მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

28.12.2021
საქართველოში ომიკრონის 63 შემთხვევა დაფიქსირდა – გამყრელიძე

დღეს, 28 დეკემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში დღეის მონაცემებით ომიკრონით ინფიცირების 63 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული.

მისივე თქმით, 63 შემთხვევიდან უმრავლესობა შემოტანილია, მიმდინარეობს თითქმის ყველას კონტაქტების მოკვლევა და ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ადამიანების უმრავლესობა აცრილია, ექვს მათგანს ჰქონდა გადატანილი კორონავირუსი – ანუ რეინფექციაა, მათგან ხუთი იყო 18 წლამდე ასაკის მოზარდი და ბავშვი.

ომიკრონით ინფიცირებულთაგან სტაციონარში იმყოფება სამი ადამიანი, “არა იმისთვის, რომ მათ სტაციონარში მკურნალობა სჭირდებათ, არის სხვა ფაქტორები, გამოკვლევები, რადგან სხვა თანმხლები დაავადებები აქვთ,“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

„ვპროგნოზირებთ, რომ 2-3 კვირის ფარგლებში ომიკრონი გარკვეულად ჩვენს ქვეყანაშიც შესაძლოა გახდეს დომინანტი დელტასთან მიმართებაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ნოემბრის შუა რიცხვებიდან საქართველოში შეინიშნება კოვიდის ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკა.

„ასევე,  უმჯობესდება ყველა ის ინდიკატორი, რაც დაკავშირებულია ეპიდსიტუაციასთან, მხედველობაში მაქვს ინციდენტობა ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, კუმულაციური ინციდენტობა, ბოლო 7 და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდა უკვე 6-ს და არის დაახლოებით 5%-ის ფარგლებში.

ერთადერთი, რაც სამწუხაროდ ისევ ზემოთ წავიდა, არის ყველაზე მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც 17 გვაქვს მილიონ მოსახლეზე, რაც დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: