მთავარი,სიახლეები

სტენსილისთვის – „დაასრულე ბეტონყომობა“ ბათუმში ახალგაზრდა დააკავეს

17.12.2021 • 2300
სტენსილისთვის – „დაასრულე ბეტონყომობა“ ბათუმში ახალგაზრდა დააკავეს

„დაასრულე ბეტონყომობა“ – ამ შინაარსის სტენსილის მოხატვის გამო ბათუმში 5 ახალგაზრდა დააკავეს. „ბათუმელები“ ერთ-ერთ აქტივისტს, ანი თენიეშვილს ესაუბრა, რომელიც დაკავების შემდეგ პოლიციამ გამოუშვა.

დაკავებულებიდან ერთ-ერთი, გიორგი ანანიძე წუხელ წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დღეს კი სასამართლომ გაათავისუფლა.

„დრამატული თეატრის გვერდით რომ ბარია, მის გვერდით კედელზე, სადაც რამდენიმე გრაფიტია განთავსებული, გიორგი ანანიძემ ქაოტური მშენებლობების საწინააღმდეგო სტენსილი – „დაასრულე ბეტონყმობა“ გააკეთა. როგორც შემდეგ გავიგეთ, შენობის ერთ ნაწილში პოლიციის განყოფილებაა განთავსებული.

ჩამოვიდნენ პოლიციელები, გიორგი და სამი აქტივისტი გოგოც აიყვანეს, მეც ვიყავი განყოფილებაში და იქ გადაგვიღეს ფოტოები. როცა ვკითხეთ, თუ რატომ გვიღებდნენ ფოტოებს, გვითხრეს, ძებნილები რომ არ იყოთ, ამიტომ ყველა უნდა აღვბეჭდოთ, ვინ ხართო. ასევე გვითხრეს, რომ შენობაზე დახატვა არ შეიძლება და ჯარიმა გეკუთვნითო.

შემდეგ გიორგის მოაშლევინეს ნახატი და გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში“, – ამბობს ანი თენიეშვილი.

წაშლილი სტენსილი

ანის თქმით, ის გიორგის მოსანახულებლად იზოლატორში მივიდა. „ორსაათნახევარი ველოდე და არავინ გამცა პასუხი, არც ხილი გამომართვეს, მშიერი რომ არ ყოფილიყო მთელი ღამე“, – ამბობს ანი.

გიორგი ანანიძე დღეს დილით გადაიყვანეს სასამართლოში, სადაც ის სიტყვიერად გააფრთხილეს და გამოუშვეს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატის, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობის ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საიას განმარტებით, აღნიშნული ჩანაწერი საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას. „ეს მუხლი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს გამოხატვის თავისუფლებასთან კონკურენციაში. მაგრამ, ზოგადად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომ რიგ შემთხვევებში უგულებელჰყოფს ძირითად უფლებებს, ამაზე ჩვენ არაერთგზის გვისაუბრია“, – ამბობს იურისტი მირზა მამულაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: