მთავარი,სიახლეები

„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში

20.12.2021 • 8152
„მამა დავკარგე 2 წლის წინ, სამძიმარზეც ვერ ვიყავი“ – 22 წელი ემიგრაციაში

ირმა ჩიოტაშვილი 50 წლისაა, ოც წელზე მეტია სტამბოლში ცხოვრობს და მუშაობს. საუბრის დროს ქართულ სიტყვებს ეძებს და ზოგს ძლივს იხსენებს. ამბობს, რომ სტამბოლში მრავალი წლის წინ გადასახლებულ ლაზ ნათესავებთან ძირითადად თურქულად საუბრობს და ქართულად ლაპარაკი იშვიათად უწევს, ამიტომაც ავიწყდება ენა ნელ-ნელა.

ირმა სოფელ სარფიდანაა. მან გვითხრა, რომ ემიგრანტობის 20-წლიან გამოცდილებაზე ყველაფრის მოყოლა შეუძლებელია, მაგრამ გვიზიარებს იმ ამბებს, რაც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მას ყველაზე მეტად აწუხებს.

მოუსმინეთ ირმას ნაამბობს: 

 

  • 22 წელი ემიგრაციაში 

შევარდნაძის პერიოდი იყო, პირველად თურქეთში რომ წამოვედი, მაგრამ დიდი ხნით არ ვრჩებოდი, სამ-სამი თვით მოვდიოდით. მაშინ აქ ორ კაპიკს რასაც გამოვიმუშავებდით, კარგად გვყოფნიდა საქართველოში.

თურქული ადვილად ვისწავლე, ბავშვობიდანვე მესმოდა. სარფში, ძველ მუსლიმურ ოჯახში გავიზარდე და ბებია-ბაბუა ხანდახან თურქულად ლაპარაკობდნენ.

სარფიდან ბევრი ნათესავი მყავს სტამბოლში და სამსახურის შოვნაში ძალიან დამეხმარნენ. საქართველოში დაბრუნებას რაც ეხება, დღევანდელი მთავრობა თუ არ შეიცვალა, უარესობისკენ მივდივართ.

  • „მამა დავკარგე 2 წლის წინ და სამძიმარზეც ვერ გადავედი”

აქ ორ კაპიკს ვშოულობთ და საქართველოში როცა ჩამოვდივართ, ორმაგი და სამმაგი ღირს ყველაფერი, ალბათ მშრალი პურისთვის თუ არის საკმარისი. სარფში სახლი აღარ მაქვს, ბინა არ გვაქვს, ნაქირავებშია ჩემი მოხუცი დედა, რომელიც მარტო დავტოვე საქართველოში.

დედა 82  წლისაა. 90%-ით დაქვეითებული აქვს მხედველობა, ძალიან მიჭირს მისი მარტო დატოვება, მეზობლებიც პატრონობენ ხანდახან, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ სად მე რომ ვყოფილიყავი დედაჩემის გვერდით და სად – სხვისი ყურადღება.

სანამ მდგომარეობა არ შეიცვლება საქართველოში, კარგა ხანს მოგვიწევს აქ ყოფნა.

თურქეთში ყველაფერი გაძვირდა. ხალხი აქაც ძალიან წუხს, მდიდრებს არ შეხებია ეს კრიზისი, მაგრამ საშუალო ფენას გაუჭირდა.

ხანდახან ღამით ცრემლით მევსება თვალები. ძნელია სხვის ქვეყანაში ცხოვრება, როცა მოხუცი დედა სხვაგანაა და ყველაზე ძალიან სჭირდები ახლოს, ან გეღუპება ახლობელი და სამძიმარზე ვერ მიდიხარ.

მამა დავკარგე 2 წლის წინ და სამძიმარზეც ვერ გადავედი. ვიზის გასაგრძელებლად დროს ვუცდიდი, რომ გადავსულიყავი, უკან ვეღარ გადმოვდიოდი. დავრჩებოდი მშიერი და უსახლკარო.

ყველაზე ცუდი და ძნელი ესაა, როცა ახლობელს ვერ ემშვიდობები. მამის შემდეგ 3 თვეში ძმაც დამეღუპა.

  • „არ ვიცი ხვალ, ზეგ სად ვიქნები, მაგრამ საქართველოში რომ არ იცხოვრება, ეს კარგად ვიცი”

ცხოველიც, ქუჩაში რომ ცხოვრობს და მოაცილო ამ ქუჩას, ცოდოა, არამცთუ სამშობლოსგან ადამიანის მოცილება.

აქ შეჩვეული ხარ ხარისხიან პროდუქციას და საქართველოში მეორე, მესამე ხარისხის პროდუქტით იკვებება და იმოსება ხალხი, თან ორმაგი, სამმაგი ფასებია. არ ვიცი, ხვალ, ზეგ სად ვიქნები, მაგრამ საქართველოში რომ არ იცხოვრება, ეს კარგად ვიცი.

მამაჩემი ცხინვალიდან იყო წარმოშობით, ბებია ომში დაიღუპა, მამა ოსებმა ტყვედ ჩაიგდეს ერთი კვირით. აწამეს, ფრჩხილები დააძვრეს, დიდი წვალება გამოვიარეთ.

ძლივს ამოვისუნთქეთ თითქოს 10 წლის წინ და ახლანდელ დროს რომ ვადარებ, უკან-უკან მივდივართ. საქართველოში ნამდვილად არ იცხოვრება.

საქმეს რაც შეეხება, აქაურ საჭმელებს ვაკეთებ ოჯახში, ჩემი ოჯახის პატრონები საზღვარგარეთ როცა მიდიან, მიტოვებენ ძაღლს, სახლის საქმეებს ვაკეთებ. რა თქმა უნდა, ძნელია, როცა სტუმრები მოდიან და ბევრი ხალხი იყრის თავს ერთად, ძალიან მიჭირს.

კარგ ხალში ვარ, მაგრამ ასაკი აღარ მიწყობს ხელს, ვიღლები. არ ვიცი, ამ 50 წლის ასაკში უკვე სად წავალ, როგორ ვიქნები და რას ვიზამ, აღარ შემიძლია, გადავიღალე.

ქართულადაც მიჭირს უკვე ლაპარაკი თუ მატყობთ, 22 წელია თურქეთში ვარ.

____________________________________________________________________

გადაბეჭდვის წესი


ასევე: