მთავარი,სიახლეები

წელს საქართველოში ნახევარი მილიონი დოლარის ფეიერვერკი შემოიტანეს

29.12.2021 • 1469
წელს საქართველოში ნახევარი მილიონი დოლარის ფეიერვერკი შემოიტანეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 540 400 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს.

სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გასულ, 2020 წელს საქართველოში 3 012 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს, 2019 წელს – 5 144 900 აშშ დოლარის, 2018 წელს – 3 673 500 აშშ დოლარის, 2017 წელს კი – 2 862 400 აშშ დოლარის.

რაც შეეხება ისეთ საახალწლო პიროტექნიკას, როგორიცაა ასაფეთქებლები, შუშხუნები და ა.შ., ასეთი ნაწარმი სხვადასხვა საქონლის ჯგუფში ნაწილდება და უცნობია, ზუსტად რა თანხის საახალწლო პიროტექნიკა შემოდის საქართველოში.

საახალწლო პიროტექნიკისგან ყოველწლიურად ათობით ბავშვი და ზრდასრული ზიანდება საქართველოში. პიროტექნიკური საშუალებების გამოყენება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ფრინველებისა და ქუჩის ცხოველებისთვის.

არასრულწლოვნისთვის პიროტექნიკური ნაწარმის მიყიდვა საქართველოში 2018 წლიდან დასჯადია, თუმცა ე.წ. „ასაფეთქებლები“ და „ბომბაჩკები“ ბავშვებისთვის კვლავ ხელმისაწვდომია.

პიროტექნიკური ნაკეთობების რეალიზაცია-გამოყენებაზე ეფექტური შეზღუდვების დაწესებისა და ზედამხედველობის გამკაცრების მოთხოვნით მოქალაქეები მთავრობას პეტიციით მიმართავენ.

ამავე თემაზე: 

წაიკითხეთ, სანამ ბავშვს საახალწლო ასაფეთქებლებს უყიდით

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: