მთავარი,სიახლეები

ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი – ემიგრანტი ქალი

17.12.2021 • 5229
ყველაზე რთული იყო, რომ ჩემი შვილები დავტოვე და სხვის ბავშვებს ვუვლიდი – ემიგრანტი ქალი

„წამოსვლამდე დოლარი ვიყიდე, 100 დოლარში გადავიხადე 1500 ლირა. აღარაფერი არ რჩება. თურქეთში დარჩენა აღარ ღირს,“ – სტამბოლში მცხოვრები ემიგრანტი ზაირა წულუკიძე გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციიდან ისევ ემიგრაციაში მიდის – თურქეთიდან გერმანიაში.

ზაირა წულუკიძე 14 წელია სტამბოლში მუშაობს. ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ შემცირებულა მისი ხელფასი, ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რყევების გამო, მაგრამ წელს ამ შემცირებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.

„პირველად სამი თვით წავედით თურქეთში მე და ჩემი მეუღლე სამუშაოდ. გვეგონა სამ თვეში დავბრუნდებოდით. 14 წელი გავიდა. ისევ ემიგრანტები ვართ.

პანდემიის დროს ჩამოვედი ბათუმში. ვიფიქრე, აღარ წავალ-მეთქი. ბათუმში, ინასარიძეზე, ერთ-ერთ კორპუსში ვმუშაობდი დალაგებაზე. თან ტურისტული სეზონი იყო. მაინც არაფერი არ გამოვიდა იმდენი, რომ აქ იცხოვრო. ქალაქში მით უმეტეს. ისევ გადავწყვიტე თურქეთში წასვლა. ემიგრანტობა რთულია, მაგრამ მეტი გზა არ არის, გამოსავალს ვერ ვხედავთ. ბოლოს ორი თვის წინ ვიყავი საქართველოში, ჩემი მეუღლე დარჩა, აღარ დაბრუნდა თურქეთში. იქ ისედაც დაბალია კაცის ხელფასი და ლირის კურსის ცვლილებამ საერთოდ გააუფასურა,“ – ამბობს ზაირა.

ზაირა საქართველოში ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. აპირებს ერთ კვირას დარჩეს და მერე უკან სტამბოლში წავა იმისათვის, რომ იქიდან გერმანიაში გადავიდეს სამუშაოდ.

„დღის პირველ ნახევარში დალაგებებზე ვმუშაობდი, საღამოს 6 საათის შემდეგ თევზის რესტორანში მზარეულად. კარგი ანაზღაურება მქონდა, ორმაგი ხელფასი, მაგრამ ახლა დოლარი ისე გაფუჭდა და ლირამ ისე დაკარგა კურსი, უბრალოდ აზრი აღარ აქვს იქ ყოფნას. წვალებაა. ყველა მიდის, აღარავინ რჩება თითქმის. გერმანიაში ევროში გაქვს ანაზღაურება. იქ სამი თვის მუშაობა, თურქეთში ექვსი თვის მუშაობას უდრის,“ – ამბობს ზაირა წულუკიძე.

ემიგრაციის სირთულეზე საუბრისას თვალები ცრემლებით ევსება და ამბობს, რომ პირველად შვილების გამო გაუჭირდა. როცა თურქეთში სამუშაოდ წავიდა, საქართველოში მცირეწლოვანი შვილები დატოვა.

„შვილებს აქ ტოვებ და შენ სხვის ოჯახში შედიხარ, სხვისი ცხოვრებით ცხოვრობ. პირველად როცა შვილები დავტოვე და წავედი, არ ვიცი ის რა იყო. სულ ვტიროდი. მე სხვის ბავშვებს ვუვლიდი, ჩემები, იმ ასაკის აქ მყავდა დატოვებული. როცა შვილებს დედა სჭირდებოდათ მე ემიგრანტად წავედი, გამოუვალი მდგომარეობის გამო. შვილებს მოწყვეტილი ვიყავი,“ – იხსენებს ზაირა.

საქართველოში დაბრუნება არაერთგზის სცადა, მაგრამ აქ სტაბილური სამსახური ვერ იპოვა. ოთხი წლის წინ დატრიალებულმა ტრაგედიამ კი მისი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეცვალა.

„სკოლა რომ დამთავრდა, მაგ დროს ჩამოვედით მე და ჩემი მეუღლე სტამბოლიდან. გვინდოდა ცოტა დაგვესვენა და მერე შვილები წაგვეყვანა ზაფხულზე ჩვენთან. ბავშვებმა მთხოვეს დედა ზღვაზე წავიდეთო. წავიყვანე. ზღვაზე ტალღები იყო და ბანაობის დროს უმცროსი შვილი ტალღებმა გაიტაცა. ვიოლა, უფროსი გოგო კარგად ცურავდა. საშველად რომ შევარდა ტალღებში, ტალღებმა უკან გამოაგდო, რადგან ზღვა ძალიან ღელავდა. მითხრა: – დე, აქ როგორ დავიცავ ანრისო. ანრის ხმა რომ შემოესმა, შებრუნდა ზღვაში. ანრი აიყვანა ხელში. მთელი 40 წუთი ებრძოლა ამ ტალღებს. შემდეგ ერთი დამსვენებელი დაეხმარა და გამოიყვანა. მაგრამ ამ ტალღებთან ბრძოლაში გული გაუსკდა.

ამ ტრაგედიის მერე მეგონა ვეღარ შევძლებდი ფეხზე დგომას, ვეღარაფერს შევძლებდი, რა უნდა გამეკეთებინა ვეღარ ვხვდებოდი. საერთოდ ხელმეორედ ვისწავლე ყველაფერი. ვერ ავხსნი ამას. მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო კიდევ გავაგრძელე ემიგრანტობა. კიდევ შევძელი ფეხზე დგომა, კიდევ წავედი. პირიქით მგონია, რომ მე ვაძლიერებ ყველას. ასე მგონია მე რომ ფარ-ხმალი დავყარო, ყველა უკან მომყვება ჩემები.

ვცდილობ ვიყო ძლიერი. ძლიერი დედა უნდა ვიყო ჩემი ანრისთვის. მას ძლიერი დედა ვჭირდები“.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: