საბჭოთა წარსულის გადააზრებისათვის არქივებზე ღია წვდომა აუცილებელია – IDFI

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ – IDFI საქართველოს არქივებში დაცულ საარქივო დოკუმენტებთან თავისუფალ წვდომას ითხოვს და ამ მიზნით   საქართველოს პარლამენტს  საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული ის დოკუმენტები, რომლებიც მოქალაქის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ხელმისაწვდომი მკვლევრისთვის, თუ მისი შექმნიდან 75 წელია გასული.

თუ საარქივო დოკუმენტის შექმნიდან (სისხლის სამართლის საქმე) 75 წელი არ არის გასული, მაშინ მკვლევარმა უნდა წარადგინოს იმ პირთა გარდაცვალების დამადასტურებელი ცნობა, ვინც შესაძლოა დოკუმენტში იყოს მოხსენიებული.

„პერსონალურ მონაცემებთან დაშვების ამ წესით არქივს აქვს ისეთი ბერკეტი, რომლითაც შეუძლია ძალიან ბევრ დოკუმენტთან არ დაუშვას მკვლევარი.

ვინაიდან ტვირთი პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნების ეკისრება არქივს, სახელმწიფო ორგანოს, ამიტომ მათ ურჩევნიათ თავის დაზღვევის მიზნით მკვლევარს მოსთხოვონ – წარმოადგინე ვინც არის დოკუმენტებში მოხსენიებული, ყველას გარდაცვალების მოწმობა ან ყველას თანხმობა, რომ ისინი არიან მზად საარქივო დოკუმენტებზე დაუშვან. ეს არის შეუძლებელი და არათანაბარზომიერი მკვლევრებთან მიმართებაში. ეს არის, პირველ რიგში, რაზეც ვითხოვთ ცვლილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ისტორიკოსმა, IDFI-ის წარმომადგენელმა ანტონ ვაჭარაძემ.

ანტონ ვაჭარაძის თქმით, ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ მკვლევრებისთვის 1947 წლის შემდგომ დოკუმენტებთან წვდომა შეზღუდულია:

„1947 წლის შემდგომ უამრავი რამ მოხდა. ძალიან ბევრი რამ არის გასააზრებელი და გასაანალიზებელი იმისთვის, რომ დავუპირისპირდეთ, აი, ამ საინფორმაციო ომს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ატარებს“.

განმარტებით ბარათში, რომელიც საკანონმდებლო წინადადებას თან ახლავს, განმარტებულია, რომ ამ შეზღუდვის გამო მკვლევრები დღემდე ვერ ახერხებენ შეისწავლონ ისეთი ისტორიული მოვლენები, როგორიცაა: 1956 წლის 5-9 მარტის, 1978 წლის 14 აპრილის  და 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები.

კითხვაზე, რა როლი აქვს საბჭოთა წარსულის გადააზრებაში არქივებზე ხელმისაწვდომობას, ანტონ ვაჭარაძე ამბობს, რომ ისტორიული ფაქტების მთავარი წყარო არის არქივი.

„საარქივო დოკუმენტი არის პირველადი და ყველაზე მნიშვნელოვანი. წყაროზე დაფუძნებული ისტორია იწერება არქივიდან.

მეორეული წყაროები არის პრესა, გამოცემები და მოგონებები, რომლებსაც არანაირად არ აქვს იგივე წონა, რაც საარქივო დოკუმენტს. მოგონებები და ისტორიები კი ქმნის ამ საერთო ნარატივს და ისტორიას, მაგრამ ეს წყაროები არ არის ისეთივე ფუნდამენტური და ღირებული, როგორც საარქივო წყაროები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი არქივის სრული ღიაობა.

ისევ არასწორად მოდის ინფორმაცია – სინამდვილეში რა როლი ჰქონდა საბჭოთა კავშირს. ეს ყველაფერი ისტორიკოსების შემდგომმა თაობებმა მაინც გადაიაზრონ. ამიტომ არის უმთავრესი არქივი, შემდეგ – ყველა სხვა დანარჩენი წყარო,“ – უთხრა ანტონ ვაჭარაძემ „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, საარქივო წყაროებთან მუშაობისას მკვლევრებს ისედაც ბევრი ბარიერი აქვთ: შეზღუდული დრო – არქივი დილის 9:30-დან საღამოს 5 საათამდე მუშაობს, აკრძალულია საარქივო დოკუმენტის ფოტოგადაღება, ასლი კი ძვირია.

„დოკუმენტის ციფრული ვერსია რომ იყიდო, მე-20 საუკუნის დოკუმენტი 1 გვერდი ღირს 1 ლარი, მე-19 საუკუნის დოკუმენტი 1 გვერდი 3 ლარი ღირს. ხშირ შემთხვევაში ერთი სტატიის დასაწერად მე პირადად 700-800 გვერდიც გამომიყენებია.  არავის არ აქვს საშუალება 1000 ლარი გადაიხადოს და ისე იმუშაოს არქივში. ასეთი ბარიერებია. თუმცა მთავარი ბარიერი არის 75-წლიანი შეზღუდვა,“- ამბობს ანტონ ვაჭარაძე.

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ მიერ შეტანილი საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა განსახილველად. უცნობია, როდის განიხილავს კომიტეტი და მოიხსნება თუ არა საარქივო დოკუმენტებზე წვდომის შეზღუდვები.

IDFI ხელმძღვანელობს დასავლეთის, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილებით, სადაც საარქივო დოკუმენტებზე წვდომის მსგავსი შეზღუდვები, როგორიც საქართველოშია, არაა. ამიტომ ორგანიზაცია სახელმწიფოს სთავაზობს, მკვლევრებს მიეცეთ შესაძლებლობა, გაეცნონ და გამოიყენონ პერსონალური მონაცემების შემცველი საარქივო დოკუმენტები სამეცნიერო და კვლევითი მიზნებისათვის, მიუხედავად პერიოდისა; თავის მხრივ  კი, მკვლევრებს შეეზღუდოთ გარდა სამეცნიერო კვლევითი მიზნებისა, მათთვის გამჟღავნებული პერსონალური მონაცემების სხვა მიზნებისთვის გამოყენება.

კიევის ოლქში უკვე 1084 მოკლული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი

კიევის ოლქში, იმ დასახლებულ პუნტქებში, რომლებიც რუს სამხედროებს დროებით დაკავებული ჰქონდათ, სამართალდამცველებმა უკვე 1084 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი აღმოაჩინეს. მათი უმრავლესობა ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული. ჯერჯერობით ვერ მოხერხდა 300 მათგანის იდენტიფიცირება –  ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის რეგიონის პოლიციის უფროსზე, ანდრეი ნებიტოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„1084-ია იმ ცხედრების რაოდენობა, რომლებიც სასამართლო-სამედიცინო დაწესებულებებშია და დაათვალიერეს გამომძიებლებმა. ესენი არიან სამოქალაქო პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონიათ არც თავდაცვასთან და არც სხვა სამხედრო ფორმირებებთან. მათი უმრავლესობა, 50-70 %, ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული – ტყვიამფრქვევით, ავტომატით ან სნაიპერის მიერ“, – განაცხადა ნებიტოვმა.

მან ასევე მოუწოდა უკრაინელებს, მიაწოდონ პოლიციას ინფორმაცია დაკარგულ ნაცნობებსა და ნათესავებზე.

კიევის ოლქის რამდენიმე დასახლებული პუნქტის დროებითი ოკუპაციის შემდეგ მოკლული მოქალაქეების ცხედრები რამდენიმე ქალაქში აღმოაჩინეს, მათ შორის ბუჩაში, ირპენსა და ბოროდიანკაში.

___

მთავარი ფოტო: EPA/ALISA YAKUBOVYCH. უკრაინა, ბოროდიანკა. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ მიცვალებულის დასაკრძალად. 2022 წლის 3 მარტი.

ბაიდენი უკრაინელი ლტოლვილებისთვის ახალ პროგრამას აცხადებს

„ერთად უკრაინისთვის“ – ასე ეწოდება ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პროგრამას, რომლის შესახებაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

პროგრამამ უკრაინელი ლტოლვილებისთვის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების პროცესი უნდა გაამარტივოს.

„ერთად უკრაინისთვის“ საშუალებას მისცემს შტატების მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, დაასპონსორონ უკრაინელი ლტოლვილები, აღმოუჩინონ მათ ფინანსური დახმარება.

„პროგრამა იქნება მოქნილი და სწრაფი. ის აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პატივს სცემს საკუთარ ვალდებულებებს უკრაინელი ხალხის მიმართ. მათ აღარ დასჭირდებათ ჩვენი სამხრეთ საზღვრის გავლით შტატებში შემოსვლა“, – განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენმა დასძინა, რომ ლტოლვილთა პროგრამა უკრაინისთვის შეერთებული შტატების უფრო დიდი დახმარების ნაწილია. მან ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის 1.3 მილიარდის სამხედრო და ეკონომიკურ დახმარების შესახებ.

ახალი პროგრამისთვის ორშაბათს ჩაეშვება სპეციალური ვებგვერდი, რომლის დახმარებითაც შეერთებულ შტატებში მყოფ მოქალაქეებსა და ჯგუფებს შეეძლებათ სპონსორები გახდნენ.

დაჩქარებული წესით თავშესაფრის მისაღებად საჭიროა, უკრაინის მოქალაქეს 11 თებერვლამდე სამშობლოში ეცხოვრა. ის ასევე ვალდებულია ჩაიტაროს ვაქცინაცია, ბიომეტრიული სკრინინგი, შეერთებული შტატების სამსახურები ასევე შეამოწმებენ მის წარსულ საქმიანობასაც.

CNBC-ი წერს, რომ ორშაბათიდან, რაც პორტალი ჩაეშვება, იმ უკრაინელებს, რომლებიც შტატების საზღვრებს მიადგებიან ვიზის გარეშე, უკან გააბრუნებენ და პორტალზე დარეგისტრირებას მოსთხოვენ, რის გამოც შესაძლოა, აშშ-მექსიკის საზღვართან უკვე მყოფი ლტოლვილები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

ამ ნაბიჯამდე ერთი თვით ადრე ბაიდენი აცხადებდა, რომ აშშ მზად იყო ომს გაქცეული დაახლოებით 100 000 უკრაინელი მიეღო, – წერს CNN-ი. – იმის გამო, რომ უკრაინელებისთვის შეერთებულ შტატებში შესვლის შესაძლებლობები შეზღუდული იყო, ისინი მექსიკაში ჩადიოდნენ და იქ ცდილობდნენ ვიზის მიღებას.

მარტში 5 000-ზე მეტმა უკრაინელმა სცადა შტატებში შესვლა, მათ შორის 3,200-მა მექსიკიდან. ამერიკული მედიის ცნობით, ისინი აშშ-ში ლტოლვილის სპეციალური სტატუსით შეუშვეს.

გაეროს ლტოლვილთა კომისრის ცნობით, რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ უკრაინა 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მთავარი ფოტო: პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

მატარებელი ქუთაისის აეროპორტთანაც გაჩერდება – საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან კოპიტნარში ახალი გაჩერება დაემატება.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, კოპიტნარში ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს, ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს.

რკინიგზის ცნობით, კოპიტნარში გაჩერდება ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი მატარებელი, თბილისი-ქუთაისის გარდა.

კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს.

კოპიტნარის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა 29 აპრილიდან დაიწყება. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება საქართველოს რკინიგზის სალაროებში, კომპანიის ვებგვერდის, სწრაფი გადახდის აპარატებისა და რკინიგზის პარტნიორი კომპანიების ვებგვერდების მეშვეობით.

უკრაინის აღდგენას 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება – შმიგალი

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში ხუთშაბათს, 21 აპრილს, ვაშინგტონში მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე უკრაინის პრემიერმა, დენის შმიგალმა, განაცხადა, რომ უკრაინის აღდგენას დაახლოებით 600 მილიარდი დოლარი დასჭირდება ომის შემდეგ, მოკლევადიან პერსპექტივაში კი საჭირო იქნება 4,5 მილიარდი დოლარი თვეში.

გარდა ამისა, შმიგალმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრებს მოუწოდა, გამოუყონ უკრაინას ამ ორგანიზაციისგან მიღებული სარეზერვო აქტივების 10% კიევის მხარდასაჭერად.

უკრაინის მინისტრთა საბჭოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინას დასჭირდება აღდგენის სტრატეგიული გეგმა, დაახლოებით ისეთი, როგორიც იყო „მარშალის გეგმა“ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის აღსადგენად.

შმიგალმა შეხვედრაზე მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას საბრძოლო მასალებით, იარაღით და განაგრძონ სანქციების დაწესება რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გასაძლიერებლად.

მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე გაჟღერდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ 2022 წელს უკრაინის ეკონომიკა 35%-ით შემცირდება, რუსეთის მშპ კი შემცირდება 8,5 %-ით, რაშიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების წვლილიც იქნება.

___________

მთავარ ფოტო: უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი

10 გრამამდე მარიხუანის საზღვარზე შემოტანა პატიმრობით აღარ დაისჯება – საკონსტიტუციო

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია კანონის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომშრალი მარიხუანის [არაუმეტეს 9.68 გრამის ოდენობით], პირადი მოხმარების მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოტანა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 28 ივნისს კონსტიტუციური წარდგინებით მიმართა ბოლნისის რაიონულმა სასამართლოდან მოსამართლე თეა ლეონიძემ. მანამდე ორი თვით ადრე კი, ნიკოლაი სიმონიანს ბრალი წარუდგინეს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მიხედვით 6.7 გრამი გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.

საქმის მასალებშია კიდევ რამდენიმე შემთხვევა, როცა ადამიანები გასამართლდნენ გამომშრალი მარიხუანის საქართველოში უკანონოდ შემოტანისთვის.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სრულწლოვანი პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო გაუმართლებელია.

„საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების საფრთხის გამო პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ემსახურება მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანს, რომ სხვამაც არ ჩაიდინოს იგივე ქმედება და საკუთარ ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს. მხოლოდ ზოგადი პრევენციის მიზანი კონსტიტუციური გამაშუალებლის ანუ პროპორციულობის გარეშე მიემართება კონკრეტულ ინდივიდს და აქცევს მას ძალაუფლების ობიექტად, რადგან სასჯელი ლეგიტიმაციას არ იღებს ქმედებისგან, მას არ ამართლებს პირის ქმედებიდან მომდინარე საშიშროება. ამგვარად, ადამიანი იქცევა ინსტრუმენტად სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში, რაც გარდაუვლად იწვევს მისი ღირსების ხელყოფას“, – მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 24 ოქტომბერს „ბექა წიქარიშვილის საქმეში“.

საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება ამჯერად:

„იმის გათვალისწინებით, რომ მარიხუანის მოხმარება არ იწვევს მასზე დამოკიდებულის სწრაფად ჩამოყალიბებას, ასევე მისი ზემოქმედების ქვეშ, როგორც წესი, პირი არ ხდება აგრესიული და დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი, კონსტიტუციურ წარდგინებებში მითითებული ოდენობით მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის დაწესება ვერ ჩაითვლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიზნის მიღწევის გამოსადეგ საშუალებად…

ამავე დროს მნიშვნელოვანია, აღინიშნოს მარიხუანასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ის მზარდი საერთაშორისო ტენდენცია, რომელიც ბოლო პერიოდში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შეიმჩნევა. ზოგიერთ დემოკრატიულ სახელმწიფოში მარიხუანა უკვე ჩაეშვა ლეგალურ ბრუნვაში, რაც, თავისთავად, ამცირებს მოთხოვნას ამ პროდუქტის მიმართ „შავ ბაზარზე“. შესაბამისად, დღეს არსებულ რეალობაში არაგონივრულია, საქართველოს პარტნიორ ქვეყნებს ჰქონდეთ მოლოდინი იმისა, რომ სადავოდ გამხდარი ოდენობების მარიხუანის საქართველოში შემოტანისათვის პირი დაისჯება სასჯელის ისეთი მკაცრი ფორმით, როგორიცაა თავისუფლების აღკვეთა. ამდენად, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის შეზღუდვის მიზნით, საერთაშორისო თანამშრომლობის სათანადოდ განხორციელება შესაძლებელია, მიღწეულ იქნეს სადავოდ გამხდარი ოდენობის მარიხუანის საქართველოში შემოტანისთვის თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სანქციის დაწესების გზით,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის კანონიერ ძალაშია შესული და სასამართლოებს აღარ აქვთ სამართლებრივი საფუძველი რომელიმე ბრალდებულს, ვისაც ამ დროისთვის 9.6 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის საქართველოში შემოტანას ედავებიან, სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა შეუფარდონ.

უკრაინელებმა და ბელარუსებმა ბათუმში სანაპირო დაასუფთავეს

ბათუმში მცხოვრებმა უკრაინელმა ლტოლვილებმა და ბელარუსის რეჟიმს გამორიდებულმა მოქალაქეებმა ზღვის სანაპირო საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაასუფთავეს.

როგორც „ლელოს“ წარმომადგენელმა გენო თებიძე „ბათუმელებს“ უთხრა, ეს ის ადამიანები არიან, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ იქცნენ ლტოლვილებად. ასევე ისინი, რომლებიც ბელარუსიიდან ლუკაშენკოს რეჟიმს გამოექცნენ და ბათუმში ცხოვრობენ.

უკრაინელები და ბელარუსები ბათუმის სანაპიროს ალაგებენ

„როგორც ჩეხეთში და პოლონეთში გააკეთეს მადლიერების ნიშნად, დაახლოებით ასეთი მოტივი ჰქონდათ აქაც ამ ადამიანებს. ესენი ჩვენი მეგობრები არიან, ძალიან აქტიურად არიან ჩართული უკრაინელი ლტოლვილების დახმარებაში. აქ არიან ის ადამიანებიც, რომლებიც იდევნებიან ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ და ასევე ისინიც, რომლებიც დევნილები არიან და ახლა მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევიან“, – ამბობს გენო თებიძე.

უკრაინელი ბავშვი ბათუმის სანაპიროს ნარჩენებისგან ასუფთავებს.
უკრაინელები და ბელარუსები ბათუმის სანაპიროს ასუფთავებენ.

გენო თებიძის თქმით, ბათუმში მცხოვრები უკრაინელები და ბელარუსები სოლიდარობას იჩენენ ომის დევნილების მიმართ და ეხმარებიან. „ყველა კაფე, რომელიც ეკუთვნით უკრაინელებს ან ბელარუსებს, ყველა ლტოლვილ ოჯახს უფასოდ აჭმევს. თითო კაფე 30-40 ადამიანს უფასოდ მასპინძლობს და ასე არიან გადანაწილებული 11 კაფეში ადამიანები. ძალიან ორგანიზებულები და სოლიდარულები არიან“, – ამბობს გენო თებიძე.

უკრაინელმა ლტოლვილებმა ბათუმის ზღვის სანაპირო დაასუფთავეს.

„ისინი ცდილობენ ასე გამოხატონ მადლიერება ჩვენი ქალაქის მიმართ“, – ამბობს გენო თებიძე.

კანაფის ფისის მოხმარებაზე პატიმრობა გაუქმდა – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

კანაფის ფისის კონკრეტული ოდენობით მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთით ადამიანებს ვეღარ დასჯიან. ახალი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 21 აპრილს, მიიღო.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი ამ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლო იყო, რომელიც მიიჩნევდა, რომ მას შემდეგ, რაც კანონით მარიხუანას მოხმარებაზე თავისუფლების აღკვეთა სასჯელის სახედ აღარ გამოიყენება, უსამართლობაა ყველაზე მკაცრი სასჯელის გამოყენება კანაფის ფისის შემთხვევაში.

დავის საგანი იყო ნორმატიული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალება – კანაფის ფისის [0,1315 გრამის ოდენობით] პირადი მოხმარების მიზნით არაერთგზის შეძენა-შენახვა სასჯელის სახედ ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე.

კონსტიტუციური წარდგინების ავტორი აპელირებდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის № 592 გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის, პირადი მოხმარების მიზნით, შეძენისა და შენახვის გამო. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ კანაფის ფისი მარიხუანის იდენტურ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოადგენდა და მათგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი ერთმანეთის იდენტური იყო. ამასთან, 0,1315 გრამი კანაფის ფისი განკუთვნილი იყო საშუალოდ ერთჯერადი მოხმარებისთვის, მაშინ, როდესაც 70 გრამი გამომშრალი მარიხუანა წარმოადგენდა დაახლოებით 230 მოხმარების დოზას.

ძირითადად ამ არგუმენტების გათვალისწინებით მიიჩნევდა კონსტიტუციური წარდგინების ავტორი, რომ გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო ნორმის ლეგიტიმურ მიზნებს წარმოადგენდა ჯანმრთელობის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, პოტენციურად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოა, თუმცა, გაუმართლებელია პირის დასჯა თავისუფლების აღკვეთით მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების გამო. ამასთან, სპეციალისტთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სასამართლომ დაასკვნა, რომ 0,1315 გრამი კანაფის ფისი წარმოადგენდა საშუალოდ ერთი მოხმარების, ხოლო მაქსიმუმ 4 მოხმარების დოზას. შედეგად, კანაფის ფისის სადავოდ გამხდარი ოდენობა აპრიორი ვერ ჩაითვლებოდა იმ ოდენობად, რომელიც ავტომატურად ქმნიდა მისი გავრცელების და ამ გზით სხვა პირთა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის რისკებს.

საკონსტიტუციო სასამართლომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ კანაფის ფისის მოხმარება, როგორც წესი, არ იწვევდა მასზე დამოკიდებულების სწრაფად ჩამოყალიბებასა და აგრესიული, ანტისაზოგადოებრივი ქმედებების განხორციელებას. შესაბამისად, გასაჩივრებული რეგულაციით დადგენილი სანქციის სახე – თავისუფლების აღკვეთა ვერ იქნებოდა გამართლებული ვერც საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმური მიზნით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენდა აშკარად არაპროპორციულ სასჯელს და არღვევდა არაადამიანური და დამამცირებელი სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ დანაწესს.

საკონსტიტუციოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ საერთო სასამართლოები კანაფის ფისის მოხმარების, ასევე შეძენის და შენახვის დადგენის შემთხვევაში, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვეღარ გამოიყენებენ. პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით უნდა დაადგინოს, რა სამართლებრივი რეაგირება უნდა მოჰყვეს კანაფის ფისის გამოყენებას.

უკრაინის პროკურატურა: რუსეთი უკრაინელ ბავშვებს ომში ითრევს

გენერალური პროკურორის ოფისმა დააფიქსირა 8 შემთხვევა, როდესაც რუსეთი უკრაინელ ბავშვებს უკრაინის წინააღმდეგ იყენებს. წერს გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ გენერალურ პროკურორზე, ირინა ვენედიქტოვაზე დაყრდნობით.

„ბავშვები, უკრაინელი ბავშვები. ფიქრიც კი მზარავს, რომ მათ ომში იყენებენ ცინიკური და უგულო ბოროტმოქმედები. არასრულწლოვანთა საქმეების პროკურორებს ორი ფოკუსი აქვთ – მსხვერპლი ბავშვები და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვები. რუსეთი მათ სულებს წამლავს და აიძულებს, მიიღონ მონაწილეობა ოკუპანტებისთვის სამხედრო ინფორმაციის მოგროვებაში ან გადაცემაში, იარაღის ტრანსპორტირებაში და სხვა. ეს გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის 38-ე მუხლის პირდაპირი დარღვევაა. ჩვენ დავაფიქსირეთ 8 ბავშვის მონაწილეობა ასეთ ქმედებებში“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა და რამდენიმე ფაქტზე ისაუბრა.

ხარკოვის რაიონში მცხოვრები 12 წლის მოზარდი ინტერნეტის ქსელსა და ტელეგრამ არხებში გზავნიდა ინფორმაციას უკრაინის სამხედრო ძალების ტექნიკის, საგუშაგოებისა და სამხედროების ადგილმდებარეობის შესახებ და ამისთვის ფულად ჯილდოს ელოდა. მსგავსი ფაქტი დააფიქსირა პროკურატურამ ლუგანსკის რაიონშიც.

ჩერნიგოვის რაიონში, ერთ-ერთი სოფლის ოკუპაციის დროს, არასრულწლოვანმა ადგილობრივმა რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისგან მიიღო დავალება, დაეზვერა უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები. ბავშვს ხელსა და ფეხზე წითელი ლენტები ჰქონდა შებმული და ის რუს ჯარისკაცებს სოფელში დაჰყვებოდა. პროკურატურის ინფორმაციით, 16 წლის მოზარდს „მიჰყავდა“ ოკუპანტები იმ უკრაინელთა სახლებამდე, რომელთა მფლობელებსაც კავშირი აქვთ უკრაინის სამართალდამცავ ან თავდაცვით ორგანოებთან და რომლებსაც შესაძლოა, შინ იარაღი ჰქონდეთ. ის სამხედროებს აჩვენებდა, სად შეიძლებოდა ეშოვათ საჭმელი, თამბაქო და ალკოჰოლი. მოზარდი დაკავებულია და მასთან გამომძიებლები მუშაობენ.

ხარკოვის რაიონში 17 წლის მოზარდმა YouTube არხზე რუსეთის მხარდამჭერი და საქებარი მასალები გაავრცელა.

პროკურატურამ ასევე აღნიშნა სკოლის მოსწავლეებისგან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის შემთხვევაც.

მთავარი ფოტო: ირინა ვენედიქტოვა

რატომ გააუქმა პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმის ბრძანება – ბრიტანეთის დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, „აზოვსტალზე“ მასშტაბური სამხედრო შეტევა რუსეთის არმიისთვის უდიდესი დანაკარგებით დასრულდებოდა და კიდევ უფრო შეამცირებდა მის ბრძოლისუნარიანობას. უწყება ტვიტერზე გამოქვეყნებულ ყოველდღიურ განახლებაში წერს, თუ რატომ გააუქმა ვლადიმერ პუტინმა „აზოვსტალზე“ შტურმი და მის ნაცვლად ბლოკადის ბრძანება გასცა.

„პუტინის გადაწყვეტილება ბლოკადაში მოაქციოს „აზოვსტალი“, მიუთითებს, რომ მას, სავარაუდოდ, სურს უკრაინული წინააღმდეგობა მარიუპოლში გამოკეტოს და გამოათავისუფლოს თავისი სამხედრო ძალები, რათა ისინი აღმოსავლეთ უკრაინაში, სხვა ადგილებში გადაისროლოს“.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე გრძელდება ბრძოლები და ინტენსიური თავდასხმები, რუსები ცდილობენ წინ წაიწიონ კრასნი-ლიმანის, ბუგაევკის, ბარვინკოვეს, ლიმანისა, პოპასნის მიმართულებით.

„რუსები ცდილობენ, როგორღაც გადაალაგონ თავისი ძალაგამოცლილი არმია. მათ დაიწყეს დაზიანებული ტექნიკის რუსეთში დაბრუნება რემონტისთვის“, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, გუშინ, თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებზე შეტევა მიზანშეუწონლად მიაჩნია და ბრძანება გასცა, შტურმი არ განხორციელდეს.

პუტინმა შოიგუს უთხრა, რომ ეს ის მომენტია, როდესაც უნდა იფიქრონ რუსი ჯარისკაცების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე, – „საჭიროა ინდუსტრიული ზონის ბლოკირება ისე, რომ ბუზიც კი ვერ შეფრინდეს“.

„არ არის საჭირო ამ კატაკომბებში ჩასვლა“, – განაცხადა პუტინმა და დასძინა, რომ ყველას, ვინც იარაღს დაყრის, რუსეთი ჰპირდება სიცოცხლესა და ღირსეულ მოპყრობას.

___

„აზოვსტალი“ არის ერთადერთი გამაგრებული ტერიტორია მარიუპოლში, რომლის აღებაც თითქმის ორთვიანი ომის შედეგად ვერ შეძლო რუსულმა არმიამ. მათ ქარხნის ტერიტორიაზე გამაგრებულ სამხედროებსა და სხვა პირებს 17 აპრილამდე დანებებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მასშტაბური ოპერაციით დაემუქრნენ. რუსეთის არმიის ულტიმატუმი უკრაინელმა სამხედროებმა უკუაგდეს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 აპრილის 21 საათიდან 23 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა; უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 8-13, დღისით 22-27 გრადუსი სითბო
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 3-8, დღისით 17-27 გრადუსი სითბო
  • მაღალ მთაში – ღამით 0-3, დღისით 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში; უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე: 5-10 დმ (2-3 ბალი);

ზღვის წყლის ტემპერატურა +13 გრადუსია.

სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას, 24 აპრილს და ორშაბათს, 25 აპრილს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 22 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 161 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 161 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 86 შემთხვევა, აჭარაში – 9, იმერეთში – 20, ქვემო ქართლში – 9, შიდა ქართლში – 7, გურიაში – 8, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 4, კახეთში – 13, მცხეთა-მთიანეთში -1, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

stopcov.ge-ის ინფორმაციით,  ჩატარებულია კვლევა ტესტით – 18 178, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 709, PCR ტესტით – 1 469

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა 335 ადამიანი. 

რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 22 აპრილის მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 200 ადამიანი
  • ტანკი – 838 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 162 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 397 ერთეული
  • MLRS – 138 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 69 ერთეული
  • თვითმფრინავი – 176 ერთეული
  • ვერტმფრენი – 153 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 523 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 172
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 22 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 140 თვითმფრინავი
  • 106 ვერტმფრენი
  • 520 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 448 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 257 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 271 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 062 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 289 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში

ქობულეთის მერის და მისი მოადგილეების ქონება

ლევან ზოიძემ ქობულეთის მერის ამპლუაში ქონებრივი დეკლარაცია პირველად შეავსო. თავდაპირველად მის დეკლარაციაში ორი მთავარი სიახლე იყო ასახული. პირველი ის, რომ მერს გასულ წელს ახალი ავტომანქანა „ტოიოტა კამრი“ შეუძენია, რაშიც 17 000 აშშ დოლარი გადაუხდია. მეორე კი ის იყო, რომ ახალი ავტომანქანის გარდა ამ დეკლარაციაში აღარაფერი იძებნებოდა – არც ბინა, ან სახლი, რომელშიც ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს. „ტექნიკური ხარვეზია“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში. მოგვიანებით კი ლევან ზოიძემ დეკლარაცია დააკორექტირა და ასახა თითქმის იდენტური ქონება, რაც წინა დეკლარაციებში იყო ასახული.

2021 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, ლევან ზოიძეს ავტომანქანა 2020 წელსაც შეუძენია, იგივე მოდელი „ტოიოტა კამრი“ – 5000 დოლარად, მაშინ ის ვიცე-მერის თანამდებობაზე მუშაობდა.

დეკლარაციის მიხედვით, ქობულეთის მერი სამ თანამესაკუთრესთან ერთად ფლობს 151 კვ.მეტრ კომერციულ ფართობს ქობულეთის ცენტრში, აღმაშენებლის #2-ში. საჯარო რეესტრის მონაცემებში ჩანს, რომ ეს ფართობი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს“ აქვს დაქირავებული.

დეკლარაციაში ლევან ზოიძე წერს, რომ  ფლობს 164 კვ.მეტრ არასაცხოვრებელ ფართობს ქობულეთში, თავისუფლების ქუჩაზე, #24-ში, ეს ქონება მისთვის უჩუქებიათ 2010 წელს. 2012 წელს კი ამავე ქუჩაზე მას 246 კვ.მეტრი ფართობი შეუსყიდია. რეესტრის მონაცემებით, ეს ქონება ლევან ზოიძეს 2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტისგან შეუსყიდია.

2021 წლის დეკლარაციის მიხედვით, ლევან ზოიძე ფლობს ასევე 80 კვ.მეტრ ბინას ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე.

გარდა ხელფასისა, ლევან ზოიძე იღებს შემოსავალს იჯარის წესით გასხვისებული ქონებიდან: გასულ წელს მან მიუთითა, რომ ეს თანხა თვეში 550 აშშ დოლარია.

  • გათამაშებაში მოგებული ავტომანქანა და ნაკვეთი კვირიკეს ტყეში – ვიცე-მერის ქონება

ხარვეზი არ ფიქსირდება და განახლებულია ქობულეთის მერის პირველი მოადგილის, დავით ვერულიძის ქონებრივი დეკლარაცია.  მთავარი სიახლე აქაც ახალი ავტომანქანაა, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, მერის მოადგილის დედას ტოტალიზატორში მოუგია.

დავით ვერულიძის განმარტებით, რეალურად ავტომანქანა ვიცე-მერის მამამ მოიგო: „ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ევროპის ჩემპიონატი იყო, გააკეთა ბილეთი და მოიგო“. თუმცა ის შესაბამის გვერდზე მეუღლის [ანუ ვიცე-მერის დედის] სახელით იყო დარეგისტრირებული, ამიტომაც მოგებული ავტომანქანა მას გაუფორმეს: „დოკუმენტებით ასე იყო, ამიტომაც ჩავწერე, რომ დედამ მოიგო.“ დეკლარაციაში მითითებულია ასევე, რომ ვიცე-მერის ეს ავტომანქანა 28 000 დოლარად გაყიდეს.

ვიცე-მერის დედა თავადაც საჯარო მოხელეა –  ქობულეთის მერიაში, კერძოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურში მთავარ სპეციალისტად მუშაობს.

დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, 2019 წელს ვიცე-მერის მამას სოფელ კვირიკეში 3 850 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დაურეგისტრირებია. როგორც რეესტრშია მითითებული, რეგისტრაციის საფუძველი საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ 2007 წელს გაცემული საკუთრების მოწმობაა.

ამ ქონებასთან დაკავშირებით  ვიცე-მერმა განმარტა, რომ ნაკვეთი ბაბუას დანატოვარია. „დარეგისტრირებაც 2007 წელს გაცემული საკუთრების მოწმობით მოხდა“. შესაბამისად, ამ საქმეში ის თავის გავლენებს ვერ გამოიყენებდა.

მონიშნულია ვიცე-მერის მამის ნაკვეთი – ნაკვეთს რამდენიმე მხრიდან სახელმწიფოს ბალანზე არსებული ნაკვეთები ესაზღვრება

კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის შესახებაც დავით ვერულიძემ ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, ვიცე-მერის მამის საკუთრებაა – 392 კვ.მეტრი ფართობი ქობულეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მას 2017 წელს 45 000 დოლარად შეუძენია. რეესტრის მონაცემებით, ამ ნაკვეთზე შენობებიც არის.

მონიშნულია ვიცე-მერის მამის ნაკვეთი და შენობა – ეს ნაკვეთი, ასევე შენობა საქართველოს ბანკშია იპოთეკით დატვირთული

დეკლარაციის მიხედვით, ვიცე-მერის მამას იპოთეკური სესხის სახით 2017 წელს 77 000 ლარი აუღია.

ქობულეთის მერის მეორე მოადგილე მინდია რომანაძეა, მანამდე ის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. მერის მოადგილის რანგში მის მიერ შევსებული დეკლარაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე ჯერ არ იძებნება.

2021 წელს, სამსახურის უფროსის რანგში შევსებული დეკლარაციის მიხედვით, მინდია რომანაძის მეუღლე ფლობს ბინას ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, ხოლო თავად ფლობს ბინას ჭავჭავაძის ქუჩაზე. ორივე ბინის ფართობი ჯამში 120 კვ.მეტრია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მინდია რომანაძე ფლობს ასევე ბინას ქობულეთში, ჭავჭავაძის #1-ში.

___

მთავარი ფოტო: მარცხნიდან დავით ვერულიძე, ლევან ზოიძე და მინდია რომანაძე

მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მეძუძური ქალის ფოტო კიევის მეტროსადგურიდან, სადაც უკრაინელები საჰაერო თავდასხმისას აფარებდნენ თავს. ფოტოზე დაყრდნობით დაიხატა ნახატები, შემდეგ კი ხატი, რომელიც ახლა ნეაპოლის ერთ-ერთ ეკლესიაშია.

BBC-ს ცნობით, ბავშვიანი ქალი მეტროში კიეველი ტატიანა ბლიზნიაკია, მისი შვილი მარიჩკა ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვისაა. 25 თებერვალს, როდესაც კიევში საჰაერო განგაში დაიწყო, ტატიანა, მისი ქმარი მიხაილი, ბავშვი და ძაღლი ფიბი მეტროში ჩავიდნენ.

მეტროს კედელს მიყრდნობილი ტატიანას ფოტო, რომელიც ბავშვს კვებავს, გამოცემა Teleks-ის უნგრელმა ჟურნალისტმა, ანდრას ფელდეშმა გადაიღო.

ფოტო მალე გახდა შთაგონების წყარო უკრაინელი ილუსტრატორისთვის, მარინა სოლომენნიკოვასთვის. მან ფოტო ინტერნეტში ნახა:

„ჩემს გონებაში უმალვე დალაგდა ნანახი და წაკითხული ფაზლის ნაწილები – ეს ქალი შვილთან ერთად იყო ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო,  რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაემალონ რუსულ იარაღს თავშესაფრებში”, – ამბობს მარინა BBC-სთან.

მარინამ ფოტოს მიხედვით დახატა ილუსტრაცია და ინსტაგრამზე დადო.

მარინას ილუსტრაცია ვატიკანის სამდივნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა, ჯეიმს მარტინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

შარავანდედიანი ქალის ილუსტრაციას კიევის მადონა დაარქვეს.

BBC წერს, რომ ახლახან კიევის მადონა ნეაპოლის ეკლესიაში ხატად იქცა, მისი გამოსახულება ფრანცისკანელი დების სკოლის სამლოცველოშია.

ხატის ფოტო ფეისბუქზე უკრაინელმა იეზუიტმა მღვდელმა ვიაჩესლავ ოკუნმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლა რომში სწავლობს. ილუსტრაციის ხატად გარდაქმნა სწორედ მისი იდეა იყო.

ვიაჩესლავის თქმით, უკრაინელებისთვის, რომლებსაც ომის გამო მოუწიათ იძულებით გადაადგილება და ახლა იმყოფებიან იტალიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია, რომ იქაც ჰქონდეთ რაღაც საკულტო და ნაცნობი უკრაინიდან.

მედიის ცნობით, კიევის მადონის პროტოტიპი, უკრაინელი ტატიანა ბლიზნიაკი, შვილთან ერთად, რომელიც ახლა უკვე თითქმის 4 თვისაა, ოჯახთან ერთად უსაფრთხოდაა დასავლეთ უკრაინაში.

შეშუპებული და გაწითლებული სახსრები ბურსიტის სიმპტომია – ექიმის რჩევები

ბურსიტი სასახსრე ჩანთის, იგივე ბურსას ანთებაა. ექიმი ორთოპედ-ტრავმატოლოგი გიორგი ყაველაშვილი ამბობს, რომ ბურსიტი პროფესიულ დაავადებად მიიჩნევა, შესაბამისად ის ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომელთაც ხშირად უწევთ ისეთი განმეორებითი მოძრაობები ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რის შედეგად ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე.

ბურსა არის დახურული, სითხით სავსე ტომარა, რომელიც ამცირებს ხახუნს სხეულის ქსოვილებს შორის. ძირითადი ბურსა განლაგებულია მყესების გვერდით ისეთ მსხვილ სახსრებთან, როგორიცაა: მხრები, იდაყვები, თეძოები და მუხლები.

  • ბატონო გიორგი, რა არის ბურსიტი?

სასახსრე ჩანთის ანთება – ბურსიტი მდებარეობის მიხედვით არსებობს სხვადასხვა. არის მუხლის, იდაყვის, მენჯის, მხრის და სხვა სახსრის ბურსიტი. სასახსრე ჩანთის ანთება შესაძლოა განვითარდეს იქ, სადაც სახსარია. ეს არის არაბაქტერიული, სტერილური ანთება. როცა იწყება სასახსრე ჩანთის ანთება, შესაბამისად, ჩანთაში გროვდება გამონადენი და ადგილობრივად ვითარდება შეშუპება, შეწითლება და ტკივილი.

ყველაზე ხშირია იდაყვისა და მუხლის სახსრის ბურსიტი, ანუ იმ სასახსრე ჩანთების ანთება, რომლებზეც ყველაზე ადვილად შეიძლება გარეგანმა ფაქტორებმა იმოქმედონ.

  • რა არის ბურსიტის მიზეზი?

გამომწვევი არის ძირითადად გარე გამაღიზიანებლები, ტრავმა, დატვირთვა, ტემპერატურის (მაგალითად, სიცივის) ზემოქმედება.

ბურსიტი პროფესიულ დაავადებადაც მიიჩნევა, შესაბამისად, იგი ხშირია ადამიანებში, რომელთაც უწევთ სახსრების ხშირი მუშაობა, განმეორებითი მოძრაობების კეთება ან ისეთ პოზიციებში გაჩერება, რომლითაც ხდება ზეწოლა სახსრის გარშემო არსებულ ბურსებზე. შეიძლება იყოს ერთჯერადი ტრავმის ან ხანგრძლივად განმეორებადი ზემოქმედების შედეგი.

გარდა ამისა, ბურსიტი ხშირია ადამიანებში, რომელთაც დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი. ასაკობრივი ფაქტორიც მნიშვნელოვანია.

ბურსიტის სხვა მიზეზებია ამ უბნის დაზიანება ან ტრავმა, ანთებითი ართრიტი, როგორიცაა: რევმატოიდული ართრიტი, პოდაგრა და ინფექცია.

მიუხედავად იმისა, რომ ბურსიტი გავლენას ახდენს ყველა ასაკის ადამიანზე, ხანდაზმულები შეიძლება იყვნენ უფრო დიდი რისკის ქვეშ, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ ხანდაზმულს აწუხებს ოსტეოართრიტი და სხვა ქრონიკული დაავადებები, რამაც შეიძლება გაზარდოს ბურსიტის რისკი.

  • სიმპტომები როგორია?

ბურსიტს ძირითადად ახასიათებს ჰიპერემია, იგივე შეშუპება, შეწითლება ადგილობრივად და ტკივილი. თუმცა შეიძლება ბურსიტი მიმდინარეობდეს ტკივილის გარეშეც. მაგალითად, იდაყვის ბურსიტს არ ახასიათებს ტკივილი, მხოლოდ დისკომფორტი და შეშუპება შეინიშნება. ჰიპერემია და სიწითლეც პირობითია, ზოგჯერ შეიძლება იყოს, შეიძლება – არა.

  • პირველადი დახმარება რა შეძლება იყოს ბურსტის დროს?

ბურსიტის დროს მთავარია იმ სახსრის მოსვენება, სადაც ბურსიტი განვითარდა. უმჯობესია პაციენტმა თვითნებურად არ დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა, რადგან არსებობს ბურსიტის ფორმა, როცა არასტეროიდული [არაჰორმონალური] ანთების საწინააღმდეგო მალამოს წასმა პირიქით, ცუდად მოქმედებს მასზე, მაგალითად, როცა ადგილზე კანია გაღიზიანებული.

  • დიაგნოსტირება როგორ ხდება?

ბურსიტის დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, ხდება სიმპტომურად, კლინიკურად და შემდგომ ულტრაბგერითი კვლევით. კომპიუტერული ტომოგრაფია და დანარჩენი დამატებითი კვლევები, მაგალითად, რენტგენი, შეიძლება დაგვჭირდეს იმის დასადგენად, სახსარში ცვლილებით ხომ არ არის გამოწვეული ბურსიტი, რადგან იგივე ბურსიტი შეიძლება გამოწვეული იყოს სახსარში ართროზული ცვლილებებით [მაგალითად, მუხლის, იდაყვის ან  სახსარში არსებული სხვა წანაზარდები, რასაც მარილების დაგროვებას ეძახიან, ხშირად იწვევს ბურსიტს].

ამისთვის შეიძლება დავამატოთ რენტგენი, თორემ უშუალოდ ბურსიტის დასადგენად ვიზუალური მხარე და კლინიკური გამოკითხვა უკვე საკმარისია.

  • როგორ მკურნალობენ?

გააჩნია ბურსიტის სახეს, არის არაანთებითი ბურსიტი, რომელიც, პირველ რიგში, მოითხოვს კიდურის მოსვენებულ მდგომარეობაში გაჩერებას და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტებით მკურნალობას.

არის შემთხვევები, როცა ბურსიტი არ ქრება და საჭიროა მედიკამენტებით პუნქცია, ანუ სითხის გამოღება [ბურსიტის შედეგი არის სითხის დაგროვება იმ ჩანთაში, სადაც ანთებაა]. თუ ბურსიტი ამის შემდგომაც მეორდება, საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა და ჩანთის ამოკვეთა, მაგალითად, იდაყვის მორჩის ბურსიტზე ხშირად საჭირო ხდება ოპერაციული ჩარევა, რომლის დროსაც ვიღებთ სასახსრე ჩანთას.

  • ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში მყოფი პაციენტებისთვის ამ მედიკამენტების მიღება რამდენად დასაშვებია?

ასეთ პაციენტებთან, რა თქმა უნდა, შეზღუდული ვართ წამლების დანიშვნაში,  ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები გადადის ბარიერს და ნაყოფზე მოქმედებს, მაგრამ არის აქაც სხვა სახის პრეპარატები, რომელთა დანიშვნაც შეგვიძლია.

  • პრევენცია რა შეიძლება იყოს?

ეს ცოტათი რთულია, რადგან არ იცი, როდის დაგემართება, თუმცა თუ ერთხელ განვითარდება, მისი თავიდან აცილება შესაძლებელია. კერძოდ, თუ დატვირთვას უკავშირდება ან სხვა გარეგან გამღიზიანებელს, დატვირთვის მოხსნა და გამაღიზიანებლის აცილება საკმარისია, მაგალითად, ვაფრთხილებთ პაციენტს, რომ მოერიდოს ხანგრძლივად იდაყვზე დაყრდნობას.

თუ ბურსიტი ჩირქოვანია, ანუ როცა ერთვება ბაქტერიული ბურსიტი, ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა არ არის ეფექტური, საჭიროა პირდაპირ გახსნა და ქირურგიული ჩარევა. ეს მაშინ ვითარდება, როცა ადამიანის იმუნიტეტი ძლიერ დაქვეითებულია და საჭირო ხდება ქირურგიული მკურნალობა. სასახსრე ჩანთის ამოკვეთისას ეს პროცესი  სრულიად ლაგდება.

_________________

ბურსიტის თავიდან ასაცილებლად ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ცენტრი გირჩევთ:

  • გახურდით სპორტის ან სხვა განმეორებადი მოძრაობების წინ
  • დაიწყეთ ახალი ვარჯიშები ან სპორტული აქტივობები ნელა და თანდათან
  • ხშირად დაისვენეთ განმეორებითი დავალებების შესრულებისას
  • შეარბილეთ „რისკის ქვეშ მყოფი“ სახსრები იდაყვის ან მუხლის ბალიშების გამოყენებით
  • შეწყვიტეთ აქტივობები, რომლებიც იწვევს ტკივილს
  • შეეცადეთ, ყოველდღიური საქმიანობისას სხეული გეჭიროთ სწორად

როგორ გადაარჩინა 84 წლის ბაბუა ვალენტინმა 3 შვილიშვილი, შვილი, რძალი და ძაღლი

84 წლის ვალენტინ მიკოლაიოვიჩი უკრაინული სოცქსელების გმირად მას შემდეგ იქცა, რაც ხალხმა შეიტყო, რომ მოხუცმა მთელი ოჯახი გამოიყვანა სოფლიდან, რომელსაც რუსი სამხედროები ბომბავდნენ.

სოფელ სტეპნოეში, ზაპოროჟიეს რაიონში, ოჯახი თითქმის ერთი თვის განმავლობაში ემალებოდა ბომბებს საკუთარი სახლის სარდაფში. მას შემდეგ, რაც ყველანაირი საკვები ამოეწურათ, 84 წლის ბაბუა, თავის ძველისძველ მანქანას მიუჯდა და წამოიყვანა შვილი, რძალი, სამი შვილიშვილი, ძაღლი და რამდენიმესაათიანი მგზავრობის შემდეგ ივანო-ფრანკოვსკში ჩავიდა.

ვალენტინ მიკოლაიოვიჩი ოჯახში ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მანქანის ტარება იცოდა. ზაპოროჟიედან ივანო-ფრანკოვსკამდე კი დაახლოებით 1000 კილომეტრი – 14-15 საათის გზაა.

„მთელი ბავშვობა ტყვიებით ვთამაშობდი, მაგრამ არ მინდა, ჩემს შვილიშვილებსაც ასეთი ბავშვობა ჰქონდეთ“, – ამბობს ვალენტინი, რომელმაც ბავშვობა მეორე მსოფლიოს ომის შედეგად დანგრეულ ქალაქში გაატარა.

ფოტო, რომელზეც ბაბუას 6 თვის შვილიშვილი, იზაბელა, უჭირავს და რომელმაც სოციალური ქსელები მოიარა, ვალენტინს ზაპოროჟიეს ლტოლვილთა ცენტრში გადაუღეს. სწორედ აქ შეჩერდა ოჯახი მგზავრობისას. 84 წლის კაცისა და მისი ოჯახის ისტორია UNICEF-ის უკრაინის წარმომადგენლობამ გაავრცელა.

მთავარი ფოტო: ვალენტინ მიკოლაიოვიჩი შვილიშვილთან ერთად/UNICEF

მარკ ცუკერბერგსა და კამალა ჰარისს რუსეთში ჩასვლა აეკრძალათ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე დღეს, 21 აპრილს, გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც სანქციები უწესდებათ კომპანია META-ს დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს.

სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდება 29 ამერიკელს, მათ შორის ბიზნესმენებსა და ექსპერტებს, „რომლებიც რუსოფობიურ განწყობებს ქმნიან“.

სანქცირებულთა სიაში ჰარისისა და ცუკერბერგის გარდა მოხვდნენ: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ედვარდ პრაისი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კეტლინ ჰიქსი, პენტაგონის სპიკერი ჯონ კირბი, LinkedIn-ის აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკი და სხვები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სანქცირებულ პირებს რუსეთში შესვლას განუსაზღვრელი ვადით უკრძალავს.

სტუდენტები საერთო საცხოვრებლების აშენებას ითხოვენ – მინისტრის ცრუ დაპირება

„ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს“, – ამ სლოგანით გამოვიდნენ სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ და გააპროტესტეს ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 2 მაისს სასწავლო პროცესის აუდიტორიებში განახლებაზე.

აქციაზე მყოფი სტუდენტები აცხადებენ, რომ ახლა, როცა სწავლის დასრულებამდე სულ რაღაც ორი თვეა დარჩენილი, სჯობს სწავლა ჰიბრიდულ ფორმატში გაგრძელდეს და რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს, კვლავ მიეცეთ შესაძლებლობა ონლაინ დაესწრონ ლექციებს.

სტუდენტები თბილისში ბინების გაორმაგებულ ფასებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ისინი დედაქალაქში ცხოვრებას ვერ შეძლებენ.

„რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია ის, რომ ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ამის გამო ბინების მფლობელებმა 2,5-ჯერ გააძვირეს ბინის ქირის ფასი.

ხშირ შემთხვევაში კი სტუდენტებს არც კი აძლევენ ბინას. ვისაც დაბალ ფასად ჰქონდა ნაქირავები, ისინი ბინის მეპატრონეებმა გამოუშვეს და ღია ცის ქვეშ დატოვეს.

სტუდენტების განცხადებით, უნივერსიტეტებს არ გააჩნიათ საბინაო პოლიტიკა და არც კი აპირებენ რაიმე შეცვალონ ამ მიმართულებით.

„თსუ-ს სტუდენტები ბაგების საერთო საცხოვრებელში, ღირსების შემლახავ პირობებში ვცხოვრობთ. [გიორგი] შერვაშიძე [თსუ-ს რექტორი] გვპირდებოდა 3 ათას სტუდენტზე გათვლილ საერთო საცხოვრებელს, რომელიც დღის წესრიგში არც კი დამდგარა. ვითხოვთ, საბინაო პოლიტიკა დადგეს დღის წესრიგში“, – ამბობდა აქციის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.

მისი თქმით, თუ 2 მაისს სწავლა აუდიტორიებში დაიწყება, ათასობით სტუდენტი განათლების მიღმა დარჩება. „ჩვენ, რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტები, გაორმაგებულ ფასებში ვქირაობთ ბინას, ვიხდით კომუნალურ გადასახადებს, თანხას ვზოგავთ საკვებზე, ჯანმრთელობის საჭიროებებზე, ვმუშაობთ მძიმე პირობებში მცირე ანაზღაურებაზე, ამის საპასუხოდ კი უნივერსიტეტს ადმინისტრაცია დაგვცინის, აკადემიური სივრცე კი ჭაობშია, ეს ნორმალურია?“ – ამბობენ სტუდენტები.

ის, რომ თბილისში 3 ათას სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი აშენდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა განათლების მინისტრმა.

მაშინ მიხეილ ჩხენკელი ამბობდა, რომ „უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან და სწორედ მათი მონაწილეობით იგეგმება 3 ათასადგილიანი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა სხვადასხვა სასწავლებლის, მათ შორის, უცხოელი სტუდენტებისთვის“.

ხუთი წელი გავიდა, განათლების სამინისტროში კი დღემდე არ აქვთ პასუხი, რატომ არ შედგა მოლაპარაკება კერძო სექტორთან და რატომ ვერ აშენდა დაპირებული საცხოვრებლები სტუდენტებისთვის.

საქართველოს მთავრობა მთელი ორი წელია იმაზე საუბრობს, რომ ხელი უნდა შეუწყონ კერძო სექტორს, სამშენებლო კომპანიებს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მთავრობის ინიციატივით წლის ბოლომდე სამშენებლო ბიზნესში, სულ მცირე, 500 მილიონის ინვესტირება მოხდება, რომ მთავრობა სამშენებლო კომპანიებს დაუკვეთავს საჯარო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას, თუ დამატებით ფინანსურ რესურსს ბანკებიდან თავად მოიძიებენ.

სულ ახლახან ღარიბაშვილმა 1000-ბინიანი პოლიციის ქალაქის მშენებლობა დააანონსა, თუმცა არც ერთი განცხადება არ ყოფილა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სწავლის განახლებას აუდიტორიებში, აქ ორი დილემაა: ერთი, როცა სტუდენტების ნაწილი კრიტიკულად უყურებს ონლაინსწავლებას და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ხარისხიან განათლებაზე, ანუ სწავლა აუდიტორიებში განაახლოს, მეორე დილემა კი სიღარიბემ და გაძვირებულმა ცხოვრებამ წარმოშვა.

ლიკა კოჩალიძე, სტუდენტი

ლიკა კოჩალიძეც სტუდენტია და ისიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას. მესამეკურსელია და ამ ხნის განმავლობაში, სულ ერთი სემესტრი ისწავლა მხოლოდ აუდიტორიაში.

„მე და ჩემი მეგობრებიც ვეძებთ ბინას. არ ვიცი,  უბრალოდ გაგვიმართლა ალბათ, მაგრამ უნივერსიტეტთან ახლოს 450 ლარში ვიპოვეთ ოთახნახევრიანი ბინა. ასევე ერთი, სტუდიოს ტიპის ბინაც ვნახე 200 ლარში.

რეალურად, ბინები მართლა გაძვირდა და მარტივად ვეღარ ნახავ, მაგრამ ბევრისთვის, ესეც მიზეზია უბრალოდ. თუმცა იმ სტუდენტებისაც მესმის, ვისაც მართლა უჭირს და ვერ ქირაობს ბინას“, – ამბობს ლიკა კოჩალიძე.

მისი თქმით, დამატებით პრობლემას შექმნის ის გარემოება, თუკი უნივერსიტეტის ადმინისტრაცია დროულად არ მიიღებს ზომებს, შეცვლის პოზიციას და იტყვის, რომ „კარგი, ისევ ჰიბრიდულად გაგრძელდეს სწავლა“. ეს უკვე იმათთვის იქნება პრობლემა, ვინც უკვე ვიქირავეთ ბინები. ან ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ მოუწევთ მაღალი ფასის გადახდა, ან ჩვენ უნდა შევეგუოთ იმას, რომ ისევ ონლაინზე მოგვიწევს სწავლა“, – ამბობს ლიკა.

ლიკასთვის ონლაინსწავლების გაგრძელება მიუღებელია, რადგან, მისი აზრით, სწავლის ხარისხი ძალიან დაბალია.

„იმდენად ცუდია განათლების დონე საქართველოში, რომ უკვე ლექტორებსაც კი ეზარებათ აუდიტორიაში წასვლა. მათაც დაეზოგათ ხარჯები, დაეზოგა დრო, ყველა მიეჩვია ონლაინს, მაგრამ ჩემთვის ასე გაგრძელება მიუღებელია.

მარტივია, შეხვალ 15 წუთით სემინარზე, შემდეგ მთელი დღე თავისუფალი ხარ და გინდა იმუშავე, გინდა გაერთე. მაშინ რა ფასი აქვს უნივერსიტეტს, რა ფასი აქვს სწავლას? კარგი, მე არ ვიხდი სწავლის საფასურს, მაგრამ ვინც იხდის, იმან რა ქნას, ვისაც მართლა უნდა, რომ რაღაც წამოიღოს უნივერსიტეტიდან.

ვიღაც იტყვის, – თუ სწავლა უნდა, ყველგან ისწავლისო, შეიძლება ასეა და ვსწავლობ კიდეც, მაგრამ მეტი მჭირდება. ვიცი, რომ აუდიტორიაში უფრო მეტად მომიწევს დისკუსიებში ჩართვა, უფრო ადვილია კომუნიკაცია. ვიცი, რომ უფრო რთული იქნება გამოცდებიც, მაგრამ მირჩევნია ღამეები ვათენო და ვისწავლო, ვიდრე მარტივად ჩავაბარო ონლაინ“, – ამბობს ლიკა.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ სტუდენტს ირა გელაძეს ესაუბრა. ირა ამბობს, რომ რამდენიმე დღეა თბილისში ბინას ინტერნეტით ეძებს, თუმცა ჯერჯერობით, მისთვის მისაღებ ფასად ვერაფერი იშოვა.

„ჩასვლასაც ვერ ვახერხებ, ამიტომ ინტერნეტით ვეძებ. იმ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით რაც ჩემ ოჯახს აქვს და არამარტო მე და ჩემ ოჯახს, არამედ რეგიონში მცხოვრები სტუდენტების უმრავლესობას, ალბათ ვერ შევძლებ ბინის ქირაონას და მხოლოდ ფინალურებზე მომიწევს ჩასვლა თბილისში. თუ აქამდე 500 ლარად ვშოულობდი ბინას, ახლა 900 ლარს აფასებენ“-ამბობს ირა.

მისი თქმით, ბინა რომელის პირველ კურსზე ყოფნის დროს იქირავა, დღეს 1500 ლარად დაუფასეს. „საიდან უნდა მოვიტანოთ ასეთი დიდი თანხები ასე უცებ?

სამწუხაროდ, დღეს ბინის მეპატრონეები მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე არიან ორინეტირებული და საერთოდ არ აქვთ სოლიდარობის განცდა სტუდენტების მიმართ. პრიორიტეტად ქვეყანაში განათლება კი არა სხვის ხარჯზე ხელის მოთბობა გახდა“-ამბობს ირა გელაძე.

_________________________

მთავარი ფოტო: სტუდენტების პროტესტი თსუ-სთან/„პუბლიკა“.

14 სართული 501 კვ.მეტრზე და კედელი ფანჯრებთან – აქ მცხოვრებლები რიჟვაძის ჩარევას ითხოვენ

ბათუმში, გორგასლის #116-ში, შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. საპროექტო ტერიტორიის გვერდით, როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვნივ, მრავალბინიანი კორპუსებია. მრავალბინიანი კორპუსია სამშენებლო პროექტის უკანა მხარესაც,  ფარნავაზ მეფის ქუჩის მხრიდან. სწორედ ამ კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაგეგმილი პროექტი მათ ფანჯრების წინ კედლის აშენებას ითვალისწინებს – „ჩვენს ბინებში მზის შუქი ვეღარ შემოაღწევს.“

ისინი დახმარებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და ბათუმის მერისგან ითხოვენ, ღია წერილით მიმართეს საქართველოს პრემიერსაც. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ თორნიკე რიჟვაძემ ცოტა ხნის წინ დაუშვა პრეცედენტი, როცა ჩაერია თვითმმართველობის კომპეტენციაში და კონკრეტული პროექტის ნებართვების გაუქმება მოითხოვა – მოსახლეობას იმედი აქვს, რომ მისი მიდგომები შერჩევითი არ იქნება და არც მათი კორპუსის ფანჯრების წინ დაუშვებს კედლის ამოშენებას.

არ აშენდება – თქვა ერთხელ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ

 

ბათუმი, გორგასლის #116 – შპს „გრინკო გორგასალი“ მრავალბინიან კორპუსებს შორის არსებული წითელი კრამიტით გადახურული ბელეტაჟისა და მისი ეზოს ათვისებას გეგმავს. ამ ადგილზე 14-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვაა გაცემული.

პროექტის მიხედვით, უკვე აშენებული სახლის უკანა კედელი სწორედ ამ კორპუსის ეზოს მხარეს გადის, სამშენებლო მიწის ნაკვეთის საზღვრებში შედის ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის ეზოს გამწვანებული ნაწილიც – ოთხი პალმა.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი

„მოვითხოვთ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან და ბათუმის მერიისგან, შეჩერდეს უკანონო მშენებლობის ნებართვა და გატარდეს შესაბამისი ზომები. შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ ნეიტრალური კომპეტენტური პირები, რომლებიც გამოიკვლევენ, შეისწავლიან და შეაფასებენ ჩვენს გარემოებებს“, – ნათქვამია წერილში, რომელიც ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლებმა „ბათუმელებს“ გამოუგზავნეს.

გარდა იმისა, რომ ახალი პროექტის განხორციელების შემთხვევაში მათი საცხოვრებელი გარემო გაუარესდება, ისინი აცხადებენ, რომ ნებართვის კანონიერებაც აინტერესებთ. მერიისგან პროექტის გადახედვას და შესაბამისი კომპეტენციის მქონე უწყებებისგან კომპანიის საქმიანობის შესწავლას ითხოვენ:

„როგორ შეძლო კომპანიამ ჩვენი კორპუსის ეზოს ნაწილის სამშენებლო პროექტისთვის გამოყენება და რამდენად კანონიერია ეს? “

როგორც პროექტშია მითითებული, კომპანია მშენებლობას 501 კვ. მეტრზე გეგმავს. კრამიტით გადახურული სახლის მეპატრონეებს კი, რომელიც კომპანიამ მშენებლობისთვის გამოისყიდა, საკუთრებაში მხოლოდ 375 კვ.მეტრი მიწა ჰქონდათ რეგისტრირებული.

დარჩენილი 126 კვ.მეტრი კი, შპს „გრინკო გორგასალმა“ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე სახლის მშენებლისგან შპს „ბი აი სი“-სგან შეისყიდა. [ამ კომპანიის აშენებულია ფარნავაზ მეფის #113-115-117-119-121 / გორგასლის #110-112-114].

ეს ფოტო იმ კორპუსიდან არის გადაღებული, რომლის მცხოვრებლებიც მიიჩნევენ, რომ კორპუსი ამ კრამიტით გადახურული სახლის ადგილზე მათი უფლებების დარღვევაა

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ბი აი სი“-ს და „გრინკო გორგასლის“ მესაკუთრეები ერთი და იგივე პირები არიან. წლების წინ მათ ამ კვარტალში აშენებული ბინები, ერთი კვ.მეტრი 650 დოლარად გაუყიდიათ.

ახლა სწორედ ამ ბინების მცხოვრებლებს უშენებენ ფანჯრების წინ კედელს.

„გრინკო გორგასალი“ თამარ კობრინსკის საკუთრებაა, კომპანიას ლევან წივწივაძე ხელმძღვანელობს. ის არის ასევე შპს „ბი აი სი“-ს დირექტორი და 10 პროცენტის მფლობელი. ამ კომპანიის 60 პროცენტს „გრინკო გორგასლის“ მფლობელი თამარ კობრინსკი ფლობს. დარჩენილი 30 პროცენტი კი, სავარაუდოდ, მისი ოჯახის წევრს, დიმიტრი კობრინსკის ეკუთვნის.

მოსახლეობა ამტკიცებს, რომ სადავო 126 კვ.მეტრი მათი ეზოს ნაწილია და კომპანიას მისი გაყიდვის უფლება არ ჰქონდა. აქ მობინადრეების ადვოკატის, ლინდა შალამბერიძის თქმით:

„126 კვ.მეტრი კომპანიამ თვითნებურად მიითვისა და დაირეგისტრირა, როგორც საკუთრება. ეს რეგისტრაცია მოხდა 2014 წელს, რაც გვაფიქრებინებს, რომ კომპანიას თავიდანვე ჰქონდა განზრახული მშენებლობა მეზობელ მიწის ნაკვეთზე. კორპუსში მცხოვრებლების ნაწილმა, ამხანაგობის წევრებმა კი დღემდე არ იცოდა, რომ საკუთრებიდან 120 კვ.მეტრი ჩამოიჭრა. ისინი ამას არ დასთანხმდებოდნენ, რადგან ეზო ისედაც პატარაა ასეთი მასშტაბის კორპუსებისთვის. ეზო იმდენად დავიწროვდა, რომ ბავშვებიც კი ვერ თამაშობენ. როდესაც მიწის ნაკვეთზე მშენებლობა დასრულებულია, ეს ნიშნავს, რომ [კორპუსის ბინადრებს] საზიარო უფლება წარმოეშობათ. შესაბამისად, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება საზიარო უფლებას, მასზე მესაკუთრეებმა უნდა გასცენ თანხმობა“.

კანონით ამხანაგობისგან უნდა მიეღო კომპანიას თანასაკუთრების გაყიდვის თანხმობა: საჯარო რეესტრში უნდა არსებობდეს ამხანაგობის სხდომის ოქმი, რომელიც დაადასტურებს, რომ თანამესაკუთრეთა ასივე პროცენტი თანახმაა ნაკვეთის გაყიდვაზე ან გაჩუქებაზე. რეესტრის მონაცემებით ასეთი ოქმი არსებობს.

როგორ შეიქმნა ოქმი, თუ ამხანაგობის წევრებმა ამის შესახებ არ იცოდნენ? – გადაწყვეტილებას მესაკუთრეთა ასპროცენტიანი თანხმობა სჭირდება, მხოლოდ ასეთი თანხმობის მიღების შემთხვევაში შეუძლია მას გადაწყვეტილება ხელმოწერით დაადასტუროს.

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მათთან შეთანხმებული არ არის. ირკვევა, რომ ამხანაგობის თავმჯდომარე შპს „ბი აი სი“-ს , ასევე, „გრინკო გორგასლის“ დირექტორი ლევან წივწივაძეა.

დოკუმენტების მიხედვით, კომპანია გორგასლის #119-ში მშენებლობის ნებართვის მოპოვებას 2019 წლიდან ცდილობს. თავდაპირველად „გრინკო გორგასალმა“ მერიას ხუთსართულიანი კორპუსის პროექტით მიმართა, შემდეგ კი პროექტში ცვლილება მოითხოვა და ის ჯერ 12 სართულამდე, შემდეგ კი 14 სართულამდე გაზარდა.

კომპანიის რენდერი – პირველ ფოტოზე ასახულია არსებული მდგომარეობა, მეორეზე კი ნაჩვენებია როგორ შეიცვლება გარემო მშენებლობის შემდეგ.

პროექტი ბათუმის ყოფილმა მერმა ლაშა კომახიძემ შეითანხმა. საბოლოო ნებართვას კი მოქმედმა მერმა, არჩილ ჩიქოვანმა მოაწერა ხელი.

კომპანიის დირექტორი ლევან წივწივაძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, რომ პროექტი ახალი რეგულაციების სრული დაცვით ხორციელდება და არ ითვისებს გამწვანებულ ტერიტორიას: „ის რჩება ეზოს ნაწილში“. მას ასევე ვკითხეთ 120 კვ.მეტრის მითვისებაზეც – გვარწმუნებს, რომ ტერიტორია არ ეკუთვნოდა ამხანაგობას და ის სხვა კომპანიასთან გარიგებით დაირეგისტრირა:

„სადაც პალმებია, იქ იყო შენობა, ჩვენ დავანგრიეთ და გავამწვანეთ, თუ დააკვირდებით ახლაც ჩანს საძირკველი. გარდა ამისა, ჩვენ ენერგოკომპანიამ დაგვავალდებულა კორპუსებისთვის ქვესადგურის აშენება. ამის გამო კომერციული ადგილი ვიზარალეთ და ის შენობა ქვესადგურისთვის არ გამოგვიყენებია, მიუხედავად იმისა, რომ ამის უფლება გვქონდა. ასევე ახალი პროექტით შენობა დგება ზუსტად ორ სახლს შორის, სამშენებლოდ ვითვისებთ 501-კვ.მეტრიდან მხოლოდ 270 კვ. მეტრს, დანარჩენი რჩება ეზოს. რაც შეეხება თავმჯდომარეობას, არავინ არ მოინდომა კორპუსის მოვლა და ამიტომ ვარ. მე ამისგან არანაირი სარგებელი არ მაქვს“.

თიბისი ახალი თაობისთვის – 380 სტიპენდიატი მთელი საქართველოდან

სამი ათწლეულია, თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ წლების განმავლობაში, კომპანიის ხელშეწყობით, ასობით ნიჭიერმა ახალგაზრდამ დაიწყო თავისი გზა წარმატებისკენ, დღეს კი ისინი ისეთ სფეროებში არიან წამყვანი სპეციალისტები, როგორებიცაა: პროგრამირება, მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი.

„თიბისი დიდი სიამაყით აგრძელებს ამ პროექტს, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. მოხარული ვარ, რომ ყოველწლიურად გვემატებიან ისეთი მოზარდები, რომლებსაც თავიანთი ნიჭითა და ცოდნით პოზიტიური ცვლილებების მოტანა შეუძლიათ, ჩვენ კი ხელს ვუწყობთ მათ ამ შესაძლებლობების შექმნაში“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2019 წლიდან, თიბისის სტიპენდიატების პროგრამაში 380 მოზარდია ჩართული, რომელთა შერჩევა 14 სხვადასხვა საერთაშორისო და საგანმანათლებლო ორგანიზაციის ჩართულობით ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისის სტიპენდიატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და სხვადასხვა მისწრაფება აქვთ, თუმცა მათ მიზანდასახულობა და განსაკუთრებული ნიჭი აერთიანებთ.

„ძალიან მიყვარს ალგორითმებზე მუშაობის პროცესი, როდესაც ამოუხსნელ კითხვებს პასუხს სცემ, გამომგონებლობა პატარაობიდანვე მიტაცებდა. მიხარია, რომ თიბისის სტიპენდიატების პროგრამისთვის შემარჩიეს“, – ამბობს 16 წლის საბა ხაბურზანია, სენაკიდან.

„ჩემი მიზანი ამერიკაში სამშენებლო ინჟინერიის სწავლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. თიბისის სტიპენდია ჩემი მიზნების ასრულებაში მეხმარება“, – ამბობს 17 წლის ეკატერინე ჩაჩაური, თელავიდან.

წელს, პროგრამაში უკრაინელი ახალგაზრდებიც ჩაერთვებიან, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო, ამჟამად, საქართველოში იმყოფებიან.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების განხორციელება, რომლებიც ახალი თაობის გაძლიერებას და განვითარებას შეუწყობს ხელს. ზუსტად ასეთ ინიციატივებს მიუძღვნის კომპანია შემდეგ ათწლეულს.

ბაიდენი ხვალ რუსული გემების აშშ-ის პორტებში შესვლას აკრძალავს – Reuters

სააგენტო Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ხვალ, 22 აპრილს განაცხადებს, რომ რუსეთთან აფილირებულ გემებს აშშ აუკრძალავს თავის პორტებში შესვლას.

„როიტერსის“ წყაროს ცნობით,  2021 წელს რუსული გემები დაახლოებით 1800-ჯერ შევიდნენ ამერიკის პორტებში, რაც მთლიანი გადაზიდვების მცირე პროცენტია.

გამოცემის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სიღრმისეულად გამოიკვლია საკითხი, რათა დარწმუნებულიყო, რომ ამერიკის პორტებში რუსული გემების აკრძალვა არ მოახდენდა მნიშვნელოვან გავლენას აშშ-ის მიწოდების ჯაჭვზე.

შეერთებულმა შტატებმა უკვე აკრძალა რუსული თვითმფრინავები აშშ-ის საჰაერო სივრცეში.

პირველი მარტიდან ქვეყნის პორტები რუსული გემებისთვის დაკეტა კანადამაც.

კვირას და ორშაბათს ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობა უფასო იქნება

ბათუმის მერიის ინფორმაციით, კვირას, 24 აპრილს და ორშაბათს, 25 აპრილს, ბათუმში N11 მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.

წელს საქართველოში აღდგომა კვირას, 24 აპრილს აღინიშნება, აღდგომის მეორე დღეს [25 აპრილს] კი – მიცვალებულთა მოხსენიების დღე. შესაბამისად, ეს დღეები ოფიციალურად უქმე დღეებადაა გამოცხადებული.

№11 მუნიციპალური ავტობუსი ერთადერთია ქალაქში, რომელიც ქალაქის [ფერიის] სასაფლაოსთან მიდის.

 №11 ავტობუსი აღმაშენებლის ქუჩიდან ფერიის ქუჩამდე მონაკვეთში მოძრაობს შემდეგი მარშრუტით:

  • აღმაშენებლის ქუჩა – ბაგრატიონის – ჯავახიშვილის – ორბელიანის – ლერმონტოვის – გიორგი ბრწყინვალეს – მელიქიშვილის – რუსთაველის – თავდადებულის – გორგილაძის – ბარათაშვილის – წერეთლის – იმედაშვილის – პუშკინის – სოხუმის – შაფათავას – შავშეთის – მესხის – ფერიის ქუჩა.
  • უკუმიმართულება:ფერიის – მესხის – შავშეთის – შაფათავას – სოხუმის – პუშკინის – იმედაშვილის – წერეთლის – ბარათაშვილის – გორგილაძის – თავდადებულის -, რუსთაველის – , მელიქიშვილის – ბრწყინვალეს – ლერმონტოვის – ორბელიანის – ლეონიძის წრიულამდე, შარტავას ქუჩა–ბაგრატიონის წრიულამდე – ბაგრატიონის – აღმაშენებლის – ტაბიძის – ლეონიძის – აღმაშენებლის ქუჩები.

ზოგადად, ის მგზავრები, რომლებიც ბათუმში საქალაქო ავტობუსებით უფასოდ მგზავრობენ, ვალდებულნი არიან თან იქონიონ სპეციალური ელექტრონული ბარათები.

დაინტერესებულ პირებს კი სამგზავრო ბარათის შეძენა ბათუმში სპარის, ნაზილბეს, ვილმარტის, საქართველოს ფოსტის ჯიხურების ყველა ფილიალშია შესაძლებელი:

ვისთვის არის მგზავრობა უფასო საქალაქო ავტობუსებით და რა დოკუმენტებია საჭირო

მთელი ხერსონი გათავისუფლებას ველით – ქალი ოკუპირებული ქალაქიდან

უკრაინის ქალაქი ხერსონი ახლა რუსი სამხედროების მიერაა ოკუპირებული. რუსეთი ახლა ემზადება ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების ოკუპირებულ რაიონებში ფსევდორეფერენდუმების ჩასატარებლად ემზადება, რომ ეს ტერიტორიები ე.წ. სახალხო რესპუბლიკებად გამოაცხადოს.

ოკუპანტების ქალაქ ხერსონში გამოჩენის პირველივე დღეებიდან მოჰყვა საპროტესტო აქციების ტალღა. ისმოდა შეძახილები – „ხერსონი უკრაინაა!“ რამდენიმე აქციის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა აქციების დასაშლელად სროლა დაიწყეს და ახლა ქალაქში აქციები აღარ იმართება.

ლუდმილა მაკარევიჩი (გვარი შეცვლილია) ხერსონიდანაა. მას ქალაქი არ დაუტოვებია და დღემდე იქ რჩება ოჯახთან ერთად.

ქალი ოკუპირებული ქალაქიდან „ბათუმელებს“ უყვება რა ხდება ახლა ხერსონში და როგორ ემზადებიან ოკუპანტები ფსევდორეფერენდუმისთვის. ლუდმილამ გვთხოვა მისი გვარი არ გაგვესაჯაროებინა. მან ასევე გვითხრა, რომ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ „ბათუმელებთან” მიმოწერა უნდა წაშალოს, რადგან ოკუპანტებმა შეიძლება ნებისმიერ დროს შეუმოწმონ ტელეფონი გარეთ გასვლისას.

„ხერსონში რჩება ჩვენი მერი, მას არ მივუტოვებივართ“ – ლუდმილა მაკარევიჩის ნაამბობი

რეფერენდუმის ჩატარება სურთ რუს ოკუპანტებს, მაგრამ არც ბიულეტენები აქვთ და არც აგიტაციას ეწევიან. მათი რეფერენდუმი ასეთია: აჩერებენ მანქანებს, ყველას უღებენ ფოტოებს, იწერენ პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების მონაცემებს, ამ მონაცემების გამოყენებას აპირებენ საბოლოოდ რეფერენდუმის შედეგების გასაყალბებლად. იციან, რომ მაგათ რეფერენდუმზე, ნამდვილად რომ ჩაატარონ, ხერსონელების 10 პროცენტიც არ მივა.

არ ვშიმშილობთ, საკვები პროდუქტები გვაქვს, თუმცა ქალაქში ჰიგიენური საშუალებების მარაგი იწურება. გამოჩნდა ბევრი რუსული პროდუქტი, ხერსონელები ცდილობენ ოკუპანტების არაფერი იყიდონ.

ქალაქს რუსეთის ФСБ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს. ისინი თითქოს წესრიგს ამყარებენ და თავისიანებს მოროდიორობას უკრძალავენ, ასევე სჯიან ყველას, ვინც კომენდანტის საათს დაარღვევს.

მიუხედავად ოკუპაციისა, მუშაობს ჩვენი მუნიციპალური სამსახური, რომელიც ცდილობს სერვისების გამართვას, როგორც შესაძლებელია.

მთელი ხერსონი გათავისუფლებას უცდის, ბრძოლებია ხერსონისა და ნიკოლაევის საზღვარზე.

ჩემი შვილი პირველ აპრილს დონეცკთან ახლოს დაიჭრა. ჯერ არ ჩამოუღწევია ხერსონამდე. ველოდებით.

ხერსონში საპროტესტო აქციები აღარ იმართება. ვეღარ დავდივართ, გვშლიან ცრემლსადენი გაზით და ავტომატს გვესვრიან.

თუ არაფერს გავაპროტესტებთ, შეგვიძლია ქუჩაში გადაადგილება კომენდანტის საათამდე. მერე აღარ.

ფასებს რაც შეეხება, ყველაფერი 2-3-ჯერ გაძვირდა, მაგალითად:

  • შაქარი – 55 გრივნა ღირს
  • კარტოფილი – 20 გრივნა
  • ათი კვერცხი – 60 გრივნა
  • პური – 20 გრივნა
  • ღორის ხორცი – 250 გრივნა
  • ფქვილი – 30 გრივნა
  • მზესუმზირას ზეთი – 100 გრივნა
  • რძე – 40 გრივნა

ძალიან ძვირია „პამპერსი“ და ბავშვთა კვება. ბლოკპოსტებზე  ამოწმებენ პასპორტებს, ტელეფონებს, მანქანებს, თუმცა მას შემდეგ, რაც დემონსტრაციებს აღარ ვაწყობთ, აღარაფერს გვეუბნებიან.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში ახლა სიმშვიდეა, გარეუბნებში კი ამბობენ, რომ ბუჩა 2 ხდება და ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

ხერსონში რჩება ჩვენი მერი, მას არ მივუტოვებივართ. როცა ქალაქის შემოგარენს ძალიან ძლიერად არ ბომბავენ, ხალხს ბავშვებიც გამოჰყავს გარეთ სასეირნოდ. შევეჩვიეთ და დიდი შიში ან რეაქცია აღარ გვაქვს დაბომბვებისას.

______________

ფოტოზე: ხერსონი. აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. 8 მარტი, 2022 წელი. კადრი ვიდეომასალიდან

„უკრაინელ ხალხს მარტო არ დავტოვებთ“ – ესპანეთის პრემიერი ბოროდიანკაში ჩავიდა

დღეს, 21 აპრილს, უკრაინაში ჩავიდნენ დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიქსენი და ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი. მათ კიევი და ბოროდიანკა დაათვალიერეს.

„შოკირებული ვართ ბოროდიანკას ქუჩებში პუტინის ომის საშინელებებითა და სისასტიკით. ჩვენ უკრაინელ ხალხს მარტო არ დავტოვებთ”, – წერს ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ტვიტერზე.

ბოროდიანკა 28 თებერვლიდან 1-ელ აპრილამდე იყო რუსული ჯარების კონტროლის ქვეშ. წინასწარი მონაცემებით, აქ ასობით მშვიდობიანი მოქალაქეა მოკლული რუსული არმიის ჯარისკაცების მიერ.

20 აპრილს ბოროდიანკაში კიდევ 2 მასობრივი საფლავი იპოვეს, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დაკრძალული.

_____________

ფოტოზე: ესპანეთის პრემიერ მინისტრი პედრო სანჩესი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედრიქსენი და უკრაინის ვიცე-პრემიერი ოლჰა სტეფანიშინა. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA

პესკოვი ტერორისტული აქტის ანონსს უწოდებს ყირიმის ხიდის შესაძლო დაბომბვაზე განცხადებას

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას ყირიმის ხიდის შესაძლო აფეთქების შესახებ ტერორისტული აქტის ანონსს უწოდებს.

დღეს, 21 აპრილს, მედიაში გავრცელდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის ციტატა იმის შესახებ, რომ როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, უკრაინა დაარტყამს ყირიმის ხიდს.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჰკითხა დანილოვს, შეუძლია თუ არა უკრაინამ დაარტყას ყირიმის ხიდს, რომელსაც რუსეთი დახმარების მისაღებად იყენებს.

„რომ გვქონოდა ამის შესაძლებლობა, ვიზამდით. თუ იქნება შესაძლებელი, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – უპასუხა ჟურნალისტს დანილოვმა.

პესკოვი აცხადებს, რომ ეს განცხადება სამართლებრივ შეფასებას და შემდგომ სასჯელს მოითხოვს.

„ასეთი განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა შესაძლო ტერორისტული აქტის ანონსი. ეს მიუღებელია“, – ამბობს პესკოვი. მის კომენტარს რუსული მედია ავრცელებს.

პესკოვის თქმით, შესაბამისი სამსახურები, ხიდისა და ყველა მსგავსი სტრატეგიული ობიექტის უსაფრთხოების ზომებს მიიღებენ.

ყირიმის ხიდი, რომლითაც ოკუპირებული ყირიმი რუსეთს უკავშირდება, 2018 წელს გახსნა პუტინმა.

ომის დანაშაულების მხარდამჭერებს ლატვია მოქალაქეობას ჩამოართმევს

ლატვიის სეიმმა დაამტკიცა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ომის დანაშაულის მხარდაჭერისთვის პირს ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოერთმევა.

ცვლილების მიზეზი უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომია. ცვლილების ინიციატორი ლატვიის იუსტიციის სამინისტრო იყო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 64-მა დეპუტატმა, 14-მა თავი შეიკავა, ხოლო ერთმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

კანონის ახალი რედაქციით, ლატვიის მოქალაქეობა შეიძლება ჩამოერთვას ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ, მატერიალურ, პროპაგანდისტულ, ტექნოლოგიურ ან სხვა ტიპის მხარდაჭერას იმ ადამიანების, სახელმწიფოების ან სტრუქტურების, რომლებმაც ჩაიდინეს ისეთი დანაშაული, როგორიცაა: დანაშაული კაცობრიობის წინაშე, ომის დანაშაული, გენოციდი; რომლებიც საფრთხეს უქმნიან ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან კონსტიტუციურ წესრიგს. მოქალაქეობა ჩამოერთმევათ იმ პირებსაც, რომლებიც ამგვარ ქმედებებში მონაწილეობენ.

კანონპროექტის შენიშვნებში მითითებულია, რომ დანაშაულის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობის ფაქტებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურები დაადგენენ.

ბალტიისპირეთის ქვეყნების უმსხვილესი გამოცემა Delfi, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ასევე მიუთითებს, რომ მოქალაქეობის ჩამორთმევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ პირი მოქალაქეობის გარეშე არ დარჩება და მას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაც აქვს.

ცვლილება პირველკლასელთა რეგისტრაციაში

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეიცვალა პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის საჭირო აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

სამინისტროს ინფორმაციით, პირველკლასელთა რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შემდეგნაირად განისაზღვრა:

პირველი ეტაპი განხორციელდება 2022 წლის 20 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. ამ პერიოდში სკოლებში დამატებით რეგისტრაციის შესაძლებლობა მიეცემათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს, რომლებიც რეგისტრაციის პირველი ეტაპისთვის თავდაპირველად განსაზღვრულ ვადებში ვერ დარეგისტრირდნენ სკოლებში.

„პირველ ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ საჯარო სკოლას. სკოლის ადმინისტრაცია ბავშვს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) დაარეგისტრირებს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში შესაბამის მიმართვის ფორმას ავსებს, რის შემდეგაც მულტიდისციპლინური გუნდი ბავშვს შეაფასებს და მის საგანმანათლებლო საჭიროებებს დაადგენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლები სკოლებში დოკუმენტების წარდგენას 2022 წლის 29 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის ჩათვლით შეძლებენ.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ,“ – აცხადებს სამინისტრო.

II ეტაპი – მეორე ეტაპზე რეგისტრაცია 10 მაისიდან 20 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში;

მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმ საჯარო სკოლის თანამშრომელია;

ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა. აღსანიშნავია, რომ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებული ბავშვების მშობლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში რეგისტრაციისთვის განსაზღვრულ ვადებში უნდა უზრუნველყონ.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2022 წლის 24 მაისიდან დაიწყება და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 2022 წლის 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპი – 2022 წლის 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

აჭარის განათლების სამინისტროს თანამშრომლების ავტოავარიის საქმეზე მძღოლი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, დააკავეს მძღოლი, რომელიც 2022 წლის 15 მარტს ავტომანქანას მართავდა და ავარიაში მოყვა.

ავარია ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე, ჩაქვის გვირაბთან მოხდა, რის შედეგადაც აჭარის განათლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი თეა ვადაჭკორია დაიღუპა, განათლების მინისტრი მაია ხაჯიშვილი კი დაშავდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბოროდიანკაში ორი მასობრივი საფლავი ნახეს, ერთ მათგანში 15 წლის გოგოს ცხედარია

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, 20 აპრილს ბოროდიანკაში 2 მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი ადგილობრივი მცხოვრებლები არიან დაკრძალული.

პოლიციის ცნობით, ერთ საფლავში ორი – 35 წლის კაცი და 15 წლის გოგოა დამარხული.

მეორე საფლავში სამართალდამცავებმა ექვსი ადამიანის ცხედარი იპოვეს – 4 მამაკაცი და 2 ქალი. იდენტიფიცირებულია ოთხი ადამიანის ვინაობა – ისინი ადგილობრივი მცხოვრებლები იყვნენ, ორის ვინაობა კი ამ დრომდე უცნობია.

„ეს ხალხი ოკუპანტებმა მოკლეს, ზოგიერთ  ცხედარზე წამების ნიშნებია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ადამიანები მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. რუსმა სამხედროებმა განზრახ დახვრიტეს მშვიდობიანი ადამიანები, რომლებიც წინააღმდეგობას არ უწევდნენ და საფრთხეს არ წარმოადგენდნენ“, – განაცხადა ანდრეი ნებიტოვმა, კიევის ოლქის პოლიციის უფროსის მოადგილემ.

ცხედრები ექსპერტიზისთვის მორგებში გადაასვენეს.

________________

ფოტო: ცხედრები ბოროდიანკაში. ფოტო: კიევის ოლქის პოლიცია/facebook

„დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ“ – „აზოვის“ ქართველი მებრძოლი

„აზოვის“ პოლკის ერთ-ერთმა დამაარსებელმა გიორგი ქუფარაშვილმა, „დროების“ ეთერში იმაზე ისაუბრა, თუ რა შემთხვევაში დატოვებს „აზოვი“ მარიუპოლის აზოვსტალს და რა შემთხვევა – არა.

