მთავარი,სიახლეები

შავ ზღვაში ევროკავშირის ბორტს მიღმა მხოლოდ ჩვენ ვრჩებით რუსეთთან ერთად – ბიოლოგიის დოქტორი

20.06.2022 • 1270
შავ ზღვაში ევროკავშირის ბორტს მიღმა მხოლოდ ჩვენ ვრჩებით რუსეთთან ერთად – ბიოლოგიის დოქტორი

დღეს, 20 ივნისს, ბათუმში გამართულ აქციაზე – „შინ, ევროპისკენ“, იქთიოლოგმა, ბიოლოგიის დოქტორმა არჩილ გუჩმანიძემ განაცხადა, რომ შავი ზღვის პირას მდებარე ქვეყნებიდან საქართველო, რუსეთთან ერთად რჩება ქვეყნად, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი და არც კანდიდატი.

„მესმის მოსაზრება და ამან არაერთხელ გაიჟღერა, თითქოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მისცეს იმის გამო, რომ აქ შუაშია გეოგრაფია. ეს არ არის ასე, ეს არის უდიდესი ტყუილი.

2007 წელს, როცა ბულგარეთი და რუმინეთი გახდნენ ევროკავშირის წევრები, შავი ზღვა გახდა ევროკავშირის ზღვა. ყველა დონის შეხვედრაზე საქართველოს ყოველთვის მოიაზრებდნენ, როგორც შავი ზღვის რეგიონის ქვეყანას. ევროკავშირს ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ შავი ზღვის ამ უნიკალური გარემოს შენარჩუნება და მისი რესურსების მდგრადი მართვა საქართველოს ჩართულობით უფრო ეფექტურად განხორციელდებოდა.

რამდენიმე რიცხვს მოვიყვან, უფრო დამაჯერებელი რომ ვიყო. შავი ზღვის აუზში არის განლაგებული 23 სახელმწიფო, მთლიანად ან ნაწილობრივ. 23-დან 11 არის ევროკავშირის წევრი [+შვეიცარია], 7 სახელმწიფო არის კანდიდატი და მხოლოდ 4 სახელმწიფო არის ბორტს მიღმა არის დარჩენილი. ესაა რუსეთის ფედერაცია, მისი ნომერ პირველი სატელიტი ბელარუსი, მესამე – ასევე რუსეთის სატელიტი ბოსნია ჰერცეგოვინა და სამწუხაროდ, მეოთხე არის საქართველო.

შავ ზღვას უშუალოდ ესაზღვრება 6 სახელმწიფო, აქედან 2 ევროკავშირის წევრია, ორი კანდიდატი და მხოლოდ 2 სახელმწიფო ვრჩებით ბორტს მიღმა, რუსეთის ფედერაცია და საქართველო, ჩვენი სამშობლო“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

მან ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ ბოლო წლებში სწორედ ევროკავშირის ჩართულობით განხორციელდა ყველა მნიშვნელოვანი კვლევითი და გარემოსდაცვითი პროექტი შავ ზღვაში:

„ბოლო წლებში, თუ რამე გაკეთებულა შავ ზღვაში, მათი 90 პროცენტი და ალბათ უფრო მეტი მიმდინარეობდა ევროკავშირის უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით. ამ აქტივობებში საქართველო მონაწილეობდა, როგორც ასოცირებული ქვეყანა, მაგრამ იყო აქტივობები, რომელშიც ჩვენ მონაწილეობის უფლება არ გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არც ევროკავშირის წევრი ვიყავით და არც მისი კანდიდატი ქვეყანა.

მე და ჩემი უკრაინელი კოლეგები თეთრი შურით ვუყურებდით ამ პროექტებს, რადგან მასში მონაწილეობის უფლება ჩვენ არ გვქონდა. კანდიდატობის სტატუსის მიღებით მე ვფიქრობდი, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ეს სივრცე გაიხსნებოდა, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს შემთხვევაში ეს შეიძლება არ გამოვიდეს“.

არჩილ გუჩმანიძემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა გარდასახვის მოწმე გახდა თვითონ, როგორც სპეციალისტი, ბულგარეთისა და რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ:

„2000-იანი წლების დასაწყისში, როცა შავი ზღვისპირა ქვეყნები, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის გზას შეუდგნენ და 2007 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გახდნენ, ჩემს თვალწინ მოხდა არნახული გარდასახვა.

თუ ამ პროცესამდე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების სამეცნიერო, კვლევითი და გარემოსდაცვითი ინსტიტუციები ასე ვთქვათ, ზევიდან ვუყურებდით მათ, რაღაცას ვასწავლიდით, მივუთითებდით, სულ რამდენიმე წელიწადში, ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევით მოხდა დიდი გარდასახვა. დღეისათვის ამ ქვეყნების სამეცნიერო-კვლევითი და გარემოსდაცვითი ცენტრები, საზღვაო მიმართულებით, რეგიონის ცენტრებად გადაიქცნენ და და დღეს ჩვენ გვიწევს უკვე მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა და სწორება გვაქვს მათზე“ – განაცხადა არჩილ გუჩმანიძემ.

აქცია – „შინ, ევროპისკენ“ დღეს, 20 ივნისს გაიმართა ბათუმში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობით. ბათუმში გამართულ აქციაზე მოსახლეობას მიმართეს ლექტორებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა, უფლებადამცველებმა და სტუდენტებმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: