მთავარი,სიახლეები

მოსამართლეებს კითხვის დასმის უფლება ექნებათ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

29.12.2021 • 1720
მოსამართლეებს კითხვის დასმის უფლება ექნებათ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო.

საუბარია სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, როცა მოსამართლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა კითხვის დასმის უფლება, თუკი მხარეების შეთანხმება არსებობდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით თეთრიწყაროს სასამართლომ მიმართა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რადგან იგი ეხებოდა ბრალდებულის ვალდებულებასაც – „ილაპარაკოს მხოლოდ სიმართლე, თუ სასამართლოში ჩვენების მიცემას გადაწყვეტს.“

სარჩელის ავტორი სარჩელში აღნიშნავდა შემდეგს:

„ცრუ ჩვენების მიცემისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი ბრალდებულს აიძულებს, არჩევანი გააკეთოს დუმილის უფლებით სარგებლობასა და საკუთარი დაცვის სასარგებლოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში სიმართლის თქმას შორის, მაშინაც კი, თუ სიმართლის თქმა დანაშაულის აღიარებას გულისხმობს.

ამავე დროს, სისხლის სამართლის საქმის მოსამართლისათვის კითხვების დასმის შესაძლებლობის შეზღუდვა აფერხებს საქმეზე გადაწყვეტილების მიღებასა და მართლმსაჯულების აღსრულებას, რაც ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლებას,“ – წერდა მოსარჩელე.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს ბუნებრივად შეიძლება ჰქონდეს სასამართლოსათვის ფაქტების არასწორად მიწოდების ინტერესი.

„შესაბამისად, ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ბრალდებულის ჩვენების სანდოობის უზრუნველყოფის უმთავრესი მექანიზმია. პასუხისმგებლობის საფრთხის გარეშე ჩვენების მიცემის შესაძლებლობა შეამცირებს მის სანდოობას, რაც არც მართლმსაჯულების განხორციელებას დაეხმარება და, ამავე დროს, მნიშვნელოვნად დააზარალებს უდანაშაულო ბრალდებულის მიერ თავის დაცვის შესაძლებლობას. ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება არ ეწინააღმდეგება თვითინკრიმინაციისაგან დაცვის კონსტიტუციურ პრივილეგია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება მოსამართლეების მხრიდან კითხვის დასმის უფლებას, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება სახელმწიფოს აკისრებს სამართალწარმოების სისტემის იმგვარად ფორმირების ვალდებულებას, რომელშიც მოსამართლე აღჭურვილი იქნება საქმეზე ობიექტური, სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის სათანადო პროცედურული მექანიზმებით. საჭიროა, მოსამართლეს გააჩნდეს შესაძლებლობა, სხდომაზე ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რომელიც აუცილებელია შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებისა და საქმეზე ჯეროვანი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. ამისათვის კი მას უნდა ჰქონდეს კითხვების შესაძლებლობა, როდესაც ბუნდოვანია დანაშაულად მიჩნეული ქმედების შემადგენლობა, მოწმის, ექსპერტის ან სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილის მიერ მიცემული ჩვენება გაურკვეველი, დამაბნეველი ან/და ურთიერთსაპირისპიროა ან როდესაც შეკითხვის დასმის საჭიროება მოსამართლის მიერ შესაძლებელია მოვლენათა თანმიმდევრობის დადგენისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების იდენტიფიცირების აუცილებლობით არის განპირობებული.

საკონსტიტუციო სასამართლო ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსამართლემ არ უნდა ხელყოს შეჯიბრებითობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი პროცესი და არ უნდა შეითავსოს მხარის ფუნქცია.

„შეკითხვის დასმა არ უნდა განხორციელდეს იმგვარი ენითა და ტერმინოლოგიით, ტონით, ჟესტიკულაციით, ქცევით ან ფორმითა და ინტენსივობით, რომ წარმოშვას მოსამართლის მიკერძოებულობის გონივრული ეჭვი. მოსამართლემ ხელი არ უნდა შეუშალოს მხარეების მიერ მტკიცებულების სათანადოდ გამოკვლევასა და მეორე მხარის მტკიცებულებათა გაბათილებას,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: