ბათუმში გამართულ აქციაზე „შინ, ევროპისკენ“ შეკრებილებს დღეს, 20 ივნისს მიმართა ექიმმა ჯამბულ მაკარაძემ. გთავაზობთ ნაწილს მისი გამოსვლიდან:
„ბევრი სათქმელი გვაქვს დღეს თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ვეცდები, რომ კონკრეტულად კითხვა დავსვა და თავადვე ვუპასუხო: რამ მომიყვანა მე, რამ მოგვიყვანა ჩვენ აქ დღეს? პირველ რიგში, ჩვენ აქ ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა მოგვიყვანა, ჩვენი ოჯახების სიყვარულმა, ჩვენ აქ მოგვიყვანა ერთმანეთის სიყვარულმა. მე აქ მოვედი ჩემი შვილიშვილის, ნიკუშას მომავლისთვის, რადგან ახლა ისეთი მომენტია, ისეთი წყალგამყოფია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ სახლში ჯდომა აღარ შეიძლება.
სამწუხაროდ, ჩვენ აქ მოგვიყვანა რეალობამ, რომელშიც აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა ბოლო 30 წლის განმავლობაში. ჩვენ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ მთელი ქვეყანა და ვერ შევუდექით იმ სპირალს, იმ აღმასვლას, რასაც ჰქვია ევროპა და დემოკრატიული ღირებულებები. ეს სამწუხარო რეალობაა, რომელზეც ღიად უნდა ვისაუბროთ.
ვინ არის დამნაშავე, ვინ არის „შემოქმედი“ ამ ყველაფრის, რის გამოც აღმოვჩნდით ამ მდგომარეობაში? თითის გაშვერა ძალიან ცუდი თემაა, მაგრამ მე გულღიად გეტყოდით, რომ პირველ რიგში, მე ვარ ალბათ პირადად დამნაშავე, ჩვენ ვართ გარკვეული დოზით დამნაშავე…, თუმცა ჩვენ ის ნაწილი ვართ, ვისაც შეგვიძლია ქვეყნის მართვა და დემოკრატიული პროცესის გაღრმავება ამ ქვეყანაში.
მთავარი დამნაშავე მაინც არის დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც აი, პირდაპირ, მიზანმიმართულად აკეთებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დევალვაციას, მან პოლიტიკური ვექტორი მიმართა ჩრდილოეთისკენ. ჩვენ არ გვინდა რუსეთი, აღარ გვინდა საბჭოთა კავშირი, დღეს სხვა მოთხოვნებია, გეოპოლიტიკურად მკვეთრად შეიცვალა ჩვენს ირგვლივ ვითარება და მოგვეცა შანსი, მიგვეღო თუნდაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის უფლება…
სხვა შანსი აღარ გვექნება ჩვენ და არის თუ არა რაიმე ფორმულა, მზა რეცეპტი იმისთვის, როგორ გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა? ვინ უნდა გამოასწოროს ეს? მე არ ვარ არც პოლიტიკოსი, არც პოლიტოლოგი და არც სოციოლოგი, მაგრამ ისტორიული გამოცდილება გვკარნახობს, რომ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ხალხმა. ეს ყველაფერი უნდა გააკეთოს ქართველმა ერმა. ბოლო 30-წლიანი დამოუკიდებლობის მანძილზე ჩვენს ქვეყანაში თუ რამ ღირებული გარდატეხა მოხდა, ეს გარდატეხა მაინც ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთად დგომით.
ახლა არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ერთმანეთთან პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით კონფრონტაციული დამოკიდებულებები გვქონდეს, რადგან ჩვენ ერთობის გარეშე ვერაფერს შევძლებთ. არც ის მიმაჩნია სწორად, რომ იმას, ვინც დღეს რუსეთს აქებს, მონა ვუწოდო – თუ არ იცის, რას ამბობს, მაშინ მონას არ ვუწოდებ, მაგრამ თუ იცის რა არის რუსეთი და რა არის დასავლეთი და მაინც რუსეთს ირჩევს, ნამდვილად მონაა… ამ ხალხს უნდა ველაპარაკოთ, სხვ გზა არ არის.
ჩვენ ერთი გამოსავალი გვაქვს ყველას – ევროპა. ასე რომ, „შინ ევროპისკენ.“