მთავარი,სიახლეები

13 მნიშვნელოვანი მოვლენა 2021 წელს საქართველოში

29.12.2021 • 2345
13 მნიშვნელოვანი მოვლენა 2021 წელს საქართველოში

პანდემია, კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში, 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, პოლიტიკური კრიზისები, არჩევნები, ჟურნალისტებზე თავდასხმა, „სუსის ფაილები“ და საპატრიარქოს პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გახმაურება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ 2021 წელს მოხდა საქართველოში.

წლის მიწურულს თვალი გადაავლეთ 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

  • 11 179 კოვიდით გარდაცვლილი ადამიანი 

2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის პანდემიას 11 179 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2021 წელს საქართველოს პანდემიის რამდენიმე ტალღამ გადაუარა, იყო 24 საათში 80-ზე ადამიანის კოვიდით გარდაცვალების შემთხვევაც. ათასობით ოჯახმა დაკარგა საყვარელი ადამიანი.

  • კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში

2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ნანგრევებში ადამიანები მოჰყვნენ. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ბათუმში 29 საათს გაგრძელდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცოცხლად გამოყვანა შეძლეს, თუმცა ერთი მათგანი, ახალგაზრდა ქალი, კლინიკაში დაიღუპა.

8 ოქტომბრის ტრაგედიას ბათუმში 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი.

სამაშველო ოპერაცია ბათუმში, ჩამონგრეული კორპუსის ადგილზე. 9 ოქტომბერი, 2021. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები.

  • 5 ივლისის მოვლენები – ჰომოფობების აქცია და ლექსო ლაშქარავას სიკვდილი

5 ივლისს, თბილისში, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩასაშლელად ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფები საპატრიარქოს ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე გამოვიდნენ. „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო კარვების, ასევე, მოძრაობა „სირცხვილიას“ და “თბილისი პრაიდის” ოფისების დარბევის პარალელურად, ჯგუფები განსაკუთრებული აგრესიით მედიის მიმართ გამოირჩეოდნენ.

ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ და აპარატურას უმტვრევდნენ.

აქციაზე სასტიკად სცემეს ტვ „პირველის“ ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ, 11 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ სახლში. მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს, ექსპერტიზის დასრულებამდე, შსს-მ გაავრცელა ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრები ფონიჭალაში და განაცხადა, რომ შესაძლოა, მისი დაღუპვის მიზეზი ზედოზირება ყოფილიყო.

„რეპუტაციული მკვლელობა“ – ასე უწოდეს იურისტებმა შსს-ს ამ განცხადებას.

ლექსო ლაშქარავას ცემის ბრალდებით ამ დრომდე 2 პირია დაკავებული. გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ალექსანდრე ლაშქარავა

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას საქართველოში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე მედიასაშუალებების წარმომადგენლები ამ ძალადობის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრემიერ-მინისტრის გადადგომას ითხოვენ. მედიის ორგანიზებით გაიმართა რამდენიმე აქცია პარლამენტთან, შსს-სა და პროკურატურასთან.

  • ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლა პოლიტიკიდან

2021 წლის იანვარში საქართველოს ექსპრემიერმა და „ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ტოვებდა პოლიტიკას, მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ და უბრუნდებოდა „კერძო ცხოვრების წესს“.

ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ აღარ იქნებოდა „ოცნების“ მხარდამჭერი და აღარ გაუწევდა გუნდს მხარდაჭერას.

ეს ბიძინა ივანიშვილის მეორედ წასვლაა პოლიტიკიდან. ივანიშვილმა 2013 წელსაც განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა იგი 2018 წელს ოფიციალურად დაბრუნდა და „ოცნების“ თავმჯდომარე გახდა.

  • გახარიას წასვლა და ღარიბაშვილის მეორედ მოსვლა

2021 წლის 18 თებერვალს პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა „ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გახარიამ. მან პოსტის დატოვების მიზეზად „ოცნებასთან“ უთანხმოება დაასახელა ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების საკითხზე.

გახარიას წასვლის შემდეგ პრემიერ-მინისტრის პოსტი მეორედ დაიკავა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბიძინა ივანიშვილის „საყვარელმა ბიჭმა“ [ასე მოიხსენია ივანიშვილმა ღარიბაშვილი 2013 წელს].

რაც შეეხება გიორგი გახარიას, მან პარტია „გახარია – საქართველოსთვის“ დააარსა და განაცხადა, რომ ოპოზიციაში გადავიდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გახარიას პარტიამ საქართველოს მასშტაბით პროპორციულად ხმების 7.79% მიიღო, ხოლო თავად გიორგი გახარიამ, რომელიც თბილისის მერად იყრიდა კენჭს –  9.415 პროცენტი.

  • მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება საქართველოში

2021 წლის პირველ ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 1 დღით ადრე თბილისში დააკავეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის დაკავება

სააკაშვილი, რომელმაც 2013 წელს დატოვა საქართველო, „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, არაერთგზის აცხადებდა, რომ აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, დილას, მან ბათუმში გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. მმართველი პარტია კატეგორიულად უარყოფდა, რომ რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, თუმცა იგი იმავე დღეს დააკავეს.

ამჟამად სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება, სადაც იგი შიმშილობის შემდეგ გადაიყვანეს. სააკაშვილმა საპატიმრო დაწესებულებაში 50 დღე შიმშილობდა.

  • შარლ მიშელის დოკუმენტი

2021 წლის აპრილში საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შესთავაზა 5-პუნქტიან დოკუმენტზე ხელმოწერა.

შარლ მიშელი

შეთანხმება ითვალისწინებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირებას, რაც ნიკა მელიასა და გიორგი რურუას სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას ითვალისწინებდა; გარდა ამისა, დოკუმენტი მოიცავდა საარჩევნო და მართლმსაჯულების რეფორმების ჩატარების ვალდებულებას და პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნება“ მიიღებდა პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერა „ოცნებამ“ და ოპოზიციური პარტიების ნაწილმა, „ევროპული საქართველოს“ და „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა.

დოკუმენტის ხელმოწერიდან სამ თვეში, 2021 წლის 28 ივლისს „ქართული ოცნება“ მიშელის შეთანხმებიდან გავიდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიშელის დოკუმენტს მხოლოდ ამის შემდეგ მოაწერა ხელი.

  • 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები

2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა.

არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულად 46.747 პროცენტი მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 30.674 პროცენტი. მესამე ადგილზე გავიდა ყოფილი პრემიერის, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, რომელმაც 7.808 პროცენტი მიიღო, მეოთხეზე კი პარტია „ლელო“ – 2.713 %.

არჩევნების შედეგად საქართველოს ქალაქების საკრებულოების უმრავლესობა „ოცნებამ“ დააკომპლექტა. არჩევნების შედეგად თავდაპირველად 7 საკრებულო იყო ოპოზიციური, თუმცა, ამჟამად, საქართველოში უკვე 6 ოპოზიციური საკრებულოა.

მხოლოდ ერთ ქალაქში – წალენჯიხაში, მერად აირჩიეს ოპოზიციის – „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი.

არჩევნების მეორე ტური ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“/თედო ჯორბენაძე

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს 69 პირი, სავარაუდოდ, დისკრიმინაციულად, პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივად შეავიწროვეს; 59 ოპოზიციური კანდიდატის მიმართ განხორციელდა სავარაუდო ზეწოლა და დაშინება მათი მხრიდან კანდიდატობაზე უარის თქმის მიზნით, რის შედეგადაც, მათ, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, დაწერეს განცხადება კანდიდატურის მოხსნის თაობაზე; დაფიქსირდა ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის 16 ფაქტი;

გარდა ამისა, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა 4 შემთხვევა, როდესაც საჯარო სკოლების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლებს შრომითი ხელშეკრულება შესაძლო პოლიტიკური მოტივით არ გაუგრძელეს.

ამასთან, იყო შემთხვევები, როდესაც ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების შესაძლებლობა.

  • „სუსის ფაილების“ სკანდალი

2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა სასულიერო პირებთან, ჟურნალისტებთან და სხვებთან დაკავშირებული ათასობით ფაილი, რომელიც, სავარაუდოდ, სუს-იდან არის გამოჟონილი.

ფაილებში წარმოდგენილია 2013-21 წლებში, სავარაუდოდ, ფარული მიყურადებით მოპოვებული ინფორმაცია სასულიერო პირების, მათ შორის, მათი პირადი ცხოვრების შესახებ.

ზოგიერთი ცნობა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. საუბარია სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური კონტაქტის დამყარებაზე არასრულწლოვნებთან, ქრთამის აღებაზე პატიმართა შეწყალებაზე შუამდგომლობის სანაცვლოდ და სხვა. არაერთმა სასულიერო პირმა, თეოლოგმა თუ ჟურნალისტმა ფაილებში საკუთარი საუბრები ამოიცნო.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

პროკურატურამ გამოძიება კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო.

  • ერთ წელში  პარლამენტის 3 თავმჯდომარე

საქართველოს პარლამენტის ისტორიაში 2021 წელი გამორჩეულია იმით, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა 1 წლის განმავლობაში პარლამენტს 3 თავმჯდომარე ჰყავდა.

თალაკვაძე, კუჭავა, პაპუაშვილი

2021 წლის 24 აპრილამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იყო. 27 აპრილს ეს პოსტი კახა კუჭავამ დაიკავა, 2021 წლის 24 დეკემბერს მან დატოვა პოსტი და პარლამენტიც.

29 დეკემბერს კი პარლამენტის თავმჯდომარედ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.

  • ბავშვებზე ძალადობა საპატრიარქოს პანსიონში – ნინოწმინდის სკანდალი

2021 წლის მაისში ცნობილი გახდა საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის პანსიონში აღსაზრდელებზე შესაძლო ძალადობის ფაქტების შესახებ.

ფიზიკური ძალადობა, იძულებითი შიმშილი, დამცირება — ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ მეთოდებისა, რომლებსაც სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვების დასასჯელად იყენებდნენ.

ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ამბებზე 4 გამოძიებაა დაწყებული, მათგან 3 ძალადობის მუხლით, ერთი კი, გაუპატიურების.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში თავდაპირველად 150-მდე ბავშვი ცხოვრობდა. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს თქმით, ეს რიცხვი სოცმუშაკის შესვლამდე (დაახლოებით, აპრილამდე) 53-ს უტოლდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა უწყებამ ბავშვების გამოყვანა დაიწყო. ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

  • „რიონის ხეობის მცველების“ აქციები ნამახვან ჰესის წინააღმდეგ

2021 წელს საქართველოში გაიმართა ყველაზე ხანგრძლივი აქციების სერია ჰესის აშენების წინააღმდეგ. აქციები ერთი რეგიონის ფარგლებს გასცდა.

რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მოძრაობა „რიონის ხეობის მცველები“ გამოდიოდა. მათ აქციები და შეხვედრები გამართეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში და შეძლეს საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერის მოპოვება. პარალელურად, მოძრაობა აქციებს მართავდა „გუმათჰესთან“, სადაც პოლიციას ბარიკადები ჰქონდა აღმართული.

სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა „რიონის ხეობის მცველების“ მიმართ მნიშვნელოვნად შესუსტდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მოძრაობის წევრებმა, რომლებიც აქამდე ტოლერანტობაზე და პოლიტიკურ დამოუკიდებლობაზე საუბრობდნენ, მხარი დაუჭირეს თბილისში გამართულ ძალადობრივ, ჰომოფობიურ აქციას.

აქცია „ნამახვან ჰესის“ წინააღმდეგ

2021 წლის 22 სექტემბერს კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გაწყვიტა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოებები დაასახელა.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

  • 8 მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 

2021 წლის ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა, რომელიც 34 სპორტსმენისგან შედგებოდა, ტოკიოში 8 მედალი მოიპოვა – 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

მას შემდეგ, რაც საქართველო ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით ასპარეზობს, ამდენი მედალი საქართველოს ოლიმპიურ გუნდს არასდროს მოუპოვებია.

საქართველო ოლიმპიადაზე მონაწილე 205 ქვეყანას შორის, ოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილზე გავიდა.

ტოკიოში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ ძიუდოისტი ლაშა ბექაური და ძალოსანი ლაშა ტალახაძე. 21 წლის ლაშა ბექაურისთვის ეს პირველი ოლიმპიური ოქროა, ტალახაძე კი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, რაც პირველად მოხდა დამოუკიდებელი საქართველოს სახელით.

გადაბეჭდვის წესი