გიორგი ქუფარაშვილის თქმით, ამ დროისთვის მებრძოლების განწყობა არის ასეთი – „აზოვი“ არ აპირებს იქიდან გამოსვლას, თავის დაღწევას. ეს ბიჭები ყველანი დარჩებიან ბოლომდე“.

მისი თქმით, პრეზიდენტ ზელენსკისგან იყო შეთავაზება, რომ დაეტოვებინათ მარიუპოლი, თუკი თვითონ მიიჩნევდნენ საჭიროდ. თუმცა ქუფარაშვილი ამბობს, რომ „აზოვი“ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი გაიხსნება კორიდორი და მოქალაქეების გაყვანის შემდეგ, მათ იარაღით გამოსვლის უფლება ექნებათ.

„ერთადერთი, რაც ჩვენ გვესაჭიროება, მოქალაქეების გაყვანაა, რომლებიც ბოჭავენ ჩვენს თავისუფლად მოქმედებას. საჭიროა ასევე იარაღის მოწოდება, ცა უნდა ჩაიკეტოს და შემდეგ ყველა ნახავს ჩვენს ისეთ ქმედებებს, რომელიც ქართველებსაც ძალიან გაახარებს და უკრაინელებსაც“, – ამბობს ქუფარაშვილი.

მისი თქმით, ჯერ უნდა შეწყდეს ცეცხლი და შემდეგ მწვანე კორიდორი გაკეთდეს მესამე მხარის გარანტიით, რადგან უკრაინამ ორჯერ იწვნია რუსეთისგან შეთანხმების დარღვევა 2014 წელს, პირველად ილავაისკიში ალყის დროს და მეორედ დებალცეევეში, როცა კორიდორი გაუკეთეს ალყაში მყოფებს. „შემდეგ კი კორიდორში გაანადგურეს უკრაინული ქვედანაყოფები, რომლებმაც იარაღი ჩააბარეს“, – ამბობს ქუფარაშვილი.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ არ გავალთ, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა. დავიხოცებით, მაგრამ არ დავთმობთ. „აზოვი“ არის სიმბოლო ქვეყნის თავისუფლების, თავისუფლება კი უსისხლოდ, ბრძოლის გარეშე არ მოდის. შესაძლოა შესაწირი მსხვერპლი ვიყოთ ჩვენ“, – ამბობს ის.

გიორგი ქუფარაშვილის თქმით, რუსეთზე უნდა გაძლიერდეს საერთაშორისო ზეწოლა, რომ მარიუპოლიდან გამოიყვანონ მშვიდობიანი მოქალაქეები.

„აზოვი“ ცდილობს გაიყვანოს მოქალაქეები, ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება თავშესაფარში. ბუნკერი როცა დაიბომბა, 100-ზე მეტი ადამიანია იქ მოყოლილი“, – ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

პუტინი არც ტყვეების გაცვლას დასთანხმდება, მათ შორის არც მისი ნათელ-მირონი მედვეჩუკი არ წარმოადგენს მისთვის ისეთ ფასეულობას, როგორც მისი გეგმებია – შექმნას მისი იმპერია. ამიტომ ეს არ მოხდება. მათ თავიანთი დაჭრილებიც კი არ გაჰყავთ. ასობით და ათასობით ჯარისკაცი იხოცება, ფარასავით მოჰყავთ. პუტინის იმპერიული გეგმები სხვაა.

პუტინს სურს გაანადგუროს „აზოვი“, როგორც უკრაინის დაუმორჩილებლობის სიმბოლო. გაანადგუროს ხალხის იმედი, რადგან ახლა ბევრი ამ იმედს „აზოვზე“ ამყარებს, მაგრამ ჩვენ არ დავთმობთ“, – ამბობს გიორგი ქუფარაშვილი.

___

გიორგი ქუფარაშვილი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკრაინაში მოხალისედ იბრძვის. ის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა მარიუპოლში მარტში, ბრძოლის დროს.

ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია – ტბას ლაბორატორიულად ამოწმებენ

ბათუმის ცენტრალურ პარკში ნურის ტბა ისევ დაბინძურებულია.

„ბათუმის წყალში“ აცხადებენ, რომ დათბობასთან ერთად დაიწყო ტბაში წყალმცენარეების გამრავლება და ტბის დაბინძურებაც ამას უკავშირდება.

„ჩვენ ვახორციელებთ ყოველდღიურ მონიტორინგს როგორც ნურის, ასევე არდაგანის ტბაზე. ნურის ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის უზრუნველსაყოფად რეგულარულად ხდება დათბობის შედეგად გავრცელებული წყლის მცენარეების ამოღება, რაც წყალში ჟანგბადის გადაჭარბებულად მოხმარებას შეაფერხებს. შედეგად, შენარჩუნდება წყლის შესაბამისი ეკოლოგიური მდგომარეობა.

ტბები იწმინდება როგორც მექანიკურად, ასევე საჭიროების შემთხვევაში – სპეცტექნიკის საშუალებით. კომპანიას ჰყავს მყვინთავებიც. ნურის ტბაზე მუშაობს აერაციის სისტემაც“, – გვითხრეს „ბათუმის წყალში“.

ნურის ტბა / 21.04.2022

„ბათუმის წყალში“ ასევე აცხადებენ, რომ ატარებენ ლაბორატორიულ შემოწმებასაც და ორივე ტბაში წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

ნურის ტბა / 21.04.2022

რაც შეეხება თევზაობას, „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ტბაში ანკესის გარდა, სხვა საშუალებებით თევზაობა აკრძალულია.

„თევზაობის მოყვარულებს ანკესით თევზაობას ვერ აუკრძალავ. მით უმეტეს, ის პრობლემა, რაც ადრე იყო ტბაში, აღარ დგას. ამიტომ აქ დაჭერილი თევზი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ შეიცავს“, – გვითხრეს კომპანიაში.

ნურის ტბა / 21.04.2022 / გურამ მურვანიძის ფოტოები

ბათუმში, ნურიგელის ტბაზე, ასევე არდაგანის ტბის მიმდებარედ არსებულ პლაჟზე,  ვეიკპარკის მოწყობა სურთ.

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

ქოლერა ბათუმში და დაშრობას გადარჩენილი „მკვლელი” ტბა

 

 

კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 21 აპრილი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 223 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით არავინ გარდაცვლილა.

stopcov.ge-ის მონაცემებით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25 626 კვლევა ტესტით, მათ შორის, 23 733 კვლევა ანტიგენის ტესტით და 1 893 PCR ტესტით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 223 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 114 შემთხვევა, აჭარაში – 7, იმერეთში – 26ქვემო ქართლში – 10, შიდა ქართლში – 16გურიაში – 11სამეგრელო – ზემო სვანეთში – 8, კახეთში – 16მცხეთა-მთიანეთში -11, სამცხე-ჯავახეთში – 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 1.

ვიტალი კიმი ღამის შეტევაზე: „მივეჩვიეთ ამ დარტყმებს, გაურკვევლის შიში აღარ გვაქვს“

„ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება, ვხედავთ და არ გვეშინია“, – ამბობს ნიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი, რომელიც ფეისბუქზე გამოქვეყნებულ ვიდეოში წუხანდელი შეტევის შედეგებზე ჰყვება.

რუსეთის სამხედრო ძალები ნიკოლაევზე საჰაერო და საარტილერიო თავდასხმებს განაგრძობენ. ჯერ კიდევ გუშინ ქალაქის მერი, ალექსნადრ სენკევიჩი მოუწოდებდა მოქალაქეებს, თავშესაფრებში დარჩენილიყვნენ.

ვიტალი კიმის ინფორმაციით, წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.

„ხშირად მეკითხებიან უცნაური მედიები, როგორ ხართ, ხალხის განწყობა როგორია? ვერასდროს ვპოულობდი სიტყვებს ამის ასახსნელად, მაგრამ ვეცდები ავხსნა ისე, როგორც ეს მე მესმის. გახსოვთ, როდესაც პირველი ცნობები გაჩნდა კორონავირუსზე? ორი ადამიანი დაავადდა და მთელი ქვეყანა ნიღბებში დადიოდა, ანტისეპტიკებით, ტანსაცმელს დეზინფექციას უტარებენ, რომ დაგეხველებინა, შეიძლებოდა ვინმეს მოეკალი.

ასე იყო პირველ დღეებში, მერე, ერთი და ორი წლის შემდეგ, როცა ამბობდნენ, რომ პანდემიის პიკია, ჩვენები უკვე ასე იყვნენ – მე უკვე გადავიტანე, აღარ მეშინია. დაახლოებით ასეა, არ ვამბობ, რომ ეს კარგია ან ცუდი, მაგრამ დაახლოებით ასე ვუყურებთ იმ სიტუაციას, რომელშიც ვართ. მივეჩვიეთ ამ დარტყმებს, გაურკვევლის შიში აღარ გვაქვს, რადგან უკვე ვხედავთ, ვიცით, რაც ხდება და როგორც ხდება და არ გვეშინია.

და კიდევ, ამბობენ, რომ რუსეთში ორი უბედურებაა – სულელები და გზები. მთავარი უბედურება კი ისაა, როდესაც გზას სულელი გასწავლის“, – ამბობს ვიტალი კიმი ვიდეომიმართვაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ოფისიდან კომპიუტერი მოიპარეს

„ოფისი დღეს დილით გაქურდული დაგვხვდა,“ – ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელვაჩაურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიშა ბოლქვაძე. მისი თქმით, პარტიის ხელვაჩაურის ოფისის ფანჯარა სპეციალური ხელსაწყოებით გახსნეს და მხოლოდ კომპიუტერი წაიღეს.

„მაგიდაზე იყო მცირე ოდენობის ფულიც, რაზეც ხელი არ უხლიათ. დიდი ალბათობით, ინტერესი იყო კომპიუტერზე, რადგან იქ ინახება ჩვენი მონაცემები… ეს არის „ქურდული ოცნების“ მიერ წახალისებული, ქურდული იმიტომ, რომ მათ წაახალისეს ქურდბაცაცები“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.

მიშა ბოლქვაძემ უკვე მიმართა პოლიციას.

შს სამინისტროს პრესცენტრში ჯერ ვერ გვითხრეს, დაიწყო თუ არა გამოძიება.

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე რუსეთ-უკრაინის ომში

უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 21 000 ადამიანი
  • ტანკი – 829 ერთეული
  • ჯავშანტექნიკა / APV – 2 118 ერთეული
  • საარტილერიო სისტემა – 393 ერთეული
  • MLRS – 136 ერთეული
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 67 ერთეული
  • თვითმფრინავი – 172 ერთეული
  • ვერტმფრენი – 151 ერთეული
  • საავტომობილო მანქანა – 1 508 ერთეული
  • გემი/ნავი – 8 ერთეული
  • საწვავის ავზი – 76 ერთეული
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 166
  • სპეციალური აღჭურვილობა – 27
  • მობილური SRBM სისტემა – 4

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, 24 თებერვლიდან 21 აპრილამდე პერიოდში, სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 140 თვითმფრინავი
  • 106 ვერტმფრენი
  • 511 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 2 410 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 254 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 262 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 1 046 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 2 259 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

„არ დავმალავ, რომ ძალიან ფარისევლურად და ყალბად ჩანს ამ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტისა და მშვიდობისკენ მოწოდებებიო“ – თქვა გაეროში რუსეთის წარმომადგენელმა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის საკითხზე, სავარაუდოდ, განწირულია, რადგან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები იგივეა, რაც მოლაპარაკებები „ნიანგთან, რომელსაც შენი ფეხი უკვე ყბაში აქვს მოქცეული“:

[yellow_box]ჯონსონი პუტინზე: როგორ უნდა ელაპარაკო ნიანგს, რომელსაც შენი ფეხი ყბაში აქვს მოქცეული[/yellow_box]
აზოვის პოლკის ერთ-ერთი ლიდერი სვიატოსლავ პალამარი „ტელეგრამში“ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ასახელებს იმ პირობებს, რომელთა შესრულების შემთხვევაშიც, უკრაინული ძალები დატოვებენ აზოვსტალის მეტალურგიულ ქარხანას, სადაც ისინი ამჟამად იმყოფებიან.

მისი განცხადებით, უკრაინული ძალები:

  • არ თანხმდებიან დანებებაზე;
  • გარდაცვლილების სხეულების, დაჭრილებისა და იარაღის დატოვებაზე;
  • მზად არიან მესამე ქვეყანაში გადასასვლელად, ან მესამე ქვეყნის ჩარევით მარიუპოლის დასატოვებლად.

ამავე თემაზე:

„აზოვსტალი“ – მარიუპოლის უკანასკნელი ციხესიმაგრე

Exit mobile version