მთავარი,სიახლეები

რა მასწავლა გერმანიაში ცხოვრებამ – „სულ შიში მქონდა, რომ 30 წლის შემდეგ ნეტა რა მელოდა“

18.12.2021 • 8811
რა მასწავლა გერმანიაში ცხოვრებამ – „სულ შიში მქონდა, რომ 30 წლის შემდეგ ნეტა რა მელოდა“

26 წლის დარინა ცეცხლაძე გერმანიაში Au Pair პროგრამით ათი თვის წინ წავიდა. ოპერად წასვლა საზღვარგარეთ ნიშნავს, რომ ცხოვრობ და მუშაობ ლეგალურად. გყავს მიმწვევი ოჯახი, რომელიც უზრუნველგყოფს ბინით, საკვებით, გიფინანსებს ენის კურსებს, სანაცვლოდ კი მონაწილეობ ბავშვის აღზრდაში. პროგრამა ოპერს აძლევს საშუალებას გაიღრმაოს ერთის მხრივ ენის ცოდნა, მეორე მხრივ კი ჩაერთოს კულტურულ ღონისძიებებში.

დარინას თავდაპირველად მაგისტრატურის გავლა სურდა გერმანიაში. თუმცა რიგი ფაქტორების გამო, მაგისტრატურა საქართველოში დაამთავრა. კორონავირუსის პანდემიამ მისი სამომავლო გეგმებიც შეცვალა და საბოლოოდ გადაწყვიტა Au Pair პროგრამით ესარგებლა.

„კოვიდის გამო ერთადერთი, რითაც შეიძლებოდა გერმანიაში ჩამოსვლა Au Pair პროგრამაა. აქ არ წამოვსულვარ იმისთვის, რომ ბევრი ფული გამოვიმუშაო. ჩემი მთავარი მიზანი არის ენის შესწავლა და შემდგომ უკვე ჩემი ოცნების ასრულება. ბაკალავრი მაქვს ფინანსების განხრით დასრულებული. მაგისტრატურა მაქვს ფინანსები და საბანკო საქმე. ახლა მინდა ბიზნესის მართვის მხრივ დავასრულო დოქტორანტურა.

ეს პროფესია მოითხოვს ენის ცოდნას C2 დონის დონეზე. გჭირდება ძალიან ბევრი შრომა, გჭირდება პრაქტიკა. ერთ-ერთი კარგი საშუალება ზუსტად ეს პროგრამა იყო, რადგან შეგიძლია ყოველდღიური კონტაქტი გერმანელებთან, შეგიძლია ყოველდღიურად საუბარი. ეს არის ძალიან დიდი პლუსი. დოქტორანტურის დასრულება გერმანიაში ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში, მჭირდება ფული ბინისთვის. აქ მუშაობა და უნივერსიტეტში სწავლა ერთდროულად ურთულესია.

ამიტომ ვიფიქრე, სხვა პროგრამები ვცადო. ძალიან ბევრი პროგრამაა, რომელიც დაგეხმარება ფულის დაგროვებაში, პარალელურად სწავლობ, თეორიასთან ერთად პრაქტიკულ ცოდნასაც იღებ და ამ პრაქტიკაში სახელმწიფო და ფირმა გიხდის ფულს, რომელიც საკმარისია კვებისთვის, ტანსაცმლის საყიდლად, ცოტა გართობისთვის.

მოლოდინი და რეალობა

ენის სწავლა სამი წლის წინ დავიწყე. დაახლოებით 10 თვის წინ ჩამოვედი გერმანიაში. მთელი ორი წელი და ორი თვე გერმანულს ვსწავლობდი.

მქონდა მიზანი და ამ მიზნისკენ მივისწრაფოდი. თუმცა აქ რომ ჩამოვედი, ცოტა სხვა რეალობაში მომიწია ცხოვრება. გაცილებით რთული აღმოჩნდა იმაზე, ვიდრე მოველოდი.

Au Pair პროგრამა არ არის ისეთი, როგორიც ჩანს გარედან. ფსიქოლოგიურად უნდა იყო მზად, რადგან მთელი ერთი წელი გიწევს სხვა ოჯახში ყოფნა. გიწევს ახალი კულტურული გარემოს შესწავლა, ახალი მეგობრები, ახალი სამეზობლო. მთელი ერთი წელი გაქვს სიახლეები.

ოპერის პროგრამა იწყება 18 წლიდან, მაგრამ მე ვფიქრობ 18-19 წლის მოზარდებისთვის საკმაოდ რთულია, რადგან მთლიანად დამოუკიდებელ ცხოვრებას სწავლობ. არავინ არ გეხმარება. შენი გზა, შენ თვითონვე უნდა გაიკვალო.

საერთოდ სხვა კულტურა არის, სხვა ცხოვრების წესი აქვთ და შენ უნდა აუწყო ამ ცხოვრების წესს ფეხი.

მაგალითად, არ გაქვს ბევრი დრო მეგობრებისთვის. არ გაქვს ბევრი დრო ოჯახის წევრებთან სასაუბროდ. აქ 24 საათის განმავლობაში უნდა იმუშაო, უნდა ისწავლო და მიჰყვე შენს მიზანს.

მთავარი სირთულე

ჩემთვის ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ოჯახის წევრებთან არ შემეძლო დიდხანს საუბარი, ყოველდღიური კონტაქტი არ მქონდა.

ჩემი დილა იწყებოდა ცხრა საათზე. 4 საათი მქონდა ენის კურსები, შემდგომ ეხმარები ოჯახს ბავშვის აღზრდაში, საღამოს ისევ ენის კურსები, ან პრაქტიკულ ნაწილს გადიხარ.

ამიტომ დრო საერთოდ არ გრჩება ოჯახის წევრებისთვის.

ახლა ცოტა სხვაგვარი სიტუაცია მაქვს. ჩემ მიმღებ ოჯახს აქვს საკუთარი ფირმა. პრაქტიკებს გავდივარ ამ ფირმაში. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პლიუსია, რადგან ვეცნობი გერმანული ფირმის საქმიანობას. როგორ უმკლავდებიან სირთულეებს, როგორ ემსახურებიან მომხმარებლებს. ჩემი მიმღები ოჯახი – დედაც და მამაც ფიქრობენ, რომ ბავშვის აღზრდაში უნდა მიიღონ სრული მონაწილეობა. ამიტომ ბაღში მშობლებს მიჰყავთ, ბაღიდან მშობლებს მოჰყავთ.

კვირაში ორი-სამი დღე ბავშვი ბებია-ბაბუასთანაა. შესაბამისად ისე ხდება, რომ როცა ავად არის, მხოლოდ მაგ შემთხვევაში მევალება ოჯახის დახმარება.

კვირაში სამი-ოთხი დღე ვარ ფირმაში. ვეხმარები მათ. ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან მაქვს ყოველდღიური კონტაქტი გერმანელებთან, ყოველდღიური საქმე უფრო მეტად განვითარებას.

რა შეცვალა გერმანიაში ცხოვრებამ

გერმანიამ ისეთი გარდატეხა მოახდინა ჩემს ცნობიერებაში, რომ მხოლოდ ამ გარდატეხისთვის ღირდა ის სამი წელი ცდა საქართველოში და ბრძოლა, რომ გერმანიაში წამოვსულიყავი.

პირველ რიგში დამაძლევინა ასაკის შიში.

საქართველოში სამწუხაროდ შრომითი ბაზარი გვაქვს ცუდად აწყობილი. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა ეძებს 25-30 წლამდე ახალგაზრდებს. 30 წლის შემდეგ ძალიან ბევრ შემთხვევაში არ აქვთ საშუალება განავითარონ საკუთარი თავი.

გერმანიაში ყველაზე მეტად რაც მომეწონა, პატივს სცემენ ადამიანის გამოცდილებას და არა დავუშვათ იმას, რომ ლამაზია ან ახალგაზრდაა. რადგან ნებისმიერ ფირმაში, ნებისმიერ მარკეტში, ნებისმიერ ჰიპერმარკეტში – არ აქვს მნიშვნელობა, ნახავ 70-80 წლის ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენ.

ყველაზე მეტად რამაც გავლენა მოახდინა, აქ არის პროფესიული სასწავლებელი, ამ პროგრამაში სწავლას იწყებენ 30-40-50  წლის ადამიანები. შეიძლება 40 წლისამ გადაწყვიტოს, რომ აქამდე რა პროფესიაც ჰქონდა, ის პროფესია აღარ მოსწონს, აღარ არის ეს მათთვის საინტერესო და თავიდან იწყებენ 40 წლის ასაკში სწავლას.

აქედან გამომდინარე ვფიქრობ, როდესაც საქართველოში დავბრუნდები და შევქმნი პატარა ფირმას, აუცილებლად დავასაქმებ ასაკოვან ხალხს – მე მჭირდება მათი გამოცდილება, მათი ჭკუა და არა მათი სილამაზე.

ახლა ვარ 26 წლის და სულ შიში მქონდა, რომ 30 წლამდე ვერ მოვახერხებდი საკუთარი თავის რეალიზებას. სულ შიში მქონდა, რომ 30 წლამდე უნდა მომესწრო ყველაფერი, 30 წლის შემდეგ ნეტავ რა მელოდება, რა საქმე უნდა გავაკეთო და ა.შ.

კი, ჩვენთანაც 60 წლამდე ადამიანებიც მუშაობენ, მაგრამ აბსოლუტურად ყველა სამსახური ითხოვს 25-30 წლამდე ახალგაზრდებს. ეს არის ჩვენს სამშობლოში ძალიან რთული მიდგომა.

რა შეიძლება გააკეთო Au Pair-ის ხელფასით

Au Pair-ის მაქსიმალური ხელფასი 280 ევროა. ეს თანხა გაქვს ჯიბის ფულად. კვება შედის ოჯახის მოვალეობაში. ასევე ყველანაირი გადასახადი. ვსარგებლობ მანქანით და ამ მანქანის საწვავის თანხაც შედის ოჯახის მოვალეობაში. შესაბამისად, ეს 280 ევრო არის მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს ოჯახზე ზრუნვა არ მიწევს, ეს როლი აღებული აქვს ჩემს უფროსს ძმას, რომელიც საფრანგეთშია, მე ვავითარებ მხოლოდ ჩემს თავს. ამ თანხასაც ვდებ ისევ ჩემს განათლებაში.

საღამოს ენის კურსები არ ევალება ჩემს ოჯახს, მაგრამ მე ვიხდი ყოველთვიურად ფულს. ასევე მყავს კერძო მასწავლებელი საქართველოდან, რომელსაც ამ ხელფასით ვუხდი ფულს. მთლიან თანხას ვდებ საკუთარ განათლებაში.

თუმცა არის ძალიან ბევრი Au Pair, რომელიც ამ 280 ევროდან 200 ევროს საქართველოში უგზავნის თავის ოჯახს.

გერმანული ენის სწავლა

გერმანული ენა ურთულესია. თავიდან პირველი სამი თვე მქონდა სრული დეპრესია, რადგან რაც უფრო მეტს სწავლობ, მით უფრო მეტი დრო გჭირდება. მთელი დღე რომ ისწავლო, მაინც არ არის საკმარისი.

მე დამეხმარა მომწვევი ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე მუშაობენ, საღამოს გამონახავენ ხოლმე დროს იმისათვის, რომ ვისაუბროთ, მისწორებენ რასაც არასწორად ვამბობ. ამიტომ ჩემი ოჯახი ვფიქრობ ნამდვილი საჩუქარია ჩემთვის.

დილით რასაც ვსწავლობ გრამატიკას, საღამოს ვამყარებ პრაქტიკით. ჩემს ოჯახთან ვსაუბრობ სხვადასხვა თემაზე, ვსაუბრობთ რელიგიაზე, პოლიტიკაზე, ფირმის განვითარებაზე. ყოველდღიურად გვაქვს სხვადასხვა თემა.

Au Pair პროგრამაში მონაწილეობისთვის საკმარისია A1 დონეზე ფლობდე ენას. ეს არის ელემენტარული საკითხების ცოდნა. მაგალითად, თავის წარდგენა, მისალმება, დამშვიდობება. ელემენტარული ცოდნა არის საჭირო, რომ მიიღო Au Pair-ის ვიზა და ჩამოხვიდე გერმანიაში.

სამომავლო გეგმები და საქართველო

აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში. ჩემი მიზანია, აქ მივიღო რაც შეიძლება მეტი გამოცდილება, ჩამოვიდე საქართველოში, ეს გამოცდილება დავახარჯო ჩემს ქვეყანას. ამით არ ვაკნინებ სხვა ახალგაზრდებს, რომლებსაც აქ დარჩენა უნდათ. ვფიქრობ, ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა ვერაფერ ღირებულს ვერ გვთავაზობს. ვერ გთავაზობს ვერაფერს, რომ ეს ახალგაზრდები თავიანთი ცოდნით, გამოცდილებით ჩავიდნენ საქართველოში და მათ როგორც შეეფერებათ, მსგავს სამსახურებში დასაქმდნენ.

მე სულ სხვა გეგმები მაქვს. ვფიქრობ, მარკეტინგული კომპანია გავაკეთო, რომელიც მოიცავს მენეჯმენტს, მარკეტინგს და გაყიდვების სფეროს. საკმაოდ განვითარებული სფეროა საქართველოში და აქაური გამოცდილება ძალიან დამეხმარება.

რას უნდა აკეთებდეს ჩემი ქვეყანა ახალგაზრდებისთვის

ძალიან ბევრი ქართველია გერმანიაში. ბევრ ქართველს მიღებული აქვს ან გრძელვადიანი ვიზა ან დიდი ხნით აპირებს აქ დარჩენას. ეს ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. ფიზიკურად ვერ ვაკრიტიკებ ჩემს მეგობრებს, რომლებსაც აქ დარჩენა სურთ.

სულ აქვთ ერთი კითხვა – რა შემიძლია გავაკეთო ჩემს სამშობლოში ისეთი, რომ მიღირდეს იქ დაბრუნება? ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდების განვითარებას, საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას – ყველაზე დიდი ინვესტიციის ჩადება ღირს განათლებაში. მერე უკვე ორმაგად, სამმაგად და ათმაგად ამოიღებ ამ დახარჯულ თანხას.

უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს ახალგაზრდებს, რომ ჩამოვიდნენ საკუთარ ქვეყანაში. შესთავაზონ მეტი დასაქმება, მეტი მაღალი ხელფასი.

დღეს შეიძლება ჩახვიდე საქართველოში და 500-ლარიან ხელფასს გთავაზობენ. სადაც შედარებით მაღალი ხელფასია, სახელმწიფო სამსახურში მანდ, სამწუხაროდ, ახლობლობით, მეზობლობით, ნათესაობით, ხდება მიღება. ეს ჩემთვისაც და სხვა ახალგაზრდებისთვისაც ძალიან მტკივნეულია.

საქართველოში რომ ვიყავი, ამ პრობლემებში დიდად სიღრმისეულად არ ჩამიხედავს. მე შედარებით მაღალი ანაზღაურება მქონდა. სხვა სფეროში ვმუშაობდი.

მაგრამ როცა გერმანიაში ჩამოვედი, აქედან უფრო მეტი შედარების საშუალება მაქვს. ამ ქვეყანას რომ შეადარო რა აქვს მინუსი შენს ქვეყანას, უფრო მეტად აცნობიერებ შენი ქვეყნის პრობლემებს. აქედან გამომდინარე აქ მყოფი ქართველები კარგად ხედავენ, რამხელა პრობლემები გვაქვს საქართველოში. ამიტომ ურჩევნიათ აქ გააგრძელონ ცხოვრება.

ვხედავ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენი ხალხი მიედინება და ახლა რამდენი მეგობარი კიდევ უკან მომყვა ამ პროგრამით… უამრავი, უამრავი ადამიანი გადის ქვეყნიდან და ეს არის ყველაზე ცუდი ქვეყნისთვის. მომავალი თაობა აღარ გვყავს ფაქტობრივად ქვეყანაში.

ეს არის არამხოლოდ სახელმწიფოს ბრალი, ხალხმაც არ უნდა შევუწყოთ ხელი. მაგალითად, ის რომ მე მაქვს დიდი ფირმა, უნდა შევუწყო ხელი, რომ ახალგაზრდები დავასაქმო.

როცა ოცი წლის ახალგაზრდას ასაქმებ, იმას არ უნდა მოსთხოვო ხუთ და ათწლიანი გამოცდილება. საერთოდ შეუსაბამოა, თან ახალგაზრდა ადამიანებს ითხოვდე დასასაქმებლად და თან ამ ადამიანებს 5-10 წლიან სამუშაო გამოცდილებას სთხოვდე. აბსურდია. ჩემი აზრით, უნდა მიეცეს მეტი მოტივაცია ახალგაზრდებს. რომლებსაც საზღვარგარეთ აქვთ განათლება მიღებული და არა მხოლოდ საზღვარგარეთ, საქართველოში ოთხი წელი დრო ფული და ძალისხმევა დახარჯეს განათლების მისაღებად, შემდგომ არ უნდა იმუშაონ 500 ლარიან სამსახურში და ვიღაცა ნაცნობობით არ უნდა მოეწყოს 2 000 ლარიან სამსახურში.

როცა ხედავს ახალგაზრდობა ამ ყველაფერს, აღარ აქვთ სურვილი, რომ აქ დარჩნენ.

საქართველოში სრული განათლების მიღება არის მარტივი. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანი ახალგაზრდები გვყავს, რადგან როდესაც ევროპის ქვეყნებში მოდიან, ყველა პროფესორი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით ჭკვიანი ახალგაზრდები მოდიან საქართველოდან.

ძალიან კარგად შეუძლიათ ფიქრი, ანალიზი, ახალი იდეების მოძიება და ა.შ.  ეს არის ტრაგიკული ძალიან, რომ ეს ჭკვიანი ახალგაზრდები მოდიან საზღვარგარეთ და სხვადასხვა ქვეყანას კვებავენ გონებით და არა საკუთარ სამშობლოს.

იმ იდეებით შეგვიძლია ძალიან მაგარი ქვეყანა გავხადოთ საქართველო, მაგრამ სახელმწიფო არ გვიწყობს ხელს, რომ ჩვენი იდები მოისმინონ, ჩვენი აზრები განავითაროს…

არ მინდა, რომ პოლიტიკურში გადამივიდეს, მაგრამ ვფიქრობ სააკაშვილს ჰქონდა კარგი გათვლა  – მთელი რესურსები მიდიოდა ახალგაზრდების განათლებაში. შემდგომ ამ ახალგაზრდების ჩამოყვანაში საქართველოში და ამ იდეების განვითარებაში. მაგ დროს უფრო მეტად იყვნენ მოტივირებული ახალგაზრდები, რომ რაც შეიძლება მეტი ესწავლათ და იცოდნენ, რომ მათი ცოდნით შეეძლოთ თავიანთი გზის გაკვალვა.

დღეს, სამწუხაროდ, ვეღარ ვხედავ მე ამას და ზუსტად ეს გვჭირდება – რაც შეიძლება მეტი გამჭვირვალობა. ვიღაცამ არ უნდა მაჯობოს ვიღაცის ნათესაობით, უნდა მაჯობოს ჭკუით, განათლებით. ეს არის მთავარი მოტივაცია ახალგაზრდებისათვის, რომ მე როცა ჩემს განათლებაში ვდებ ამდენ ფულს, ამდენ დროს, ვდებ მთელს ჩემს ახალგაზრდობას, უნდა მიღირდეს იმად, რომ საბოლოოდ მე მივიღებ შედეგს.

მარტო სახელმწიფოსაც რომ არ დავაბრალოთ, სინამდვილეში ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენშია, სულ გვავიწყდება ის ფაქტი, რამდენად დიდი ძალა გვაქვს ხალხს და რომ ნორმალურ ქვეყანაში ხალხი მართავს პოლიტიკოსებს და არა პირიქით. ასევე დოგმად გვაქვს ქცეული, რომ ჩვენმა შვილებმა აუცილებლად უმაღლესი უნდა დაამთავრონ და პროფესიული სასწავლებლები მიჩქმალული გვაქვს. ქართველ მშობელს ურჩევნია მისი შვილები არშემდგარი იურისტი, ეკონომისტი ან სხვა პროფესიის წარმომადგენელი იყოს, ვიდრე შემდგარი და წარმატებული ხელოვანი, სტილისტი და ა.შ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: