მთავარი,სიახლეები

ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

21.06.2022 • 2583
ვინ არის ოლიგარქი და რას უნდა უკრძალავდეს მას კანონი – ინტერვიუ

ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პირობები წამოუყენა. ჩამონათვალში მე-5 პუნქტად მითითებულია დეოლიგარქიზაცია.

„განხორციელდეს „დეოლიგარქიზაცია“ ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – წერს ევროკომისია ვალდებულებების ჩამონათვალში.

რას გულისხმობს კონკრეტულად ეს პირობა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ ამ პირობების შესასრულებლად? – ამ თემაზე „ბათუმელები“ პარლამენტარ ლევან ბეჟაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ლევან, რამდენად შესაძლებელია შემჭიდროებულ ვადებში, წლის ბოლომდე თუნდაც ამ ერთი კონკრეტული პუნქტის შესრულება და რა ნაბიჯებია გადასადგმელი ამისთვის?

დეოლიგარქიზაციის შესახებ მოთხოვნის შესრულება არ არის რთული, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში. შესაბამისი გამოცდილება არსებობს უკვე უკრაინასა და მოლდოვაში, სადაც მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტები. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომაც შეასრულოს ეს მოთხოვნა არა მხოლოდ ფორმალურად ანუ კანონი მიიღოს, არამედ მისი აღსრულების კონკრეტული მექანიზმებიც დადოს.

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი გულისხმობს ოლიგარქის ცნების შემოღებას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი არ უნდა იყოს მიმართული უბრალოდ მდიდარი ადამიანების წინააღმდეგ. უბრალოდ, კანონი უნდა არეგულირებდეს, რომ მდიდარ და ძალიან მდიდარ ადამიანებს არ ჰქონდეთ სახელისუფლებო, ადმინისტრაციული ბერკეტები იმისათვის, რომ ეს ყველაფერი მათ პირად გამდიდრებასა და მათ უპირატესობებს მოახმარონ.

მათ შორის, საუბარია სატელევიზიო რესურსების გამოყენებაზეც, რადგან სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მექანიზმები, ბერკეტი იმისა, რომ ოლიგარქიული გავლენები არ გავრცელდეს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, ურთიერთობაზე.

  • როგორც ვიცი, უკრაინამ დეოლიგარქიზაციის კანონში ჩაწერა, რომ ოლიგარქებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. კიდევ რაში უნდა შეიზღუდონ ისინი, თქვენი აზრით?

კანონი ოლიგარქებს უნდა უკრძალავდეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას. როგორც პირადად მათ, ასევე მათი ოჯახის წევრებს და მათთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებსაც არ უნდა ჰქონდეთ უფლება დააფინანსონ პოლიტიკური პარტიები, ასევე, მედიასაშუალებების ფლობაზე უნდა დაუწესდეთ შეზღუდვები.

უნდა ჰქონდეთ მათი ქონების დეკლარირების ვალდებულება, ხარჯების გამჭვირვალობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონმდებლობაში. ეს საზოგადოებას და ადმინისტრაციულ ორგანოებს, ხელისუფლებას მისცემს განჭვრეტად ბერკეტებს იმისთვის, რომ აკონტროლონ ოლიგარქების მონაწილეობა პოლიტიკაში, მედიასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რადგან ოლიგარქებს არ მიეცეთ შესაძლებლობა, ძალაუფლება გამოიყენონ პირადი ინტერესებისთვის.

  • „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან ოლიგარქები და არა – ივანიშვილი. მოქალაქეებს უფრო ნათელი წარმოდგენა რომ ჰქონდეთ, იქნებ განვმარტოთ, ვინ არის ოლიგარქი?

საერთაშორისო სტანდარტებით, ოლიგარქად მიიჩნევა პირი, რომელიც თავის დიდ სიმდიდრეს, ფინანსებს, ძალაუფლებას იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის, საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამისთვის ის ასევე იყენებს სახელისუფლებო, ადმინისტრაციულ რესურსს.

  • ჩვენ შემთხვევაში ყველა ეს ნიშანი სახეზეა ივანიშვილის სახით, რადგან ის არის სახელისუფლებო პარტიის რეალური ლიდერი, აფინანსებს „ქართულ ოცნებას“, მედიასაშუალებები მისი გავლენის ქვეშაა, სახელმწიფო-ადმინისტრაციული ორგანოები მისი გავლენის ქვეშაა.

ასევე, რამდენიმე სახელისუფლებო ბიზნესმენიც ჯდება ამ სტანდარტში,  რადგან ადმინისტრაციულ უპირატესობებს იყენებენ იმისათვის, რომ თავიანთი სიმდიდრე კიდევ უფრო გაზარდონ ხალხის ხარჯზე.

თუმცა მთავარი ამოსავალი დებულება ოლიგარქის ცნების ის არის, რომ პირი უნდა იყენებდეს სახელისუფლებო რესურსს და ამ რესურსზე უნდა ჰქონდეს წვდომა, ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების ბერკეტები უნდა ჰქონდეს.

ბუნებრივია, ეს კანონი არ უნდა იყოს ერთი ადამიანის, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ ამ კანონმდებლობით უნდა დავიცვათ ქვეყანა, რომ მომავალში არ უნდა დავუშვათ ოლიგარქიული მმართველობის სისტემების შემოღება და ამის ნიშნების არსებობა.

„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ არ აპირებს ამ მოთხოვნების შესრულებას, რადგან ამის შესრულება ნიშნავს ბიძინა ივანიშვილი წავიდეს ჩრდილოვანი მმართველობიდან, „ოცნება“ წავიდეს ხელისუფლებიდან. ბუნებრივია, ეს მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ისინი ამას არ დაუშვებენ.

ამიტომ ჩვენ, საზოგადოებას, გვაქვს კონკრეტული ამოცანა – ვაჩვენოთ „ქართულ ოცნებას“, ივანიშვილს, რომ გვინდა ევროპული საქართველო, ევროპული მომავალი.

  • როგორც ვიცით, ადრე თქვენ მუშაობდით ამ ტიპის საკანონმდებლო ინიციატივაზე. ახლაც ხომ არ აპირებთ მიმართოთ პარლამენტს და დაახლოებით რა დრო დასჭირდება ახალი ინიციატივის მომზადებას?

ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ შეეცდება მაქსიმალურად გაწელოს ეს პროცესი, მაგრამ დაახლოებით სექტემბრისთვის ჩვენ ვაპირებთ შესაბამისი კანონმდებლობის მომზადებას და პარლამენტში წარდგენას.

ბუნებრივია, აქ მნიშვნელოვანია როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერაც, იმიტომ, რომ რთული საკითხია, რადგან ოლიგარქიული კანონმდებლობის მიღებაც და აღსრულების პოლიტიკური რესურსიც აქვს ხელისუფლებას. ამიტომ ამ კანონის მიღებას შემდეგ დაუკავშირდება ხელისუფლების ცვლილება.

მთავარი გზავნილი ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებაში არის ის, რომ ან „ქართული ოცნება“ მიიღებს ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობას და პრაქტიკულად უზრუნველყოფს ხელისუფლების ტრანზაქციას მშვიდობიანად, ან არადა, მაშინ, ჩვენ ჩვენი კონსტიტუციური კანონმდებლობის მოთხოვნებით, საზოგადოებასთან ერთად, აქტიური პროტესტით უნდა მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, შევცვალოთ ხელისუფლება და ახალარჩეულ ხელისუფლებას ახალი ლეგიტიმაციით ექნება საშუალება, განახორციელოს დეოლიგარქიზაციის კანონმდებლობა.

ეს არის რთული საკითხი, ახალი საკითხია, ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში. ამიტომ ჩვენ ახლა გვმართებს სერიოზული ძალისხმევა, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობა, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, მიიღოს ეს კანონი.

ეს არის გარდამავალი ეტაპი, ხელისუფლების მშვიდობიანი ტრანზაქციისთვის ოლიგარქიული მმართველობიდან სახალხო მმართველობისკენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: