ხმების 46,.496 პროცენტი მიიღო – 1035 ხმა.

არჩევნების მეორე ტურზე ხულოში ამომრჩეველთა 52.44 პროცენტი მივიდა.

„ოცნება“ ბათუმში: 80 უბნის მონაცემებით მერის არჩევნებს არჩილ ჩიქოვანი იგებს

„ქართული ოცნების“ ბათუმის ოფისში პარტიამ ბრიფინგი გამართა და მედიას აცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ოქმების თანახმად, არჩევნებს ბათუმში მათი პარტიის წარმომადგენელი, არჩილ ჩიქოვანი იგებს.

„ქალაქ ბათუმში დაახლოებით 80 უბანი გვაქვს დათვლილი 103 უბნიდან და ჩვენი კანდიდატი პრაქტიკულად ლიდერობს. პრაქტიკულად არჩევნები ბათუმში გვაქვს მოგებული. დარჩა რამდენიმე უბანი დასათვლელი. დაახლოებით 2 000 ხმით ვართ წინ“, – ეს ინფორმაცია მედიას ბრიფინგზე უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი ჭეიშვილმა მიაწოდა.

ირაკლი ჭეიშვილმა ასევე მიმართა ოპონენტებს და თქვა, რომ „მათ აუცილებლად მოუწევთ ამ შედეგების აღიარება“.

ცესკოს ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ამ დროისთვის [00:30 სთ] ბათუმში 105 საარჩევნო უბნიდან 30 უბნის მონაცემებია ატვირთული. ამ მოცემულობით ხმები ასე ნაწილდება: არჩილ ჩიქოვანი – 53.884%, გიორგი კირთაძე – 46.116%.

 

ბათუმში არჩევნებზე ამომრჩეველთა 52 პროცენტი მივიდა

ცესკოს მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმში ამომრჩეველთა 52 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა, 0,36 პროცენტით ნაკლებმა პირველ ტურთან შედარებით.

კერძოდ, დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 52 პროცენტმა – 76 944 ამომრჩეველმა, ხოლო 2 ოქტომბერს, პირველ ტურში – ამომრჩეველთა 52.36 პროცენტმა – 77 494 ამომრჩეველმა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმში სულ 147 964 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, გახსნილი იყო 105 საარჩევნო უბანი.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მონაცემებს, ცესკოს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 49.09 პროცენტმა.

პოლიციამ ბათუმში 79-ე ოლქთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტა

პოლიციამ ბათუმში 79-ე საარჩევნო ოლქთან მისასვლელი ქუჩები გადაკეტა. ამ დროისთვის პოლიციას გადაკეტილი აქვს დემეტრე თავდადებულისა და მემედ აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინი და ასევე დემეტრე თავდადებულისა და გორგილაძის ქუჩების გადაკვეთა.

დღეს, 30 ოქტომბერს, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება 20 ოლქში – ბათუმი ირჩევს ქალაქის მერს.

მერობისთვის იბრძვის ორი კანდიდატი – არჩილ ჩიქოვანი [ქართული ოცნება] და გიორგი კირთაძე [ნაციონალური მოძრაობა].

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა 45 წუთის წინ შეწყდა.

„გამჭვირვალობამ“ არჩევნების II ტურზე 15 საჩივარი დაწერა

ავტორი: ევა ართმელაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე 15 საჩივარი დაწერა. 

არჩევნების დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე ორგანიზაციამ ბრიფინგი გამართა და აღმოჩენილ დარღვევებზე ისაუბრა. „გამჭვირვალობამ“ დღის განმავლობაში 100 წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. 

ორგანიზაციის განცხადებით, იყო ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბნებს გარეთ, ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და ფიზიკური ანგარიშსწორება, დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა, საარჩევნო უბანზე მოსული ამომრჩევლის აღნუსხვა, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსის დარღვევა, საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მარკირების გარეშე შეშვების ფაქტები, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლების ჩადენილი დარღვევები, ერთი და იმავე პირის მიერ კენჭისყრაში მრავალჯერადი მონაწილეობა და ა.შ.

 

ბათუმში 1 პირი დააკავეს – ფიზიკური დაპირისპირება საარჩევნო უბანზე

ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველსა და კომისიის წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება იყო. ერთ-ერთი დამკვირვებლის განცხადებით, უბანზე შევიდა ამომრჩეველი, რომელმაც ხმის მიცემის შემდეგ გინება დაუწყო უბანზე მყოფ პირებს.

„უბანზე შემოვიდა საკმაოდ აგრესიული ამომრჩეველი, ყველას შეურაცხყოფას აყენებდა, ვინც „ოცნებას“ არ აძლევდა ხმას. მივმართე თავმჯდომარეს, რომ აღმოეფხვრა ეს ინციდენტი, ამის შემდეგ მან მომაყენა შეურაცხყოფა, შემეხო ფიზიკურადაც. აგინებდა ყველას, ვინც არ იყო „ოცნების“ ამომრჩეველი“ – ამბობს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ხოროიშვილი.

კიდევ ერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ  კაცი ფიზიკურად დაუპირისპირდა უბანზე მყოფ პირებს.

აღნიშნული პირი პოლიციამ გადაიყვანა. „ბათუმელების“ კითხვაზე თუ რა მუხლით გადაჰყავდათ პირი, პოლიციამ არ გვიპასუხა.

„რა მუხლით დამაკავეს და სიმართლის მუხლით, ქართულ ოცნებას გაუმარჯოს“ – იძახდა დაკავებული კაცი.

ამ დროისთვის დაკავებულის ვინაობა არ არის ცნობილი.

49-ე უბნის დამკვირვებელი ირმა ხოროიშვილი ამბობს, რომ აგრესიულმა ამომრჩეველმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ხდებოდა ამომრჩევლის ნების კონტროლი – ენმ-ის ბრიფინგი ბათუმში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე ერთი საათით ადრე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბათუმის ოფისში ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ამ არჩევნებზე დარღვევების მთავარი ხაზი იყო ამომრჩევლის ნების კონტროლი.

„ძირითადი ხაზი დარღვევებისა გახლდათ ამომრჩევლის ნების კონტროლი, ეს ხდებოდა მოსყიდვით, ზეწოლით თუ შანტაჟით, მათ შორის ე.წ. ბეიჯიანი ძველი ბიჭებით.

ასევე, ზეწოლას განიცდიდნენ საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანები, მათ დავალება ჰქონდათ ხელმძღვანელობისგან, საარჩევნო უბანზე შემოხაზული ბიულეტენისთვის გადაეღოს ფოტოსურათი და გაეგზავნათ „ქართული ოცნების“ შტაბში.

ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ეს შეასრულა, ოღონდ ამის შემდეგ  ხაზავდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატის და ხდებოდა მათთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვა. ეს მტკიცებულებები ჩვენ გვაქვს ხელთ. ესეც მიუთითებს ამომრჩევლის ნების კონტროლზე“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ, ნაციონალური მოძრაობის წევრმა ბრიფინგზე.

მან წარმოადგინა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოს ქსეროასლი, რომელზეც შემოხაზულია ბათუმის მერობის ორივე კანდიდატი, თუმცა „ოცნების“ კანდიდატი გადახაზულია.

ფოტო: ენმ-ის ბრიფინგი

„ქართული ოცნების შტაბიდან გაიცა დავალება საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრებზე, რომ მსგავსი ბიულეტენები გამოცხადდეს ბათილად და არ ჩაეთვალოს ოპოზიციონერ კანდიდატს. სინამდვილეში ხედავთ, რომ ამ ბიულეტენებზე გამოხატულია ამომრჩევლის ნება. თუ რომელიმე კომისიის წევრი შეეცდება მსგავსი ბიულეტენების ბათილად ცნობას, არ უნდა მივცეთ ამის საშუალება“ – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, დაკავებულია 1 პირი – არჩევნები 2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ამ დროისთვის, 30 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 8 ფაქტზე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1 პირი.

„აჭარის პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე ჟურნალისტების მიერ მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გონიოში, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, ტელეკომპანიების – “მთავარისა” და “ფორმულას” ჟურნალისტებთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, აქტივისტებმა ტელეკომპანია “ფორმულას” კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები, მათ შორის გაგრძელდება ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვები“ – აცხადებს შსს.

შსს-ს ინფორმაციით:

„ქარელის N2 საარჩევნო უბანში “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ტელეკომპანია “მონიტორინგის“ ჟურნალისტს. მომხდარ ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და კენჭისყრის შენობაში ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. პოლიციის მიერ ბრალდებულის სახით დაკავებულია 1972 წელს დაბადებული გ.კ.;

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ ფოთში, N12-ე საარჩევნო უბანში, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს წაართვეს მიკროფონის ატრიბუტი, რომელიც მოგვიანებით დაუბრუნდა. ჟურნალისტის გადმოცემით, აღნიშნული დაპირისპირებისას მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს;

სენაკის რაიონულ სამმართველოში, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო მუქარის ფაქტზე. კანდიდატის განმარტებით, მას მოქალაქემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს;

ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო თბილისში, მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. გამოძიებით დგინდება, რომ სკვერში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, სავარაუდოდ, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტი. მოქალაქის განმარტებით, მას აგიტატორის კუთვნილი სიები ჩაუვარდა ხელში, რის შემდეგაც რამდენიმე ახალგაზრდამ აღნიშნულ მოქალაქეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს;

ქალაქ თბილისში, დიდ დიღომში, N40 საარჩევნო უბანში ძალადობის ფაქტის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლების შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. დამკვირვებლების გადმოცემით, საარჩევნო უბნის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი მკვიდრის კუთვნილ ავტოფარეხში მსხდომი პირების ვიდეოგადაღებას აწარმოებდნენ, რა დროსაც დაიწყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი დამკვირვებლის განმარტებით, მან დაპირისპირების დროს მიიღო დაზიანებები და დასჭირდა კლინიკაში გადაყვანა. დამკვირვებლები ამ ეტაპზე უარს აცხადებენ პოლიციაში გამოკითხვის მიზნით გამოცხადებაზე.

ძალადობის შესაძლო ფაქტებზე საზოგადოებისთვის უკვე ცნობილ სისხლის სამართლის ორ საქმეზე გრძელდება გამოძიება.

ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;

სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;<

გარდა აღნიშნულისა, პოლიციამ ზუგდიდსა და რუსთავში, ადმინისტრაციული წესით, ჯამში 6 პირი დააკავა. აღნიშნული პირები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც დაკავებული არიან ადმინისტრაციული წესით. ზუგდიდში ადმინისტრაციული საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მიმართ წინააღმდეგობა) მუხლებით მიმდინარეობს, ხოლო რუსთავში – ამავე კოდექსის 173-ე მუხლით.

ზემოაღნიშნულ ფაქტებზე სამართალდამრღვევის ჩამდენი პირები არიან როგორც მმართველი, ასევე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

ამასთანავე, საარჩევნო კანონმდებლობის, კერძოდ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 18 შემთხვევაზე. იქ, სადაც გამოიკვეთა კანონით დადგენილი დისტანციის დარღვევის პირველადი ფაქტი, შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციის მიერ მიეცათ გაფრთხილება. აღნიშნულის თაობაზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში შედგენილია შესაბამისი ოქმები“.

ბათუმში II ტურში აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე I ტურში იყო – 17 საათის მონაცემები

ცესკოს მონაცემებით, ბათუმში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, 17 საათის მონაცემებით, ხმა მისცა ამომრჩეველთა 42.2 პროცენტმა, სულ 62 379-მა ამომრჩეველმა.

ამ მონაცემების მიხედვით, მეორე ტურში ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა მცირედით, მაგრამ მაინც უფრო მაღალია. თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში, 17 საათის მონაცემებით ამომრჩეველთა 42 პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული – 62 182 ამომრჩეველს.

პირველ ტურთან შედარებით, ამომრჩეველთა აქტივობა დაბალია ხელვაჩაურში. ცესკოს 17 საათის მონაცემებით, ხელვაჩაურში ხმა მისცა ამომრჩეველთა 43.7 პროცენტმა [19 402 ამომრჩეველი], მაშინ როცა პირველ ტურში, 17 საათზე ამომრჩეველთა 46.1 [20 468 ამომრჩეველი] პროცენტს ჰქონდა ხმა მიცემული.

ქვეყნის მასშტაბით, 17 საათის მონაცემებით, საქართველოში ამომრჩეველთა 39.5 პროცენტი მივიდა არჩევნებზე.

ბათუმში საარჩევნო უბანზე ცესკოს გაყალბებული აკრედიტაციები აღმოჩნდა [ვიდეო]

„ბათუმელებმა“ ბათუმის #41-ე საარჩევნო უბანზე, ყუთში ჩაყრილი ცესკოს აკრედიტაციის სავარაუდოდ გაყალბებული მოწმობების ქსეროასლები აღმოაჩინა. ქსეროასლების მიხედვით, აკრედიტაციები გაცემულია სხვადასხვა პირზე, ზოგ შემთხვევაში ერთი და იმავე პირზე ორი სხვადასხვა მოწმობის ასლიც აღმოჩნდა.

აკრედიტაციების ქსეროასლებზე მითითებულია, რომ ეს პირები წარმოადგენენ შემდეგ ორგანიზაციებს: „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, „ALL MEDIA“, „ახალგაზრდა თაობა“, „მომავლის ნათება“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ როგორ აღმოჩნდა აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე, ყუთში, ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უთხრა, რომ „აკრედიტაციები ორ-ორად დაიბეჭდა და ეს უკვე მაკულატურაა“.

აკრედიტაციის ბარათი, რომელსაც ცესკო გასცემს ორგანიზაციის დამკვირვებელზე, გაიცემა მხოლოდ ერთ ეგზემპლარად.

„ბათუმელებმა“ გადაამოწმა ის ორგანიზაციები, რომელთა დასახელებაც იყო მითითებული საარჩევნო უბანზე აღმოჩენილ ქსეროასლებზე.

ცესკოს მონაცემებით, „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრს“ არჩევნებზე აკრედიტაცია აქვს. მეტიც, ამ ორგანიზაციამ არჩევნების მეორე ტურზე დამკვირვებლების რაოდენობა გაზარდა. თუ პირველ ტურში ამ ორგანიზაციის სახელით არჩევნებს აკვირდებოდა 483 პირი, მეორე ტურზე დამკვირვებლების რაოდენობაა – 702.

„ახალგაზრდა თაობას“ არჩევნების პირველ ტურზე 1052 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1172 დამკვირვებელი ჰყავს;

„ALL MEDIA“-ს პირველ ტურზე 668 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1353 დამკვირვებელი ჰყავს;

„მომავლის ნათებას“ არჩევნების პირველ ტურზე 1393 დამკვირვებელი ჰყავდა, მეორე ტურზე კი 1545 დამკვირვებელი ჰყავს.

მაგალითად, ALL MEDIA-სთან დაკავშირებით, 2016 წლის არჩევნების დროს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია] წერდა: „აღმოჩნდა, რომ ამ უბანზე მედია საშუალება „All media წარმომადგენლის მონაცემები (სახელი და გვარი) არ დაემთხვევა ცესკოს მიერ აღნიშნული შტრიხკოდით გაცემულ დამკვირვებლის მოწმობას. ოქმი იქნა შედგენილი მედია საშუალების წარმომადგენლის მიმართ და ამ საფუძველზე გაძევებულ იქნა უბნიდან. გამოძახებულ იქნა პატრულიც, რომელიც ჩაერთო საქმეში. დამატებით მოვიდა პოლიცია და გამოკითხეს კომისიის წევრები“.

სარჩევნო უბანზე აღმოჩენილი აკრედიტაციის ქსეროასლები ყუთში
ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები
ცესკოს აკრედიტაციის მოწმობის ქსეროასლები უბანზე

„ბათუმელების“ ინფორმაციით, სარჩევნო უბანზე აღნიშნული ფაქტის გამო საჩივარი არ დაწერილა.

41-ე საარჩევნო უბნის კომისიის მდივანი, გვანცა ქათამაძე ამბობს, რომ უბანზე რამდენიმე დამკვირვებელი იმყოფებოდა იმ სახელის და გვარის, ვისზეც არის აკრედიტაციები გაცემული.

„მაგალითად, გოჩა ტრაპაიძე და ლეილა ჯინჭარაძე იყო უბანზე დამკვირვებლად, თუმცა თინა ჯიჯავაძე არ ყოფილა. ეს ქსეროასლები ჰქონდათ მათ უბანზე. რატომ ჰქონდათ ქსეროასლები არ ვიცი“, – გვეუბნება კომისიის მდივანი.

ცესკოს სპიკერის ნათია იოსელიანის თქმით კი, „ეს საკითხი გასარკვევია“.

„ჯერ უნდა დადგინდეს, ვის ეკუთვნოდა ეს კონკრეტული აკრედიტაციის მოწმობები. შესაძლებელია, კონკრეტული ორგანიზაციის დამკვირვებლებს დარჩათ საუბნო საარჩევნო კომისიაში. მოსაკითხია ეს ამბავი. აუცილებლად გავარკვევთ. თუმცა კანონდარღვევასთან არ გვაქვს საქმე“, – ამბობს  ნათია იოსელიანი.

გონიოში ჟურნალისტს კაცი თმაში წვდა და შეაგინა

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ გონიოში მობილიზებულები იყვნენ ქუჩის ბიჭები. გავედით ჩვენ და „ფორმულა“. გადავიღეთ – ვიკითხეთ, რას აკეთებდნენ უბანთან და წამოვედით. როცა ჩავსხედით მანქანაში „ფორმულას“ მანქანას ქვა ესროლეს“, – აცხადებს  ბათუმში მთავარი არხის კორესპონდენტი თეა ვარშალომიძე გონიოს ინციდენტს.

მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა თავდამსხმელს ჰკითხეს, რატომ ესროლა ქვები, „ფორმულას“ რეპორტიორის თქმით, მას ერთ-ერთმა კაცმა თმაზე მოქაჩა. „დაგვესივნენ ყველა, ძველი ბიჭები, კოორდინატორები. გვაგინებდნენ. ერთმა თმაზე მომქაჩა“, – უთხრა „ბათუმელებს“ თამარ თადიშვილმა. ის „ფორმულას“ რეპორტიორია ბათუმში.

თეა ვარშალმიძის თქმით, მათ მალევე გამოიძახეს პოლიცია, რომელიც ადგილზე ოპერატიულად მოვიდა. „სწრაფად მოვიდნენ, მაგრამ გაოცებული ვარ, ჩვენზე თავდამსხმელებს ვერაფერი ვერ უთხრეს. ვერ ჩაერივნენ საერთოდ“, – აცხადებს თეა ვარშალომიძე.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის ფაქტებზე

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის, დღეს, 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის გაშუქებისას დაფიქსირებულ დარღვევებზე საუბრობს.

ორგანიზაციის განცხადებით, დღეს, 16:00 საათამდე, არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობისას დაფიქსირდა შემთხვევები, როცა ჟურნალისტებს და ოპერატორებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად შეესრულებინათ მათი პროფესიული მოვალეობა.

„მმართველი პარტიის წარმომადგენლები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და მათ „აქტივისტებს“, „ზონდერებს”, „დეზინფორმატორებსა“ და „ოპოზიციის წარმომადგენლებს“ უწოდებდნენ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს დაიცვან საქართველოს კანონმდებლობა და არ შეუშალონ ხელი ჟურნალისტებს და ოპერატორებს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.

კოალაცია მოუწოდებს „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს შეწყვიტონ სიტყვიერი თავდასხმები და აგრესიის წახალისება ჟურნალისტების მიმართ.

„ასევე მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის შემთხვევებზე.

__________________

ფოტოზე: კადრი TV 25-ის ვიდეოდან. კაცმა, რომელიც კადრში ჩანს, TV 25-ის ჟურნალისტს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.

„არის თანხის გადაცემის ფაქტი“ – რა დარღვევებზე საუბრობს ენმ ბათუმში

ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით. ენმ-ს წარმომადგენლის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, დღეს, ამ დრომდე პარტიის დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი, მათ შორის ოთხი საჩივარი დაიწერა საოლქო კომისიაში.

მირდატ ქამადაძის თქმით, მერვე უბანზე იყო შემთხვევა როცა ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, მაგრამ სამაგიდო სიაში მათი გვარის გასწვრივ ხელი უკვე მოწერილი იყო. „მათ არ მიეცათ ხმის მიცემის საშუალება, რაც აჩენს ეჭვს, რომ კარუსელს ატრიალებს სახელისუფლებო პარტია.

როგორც ვიცით, საარჩევნო უბანზე ასი მეტრის რადიუსში არ შეიძლება გარეშე პირების ყოფნა, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ ახალი ნოუ ჰაუ შემოგვთავაზა და ე.წ ძველ ბიჭებს ბეიჯი ჩამოკიდა და თითქოს ლეგალური გახადა მათი იქ ყოფნა. რეალურად, ეს ადამიანები იმიტომ იმყოფებიან უბანზე, რომ ამომრჩევლის ნებაზე მოახდინონ გავლენა.

24-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ჯავახიშვილის ტერიტორიას ეკუთვნის ეს უბანი, დადასტურებულია თანხის გადაცემის ფაქტი და ამის ვიდეომასალებს მოგაწვდით ჟურნალისტებს.

უბნიდან ასმეტრიანი რადიუსის დარღვევის ხშირი ფაქტებია, რაზეც პოლიციას არაერთხელ მივმართეთ თუმცა ხშირად პოლიციელები არიან ინერტულები“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

მან ასევე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები შეგნებულად აზიანებენ ბიულეტენებს:

„როცა ჩვენი მხარდამჭერები მიდიან უბანზე და ცნობენ მათ სახეზე „ქართული ოცნების“ კომისიის წევრები, ან ბეჭდს აკლებენ ბიულეტენს, ან ხელი არ არის მოწერილი, რაც საბოლოოდ ამ ბიულეტენის ბათილობას გამოიწვევს. ამ ფაქტებზეც დაწერილია საჩივარი“ – ამბობს მირდატ ქამადაძე.

ამავე თემაზე: 

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

„ქართული ოცნების” დროშა საარჩევნო უბანზე

ხელვაჩაურში, #2 საბავშვო ბაღის შენობაში მდებარე 101-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველი ბავშვთან ერთად მივიდა, რომელსაც ხელში პარტია „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი დროშა ეჭირა.

მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო უბანზე აკრძალულია საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკებისა და ნიშნის რაიმე ფორმით ტარება, მოქალაქისთვის, რომელსაც ბავშვი ახლდა, შენიშვნა არავის მიუცია.

კერძოდ, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. ეს მასალა ჩამოხსნას/დემონტაჟს/აღებას ექვემდებარება.

„ბავშვი იყო, დიდი ხომ არ შემოსულა (დროშით), პატარა ბავშვი იყო…“ – უთხრა დამკვირვებელს უბნის კომისიის თავმჯდომარემ.

 

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3-8 გრადუსი
  • ღამით: 0-3 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 1-2 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

აჭარაში კოვიდის 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა

30 ოქტომბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში კოვიდის 154 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 6 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 506 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 184 ინფიცირებული.

სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე დაიწყო – შსს არჩევნების მეორე ტურზე

დღეს, 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებული საარჩევნო დარღვევების შესახებ შს სამინისტრომ განცხადება გააკეთა. შსს-ს თქმით, ამ დროისთვის სისხლის სამართლის მუხლით გამოძიება ორ ფაქტზე მიმდინარეობს.

„ზუგდიდში, მე-20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს. ამავე უბნის ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 5 პირი.

სენაკის მე-14 საარჩევნო უბანზე ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე არის დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით.

გარდა ამისა, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, კენჭისყრის ადგილიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ცხრა ფაქტზე არის რეაგირება განხორციელებული,“ – აცხადებს შსს.

__________

ფოტოზე: ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ბათუმში.

ცესკო ბათუმის №9 საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ დარღვევაზე საუბრობს

ავტორი: ევა ართმელაძე

დღეს, 30 ოქტომბერს, მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შესახებ ცესკომ ბრიფინგი გამართა.  

13 საათზე გამართულ ბრიფინგზე ცესკოს წარმომადგენელმა ბათუმში, №9 საარჩევნო უბანზე მომხდარ დარღვევაზე ისაუბრა.

„კომისიის თავმჯდომარემ სხვა წევრების მისვლამდე დაიწყო პროცედურები, კონკრეტულად,  გადათვალა ბიულეტენები, ხოლო კომისიის წევრების მისვლის შემდეგ კვლავ გადათვალა დოკუმენტაცია და აღნიშნული დოკუმენტაცია შეესაბამებოდა იმავე მონაცემებს, რაც დილით ჰქონდა მას დათვლილი“. 

ცესკოს განმარტებით, აღნიშნულ ფაქტზე დაიწერა შესაბამისი საჩივარი. 

ბათუმში საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებულ    არაერთ დარღვევაზე საუბრობს „სამართლიანი არჩევნები“, მათ შორის – ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებაც.

ამ თემაზე: 

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

რა დარღვევებზე საუბრობს ბათუმში „სამართლიანი არჩევნები“

ავტორი: ანა შენგელია 

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იმართება. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ აქვეყნებს დარღვევების ჩამონათვალს, რომელიც ამ ორგანიზაციის დამკვირვებლებმა შენიშნეს საარჩევნო უბნებზე 11 საათამდე. 

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმში შემდეგ დარღვევებზე საუბრობს:

  • მე-100 საარჩევნო უბანზე დაირღვა წილისყრის პროცედურა – კერძოდ, საკონტროლო ფურცელი შეივსო და ყუთში მოთავსდა ამომრჩევლის მიერ ბიულეტენის ჩაგდების შემდეგ. 
  • #51 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ბიულეტენი კომისიის ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმების გარეშე გადასცა ამომრჩეველს.
  • 59-ე საარჩევნო უბანზე  ერთ-ერთმა ამომრჩეველმა ხელი არასათანადო ადგილას მოაწერა. 
  • მე-6 საარჩევნო უბანზე მარკირების შესამოწმებელი ხელსაწყო გაუმართავი იყო. „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით, საუბნო საარჩევნო კომისიამ ახალი ხელსაწყო საოლქო საარჩევნო კომისიისგან მიიღო. 

„სამართლიანი არჩევნები“ ასევე აქვეყნებს მონაცემებს საარჩევნო უბნის გარეთ არსებულ დარღვევებზეც.

ორგანიზაციამ სავარაუდო მოსყიდვის 2 ფაქტი დააფიქსირა ბათუმში:

  • #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ;
  • #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.

„სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ ბათუმში შეინიშნება კოორდინატორების მობილიზება საარჩევნო უბნებთან:

  • #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში, მობილიზებულნი არიან პარტია “ქართული ოცნების” კოორდინატორები, რომელთაც ხელში სახელობითი სიები უჭირავთ და ეკონტაქტებიან ამომრჩევლებს, როგორც უბანში შესვლამდე, ისე უბნიდან გამოსვლის შემდეგ; 
  •  #98 საარჩევნო უბანთან შეინიშნება კოორდინატორების ყოფნა, რომლებიც კომუნიკაციაში შედიან ამომრჩევლებთან. ამ ეტაპზე დაუდგენელია მათი პარტიული მიკუთვნება; 
  • #85 საარჩევნო უბანთან, 100 მეტრის რადიუსში, შეინიშნება პარტია ,,ქართული ოცნების” კოორდინატორების შეკრება, რომელთაც კომუნიკაცია აქვთ ამომრჩეველთან. 

ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი – ღარიბაშვილი

ავტორი: ევა ართმელაძე 

დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე იყო პროვოკაციის მცდელობები, მათ შორის, ზუგდიდშიც:

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ არეულობა და შფოთვა, ქაოსი შეიტანონ, ყველას ადგილზე, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი,“ – განაცხადა ღარიბაშვილმა. 

მან ასევე კიდევ ერთხელ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც. 

„პატიმარ სააკაშვილს ყველანაირი მომსახურება  ეწევა, ყველანაირი აბსოლუტურად, მას აქვს სრული კომფორტი შექმნილი ციხეში და რა თქმა უნდა, პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მას 24-საათიანი მომსახურება გაუწიოს“. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გადაყვანას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში. თავად სააკაშვილი კი უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას იქ საფრთხე ემუქრება.

 

ბათუმში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

დღეს, 30 ოქტომბერს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. შემთხვევას შს სამინისტრო ადასტურებს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, ასაკოვანი ქალი, რომელსაც მანქანა დაეჯახა, ზედაპირული დაზიანებებით გადაყვანილია კლინიკა “მედინაში”.

ავტომანქანა, რომელიც ქვეითს დაეჯახა, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია და კომპანია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში.

შემთხვევის ადგილი

ბათუმში საარჩევნო უბნიდან გამოსულ ამომრჩეველს ფული გადასცეს – სამართლიანი არჩევნები

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე ავრცელებს ცნობას.

ორგანიზაციის ცნობით, მათმა დამკვირვებლებმა 11 საათისთვის ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ორი შემთხვევა დააფიქსირეს ბათუმში.

„#79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა“, – აცხადებს „სამართლიანი არჩევნები“.

ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ.

საქართველოში კორონავირუსით 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა.

30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული პაციენტის პირველი გარდაცვალებიდან, 2020 წლის 4 აპრილიდან დღემდე, 2021 წლის 30 ნოემბრამდე, კოვიდით გარდაცვლილია 10 003 ადამიანი (1.41%) , მათ შორის 42 – ბოლო 24 საათის განმავლობაში.

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირდა 715 865 ადამიანი, აქედან გამოჯანმრთელდა 655 129 ადამიანი.

14-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი საქართველოში 8.86%-ია.

დღეის მონაცემებით მსოფლიოში კოვიდით 5 005 181 ადამიანია გადაცვლილი.

„იმედი მაქვს, პოლარიზაცია დასრულდება“ – პრეზიდენტის კომენტარი ხმის მიცემის შემდეგ

ავტორი: ევა ართმელაძე 

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ხმა მისცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პოლარიზაცია, რაც ჩვენ ვნახეთ წინა საარჩევნო პერიოდში, დასრულდება, იმიტომ, რომ ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს. თუ არა – ხეირობს მხოლოდ ერთი, ჩვენი მეზობელი“ –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან.

მან აღნიშნა, რომ ხმა მისცა „ერთიანობას, სიწყნარესა და სიმშვიდეს“. 

დღეს საქართველოს მოსახლეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ირჩევს მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში – საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

 

არჩილ ჩიქოვანს ხმის მიცემისას სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოზე ავტოგრაფი სთხოვეს

დღეს, 30 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მისაცემად მისულ „ოცნების“ მერობის კანდიდატს, არჩილ ჩიქოვანს, საარჩევნო უბანზე სამოქალაქო აქტივისტი ალექსანდრე მილორავა დახვდა ფოტოსურათით, რომელზეც არჩილ ჩიქოვანი და მიხეილ სააკაშვილი არიან გამოსახული.

ალექსანდრე მილორავას განმარტებით, მას არჩილ ჩიქოვანისგან ავტოგრაფი სურდა ამ ფოტოზე:

„აქ არის გამოსახული ბატონი არჩილ ჩიქოვანი, ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, გამოსახულია მიხეილ სააკაშვილთან ერთად, რომელიც დღეს იმყოფება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ტყვეობაში. ამ ადამიანს ხედავთ, რომ ძალიან მეგობრული შეხვედრა აქვს სუფრასთან, დღეს მისი გუნდის წევრები გამოირჩევიან სიძულვილის ენით, მათ პირად ტყვეობაშია მიხეილ სააკაშვილი და ეს ადამიანი უჭერს მხარს ამ პოლიტიკურ ტყვეობას.

მე უბრალოდ მინდოდა, რომ ამ ფოტოზე მოეცა ავტოგრაფი ბატონ არჩილს.

მე ბატონ არჩილთან ძალიან ბევრჯერ მქონდა შეხვედრის სურვილი, მაგრამ ყოველთვის გვემალებოდა, დღეს იყო ერთადერთი შანსი, როდესაც ის მოვიდა და დავხვდი საარჩევნო უბანზე, მისი პოზიციაა რომ სულ გარბის, ასე რომ სადაც შევძელი იქ დავხვდი” – თქვა ალექსანდრე მილორავამ ჟურნალისტებთან საუბრისას, მას შემდეგ რაც მას საარჩევნო უბანი დაატოვებინეს.

ბათუმის მერობის კანდიდატმა, არჩილ ჩიქოვანმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა.

ბათუმში ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.8 პროცენტმა | 10 საათის მონაცემები

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ცესკოს მონაცემებით, 10 საათისთვის საქართველოში ამომრჩეველთა 7.38 პროცენტმა მისცა ხმა.

რაც შეეხება აჭარის იმ მუნიციპალიტეტებს, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, 10 საათის მონაცემებით ყველაზე მაღალი აქტივობა ბათუმშია.

  • ბათუმი – ხმა მისცა ამომრჩეველთა 7.8 პროცენტმა
  • ქედა – ხმა მისცა  ამომრჩეველთა 7.2 პროცენტმა
  • ხელვაჩაური – ხმა მისცა ამომრჩეველთა 8.6 პროცენტმა
  • ხულო – ხმა მისცა ამომრჩეველთა 4.9

აჭარაში ბათუმსა და ხელვაჩაურში მერის არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, ქედაში, ხულოსა და ხელვაჩაურში კი მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნებია.

არჩევნების მეორე ტურზე საქართველოში ხმას აძლევს სულ 2 088 722 ამომრჩეველი. არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა ირჩევს მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში – საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

დადასტურდა კოვიდის 4610 ახალი შემთხვევა

30 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 4 610 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 55 815 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 610 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 663 შემთხვევა, აჭარაში – 154, იმერეთში – 871, ქვემო ქართლში – 324, შიდა ქართლში – 324, გურიაში – 118, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 316, კახეთში – 577, მცხეთა-მთიანეთში – 83, სამცხე-ჯავახეთში -133, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 47.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.82%.

„თუ არ დავფიქრდით ადმინისტრაციული რესურსის როლზე, არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ – გახარია

„ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. თუ არ დავფიქრდით არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის როლზე და პოლიტიკურად ნეიტრალურ საჯარო კლასზე, საერთოდ არჩევნებმა შეიძლება აზრი დაკარგოს“ – განაცხადა დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ.

მან ჟურნალისტებთან არ დააკონკრეტა ვის მისცა ხმა – კახა კალაძეს, ნიკა მელიას თუ ორივე კანდიდატი გადახაზა:

„როცა ჩვენ არჩევანის უფლებას გვართმევენ, როცა ორივე პარტია გვიმტკიცებს, რომ მეორე უარესია, ვიდრე თვითონ და გვაიძულებენ არჩევანი გავაკეთოთ ცუდს და ცუდს შორის, მე ხმას ვაძლევ საქართველოსთვის“ – თქვა მან.

გახარიამ ასევე კომენტარი გააკეთა პარტიის ყოფილი წევრის, ირაკლი თავდგირიძის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც გუშინ, 29 ოქტომბერს პარტია „საქართველოსთვის“ დატოვა.

„ჩემმა კოლეგებმა გუშინ ძალიან კარგი კომენტარი გააკეთეს, ვინც გასაყიდია, უნდა გაიყიდოს.

ველოდები და მზად ვარ იმისთვის, რომ როგორც დაანონსდა, ღიად თქვეს, რომ ვიყიდით, დავაშინებთ, „ქართული ოცნება“ ამას გააგრძელებს. ვიღაცები ამას გაუძლებენ, ვიღაცები ვერ გაუძლებენ, მაგრამ ჩვენთვის ეს მხოლოდ პოზიტიური პროცესია“ – აღნიშნა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით, პარტიას „საქართველოსთვის“ არ ექნება არავისთან კოალიცია – „იქ სადაც თანამშრომლობის შესაძლებლობა იყო და ეს იყო „ლელოსთან“, ჩვენ კი, ვთანამშრომლობთ“ – დასძინა მან.

კობახიძე სააკაშვილზე: დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს, მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, დღეს, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ცუდად გახდომის სიმულირებას გეგმავს:

„სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს აპირებს, რომ გახდეს ცუდად, ანუ აპირებს სიმულირებას იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას.

როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს დღეს სააკაშვილმა, ამას ვერ ექნება ვერანაირი წარმატება.

შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე… ეს არის სამარცხვინო კაცი, ამის გამო მან უნდა მოინანიოს, კი არ უნდა იშიმშილოს. დაველოდოთ უწყებებს და ისინი წარმოადგენენ მტკიცებულებებს (იმიტირებული შიმშილობის შესახებ).

… მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში სამ ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი, ყიდულობს. დღეში სამი ლიტრა ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი“ – თქვა მან.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს და მას შემდეგ შიმშილობს. ხელისუფლება კატეგორიულად ეწინააღმდეგება მის გადაყვანას სამოქალაქო ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში. თავად სააკაშვილი კი უარს ამბობს ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე, რადგან მიიჩნევს, რომ მას იქ საფრთხე ემუქრება.

 

ბათუმსა და ხელვაჩაურში მერს ირჩევენ – II ტური

დღეს, 30 ოქტომბერს საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები საქართველოში უკვე გაიხსნა.

აჭარაში მერის არჩევნების მეორე ტური ორ მუნიციპალიტეტში, ბათუმსა და ხელვაჩაურში იმართება. ორივე მუნიციპალიტეტში კონკურენტები არიან მმართველის პარტიის, „ქართული ოცნების“ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები.

ბათუმში მერობის კანდიდატები არიან:

  • არჩილ ჩიქოვანი – „ქართული ოცნება“
  • გიორგი კირთაძე – ერთიანი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა

არჩევნების პირველ ტურში გიორგი კირთაძემ 31 443 ხმა მიიღო, არჩილ ჩიქოვანმა კი – 30 776 ხმა.

ხელვაჩაურში მერობის კანდიდატები არიან:

  • მიშა ბოლქვაძე – – ერთიანი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა
  • ზაზა დიასამიძე – „ქართული ოცნება“

არჩევნების პირველ ტურში ზაზა დიასამიძემ 10 967 ხმა მიიღო, მიშა ბოლქვაძემ კი – 9 942 ხმა.

მაჟორიტარი დეპუტატების არჩევნები აჭარაში მიმდინარეობს ქედაში, ხელვაჩაურსა და ხულოში.

ძირითადად მეორე ტურში ამომრჩეველს „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება, გამონაკლისია ხულო, სადაც პირველ მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მეორე ტურში ვერ გადავიდა. ამ ოლქში ორი კანდიდატია: ირაკლი ბოლქვაძე პარტიიდან „საქართველოსთვის“ და ლევან მახარაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ხულოში მეორე ტურზე ამომრჩეველი მივა მეორე მაჟორიტარულ ოლქშიც. აქ კანდიდატები არიან ნადიმ დეკანაძე „ქართული ოცნებიდან“ და თენგიზ შანთაძე – „ნაციონალური მოძრაობიდან“.

ქედაში მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის მეორე ტურში იბრძოლებენ მე-2 სამაჟორიტარო ოლქის კანდიდატები: ევგენი ცინცაძე „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ოთარ ხარაძე „ქართული ოცნებიდან“.

ხელვაჩაურში მე-5 და მე-6 სამაჟორიტარო ოლქში გაიმართება მეორე ტური. მე-5 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: მამუკა ჯევაიში „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ელიზბარ ზოიძე „ქართული ოცნებიდან“, ხოლო მე-6 მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატია შოთა ფუტკარაძე, „ნაციონალური მოძრაობიდან“ – დავით დუმბაძე.

Exit mobile version