მთავარი,სიახლეები

უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან

02.06.2020 • 4606
უკანონოდ აშენებული 8-სართულიანი სასტუმრო ბათუმში, სანაპიროსთან

შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ბათუმში, ახალი ბულვარის გვერდით, ზღვასთან ახლოს, რვასართულიანი  სასტუმროს მშენებლობა დაიწყო, დაასრულა და მოაპირკეთა ისე, რომ მშენებლობის ნებართვა არ ჰქონია. კომპანია ამ სასტუმროში უკვე ყიდის აპარტამენტებს, შენობა დღესაც უკანონოა და როგორც ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი, ირაკლი მოქია ამბობს, დემონტაჟის მოთხოვნით აღსრულებაშია გადაცემული. კომპანიაში განაცხადეს, რომ „მერიაში შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია პროექტთან დაკავშირებით“.

აღსრულება კი, როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, აღუსრულებლად რჩება, რასაც მერია აღსრულების ბიუროს უმოქმედობით, აღსრულების ბიურო კი მერიის უმოქმედობით ხსნის.

სახელმწიფო აუდიტორი, რომელმაც ბათუმში მიმდინარე მშენებლობები შემთხვევითობის პრინციპით აარჩია და მათი კანონიერება შეისწავლა, წერს, რომ იმ ნაკვეთზე, სადაც რვასართულიანი სასტუმრო უკანონოდ აშენეს, მშენებლობის ნებართვის მოპოვებას კომპანია „ჰორიზონს ჯგუფი“ 2017 წლიდან ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმის მერის 2017 წლის 22 ივნისის N1275 ბრძანებით [ამ დროს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი იყო], შპს „ჰორიზონს ჯგუფს“ ამ ნაკვეთზე განაშენიანების ინტენსივობის  კოეფიციენტი კ2 4,8-მდე განუსაზღვრა, თუმცა მშენებლობის ნებართვა არ გაუციათ.

2018 წელს, უკვე ლაშა კომახიძის მერობის პერიოდში, კომპანიამ მერიას ამ მშენებლობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და შემდეგ მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით არაერთხელ  მიმართა.

კომპანიას უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ „წარმოდგენილ პროექტში დარღვეული იყო შენობა-ნაგებობის ტექნიკური უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის N41 დადგენილების პირობები.“

2019 წლის 12 თებერვალს, ბათუმის მერის N1516 ბრძანებით, შპს „ჰორიზონს ჯგუფის“ განცხადება დაკმაყოფილდა და შერიფ ხიმშიაშვილის ქ. N49ა-ში მდებარე 1021 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის არქიტექტურული პროექტი, თუმცა ნებართვა არ არის გაცემული. მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის იურისტის, მზია შავაძის განმარტებით, ამის საშუალებას კანონმდებლობა იძლევა. „თუ  მშენებლობა ჯდება კანონით მოთხოვნილ მასშტაბში და ამის დასადასტურებლად წარმოადგენს ყველა საჭირო დოკუმენტს, ასევე ექსპერტიზის დასკვნებს და ჯარიმების გადახდის ქვითრებს, შესაძლებელია გაიცეს ნებართვა, ამის საშუალებას იძლეოდა კანონი“, – ამბობს მზია შავაძე. ის არ გამორიცხავს, რომ „ჰორიზონს ჯგუფმა“  უკანონოდ აშენებული სართულის მშენებლობის ნებართვის მიღება შეძლოს.

სახელმწიფო აუდიტორი კი წერს, რომ მაშინ, როცა ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ არქიტექტურული პროექტი შეითანხმა, ამ ადგილზე მშენებლობა უკვე დასრულებული იყო.

უკვე აშენებული შენობის არქიტექტურული პროექტის შეთანხმების გადაწყვეტილებამ აუდიტორს კითხვები და ეჭვები გაუჩინა:

„მშენებლობის დაწყების და მიმდინარეობის ეტაპებზე მერიამ არ განახორციელა თავისი უფლებამოსილება უკანონო მშენებლობის აღსაკვეთად, მშენებლობის მაძიებელს შეუქმნა პირობა უკანონო მშენებლობაზე და მშენებლობის დასრულების შემდეგ შეითანხმა მშენებლობის პროექტი, რაც შესაძლოა შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერი ქმედებით, უნებართვო მშენებლობის ხელის შეწყობით იყო განპირობებული“.

ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლის, ირაკლი მოქიას განმარტებით, ამ უკანონო მშენებლობისთვის კომპანია კანონმდებლობის შესაბამისად რამდენიმეჯერ გააფრთხილეს და დააჯარიმეს. „სამმაგი ჯარიმები, ჯამში 27 000 ლარი გადავახდევინეთ, შემდეგ კი გადავუგზავნეთ აღსრულებას“, – გვითხრა ირაკლი მოქიამ.

მუნიციპალური ინსპექციის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით:

უნებართვო მშენებლობის გამო 2017 წლის 07 დეკემბერი მითითება #417-ის საფუძველზე დაიწყო საქმისწარმოება შ.პ.ს. “ჰორიზონს ჯგუფის” მიმართ. რისი შეუსრულებლობის გამოც 2018 წლის 23 თებერვალს გამოიცა #206 დადგენილება კომპანიის 3000 ლარით დაჯარიმების, მშენებლობის შეჩერების და დემონტაჟის თაობაზე. ხოლო დადგენილების პირობის მშენებლობის შეუჩერებლობის ნაწილში შეუსრულებლობის გამო გამოიცა დადგენილებები [#106, 05.09.18წ, #139, 02.10.18წ, #324, 10.09.19წ.] სხვადასხვა პერიოდში და დაჯარიმდა თითოეულ შემთხვევაში 1000 ლარით. ასევე დადგენილებით (#518, 16.12.19წ.) დაერიცხა საურავი ჯარიმის გადაუხდელობის გამო 1000 ლარი. გარდა ამისა, დემონტაჟის განუხორციელებლობის გამო დაეკისრა ჯარიმა სამმაგი ოდენობის სხვადასხვა პერიოდში დადგენილებებით [#105, 06.05.18წ, #325, 10.09.19წ, #01-06/35, 04.02.20წ.], რაც ითვალისწინებდა თითოეული 9000 ლარს [ჯამში 27 000 ლარს].

მერიაშიც კარგად იციან, რომ მაშინ, როცა სამმაგი ჯარიმის ოდენობა უკანონოდ აშენებულ შენობაში ერთი აპარტამენტის ღირებულების ნახევარიც კი არ არის, მშენებელს ჯარიმები ვერ აფერხებს. ეს დასტურდება ამავე კომპანიის ქცევით – ამ ყველაფრის შემდეგ იმავე ბიზნესჯგუფმა უნებართვო მშენებლობა ბათუმის ცენტრში, სხვა ნაკვეთზე წამოიწყო:

უნებართვოდ აშენებული რვასართულიანი სასტუმროს გვერდით არსებულ ნაკვეთზე შპს „ჰორიზონს ჯგუფმა“ ცოტა ხნის წინ საძირკველი გათხარა და მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყო ისე, რომ მერიის ნებართვა არც ამჯერად ჰქონდა.

„პროცედურა“ იგივეა – კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, კომპანია ამჯერადაც რამდენჯერმე დააჯარიმეს. დაახლოებით ერთი თვის წინ კი, ამ ადგილას კანონდამრღვევმა კომპანიამ მერიისგან მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა მიიღო [მშენებლობის  დაწყების შემდეგ] კომპანიას ადგილზე  გამოკრული არ აქვს საინფორმაციო დაფა.

შემოღობილ ტერიტორიაზე სახლის აშენების ნებართვა კომპანია „ჰორიზონს ჯგუფმა“ დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩა

ამის საპასუხოდ „ბათუმელებს“ კომპანიიდან წერილობით აცნობეს: „კომპანიამ როცა დაიწყო სამშენებლო სამუშაოები, საპროექტო დოკუმენტაცია უკვე შეტანილი ჰქონდა ნებართვის ასაღებად. მშენებლობის უნებართვოდ დაწყების გამო კანონმდებლობის დაცვით დაჯარიმდა რამდენჯერმე, ყველა ჯარიმა გადახდილია, სამშენებლო სამუშაოები ამ ეტაპზე დიდი ხანია შეჩერებულია, შეტანილია დამატებითი დოკუმენტაცია მერიაში პროექტთან დაკავშირებით, პროექტი შედგენილია ყველა არსებული რეგულაციის სრული დაცვით და ველოდებით მშენებლობის ნებართვას. მანამდე კომპანია არ აპირებს სამშენებლო სამუშაოების გაგრძელებას. კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია სამშენებლო საქმიანობის წარმართვა არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით.“

შპს „ჰორიზონს ჯგუფი“ ამტკიცებს, რომ მშენებლობა შეჩერებული აქვს და ნებართვის მიღებას ელოდება, თუმცა გუშინ, 1-ელ ივლისს, უკანონოდ აშენებული სასტუმროს პირველ სართულზე სამუშაოები მიმდინარეობდა, რაც შეეხება ფასადის მოპირკეთებას, უკვე დასრულებულია.

„ჰორიზონს ჯგუფის“ მშენებლობის მასშტაბი შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე საკმაოდ დიდია – კომპანიას აქ კიდევ სამი მაღლივი საცხოვრებელი კორპუსი აქვს აშენებული, სადაც  აპარტამენტებს ყიდის და მართვაში რჩება. კომპანია აშენებს 37-სართულიან სასტუმროს ტიპის საცხოვრებელს, ასევე დასრულებული აქვს 32-სართულიანი აპარტოტელის მშენებლობა, ასრულებს უნებართვოდ აშენებული სასტუმროს მოპირკეთებას და დაწყებული აქვს კიდევ ერთი მაღლივი აპარტოტელის მშენებლობა.

შპს „ჰორიზონს ჯგუფი“ ბათუმში 2013 წელს კახა დევაძემ დააფუძნა და კომპანიის წილების ასივე პროცენტსაც ის ფლობდა. დღეს კი ის კომპანიის  33,34 პროცენტს ფლობს, დარჩენილ წილებს თანაბრად ინაწილებენ დიანა დევაძე და მერი საითაძე.

კორპუსი უკანონოდ აშენებული სასტუმროს გვერდით, სადაც კომპანია აპარტამენტებს ყიდის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: