მთავარი,სიახლეები

გონიოში უკანონოდ აშენებული კაფე დაანგრიეს, რატომ არ შლიან უკანონო კორპუსებს – მერიის პოლიტიკა

28.12.2021
გონიოში უკანონოდ აშენებული კაფე დაანგრიეს, რატომ არ შლიან უკანონო კორპუსებს – მერიის პოლიტიკა

რა ნიშნით შეარჩია ბათუმის მერიამ უკანონოდ აშენებულ შენობებს შორის ერთი კაფე, რომელიც დაანგრიეს? – ეს კითხვა უპასუხოდ დატოვეს ბათუმის მერიასა და მუნიციპალურ ინსპექციაში, სადაც დღეს, 28 დეკემბერს, გაავრცელეს ინფორმაცია გონიოში, სახელმწიფო მიწაზე აშენებული ერთი კაფეს დემონტაჟის შესახებ.

„მუნიციპალური ინსპექცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქალაქის ტერიტორიაზე ყოველთვის ახდენს რეაგირებას მსგავს სიტუაციებზე,“ – ამბობს მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში არჩილ კონცელიძე, მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. უწყებამ ჟურნალისტებისთვის პასუხის გაცემას ამჯობინა, თავად ჩაეწერა ვიდეო და გაევრცელებინა.

ვიდეოში არჩილ კონცელიძემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ კაფე, რომელიც დაანგრიეს აღსრულების პოლიციის ჩართულობით, სახელმწიფო მიწაზე იყო აშენებული.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის პრესცენტრის ინფორმაციით, გონიოში, სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე უნებართვო საქმიანობასთან დაკავშირებით საქმისწარმოება 2019 წლიდან მიმდინარეობს და არაერთხელ დააჯარიმეს. უნებართვოდ აგებული შენობა შაბათს ანუ 25 დეკემბერს დაანგრიეს.

რატომ არის სამართლიანი ერთი კაფეს დანგრევა, როცა ბათუმში, შუა ქალაქში, მაგალითად, 9 კორპუსი ამ დრომდე უკანონოდ შენდება, ან როცა წინა მერის – ლაშა კომახიძის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ასევე სახელმწიფო მიწაზე ეკლესია უკანონოდ აშენდა? რატომ რეაგირებს მერია შერჩევით, როცა რამდენიმე მისამართზე უკანონოდ დაწყებული მშენებლობა დასრულდა და არა თუ ამ შენობების დემონტაჟი არ მომხდარა, არამედ წარმატებითაც გაიყიდა? – მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელმა, არჩილ კონცელიძემ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხა.

აქ შეგიძლიათ ნახოთ ერთი კონკრეტული შემთხვევა – რვასართულიანი კორპუსი ბათუმში, სანაპიროზე, უკანონოდ ააშენეს. ეს კორპუსი მუნიციპალურ ინსპექციას არ დაუნგრევია.

უნებართვოდ აშენებული კაფეს დემონტაჟი გონიოში. კადრი მუნიციპალური ინსპექციის მიერ გავრცელებული ვიდეოდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: