ბათუმი,კულტურა,მთავარი,სიახლეები

“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

17.12.2021 • 2702
“ცხოვრება და ლოცვა მთაში” – ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა ბათუმში

დღეს, 17 დეკემბერს, ბათუმში ფოტოგრაფ ტბელ აბუსერიძის ფოტოგამოფენა გაიმართა.

„ცხოვრება და ლოცვა მთაში“ – ასე ჰქვია ფოტოპროექტს, რომელიც აჭარის მაღალმთიანეთში, ზორტიყელის საზაფხულო იალაღებზეა გადაღებული.

ტბელ აბუსერიძის  თქმით, ფოტოპროექტზე მუშაობის დროს თითქმის ორი თვე ცხოვრობდა მთაში იმ ოჯახებთან ერთად, ვინც მისი პროექტის გმირები გახდნენ. ფოტოების თემატიკა მრავალფეროვანია, გმირები კი სხვადასხვა ასაკის არიან.

„დაახლოებით 2 500 ფოტო მაქვს დამუშავებული და გადარჩეული. ნალის დაჭედვიდან დაწყებული ძროხების აცრამდე დამთავრებული, ყველაფერი გადაღებული მაქვს. სხვადასხვა თემატიკისაა ეს ფოტოები – იქნება ეს ქალები და კოფე, ბავშვები და თამაშები, ლოცვა, ტბა თუ ბავშვური სპორტი,“  – უთხრა ტბელ აბუსერიძემ „ბათუმელებს“.

კადრი ფოტოგამოფენიდან

„ცხოვრება და ლოცვა მთაში“ მულტიმედიური პროექტია, მოიცავს ფოტოებს, ვიდეოებსა და ხმებს, რომელიც მაღალმთიანეთის ცხოვრებას ასახავს. ფოტოგრაფის თქმით, პროექტზე მუშაობა მისთვის ემოციური იყო, რადგან თვითონაც აჭარიდანაა და ბავშვობა მსგავს საზაფხულო იალაღებზე აქვს გატარებული.

„ამ პროექტზე მუშაობამ პირველ რიგში იმ სილაღით და იმ ბედნიერებით ამავსო, რომელსაც თვითონ მთა იძლევა. რაც არ უნდა მძიმე შრომა იყოს მემთეურობა, მას მაინც აქვს თავისებური სილაღე და სიმწვანე.

მეორეც, გავიხსენე ბავშვობა. უფრო რეტროსპექტულად ვუყურებდი, იმიტომ, რომ ჩემი ბავშვობა გავატარე მთაში, თითქოს ჩემს წარსულსაც დავუკავშირდი ამით.

და ყველაზე მთავარი რაც არის მომსწრე გავხდი ბოლო მემთეურების თაობის. იმიტომ, რომ რეალურად ნელ-ნელა კვდება ეს ტრადიცია,“ – ამბობს ტბელ აბუსერიძე.

ფოტოგრაფმა ფოტოპროექტი „ღია საზოგადოების ფონდი საქართველოს მხარდაჭერით გადაიღო. გამოფენის გამართვას გეგმავს თბილისშიც. ასევე, იგი ცალკე გამოფენის მოწყობას გეგმავს იმ სოფლის მოსახლეობისათვის, რომლებიც ფოტოპროექტის მთავარი გმირები არიან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: