იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგოდა „პლაგიატის საქმეზე“ ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.
სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.
საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დღემდე არავინ დასჯილა.
„ახლა ჯერი საგამოძიებო ორგანოზეა, დააფარებს ხელს დამნაშავეს, თუ განახორციელებს კანონით სავალდებულო ღონისძიებებს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს.
ანა ბერძენიშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს საზღვაო აკადემიამ ზეპირსიტყვიერად სთხოვა, დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც აკადემიამ ოფიციალურად იკითხა „ტოლფასი სამუშაოს“ განმარტება.
სასამართლომ საზღვაო აკადემიას უკვე უთხრა, რომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებითაც [რომლითაც საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძესთან სასამართლო დავა წააგო] გასაგები უნდა ყოფილიყო, რასაც გულისხმობს „ტოლფასი სამუშაო“. თუმცა ამჯერად საზღვაო აკადემიამ სასამართლოს ეს განმარტებაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მან აკადემიის ხელმძღვანელი პირები და კოლეგები პლაგიატში ამხილა. პლაგიატის შემთხვევები შესაბამის სახელმწიფო ორგანოს არ შეუსწავლია და შესაბამისად არც დაუდასტურებია. ვაჟა ანანიძის გათავისუფლება კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.
7 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე როინ კახიძემ მოითხოვა ვაჟა ანანიძის ტოლფას სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება.
„გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დასახელებული პუნქტის შესრულება შეუძლებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არ განუმარტავს ტოლფასი თანამდებობა…“, – მისწერა საზღვაო აკადემიამ სასამართლოს მას შემდეგ, რაც აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორთან საქმე წააგო.
„სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არაა ბუნდოვანი, მასში გასაგებადაა მითითებული ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია მხარეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად,“ – წერს მოსამართლე როინ კახიძე განჩინებაში.
საზღვაო აკადემიის არგუმენტია, რომ გააუქმეს თანამდებობა, რომელზეც ვაჟა ანანიძე მუშაობდა. ის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი იყო.
ამონარიდი სასამართლოს განჩინებიდან, სადაც მოსამართლე როინ კახიძე განმარტავს, რას ნიშნავს ამ მოცემულობაში „ტოლფასი სამუშაო“:
„…კოორდინატორის თანამდებობა აღარ არსებობს, მაგრამ უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნული სამსახურის [პოზიციის] ფუნქცია შეითვისა სხვა დეპარტამენტმა. აქედან გამომდინარე სხვა დეპარტამენტმა გააგრძელა ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დეპარტამენტმა, რომელმაც შეითვისა ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველო კოორდინატორის შესასრულებელი ფუნქციები ან ფუნქციების ნაწილი, წარმოადგენს ტოლფას სამუშაოს,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემულ განჩინებაში.
ანა ბერძენიშვილი, იურისტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ განმარტავს, რომ ამ განმარტებებზე არც უნდა იყოს დამოკიდებული საგამოძიებო ორგანო, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღდგენა მოითხოვა დაუყოვნებლივ და სასამართლოს ეს მოთხოვნა არ შეასრულა საზღვაო აკადემიამ.
„ეს გულისხმობს იმას, რომ იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ან როგორ განმარტავს ტოლფას სამუშაოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაუყოვნებლივ აღსრულება ნიშნავს მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილების აღსრულებას,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი და დასძენს იმასაც, რომ საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორს მას შემდეგ ჩაურიცხეს განაცდური, როცა აღსრულების ბიურომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა და გამოძიების დაწყება ითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.
წელს საახალწლო ღონისძიებები ბათუმში ევროპის მოედანზე, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გაიმართება.
უკვე ცნობილია საახალწლო ღონისძიებების განრიგი.
20 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, ყოველ დღე, ღონისძიებები ევროპის მოედანზე დილის 12 საათიდან დაიწყება. 12-დან 19 საათამდე აქ ანიმატორები იქნებიან, 13 საათზე ჯამბაზების წარმოდგენის ნახვა იქნება შესაძლებელი, 14 საათზე – ილუზიონისტის, ხოლო 15 საათზე – აკრობატების.
საკონცერტო ნაწილი კი ევროპის მოედანზე საღამოს 6 საათზე დაიწყება.
ბათუმის საახალწლო აფიშა ასე გამოიყურება:
20 დეკემბერი
19 საათი – ASEA SOOL
20 საათი – Road radio
21 საათი – Medashen
22 საათი – DJ MAJA (მირიანცინცაძე)
21 დეკემბერი
18 საათი – 2×2
19 საათი –ლურჯიიალქანი
20 საათი – mastera (გიორგიპავლიაშვილი)
20:15 საათი – ირაკლიფირცხალავა
21:40 საათი – DJ khila (სულხანკილაძე)
22 დეკემბერი
18 საათი – space x
19 საათი – 4 up
20 საათი – Black sea
21 საათი – DJ Niko (ნიკოგორგოშაძე)
22:30 საათი – DJ David volkov
23 დეკემბერი
18 საათი – loock out
19 საათი – and others
20 საათი – DJ Michelbe (მიშობახტაძე)
22 საათი – Dj Nugo
24 დეკემბერი
18 საათი – თავისუფალისივრცე
19 საათი –კონიაკი
20 საათი –ჩემიბენდი
21 საათი – DJ kimo
22:30 საათი – DJ MICH (ბესარიონქათამაძე)
25 დეკემბერი
18 საათი –გალაკონცერტი, ნაძვისხისანთება
20 საათი – დათოევგენიძე
21:30 საათი – DJ ბექაკალანდაძე
26 დეკემბერი
18 საათი –ავტოსტოპი
19 საათი – Flow masters
20 საათი – live band rubika
21 საათი –დათოევგენიძე
22 საათი – DJ astrobee (საბაემირიძე)
27 დეკემბერი
20 საათი –ფოლკლორულისაღამო
28 დეკემბერი
19 საათი –კლასიკურიმუსიკისსაღამო
29 დეკემბერი
18 საათი – საბავშვო კონცერტი
31 დეკემბერი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი – ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი –აკრობატებისწარმოდგენა
21:30 – საათიცეცხლოვანიშოუ
22 საათი –გალაკონცერტი
ფეიერვერკი
00:30 საათი –სალიო
1 იანვარი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი – ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
2 იანვარი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი –ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
3 იანვარი
12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი –ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
4 იანვარი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი –ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
5 იანვარი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი – ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი – ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
6 იანვარი
12-დან 19 საათამდე – ანიმატორები
13 საათი – ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი –ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი – აკრობატებისწარმოდგენა
7 იანვარი
12-დან 19 საათამდე –ანიმატორები
13 საათი –ჯამბაზებისწარმოდგენა
14 საათი – ილუზიონისტისწარმოდგენა
15 საათი –აკრობატებისწარმოდგენა
19:30 საათი – ცეცხლოვანიშოუ
20 საათი –გალაკონცერტი
ასევე, 2022 წლის პირველი იანვრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება ღონისძიება „ახალი წელი ჩვენს ეზოში“. ამ დროისთვის ზუსტდება მისამართები, სადაც ღონისძიება შედგება.
მერიის ცნობით, აღნიშნულ პროგრამაში შესაძლოა ცვლილება შევიდეს კორონავირუსის ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.
ხანძარი იყო დღეს, 20 დეკემბერს, ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე.
ცეცხლი კერძო სახლის მეორე სართულზე გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური იყო მობილიზებული.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ქობულეთის მერიის ცნობით, სახლის მეპატრონეს მსუბუქი დამწვრობა ჰქონდა, რომელიც თვითონ დაიმუშავა.
ხანძრის მიმდებარე ტერიტორია დაიკვამლა. გადაკეტეს ცენტრალური გზაც.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ახალი, ომიკრონის შტამის ორი შემთხვევა დადასტურდა. ამირან გამყრელიძე ისევ მოუწოდებს ადამიანებს აცრისკენ. მისი თქმით, ბუსტერ დოზის გაკეთებაზე შეზღუდვები არ არსებობს.
„დაახლოებით 1000-მდე ადამიანი საქართველოში აცრილია ოთხჯერ – ბევრი სტუდენტი აიცრა 4-ჯერ. ვინც ჩინური ვაქცინებით იყო აცრილი და მიემგზავრებიან სასწავლებლად ან სამუშაოდ ისეთ ქვეყნებში და ასეთი ქვეყნები უკვე გამონაკლისი აღარ არის, ვინც ითხოვს მხოლოდ „ჯონსონი და ჯონსონს“, „ფაიზერს“, „მოდერნას“, ჩვენ იმათ ვცრით და არაფერი ბარიერი მათი მეოთხედ ასაცრელად არ არის“.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვინც ორჯერ არის აცრილი და დაიბუსტება, ის იქნება საკმაოდ მაღალი პროცენტით დაცული. თუმცა, ასევე აუცილებელია ყველა წესის დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება და ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით.
აჭარის მთავრობამ ბათუმის „ახალი“ და „ძველი“ რესპუბლიკური საავადმყოფოები სამართავად საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს უსასყიდლოდ გადასცა.
ბათუმის ე.წ. „ახალი“ რესპუბლიკური საავადმყოფო შპს „ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“ ექვემდებარება, „ძველი“ კი – შპს „ქ. ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკურ საავადმყოფოს“. სწორედ ამ კომპანიების წილები გადაეცა მართვაში სამედიცინო ჰოლდინგს, მისი არსებობის ვადით. ჰოლდინგი, თავის მხრივ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
„ბათუმის რესპუბლიკურის“ წილებს ამ დრომდე აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო მართავდა. ორივე კომპანიის წილების მესაკუთრედ კვლავ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა რჩება.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და სამედიცინო ჰოლდინგს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ჰოლდინგს „უფლება აქვს წილის მართვისას ისარგებლოს, წილის მესაკუთრის უფლებით, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე“ – საქართველოს კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
ჰოლდინგი უფლებამოსილია დამოუკიდებლად განსაზღვროს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სამეურნეო პოლიტიკა, ინვესტიციების ოდენობა, წარმოების სახეებისა და სამეურნეო საქმიანობის დაწყება და შეწყვეტა.
ჰოლდინგის უფლებაა ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრების დანიშვნა/გამოწვევა; ქონების შეძენა, გასხვისება ან/და იჯარით გაცემა ხელშეკრულების შესაბამისად; სესხების აღება; მოგების განაწილება.
ხელშეკრულების მიხედვით, სამედიცინო ჰოლდინგი მიიღებს ყოველწლიურ წმინდა მოგებასაც.
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს მხოლოდ აჭარის მთავრობის [როგორც მესაკუთრის] წერილობითი თანხმობის საფუძველზე შეუძლია შემდეგი გადაწყვეტილებების მიღება:
[crosslist]
საწარმოს კაპიტალში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების, მათ შორის, წილებისა და აქციების, ასევე ფულადი შენატანის განხორციელება
[toggle title=”ხელშეკრულება სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ:“][/toggle]
ბათუმის ახალი კლინიკის საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგისთვის გადაცემაზე საუბარი 2019 წლის ბოლოს დაიწყო. მოგვიანებით, 2020 წლის მარტში, ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კლინიკა ჰოლდინგს იმ დროისთვის არ გადაეცემოდა, თუმცა მაშინ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო ამ ჰოლდინგში აუცილებლად შევიდოდა“.
ბათუმში ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობისას ოფიციალურად ითქვა, რომ ის საუნივერსიტეტო კლინიკა იქნებოდა. თუმცა ეს მიმართულება ახალ კლინიკას აღარ აქვს.
ახალმა კლინიკამ ფუნქციონირება 2020 წლის აპრილში დაიწყო და ის ამ პერიოდიდან ძირითადად COVID 19-ის მართვაშია ჩართული.
რამდენიმე დღის წინ კი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც უნივერსიტეტი არაუმეტეს 120 საწოლზე გათვლილი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის.
პროკურატურა ააიპ „სოფლის განვითარების სააგენტოს“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო – სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში თანადაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა „სოფლის განვითარების სააგენტოსა“ და შპს „მედერს“ შორის, რომლის საფუძველზე, „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ ლურჯი მოცვის ნერგების შეძენის დანიშნულებით შპს „მედერის“ კუთვნილ საბანკო ანგარიშზე 116 460 ლარი ჩაირიცხა.
„აღნიშნული თანხა არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გადარიცხულიყო პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
თანხის თითქოსდა დანიშნულებისამებრ წარმართვის საჩვენებლად, შპს “მედერის” მინდობილი პირის – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელი უფროსის მიერ წარდგენილი იქნა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლის თანახმად, თითქოს შპს „მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31 325 ევრო გადაირიცხა პოლონური კომპანიის საბანკო ანგარიშზე.
რეალურად კი სააგენტოს მიერ შპს „მედერის“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხული 116 460 ლარიდან, ბრალდებულმა მითვისების განზრახვით ორ ტრანშად – 84 000 ლარი ფიქტიური დანიშნულებით გადარიცხა შპს „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს” იმჟამინდელი უფროსისთვის სანდო კერძო მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე, ხოლო 29 200 ლარი საბანკო ანგარიშიდან პირადად გამოიტანა და დაეუფლა.
გარდა ამისა, ბრალდებულის დავალებით, „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ იმჟამინდელ უფროსთან შეთანხმებით, სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი მეწარმე სუბიექტების საბანკო ანგარიშებზე ფიქტიური დანიშნულებით გადაირიცხა სხვადასხვა ოდენობის თანხები,“ – წერს პროკურატურა.
დაკავებულს ბრალდება 2021 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
პროკურატურის ცნობით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების პროცესში, ასევე, დაკავებული იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი და ამჟამად, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი ბრალდების საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.
ასევე, ამავე საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 კერძო სამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელების მიმართ.
ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა.
ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს იმ ამბებს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს.
მოუსმინეთ ირმას ნაამბობს:
22 წელი ემიგრაციაში
შევარდნაძის პერიოდი იყო, პირველად თურქეთში რომ წამოვედი, მაგრამ დიდი ხნით არ ვრჩებოდი, სამ-სამი თვით მოვდიოდით. მაშინ აქ ორ კაპიკს რასაც გამოვიმუშავებდით, კარგად გვყოფნიდა საქართველოში.
თურქული ადვილად ვისწავლე, ბავშვობიდანვე მესმოდა. სარფში, ძველ მუსლიმურ ოჯახში გავიზარდე და ბებია-ბაბუა ხანდახან თურქულად ლაპარაკობდნენ.
სარფიდან ბევრი ნათესავი მყავს სტამბოლში და სამსახურის შოვნაში ძალიან დამეხმარნენ. საქართველოში დაბრუნებას რაც ეხება, დღევანდელი მთავრობა თუ არ შეიცვალა, უარესობისკენ მივდივართ.
„მამა დავკარგე 2 წლის წინ და სამძიმარზეც ვერ გადავედი”
აქ ორ კაპიკს ვშოულობთ და საქართველოში როცა ჩამოვდივართ, ორმაგი და სამმაგი ღირს ყველაფერი, ალბათ მშრალი პურისთვის თუ არის საკმარისი. სარფში სახლი აღარ მაქვს, ბინა არ გვაქვს, ნაქირავებშია ჩემი მოხუცი დედა, რომელიც მარტო დავტოვე საქართველოში.
დედა 82 წლისაა. 90%-ით დაქვეითებული აქვს მხედველობა, ძალიან მიჭირს მისი მარტო დატოვება, მეზობლებიც პატრონობენ ხანდახან, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ სად მე რომ ვყოფილიყავი დედაჩემის გვერდით და სად – სხვისი ყურადღება.
სანამ მდგომარეობა არ შეიცვლება საქართველოში, კარგა ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა.
თურქეთში ყველაფერი გაძვირდა. ხალხი აქაც ძალიან წუხს, მდიდრებს არ შეხებია ეს კრიზისი, მაგრამ საშუალო ფენას გაუჭირდა.
ხანდახან ღამით ცრემლით მევსება თვალები. ძნელია სხვის ქვეყანაში ცხოვრება, როცა მოხუცი დედა სხვაგანაა და ყველაზე ძალიან სჭირდები ახლოს, ან გეღუპება ახლობელი და სამძიმარზე ვერ მიდიხარ.
მამა დავკარგე 2 წლის წინ და სამძიმარზეც ვერ გადავედი. ვიზის გასაგრძელებლად დროს ვუცდიდი, რომ გადავსულიყავი, უკან ვეღარ გადმოვდიოდი. დავრჩებოდი მშიერი და უსახლკარო.
ყველაზე ცუდი და ძნელი ესაა, როცა ახლობელს ვერ ემშვიდობები. მამის შემდეგ 3 თვეში ძმაც დამეღუპა.
„არ ვიცი ხვალ, ზეგ სად ვიქნები, მაგრამ საქართველოში რომ არ იცხოვრება, ეს კარგად ვიცი”
ცხოველიც, ქუჩაში რომ ცხოვრობს და მოაცილო ამ ქუჩას, ცოდოა, არამცთუ სამშობლოსგან ადამიანის მოცილება.
აქ შეჩვეული ხარ ხარისხიან პროდუქციას და საქართველოში მეორე, მესამე ხარისხის პროდუქტით იკვებება და იმოსება ხალხი, თან ორმაგი, სამმაგი ფასებია. არ ვიცი, ხვალ, ზეგ სად ვიქნები, მაგრამ საქართველოში რომ არ იცხოვრება, ეს კარგად ვიცი.
მამაჩემი ცხინვალიდან იყო წარმოშობით, ბებია ომში დაიღუპა, მამა ოსებმა ტყვედ ჩაიგდეს ერთი კვირით. აწამეს, ფრჩხილები დააძვრეს, დიდი წვალება გამოვიარეთ.
ძლივს ამოვისუნთქეთ თითქოს 10 წლის წინ და ახლანდელ დროს რომ ვადარებ, უკან-უკან მივდივართ. საქართველოში ნამდვილად არ იცხოვრება.
საქმეს რაც შეეხება, აქაურ საჭმელებს ვაკეთებ ოჯახში, ჩემი ოჯახის პატრონები საზღვარგარეთ როცა მიდიან, მიტოვებენ ძაღლს, სახლის საქმეებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა სტუმრები მოდიან და ბევრი ხალხი იყრის თავს ერთად, ძალიან მიჭირს.
კარგ ხალში ვარ, მაგრამ ასაკი აღარ მიწყობს ხელს, ვიღლები. არ ვიცი, ამ 50 წლის ასაკში უკვე სად წავალ, როგორ ვიქნები და რას ვიზამ, აღარ შემიძლია, გადავიღალე.
ქართულადაც მიჭირს უკვე ლაპარაკი თუ მატყობთ, 22 წელია თურქეთში ვარ.
20 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1296 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 45 პაციენტი.
19 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.93% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.39%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარაში – 122, იმერეთში – 197, ქვემო ქართლში – 85, შიდა ქართლში – 56, გურიაში – 34, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 64, კახეთში – 71, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 31, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -5.
ამ ეტაპზე საქართველოს კოვიდ კლინიკებში 5 774 ადამიანი მკურნალობს.
ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კულტურული ჩაგვრის პარალელურად, რომლის შედეგადაც ისინი ახალგაზრდა ასაკშივე ოჯახების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, საზოგადოებისგან იდევნებიან. მათი არსებობა და საჭიროებები სრულიად უხილავი რჩება სახელმწიფოსთვის.
25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დადუ კარა ამბობს, რომ სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები ტრანსი თემისთვის მხოლოდ „ფურცლებზე“ არსებობს.
„სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდა არა. ჩვენ ვართ ზედმეტი თავისტკივილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. ვისაც წასვლა შეეძლო, იყიდეს ბილეთები და გაფრინდნენ, ვისაც წასვლა არ შეგვიძლია, ველოდებით ყოველ დღე სიკვდილს ქუჩაში”, – ამბობს ის.
დადუ კარა
სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სპეციალური სოციალური პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება ლგბტქი+ თემის წევრების საჭიროებებსა და გამოცდილებებს.
საზოგადოებასა თუ სხვადასხვა ინსტიტუტში არსებული ჰომოფობიური განწყობები, ტრანსი და გენდერულად არაკომფორმული ადამიანების ცხოვრებას ართულებს.
ფიზიკური და ეკონომიკური საფრთხეები, რომელთა წინაშეც ქვიარ თემი ერთმანეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად არის დარჩენილი, აიძულებთ მათ თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში ეძიონ.
არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ თემის რამდენმა წევრმა დატოვა საქართველო პანდემიიდან მოყოლებული დღემდე, რადგან ლგბტქი+ ადამიანებისთვის თავშესაფრის ძიებაში სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არ არიან. თუმცა სოციალური მუშაკები და ქვიარ აქტივისტები წასვლის მიზეზებად ორ ძირითად ფაქტორს – სიღარიბესა და მზარდ ძალადობრივ გარემოს ასახელებენ.
„თანასწორობის მოძრაობის“ სოცმუშაკის, მარიამ ბანძავას დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან წამსვლელი თემის წევრების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა. „არა მარტო ტრანსგენდერები, გეი ადამიანები, ლესბოსელი წყვილები, საკმაოდ ბევრი მიედინება. ეკონომიკური საჭიროება და სულ უფრო და უფრო საშიში, ძალადობრივი გარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქვეყნის დატოვების. წლები გადის და მიუხედავად „ფურცელზე დაწერილი“ კანონმდებლობისა, მოცემულობა არ იცვლება. იცით, ულტრამემარჯვენე ძალები აქტიურდებიან, პარტიაც დაარეგისტრირეს ამასობაში.
„ბოლო წვეთი პანდემიის დროს ის იყო, რომ თემის სხვა წევრებისგან განსხვავებით შემოსავალი, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ ამ [ტრანსგენდერ] ადამიანებს. ისეც, თემის წევრების დიდი ნაწილი დასაქმებულია მომსახურების სფეროში. მათ უმეტესობას შრომითი ხელშეკრულებაც არ აქვს, როგორც ეს სუბსიდირების (200-ლარიანი დახმარება მათთვის, ვინც პანდემიაში სამსახური დაკარგა) დროს გამოჩნდა. ტრანსგენდერი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებამდე მივიდნენ. სახელმწიფოს პროგრამა არ ჰქონდა მათთვის გათვალისწინებული, არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსები კი ვერ გასწვდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ეს წარმოუდგენელია“.
პანდემიური კრიზისის გარდა ქვეყანაში ლგბტქი+ თემის ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენების შემდეგ. ნაციონალისტურმა ძალებმა „ღირსების მარში“ ჩაშალეს და 51 ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ. ამას ახალი და კიდევ უფრო მძლავრი ჰომოფობიური ტალღა მოჰყვა ქვეყანაში.
„2013 წელი [17 მაისი] სამწუხაროდ განმეორდა 2021 წელს. წამოვიდა ჰომოფობიის ძალიან დიდი ტალღა, რომელიც, პირველ რიგში, ყველაზე მწარედ მოხვდა იმ ქვიარ ადამიანებს, რომლებიც მეტად ხილვადები, მეტად ამოცნობადები არიან სოციუმში. ტრანსგენდერი ქალები მიდიან ქვეყნიდან, რადგან ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამას თან ახლავს უმუშევრობა და უფულობა. ისინი ოჯახებისგან გარიყულები არიან, ცხოვრობენ ქირით და იმ პირობებში, როცა მათი უმრავლესობა სექსსამუშაოთი ირჩენს თავს, პანდემიის საპრევენციო რეგულაციების გამო კი მუშაობას თითქმის ვერ ახერხებდნენ, სახლის გარეშე რჩებოდნენ, საჭმლის გარეშე რჩებოდნენ…” – ამბობს ტონი სარასფატი, ქვიარ ასოციაცია „თემიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.
2021 წელს მსოფლიოში 370-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის თბილისში, პირველ ნოემბერს, მასაჟის სალონში მოკლული ტრანსგენდერი ქალი. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს ყელისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ძალიან ხშირად ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობები სისასტიკის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაგალითად, 2014 წლის 11 ნოემბერს მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი და მკვლელობის ადგილს ცეცხლი წაუკიდეს. ზიზი შეყილაძე 2016 წელს მოკლეს. მას 16 ნოემბერს ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, 23 ნოემბერს კი ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმავე წელს კიდევ ერთი ტრანსგენდერი გოგო, ბიანკა შიგუროვა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, იგი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.
2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, თუმცა ტონი სარასფატი ამბობს, რომ ამ
ტონი სარასფატი
კანონის აღსრულების მექანიზმები კვლავ ძალიან სუსტია და მიუხედავად ბოლო ათწლეულში ქვიარ საკითხებზე საზოგადოებაში გარკვეული ცოდნის დაგროვებისა, თემის წევრების ცხოვრებაში ბევრი არაფერი გაუმჯობესებულა, მაგალითად, წვდომა განათლებასა და ჯანდაცვის ტრანსსპეციფიკურ სერვისებზე, რომლებიც ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს.
„ხშირია შემთხვევები, როცა ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ საშუალო განათლებას – სკოლაში მიუღებლები არიან, ოჯახში მიუღებლები არიან. 15-17 წლის ასაკში უწევთ დატოვონ სახლი, ოჯახი, სკოლა, რეგიონი და გადავიდნენ საცხოვრებლად დიდ ქალაქებში. როცა გიწევს ცხოვრების დაწყება ნულიდან, რთულია იფიქრო განათლებაზე. ადამიანი, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული, უმაღლესში როგორ წავა და პროფესიას როგორ დაეუფლება? სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკურ კურსებზე, მაგრამ მაღალი ტრანს და ჰომოფობიური ფონის გამო მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს დასაქმებას და თვითგადარჩენისთვის ბრუნდებიან ისევ სექსსამუშაოში. ძალიან სევდიანი მომენტია,“ – ჰყვება ტონი.
საქართველოში ტრანზიციის ეტაპში ჩართული ადამიანებისთვის არსებობს ჰორმონული თერაპია, ასევე სექსოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაცია და პლასტიკური ქირურგია. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს, მან სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობაც უნდა წარადგინოს. ტრანს ადამიანებს შესაძლოა სულაც არ სურთ სრული ტრანზიციის და ოპერაციის გავლა. მეორეს მხრივ ოპერაცია ხელმიუწვდომელია სიძვირის გამოც. ამიტომაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის იძულება არაჰუმანურია.
ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია: მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სქესის იურიდიული აღიარებისთვის, მათ შორის, ის ნაწილი, რომელიც ეხება ფიზიკური ხასიათის ცვლილებებს, რეგულარულად უნდა გადაიხედოს არაჰუმანურ მოთხოვნათა გაუქმების მიზნით.
ამასთან, საქართველოში არ არსებობს ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სტანდარტები, ანუ გაიდლაინები იმ სერვისებისთვის, რომლებიც ტრანზიციის პროცესს უკავშირდება.
„ჩვენი სპეციალისტები – ენდოკრინოლოგი, სექსოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი – რომლებიც მუშაობენ ტრანსგენდერ ადამიანებთან, ძირითადად სარგებლობენ უცხოური, ევროპული გაიდლაინებით, თავად არგებენ გაიდლაინებს ჩვენს კონტექსტზე.
არ არსებობს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც იმუშავებდა არა მარტო ტრანს ადამიანებთან, არამედ, ზოგადად, ქვიარ ადამიანებთან და მოარგებდა მათ ამ სერვისებს. ამიტომ ჩვენ, ორგანიზაციებს, ხშირად გვიწევს ქვიარ და ტრანსკომპეტენტური / მეგობრული ექიმების ძებნა, შექმნა ჩვენი არაფორმალური სიის და შემდგომში გადამისამართება მათთან. მაგრამ ეს არის მხოლოდ ექიმის კეთილი ნება. სამწუხაროდ, მიუღებლობა ექიმების ძალიან მაღალია,“ – განმარტავს ტონი.
დადუ კარა ამბობს, რომ ჯანდაცვის, თუნდაც არატრანსსპეციფიკურ სერვისებზე მას ხელი არ მიუწვდება. „ისეთი მედპერსონალი თუ შეგხვდა, შეურაცხყოფას რომ არ მოგაყენებს, დიდი მადლობა უნდა თქვა. მერე მეორე, ყველაფერი ისეთი ძვირია, სულ რომ ვკვდებოდე, კლინიკაში ვერ მივალ. საყოველთაო დაზღვევა, რაც ყველაზე ვრცელდება, ვრცელდება ჩვენზეც, მაგრამ მაინც ძალიან ძვირი ჯდება ყველაფერი“.
19 და 20 დეკემბერს, მხოლოდ 2 დღით, სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ მთელი თვით გაიაქტიურონ:
ულიმიტო ინტერნეტი – 19 ₾ – აკრიფე *019# ან *202#
ულიმიტო სასაუბრო* – 10 ₾ – აკრიფე *202#
სილქფესტით სარგებლობენ ფიზიკური და იურიდიული პირები. შესაძლებელია ორივე პაკეტის ერთდროულად გააქტიურება.
მეგაბაიტების ამოწურვის შემთხვევაში, აქციის ვადის ფარგლებში, ისარგებლებთ ტარიფით 1MB=0.15₾ . წუთები არ ვრცელდება გლობალსელის, ასანეტის და სპეც. დანიშნულების ნომრებზე სასაუბროდ.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 დეკემბრის 21 საათიდან 20 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში მომდევნო 2 დღეს, 21-22 დეკემბერს, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, სავარაუდოდ თოვლ-ჭყაპის სახით, გორაკბორცვიან რაიონებსა და მთაში კი – თოვა.
დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღეს, 19 დეკემბერს, ძველ ბათუმში, კულტრული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში, ბელეტაჟის ტიპის სახლი დაანგრიეს. სახლს ძეგლის სტატუსი არ ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ ის ისტორიული დაცვის ზონაშია, დასანგრევად სჭირდებოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში არსებული ზონალური საბჭოს თანხმობა.
მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩის კუთხეში [#7/19] მდგარი ერთსართულიანი სახლის ნაცვლად მეპატრონე აქ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენებას აპირებს.
ამ ადგილზე მშენებლობის ნებართვა, რაც თავისთავად არსებული სახლის დემონტაჟსაც გულისხმობს, ბათუმის მერიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით აქვს გაცემული.
ბელეტაჟის ტიპის სახლი ძველ ბათუმში დღეს, 19 დეკემბერს, დაანგრიესასე გამოიყურებოდა მაზნიაშვილისა და მელაშვილის ქუჩების კუთხეში მდგარი ბელეტაჟი.ასე გამოიყურება მაზნიაშვილის და მელაშვილის ქუჩების კუთხე 19 დეკემბერს. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და ბათუმის მერიის მიერ მოწონებულ/დამტკიცებული პროექტის თანახმად აქ სამსართულიანი სახლი აშენდება.
სამსართულიანი სახლის პირველი სართული მინით იქნება დაფარული, მეორე და მესამე სართულსაც ქუჩის მხარეს გამავალი შუშები ექნება
მაზნიაშვილის ქუჩა, ბათუმი, 19 დეკემბერი, 2021 წელი
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 33 813 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 095 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 718 PCR ტესტით.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 319 პირი, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 858 949-მდე გაიზარდა.
19 დეკემბერს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 195 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 032 შემთხვევა, აჭარა – 149, იმერეთი – 380, ქვემო ქართლი – 98, შიდა ქართლი – 116, გურია – 76, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 160, კახეთი – 95, მცხეთა-მთიანეთი – 60, სამცხე-ჯავახეთი – 26, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -3.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.49%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.96% ხოლო 7 დღის მანძილზე – 6.48%.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 909 160-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 13 071 პირი ემსხვერპლა.
26 წლის დარინა ცეცხლაძე გერმანიაში Au Pair პროგრამით ათი თვის წინ წავიდა. ოპერად წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ცხოვრობ და მუშაობ ლეგალურად. გყავს მიმწვევი ოჯახი, რომელიც უზრუნველგყოფს ბინით, საკვებით, გიფინანსებს ენის კურსებს, სანაცვლოდ კი მონაწილეობ ბავშვის აღზრდაში. პროგრამა ოპერს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ერთის მხრივ ენის ცოდნა, მეორე მხრივ კი ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში.
დარინას თავდაპირველად მაგისტრატურის გავლა სურდა გერმანიაში. თუმცა რიგი ფაქტორების გამო, მაგისტრატურა საქართველოში დაამთავრა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სამომავლო გეგმებიც შეცვალა და საბოლოოდ გადაწყვიტა Au Pair პროგრამით ესარგებლა.
„კოვიდის გამო ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა გერმანიაში ჩამოსვლა Au Pair პროგრამაა. აქ არ წამოვსულვარ იმისთვის, რომ ბევრი ფული გამოვიმუშაო. ჩემი მთავარი მიზანი არის ენის შესწავლა და შემდგომ უკვე ჩემი ოცნების ასრულება. ბაკალავრი მაქვს ფინანსების განხრით დასრულებული. მაგისტრატურა მაქვს ფინანსები და საბანკო საქმე. ახლა მინდა ბიზნესის მართვის მხრივ დავასრულო დოქტორანტურა.
ეს პროფესია მოითხოვს ენის ცოდნას C2 დონის დონეზე. გჭირდება ძალიან ბევრი შრომა, გჭირდება პრაქტიკა. ერთ-ერთი კარგი საშუალება ზუსტად ეს პროგრამა იყო, რადგან შეგიძლია ყოველდღიური კონტაქტი გერმანელებთან, შეგიძლია ყოველდღიურად საუბარი. ეს არის ძალიან დიდი პლუსი. დოქტორანტურის დასრულება გერმანიაში ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, მჭირდება ფული ბინისთვის. აქ მუშაობა და უნივერსიტეტში სწავლა ერთდროულად ურთულესია.
ამიტომ ვიფიქრე, სხვა პროგრამები ვცადო. ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც დაგეხმარება ფულის დაგროვებაში, პარალელურად სწავლობ, თეორიასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებ და ამ პრაქტიკაში სახელმწიფო და ფირმა გიხდის ფულს, რომელიც საკმარისია კვებისთვის, ტანსაცმლის საყიდლად, ცოტა გართობისთვის.
მოლოდინი და რეალობა
ენის სწავლა სამი წლის წინ დავიწყე. დაახლოებით 10 თვის წინ ჩამოვედი გერმანიაში. მთელი ორი წელი და ორი თვე გერმანულს ვსწავლობდი.
მქონდა მიზანი და ამ მიზნისკენ მივისწრაფოდი. თუმცა აქ რომ ჩამოვედი, ცოტა სხვა რეალობაში მომიწია ცხოვრება. გაცილებით რთული აღმოჩნდა იმაზე, ვიდრე მოველოდი.
Au Pair პროგრამა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს გარედან. ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, რადგან მთელი ერთი წელი გიწევს სხვა ოჯახში ყოფნა. გიწევს ახალი კულტურული გარემოს შესწავლა, ახალი მეგობრები, ახალი სამეზობლო. მთელი ერთი წელი გაქვს სიახლეები.
ოპერის პროგრამა იწყება 18 წლიდან, მაგრამ მე ვფიქრობ 18-19 წლის მოზარდებისთვის საკმაოდ რთულია, რადგან მთლიანად დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობ. არავინ არ გეხმარება. შენი გზა, შენ თვითონვე უნდა გაიკვალო.
საერთოდ სხვა კულტურა არის, სხვა ცხოვრების წესი აქვთ და შენ უნდა აუწყო ამ ცხოვრების წესს ფეხი.
მაგალითად, არ გაქვს ბევრი დრო მეგობრებისთვის. არ გაქვს ბევრი დრო ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. აქ 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაო, უნდა ისწავლო და მიჰყვე შენს მიზანს.
მთავარი სირთულე
ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ოჯახის წევრებთან არ შემეძლო დიდხანს საუბარი, ყოველდღიური კონტაქტი არ მქონდა.
ჩემი დილა იწყებოდა ცხრა საათზე. 4 საათი მქონდა ენის კურსები, შემდგომ ეხმარები ოჯახს ბავშვის აღზრდაში, საღამოს ისევ ენის კურსები, ან პრაქტიკულ ნაწილს გადიხარ.
ამიტომ დრო საერთოდ არ გრჩება ოჯახის წევრებისთვის.
ახლა ცოტა სხვაგვარი სიტუაცია მაქვს. ჩემ მიმღებ ოჯახს აქვს საკუთარი ფირმა. პრაქტიკებს გავდივარ ამ ფირმაში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსია, რადგან ვეცნობი გერმანული ფირმის საქმიანობას. როგორ უმკლავდებიან სირთულეებს, როგორ ემსახურებიან მომხმარებლებს. ჩემი მიმღები ოჯახი – დედაც და მამაც ფიქრობენ, რომ ბავშვის აღზრდაში უნდა მიიღონ სრული მონაწილეობა. ამიტომ ბაღში მშობლებს მიჰყავთ, ბაღიდან მშობლებს მოჰყავთ.
კვირაში ორი-სამი დღე ბავშვი ბებია-ბაბუასთანაა. შესაბამისად ისე ხდება, რომ როცა ავად არის, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მევალება ოჯახის დახმარება.
კვირაში სამი-ოთხი დღე ვარ ფირმაში. ვეხმარები მათ. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი გერმანელებთან, ყოველდღიური საქმე უფრო მეტად განვითარებას.
რა შეცვალა გერმანიაში ცხოვრებამ
გერმანიამ ისეთი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცნობიერებაში, რომ მხოლოდ ამ გარდატეხისთვის ღირდა ის სამი წელი ცდა საქართველოში და ბრძოლა, რომ გერმანიაში წამოვსულიყავი.
პირველ რიგში დამაძლევინა ასაკის შიში.
საქართველოში სამწუხაროდ შრომითი ბაზარი გვაქვს ცუდად აწყობილი. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ეძებს 25-30 წლამდე ახალგაზრდებს. 30 წლის შემდეგ ძალიან ბევრ შემთხვევაში არ აქვთ საშუალება განავითარონ საკუთარი თავი.
გერმანიაში ყველაზე მეტად რაც მომეწონა, პატივს სცემენ ადამიანის გამოცდილებას და არა დავუშვათ იმას, რომ ლამაზია ან ახალგაზრდაა. რადგან ნებისმიერ ფირმაში, ნებისმიერ მარკეტში, ნებისმიერ ჰიპერმარკეტში – არ აქვს მნიშვნელობა, ნახავ 70-80 წლის ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ.
ყველაზე მეტად რამაც გავლენა მოახდინა, აქ არის პროფესიული სასწავლებელი, ამ პროგრამაში სწავლას იწყებენ 30-40-50 წლის ადამიანები. შეიძლება 40 წლისამ გადაწყვიტოს, რომ აქამდე რა პროფესიაც ჰქონდა, ის პროფესია აღარ მოსწონს, აღარ არის ეს მათთვის საინტერესო და თავიდან იწყებენ 40 წლის ასაკში სწავლას.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები და შევქმნი პატარა ფირმას, აუცილებლად დავასაქმებ ასაკოვან ხალხს – მე მჭირდება მათი გამოცდილება, მათი ჭკუა და არა მათი სილამაზე.
ახლა ვარ 26 წლის და სულ შიში მქონდა, რომ 30 წლამდე ვერ მოვახერხებდი საკუთარი თავის რეალიზებას. სულ შიში მქონდა, რომ 30 წლამდე უნდა მომესწრო ყველაფერი, 30 წლის შემდეგ ნეტავ რა მელოდება, რა საქმე უნდა გავაკეთო და ა.შ.
კი, ჩვენთანაც 60 წლამდე ადამიანებიც მუშაობენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სამსახური ითხოვს 25-30 წლამდე ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენს სამშობლოში ძალიან რთული მიდგომა.
რა შეიძლება გააკეთო Au Pair-ის ხელფასით
Au Pair-ის მაქსიმალური ხელფასი 280 ევროა. ეს თანხა გაქვს ჯიბის ფულად. კვება შედის ოჯახის მოვალეობაში. ასევე ყველანაირი გადასახადი. ვსარგებლობ მანქანით და ამ მანქანის საწვავის თანხაც შედის ოჯახის მოვალეობაში. შესაბამისად, ეს 280 ევრო არის მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ოჯახზე ზრუნვა არ მიწევს, ეს როლი აღებული აქვს ჩემს უფროსს ძმას, რომელიც საფრანგეთშია, მე ვავითარებ მხოლოდ ჩემს თავს. ამ თანხასაც ვდებ ისევ ჩემს განათლებაში.
საღამოს ენის კურსები არ ევალება ჩემს ოჯახს, მაგრამ მე ვიხდი ყოველთვიურად ფულს. ასევე მყავს კერძო მასწავლებელი საქართველოდან, რომელსაც ამ ხელფასით ვუხდი ფულს. მთლიან თანხას ვდებ საკუთარ განათლებაში.
თუმცა არის ძალიან ბევრი Au Pair, რომელიც ამ 280 ევროდან 200 ევროს საქართველოში უგზავნის თავის ოჯახს.
გერმანული ენის სწავლა
გერმანული ენა ურთულესია. თავიდან პირველი სამი თვე მქონდა სრული დეპრესია, რადგან რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო მეტი დრო გჭირდება. მთელი დღე რომ ისწავლო, მაინც არ არის საკმარისი.
მე დამეხმარა მომწვევი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მუშაობენ, საღამოს გამონახავენ ხოლმე დროს იმისათვის, რომ ვისაუბროთ, მისწორებენ რასაც არასწორად ვამბობ. ამიტომ ჩემი ოჯახი ვფიქრობ ნამდვილი საჩუქარია ჩემთვის.
დილით რასაც ვსწავლობ გრამატიკას, საღამოს ვამყარებ პრაქტიკით. ჩემს ოჯახთან ვსაუბრობ სხვადასხვა თემაზე, ვსაუბრობთ რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ფირმის განვითარებაზე. ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა თემა.
Au Pair პროგრამაში მონაწილეობისთვის საკმარისია A1 დონეზე ფლობდე ენას. ეს არის ელემენტარული საკითხების ცოდნა. მაგალითად, თავის წარდგენა, მისალმება, დამშვიდობება. ელემენტარული ცოდნა არის საჭირო, რომ მიიღო Au Pair-ის ვიზა და ჩამოხვიდე გერმანიაში.
სამომავლო გეგმები და საქართველო
აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ჩემი მიზანია, აქ მივიღო რაც შეიძლება მეტი გამოცდილება, ჩამოვიდე საქართველოში, ეს გამოცდილება დავახარჯო ჩემს ქვეყანას. ამით არ ვაკნინებ სხვა ახალგაზრდებს, რომლებსაც აქ დარჩენა უნდათ. ვფიქრობ, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობს. ვერ გთავაზობს ვერაფერს, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით ჩავიდნენ საქართველოში და მათ როგორც შეეფერებათ, მსგავს სამსახურებში დასაქმდნენ.
მე სულ სხვა გეგმები მაქვს. ვფიქრობ, მარკეტინგული კომპანია გავაკეთო, რომელიც მოიცავს მენეჯმენტს, მარკეტინგს და გაყიდვების სფეროს. საკმაოდ განვითარებული სფეროა საქართველოში და აქაური გამოცდილება ძალიან დამეხმარება.
რას უნდა აკეთებდეს ჩემი ქვეყანა ახალგაზრდებისთვის
ძალიან ბევრი ქართველია გერმანიაში. ბევრ ქართველს მიღებული აქვს ან გრძელვადიანი ვიზა ან დიდი ხნით აპირებს აქ დარჩენას. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ფიზიკურად ვერ ვაკრიტიკებ ჩემს მეგობრებს, რომლებსაც აქ დარჩენა სურთ.
სულ აქვთ ერთი კითხვა – რა შემიძლია გავაკეთო ჩემს სამშობლოში ისეთი, რომ მიღირდეს იქ დაბრუნება? ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდების განვითარებას, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას – ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩადება ღირს განათლებაში. მერე უკვე ორმაგად, სამმაგად და ათმაგად ამოიღებ ამ დახარჯულ თანხას.
უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს ახალგაზრდებს, რომ ჩამოვიდნენ საკუთარ ქვეყანაში. შესთავაზონ მეტი დასაქმება, მეტი მაღალი ხელფასი.
დღეს შეიძლება ჩახვიდე საქართველოში და 500-ლარიან ხელფასს გთავაზობენ. სადაც შედარებით მაღალი ხელფასია, სახელმწიფო სამსახურში მანდ, სამწუხაროდ, ახლობლობით, მეზობლობით, ნათესაობით, ხდება მიღება. ეს ჩემთვისაც და სხვა ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მტკივნეულია.
საქართველოში რომ ვიყავი, ამ პრობლემებში დიდად სიღრმისეულად არ ჩამიხედავს. მე შედარებით მაღალი ანაზღაურება მქონდა. სხვა სფეროში ვმუშაობდი.
მაგრამ როცა გერმანიაში ჩამოვედი, აქედან უფრო მეტი შედარების საშუალება მაქვს. ამ ქვეყანას რომ შეადარო რა აქვს მინუსი შენს ქვეყანას, უფრო მეტად აცნობიერებ შენი ქვეყნის პრობლემებს. აქედან გამომდინარე აქ მყოფი ქართველები კარგად ხედავენ, რამხელა პრობლემები გვაქვს საქართველოში. ამიტომ ურჩევნიათ აქ გააგრძელონ ცხოვრება.
ვხედავ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენი ხალხი მიედინება და ახლა რამდენი მეგობარი კიდევ უკან მომყვა ამ პროგრამით… უამრავი, უამრავი ადამიანი გადის ქვეყნიდან და ეს არის ყველაზე ცუდი ქვეყნისთვის. მომავალი თაობა აღარ გვყავს ფაქტობრივად ქვეყანაში.
ეს არის არამხოლოდ სახელმწიფოს ბრალი, ხალხმაც არ უნდა შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ის რომ მე მაქვს დიდი ფირმა, უნდა შევუწყო ხელი, რომ ახალგაზრდები დავასაქმო.
როცა ოცი წლის ახალგაზრდას ასაქმებ, იმას არ უნდა მოსთხოვო ხუთ და ათწლიანი გამოცდილება. საერთოდ შეუსაბამოა, თან ახალგაზრდა ადამიანებს ითხოვდე დასასაქმებლად და თან ამ ადამიანებს 5-10 წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვდე. აბსურდია. ჩემი აზრით, უნდა მიეცეს მეტი მოტივაცია ახალგაზრდებს. რომლებსაც საზღვარგარეთ აქვთ განათლება მიღებული და არა მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველოში ოთხი წელი დრო ფული და ძალისხმევა დახარჯეს განათლების მისაღებად, შემდგომ არ უნდა იმუშაონ 500 ლარიან სამსახურში და ვიღაცა ნაცნობობით არ უნდა მოეწყოს 2 000 ლარიან სამსახურში.
როცა ხედავს ახალგაზრდობა ამ ყველაფერს, აღარ აქვთ სურვილი, რომ აქ დარჩნენ.
საქართველოში სრული განათლების მიღება არის მარტივი. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს, რადგან როდესაც ევროპის ქვეყნებში მოდიან, ყველა პროფესორი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ჭკვიანი ახალგაზრდები მოდიან საქართველოდან.
ძალიან კარგად შეუძლიათ ფიქრი, ანალიზი, ახალი იდეების მოძიება და ა.შ. ეს არის ტრაგიკული ძალიან, რომ ეს ჭკვიანი ახალგაზრდები მოდიან საზღვარგარეთ და სხვადასხვა ქვეყანას კვებავენ გონებით და არა საკუთარ სამშობლოს.
იმ იდეებით შეგვიძლია ძალიან მაგარი ქვეყანა გავხადოთ საქართველო, მაგრამ სახელმწიფო არ გვიწყობს ხელს, რომ ჩვენი იდები მოისმინონ, ჩვენი აზრები განავითაროს…
არ მინდა, რომ პოლიტიკურში გადამივიდეს, მაგრამ ვფიქრობ სააკაშვილს ჰქონდა კარგი გათვლა – მთელი რესურსები მიდიოდა ახალგაზრდების განათლებაში. შემდგომ ამ ახალგაზრდების ჩამოყვანაში საქართველოში და ამ იდეების განვითარებაში. მაგ დროს უფრო მეტად იყვნენ მოტივირებული ახალგაზრდები, რომ რაც შეიძლება მეტი ესწავლათ და იცოდნენ, რომ მათი ცოდნით შეეძლოთ თავიანთი გზის გაკვალვა.
დღეს, სამწუხაროდ, ვეღარ ვხედავ მე ამას და ზუსტად ეს გვჭირდება – რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა. ვიღაცამ არ უნდა მაჯობოს ვიღაცის ნათესაობით, უნდა მაჯობოს ჭკუით, განათლებით. ეს არის მთავარი მოტივაცია ახალგაზრდებისათვის, რომ მე როცა ჩემს განათლებაში ვდებ ამდენ ფულს, ამდენ დროს, ვდებ მთელს ჩემს ახალგაზრდობას, უნდა მიღირდეს იმად, რომ საბოლოოდ მე მივიღებ შედეგს.
მარტო სახელმწიფოსაც რომ არ დავაბრალოთ, სინამდვილეში ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშია, სულ გვავიწყდება ის ფაქტი, რამდენად დიდი ძალა გვაქვს ხალხს და რომ ნორმალურ ქვეყანაში ხალხი მართავს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ასევე დოგმად გვაქვს ქცეული, რომ ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უმაღლესი უნდა დაამთავრონ და პროფესიული სასწავლებლები მიჩქმალული გვაქვს. ქართველ მშობელს ურჩევნია მისი შვილები არშემდგარი იურისტი, ეკონომისტი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყოს, ვიდრე შემდგარი და წარმატებული ხელოვანი, სტილისტი და ა.შ.
„ბევრი ვერ მოდის სამსახურიდან იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ის ანაზღაურება, რასაც გამოიმუშავებენ თუნდაც შეუსაბამო და დამამცირებელ პირობებში. შვილები ჰყავთ, საკვების ფული, ზოგი ქირაში ცხოვრობს, ზოგს სწავლის საფასური აქვს… ამიტომ ხუჭავენ თვალს და ირჩევენ გზას, რასაც ჰქვიადუმილი.
სამწუხაროდ, არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ამ ანაზღაურებაზე არიან დამოკიდებული. მათიც მესმის”, – ამბობს 18 წლის ალექსანდრე ფაცაცია.
მას კონსულტანტად მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება აქვს მაღაზიათა ქსელ „სპარსა“ და „ორ ნაბიჯში“.
ალექსანდრე 16 წლის იყო, როცა პირველად დაიწყო მუშაობა კონსულტანტად. გამომუშავებული პირველი ხელფასით კი დიდი ხნის წინ გაფუჭებული ტელეფონი შეაკეთა.
ვაკანსიის შესახებ მეგობრისგან გაიგო, რომელმაც პირდაპირ გასაუბრებაზე მისვლა ურჩია. „ძალიან ხანმოკლე და ზოგადი გასაუბრება იყო. კადრების ნაკლებობა ჰქონდათ, ამიტომ ბევრი ამბავი არ დასჭირვებია ჩემს აყვანას“, – ამბობს ალექსანდრე.
ალექსანდრემ კონსულტანტად მუშაობას თავი დაახლოებით ორი თვეა დაანება. ახლა ხმამაღლა საუბრობს იმ პრობლემებსა და მძიმე ფიზიკურ დატვირთვაზე, რასთანაც უწევთ ჭიდილი კონსულტანტებს.
„გიწევს დამლაგებლის როლის შეთავსება, სალაროსთან მომსახურება, საწყობიდან პროდუქციის გამოტანა, პერიოდულად დახლების შევსება, დისტრიბუტორებზე დახვედრა, პროდუქციის აღწერა, აწონა, დაფასოება. ასე ეძახიან – “მასშტაბური დალაგება”, კვირაში ერთი დღე გვიწევდა იატაკების, კედლების, მაცივრების ხეხვა. ცხადია, დიდი ფიზიკური შრომა დევს ამაში, სამუშაო პირობები კი შეუსაბამოა ხელფასთან”, – ამბობს ალექსანდრე ფაცაცია.
ალექსანდრეს ანაზღაურება ბოლო სამსახურში, სადაც კონსულტანტად მუშაობდა, 390 ლარი იყო.
„გასაუბრებაზე გეუბნებიან, რომ ყოველ კვირაში ტარდება თათბირი, როცა მიდიხარ, ყველაფერს იდეალურად გიხატავენ, მაგრამ თათბირები ძირითადად არასდროს ტარდება და, შესაბამისად, არაფრის განხილვაც არ ხდება. შიგნით რომ შედიხარ და კონტრაქტი ფორმდება, მერე ყველაფერი სხვაგვარადაა.
ფილიალებს არ ჰყავთ დაცვის თანამშრომლები, ხშირად შემოდის მომხმარებელი არაფხიზელ მდგომარეობაში. ერთი ჩემს თანამშრომელს ფიზიკურადაც კი გაუსწორდა – ნასვამი კაცი. ღილაკს მივაჭირეთ, გამოვიძახეთ დაცვა, მაგრამ სანამ მოვიდნენ ადგილზე, წავიდა ის პიროვნება.
რეალურად მარკეტებს ფორმალურად აქვთ კონტრაქტი დაცვის კომპანიებთან – როცა დაგვჭირდა, არც ერთხელ არ გამოდგა ეფექტური. 112-ს რომ დაუკავშირდე, უფრო მალე მოვლენ პოლიციელები, ვიდრე რომელიმე დაცვის თანამშრომელი, რომელთანაც კომპანიას ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
სამჯერ გეკუთვნის 20-20-წუთიანი შესვენება, რისი გამოყენების შესაძლებლობაც ფიზიკურად არ გვქონდა – როცა ერთი კადრი აკლდება მარკეტს თუნდაც 20 წუთით, გადატვირთულად მუშაობს ობიექტი. ერთი სიტყვით, შესვენებას ვერ ვიყენებდით. სულ იყო ამ თემაზე უთანხმოება მოლარე-კონსულტანტებსა და ფილიალის მენეჯერებს შორის”, – გვიყვება ალექსანდრე ფაცაცია.
ალექსანდრე ფაცაცია საუბრობს მენეჯერების შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე მოლარე-კონსულტანტების მიმართ. „მენეჯერები ქედმაღლურ დამოკიდებულებას იჩენდნენ. ბოლოს, სადაც ვმუშაობდი, სამსახურიდან ამ მიზეზით წამოვედი, რადგან მენეჯერის მხრიდან ხშირად იყო თითის ქნევა, მაღალი ტონი, შეურაცხმყოფელი სიტყვები, დამამცირებელი მიმართვები და ა.შ. ეს ჩემთვის მიუღებელია, რა სახის სამსახურიც არ უნდა იყოს”, – გვითხრა ალექსანდრემ.
ალექსანდრე ფაცაციას თქმით, ვიდრე სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებდა, სცადა ამ ყველაფერზე კომპანიის ადმინისტრაციასთან ესაუბრა, მათ შორის ფილიალის მენეჯერთან უთანხმოების შესახებ. „მინდოდა, რომ ეს საკითხი შეესწავლათ დეტალურად და დაინტერესებულიყვნენ, მაგრამ სადაც ვმუშაობდი, იმ ფილიალს განრიდება და სხვა ფილიალში გადაყვანა შემომთავაზეს. ამაზე უარი ვთქვი და წამოსვლა გადავწყვიტე”, – ჰყვება ყოფილი კონსულტანტი.
ალექსანდრე ბათუმელია და რამდენიმე თვით თბილისშიც მოუწია ცხოვრება. თბილისში ყოფნის დროსაც კონსულტანტად მუშაობდა თავის რჩენისა და ჯიბის ფულისთვის.
მისი თქმით, მარკეტებში ბევრი ახალგაზრდისა და სტუდენტის მუშაობას ის განაპირობებს, რომ შედარებით მოქნილი გრაფიკი აქვთ. ძირითადად ღამის ცვლას ირჩევენ ახალგაზრდები.
ყოფილი კონსულტანტის თქმით, ისევ იმუშავებს მოლარე-კონსულტანტად, თუ მისი უფლებების დარღვევის საშიშროება არ იარსებებს.
„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა.
„ეზოში როცა გამოვედი ბავშვთან ერთად და ნანგრევებს შევხედე, ჩემთვის ვიხვეწებოდი, ნეტა, ისინი სახლში არ იყვნენ-მეთქი, მაგრამ ასე არ იყო,“ – რკინის ღობეს იქეთ დარჩენილ ნანგრევებს გაჰყურებს ელენე აბაიშვილი. მას ახლაც უჭირს თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესვლა, საიდანაც ოჯახები ქირით გაიყვანეს, ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები მომზადდება და მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
დაცარიელებულ ეზოში ყურადღებას იქცევს თოკი ნახევრად ჩამოყრილი, ფერადი სარეცხით. ეს ელენეს ბინაა, მეოთხე სართული. ელენეს 8 ოქტომბრის გახსენება უჭირს, ისევე როგორც ბინაში შესვლა და სარეცხის ჩამოხსნა თოკიდან, გვერდით მდებარე სადარბაზოს ჩამონგრევამდე ზუსტად 5 წუთით ადრე რომ გაფინა.
ელენეს აივანი დღეს. 8 ოქტომბერს გაფენილი სარეცხი 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ეზოში.
8 ოქტომბრის შემდეგ მერიას ამ დრომდე მიმართავენ ბათუმის მცხოვრებლები და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმებას სთხოვენ. ბოლო მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმში 144 მისამართზეა ცხოვრება საშიში. ეს მინიმუმ 1500 ოჯახის პრობლემა. პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და სიცოცხლის უფლებას.
„როდესაც სართულები ინგრეოდა, იყო ეს ხმები: დუგ, დუგ, დუგ… როგორც კი ვიგებ მსგავს ხმას, არაადეკვატური რეაქცია მაქვს. შეიძლება, ვიჯდე, წამოვხტე, გავიხედო და ვიკითხო: რა ხდება? ამას წინათ, ჩემი მეზობელი უბრალოდ სახლს რთავდა, სადაც ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, იმ მეზობელს ვგულისხმობ, ლურსმანს აჭედებდა. იმის ხმაზეც კი არაადეკვატური რეაქცია მქონდა, გავედი და ვიკითხე, თუ რას აკეთებდა,“ – საკუთარ თავზე დაკვირვებას გვიზიარებს ელენე აბაიშვილი, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრები.
გავქვავდი იმ დღესო, დასძენს ელენე და ამბობს, რომ 8 ოქტომბრის ამბავიც თანდათანობით აღიდგინა:
„ზუსტად 40 დღის გახდა 8 ოქტომბერს ჩემი შვილი… დილით გავიღვიძეთ ჩვეულებრივად, ბავშვს მოვუარე, ვაჭამე, ჩემი მეუღლე წავიდა ზუსტად 15 წუთით ადრე პროდუქტების საყიდლად, ამავდროულად ჩამოიარეს, იყო კაკუნი, რომ გაზი ითიშება და ფრთხილად იყავითო,“ – ნანგრევებთან ახლოს, რკინის ღობესთან ჩერდება ელენე და ახსენდება, სარეცხის გაფენის შემდეგ ისევ სააბაზანოში რომ შებრუნდა, რადგან ბავშვის ტანსაცმელიც უნდა გაეფინა.
რეცხვის ავტომატური რეჟიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა. ელენე უკან ბრუნდება და კედელთან მდგარ საწოლზე მძინარე ბავშვს დაჰყურებს. ბავშვს მშვიდად სძინავს. ელენე სავარძელს უბრუნდება…
„ზუსტად ამ დროს სახლი წავიდა წინ, მერე უკან, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მქონდა, იყო ხმები დუგ-დუგ-დუგ… სანამ ეს ხმა დამთავრდებოდა… თავი რომ ავწიე, იყო საშინელი მტვერი… ბავშვს ვაცმევდი, ვყვიროდი: მარტო ვარ, ბავშვთან ერთად, ვინმემ მიშველეთ-მეთქი.
არავინ გამოსულა.
ზედა სართულიდან ჩემი მეზობელი გამორბოდა, ერთი ის მითხრა, რომ „საქართველოს ბანკის“ გვერდით ჩამოინგრა შენობაო.
როცა სადარბაზოდან გამოვედი, შემდეგ დავინახე ეს ნანგრევები“, – კორპუსებს შორის დარჩენილ სიცარიელეს აკვირდება ელენე, სადაც იმ დილით ნანგრევებში ადამიანების ძებნა დაიწყეს.
ელენეს ბავშვით ხელში, პირველ რიგში, ინგა გაახსენდა. ინგა ელენეს კარის მეზობელი იყო. ამ ქალის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. მანამდე ელენე ტელევიზორს არ შორდებოდა აკვიატებული ფიქრით: „იქნებ გადარჩნენ“.
პროფესიით ფსიქოლოგია ელენე აბაიშვილი და თვლის, რომ ამ სტრესს არათუ დაღუპული ადამიანების ოჯახები, არამედ მეზობლები და სხვებიც ვერასდროს დაივიწყებენ – „მე გაქცევა ვამჯობინე, ვეღარ გავჩერდი აქ… სულ ვუყურებდი ტელევიზორს.
ინგას ძირითადად აივანზე ვნახულობდი. ის გამოდიოდა აივანზე და მეც.
იმ დილასაც გავხედე ინგას აივანს. კარები ევროზე იყო მოკეტილი და ვიფიქრე, ალბათ სოფელში არიან-მეთქი,“ – გვიყვება ელენე, რომელიც ვეღარ ეშვება ფიქრს იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმ დილითაც ინგა ბავშვებთან ერთად აივანზე ყოფილიყო და ბავშვები მაინც გადმოეწოდებინა ელენესთვის ნანგრევებიდან.
„ჩვენი აივნები ისე ახლოს იყო… რამდენჯერმე კარი ჩაგვეკეტა და ჩემი მეუღლე მათი აივნიდან ჩვენთან გადავიდა, რომ შიგნიდან კარი გაგვეღო. ამ სახლში იგივე ემოციებით როგორ უნდა ვიცხოვრო?“ – კითხულობს ელენე.
ელენე აბაიშვილის აზრით, სპეციალისტები ხშირად უნდა ამოწმებდნენ ავარიული სახლების მდგომარეობას, ხოლო თუკი ეს ფინანსურად რთულია, ხელისუფლებამ ამ პროცესში ბიზნესი უნდა ჩართოს. ელენე ელის, რომ ამჯერად მაინც ექნება ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია.
გარდა იმისა, რომ ელენე საუბრის დროს ხშირად ახსენებს უსაფრთხოებას, იმეორებს ფრაზასაც: „ეს არ უნდა მომხდარიყო“.
„მძაფრად და ახლა უფრო ადეკვატური რეაქციები უნდა ჰქონდეთ. როგორც კი რაღაცას შეიტყობენ, სერიოზულად უნდა აღიქვან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს… აქაც ნებართვა ხომ იმაზე არ ექნებოდა, კედლები გამოეღო, ეს ცოტა გამკაცრებული რომ ყოფილიყო, ალბათ ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა, ყველა ძალიან ფრთხილად და დაფიქრებულად უნდა იყოს, რაღაც სიმშვიდეს ვპოვებთ ხო სახლში…
პატარა ბავშვი სახლში არ უნდა იღუპებოდეს, სხვა რა უნდა ვთქვა, არ არსებობს სხვა ემოცია, ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – დაასრულა ელენემ.
გონიოში, ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნასა და იქ კაზინოების განთავსებაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელებას მთავრობა 2022 წლიდან გეგმავს.
„ჩემი ინიციატივით, გონიოში ყოფილი პოლიგონის ტერიტორიაზე, რომელიც 300 ჰექტარს მოიცავს, სპეციალურ ეკონომიკურ ზონას შევქმნით, სადაც ახალი ფინანსური ცენტრიც აშენდება და ტერიტორიაზე სასტუმროები და კაზინოებიც განთავსდება“, – აღნიშნა პრემიერმა 18 დეკემბერს მთავრობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას.
„ახალი ქალაქის აშენებაზე თავისი კაზინოებით“ ირაკლი ღარიბაშვილმა პირველად წინასაარჩევნო პერიოდში, გონიოში, 17 აგვისტოს განაცხადა: „გონიოში უნდა აშენდეს ახალი ქალაქი თავისი კაზინოებით, ოფისებით, ბანკებით, ფინანსური ცენტრი უნდა შეიქმნას და რეალურად ახალი სიცოცხლე შევიტანოთ ამ მხარეში და ამ რეგიონში“.
ამავე დროს, საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით უკვე მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც 25 წლამდე პირები კაზინოში ვეღარ ითამაშებენ. აკრძალვა შეეხება ონლაინთამაშებსაც. კანონპროექტი თამაშს მილიონამდე ადამიანს უზღუდავს.
„ბათუმელები“ დაინტერესდა, 21-დან 25 წლამდე რამდენი პირია დღეს მოთამაშეთა რეესტრში, ასევე აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა სიაში.
„რაც შეეხება 21-დან 25 წლამდე ასაკის მოქალაქეთა მოთამაშეთა რეესტრში რეგისტრაციას და მოქალაქეების დამოკიდებულ პირთა სიაში შეყვანას, დღეის მდგომარეობით მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავს რეგულაციას“, – მოგვწერეს შემოსავლების სამსახურიდან.
შემოსავლების სამსახურიდან ვერ მივიღეთ ასევე ინფორმაცია აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე კომპანიების ერთობლივი შემოსავლის შესახებ:
„საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, მოგების გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციის ფორმა, რომელსაც გადამხდელები წარმოადგენენ 2017 წლიდან, ერთობლივი შემოსავლის მითითებას არ ითვალისწინებს. შესაბამისად, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მოგაწოდოთ ინფორმაცია აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე პირების ერთობლივი შემოსავლის შესახებ“.
აზარტული და მომგებიანი თამაშობების მქონე კომპანიებში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2019 წელთან შეარებით 7 894-ით არის შემცირებული.
„ბათუმელებისთვის“ შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იმ კომპანიებში, რომლებიც ფლობენ აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვას, 2019 წელს დასაქმებული იყო, ანუ ხელფასი აიღო 10 581-მა დასაქმებულმა, ხოლო 2020, პანდემიის წელს, მათი რაოდენობა 2 687-მდე შემცირდა.
სამსახურის განმარტებით, ამ შემთხვევაში „გადამხდელი [კომპანია] შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე ტიპის საქმიანობას და დასაქმებულთა რაოდენობა არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს [მაგ.: სათამაშო ბიზნესს]“.
შემოსავლების სამსახურს ანალოგიური ინფორმაცია, 2021 წლის მდგომარეობით, არ მოუწოდებია.
რაც შეეხება გადასახადებს, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მქონე გადამხდელებს 2019-დან 2021 წლის ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო და ადგილობრივ ბიუჯეტებში, ჯამში, 678 738 899 ლარი აქვთ გადახდილი.
იგივე კომპანიებს, იმავე პერიოდში, მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში 314 215 518 ლარი აქვთ გადახდილი.
წყარო: შემოსავლების სამსახური
წყარო: შემოსავლების სამსახური / შენიშვნა: გადამხდელი შესაძლოა ეწეოდეს რამდენიმე საქმიანობას და მის მიერ გადახდილი თანხები არ უკავშირდებოდეს საქმიანობის მხოლოდ ერთ სფეროს [მაგ.: სათამაშო ბიზნესს].მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი ასევე კრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას და ითვალისწინებს ონლაინ აზარტულ თამაშების ორგანიზატორი კომპანიების ახლებურად დაბეგვრას:
2021 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში სულ არის 6 კომპანია, რომლებიც სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ფარგლებში აზარტულ თამაშობებსაც აწყობენ სისტემურ-ელექტრონული ფორმით. აქედან 5 შემთხვევაში ნებართვა გაცემულია სათამაშო აპარატების სალონის ონლაინ მოწყობაზე, ხოლო 1 ნებართვა – ონლაინ კაზინოს მოწყობაზე.
ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განმარტებით, იგეგმება ონლაინ სათამაშო ბიზნესის ახალი წესით დაბეგვრა – GGR-ის 10%-ით. მან ეს მექანიზმი ასე ახსნა:
„მაგალითად, თუ კონკრეტულ სათამაშო ოპერატორს თვის განმავლობაში მთლიანი შემოსავალი ჰქონდა 100 ლარი და აქედან მან [მოთამაშეებზე] გასცა 30 ლარის მოგება, გამოდის, რომ სხვაობა, ესე იგი GGR, არის 70 ლარი. შესაბამისად, დაიბეგრება 70 ლარის 10%-ი, ანუ აღნიშნული ოპერატორი მომდევნო თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში 7 ლარს გადაიხდის“.
სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული თამაშობის დაბეგვრის დღეს არსებული წესი:
წყარო: შემოსავლების სამსახური
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონი და საქართველოს მთავრობა ადგენს სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის განაკვეთებს და უფლებამოსილია სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის გადახდაზე დაადგინოს შეღავათები [სრული ან ნაწილობრივი განთავისუფლება].
საქართველოს კანონმდებლობით: აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის უფლება აქვს მხოლოდ აზარტული თამაშობის ორგანიზატორს სამორინის მოწყობის ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვით. აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა.
ამასთანავე, სამორინის მოწყობის ერთი ნებართვით ან/და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ერთი ნებართვით დასაშვებია მხოლოდ ერთი ინტერნეტდომენის სახელით არსებული ვებგვერდის ორგანიზება.
შემოსავლების სამსახურის განმარტებით, „ვინაიდან აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობისთვის ცალკე ნებართვა არ გაიცემა, აზარტული თამაშობების, მათ შორის სამორინეს თამაშობების სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზება შესაძლებელია რეალურად მოწყობილი სამორინეს ან სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის არსებობის შემთხვევაში“.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე გახდა. ამ პოზიციას ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჟურნალისტი კამილა მამედოვა იკავებდა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
თამარ რუხაძე ამჟამად საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) სარედაქციო კონსულტანტია. 2016-2021 წლებში საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოში [IREX] მუშაობდა. ხოლო 2013-2015 წლებში ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავი 2-ის, მაესტროსა და მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსად.
თამარ რუხაძე ეთიკის ქარტიის საბჭოს ერთი წლის ვადით უხელმძღვანელებს.
დღესვე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრებმა ეთიკის ქარტიის საბჭოს ახალი წევრები აირჩიეს. დღევანდელი კენჭისყრით საბჭოს წევრი თბილისის კვოტით გახდა ონლაინგამოცემა on.ge-ს რედაქტორი, ხატია ღოღობერიძე;
რეგიონების კვოტით – თამარ რუხაძე (საინფორმაციო ცენტრების ქსელი ICN) და მანანა ქველიაშვილი Batumelebi.ge-ს რეპორტიორი.
ქარტიის საბჭოში სულ 9 წევრია, 6 წევრი რეგიონულ მედიას წარმოადგენს, 3 კი – თბილისს.
გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 53 ადამიანი.
ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 070 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 854 630
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 51 054 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 443 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 611 PCR ტესტით.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 906 965-ს.
ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 784 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 236 შემთხვევა, აჭარა – 215, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 137, შიდა ქართლი – 205, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 174, კახეთი – 143, მცხეთა-მთიანეთი – 88, სამცხე-ჯავახეთი – 59, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.
„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა.
„ეზოში როცა გამოვედი ბავშვთან ერთად და ნანგრევებს შევხედე, ჩემთვის ვიხვეწებოდი, ნეტა, ისინი სახლში არ იყვნენ-მეთქი, მაგრამ ასე არ იყო,“ – რკინის ღობეს იქეთ დარჩენილ ნანგრევებს გაჰყურებს ელენე აბაიშვილი. მას ახლაც უჭირს თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესვლა, საიდანაც ოჯახები ქირით გაიყვანეს, ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები მომზადდება და მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
დაცარიელებულ ეზოში ყურადღებას იქცევს თოკი ნახევრად ჩამოყრილი, ფერადი სარეცხით. ეს ელენეს ბინაა, მეოთხე სართული. ელენეს 8 ოქტომბრის გახსენება უჭირს, ისევე როგორც ბინაში შესვლა და სარეცხის ჩამოხსნა თოკიდან, გვერდით მდებარე სადარბაზოს ჩამონგრევამდე ზუსტად 5 წუთით ადრე რომ გაფინა.
8 ოქტომბერს გაფენილი სარეცხი 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ეზოში
8 ოქტომბრის შემდეგ მერიას ამ დრომდე მიმართავენ ბათუმის მცხოვრებლები და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმებას სთხოვენ. ბოლო მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმში 144 მისამართზეა ცხოვრება საშიში.
ეს მინიმუმ 1500 ოჯახის პრობლემა. პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და სიცოცხლის უფლებას.
ვინ უშველის ავარიულ სახლებს და როგორ? აქვს თუ არა რამე მოდელი ხელისუფლებას, მერიას, ავარიული სახლების პრობლემა რომ მოაგვაროს? – ამ სტატიაში ვცადეთ პასუხი მიგვეღო, როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ადამიანებისგან, საფრთხისშემცველ სახლებში რომ ცხოვრობენ, ან უკვე იცხოვრეს და ახლა, საუბრის დროს, ყველაზე ხშირად ამ ფრაზას ახსენებენ: „უსაფრთხოებაზე ძვირფასი არაფერია“.
„ნეტა აივანზე ყოფილიყვნენ, ბავშვებს მაინც გადმოაწვდიდა“ – ელენე ჩამონგრეული კორპუსიდან
„როდესაც სართულები ინგრეოდა, იყო ეს ხმები: დუგ, დუგ, დუგ… როგორც კი ვიგებ მსგავს ხმას, არაადეკვატური რეაქცია მაქვს. შეიძლება, ვიჯდე, წამოვხტე, გავიხედო და ვიკითხო: რა ხდება? ამას წინათ, ჩემი მეზობელი უბრალოდ სახლს რთავდა, სადაც ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, იმ მეზობელს ვგულისხმობ, ლურსმანს აჭედებდა. იმის ხმაზეც კი არაადეკვატური რეაქცია მქონდა, გავედი და ვიკითხე, თუ რას აკეთებდა,“ – საკუთარ თავზე დაკვირვებას გვიზიარებს ელენე აბაიშვილი, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრები.
ელენე აბაიშვილი
გავქვავდი იმ დღესო, დასძენს ელენე და ამბობს, რომ 8 ოქტომბრის ამბავიც თანდათანობით აღიდგინა:
„ზუსტად 40 დღის გახდა 8 ოქტომბერს ჩემი შვილი… დილით გავიღვიძეთ ჩვეულებრივად, ბავშვს მოვუარე, ვაჭამე, ჩემი მეუღლე წავიდა ზუსტად 15 წუთით ადრე პროდუქტების საყიდლად, ამავდროულად ჩამოიარეს, იყო კაკუნი, რომ გაზი ითიშება და ფრთხილად იყავითო,“ – ნანგრევებთან ახლოს, რკინის ღობესთან ჩერდება ელენე და ახსენდება, სარეცხის გაფენის შემდეგ ისევ სააბაზანოში რომ შებრუნდა, რადგან ბავშვის ტანსაცმელიც უნდა გაეფინა. რეცხვის ავტომატური რეჟიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა. ელენე უკან ბრუნდება და კედელთან მდგარ საწოლზე მძინარე ბავშვს დაჰყურებს. ბავშვს მშვიდად სძინავს. ელენე სავარძელს უბრუნდება…
„ზუსტად ამ დროს სახლი წავიდა წინ, მერე უკან, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მქონდა, იყო ხმები დუგ-დუგ-დუგ… სანამ ეს ხმა დამთავრდებოდა… თავი რომ ავწიე, იყო საშინელი მტვერი… ბავშვს ვაცმევდი, ვყვიროდი: მარტო ვარ, ბავშვთან ერთად, ვინმემ მიშველეთ-მეთქი. არავინ გამოსულა. ზედა სართულიდან ჩემი მეზობელი გამორბოდა, ერთი ის მითხრა, რომ „საქართველოს ბანკის“ გვერდით ჩამოინგრა შენობაო.
როცა სადარბაზოდან გამოვედი, შემდეგ დავინახე ეს ნანგრევები“, – კორპუსებს შორის დარჩენილ სიცარიელეს აკვირდება ელენე, სადაც იმ დილით ნანგრევებში ადამიანების ძებნა დაიწყეს.
ელენეს ბავშვით ხელში, პირველ რიგში, ინგა გაახსენდა. ინგა ელენეს კარის მეზობელი იყო. ამ ქალის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. მანამდე ელენე ტელევიზორს არ შორდებოდა აკვიატებული ფიქრით: „იქნებ გადარჩნენ“.
პროფესიით ფსიქოლოგია ელენე აბაიშვილი და თვლის, რომ ამ სტრესს არათუ დაღუპული ადამიანების ოჯახები, არამედ მეზობლები და სხვებიც ვერასდროს დაივიწყებენ – „მე გაქცევა ვამჯობინე, ვეღარ გავჩერდი აქ… სულ ვუყურებდი ტელევიზორს.
ინგას ძირითადად აივანზე ვნახულობდი. ის გამოდიოდა აივანზე და მეც.
იმ დილასაც გავხედე ინგას აივანს. კარები ევროზე იყო მოკეტილი და ვიფიქრე, ალბათ სოფელში არიან-მეთქი,“ – გვიყვება ელენე, რომელიც ვეღარ ეშვება ფიქრს იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმ დილითაც ინგა ბავშვებთან ერთად აივანზე ყოფილიყო და ბავშვები მაინც გადმოეწოდებინა ელენესთვის ნანგრევებიდან.
„ჩვენი აივნები ისე ახლოს იყო… რამდენჯერმე კარი ჩაგვეკეტა და ჩემი მეუღლე მათი აივნიდან ჩვენთან გადავიდა, რომ შიგნიდან კარი გაგვეღო. ამ სახლში იგივე ემოციებით როგორ უნდა ვიცხოვრო?“ – კითხულობს ელენე.
ელენე აბაიშვილის აზრით, სპეციალისტები ხშირად უნდა ამოწმებდნენ ავარიული სახლების მდგომარეობას, ხოლო თუკი ეს ფინანსურად რთულია, ხელისუფლებამ ამ პროცესში ბიზნესი უნდა ჩართოს. ელენე ელის, რომ ამჯერად მაინც ექნება ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია.
გარდა იმისა, რომ ელენე საუბრის დროს ხშირად ახსენებს უსაფრთხოებას, იმეორებს ფრაზასაც: „ეს არ უნდა მომხდარიყო“.
„მძაფრად და ახლა უფრო ადეკვატური რეაქციები უნდა ჰქონდეთ. როგორც კი რაღაცას შეიტყობენ, სერიოზულად უნდა აღიქვან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს… აქაც ნებართვა ხომ იმაზე არ ექნებოდა, კედლები გამოეღო, ეს ცოტა გამკაცრებული რომ ყოფილიყო, ალბათ ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა, ყველა ძალიან ფრთხილად და დაფიქრებულად უნდა იყოს, რაღაც სიმშვიდეს ვპოვებთ ხო სახლში…
პატარა ბავშვი სახლში არ უნდა იღუპებოდეს, სხვა რა უნდა ვთქვა, არ არსებობს სხვა ემოცია, ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – დაასრულა ელენემ.
„ფეხქვეშ გვეცლება“ – ადამიანები 12-სართულიანი კორპუსიდან, სადაც ცხოვრება საშიში
„კიბეზე რომ ჩამოივლი, ხომ უნდა იცოდე, რო ფეხს უსაფრთხოდ დგამ, არა? ხომ არ უნდა გქონდეს განცდა, რომ ფეხქვეშ გამოგეცლება კიბე?“- კითხულობენ ადამიანები, რომლებიც ბათუმში, ლეონიძის 6 ბ-ში ცხოვრობენ. 12-სართულიანი კორპუსი სარდაფში წლების განმავლობაში დამდგარ წყალში ისე იძირება, რომ სარდაფში შესვლაც ვეღარ ხერხდება.
საცხოვრებელი კორპუსის კედლები დაბზარულია, კიბეზე ყოველი საფეხურის ავლა კი, საშიში.
„ეს კიბე ჩვენ შევარემონტეთ, ჩამოვასხით, მუყაოს ნაჭრები ჩავაკერეთ, თორემ აქ შეუძლებელი იქნებოდა საერთოდ გავლა,“ – გვიყვება მეგი ნაგერვაძე და დაფლეთილ კიბეებს გვაჩვენებს, ბზარებს, რომელიც აჩვენებს, როგორ შორდება კიბის უჯრედი კორპუსის კედლებს.
მეგი ნაგერვაძე
„იშვიათად გამოვდივარ აივანზე, მეშინია, ყველგან საშიშია უკვე გავლა,“ – დასძენს მეგი ნაგერვაძე.
„წლების წინ აქ სარდაფში შესასვლელი კარი იყო ჩვეულებრივი, ახლა მთლიანად წყლით დაფარულია სარდაფი და ისე ჩაიწია კორპუსმა, შესასვლელი კარი აღარ არსებობს“, – გვიხსნის აქვე მცხოვრები როზანა ჭაღალიძე და სადარბაზოს შესასვლელის გვერდით პატარა ხვრელთან ჩერდება.
„წყლით კი არა, კანალიზაციითაა სავსე, აქ გაუსაძლისია ცხოვრება,“ – ამბობს არსენ ვარშანიძე და აღწერს, რომ ქარის დროს, ასევე ზაფხულში კორპუსში გაჩერება გაუსაძლისია.
კიბე ლეონიძის 6 ბ-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში
ლეონიძის 6 ბ არაა იმ საცხოვრებელი კორპუსების სიაში, ანუ 144 მისამართს შორის, რომლის შესახებ მერიაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია უკვე დამუშავებული აქვთ. ამ 12-სართულიანი კორპუსმა რამდენჯერმე მიმართა მერიას, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა და ჯერ კიდევ არავის შეუფასებია, რამდენად საშიშია ცხოვრება ამ მისამართზე.
ეს სახლი აჩვენებს იმას, რომ ოფიციალურად აღწერილი კორპუსების გარდა, კიდევ ბევრი მისამართია ბათუმში, სადაც ცხოვრება საშიშია.
საგულისხმოა ისიც, რომ სახლი 12-სართულიანია და აქ ინვესტორი თავისი სურვილით ნაკლებად შეიძლება გამოჩნდეს.
„26 მაისის ქუჩაზე როცა კორპუსი ჩამოინგრა, რამდენიმე დღე ჩუმად ვიყავით ყველა, ვერაფერს ვამბობდით,“ – კიბეების ჩამოვლის დროს გვეუბნება მეგი ნაგერვაძე და იქვე დასძინა: „მანამდე სულ ვლაპარაკობდით იმაზე, თუ რა უნდა გვეშველოს, ვინ გვიშველოს? იმ ტრაგედიის მერე კი, აღარ ვიცოდით, რა გვეთქვა… ტრაგედიის შემდეგ შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ჟურნალისტებს მივწერდით, პირველ რიგში,“ – გვითხრა მეგი ნაგერვაძემ.
რას უპირებს ბათუმის მერი ავარიულ კორპუსებს?
„ბუნებრივია, სიმძიმის მიხედვით მოხდება ეტაპობრივი დაკმაყოფილება,“ – ამბობს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელსაც ავარიულ სახლებზე საუბრის დროს, პირველ რიგში, ვკითხეთ: რამდენი კორპუსის აშენება მოხერხდება იმ 20 მილიონით, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული?
ავარიული სახლებისთვის ბათუმის მერია 2025 წლამდე ჯამში 80 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებს. თუმცა, ამ ეტაპზე, დოკუმენტურად 144 ავარიული სახლი, ანუ დაახლოებით 1500 ოჯახი.
ბათუმის მერი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, რამდენ ოჯახისთვის იქნება საკმარისი 80 მილიონი. რა მოდელზე ფიქრობს მერია, როცა ფაქტია, რომ ეს თანხა პრობლემას ვერც კი გაანახევრებს?
„საკითხი გადაწყდება მას შემდეგ, რაც კონკრეტული საპროექტო სამუშაოები დასრულდება. ბუნებრივია, სხვადასხვა მოცემულობაში სხვადასხვა ზონირების მიხედვით იქნება სხვადასხვა გადაწყვეტა, არსებული ქალაქმშენებლობებისა და ნორმატივების შესაბამისად… ჩვენ გვაქვს კონკრეტული შესწავლები, ექსპერტიზის დასკვნები, ჩვენი თანაქალაქელების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის, ჩატარებულია დასკვნები, სადაც დახარისხებულია რამდენიმე ტიპის გამოწვევა, რომლებიც აქვთ ჩვენს თანაქალაქელებს.
იქ არის საცხოვრისები, სადაც შესაძლებელია ცხოვრება და გამაგრებითი სამუშაოებია საწარმოებელი, არის [შენობები], სადაც არარენტაბელურია გამაგრებითი სამუშაოების წარმოება, ამავდროულად საფრთხის შემცველია და არ ექვემდებარება არანაირ რეაბილიტაციას,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერი ამბობს, რომ ინვესტორებისთვის ბათუმის მერიის კარია ღიაა, თუმცა ვერ ასახელებს პირობას, რატომ იქნება მიმზიდველი ინვესტორისთვის, მაგალითად, 12-სართულიანი კორპუსი, როცა სხვა ტერიტორიაზე გაცილებით დიდი მოგება შეიძლება ნახოს, ან რატომ სჭირდება ინვესტორს მერიის „ღია კარი“, თუკი მას ბიზნესინტერესი ისედაც აქვს კონკრეტულ ავარიულ სახლზე?
„ქალაქ ბათუმის და ჩვენი თანაქალაქელების საჭიროებებიდან გამომდინარე, მზად ვართ კერძო და საჯარო თანამშრომლობისთვის, რაც, ბუნებრივია, კონკრეტულ დაინტერესებულ ინვესტორებსაც გულისხმობს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს და საცხოვრებელი პირობებიც უნდა გავაუმჯობესოთ.
სამი პლატფორმა გავხსენით ურთიერთთანამშრომლობის და სამივე პლატფორმაზე გაგეცით პასუხი. ღიაა მუნიციპალიტეტის მერიის კარი ყველა დაინტერესებული ბიზნესმენისა და კერძო პირისათვის, ვინც ამ პროექტში მიიღებს მონაწილეობას, დანარჩენ დეტალებზე ინდივიდუალურად ვიმსჯელებთ და განვიხილავთ, სად რა მოცემულობა და შესაძლებლობები გვაქვს.
ეტაპობრივად იქნება მოწოდებული უფრო მეტი კონკრეტიკა, უფრო მეტი გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ნაწილში, რომელ ოჯახებს შეეხება,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.
ბათუმის მერს ასევე ვკითხეთ სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც, რადგან 26 მაისის ქუჩაზეც იმ კორპუსში, სადაც სადარბაზო ჩამოინგრა კიდევ ორი მიმდინარე მშენებლობა დაფიქსირდა ტრაგედიის შემდეგ, სადაც ასევე საყრდენი კედელი დააზიანეს.
„ყველა სამშენებლო ნებართვასთან მიმართებით, ასევე საპროექტო შეთანხმებებთან მიმართებით, ჩვენი პოზიცია გავაჟღერე: არც ერთ მილევადი ექსპლუატაციის მქონე კორპუსზე და არც ერთ კორპუსზე ზოგადად, ქალაქის მასშტაბით არ უნდა ხდებოდეს მიშენება – დაშენება, სხვა ტიპის ფასადზე ჩარევა და ცვლილებები შესაბამისი საექსპერტო გადაწყვეტილებების გარეშე. ჩვენ მაქსიმალურად ფრთხილი ვიქნებით გადაწყვეტილების მიღებაში ამ მიმართებით, განსაკუთრებით იმ კორპუსებთან დაკავშირებით, რომლებსაც მილევადი ექსპლუატაციის ვადა აქვთ,“ – გვიპასუხა არჩილ ჩიქოვანმა.
„საჭიროა მოდელის შემუშავება“ – ექსპერტები ავარიულ სახლებზე
„თუ გავითვალისწინებთ ბიზნესის მუშაობის პრაქტიკას, ავარიული კორპუსებით სამშენებლო ბიზნესი არ დაინტერესდება,“ – მიიჩნევს არქიტექტორი გია რამიშვილი. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ არსებული პრაქტიკით, ბიზნესმენს აქვს არჩევანი, კონკრეტულ მისამართზე აშენებულ ახალ კორპუსში მხოლოდ 30 პროცენტი დაუთმოს იმ ოჯახებს, რომლებიც იქ მანამდე ცხოვრობდნენ, რამდენიმე პროცენტი შენების ხარჯს სჭირდება, ხოლო დანარჩენი – მოგებაა.
„მოგების მაღალი მარჟაა ჩვენთან. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს, ან კონკრეტული პირობა უნდა შესთავაზოს მას მუნიციპალიტეტმა მესაკუთრესთან ერთად,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.
აპირებს თუ არა ავარიული სახლების ახალი კორპუსებით შეცვლას ბიზნესი დამოუკიდებლად? – ამ თემაზე ჯერჯერობით ბათუმელი ბიზნესმენები ჩრდილში დგომას ამჯობინებენ. კომენტარის გაკეთება, მაგალითად, არ ისურვა ბიზნესმენმა გია ჭყონიამ, რომელიც კანონდარღვევით ახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს 26 მაისის ქუჩაზე იმ საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, სადაც სადარბაზო ჩამოიშალა.
„სახელმწიფომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არ უნდა უთხრას მოქალაქეებს, ეს თქვენი საკუთრებაა და მე არ მეხებაო,“ – ამბობს ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ქვეყანაში სიღარიბეა და, მეორეს მხრივ, „საბჭოთა წარსულში ეს ქონება წართმეული იყო“.
ურბანისტი პარალელს ავლებს ევროპის ქვეყნებთან, სადაც მუნიციპალიტეტი მხოლოდ საჯარო, საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობასა და მოვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ საქართველოში მას მართებულად მიაჩნია სახელმწიფომ იმუშაოს მესაკუთრეების უძრავ ქონებაზეც, როცა ქვეყანა ღარიბია და საქმე სიცოცხლეს ეხება.
ზურაბ ბაქარაძე ყურადღებას ამახვილებს მერიის პასუხისმგებლობაზე საბიუჯეტო ფულის ხარჯვის ნაწილშიც.
„უნივერსალური მოდელი არ არსებობს, საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა, კონკრეტული გეგმაა დასაწერი, პროგრამა, სპეციალისტებთან ერთად უნდა გაკეთდეს ეს… კარგია, რომ მერიამ ამისთვის ფული გამოყო, თუმცა მთავარი ეს არ არის. მთავარია, როგორ დახარჯავს ამ ფულს,“ – აღნიშნა ზურაბ ბაქრაძემ.
„ადეკვატური საცხოვრისის უფლება“ – რის უფლება გაქვს, როცა ავარიულ სახლში ცხოვრობ?
„ამ დროს შესაძლებელია ვისაუბროთ ადეკვატურ საცხოვრებლის უფლებაზე,“ – მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, კონსტიტუციონალისტი გიორგი გოცირიძე. მისი აზრით, იმ ავარიული სახლების შემთხვევაში, სადაც არსებობს ექსპერტიზის დასკვნა საფრთხის შემცველობის შესახებ, სამართლიანია მესაკუთრეების მხრიდან ქირის უზრუნვეყოფის მოთხოვნა.
იურისტი განმარტავს, რომ თითოეული მოქალაქის „ადეკვატური საცხოვრისი უფლება“ სახელმწიფოს პირდაპირ არ ავალდებულებს ახალი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას, მაგრამ სახელმწიფო ვალდებულია ადამიანებს უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრების პირობა შეუქმნას.
„ეს უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს მინიმუმ ამ სახლების გამაგრებას, ან ალტერნატიული საცხოვრებელი შესთავაზოს ამ ადამიანებს. თუმცა, როგორც ყველა სოციალური უფლება, ესეც დამოკიდებულია საბიუჯეტო რესურსებზე,“ – გვიპასუხა გიორგი გოცირიძემ.
დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა.
„ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული.
ტბელ აბუსერიძის თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან.
„დაახლოებით 2 500 ფოტო მაქვს დამუშავებული და გადარჩეული. ნალის დაჭედვიდან დაწყებული ძროხების აცრამდე დამთავრებული, ყველაფერი გადაღებული მაქვს. სხვადასხვა თემატიკისაა ეს ფოტოები – იქნება ეს ქალები და კოფე, ბავშვები და თამაშები, ლოცვა, ტბა თუ ბავშვური სპორტი,“ – უთხრა ტბელ აბუსერიძემ „ბათუმელებს“.
კადრი ფოტოგამოფენიდან
„ცხოვრება და ლოცვა მთაში“ მულტიმედიური პროექტია, მოიცავს ფოტოებს, ვიდეოებსა და ხმებს, რომელიც მაღალმთიანეთის ცხოვრებას ასახავს. ფოტოგრაფის თქმით, პროექტზე მუშაობა მისთვის ემოციური იყო, რადგან თვითონაც აჭარიდანაა და ბავშვობა მსგავს საზაფხულო იალაღებზე აქვს გატარებული.
„ამ პროექტზე მუშაობამ პირველ რიგში იმ სილაღით და იმ ბედნიერებით ამავსო, რომელსაც თვითონ მთა იძლევა. რაც არ უნდა მძიმე შრომა იყოს მემთეურობა, მას მაინც აქვს თავისებური სილაღე და სიმწვანე.
მეორეც, გავიხსენე ბავშვობა. უფრო რეტროსპექტულად ვუყურებდი, იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობა გავატარე მთაში, თითქოს ჩემს წარსულსაც დავუკავშირდი ამით.
და ყველაზე მთავარი რაც არის მომსწრე გავხდი ბოლო მემთეურების თაობის. იმიტომ, რომ რეალურად ნელ-ნელა კვდება ეს ტრადიცია,“ – ამბობს ტბელ აბუსერიძე.
ფოტოგრაფმა ფოტოპროექტი „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს მხარდაჭერით გადაიღო. გამოფენის გამართვას გეგმავს თბილისშიც. ასევე, იგი ცალკე გამოფენის მოწყობას გეგმავს იმ სოფლის მოსახლეობისათვის, რომლებიც ფოტოპროექტის მთავარი გმირები არიან.
„წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში.
ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
„პირველად სამი თვით წავედით თურქეთში მე და ჩემი მეუღლე სამუშაოდ. გვეგონა სამ თვეში დავბრუნდებოდით. 14 წელი გავიდა. ისევ ემიგრანტები ვართ.
პანდემიის დროს ჩამოვედი ბათუმში. ვიფიქრე, აღარ წავალ-მეთქი. ბათუმში, ინასარიძეზე, ერთ-ერთ კორპუსში ვმუშაობდი დალაგებაზე. თან ტურისტული სეზონი იყო. მაინც არაფერი არ გამოვიდა იმდენი, რომ აქ იცხოვრო. ქალაქში მით უმეტეს. ისევ გადავწყვიტე თურქეთში წასვლა. ემიგრანტობა რთულია, მაგრამ მეტი გზა არ არის, გამოსავალს ვერ ვხედავთ. ბოლოს ორი თვის წინ ვიყავი საქართველოში, ჩემი მეუღლე დარჩა, აღარ დაბრუნდა თურქეთში. იქ ისედაც დაბალია კაცის ხელფასი და ლირის კურსის ცვლილებამ საერთოდ გააუფასურა,“ – ამბობს ზაირა.
ზაირა საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. აპირებს ერთ კვირას დარჩეს და მერე უკან სტამბოლში წავა იმისათვის, რომ იქიდან გერმანიაში გადავიდეს სამუშაოდ.
„დღის პირველ ნახევარში დალაგებებზე ვმუშაობდი, საღამოს 6 საათის შემდეგ თევზის რესტორანში მზარეულად. კარგი ანაზღაურება მქონდა, ორმაგი ხელფასი, მაგრამ ახლა დოლარი ისე გაფუჭდა და ლირამ ისე დაკარგა კურსი, უბრალოდ აზრი აღარ აქვს იქ ყოფნას. წვალებაა. ყველა მიდის, აღარავინ რჩება თითქმის. გერმანიაში ევროში გაქვს ანაზღაურება. იქ სამი თვის მუშაობა, თურქეთში ექვსი თვის მუშაობას უდრის,“ – ამბობს ზაირა წულუკიძე.
ემიგრაციის სირთულეზე საუბრისას თვალები ცრემლებით ევსება და ამბობს, რომ პირველად შვილების გამო გაუჭირდა. როცა თურქეთში სამუშაოდ წავიდა, საქართველოში მცირეწლოვანი შვილები დატოვა.
„შვილებს აქ ტოვებ და შენ სხვის ოჯახში შედიხარ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. პირველად როცა შვილები დავტოვე და წავედი, არ ვიცი ის რა იყო. სულ ვტიროდი. მე სხვის ბავშვებს ვუვლიდი, ჩემები, იმ ასაკის აქ მყავდა დატოვებული. როცა შვილებს დედა სჭირდებოდათ მე ემიგრანტად წავედი, გამოუვალი მდგომარეობის გამო. შვილებს მოწყვეტილი ვიყავი,“ – იხსენებს ზაირა.
საქართველოში დაბრუნება არაერთგზის სცადა, მაგრამ აქ სტაბილური სამსახური ვერ იპოვა. ოთხი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ კი მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეცვალა.
„სკოლა რომ დამთავრდა, მაგ დროს ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე სტამბოლიდან. გვინდოდა ცოტა დაგვესვენა და მერე შვილები წაგვეყვანა ზაფხულზე ჩვენთან. ბავშვებმა მთხოვეს დედა ზღვაზე წავიდეთო. წავიყვანე. ზღვაზე ტალღები იყო და ბანაობის დროს უმცროსი შვილი ტალღებმა გაიტაცა. ვიოლა, უფროსი გოგო კარგად ცურავდა. საშველად რომ შევარდა ტალღებში, ტალღებმა უკან გამოაგდო, რადგან ზღვა ძალიან ღელავდა. მითხრა: – დე, აქ როგორ დავიცავ ანრისო. ანრის ხმა რომ შემოესმა, შებრუნდა ზღვაში. ანრი აიყვანა ხელში. მთელი 40 წუთი ებრძოლა ამ ტალღებს. შემდეგ ერთი დამსვენებელი დაეხმარა და გამოიყვანა. მაგრამ ამ ტალღებთან ბრძოლაში გული გაუსკდა.
ამ ტრაგედიის მერე მეგონა ვეღარ შევძლებდი ფეხზე დგომას, ვეღარაფერს შევძლებდი, რა უნდა გამეკეთებინა ვეღარ ვხვდებოდი. საერთოდ ხელმეორედ ვისწავლე ყველაფერი. ვერ ავხსნი ამას. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო კიდევ გავაგრძელე ემიგრანტობა. კიდევ შევძელი ფეხზე დგომა, კიდევ წავედი. პირიქით მგონია, რომ მე ვაძლიერებ ყველას. ასე მგონია მე რომ ფარ-ხმალი დავყარო, ყველა უკან მომყვება ჩემები.
ვცდილობ ვიყო ძლიერი. ძლიერი დედა უნდა ვიყო ჩემი ანრისთვის. მას ძლიერი დედა ვჭირდები“.
11 და 15 წლის კახას და ანრის შესახებ, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს ვკითხეთ – დაინტერესდა თუ არა ძმების მდგომარეობით და სწავლობს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვების გარემოს, სოციალურ პირობებს და მდგომარეობას?
ბავშვების დედა ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ ავარიაში დაიღუპა.
როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, უწყებას ბავშვების ოფიციალური მეურვის დანიშვნის მოთხოვნით ბიჭების დეიდამ 30 ნოემბერს მიმართა. სოციალური მუშაკი საქმეში ამ დრომდე არ ჩართულა.
„ჩვენი ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, არის ჩანიშნული სასამართლო სხდომა, სადაც გადაწყდება ბავშვების ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი. როგორც ვიცით, მეურვეობას ითხოვს ბავშვების დეიდა, მან 30 ნოემბერს მოგვმართა განცხადებით. ჩვენ ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის სერვისში განთავსებაც შევთავაზეთ, რაზეც დეიდამ უარი განაცხადა,“ – გვითხრეს ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში.
რაც შეეხება სახელმწიფო შემწეობას, როგორც სააგენტოში ამბობენ, მას შემდეგ, როცა სასამართლო ბავშვებზე მზრუნველს განსაზღვრავს, სხვა პროცედურებიც დაიწყება.
„ამის შემდეგ ჩაერთვება სოციალური მუშაკი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მონიტორინგს გაუწევს ამ ოჯახს და პერიოდულად გვექნება მონიტორინგი ბავშვების განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
განახლდება სახელმწიფო შემწეობის გაცემაც, როცა შესაბამისი ცვლილება აისახება დოკუმენტებში. საქმის კურსში ჩაყენებულია ადგილობრივი მთავრობაც,“ – გვითხრეს ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში.
არასრულწლოვანი ძმები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ, რომელშიც წვიმა ჩამოდის. დედის გარდაცვალების შემდეგ ისინი დედის ძმამ შეიფარა.
მოზარდების შესახებ ისტორია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.
დღეიდან სილქნეტის მომსახურების ცენტრში (ცინცაძის ქ. 2) Iphone, Samsung; Xiaomi ბრენდის მოდელები განსაკუთრებული შეთავაზებით გაიყიდება. მობილური ტელეფონების შეძენისას, მსურველს გაუაქტიურდება მომსახურების პაკეტები.
Iphone 13; 13 Pro ; მოდელებს საჩუქრად ჩაერთვება 1 წლით 20 GB ინტერნეტი ან 1 წლით ულიმიტო სასაუბრო დრო და 1 GB ინტერნეტი. არჩეული პაკეტი ყოველთვიურად, ავტომატურად განახლდება მომხმარებლისთვის;
Iphone 12; 12 mini; XR; 8; მოდელებს გაუაქტიურდებათ 1 წლიანი პაკეტი: ულიმიტო სასაუბრო დრო და 1 GB ინტერნეტი ყოველთვიურად;
Android (Samsung; Xiaomi) ჩაერთვებათ პაკეტი: 2 GB ინტერნეტი ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში, ხოლო 700 ლარზე მეტი ღირებულების მოდელზე მომხმარებელი 12 თვის განმავლობაში ისარგებლებს 2 GB ინტერნეტით ყოველთვიურად.
დეტალურად მობილური ტელეფონების შესახებ ინფრომაცია იხილეთ ბმულზე.
საახალწლო აქციის ფარგლებში, მომსახურების ცენტრი (ცინცაძის ქ.2) ნებისმიერ მსურველს ბრენდულ ყურსასმენებს, დამტენებს, USB კაბელს და სხვა აქსესუარებს მინიმალურ ფასად შეთავაზებს. დეტალური ინფორმაციისთვის გადადითბმულზე.
„შუახევი ჰესის“ მფლობელი კომპანიის – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორებად ასბიორნ გრუნდტი და ტრონ ენგბრეტსენი წარადგინეს.
ასბიორნ გრუნდტს აქვს საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულ სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ის იყო ევროპის ქარისა და მზის ბაზრის ოპერატორი (EVP), IT და მუშაობდა საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკის საკითხებზე Statkraft-ში. ის ასევე მუშაობდა ექვსი წლის განმავლობაში Norsk Hydro-ს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერაციებზე. ასბიორნ გრუნდტი ასევე იყო SN Power-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
დღეს ასბორნ გრუნდტი მუშაობს Statkraft-ში ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე და ხელმძღვანელობს ერთეულს „მფლობელობა“ – Business Area Production-ში, რომელიც აკონტროლებს Statkraft-ის საკუთრების ინტერესებს ჰიდროენერგეტიკულ სექტორში. ის ამავდროულად არის Agder Energi-ს, Eviny-სა და Skagerak Energi-ის არააღმასრულებელი საბჭოს წევრი.
რაც შეეხება სამჭოს კიდევ ერთ ახალ წევრს, ტრონ ენგბრეტსენს, მას აქვს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში. ის იკავებდა SN Power-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას, იყო სამხრეთ ნორვეგიის რეგიონალური დირექტორი, ენერგიის გენერაციის დირექტორი და Statkraft-ის საერთაშორისო ვიცე-პრეზიდენტი. მუშაობდა ფილიპინებში, ინდოეთში, ბრაზილიაში, პერუში, ჩილეში, თურქეთსა და ალბანეთში. მისი პასუხისმგებლობის ქვეშ განხორციელდა Moglice HPP-ის მშნებლობა.
ტრონ ენგბრეტსენი იყო Finnmark Energi AS-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და თავმჯდომარე, Trondheim Energi AS, KVO, Oslo Energi-ს სამეთვალყურეო საბჭოების წევრი. ის დღემდე არის TEJV-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ჩილეში.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში აჭარაში კორონავირუსის გავრცელების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე 2 სკოლა და 122 კლასი გადავიდა.
ბათუმში ორი კერძო სკოლა გადავიდა კოვიდის გამო დისტანციურზე, კლასები კი ასე გადანაწილდა მუნიციპალიტეტების მიხედვით:
ბათუმი- 94
ქობულეთი-11
ხელვაჩაური- 12
ხულო-2
ქედა -3
სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 1,7 და მოსწავლეების 2,4 პროცენტს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 85, 6 პროცენტი.
აჭარის რეგიონში სულ 229 საჯარო და 24 კერძო სკოლაა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 2979 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.
აჭარის რეგიონში კოვიდის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„დაასრულე ბეტონყომობა“ – ამ შინაარსის სტენსილის მოხატვის გამო ბათუმში 5 ახალგაზრდა დააკავეს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ აქტივისტს, ანი თენიეშვილს ესაუბრა, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიციამ გამოუშვა.
დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ანანიძე წუხელ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დღეს კი სასამართლომ გაათავისუფლა.
„დრამატული თეატრის გვერდით რომ ბარია, მის გვერდით კედელზე, სადაც რამდენიმე გრაფიტია განთავსებული, გიორგი ანანიძემ ქაოტური მშენებლობების საწინააღმდეგო სტენსილი – „დაასრულე ბეტონყმობა“ გააკეთა. როგორც შემდეგ გავიგეთ, შენობის ერთ ნაწილში პოლიციის განყოფილებაა განთავსებული.
ჩამოვიდნენ პოლიციელები, გიორგი და სამი აქტივისტი გოგოც აიყვანეს, მეც ვიყავი განყოფილებაში და იქ გადაგვიღეს ფოტოები. როცა ვკითხეთ, თუ რატომ გვიღებდნენ ფოტოებს, გვითხრეს, ძებნილები რომ არ იყოთ, ამიტომ ყველა უნდა აღვბეჭდოთ, ვინ ხართო. ასევე გვითხრეს, რომ შენობაზე დახატვა არ შეიძლება და ჯარიმა გეკუთვნითო.
შემდეგ გიორგის მოაშლევინეს ნახატი და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – ამბობს ანი თენიეშვილი.
წაშლილი სტენსილი
ანის თქმით, ის გიორგის მოსანახულებლად იზოლატორში მივიდა. „ორსაათნახევარი ველოდე და არავინ გამცა პასუხი, არც ხილი გამომართვეს, მშიერი რომ არ ყოფილიყო მთელი ღამე“, – ამბობს ანი.
გიორგი ანანიძე დღეს დილით გადაიყვანეს სასამართლოში, სადაც ის სიტყვიერად გააფრთხილეს და გამოუშვეს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობის ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საიას განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას. „ეს მუხლი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლებასთან კონკურენციაში. მაგრამ, ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომ რიგ შემთხვევებში უგულებელჰყოფს ძირითად უფლებებს, ამაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია“, – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.
ქობულეთში, მდინარე კინტრიშის ხევში, ავტომანქანა გადავარდა. ავარიის შედეგად ერთი კაცი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაიღუპა მგზავრი.
„ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გვითხრეს, რომ დაშავებულს დაზიანებები აქვს თავის არეში, ემერჯენსის განყოფილებაშია მოთავსებული და უტარდება დიაგნოსტიკური გამოკვლევები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიწყო გამოძიება.
16 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 88, 3 ათასი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეს ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დღიური შემთხვევების ბოლო რეკორდული მაჩვენებელი – 78,6 ათასი ახალი შემთხვევა – 15 დეკემბერს დადასტურდა.
ოფიციალური მონაცემებით, ბოლო მონაცემებში კოვიდით ინფიცირების დაახლოებით 10 ათას შემთხვევაში დასტურდება ომიკრონის შტამი, თუმცა „ბიბისის“ ცნობით, ახალი შტამის შემთხვევები დიდ ბრიტანეთში შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს.
17 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2979 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 53 პაციენტი.
აჭარის რეგიონში გამოვლინდა კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა.
Stopcov.ge-ის ინფორმაცით, თბილისში გამოვლენილია 1 325 შემთხვევა, იმერეთში – 493, ქვემო ქართლში – 135, შიდა ქართლში –207, გურიაში – 109, სამეგრელო – ზემო სვანეთში –184, კახეთში – 137, მცხეთა-მთიანეთში – 81, სამცხე-ჯავახეთში –59, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში –20.
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე ორი პირი მისცეს პასუხისგებაში.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „ბრალდებულებმა, დამატებული ღირებულების გადასახადის ყალბი აქტივების შექმნის გზით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი 3 კომპანიის სახელით, ურთიერთშორის მოახდინეს 249 900 ლარის ღირებულების საპროექტო მომსახურების მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა, რა გზითაც ერთ-ერთ კომპანიას უსაფუძვლოდ წარმოეშვა 38 120 ლარის ზედმეტობა, რომელიც შემდგომში გამოიყენეს ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად, ხოლო მეორე კომპანიამ უსაფუძვლოდ შეიქმნა საპროექტო სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, რაც ბრალდებულს შემდგომში უნდა გამოეყენებინა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად“.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 185-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში.
ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.
„ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,“- ჰყვებიან ბიჭები.
ცივ, პატარა ქოხში ახლა მხოლოდ გარდაცვლილი მშობლების ფოტოები ხვდებათ. მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.
კახას და ანრის დედა კოვიდით გარდაიცვალა
ახლა სოფელ ახალშენში, „ოცნების ქალაქიდან“ საკმაოდ შორს ცხოვრობენ. ამიტომ სკოლაში მისასვლელად ერთი კილომეტრის გავლა უწევთ ფეხით, შემდეგ კი ავტობუსით მგზავრობენ.
დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ.
კახა და ანრი ბერიძეებს „ოცნების ქალაქში“ აქვთ ქოხი, რომელშიც წვიმა ჩადის
„100 ლარი, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა, არაფერში გყოფნის, მაგრამ რას ვიზამთ. საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება.
როცა დედა ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, უმამობას არასდროს გვაგრძნობინებდა. გვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდა რაღაც ჩვენთვის,“ – ამბობს კახა.
როცა ბავშვებს სოციალური სასადილოს საკვები არ მოსწონდათ, დედა ცდილობდა სუნელებით შეეზავებინა. „თითქმის თავიდან ამზადებდა ყველაფერს,“ – გვეუბნება ანრი.
ანრისა და კახას თქმით, დედას ძალიან უნდოდა მათ კარგი განათლება მიეღოთ. „როცა დისტანციურად ვსწავლობდით, ყოველთვის გვეუბნებოდა, რომ არ გაგვეცდინა გაკვეთილები. საავადმყოფოდანაც კი ამას გვთხოვდა,“ – ამბობენ ბავშვები.
კახა გვეუბნება, რომ ადრე უფრო კარგად სწავლობდა, ახლა კი მათემატიკასა და ქართულში დახმარება სჭირდება. „ჩამოვრჩი ინგლისურშიც, მაგრამ ვიმუშავებ, ორმაგად ვიმუშავებ და დავაგროვებ ფულს, რომ მოვემზადო. ვფიქრობ, დავძლევ ჩამორჩენას,“ – გვეუბნება ის.
„კახას კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლა უნდა, ამიტომ აპირებდა კომპიუტერის ყიდვას, თუმცა ფული არ გვეყო,“ – გვეუბნება კახას 11 წლის ძმა, ანრი.
„ფულს ვაგროვებდი, დედაც მეუბნებოდა, დაგიმატებო, მაგრამ მაინც ვერ ვიყიდე, ძვირია,“ – გვეუბნება კახა. დედის გარდაცვალებამდე ბიძასთან ერთად მუშაობდა, ტვირთს ვეზიდებოდითო. ფიქრობს, რომ მუშაობა მომავალშიც მოუწევს, სწავლის ფული რომ შეაგროვოს. „დედის ოცნება იყო, რომ გვესწავლა, ამიტომ მინდა ჩავაბარო,“ – ამბობს ისევ კახა. ახლა ის მეათე კლასშია და ფიქრობს, რომ ეროვნულ გამოცდებამდე როგორმე მოასწროს მომზადება.
ანრი და კახა „ოცნების ქალაქში“
შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის გარდა დედის ოცნება ანრისთვის და კახასთვის პატარა, მყუდრო ბინაც იყო. როცა მთავრობამ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის კორპუსების მშენებლობა დაიწყო, ბიჭებს და დედას იმედი გაუჩნდათ.
„ბავშვივით უხაროდა დედას ეს ამბავი, ამბობდა, გავთბებით მაინცო. ცდილობდა, რაღაც ახალი ნივთებიც შეეძინა, ახალ ბინაში გადავიტანთო… მაგრამ ვეღარ მოასწრო,“ – გვეუბნება კახა.
მოზარდები იმედოვნებენ, რომ კორპუსების მშენებლობის დასრულების შემდეგ ხელისუფლება დანაპირებს შეასრულებს და ბინის გარეშე არ დარჩებიან. „თუ ბინის გარეშე დაგვტოვებენ, ეს არ იქნება სამართლიანი,“ – გვეუბნებიან ბიჭები.
„როცა შეშა არ გვაქვს, საწოლებში ვწვებით და ისე ვთბებით“, – ამბობენ მოზარდები
მოზარდების თქმით, პატარა ქოხში სულ სციოდათ, როცა შეშა არ გვქონდა, საწოლებში ვწვებოდით და ისე ვთბებოდითო. ძველ ოთახში წვიმაც შემოდიოდა და ყველაფერს ასველებდა. „დედაც ცივდებოდა ხოლმე, სუნთქვის პრობლემები გაუჩნდა, ანრისაც სულ სციოდა,“ – გვეუბნება კახა.
11 წლის ანრი მეზღვაურობას აპირებს. მოგზაურობა მინდა და ამიტომ მომწონს ეს პროფესიაო. კახა კი ამბობს, რომ აღარ ოცნებობს, მაგრამ დედაზე სულ ფიქრობს. „ნეტა, ცოცხალი იყოს-მეთქი, ამაზე ვფიქრობ,“ – გვეუბნება ბიჭი.
ბიჭების პატარა ქოხი კეთილმოუწყობელია, არც ტელევიზორი მუშაობს. მოძველებულ ავეჯს დედის ამოქარგული ფერადი ფარდაგები მალავს. მოზარდებს წიგნების ნაკლებობაც აქვთ სახლში. ძირითადად სასკოლო სახელმძღვანელოებს კითხულობენ.
„ვეფხისტყაოსანი“ მჭირდება და ყიდვას ვაპირებ. ბოლოს „ჰარი პოტერი“ წავიკითხე, კარგი იყო, მომეწონა. სხვა წიგნებიც თუ მექნება, წავიკითხავ ალბათ,“ – გვეუბნება კახა.
ბიჭები ამბობენ, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ თითქმის აღარ თამაშობენ: „ზოგჯერ ტელეფონში ვთამაშობთ და ასე გაგვყავს დრო.“
დანარჩენ დროს კი გაკვეთილების მომზადებას უთმობენ, რადგან დედის ბოლო სურვილის ასრულებაზე ფიქრობენ.
________________________
მკითხველთა თხოვნით, ვაქვეყნებთ ანგარიშის ნომერს.
კახა და ანრი ბერიძეების დახმარების მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ შემდეგ ანგარიშზე:
სს საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GE88BG0000000103117598
მიმღები: ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
დანიშნულება: ქველმოქმედება – კახა და ანრის მხარდაჭერა