მთავარი,სიახლეები

ნიგოზი, გოჭი, ინდაური, ყველი – რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტები ბათუმის ბაზარში

29.12.2021
ნიგოზი, გოჭი, ინდაური, ყველი – რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტები ბათუმის ბაზარში

„მოდის ხალხი და ფასს რომ იგებს, უკან ბრუნდება, მიდის ცარიელი,“ – ამბობს თამაზ დარჩიძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. წინასაახალწლო დღეებში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა, თუმცა ყველი განსაკუთრებით. ამას ყველით მოვაჭრეებიც არ უარყოფენ.

„12 – 13 ლარი რომ ღირდა იმერული ყველი აქამდე, ახლა 18 ლარი ღირს კილოგრამი, სულგუნის ფასი 25 ლარია, შებოლილი სულგუნი – 27 ლარი, აჭარული ყველი – 14 ლარი ღირს…

გაძვირდა ყველაფერი:  ზეთი, პურის ფქვილი, ქათმის ფილე, ამიტომაც გაძვირდა ყველი და მთლიანად აგრარული ბაზარი,“ – გვითხრა თამაზ დარჩიძემ.

გოჭის ფასი 80 ლარიდან იწყება, ქათმის კი, საშუალოდ, 30 ლარიდან. ინდაურის შესაძენად სულ მცირე 70 ლარი დაგჭირდებათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ფასები ამ პროდუქტებზე დიდად არ გაზრდილა, რადგან ადამიანებს ყიდვა უჭირთ.

იგივე გვითხრეს საქონლის ხორცის სექციაშიც. ხორცის ფასი ხარისხის მიხედვით 18 ლარიდან იწყება. ხორცით მოვაჭრეების თქმით, წინასაახალწლო დღეებში საქონლის ხორცი საშუალოდ მხოლოდ 1 – 2 ლარით გაძვირდა.

მყიდველები ბაზარში ბევრი დაგვხვდა, თუმცა მოვაჭრეების თქმით, ეს მესამედია წინა წლების წინასაახალწლო დღეებთან შედარებით

მოქალაქეებს უჭირთ იმ პროდუქტის გამოყოფა, რომელიც ყველაზე მეტად გაძვირებულია

გაძვირდა ნიგოზიც. ქართული ნიგოზი, ერთი კილოგრამი, საშუალოდ, 30 – 32 ლარი ღირს.

გაძვირდა ბოსტნეულიც. მაგალითად, გაორმაგდა ბულგარულის, ასევე კიტრის და პომიდვრის ფასი. „ერთი ცალი ბულგარული უკვე 2 ლარი გამოდის,“ – გვითხრა ბულგარულით მოვაჭრემ.

 

კომბოსტოს ფასი ბათუმის აგრარულ ბაზარში 2 ლარია. ბოსტნეულიდან არ გაძვირებულა მხოლოდ კარტოფილი და ლობიო.

 

წინასაახალწლო დღეებში გაძვირდა მწვანილიც. კილოგრამი მწვანილის ფასი 6 ლარია, რამდენიმე დღის წინ 4 ლარი იყო.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: