მთავარი,სიახლეები

რუსეთის ავიაციამ უპირატესობა ვერ მოიპოვა, ის მოქმედებს სარისკო სტილით – ბრიტანეთის დაზვერვა

20.06.2022 • 4251
რუსეთის ავიაციამ უპირატესობა ვერ მოიპოვა, ის მოქმედებს სარისკო სტილით – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთის ავიაციის მოქმედებებს აფასებს. უწყების მოსაზრებით, რუსეთის საჰაერო ძალებმა, უკრაინასთან ომში, საკუთარი შესაძლებლობები ვერ გამოიყენეს.

„სავარაუდოდ, ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რამაც რუსეთის ძალიან შეზღუდული წარმატება განაპირობა“, – წერს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა 20 ივნისის სადაზვერვო ცნობარში.

დაზვერვის შეფასებით, რუსეთი ჰაერში სრული უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებს:

„რუსეთის ავიაცია მუდმივად მოქმედებს სარისკო სტილით, იშვიათად შედის ღრმად უკრაინული ძალების ზურგში. ავიაციასთან დაკავშირებული სირთულეების ნაწილი ასევე, გადაჯაჭვულია ქვეითი ჯარების პრობლემებთან“.

უწყება მიუთითებს, რომ წლების განმავლობაში, რუსეთის საჰაერო-საბრძოლო ძალების მომზადება, დიდი ალბათობით, მორგებული იყო მხოლოდ იმაზე, რომ კრემლის მაღალჩინოსნებზე შთაბეჭდილება მოეხდინა.

„რუსეთს ნამდვილად აქვს თანამედროვე და ბრძოლისუნარიანი სამხედრო თვითმფრინავების შთამბეჭდავი სია. ამის მიუხედავად, სამხედრო-საჰაერო ძალებმა მაინც ვერ შეძლეს ვერც ინსტიტუციური კულტურის განვითარება და ვერც იმ აუცილებელი უნარების შეძენა, რომლებიც პირად შემადგენლობას უფრო მეტად დასავლური სტილის, თანამედროვე, საჰაერო ბრძოლის საწარმოებლად სჭირდება“.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, უკრაინასთან ომში, მთელი დატვირთვა გადავიდა სახმელეთო ჯარებზე, რომლებიც უკვე ძალაგამოცლილნი არიან და ფრთოსან რაკეტებზე, რომელთა მარაგიც რუსეთს ასევე ეწურება.

რაც შეეხება აქტიურ საბრძოლო მოქმედებებს, დაზვერვა მიუთითებს, რომ შაბათ-კვირის განმავლობაში, რუსეთის სახმელეთო და საჰაერო ოპერაციები კვლავაც ფოკუსირებული იყო დონბასის ცენტრალურ სექტორზე.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 19 ივნისის განახლებაში, დაზვერვა აღნიშნავდა, რომ როგორც რუსეთის, ისე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო განწყობის დაქვეითება შეიმჩნევა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: