მთავარი,სიახლეები

ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე

19.12.2021 • 1908
ტრანსგენდერი თემის მძიმე ცხოვრება საქართველოში – უფლებები მხოლოდ ფურცელზე

ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია. კულტურული ჩაგვრის პარალელურად, რომლის შედეგადაც ისინი ახალგაზრდა ასაკშივე ოჯახების მხარდაჭერის გარეშე რჩებიან, საზოგადოებისგან იდევნებიან. მათი არსებობა და საჭიროებები სრულიად უხილავი რჩება სახელმწიფოსთვის. 

 25 წლის ტრანსგენდერი ქალი, დადუ კარა ამბობს, რომ სიცოცხლის, უსაფრთხოების, განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის უფლებები ტრანსი თემისთვის მხოლოდ „ფურცლებზე“ არსებობს.

„სახელმწიფოსთვის ჩვენ გინდ ვიყოთ, გინდა არა. ჩვენ ვართ ზედმეტი თავისტკივილი საქართველოს სახელმწიფოსთვის. ვისაც წასვლა შეეძლო, იყიდეს ბილეთები და გაფრინდნენ, ვისაც წასვლა არ შეგვიძლია, ველოდებით ყოველ დღე სიკვდილს ქუჩაში”, – ამბობს ის.

დადუ კარა

სახელმწიფოს დღემდე არ გააჩნია სპეციალური სოციალური პროგრამა, რომელიც მორგებული იქნება ლგბტქი+ თემის წევრების საჭიროებებსა და გამოცდილებებს. 

საზოგადოებასა თუ სხვადასხვა ინსტიტუტში არსებული ჰომოფობიური განწყობები, ტრანსი და გენდერულად არაკომფორმული ადამიანების ცხოვრებას ართულებს.

ფიზიკური და ეკონომიკური საფრთხეები, რომელთა წინაშეც ქვიარ თემი ერთმანეთისა და არასამთავრობო ორგანიზაციების იმედად არის დარჩენილი, აიძულებთ მათ თავშესაფარი ევროპის ქვეყნებში ეძიონ.

არ არსებობს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, თუ თემის რამდენმა წევრმა დატოვა საქართველო პანდემიიდან მოყოლებული დღემდე, რადგან ლგბტქი+ ადამიანებისთვის თავშესაფრის ძიებაში სათემო და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულები არ არიან. თუმცა სოციალური მუშაკები და ქვიარ აქტივისტები წასვლის მიზეზებად ორ ძირითად ფაქტორს – სიღარიბესა და მზარდ ძალადობრივ გარემოს ასახელებენ.

„თანასწორობის მოძრაობის“ სოცმუშაკის, მარიამ ბანძავას დაკვირვებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნიდან წამსვლელი თემის წევრების რაოდენობა 100%-ით გაიზარდა. „არა მარტო ტრანსგენდერები, გეი ადამიანები, ლესბოსელი წყვილები, საკმაოდ ბევრი მიედინება. ეკონომიკური საჭიროება და სულ უფრო და უფრო საშიში, ძალადობრივი გარემო არის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ქვეყნის დატოვების. წლები გადის და მიუხედავად „ფურცელზე დაწერილი“ კანონმდებლობისა, მოცემულობა არ იცვლება. იცით, ულტრამემარჯვენე ძალები აქტიურდებიან, პარტიაც დაარეგისტრირეს ამასობაში. 

„ბოლო წვეთი პანდემიის დროს ის იყო, რომ თემის სხვა წევრებისგან განსხვავებით შემოსავალი, ფაქტობრივად, აღარ დარჩათ ამ [ტრანსგენდერ] ადამიანებს. ისეც, თემის წევრების დიდი ნაწილი დასაქმებულია მომსახურების სფეროში. მათ უმეტესობას შრომითი ხელშეკრულებაც არ აქვს, როგორც ეს სუბსიდირების (200-ლარიანი დახმარება მათთვის, ვინც პანდემიაში სამსახური დაკარგა) დროს გამოჩნდა. ტრანსგენდერი ადამიანები უკიდურეს გაჭირვებამდე მივიდნენ. სახელმწიფოს პროგრამა არ ჰქონდა მათთვის გათვალისწინებული, არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსები კი ვერ გასწვდება მათი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ეს წარმოუდგენელია“.

პანდემიური კრიზისის გარდა ქვეყანაში ლგბტქი+ თემის ცხოვრება კიდევ უფრო დამძიმდა 2021 წლის 5 ივნისის მოვლენების შემდეგ. ნაციონალისტურმა ძალებმა „ღირსების მარში“ ჩაშალეს და 51 ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ. ამას ახალი და კიდევ უფრო მძლავრი ჰომოფობიური ტალღა მოჰყვა ქვეყანაში.

„2013 წელი [17 მაისი] სამწუხაროდ განმეორდა 2021 წელს. წამოვიდა ჰომოფობიის ძალიან დიდი ტალღა, რომელიც, პირველ რიგში, ყველაზე მწარედ მოხვდა იმ ქვიარ ადამიანებს, რომლებიც მეტად ხილვადები, მეტად ამოცნობადები არიან სოციუმში. ტრანსგენდერი ქალები მიდიან ქვეყნიდან, რადგან ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ. ამას თან ახლავს უმუშევრობა და უფულობა. ისინი ოჯახებისგან გარიყულები არიან, ცხოვრობენ ქირით და იმ პირობებში, როცა მათი უმრავლესობა სექსსამუშაოთი ირჩენს თავს, პანდემიის საპრევენციო რეგულაციების გამო კი მუშაობას თითქმის ვერ ახერხებდნენ, სახლის გარეშე რჩებოდნენ, საჭმლის გარეშე რჩებოდნენ…” – ამბობს ტონი სარასფატი, ქვიარ ასოციაცია „თემიდას“ აღმასრულებელი დირექტორი.

2021 წელს მსოფლიოში 370-ზე მეტი ტრანსგენდერი ადამიანი მოკლეს, მათ შორის არის თბილისში, პირველ ნოემბერს, მასაჟის სალონში მოკლული ტრანსგენდერი ქალი. ბრალდებულმა იმავე სალონში მყოფ კიდევ ერთ ტრანსგენდერ ქალს ყელისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა. ძალიან ხშირად ტრანსგენდერი ადამიანების მკვლელობები სისასტიკის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მაგალითად, 2014 წლის 11 ნოემბერს მრავლობითი ჭრილობის მიყენებით მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი და მკვლელობის ადგილს ცეცხლი წაუკიდეს. ზიზი შეყილაძე 2016 წელს მოკლეს. მას 16 ნოემბერს  ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს, 23 ნოემბერს კი ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  იმავე წელს კიდევ ერთი ტრანსგენდერი გოგო, ბიანკა შიგუროვა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიების ვერსიით, იგი გაზის გაჟონვის შედეგად დაიღუპა.

2014 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, თუმცა ტონი სარასფატი ამბობს, რომ ამ

ტონი სარასფატი

კანონის აღსრულების მექანიზმები კვლავ ძალიან სუსტია და მიუხედავად ბოლო ათწლეულში ქვიარ საკითხებზე საზოგადოებაში გარკვეული ცოდნის დაგროვებისა, თემის წევრების ცხოვრებაში ბევრი არაფერი გაუმჯობესებულა, მაგალითად, წვდომა განათლებასა და ჯანდაცვის ტრანსსპეციფიკურ სერვისებზე, რომლებიც ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ არსებობს.

 „ხშირია შემთხვევები, როცა ტრანსგენდერი ადამიანები ვერ იღებენ საშუალო განათლებას – სკოლაში მიუღებლები არიან, ოჯახში მიუღებლები არიან. 15-17 წლის ასაკში უწევთ დატოვონ სახლი, ოჯახი, სკოლა, რეგიონი და გადავიდნენ საცხოვრებლად დიდ ქალაქებში. როცა გიწევს ცხოვრების დაწყება ნულიდან, რთულია იფიქრო განათლებაზე. ადამიანი, რომელსაც სკოლა არ აქვს დამთავრებული, უმაღლესში როგორ წავა და პროფესიას როგორ დაეუფლება? სწავლობენ სხვადასხვა ტექნიკურ კურსებზე, მაგრამ მაღალი ტრანს და ჰომოფობიური ფონის გამო მათი უმრავლესობა ვერ ახერხებს დასაქმებას და თვითგადარჩენისთვის ბრუნდებიან ისევ სექსსამუშაოში. ძალიან სევდიანი მომენტია,“ – ჰყვება ტონი.

საქართველოში ტრანზიციის ეტაპში ჩართული ადამიანებისთვის არსებობს ჰორმონული თერაპია, ასევე სექსოლოგის, ფსიქიატრის კონსულტაცია და პლასტიკური ქირურგია. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერი შეიცვალოს, მან სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობაც უნდა წარადგინოს. ტრანს ადამიანებს შესაძლოა სულაც არ სურთ სრული ტრანზიციის და ოპერაციის გავლა. მეორეს მხრივ ოპერაცია ხელმიუწვდომელია სიძვირის გამოც. ამიტომაც პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლისთვის სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის იძულება არაჰუმანურია.

ევროპის მინისტრთა საბჭოს რეკომენდაცია: მოთხოვნები, რომელთა შესრულება სავალდებულოა სქესის იურიდიული აღიარებისთვის, მათ შორის, ის ნაწილი, რომელიც ეხება ფიზიკური ხასიათის ცვლილებებს, რეგულარულად უნდა გადაიხედოს არაჰუმანურ მოთხოვნათა გაუქმების მიზნით.

ამასთან, საქართველოში არ არსებობს ტრანსსპეციფიკური ჯანდაცვის სტანდარტები, ანუ გაიდლაინები იმ სერვისებისთვის, რომლებიც ტრანზიციის პროცესს უკავშირდება.  

„ჩვენი სპეციალისტები – ენდოკრინოლოგი, სექსოლოგი, ფსიქოლოგი, ფსიქიატრი – რომლებიც მუშაობენ ტრანსგენდერ ადამიანებთან, ძირითადად სარგებლობენ უცხოური, ევროპული გაიდლაინებით, თავად არგებენ გაიდლაინებს ჩვენს კონტექსტზე.

არ არსებობს მულტიდისციპლინარული გუნდი, რომელიც იმუშავებდა არა მარტო ტრანს ადამიანებთან, არამედ, ზოგადად, ქვიარ ადამიანებთან და მოარგებდა მათ ამ სერვისებს. ამიტომ ჩვენ, ორგანიზაციებს, ხშირად გვიწევს ქვიარ და ტრანსკომპეტენტური / მეგობრული ექიმების ძებნა, შექმნა ჩვენი არაფორმალური სიის და შემდგომში გადამისამართება მათთან. მაგრამ ეს არის მხოლოდ ექიმის კეთილი ნება. სამწუხაროდ, მიუღებლობა ექიმების ძალიან მაღალია,“ – განმარტავს ტონი.

დადუ კარა ამბობს, რომ ჯანდაცვის, თუნდაც არატრანსსპეციფიკურ სერვისებზე მას ხელი არ მიუწვდება. „ისეთი მედპერსონალი თუ შეგხვდა, შეურაცხყოფას რომ არ მოგაყენებს, დიდი მადლობა უნდა თქვა. მერე მეორე, ყველაფერი ისეთი ძვირია, სულ რომ ვკვდებოდე, კლინიკაში ვერ მივალ. საყოველთაო დაზღვევა, რაც ყველაზე ვრცელდება, ვრცელდება ჩვენზეც, მაგრამ მაინც ძალიან ძვირი ჯდება ყველაფერი“.

___________________________________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: