მთავარი,სიახლეები

გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

20.12.2021 • 2816
გამოძიება დაიწყო საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ გაიგეს

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოში საქმე ორი თვის წინ მოიგო და პლაგიატის საქმეზე ვაჟა ანანიძე დაუყოვნებლივ უნდა აღედგინათ სამსახურში, ამ დრომდე საზღვაო აკადემია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაზე, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, საზღვაო აკადემიის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

საგამოძიებო ორგანოში მოისმინეს მხარეთა ჩვენებები, თუმცა 7 ოქტომბერს მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო დღემდე არავინ დასჯილა.

„ახლა ჯერი საგამოძიებო ორგანოზეა, დააფარებს ხელს დამნაშავეს, თუ განახორციელებს კანონით სავალდებულო ღონისძიებებს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.  ეს ორგანიზაცია სასამართლოში ვაჟა ანანიძის ინტერესებს იცავს.

ანა ბერძენიშვილის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოს საზღვაო აკადემიამ ზეპირსიტყვიერად სთხოვა, დალოდებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც აკადემიამ ოფიციალურად იკითხა „ტოლფასი სამუშაოს“ განმარტება.

სასამართლომ საზღვაო აკადემიას უკვე უთხრა, რომ 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებითაც [რომლითაც საზღვაო აკადემიამ ვაჟა ანანიძესთან სასამართლო დავა წააგო] გასაგები უნდა ყოფილიყო, რასაც გულისხმობს „ტოლფასი სამუშაო“. თუმცა ამჯერად საზღვაო აკადემიამ სასამართლოს ეს განმარტებაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ვაჟა ანანიძე ბათუმის საზღვაო აკადემიიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა მან აკადემიის ხელმძღვანელი პირები და კოლეგები პლაგიატში ამხილა. პლაგიატის შემთხვევები შესაბამის სახელმწიფო ორგანოს არ შეუსწავლია და შესაბამისად არც დაუდასტურებია. ვაჟა ანანიძის გათავისუფლება კი, ბათუმის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია.

7 ოქტომბერს მიღებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლე როინ კახიძემ მოითხოვა ვაჟა ანანიძის ტოლფას სამუშაოზე დაუყოვნებლივ აღდგენა, ასევე განაცდურის ანაზღაურება.

„გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის დასახელებული პუნქტის შესრულება შეუძლებელია იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სასამართლოს არ განუმარტავს ტოლფასი თანამდებობა…“, – მისწერა საზღვაო აკადემიამ სასამართლოს მას შემდეგ, რაც აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორთან საქმე წააგო.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არაა ბუნდოვანი, მასში გასაგებადაა მითითებული ყველა ის ღონისძიება, რაც აუცილებელია მხარეთა კანონიერი ინტერესების დასაცავად,“ – წერს მოსამართლე როინ კახიძე განჩინებაში.

საზღვაო აკადემიის არგუმენტია, რომ გააუქმეს თანამდებობა, რომელზეც ვაჟა ანანიძე მუშაობდა. ის საზღვაო აკადემიის ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველოს კოორდინატორი იყო.

ამონარიდი სასამართლოს განჩინებიდან, სადაც მოსამართლე როინ კახიძე განმარტავს, რას ნიშნავს ამ მოცემულობაში „ტოლფასი სამუშაო“:

„…კოორდინატორის თანამდებობა აღარ არსებობს, მაგრამ უდავოდ დადგენილია, რომ აღნიშნული სამსახურის [პოზიციის] ფუნქცია შეითვისა სხვა დეპარტამენტმა. აქედან გამომდინარე სხვა დეპარტამენტმა გააგრძელა ფუნქციის შესრულება. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დეპარტამენტმა, რომელმაც შეითვისა ბიბლიოთეკის სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის სამმართველო კოორდინატორის შესასრულებელი ფუნქციები ან ფუნქციების ნაწილი, წარმოადგენს ტოლფას სამუშაოს,“ – აღნიშნულია ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემულ განჩინებაში.

ანა ბერძენიშვილი, იურისტი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ განმარტავს, რომ ამ განმარტებებზე არც უნდა იყოს დამოკიდებული საგამოძიებო ორგანო, რადგან ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამსახურში აღდგენა მოითხოვა დაუყოვნებლივ და სასამართლოს ეს მოთხოვნა არ შეასრულა საზღვაო აკადემიამ.

„ეს გულისხმობს იმას, რომ იმის მიუხედავად, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო ან როგორ განმარტავს ტოლფას სამუშაოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. დაუყოვნებლივ აღსრულება ნიშნავს მაქსიმუმ რამდენიმე დღეში გადაწყვეტილების აღსრულებას,“ – აღნიშნავს ანა ბერძენიშვილი და დასძენს იმასაც, რომ საზღვაო აკადემიიდან გათავისუფლებულ პროფესორს მას შემდეგ ჩაურიცხეს განაცდური, როცა აღსრულების ბიურომ საგამოძიებო ორგანოს მიმართა და გამოძიების დაწყება ითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: