მთავარი,სიახლეები

108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

21.06.2022
108 წლის ქალები აჭარიდან – ნაქიფე და ფატყუმე

აჭარაში ყველაზე მხცოვანი ადამიანები ნაქიფე დავითაძე და ფატყუმე დიასამიძე არიან, ორივე მათგანი 108 წლისაა.

ნაქიფე შუახევში, სოფელ ღორექეთში ცხოვრობს, ფატყუმე კი – ქობულეთში.

ნაქიფე 1914 წლის 4 ივლისს დაიბადა. მას 5 შვილი, 19 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 4 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

„დედაჩემი 120 წლის იყო, როცა გარდაიცვალა“- გვიყვება ნაქიფე, როცა მას თავისი წარსული ცხოვრების გახსენება ვთხოვეთ და ჯანმრთელობაზე ვკითხეთ. მას მობილურით ვესაუბრეთ.

„80 წელი მთაში, მემთეურად გავატარე სუფთა ჰაერზე. ამის გამოა, ამდენ ხანს რომ ცოცხალი ვარ. 20 ძროხას ვუვლიდი, რძისგან პროდუქტს ვამზადებდი…

მინდა, რომ ახლაც ყველაფრის გაკეთება შემეძლოს. ყანა გავთოხნო, სახლი მოვაწესრიგო, რადგან შრომას ვარ მიჩვეული, მაგრამ აღარ შემიძლია“, – გვითხრა ნაქიფე დავითაძემ.

ნაქიფე გვიყვება, რომ მისი მოზარდობის პერიოდი მკვეთრად განსხვავდებოდა თავისი შვილთაშვილის, თამთას ახალგაზრდობისგან – „საშინელი გაჭირვება იყო. ვერსად ნახავდი ტელეფონს, ახლა ეს ყველაფერი სხვანაირადააო“.

16 წლის თამთა, ნაქიფეს შვილთაშვილი გვიყვება, რომ დიდმა ბებიამ საოცარი მზრუნველობით გაზარდა და ახლა თავად ცდილობს ყველაფერში დაეხმაროს, თუ რამე დასჭირდება. თამთა ბებოს ცხოვრების წესსა და ჩვეულებებზე გვიყვება.

„დილით ადრე იღვიძებს, ხანდახან შუადღეს იძინებს, რომ დაისვენოს და საღამოსაც ადრე, 9 საათისთვის მიდის დასასვენებლად.

საუბარი და ტელევიზორის ყურება ძალიან უყვარს.

ძალიან სტუმართმოყვარეა. როცა სტუმრები მოდიან, სულ ცდილობს თავად გაუმასპინძლდეს. მეხსიერების პრობლემები არ აქვს, მხოლოდ ის არის, რომ ისე კარგად აღარ ესმის, როგორც ადრე“, – გვითხრა თამთამ.

თამთასგან გავიგეთ, რომ ნაქიფე მისი სიცოცხლის ელექსირად შვილებისა და შვილიშვილების სიყვარულსაც ასახელებს. უხარია, დღემდე მათთან ერთად ყოფნა.

ნაქიფეს თავისუფლად გადაადგილება უკვე უჭირს, ამიტომ გასეირნებაში ოჯახის დანარჩენი წევრები ეხმარებიან.

ნაქიფე ამბობს, რომ განსაკუთრებით მწნილი უყვარს, ასევე ხილი და რძის პროდუქტები. ბოლო დროს ცხიმიან კერძებს აღარ ჭამს.

ნაქიფეს ახლა თავად აღარ შეუძლია საკვების მომზადება, რაზეც ძალიან ჯავრობს.

ქობულეთის დაბა ჩაქვში კიდევ ერთი, 108 წლის ადამიანი, ფატყუმე დიასამიძე ცხოვრობს.

მისი ოჯახის წევრები გვიყვებიან, რომ ბოლო დროს ფატყუმეს კარგად აღარ ესმის, ის მხოლოდ ოჯახის წევრებთან ურთიერთობს.

„რადგან კარგად აღარ ესმის და ვერ იგებს რას ეუბნებიან უცხო ადამიანები, თავს უხერხულად გრძნობს“, – გვითხრა ნონა ბალაძემ, ფატყუმეს რძალმა.

ფატყუმეს 9 შვილი, 18 შვილიშვილი, 43 შვილთაშვილი და 33 შვილთაშვილის შვილი ჰყავს.

ნონა ფატყუმეს შვილიშვილის ცოლია, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობს. ნონა  ფატყუმეზე გვიყვება, რომ ძალიან მზრუნველია და ხშირად ეუბნება, არ წავიდეს სამსახურში და დაისვენოს.

„ის ძალიან ადრე იღვიძებს და სამსახურში მაცილებს ხოლმე“, – გვითხრა ნონამ.

ნონას თქმით, ფატყუმე დიასამიძე დიდ დროს ატარებს შვილიშვილებთან და შვილთაშვილებთან ერთად, რაც მას ძალიან ახარებს.

როგორც ნონამ გვითხრა, ფატყუმეს საყვარელი ხილი ვაშლია.

ფატყუმე დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: