მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში 80 თანამშრომელი გაიფიცა

27.12.2021
ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში 80 თანამშრომელი გაიფიცა

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის თანამშრომლები გაიფიცნენ.

„ტერმინალში მუშაობა შეჩერებულია, 120 თანამშრომლიდან 80 გაფიცულია,“ – ამბობს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი ამირან მიქელაძე.

ამ ეტაპზე გაფიცულ თანამშრომლებსა და მენეჯმენტს შორის შეხვედრა მიმდინარეობს.

„ყველაფერი კარგად დასრულდება, სხვა კომენტარს არ გავაკეთებ,“ – უპასუხა „ბათუმელებს“ ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალის მმართველმა დირექტორმა, ნიკოლოზ გოგოლმა. მან ასევე გვითხრა, რომ შეხვედრის დასრულებას უნდა დაველოდოთ.

გაფიცულები შრომითი  უფლებების დაცვას ითხოვენ: ზეგანაკვეთური შრომის რეგულირებას, სამედიცინო ბიულეტენით სრულად სარგებლობის შესაძლებლობას და შრომითი უსაფრთხოების პირობების დაცვას.

გაფიცულების ერთ-ერთი მოთხოვნაა ასევე შრომის ანაზღაურების 50 %-ით გაზრდა. 

ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ გაფიცვამდე ტერმინალის თანამშრომლებმა მედიაცია სცადეს, რაც უშედეგოდ დასრულდა, ხოლო შემდეგ გაფიცვის შესახებ გააფრთხილეს ნავსადგურის ადმინისტრაცია.

„თითქოს კანონს არ არღვევენ, რადგან ჯამში 40 საათს არ აჭარბებს სამუშაო საათები, მაგრამ რამდენად უსაფრთხოა, მაგალითად, ერთი კაცის მუშაობა ამწესთან, რომელიც გადაბმულად სამი ღამე მუშაობს? დარღვეულია კანონის მოთხოვნა იმ ნაწილშიც, რომ წინასწარ უნდა გააფრთხილონ ადამიანები, როცა მათ ღამის ცვლაში მუშაობა უწევთ.

ბიულეტენზე ანაზღაურებენ მხოლოდ 15 სამუშაო დღეს, რაც კანონის დარღვევაა. დანარჩენ დღეებს კი შვებულებაში უთვლიან, იმის მიუხედავად, თუ რას ჩაწერს ბიულეტენში ექიმი.

შრომის ინსპექციამაც დაადგინა დარღვევები, მაგრამ სასამართლოში უჩივლეს იმის გამო, რომ პროცესი გააჭიანურონ,“ – ამბობს ამირან მიქელაძე, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირის ხელმძღვანელი.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: