სიახლეები

აჭარის რეგიონული ჰაბის შეთავაზება ფანდრაიზინგით დაინტერესებულ პირებს

28.12.2021 • 1855
აჭარის რეგიონული ჰაბის შეთავაზება ფანდრაიზინგით დაინტერესებულ პირებს

აჭარის რეგიონული ჰაბი, ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლის პლატფორმაა. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ფანდრაიზერის სერვისის შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება, ღია კარის  საგრანტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის  მიწოდება, იდეების საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბებაში დახმარების გაწევა. 

სამიზნე ჯგუფები არიან: ახალგაზრდები, დამწყები ორგანიზაციები, სათემო და საინიციატივო ჯგუფები.

საჭიროების იდენტიფიცირების შედეგად, სერვისით სარგებლობას   ყოველთვიურად შეძლებს ყველა დაინტერესებული პირი, მოთხოვნის საფუძველზე.

აჭარის რეგიონული ჰაბის მონაწილეთა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფანდრაიზერთან.

ზოგადად, ფანდრაიზინგი გულისხმობს ფინანსური რესურსების მოძიებას სხვადასხვა სახის ორგანიზაციისთვის. ფართო გაგებით ფანდრაიზინგი ღონისძიებათა ერთობლიობაა, რომელიც კომუნიკაციის სხვადასხვა მეთოდით ფინანსური რესურსების მოძიების მიზანმიმართულ აქტივობებს მოიცავს.

მაია ბოლქვაძე აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზერია. როგორც ის ამბობს, თანამედროვე სამყაროში სხვადასხვა ორგანიზაციისა და ბიზნეს-კომპანიების მატების კვალდაკვალ, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ფინანსური რესურსების მოძიება-მოზიდვა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ფინანსების მოძიებაზე ორიენტირებული მთელი სისტემის შემუშავება. 

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფანდრაიზერის როლი ახალბედა კომპანიებისთვის.

მაია ბოლქვაძე, ფანდრაიზერი:

„ფანდრაიზინგი არ გულისხმობს მხოლოდ ვიწრო კომუნიკაციას ფინანსების მოზიდვის კუთხით, ეს არის ფინანსური რესურსის მიღების ყველა თანმდევ პროცესში ჩართულობა – დონორებთან და დამფინანსებლებთან კომუნიკაცია.

ჩვენი ორგანიზაცია მხარს დაუჭერს დამწყებ ორგანიზაციებს, რათა მათ შეძლონ იდეების საპროექტო წინადადებებად ჩამოყალიბება გამოცდილებისა და ცოდნის საფუძველზე. ამ მიზნით მოეწყობა შეხვედრები ორგანიზაციებთან, რომლებსაც უკვე აქვთ გენერირებული იდეები და ვიმუშავებთ მოვარგოთ ეს იდეები სხვადასხვა ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტების მოთხოვნებს”, – ამბობს აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზერი. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „გადასხვაფერდი” სულ რაღაც ერთი წლის წინ დაარსდა. 

მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს არაფორმალური განათლება, სამოქალაქო სექტორის გაძლიერება და 14-დან 29 წლის ახალგაზრდების ხელშეწყობა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში. ახალდაარსებული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ბექა დიასამიძე ამბობს, რომ პანდემიის პირობებში განსაკუთრებით გართულდა დაფინანსების მოძიება მათთვის.

„მცირედი გრანტების მოპოვებაც კი ძალიან გართულდა, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზაციის ელემენტარული არსებობის და ფუნქციონირებისთვის. Ჩვენც გვქონდა ეს კრიზისი და ფანდრაიზინგი ძალიან დაგვეხმარა მეტი ინფორმაცია მიგვეღო საგრანტო კონკურსებისა და დონორების შესახებ”, – ამბობს ბექა დიასამიძე.

„ახალგაზრდების განვითარების ქსელი” ასევე ახალდაარსებული ორგანიზაციაა, რომელსაც მარიკა ფუტკარაძე ხელმძღვანელობს. მარიკა ამბობს, რომ მათთვის აჭარის რეგიონული ჰაბის ფანდრაიზინგის საშუალებით სამომავლოდ ბევრად გამარტივდება დონორებთან მუშაობა და გრანტების მოძიება. 

ორგანიზაცია „ნაომარიც“ ახლახან შეიქმნა. მათ სურთ იმუშაონ სოფლის განვითარების პროექტებზე, რისი საშუალებითაც ახალგაზრდები ადგილზე თვითრეალიზაციას შეძლებენ. 

აჭარის რეგიონული ჰაბის მონაწილეთა ონლაინ სამუშაო შეხვედრა ფანდრაიზერთან.

ორგანიზაციის დამფუძნებელი როინ ირემაძე ამბობს, რომ საერთაშორისო დონორების სხვადასხვა საგრანტო კონკურსის პირობის გასაცნობად ინგლისური ენის კარგად ფლობაა საჭირო, მისთვის კი დიდ საშუალებად იქცა ჰაბის ფარგლებში ქართულად თარგმნილი და მოწოდებული ინფორმაცია კონკურსების შესახებ. 

აჭარის რეგიონული ჰაბი ეს არის პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს ინფორმაციის, გამოცდილებისა და შესაძლებლობების გაცვლას. კერძოდ, ჰაბი უზრუნველყოფს პროექტის აქტივობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას შესაბამის რეგიონში, წარმართავს ადგილობრივ აქტორებთან კომუნიკაციას კონსულტაციების, ქსელური მუშაობის, ადვოკატირებისა და მონიტორინგის გზით.

ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და სათემო ორგანიზაციების, სამოქალაქო აქტივისტების გაძლიერებას, მათი როლისა და საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდას საზოგადოებაში.

„აჭარის რეგიონული ჰაბი“ შეიქმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში: „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა – მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“.

პროექტი მიზნად ისახავს, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, როგორც დამოუკიდებელი, მდგრადი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული აქტორი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

ეს სტატია  შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: