მთავარი,სიახლეები

კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

16.10.2021 •
კიდევ 2 დაზიანებული მზიდი კედელი ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად 

26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული კორპუსის გვერდით, ტრაგედიის დატრიალების და 9 ადამიანის დაღუპვის შემდეგ, ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უკვე ორი მრავალბინიანი კორპუსის პირველ სართულებზე აღმოაჩინა, რომ კომერციული სივრცის მოწყობის პროცესში დაზიანებულია მზიდი კედლები. ეს შეიძლება იქ მცხოვრები ადამიანების სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

ერთი კორპუსის შესახებ მერია გუშინ საღამოდან საუბრობს, მას აქეთ, როცა ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, 40 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, მათ შორის, მერის ოჯახის.

მეორე შემთხვევა კი, 26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაშია – აქ კომერციულ ფართობს „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოვებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია აწყობს. მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ ამ ბინაშიც იგივე პრობლემა დაფიქსირდა. „მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა“, – გვითხრეს ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრში.

მერიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსისგან განსხვავებით, ამ ორ კორპუსში ნებართვა გაცემულია, თუმცა ის დაარღვიეს და დაზიანდა საყრდენი კედლები.

26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში მდებარე კომერციულ ფართობში დაფიქსირდა უკანონო სამუშაოები

მუნიციპალური ინსპექციის განმარტებით, საყრდენი კედელი დაზიანებულია 26 მაისის და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაშიც.

ბათუმის მერიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ინფორმაციაც გაავრცელა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და იქვე დასძინა, რომ „მოსახლეობის დროებით გაყვანას კავშირი არ აქვს 26 მაისის ქ. #13-ში მდებარე შენობის ნგრევასთან და წარმოადგენს დამოუკიდებელ სამშენებლო სამართალდარღვევას“.

ბათუმის მერიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ფართობში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე, სადაც ასევე დაზიანდა საყრდენი კედლები.

„ბათუმელები“ ამ დრომდე გიორგი ჭყონიას ვერ უკავშირდება.

„დროებით გამაგრებითი სამუშაოები დავიწყე რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს ტრაგედია მოხდებოდა, არ ჩამითვლია საჭიროდ, მერიისთვის მიმემართა“, – ამბობს „ბათუმელებთან“ მერაბ ემირიძე, ის 26 მაისის ქუჩაზე ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობლად მდებარე კორპუსში აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, რა დროსაც ასევე საყრდენი სვეტი დაზიანდა.

საყრდენი კედელი და სვეტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველ სართულზე, მე-3 ბინაშია დაზიანებული. კორპუსის ამ ნაწილში ცხოვრობს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელიც.

ბინა, სადაც საყრდენი სვეტი დაზიანებულია, ჩამონგრეული კორპუსის გვერდითაა

ბათუმის მერიის განმარტებით, ამ მისამართზე პირველი კლასის ნებართვაა გაცემული ვიტრაჟის მოწყობაზე, ასევე ფასადის რეკონსტრუქციაზე, რაზეც შესაბამისი დოკუმენტაცია მესაკუთრემ წარმოადგინა აპრილსა და მაისში. თუმცა რამდენად მიმდინარეობდა ეს სამუშაო ნებართვის შესაბამისად, ეს მუნიციპალურ ინსპექციას 8 ოქტომბრის ტრაგედიის შემდეგ შეუმოწმებია – 13 ოქტომბერს.

„ორივე ნებართვის მისაღებად წარმოდგენილია ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია. მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ჩატარდა მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება ნებართვასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინსპექტირების შედეგად გამოვლენილია 27 მაისს გაცემული ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოების დარღვევა – მზიდ კედელზე სამუშაოების ჩატარება და შიდა ფართის გაზრდა. 14 ოქტომბერს გაიცა წერილობითი მითითება და დაწყებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული წარმოება,“ – აცხადებენ ბათუმის მერიაში.

„ეს ბინა ჩემს ცოლს და მის დას ეკუთვნით. მე ვიყავი ჩართული სარემონტო სამუშაოებში, რომ მოგვეწყო კომერციული ფართობი. რა იქნებოდა აქ, არ გვქონდა გადაწყვეტილი,“ – ამბობს მერაბ ემირიძე. ის სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ერთ-ერთი მენეჯერია.

მერაბ ემირიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ ვიდრე ვიტრაჟის მოწყობას დაიწყებდნენ, ბინის კედლებიდან ძველი ნალესი ჩამოყარეს და ნახეს, რომ სამუშაოების გაგრძელდება რეკონსტრუქციის და საყრდენი სვეტების გამაგრების გარეშე შეუძლებელია.

გაურკვეველია, მოუწევთ თუ არა ბინების დატოვება კლდიაშვილის ქუჩის მხარეს მდებარე კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს

„ეს სამუშაოები დავიწყეთ დაახლოებით თვენახევრის წინ, რადგან სახლი ძველია, ძველი ნალესი ჩამოვყარეთ, რომ გამოჩენილიყო, რამდენად მყარია კედელი, სვეტები. ეს დაგვჭირდა იმისთვის, რომ გვენახა, რა სახის ქირურგიული ჩარევა იქნებოდა საჭირო.

ვნახეთ, რომ მზიდ კოლონებზე ცემენტი იყო გამოფიტული, არმატურა იყო ძალიან ცოტა. ჩათვალე, რომ ამის ასე დატოვება იქნებოდა შეუძლებელი და საჭირო იყო აღდგენითი სამუშაოები და მოვიყვანე კონსტრუქტორები, რომ შეგვემუშავებია გეგმა და შემდეგ მიგვემართა მერიისთვის…“ – ამბობს მერაბ ემირიძე. ის გამორიცხავს ვერსიას, რომ საყრდენი კედლის და სვეტების მოშლას აპირებდა.

რატომ არ მიმართა მერიას, როცა დაინახა, რომ ნალესის ჩამოღების დროს საყრდენი სვეტი დაზიანდა და რატომ ჩაატარა ე.წ. გამაგრებითი სამუშაოები ნებართვის გარეშე?

„შემეშინდა და დროებითი გამაგრება გავაკეთე… არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მიმემართა ინსპექციისთვის, რადგან მერიაში შეგაქვს უკვე რეკონსტრუქციის პროექტი, რაც მე ჯერ არ მქონდა. ჩვენ გვქონდა მიშენების ნებართვა მხოლოდ და ვიტრაჟის მოწყობა, რეკონსტრუქციის მოწყობაზე ნებართვა არ მქონია, შემდეგ მოხდა ეს ტრაგედია და სამუშაოები შეამოწმა მუნიციპალურმა ინსპექციამაც.

ახლა ველოდები სამხარაულის ექსპერტების მითითებებს, რა უნდა გავაკეთო. ორშაბათს უნდა იყოს ეს დასკვნა, მერე მივმართავ მერიას და განვახორციელებ უკვე რეკონსტრუქციულ ცვლილებებს,“ – გვითხრა მერაბ ემირიძემ.

მერაბ ემირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ამ კორპუსში და სხვა ძველ კორპუსებშიც კომერციული ფართობები ბევრგან ისე მოაწყვეს, რომ ნალესი არ ჩამოუღიათ და არავის შეუმოწმებია მზიდი კედლების სიმყარე.

„აქამდე ხომ არავინ ამოწმებდა, ვინ როგორ აკეთებდა საცხოვრებელ ბინას კომერციულ ადგილად. მერიაც აღიარებს ამას, რომ რეგულაციები ამ კუთხით არ არსებობდა… მე ვერ შევამოწმებდი საყრდენი კედლების და სვეტების სიმყარეს ნალესის ჩამოღების გარეშე, რამაც ეს დაზიანება გამოიწვია,“ – ამბობს მერაბ ემირიძე.

„სამშენებლო ობიექტზე სანებართვო პირობების დარღვევით მიმდინარე სამუშაოები დაფიქსირდა,  რასთან დაკავშირებითაც დაწყებულია საქმის წარმოება და გაცემულია მითითება,“ – მოგვწერეს მუნიციპალური ინსპექციიდან უკვე მემედ აბაშიძის და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მდებარე კომერციულ ფართობზე, სადაც ქუჩიდანაც ჩანს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები სარდაფშიც მიმდინარეობს.

ადამიანებმა არ იციან, რა ვადით უწევთ საცხოვრებელი ბინის დატოვება და სასტუმროში გადასვლა

მემედ აბაშიძის ქუჩის მხარეს მდებარე კორპუსიდან 40 ოჯახი გუშინ ღამით გაასახლეს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: