მთავარი,სიახლეები

თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

27.12.2021
თალიბანი ავღანელ ქალებს კაცის გარეშე შორ მანძილზე მგზავრობას უკრძალავს

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანელ ქალებს შორ მანძილზე ტრანსპორტით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ თან ახლავთ ნათესავი კაცი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. 

თალიბანის ეს დირექტივა სათნოების ხელშეწყობისა და მანკიერების პრევენციის სამინისტრომ შეიმუშავა. დირექტივა კვირას შევიდა ძალაში და ქალებს, რომლებიც 72 კმ-ზე უფრო შორ მანძილზე მიემგზავრებიან, უკრძალავს გადაადგილებას თანმხლები, ოჯახის წევრი კაცის გარეშე.

ასევე, თალიბანი ავტომობილის მფლობელებს მოუწოდებს, უარი თქვან იმ ქალების გადაყვანაზე, რომლებიც არ ატარებენ თავსაბურავს ან სახის დამცავს. აკრძალულია მუსიკის ჩართვა ავტომანქანებში.

მას შემდეგ, რაც შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები გავიდნენ ავღანეთიდან და ქვეყნის მართვა თალიბებმა გადაიბარეს, საშუალო სკოლები ღიაა მხოლოდ ბიჭებისთვის და მამრობითი სქესის მასწავლებლებისთვის, ქალების უმეტესობას ეკრძალება მუშაობა.

გასულ თვეში თალიბანმა აუკრძალა ქალებს სატელევიზიო დრამებში მონაწილეობა,  ჟურნალისტებსა და წამყვანებს კი – კამერასთან თავსაბურავის გარეშე გამოჩენა.

თალიბების თქმით,  შეზღუდვები დროებითია და მხოლოდ იმისთვისაა დაწესებული, რომ ყველა სამუშაო ადგილი და სასწავლო გარემო იყოს უსაფრთხო ქალებისა და გოგონებისთვის, თუმცა 1990-იან წლებში,  მათი მმართველობის დროს, ქალებს ჩამოერთვათ განათლებისა და დასაქმების უფლება.

დონორმა ქვეყნებმა თალიბანს განუცხადეს, რომ მათ  პატივი უნდა სცენ ქალთა უფლებებს ფინანსური დახმარების აღდგენამდე.

ქვეყანა ჰუმანიტარული და ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას, რაც გამწვავებულია საერთაშორისო მხარდაჭერის შეწყვეტით თალიბების ჯგუფის მმართველობის გამო.

______________

ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA/STRINGER

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: