Batumelebi | რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“ რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

რას ჰყვება ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის მცხოვრები – „სახლი წავიდა წინ და…“

„ეს სარეცხი ჩემი ბინის აივნიდან 8 ოქტომბერს გავფინე… არ ჩამომიხსნია, ნელ-ნელა თავისით ჩამოიყარა…“ – გვიყვება ელენე აბაიშვილი, რომელიც 26 მაისის ქუჩაზე ცხოვრობდა იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც 8 ოქტომბრის დილას სადარბაზო ჩამოიშალა და 9 ადამიანი დაიღუპა. კორპუსის ნგრევის დროს ელენეს ბავშვს იმ კედელთან მიდგმულ საწოლზე ეძინა, რომლის მეორე მხარესაც დედა ორ ბავშვთან ერთად დაიღუპა.

„ეზოში როცა გამოვედი ბავშვთან ერთად და ნანგრევებს შევხედე, ჩემთვის ვიხვეწებოდი, ნეტა, ისინი სახლში არ იყვნენ-მეთქი, მაგრამ ასე არ იყო,“ – რკინის ღობეს იქეთ დარჩენილ ნანგრევებს გაჰყურებს ელენე აბაიშვილი. მას ახლაც უჭირს თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში შესვლა, საიდანაც ოჯახები ქირით გაიყვანეს, ვიდრე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნები მომზადდება და მერია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დაცარიელებულ ეზოში ყურადღებას იქცევს თოკი ნახევრად ჩამოყრილი, ფერადი სარეცხით. ეს ელენეს ბინაა, მეოთხე სართული. ელენეს 8 ოქტომბრის გახსენება უჭირს, ისევე როგორც ბინაში შესვლა და სარეცხის ჩამოხსნა თოკიდან, გვერდით მდებარე სადარბაზოს ჩამონგრევამდე ზუსტად 5 წუთით ადრე რომ გაფინა.

ელენეს აივანი დღეს. 8 ოქტომბერს გაფენილი სარეცხი 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის ეზოში.

8 ოქტომბრის შემდეგ მერიას ამ დრომდე მიმართავენ ბათუმის მცხოვრებლები და საცხოვრებელი კორპუსების უსაფრთხოების შემოწმებას სთხოვენ. ბოლო მონაცემებით და ექსპერტიზის დასკვნებით, ბათუმში 144 მისამართზეა ცხოვრება საშიში. ეს მინიმუმ 1500 ოჯახის პრობლემა. პრობლემა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და სიცოცხლის უფლებას.

„როდესაც სართულები ინგრეოდა, იყო ეს ხმები: დუგ, დუგ, დუგ… როგორც კი ვიგებ მსგავს ხმას, არაადეკვატური რეაქცია მაქვს. შეიძლება, ვიჯდე, წამოვხტე, გავიხედო  და ვიკითხო: რა ხდება? ამას წინათ, ჩემი მეზობელი უბრალოდ სახლს რთავდა, სადაც ახლა ნაქირავებში ვცხოვრობ, იმ მეზობელს ვგულისხმობ, ლურსმანს აჭედებდა. იმის ხმაზეც კი არაადეკვატური რეაქცია მქონდა, გავედი და ვიკითხე, თუ რას აკეთებდა,“ – საკუთარ თავზე დაკვირვებას გვიზიარებს ელენე აბაიშვილი, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მცხოვრები.

გავქვავდი იმ დღესო, დასძენს ელენე და ამბობს, რომ 8 ოქტომბრის ამბავიც თანდათანობით აღიდგინა:

„ზუსტად 40 დღის გახდა 8 ოქტომბერს ჩემი შვილი… დილით გავიღვიძეთ ჩვეულებრივად, ბავშვს მოვუარე, ვაჭამე, ჩემი მეუღლე წავიდა ზუსტად 15 წუთით ადრე პროდუქტების საყიდლად, ამავდროულად ჩამოიარეს, იყო კაკუნი, რომ გაზი ითიშება და ფრთხილად იყავითო,“ – ნანგრევებთან ახლოს, რკინის ღობესთან ჩერდება ელენე და ახსენდება, სარეცხის გაფენის შემდეგ ისევ სააბაზანოში რომ შებრუნდა, რადგან ბავშვის ტანსაცმელიც უნდა გაეფინა.

რეცხვის ავტომატური რეჟიმის დასრულებას სამი წუთი აკლდა. ელენე უკან ბრუნდება და კედელთან მდგარ საწოლზე მძინარე ბავშვს დაჰყურებს. ბავშვს მშვიდად სძინავს. ელენე სავარძელს უბრუნდება…

„ზუსტად ამ დროს სახლი წავიდა წინ, მერე უკან, ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მქონდა, იყო ხმები დუგ-დუგ-დუგ… სანამ ეს ხმა დამთავრდებოდა… თავი რომ ავწიე, იყო საშინელი მტვერი… ბავშვს ვაცმევდი, ვყვიროდი: მარტო ვარ, ბავშვთან ერთად, ვინმემ მიშველეთ-მეთქი.

არავინ გამოსულა.

ზედა სართულიდან ჩემი მეზობელი გამორბოდა, ერთი ის მითხრა, რომ „საქართველოს ბანკის“ გვერდით ჩამოინგრა შენობაო.

როცა სადარბაზოდან გამოვედი, შემდეგ დავინახე ეს ნანგრევები“, – კორპუსებს შორის დარჩენილ სიცარიელეს აკვირდება ელენე, სადაც იმ დილით ნანგრევებში ადამიანების ძებნა დაიწყეს.

ელენეს ბავშვით ხელში, პირველ რიგში, ინგა გაახსენდა. ინგა ელენეს კარის მეზობელი იყო. ამ ქალის და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს მაშველებმა. მანამდე ელენე ტელევიზორს არ შორდებოდა აკვიატებული ფიქრით: „იქნებ გადარჩნენ“.

პროფესიით ფსიქოლოგია ელენე აბაიშვილი და თვლის, რომ ამ სტრესს არათუ დაღუპული ადამიანების ოჯახები, არამედ მეზობლები და სხვებიც ვერასდროს დაივიწყებენ – „მე გაქცევა ვამჯობინე, ვეღარ გავჩერდი აქ… სულ ვუყურებდი ტელევიზორს.

ინგას ძირითადად აივანზე ვნახულობდი. ის გამოდიოდა აივანზე და მეც.

იმ დილასაც გავხედე ინგას აივანს. კარები ევროზე იყო მოკეტილი და ვიფიქრე, ალბათ სოფელში არიან-მეთქი,“ – გვიყვება ელენე, რომელიც ვეღარ ეშვება ფიქრს იმაზე, როგორ შეიძლებოდა იმ დილითაც ინგა ბავშვებთან ერთად აივანზე ყოფილიყო და ბავშვები მაინც გადმოეწოდებინა ელენესთვის ნანგრევებიდან.

„ჩვენი აივნები ისე ახლოს იყო… რამდენჯერმე კარი ჩაგვეკეტა და ჩემი მეუღლე მათი აივნიდან ჩვენთან გადავიდა, რომ შიგნიდან კარი გაგვეღო. ამ სახლში იგივე ემოციებით როგორ უნდა ვიცხოვრო?“ – კითხულობს ელენე.

ელენე აბაიშვილის აზრით, სპეციალისტები ხშირად უნდა ამოწმებდნენ ავარიული სახლების მდგომარეობას, ხოლო თუკი ეს ფინანსურად რთულია, ხელისუფლებამ ამ პროცესში ბიზნესი უნდა ჩართოს. ელენე ელის, რომ ამჯერად მაინც ექნება ხელისუფლებას ადეკვატური რეაქცია.

გარდა იმისა, რომ ელენე საუბრის დროს ხშირად ახსენებს უსაფრთხოებას, იმეორებს ფრაზასაც: „ეს არ უნდა მომხდარიყო“.

„მძაფრად და ახლა უფრო ადეკვატური რეაქციები უნდა ჰქონდეთ. როგორც კი რაღაცას შეიტყობენ, სერიოზულად უნდა აღიქვან და შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს… აქაც ნებართვა ხომ იმაზე არ ექნებოდა, კედლები გამოეღო, ეს ცოტა გამკაცრებული რომ ყოფილიყო,  ალბათ ეს ტრაგედიაც არ მოხდებოდა, ყველა ძალიან ფრთხილად და დაფიქრებულად უნდა იყოს, რაღაც სიმშვიდეს ვპოვებთ ხო სახლში…

პატარა ბავშვი სახლში არ უნდა იღუპებოდეს, სხვა რა უნდა ვთქვა, არ არსებობს სხვა ემოცია, ეს არ უნდა ხდებოდეს,“ – დაასრულა ელენემ.

____

___

სტატია სრულად:

სად წაიყვანს ბათუმის მერია ავარიულ კორპუსებში მცხოვრებლებს – VIDEO

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი