მთავარი,სიახლეები

ძმების მდგომარეობას სოციალური მუშაკი მეურვის დანიშვნის შემდეგ შეისწავლის – სააგენტო

17.12.2021 • 3171
ძმების მდგომარეობას სოციალური მუშაკი მეურვის დანიშვნის შემდეგ შეისწავლის – სააგენტო

11 და 15 წლის კახას და ანრის შესახებ, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ, ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სააგენტოს ვკითხეთ – დაინტერესდა თუ არა ძმების მდგომარეობით და სწავლობს თუ არა სოციალური მუშაკი ბავშვების გარემოს, სოციალურ პირობებს და მდგომარეობას?

ბავშვების დედა ერთი თვის წინ, კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ ავარიაში დაიღუპა. 

როგორც ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში გვითხრეს, უწყებას ბავშვების ოფიციალური მეურვის დანიშვნის მოთხოვნით ბიჭების დეიდამ 30 ნოემბერს მიმართა. სოციალური მუშაკი საქმეში ამ დრომდე არ ჩართულა.

„ჩვენი ინფორმაციით, დღეს, 17 დეკემბერს, არის ჩანიშნული სასამართლო სხდომა, სადაც გადაწყდება ბავშვების ოფიციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი. როგორც ვიცით, მეურვეობას ითხოვს ბავშვების დეიდა, მან 30 ნოემბერს მოგვმართა განცხადებით. ჩვენ ბავშვებს სახელმწიფო ზრუნვის სერვისში განთავსებაც შევთავაზეთ, რაზეც დეიდამ უარი განაცხადა,“ – გვითხრეს ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში.

რაც შეეხება სახელმწიფო შემწეობას, როგორც სააგენტოში ამბობენ, მას შემდეგ, როცა სასამართლო ბავშვებზე მზრუნველს განსაზღვრავს, სხვა პროცედურებიც დაიწყება.

„ამის შემდეგ ჩაერთვება სოციალური მუშაკი, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მონიტორინგს გაუწევს ამ ოჯახს და პერიოდულად გვექნება მონიტორინგი ბავშვების განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

განახლდება სახელმწიფო შემწეობის გაცემაც, როცა შესაბამისი ცვლილება აისახება დოკუმენტებში. საქმის კურსში ჩაყენებულია ადგილობრივი მთავრობაც,“ – გვითხრეს ბავშვზე ზრუნვის სააგენტოში.

არასრულწლოვანი ძმები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ, რომელშიც წვიმა ჩამოდის. დედის გარდაცვალების შემდეგ ისინი დედის ძმამ შეიფარა.

მოზარდების შესახებ ისტორია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში.

 

____________________________________

ამავე თემაზე:

ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით I VIDEO

გადაბეჭდვის წესი


ასევე: